სიურპრიზი სადილისთვის
დილის ლოცვის რიტუალის დროს დიდი ცხოველების ძმა ალაპარაკდა. მისი საძმო დაფასებას ითხოვდა. ყველა დაეთანხმა; დიდი ხანია მათზე არაფერი სმენიათ.
ავსტრალიაში არც თუ ისე ბევრი დიდი ცხოველია. ის არ ჰგავს აფრიკას თავისი სპილოებით, ლომებით, ჟირაფებით და ზებრებით. მაინტერესებდა, რას შემოგვთავაზებდა სამყარო ამჯერად.
იმ დღეს საკმაოდ სწრაფად მივდიოდით. მზე ძალიან ძლიერად არ აცხუნებდა, შეიძლება ორმოც გრადუსზე ნაკლებიც კი ყოფილიყო. მკურნალმა ქალმა სახე და ყურები ხვლიკის ცხიმისა და მცენარეული ზეთისგან დამზადებული საცხის სქელი ფენით დამიფარა. ზუსტად არ ვიცი, რამდენჯერ გადამძვრა სახეზე კანი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არა ერთხელ და ორჯერ. ბოლოს და ბოლოს მეჩვენებოდა, რომ ყურები მომძვრება, რადგან მზის მცხუნვარება არ ნელდებოდა. დამხმარედ ქალი სული მომევლინა. მან კონსილიუმი მოიწვია და თუმცა ეს ხალხი ადრე ამ პრობლემის წინაშე არ მდგარა, მათ უცებ იპოვეს გამოსავალი. მათ ძველმოდური ყურსაცმელების მსგავსი ნივთი დაამზადეს, რომელსაც თოვლში ატარებენ. ქალმა სულმა რომელიღაც ცხოველის მყესი აიღო და ბოლოები შეკრა; მკერავმა ბუმბულები მიამაგრა. ეს ყველაფერი თავზე ჩამომაცვეს, ისე რომ ბუმბულებმა ყურები დამიფარა, და საცხმაც იმოქმედა, ასე რომ მალე შესამჩნევად უკეთ გავხდი.
მხიარული დღე იყო. გზაზე გამოცანებს ვთამაშობდით. ისინი რიგრიგობით ცხოველს, რეპტილიას ან ისტორიულ მოვლენას განასახიერებდნენ, სხვები კი ცდილობდნენ გამოეცნოთ. გამუდმებით ისმოდა სიცილი. ჩემი თანამგზავრების ნაკვალევი ნაყვავილარივით ერთნაირად აღარ გამოიყურებოდა, ვამჩნევდი, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებოდნენ და ყველას თავისებური სიარული ჰქონდა.
მოსაღამოვდა, შორს ტაფობში მცენარეულობის ძებნა დავიწყე. მიწის ფერი კრემისფერიდან მწვანეს სხვადასხვა შეფერილობამდე იცვლებოდა. შემდეგ ლანდაფტი შეიცვალა და ხეები დავინახე. შეიძლება იფიქროთ, რომ იმ დროისთვის უკვე აღარ მაკვირვებდა ის ამბავი, რომ ისევ თითქოს არსაიდან გაჩნდა სწორედ ის, რასაც ჭეშმარიტი ტომი ითხოვდა. მაგრამ მათი გულწრფელი ენთუზიაზმი ყოველი საჩუქრის მიღებისას ჩემთვის გადამდები აღმოჩნდა.
და აი ისინი, დიდი ცხოველები - ოთხი ველური აქლემი იდგა და მათი არსებობის მიზნისთვის დაფასებას ელოდა. ყოველ მათგანს ერთი მაღალი კუზი ჰქონდა და ისეთი მოვლილებიც არ იყვნენ, როგორიც ცირკში და ზოოპარკში მყავდა ნანახი. ავსტრალიაში აქლემები არ ბინადრობენ. ამ აქლემებს სატრანსპორტო საშუალებად იყენებდნენ და სავარაუდოდ აქ, უდაბნოში ზოგიერთი გადარჩა, მათ მხედრებს კი, როგორც ჩანს, სულ სხვა ბედი ეწიათ.
შევჩერდით. ჩვენი ექვსი მონადირე ორ ჯგუფად გაიყო: სამმა აღმოსავლეთიდან მოუარა, სამმა კი დასავლეთიდან. ძირს დახრილები, ისინი წყნარად მიუახლოვდნენ ცხოველებს. ყოველ მათგანს ხელში ბუმერანგი, შუბი და შუბსატყორცნი ეჭირა. შუბსატყორცნი ხის მოწყობილობაა, რომელსაც ხელის და მტევნის ძალა გადაეცემა, რის წყალობითაც შუბი სამჯერ უფრო შორს მიფრინავს და მიზანსაც უფრო ზუსტად ხვდება. აქლემების ჯოგი ერთი მამალი და ორი დედალი მოზრდილი აქლემისგან და ერთი კოზაკისგან შედგებოდა.
გამოცდილმა მონადირეებმა მახვილი მზერით შეაფასეს ჯოგი. მათ შემდეგ ამიხსნეს, რომ ბებერ დედალ აქლემზე ნადირობა გადაწყვიტეს. მათი უმცროსი ძმების, დინგო ძაღლების მსგავსად ისინი გრძნობენ, რომელი ცხოველია ყველაზე სუსტი. თითქოს, ის მონადირეებს მოუწოდებდა, რომ ამ დღეს მისი დანიშნულებისთვის პატივი მიეგოთ, ძლიერები კი ცოცხლები დაეტოვებინათ. გადალაპარაკების და მინიშნების გარეშე მათ შეთანხმებულად დაიწყეს მოქმედება. ერთი შუბი აქლემს ზუსტად თავში მოხვდა, მეორე მკერდში და ის წამებში მოკვდა. დარჩენილი სამი აქლემი გაიქცა და მალე მათი ჩლიქების თქარა-თქური უდაბნოში ჩაიკარგა.
ჩვენ ღრმა ორმო ამოვთხარეთ, ფსკერი და გვერდები მშრალი ბალახის რამდენიმე ფენით ამოვფინეთ. დიდი ცხოველების ძმამ ბასრი დანით აქლემს მუცელი ელვისებურად გაუჭრა. ირგვლივ თბილი სისხლის ოხშივარი დადგა. ორგანოები ერთიმეორის მიყოლებით ამოაცალეს, გული და ღვიძლი გვერდზე გადადეს. ტომში მათ სამკურნალო ძალის გამო აფასებენ: ისინი ძალას და ამტანობას იძლევიან. როგორც მეცნიერს, მესმოდა, რამდენად გაამდიდრებდა ეს საკვები რკინით მათ დაუბალანსებელ და გაუთვალისწინებელ რაციონს. სისხლი განსაკუთრებულ მათარაში ჩაასხეს, რომელსაც კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა მკურნალი ქალის ახალგაზრდა მოსწავლე. ჩლიქებიც გვერდზე გადადეს და მითხრეს, რომ ისინი ძალზე სასარგებლოა და ბევრი დანიშნულება აქვს. ვერც კი წარმომედგინა, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა მათ.
„დამახინჯებულო, ეს აქლემი სპეციალურად შენთვის იზრდებოდა“, - წამოიყვირა კაცმა, რომელმაც ცხოველის უზარმაზარი სითხით სავსე შარდის ბუშტი მაღლა ასწია.
წყლისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, და მათ შესაფერისი შარდის ბუშტის მოხელთება სურდათ, რათა მისგან ჩემთვის მათარა დაემზადებინათ. და აი, შარდის ბუშტიც გამოჩნდა.
ეს ადგილი აშკარად ბევრი სხვადასხვა ცხოველის საყვარელი საძოვარი უნდა ყოფილიყო, რასაც ირგვლივ დიდი რაოდენობით ნეხვი ადასტურებდა. საინტერესოა, რომ ახლა მე ვაფასებდი იმას, რაც სულ ცოტა ხნის წინ ჩემში ზიზღს იწვევდა. დღეს კი ნეხვის ფუნას ვაგროვებდი და საწვავის ამ შესანიშნავი წყაროსთვის მადლიერი ვიყავი.
საღამოს სიცილი და ხუმრობა ისმოდა: ჩემი თანამგზავრები მსჯელობდნენ, როგორ მეტარებინა შარდის ბუშტი - წელზე, კისერზე თუ მხარზე ჩანთასავით გადაკიდებული. მომდევნო დღეს გზას დავადექით; რამდენიმე კაცმა თავზემოთ აქლემის ტყავი გაჭიმა. ტყავი გვიჩრდილავდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სანამ მივდიოდით, ის შრებოდა და დასამუშავებლად ვარგისი ხდებოდა. ტყავი ხორცისგან გაასუფთავეს და მცენარეების ქერქისგან მიღებული მთრთილავი ნივთიერებით დაამუშავეს. ვახშმის შემდეგ აქლემის ხორცი კიდევ ცოტა დარჩა, ის თხელ ნაჭრებად დაჭრეს. ისინი ორმოში შეწვეს, ხოლო რომლებიც არ შეიწვა, სამკაპებზე ჩამოკიდეს.
რამდენიმე კაცი უდაბნოში ამ „დროშებით“ ხელდამშვენებული მოდიოდა. აქლემის ხორცს ქარი აქანავებდა, აშრობდა და ბუნებრივად აკონსერვებდა.
მართლაც რომ უცნაური მსვლელობა იყო!