გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი მეშვიდე - რას ნიშნავს სოციალური დახმარება?

დილით, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩემი თანამგზავრების ხმაურმა გამაღვიძა, ისინი თავიანთ მცირერიცხოვან ბარგს აგროვებდნენ, რომლებიც გუშინ საღამოს გამოვიყენეთ. ამიხსნეს, რომ სიცხე თანდათან მოიმატებს, ამიტომ დილის შედარებით გრილ საათებში უნდა ვიაროთ, შემდეგ შევისვენოთ, საღამოს კი კვლავ გავაგრძელოთ გზა. დინგოს ტყავი დავკეცე და მას გადავეცი, ვინც ბარგს ალაგებდა. გადასაფარებლები ზემოდან უნდა ყოფილიყო ტომარაში, რადგან თაკარა სიცხეში თავშესაფარი უნდა მოგვეძებნა, ტოტებისგან დროებითი ფაცხა შეგვეკრა ან ჩვენი გადასაფარებლებისგან თავშესაფარი გაგვეკეთებინა.

ცხოველთა უმრავლესობა კაშკაშა მზეს ვერ იტანს. ორმოც და მეტ გრადუს სიცხეში მხოლოდ ხვლიკები, ობობები და ბუზები რჩებიან აქტიურები. გველებიც კი იძულებული არიან მაქსიმალური სიცხისას დღის საათებში დაიმალონ, რადგან გაუწყლოებისგან სიკვდილი ელით. გველების აღმოჩენა ძნელია: ისინი ქვიშაში ეფლობიან, ხოლო როდესაც ვუახლოვდებით, ნიადაგის ვიბრაციის წყაროს დასადგენად ქვიშიდან თავებს ამოჰყოფენ ხოლმე. მადლობა ღმერთს, იმხანად არ ვიცოდი, რომ ავსტრალიაში გველების ორასამდე ნაირსახეობა ბინადრობს და რომ მათგან სამოცდაათზე მეტი შხამიანია.

თუმცა, იმ დღეს მივხვდი, რაოდენ საოცარი ურთიერთობა აქვთ აბორიგენებს ბუნებასთან. სანამ დავიძვრებოდით, სახით აღმოსავლეთისკენ ნახევარწრეზე მჭიდროდ დავდექით. ტომის ბელადი ცენტრში გამოვიდა და სიმღერა დაიწყო. შეიქმნა რიტმი, რომელსაც ტომის წევრები ტაშით, ფეხების ბაკუნით და თეძოებზე დარტყმებით აჰყვნენ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი. ეს ყოველდღიური რუტინა იყო, და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ეს იყო დილის ლოცვა, კრება, მიზნის დასახვა, რაც გნებავთ ის უწოდეთ. ტომის წევრებს სწამთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ყოველივე არსებულს თავისი მიზეზი გააჩნია. რაც არსებობს, ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. ანომალიები, შეუსაბამობები, შემთხვევითი მოვლენები არ არსებობენ. არის მხოლოდ არასწორი გაგება, ასევე მოკვდავთათვის ჯერ კიდევ დაფარული საიდუმლოებები.

მცენარეთა სამყაროს მიზანს ცხოველთა და ადამიანთა გამოკვება, ნიადაგის გამყარება, სილამაზის გაძლიერება, ატმოსფეროში წონასწორობის შენარჩუნება წარმოადგენს. მითხრეს, რომ ბალახები და ხეები ჩუმად გვიმღერიან და სამაგიეროდ მხოლოდ ერთს გვთხოვენ - პასუხად ჩვენც ვუმღეროთ. ჩემმა მეცნიერულმა გონებამ მაშინვე თარგმნა ეს, როგორც ჟანგბად-ნახშირორჟანგის მიმოცვლა ბუნებაში. ცხოველის უპირველეს დანიშნულებას ადამიანის გამოკვებას არ წარმოადგენს, თუმცა ის ეთანხმება ამას აუცილებლობის შემთხვევაში. მან ატმოსფერო უნდა გააწონასწოროს და საკუთარი მაგალითით თანამგზავრი და მასწავლებლი იყოს. ამიტომ ყოველ დილას ტომი აზრობრივად უგზავნის შეტყობინებას გზაზე შემხვედრ ყველა ცხოველსა და მცენარეს. ისინი ამბობენ: „ჩვენ თქვენი გზით მოვდივართ, ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიზანს. მცენარეები და ცხოველები კი თავად წყვეტენ, ვინ იქნება არჩეული“.

ნამდვილი ადამიანების ტომი საკვების გარეშე არასდროს რჩება. სამყარო ყოველთვის პასუხობს მათ აზრობრივ თხოვნას. მათ სჯერათ, რომ სამყარო უხვია. როგორც ჩვენ ვუსმენთ ფორტეპიანოზე დაკვრას და შემსრულებლის ტალანტსა და მიზანდასახულობას პატივს მივაგებთ, ასევე ისინი გახსნილი არიან ბუნების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. როდესაც გზაზე გველი შემოგვხვდა, ყველასთვის ცხადი იყო, რომ მისი გამოჩენის მიზანი წორედ ის იყო, რომ ჩვენთვის სადილი გამხდარიყო. დღისით მოპოვებული საკვები ჩვენი საღამოს ზეიმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მე გავიგე, რომ საკვების გამოჩენა არ აღიქმება, როგორც რაღაც თავისთავად ნაგულისხმევი. თავდაპირველად მას ითხოვენ, მოთმინებით ელიან, როდის გამოჩნდება ის, და ყოველთვის გულწრფელი მადლიერებით იღებენ. ტომი თავის ყოველ დღეს ახალი დღისთვის, საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის და მთელი გარშემომყოფი სამყაროსთვის ერთობისადმი მადლიერებით იწყებს. მათ ხანდახან უფრო კონკრეტული თხოვნაც აქვთ, მაგრამ ყოველთვის ამატებენ: „თუკი ეს ჩემს უმაღლეს სიკეთეს და მთელი გარშემომყოფი სიცოცხლის უმაღლეს სიკეთეს მოემსახურება“.

დილის შეკრების შემდეგ ვეცადე ოოტასთვის მეთქვა, რომ ჩემი ჯიპთან დაბრუნების დრო დადგა, მაგრამ ოოტა არსად ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ კიდევ ერთ დღეს როგორღაც გავუძლებდი.

წინასწარ მომარაგებული საკვები ტომს არ ჰქონდა. ისინი არაფერს თესავდნენ და არც მოსავალს იღებდნენ. ისინი ავსტრალიის გახურებულ უდაბნოში მიაბიჯებდნენ და იცოდნენ, რომ ბუნებისგან ყოველ დღე ძღვენს უხვად მიიღებდნენ. და ბუნებას არასდროს უღალატია მათთვის.

პირველ დღეს საუზმე არ გვქონდა და მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხანდახან ღამით ვჭამდით, თუმცა უფრო ხშირად მაშინ, როდესაც საკვები გამოჩნდებოდა, მზის მდებარეობისგან დამოუკიდებლად. ჩვენი ხშირი წახემსება სხვადასხვა ადგილებში არ წარმოადგენდა ტრაპეზს ჩვეულებრივი გაგებით.

ჩვენ ცხოველთა შარდის ბუშტისგან დამზადებული რამდენიმე წყლით სავსე ჭურჭელი მიგვქონდა. მე ვიცოდი, რომ ადამიანი სამოცდაათი პროცენტით წყლისგან შედგება და იდეალურ პირობებში დღეში მინიმუმ ერთი გალონი წყალი სჭირდება. აბორიგენებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ მათი წყლის მოთხოვნილება რამდენჯერმე ნაკლებია ჩემსაზე. ისინი იშვიათად სვამდნენ მათარიდან. როგორც ჩანდა, მათი სხეულები მაქსიმალურად იყენებდნენ საკვებში არსებულ სითხეს. მათ სწამთ, რომ დამახინჯებულებს ბევრი დამღუპველი ჩვევა აქვთ, და ზედმეტი სითხის მიღებისადმი მიდრეკილება - ერთ-ერთი მათგანია.

ჩვენ წყალს ჭამის დროს გამხმარი ღეროების დასალბობად ვიყენებდით. უსიცოცხლო და გაუწყლოებულ ღეროებს წყალში ვაწყობდით, და გარკვეული დროის შემდეგ ისინი ნიახურის ნედლ ღეროებს ემსგავსებოდნენ.

ნესტის უმნიშვნელო ნიშან-წყალიც რომ არ მოიპოვებოდა, იქ შეეძლოთ მათ წყლის პოვნა. ხანდახან ქვიშაზე წვებოდნენ და მიწის სიღრმეში წყლის დინებას აყურადებდნენ ან ხელისგულებს მიწას მიუშვერდნენ და წყლის აღმოსაჩენად თითქოს ნიადაგს ასკანერებდნენ. გრძელ ღრუ ლერწმებს მიწაში არჭობდნენ, ზემოთა ბოლოდან ჰაერს უბერავდნენ და შედეგად მინი-შადრევანს იღებდნენ. ასეთი წყალი ქვიშიანი და მუქი ფერისა, მაგრამ გემოთი სუფთა და გამაგრილებელი იყო. აორთქლებულ მასებზე დაკვირვებით და ქარის მობერვისასაც კი მათ წყლის არსებობის დადგენა შორიდანვე შეეძლოთ. ახლა მესმის, რატომ იღუპებოდა ასე სწრაფად ეგზომ ბევრი თეთრი ადამიანი ავსტრალიის უდაბური რაიონების ათვისების მცდელობისას. პირველ რიგში მათ გადარჩენის ადგილობრივი ხელოვნება უნდა შეესწავლათ.

როდესაც კლდის ნაპრალებიდან ვიღებდით წყალს, მასწავლეს, როგორ უნდა მივსულიყავი ასეთ ადგილთან, რათა ის ჩემი ადამიანური სუნით არ წამებილწა და ცხოველები არ დამეფრთხო. ეს წყალი ხომ მათაც ეკუთვნით. მათაც ისეთივე უფლება აქვთ მასზე, როგორიც ჩვენ. ტომი არასდროს იღებდა წყალს მთლიანად, რაც არ უნდა მცირე რაოდენობის მარაგი გვქონოდა იმ მომენტში. ადამიანები ყოველთვის ერთი წყაროდან იღებდნენ წყალს, ასევე იქცეოდნენ ცხოველები. მხოლოდ ფრინველები არღვევდნენ ამ საერთო წესს და თავისუფლად სვამდნენ და ბანაობდნენ, სადაც სურდათ.

ტომის წევრებს შეეძლოთ მიწაზე დაეხედათ და დაედგინათ, რომელი ცხოველები იყვნენ ახლომახლოს. ბავშვობიდან იყვნენ მიჩვეული, დაკვირვებოდნენ და ამოეცნოთ მოხტუნავე, მცურავი და მოსიარულე ცხოველების დატოვებული ნაკვალევი. ისინი იმდენად მიეჩვივნენ ერთმანეთის ნაკვალევს, რომ მის მიხედვით არა მარტო კონკრეტული ადამიანის ამოცნობა შეეძლოთ, არამედ ნაბიჯის სიგრძით ადგენდნენ, კარგად გრძნობს თავს თუ ნელა გადაადგილდება ავადმყოფობის გამო. ნაკვალევის უმცირესი ცვლილებითაც კი ხვდებოდნენ, საით მიდის ადამიანი. მათი გრძნობები გაცილებით ძლიერად იყო განვითარებული, ვიდრე სხვა კულტურებში გაზრდილი ადამიანებისა. მათი სმენა, ყნოსვა და მხედველობა თითქოს ზეადამიანურ დონეზეა განვითარებული. ნაკვალევს აქვს ვიბრაცია, რომელიც გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე მხოლოდ ის, რასაც ადამიანი ქვიშაზე ხედავს.

მოგვიანებით გავიგე, რომ აბორიგენ მძღოლებს საბურავის ნაკვალევით მანქანის ტიპის, სიჩქარის, გადაადგილების ხანგრძლივობის და მგზავრთა რაოდენობის დადგენაც კი შეუძლიათ.

მომდევნო რამდენიმე დღე კარტოფილის მსგავსი ბოლქვებით და ფესვებით ვიკვებებოდით, რომლებიც მიწის ქვეშ იზრდებიან. აბორიგენებს მწიფე ფესვის დადგენა მათი მიწიდან ამოღების გარეშე შეეძლოთ. ისინი ხელს გადაატარებდნენ მცენარეს და ამბობდნენ: „აი ეს იზრდება, მაგრამ ჯერ არ დამწიფებულა. ეს კი გასამრავლებლად ემზადება“. ჩემთვის ყველა ღერო ერთნაირად გამოიყურებოდა, ამიტომ, მას შემდეგ, რაც ტყუილუბრალოდ შევაწუხე რამდენიმე მცენარე, რომლებიც შემდეგ უკან დააბრუნეს, ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნება, მიმითითონ, რომელი უნდა ამოვთხარო. ისინი ყველაფერს ბუნებრივი უნარით ხსნიდნენ, რაც ყველა ადამიანს ახასიათებს. რამდენადაც ჩემს საზოგადოებაში არ მიესალმებიან საკუთარი ინტუიციის განვითარებას და გმობენ როგორც ზებუნებრივს და უარყოფითს, მომიწია ის შემესწავლა, რაც ბუნებრივად ეძლევა ყველას. საბოლოოდ მასწავლეს როგორ გამეგო მცენარისგან, მზად არიან თუ არა ისინი მათი ცხოვრების დანიშნულების შესასრულებლად. მე თანხმობას ვთხოვდი სამყაროს, შემდეგ კი ხელისგულის გადატარებას ვიწყებდი. ხანდახან სითბოს ვგრძნობდი, ხან კი ჩემი თითები უკონტროლოდ თრთოდნენ, როდესაც ხელისგული დამწიფებული მცენარის ზემოთ მეჭირა. როდესაც მცენარეებთან ურთიერთობა ვისწავლე, ვიგრძენი, რომ ტომის წევრებთან ურთიერთგაგების გზაზე უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგი. ეს თითქოს ნიშნავდა, რომ თანდათან ნაკლებად დამახინჯებული და სულ უფრო მეტად ნამდვილი ვხდებოდი.

მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ვიყენებდით მთელ კვალს, რომელზეც მოცემული მცენარე იზრდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვტოვებდით საკმარის რაოდენობას ნარგავების აღსადგენად. ტომის წევრები საოცრად ზუსტად ერკვეოდნენ იმაში, რასაც ნიადაგის სიმღერას ან უხმო მელოდიას უწოდებდნენ. ისინი გარემოს იმპულსებს გრძნობდნენ, მათ თავისებურად განმარტავდნენ, შემდეგ კი შეგნებულად მოქმედებდნენ, თითქოს მუდამ პატარა ზეციური რადიომიმღები ჰქონდათ მომარჯვებული, რომელიც უნივერსალურ გზავნილებს გადმოსცემდა.

პირველ დღეებში დამშრალი ტბის ფსკერზე გავიარეთ. ზედაპირზე უსწორმასწორო, ფართო ნაპრალები მოჩანდა და თითოეულ ნაწილს თითქოს დახვეული კიდეები ჰქონდა. რამდენიმე ქალმა თეთრი თიხა მოაგროვა და მოგვიანებით საღებავისთვის წვრილად დაფშვნა.

სხვა ქალებს გრძელი ჯოხები მოჰქონდათ, რომლებსაც გაქვავებულ თიხაში არჭობდნენ. რამდენიმე ფუტის სიღრმეზე მათ ნესტი აღმოაჩინეს და ტალახის პატარა ბურთები ამოიღეს. ჩემდა გასაოცრად, მიმხმარი ტალახისგან გაწმენდის შემდეგ ეს ბურთები ბაყაყები აღმოჩნდა. ცხადია, ისინი სიცხისგან გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად მიწაში ღრმად ჩაეფლნენ. შემწვარი ბაყაყები წვნიანი იყო და გემოთი ქათმის მკერდს წააგავდა. შემდეგ თვეებში მრავალფეროვანი საკვები გვხვდებოდა, რომელსაც სამყაროს ცხოვრების ყოველდღიურ დღესასწაულად მივიჩნევდით. ჩვენ ვჭამდით კენგურუს, გარეულ ცხენებს, ხვლიკებს, გველებს, ხოჭოებს, ყველა ზომის და ფერის მატლებს, ჭიანჭველებს, ტერმიტებს, ჭიანჭველაჭამიებს, ფრინველებს, თევზებს, თესლს, თხილს, ხილს, უამრავ სხვადასხვა მცენარეს და ნიანგებსაც კი.

პირველ დილას ერთ-ერთი ქალი მომიახლოვდა. თავიდან ჭუჭყიანი ზონარი მოიხსნა, ჩემი თმა მხრებიდან მოაგროვა, მაღლა აზიდა და ახალი ვარცხნილობა გამიკეთა. მას სულის ცოლს უწოდებდნენ. მაინცდამაინც ვერ გავიგე, მაინც ვისთან ჰქონდა სულიერი კავშირი, მაგრამ მას შემდეგ რაც დავმეგობრდით, გადავწყვიტე, რომ ჩემთან.

დღეების, კვირების და ზოგადად დროის სათვალავი ამერია. უარი ვთქვი აზრზე, მათთვის მანქანასთან დაბრუნება მეთხოვა. ეს უშედეგო ჩანდა, რადგან სხვა მოვლენათა დრო დადგა. ტომის წევრები გარკვეული ჩანაფიქრით მოქმედებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემთვის ჯერ კიდევ არ დამდგარიყო დრო, გამეგო, რაში მდგომარეობდა ის. ჩემს ძალას, რეაქციას, რწმენას გამუდმებით სცდიდნენ, მაგრამ რატომ იყო ეს საჭირო - არ ვიცოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: შესაძლოა, ადამიანებს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან, სულ სხვა მეთოდები აქვთ მოსწავლის შესაფასებლად?

ხანდახან ქვიშა ისე ცხელდებოდა, რომ ფაქტობრივად საკუთარი ფეხების ხმა მესმოდა. ისინი ტაფაზე კატლეტებივით შიშხინებდნენ. რაც უფრო ხმებოდა და მაგრდებოდა მაზოლები, ტერფები სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა ჩლიქებს.

დრო გადიოდა და ჩემი ორგანიზმი უჩვეულოდ გამაგრდა. ყოველგვარი საუზმის ან სადილის გარეშე მხედველობით კვება ვისწავლე. ვაკვირდებოდი, როგორ გარბოდნენ ხვლიკები, როგორ იბანდენ მწერები, ვისწავლე კლდეებში და ზეცაში მიმალული სურათების გარჩევა.

ადამიანებმა თავიანთი საკრალური ადგილები გამიმხილეს უდაბნოში. ირგვლივ ყველაფერი წმინდა ჩანდა: კლდის შვერილები, გორაკები, ხევები, ბრტყელი გამხმარი ქვაბულებიც კი. თითქოს, აქა-იქ უხილავი ხაზები გადიოდა და ერთი ძველი ტომის სამფლობელოს მეორისგან გამოჰყოფდა. ამიხსნეს, როგორ შეიძლება გაიზომოს მანძილი რიტმული სიმღერის განსაკუთრებული მეთოდით. ზოგიერთ სიმღერაში ასეულობით კუპლეტი იყო. სიმღერაში ყოველი სიტყვა და ყოველი პაუზა ზუსტი უნდა იყოს, ამიტომ მეხსიერება, რომელიც პირდაპირი გაგებით საზომ ხელსაწყოდ გამოიყენება, უნდა იყოს სხარტი და ბასრი, რათა ჩავარდნას და უზუსტობას არ ჰქონდეს ადგილი. ერთი ადგილიდან მეორემდე სიმღერა მიგვაცილებდა. ისღა დამრჩენოდა, ეს ნამღერი ხაზები ერთი ჩემი უსინათლო მეგობრის მიერ გამოგონებული მანძილის გაზომვის მსგავსი მეთოდისთვის შემედარებინა. ტომის წევრებმა უარი თქვეს წერილობით ენაზე, რადგან ის, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, მეხსიერებას აქვეითებს. სურვილის და მეხსიერების ვარჯიშის შემთხვევაში მისი გამოყენების იდეალური დონის მიღწევაა შესაძლებელი.

ზემოდან უცვლელად უღრუბლო, მრავალფეროვანი ელფერით, ღია ცისფერი ცა დაგვცქეროდა. დღის კაშკაშა სინათლისა და მბზინავი ქვიშისგან მზერა მეძაბებოდა, მაგრამ იმავდროულად მიძლიერდებოდა კიდეც, ამიტომ ჩემი თვალები სურათ-ხატების ნაკადისთვის ფართოდ გაიღო.

თანდათან დავაფასე ძილის შემდეგ განახლების შეგრძნების უნარი, თუ როგორ შეუძლია სულ რამდენიმე ყლუპ წყალს წყურვილის მოკვლა, შევიგრძენი გემოს ელფერთა მთელი გამა - ტკბილიდან მწარემდე. ჩემი წინანდელი ცხოვრება ყოველთვის იმას მასწავლიდა, რომ სამსახური არ დამეკარგა, დანაზოგი ინფლაციისგან დამეცვა, უძრავი ქონება შემეძინა და სიბერისთვის თანხა გადამენახა. აქ კი ჩვენი ერთადერთი სოციალური გარანტია უწყვეტი დღიური ციკლი იყო განთიადიდან მზის ჩასვლამდე. გამაოგნა იმან, რომ სოციალურად ყველაზე გაჭირვებული რასა დედამიწაზე არც წყლულოვანი დაავადებით იტანჯება, არც ჰიპერტონიით და არც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

ცოცხალი ბუნების სილამაზე და ერთიანობა ყველაზე უცნაურ ადგილებში დავინახე. გველების ბუდეში დაახლოებით ორასამდე ჩემი ცერა თითის სისქის გველი იკლაკნებოდა, ვითარცა ცოცხალი ორნამენტი მუზეუმის ლარნაკზე. გველები ყოველთვის მეზიზღებოდა. ახლა კი მათ ვუცქერდი, როგორც აუცილებელ რგოლს ბუნებაში, როგორც ყოველი ჩვენგანის გადარჩენისთვის აუცილებელ არსებებს, რომელთა სიყვარულით მიღება იმდენად ძნელია, რომ ისინი ხელოვნებისა და რელიგიის გამოხატვის ობიექტებად იქცნენ. ოდესღაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შებოლილი გველის ხორცის ჭამა შეიძლება, ცოცხალ გველზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ დადგა დრო, როდესაც სწორედ ამგვარი სახით მომიწია კვება. გავიგე, რამდენად ძვირფასია ტენი, რომელსაც ნებისმიერი საკვები შეიცავს.

გზაში, თვეების განმავლობაში ადგილობრივი კლიმატის მთელი უკიდურესობა გამოვცადეთ. პირველ ღამეს ჩემთვის გამოყოფილი ტყავი საფენად გამოვიყენე, მაგრამ ცივ ღამეებში მას ზემოდან ვიფარებდი. უმეტესობას პირდაპირ მიწაზე ეძინა, ერთმანეთთან ჩახუტებულებს. ისინი მეზობლის სხეულის სითბოზე უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული, ვიდრე გვერდით მინავლებულ კოცონზე. ძალზე ცივ ღამეებში რამდენიმე კოცონს ანთებდნენ. წარსულში ტომი მოშინაურებულ დინგოებთან ერთად მოგზაურობდა, რომლებიც ადამიანებს ნადირობაში ეხმარებოდნენ და ღამ-ღამობით სითბოს უზიარებდნენ. აქედან გაჩნდა გამოთქმა „სამი ძაღლის ღამე“.

ხანდახან საღამოობით მიწაზე განსაკუთრებულად ვწვებოდით, წრიულად. ეს გვეხმარებოდა, უკეთ გამოგვეყენებინა ჩვენი გადასაფარებლები, ასევე შეგვენახა და ერთმანეთისთვის გადაგვეცა სითბო. ქვიშაში ღარებს ვთხრიდით, იქ ცხელ ნაკვერჩხლებს ვალაგებდით, ზემოდან ქვიშას ვაყრიდით. შემდეგ ტყავების ნაწილს მიწაზე ვაფენდით, დანარჩენს ზემოდან ვიფარებდით. თითო ღარი ორ ადამიანზე მოდიოდა. ჩვენი ფეხები წრის ცენტრში იყრიდა თავს. მახსოვს, ნიკაპქვეშ ამოდებული ხელებით, როგორ ვაკვირდებოდი უძირო ზეცას. მე ვგრძნობდი ჩემს ირგვლივ მყოფი ამ საოცარი, სუფთა, უმანკო და მგრძნობიარე ხალხის არსს. ყვავილის ფორმის ადამიანთა ეს წრე, ყოველ ორს შორის პატარა კოცონით, ალბათ დიდებულად გამოჩნდებოდა ზევიდან.

თითქოს, ტომის წევრები ოდნავ ეხებოდნენ ერთმანეთს ფეხის თითების წვერებით. მაგრამ ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ მათი ცნობიერება მუდამ შეხებაშია მთელი კაცობრიობის ცნობიერებასთან.

და მხოლოდ ახლა დავიწყე გაგება, რატომ თვლიდნენ ისინი ეგზომ გულწრფელად, რომ მე - დამახინჯებული ვარ. და მადლიერებით ვივსები, რომ გამოღვიძების შესაძლებლობა მომცეს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff