გაცხადებული სიზმარხილვა
შიგნით უზარმაზარი ოთახი დამხვდა მასიური ქვის კედლებით, საიდანაც დერეფნები სხვადასხვა მიმართულებით გადიოდა. კედლებს ნაირფერი პანოები ამშვენებდა, ხოლო ბუნებრივი კლდოვანი საფეხურებიდან ქანდაკებები ამოშვერილიყვნენ. კუთხეში ისეთი რამ შევამჩნიე, რომ დავეჭვდი, სრულ ჭკუაზე ვიყავი თუ არა: იქ ბაღი იყო! ბორცვის მწვერვალზე ქვები იმგვარად დაელაგებინათ, რომ მიწაში მზის სინათლეს შემოეღწია. მკაფიოდ მესმოდა ქვაზე დაცემული წყლის ხმა. მიწის ქვეშ იყო არხი, რომელშიც უწყვეტად მიედინებოდა წყალი, ვიდრე იქ ვიყავით. ირგვლივ მოკრძალებული, უბრალო, მაგრამ მტკიცე ატმოსფერო სუფევდა.
პირველად ვხედავდი, რომ ამ ტომს პირადი საკუთრება გააჩნდა. გამოქვაბულში ისინი თავიანთ სარიტუალო ნივთებს, უფრო რთული, რბილი და კომფორტული საწოლის მოსაწყობად ტყავების გროვებს ინახავდნენ. მჭრელი იარაღები დავინახე და მივხვდი, რომ ისინი აქლემის ჩლიქებისგან იყო დამზადებული. ვნახე ოთახი, რომელსაც მუზეუმი დავარქვი. იქ მრავალი წლის განმავლობაში შეგროვებული, ქალაქებიდან დაბრუნებულების მიერ ჩამოტანილი ბევრი ნივთი ინახება. აქ ნახავდით ჟურნალებიდან ამოჭრილ სურათებს, რომლებზეც გამოსახული იყო ტელევიზორები, კომპიუტერები, ავტომობილები, ტანკები, სარაკეტო დანადგარები, სათამაშო ავტომატები, ცნობილი შენობები, სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, დელიკატესებიც კი ბრჭყვიალა შეფუთვით. იქ ასევე მათ მიერ მოტანილი სხვა ნივთებიც იყო: მზის სათვალე, სამართებელი, ქამარი, ელვა-შესაკრავი, ქინძისთავები, ბრტყელტუჩა, თერმომეტრი, აკუმულატორი, რამდენიმე ფანქარი და საწერკალამი და რამდენიმე წიგნი.
ერთ-ერთ ოთახში ქსოვილის მაგვარ ნაწარმს ქმნიდნენ. ისინი მატყლით და სხვა ბოჭკოებით ვაჭრობენ მეზობელ ტომებთან და ზოგჯერ ხის ქერქისგან ფარდაგებს ამზადებენ. ხანდახან აქ თოკებს აკეთებდნენ. ვუყურებდი, როგორ აიღო იატაკზე მჯდომმა მამაკაცმა ხელში რამდენიმე ბოჭკო, ფეხზე გადაგორებით მათ დაგრეხვას შეუდგა, შემდეგ თანდათან ახალ-ახალ ბოჭკოებს ამატებდა, ვიდრე გრძელი ძაფი არ მიიღო. სხვადასხვა რაოდენობის ასეთი ძაფების გადაგრეხვით განსხვავებული სისქის თოკები მიიღება. ამ საქმეში თმაც ხშირად გამოიყენება. იმ დროს არ მესმოდა, რომ ეს ხალხი სხეულს მხოლოდ იმიტომ იფარავდა, რომ იცოდნენ, ჩემთვის სამოსელის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული, შესაძლოა შეუძლებელიც კი ყოფილიყო ჩემი ცხოვრების ამ მოცემულ ეტაპზე.
დღე გაოცებულმა აღმოჩენებში გავატარე, ოოოტა კი მნიშვნელობებს მიხსნიდა. შედარებით შორეულ მღვიმეებში ჩირაღდნები იყო საჭირო, მაგრამ ძირითად ოთახებში კლდოვანი ჭერი საშუალებას იძლეოდა სინათლე მეტ-ნაკლები ინტენსივობით შემოსულიყო. ჭეშმარიტი ხალხის ეს გამოქვაბული რელიგიური თაყვანისცემის ადგილს არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მთელი მათი ცხოვრება, ყოველი მომენტი, არის კიდეც თაყვანისცემა. ამ წმინდა ადგილას მათ საკუთარი ისტორიის ჩაწერა და ჭეშმარიტი ცოდნის გადაცემა, ღირებულებების შენარჩუნება შეუძლიათ. ესაა თავშესაფარი გადაგვარებულების აზროვნებისგან.
როდესაც მთავარ დარბაზში დავბრუნდით, ოოოტამ დასათვალიერებლად ხის და ქვის ქანდაკებები გამომიწოდა. ფართო ნესტოები დაებერა, როდესაც მიხსნიდა, რომ ვარცხნილობა ქანდაკების პიროვნებას ავლენს. მოკლე ვარცხნილობა აზრების, მეხსიერების, გადაწყვეტილებების მიღების, ფიზიკური სხეულის შეგრძნების, კმაყოფილების, ტკივილის, ანუ იმ ყველაფრის სიმბოლოა, რაც მე ადამიანის ცნობიერს და არაცნობიერს მივაკუთვნე. მაღალი ვარცხნილობა ჩვენს შემოქმედ „მე“-ს წარმოადგენს, რომელსაც სამყაროს საინფორმაციო ველთან დაკავშირება და ჯერ კიდევ არარსებული საგნების შექმნა, გარკვეული გამოცდილების მიღება, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს რეალური, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრები ყველა ქმნილებისა და ყველა ადამიანის მიერ დაგროვებული სიბრძნის აღქმა შეუძლია. ადამიანები ეძებენ ინფორმაციას, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ სიბრძნეც გამოვლენას ცდილობს. მაღალი ვარცხნილობა ამას გარდა ჩვენი ჭეშმარიტი სრულყოფილი „მე“-ს, ყოველ ჩვენგანში არსებული მარადისობის იმ ნაწილის სიმბოლოა, რომელსაც იმ შემთხვევებში მივმართავთ, როდესაც გვსურს გავიგოთ, ქმედება, რომლის განხორციელებაც ვგეგმავთ, ჩვენს უმაღლეს სიკეთეს წაადგება თუ არა. მესამე ტიპის ვარცხნილობაც იყო - თმა გამოკვეთილ სახეზე იშლებოდა და უკან მიწამდე ეშვებოდა. ეს ყველა ასპექტის: ფიზიკურის, ემოციურის და სულიერის კავშირს განასახიერებდა.
ქანდაკებების უმეტესობა უმცირეს დეტალებამდე იყო დამუშავებული, მაგრამ ერთმა მათგანმა გამაოცა, რომელიც თვალის კაკლების გარეშე იყო დასრულებული. ის უსინათლო, ბრმა სიმბოლოს განასახიერებდა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღვთაებრივი ერთიანობა ისაა, ვინც ხედავს და ასამართლებს ადამიანებს, - თქვა ოოოტამ. - ჩვენთვის კი ღვთაებრივი ერთიანობა ისაა, ვინც ყველა ცოცხალი არსების სულის განზრახვას და მოძრაობას გრძნობს. მისთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა, რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას.
ის ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს მოგზაურობაში. მაშინ გავიგე, რატომ აღმოვჩნდი იქ და რას მოელოდნენ ჩემგან.
ცერემონია ჩავატარეთ. ვუყურებდი, როგორ მოამზადეს მხატვრებმა თეთრი თიხისგან წითელი ჟანგმიწის ორი ელფერის და ერთი ლიმონისფერი ყვითელი საღებავები. ხელსაწყოების შემქმნელმა დაახლოებით ექვსი ინჩის სიგრძის მოკლე ჯოხებისგან ფუნჯები დაამზადა, რომლის ბოლოები კბილებით დაამუშავა და მოასწორა. ადამიანები რთული ორნამენტებით და ცხოველების გამოსახულებებით იყვნენ მოხატულები. მათ ბუმბულის კოსტუმი ჩამაცვეს, სადაც სხვა ბუმბულებს შორის სირაქლემა ემუს რბილი, ვანილისფერი ბუმბულებიც ერია: ფრინველი კუკაბურა უნდა განმესახიერებინა, დიდი ავსტრალიური ალკუნი. რიტუალურ სპექტაკლში ფრინველი-მაცნე უნდა ვყოფილიყავი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში მიფრინავს. კუკაბურა ლამაზი ფრინველია, მაგრამ ის ხმამაღლა ყვირის, და ბევრს ეჩვენება, რომ მისი ყვირილი ვირის ყროყინს წააგავს. კუკაბურას გადარჩენის ძლიერი ინსტინქტი აქვს. ესაა დიდი ფრინველი, და მისი არჩევა მიზანშეწონილი ჩანდა.
სიმღერების და ცეკვების დასრულების შემდეგ პატარა წრე გავაკეთეთ. ცხრანი ვიყავით: ბელადი, ოოოტა, ექიმი, მკურნალი ქალი, დროის აღმრიცხველი, მეხსიერების მცველი, მშვიდობისმყოფელი, ფრინველთა ნათესავი და მე.
ბელადი ჩემს მოპირდაპირედ ფეხებშეკეცილი დაჯდა. ის წინ გადმოიხარა და თვალებში ჩამხედა. რომელიღაცამ წრის გარედან მას სასმელით სავსე ქვის თასი მიაწოდა. მან მოსვა. მისი გამჭოლი მზერა გულის სიღრმემდე მწვდებოდა. მან თასი მარჯვნივ გადააწოდა და თქვა: ჩვენ, ღვთაებრივი ერთიანობის ჭეშმარიტი ხალხის ტომი, ვტოვებთ პლანეტა დედამიწას. გადავწყვიტეთ, დარჩენილ დროში სულიერი ცხოვრების უმაღლეს საფეხურზე ვიცხოვროთ: ფიზიკური დისციპლინის დემონსტრირების გზით, უქორწინებლად. შვილები აღარ გვეყოლება. როდესაც ამ ქვეყანას ჩვენგან ყველაზე უმცროსი დატოვებს, უძველესი ადამიანური რასის ბოლო წარმომადგენლი წავა. ჩვენ მარადიული არსებები ვართ. სამყაროში ბევრი ადგილია, სადაც სულები, რომლებიც ჩვენ გამოგვყვებიან, სხეულებრივი ფორმის მიღებას შეძლებენ. ჩვენ პირველი არსებების პირდაპირი შთამომავლები ვართ. ჩვენ გადარჩენის ყველა გამოცდა გავიარეთ დროის დასაწყისიდან, თავდაპირველი ღირებულებებისა და კანონების მტკიცედ დაცვით. ესაა ჩვენი კოლექტიური ცნობიერება, რომელიც დედამიწას იცავს. ახლა წასვლის ნებართვა მივიღეთ. ადამიანები დედამიწაზე შეიცვალნენ და დედამიწის სულის ნაწილი გასცეს. ჩვენ მივდივართ, რათა მას ზეცაში შევუერთდეთ.
შენ აგირჩიეთ როგორც გადაგვარებული-მაცნე, რათა გადასცე შენიანებს, რომ ჩვენ მივდივართ. გიტოვებთ დედა-მიწას. ვლოცულობთ იმისთვის, რათა დაინახოთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი ღუპავს წყალს, ცხოველებს, აბინძურებს ჰაერს, რომ ერთმანეთს ღუპავთ. ვლოცულობთ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემების გადაჭრის გზა იპოვოთ და არ გაანადგუროთ ეს სამყარო. არსებობენ გადაგვარებულები, რომლებიც უკვე დღეს მზად არიან შეაჩერონ პლანეტის ნგრევა - მაგრამ ჩვენ ვეღარ დაგეხმარებით. ჩვენი დრო ამოიწურა. წვიმა სულ უფრო ნაკლებად მოდის, სიცხე გაძლიერდა, და ძალზე ცოტა ცხოველი და მცენარე დარჩა გამოსაკვებად. ჩვენ ვეღარ ვკვებავთ სხეულებს, რათა მათში სულებმა იცხოვრონ, რადგან მალე აქ, უდაბნოში, აღარც წყალი დარჩება და აღარც საკვები.
თავში აზრები ირეოდა. ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ისინი საუკუნეების განმავლობაში იმალებოდნენ, მაგრამ ახლა ერთ-ერთ არათავისიანს გაეხსნენ, რადგან მათ მაცნე სჭირდებოდათ. მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე!
ახლა სასმელიანი თასი მე მეჭირა ხელში. მოვსვი. ვისკის და ძმრის ნაზავივით მწველი გემო ჰქონდა. თასი მარჯვნივ გადავეცი.
ბელადმა განაგრძო: ახლა დროა შენმა სხეულმა და აზრებმა დაისვენონ. დაიძინე, დაო ჩემო, ხვალ კვლავ ვისაუბრებთ.
ცეცხლი თითქმის ჩაქრა, მხოლოდ ნაკვერჩხალი ღვიოდა წითლად. სიცხე კლდოვანი ჭერის ღიობებისკენ ადიოდა. ვერ ვიძინებდი. მშვიდობისმყოფელს ვანიშნე და ვკითხე, ხომ არ გვესაუბრა. მან თანხმობით მიპასუხა. ოოოტა დათანხმდა ჩვენთვის ეთარმნა, და აი ჩვენ სამმა ღრმა, არც თუ იოლი საუბარი გავმართეთ.
მშვიდობისმყოფელმა, რომლის სახე ისეთივე რუხი იყო, როგორც გარშემო არემარე, სადაც ვმოგზაურობდით, მითხრა, რომ დროის დასაწყისში, რასაც ისინი ჩანაფიქრის დროდ მოიხსენიებენ, მთელი დედამიწა ერთიანად შეიკრა. ღვთაებრივმა ერთიანობამ შექმნა სინათლე, და პირველმა ალიონმა მარადიული წყვდიადი განდევნა. სიცარიელეში მრავალი მბრუნავი სფერო დაკიდეს. ჩვენი პლანეტა - ერთ-ერთი მათგანია. ის იყო ბრტყელი, მასზე არაფერი არ იყო. შიშველ ზედაპირს არაფერი ფარავდა. სიჩუმე იდგა. არც ერთი ყვავილი, ნიავის არც ერთი მობერვა. არც ჩიტების გალობა, არც სხვა ხმები, იყო მხოლოდ ყრუ სიცარიელე. მაშინ ღვთაებრივმა ერთიანობამ თავისი სიბრძნე სფეროებს გადასცა, ყოველს განსაკუთრებული ძღვენი უბოძა. თავდაპირველად ცნობიერება გაჩნდა. მისგან წარმოიშვა წყალი, ატმოსფერო, მიწა. გაჩნდა სიცოცხლის ყველა დროებითი ფორმა. - ჩემს ხალხს მიაჩნია, რომ გადაგვარებულებს უჭირთ ღმერთის შეცნობა, რადგან ისინი ფორმას არიან ძალზე მიჯაჭვულები, - განაგრძო მან, - ჩვენ გვწამს, რომ ერთიანობას არც ზომა აქვს, არც ფორმა და არც წონა. ერთიანობა - ყოფიერება, შემოქმედება, სიწმინდე, სიყვარული, უსასრულო და უსაზღვრო ენერგიაა. ტომის ბევრ ისტორიაში ნახსენებია ცისარტყელა გველი, რომელიც ცნობიერების ენერგიის ტალღის სიმბოლოა და რომელიც იწყება როგორც სრული სიმშვიდე, იცვლის სიხშირეს და ხდება ბგერა, ფერი და ფორმა.
ვიგრძენი, რომ ოოოტა საუბრობდა არა ფხიზელ ცნობიერებაზე და არაცნობიერზე, არამედ გარკვეულწილად შემოქმედის ცნობიერებაზე. ის ყველგანაა. ის არის კლდეებში, მცენარეებში, ცხოველებში და ადამიანებში. ადამიანები შეიქმნენ, მაგრამ ადამიანის სხეულმა მხოლოდ მარადისობის ნაწილი მიიღო ყოველ ჩვენგანში. სხვა მარადიული არსებები სამყაროს სხვა ნაწილებში არიან. ტომში სწამთ, რომ ღვთაებრივმა ერთიანობამ თავდაპირველად შექმნა ქალი და რომ სამყარო მისი მღერით გაჩნდა. ღვთაებრივი ერთიანობა ადამიანი არაა. ის ღმერთია - უმაღლესი, სრულყოფილი სიკეთე, მოყვარული ძალა. მან შექმნა სამყარო თავისი ენერგიით.
მათ სწამთ, რომ ადამიანები ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ, მაგრამ არა ფიზიკურად მსგავსად, რადგან ღმერთს სხეული არ გააჩნია. სულები შეიქმნა ღვთაებრივი ერთიანობის ხატად, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ძალუძთ წმინდა სიყვარულის მიძღვანა, სამყაროში ცხოვრება, შემოქმედება და მრავალ საკითხზე ზრუნვა. ჩვენ მოგვეცა ნების თავისუფლება და ეს პლანეტა, რათა მასზე ვისწავლოთ ჩვენი გრძნობების ფლობა, რომლებიც ძალზე გამძაფრებულია სულის ადამიანის სხეულში ყოფნისას.
ჩანაფიქრის დროს, როგორც ამიხსნეს, სამი სტადია გააჩნდა. პირველი არის დრო დროების დასაწყისამდე. შემდეგ იყო ჩანაფიქრის დრო, როდესაც დედამიწა გაჩნდა და ჯერ კიდევ უსახური იყო. პირველი ადამიანები სხვადასხვა გრძნობებს განიცდიდნენ, სხვადასხვაგვარად მოქმედებდნენ და ამგვარად აღმოაჩინეს, რომ ნების თავისუფლება გააჩნდათ და რომ შეუძლიათ გაბრაზდნენ, თუ მოისურვებენ, რომ შეუძლიათ ეძებონ მიზეზები ამისთვის ან შექმნან სიტუაციები, რომლებიც ბრაზს ბადებს. შფოთვა, სიძუნწე, ახირება, ტყუილი და ძალაუფლების წყურვილი - არაა ის გრძნობები, რომლებიც უნდა განვავითაროთ და ცხოვრება დავახარჯოთ. ამიტომ პირველი ადამიანები გადაშენდნენ, და მათ ადგილზე კლდეთა მასივები, ჩანჩქერები, ქარაფები და ა.შ. გაჩნდა. ისინი დღემდე არსებობენ მსოფლიოში, და ეს ადგილები დაფიქრებისთვისაა - იქ მიდიან ისინი, ვისაც ჰყოფნით სიბრძნე, ისწავლონ მათგან. ცობიერებამ მატერიალური სამყარო ჩამოაყალიბა. ჩანაფიქრის დროის მესამე სტადია ჩვენი დროებაა. ჩანაფიქრი ჯერ კიდევ გრძელდება; ღვთაებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ ქმნის სამყაროს.
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მათ სწამთ, რომ მიწის საკუთრება ღვთაებრივ ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება. მიწა ყველას და ყოველს ეკუთვნის. ჭეშმარიტმა ხალხმა უნდა იცხოვროს თანხმობაში და ყველაფერი ერთმანეთში უნდა გაიყოს. მფლობელობა უკიდურესობაა, ის საშუალებას აძლევს ერთ ადამიანს დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები და შელახოს სხვების უფლებები. ბრიტანელების მოსვლამდე ავსტრალიაში არავინ იყო მიწის გარეშე.
ტომი თვლის, რომ პირველი მიწის ადამიანები ავსტრალიაში გამოჩნდნენ, როდესაც მთელი მიწა ერთიანი კონტინენტი იყო. მეცნიერები ერთიან მიწის მასივს, რომელიც 180 მილიონი წლის წინ არსებობდა, პანგეას უწოდებენ. ის შემდეგ გაიყო ლავრაზიად, რომელიც დღევანდელ ჩრდილოეთ კონტინენტებს მოიცავდა, და გონდვანად, რომელიც თავის მხრივ ავსტრალიად, ანტარქტიდად, ინდოეთად, აფრიკად და სამხრეთ ამერიკად დაიყო. ინდოეთი და აფრიკა სხვადასხვა მხარეს გადაადგილდნენ 65 მილიონი წლის წინ, სამხრეთისკენ გადაადგილდა ანტარქტიდა, შემდეგ გამოეყო ავსტრალია და სამხრეთ ამერიკა.
ტომის გადმოცემების თანახმად, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ადამიანებმა დედამიწის გამოკვლევა დაიწყეს და სულ უფრო წინ მიიწევდნენ. ისინი ახალ გარემოებებში ხვდებოდნენ და იმის მაგივრად, რომ ძირითად მცნებებს დაყრდნობოდნენ, გადარჩენისთვის აგრესიულ ემოციებს და ქმედებას იყენებდნენ. რაც უფრო შორს მიდიოდნენ, მით უფრო მეტად იცვლებოდა მათი რწმენა, ღირებულებათა სისტემა, ასე რომ ბოლოს და ბოლოს მათი გარეგნობაც კი შეიცვალა, უფრო ცივი ჩრდილოეთ კლიმატის პირობებში მათი კანი და თმა გაღიავდა.
მათ არავინ სძულთ კანის ფერის გამო, მაგრამ სწამთ, რომ თავიდან ჩვენ ყველანი ერთი ფერის ვიყავით, ახლა კი ერთიან, თავდაპირველ ფერს ვუბრუნდებით.
მათ მიაჩნიათ, რომ გადაგვარებულებს განსაკუთრებული ნიშნები აქვთ. პირველ ყოვლისა, გადაგვარებულები უკვე აღარ ცხოვრობენ ბუნებრივ გარემოში. ბევრი მათგანი ისე კვდება, ვერ იგებს, როგორ შეიძლება წვიმაში ტანსაცმლის გარეშე ყოფნა. დროის დიდ ნაწილს ისინი ატარებენ შენობებში ხელოვნური გათბობით და გაგრილებით და ჰაერის საშუალო ტემპერატურაზე შეიძლება მზის დარტყმა მიიღონ ქუჩაში.
მეორე, გადაგვარებულებს ისეთი საჭმლის მომნელებელი სისტემა აღარ აქვთ, როგორიც ჭეშმარიტ ადამიანებს. მათ საჭმელი უნდა გარეცხონ, გადაამუშავონ და დააკონსერვონ. ისინი სულ უფრო მეტ ხელოვნურ საკვებს იღებენ. ზოგიერთებს ალერგია ემართება ბუნებრივ პროდუქტებზე და ჰაერში ყვავილის მტვერზე. გადაგვარებულებს ჰყავთ ბავშვები, რომლებიც საკუთარი დედების რძესაც კი ვერ ინელებენ.
გადაგვარებულებს ბევრი რამ არ ესმით, რადგან დროს საკუთარი საზომით ზომავენ. ისინი არ აღიარებენ, რომ სხვა დროც არსებობს, დღევანდელი დღის გარდა, და თესავენ ნგრევას, ისე რომ ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ.
მაგრამ მთავარი განსხვავება, როგორები იყვნენ ადამიანები თავდაპირველად და როგორები გახდნენ ახლა, ისაა, რომ გადაგვარებულების გულებში შიშია დასადგურებული. ჭეშმარიტ ადამიანებს არ ეშინიათ. მოსულები აშინებენ თავიანთ შვილებს. მათ სჭირდებათ თავისუფლების შემზღუდავი კანონები და ციხეები. სახელმწიფოთა უსაფრთხოების სისტემას საფუძვლად საომარი ძალების გამოყენების მუქარა უდევს. ტომის აზრით, შიში ცხოველთა სამყაროს ემოციაა. იქ ის გადარჩენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ თუ ადამიანებმა იციან ღვთაებრივი ერთიანობის შესახებ და ესმით, რომ სამყარო ბრმა შემთხვევითობათა თამაში არაა, რომ მასში ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით ხდება, მათ შიშიც აღარ აქვთ. ადამიანში ან რწმენაა, ან შიშია, ორივეს ერთად არსებობა შეუძლებელია. საკუთრების ფლობა შობს შიშს, თვლიან ისინი. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტად ეშინია. ბოლოს და ბოლოს, ის ნივთების გამო იწყებს ცხოვრებას.
ჭეშმარიტ ადამიანებს აოცებდათ, როდესაც აკვირდებოდნენ, როგორ ასწავლიდნენ მისიონერები ბავშვებს ხელების ერთმანეთზე მიდებას და ორ წუთიანი სამადლობელის აღვლენას ჭამის წინ. ჭეშმარიტი ადამიანები იღვიძებენ და სამადლობელს აღავლენენ! ისინი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებენ მადლიერების გარეშე. თუ მისიონერებს უწევთ საკუთარი შვილებისთვის მადლიერების სწავლება, ანუ იმისა, რაც ბუნებრივად აქვს ყველა ადამიანს მიცემული, გამოდის, რომ თავად მისიონერები ძალზე სერიოზულად უნდა დააკვირდნენ თავიანთ საზოგადოებას. იქნებ, პირველ რიგში მათ თავად ესაჭიროებათ დახმარება.
ჭეშმარიტ ადამიანებს არც ის ესმით, რატომ კრძალავენ მისიონერები მიწისთვის კუთვნილის მიცემას. ყველამ იცის, რომ რაც უფრო ნაკლებს იღებ მიწისგან, მით ნაკლები უნდა დაუბრუნო. ჭეშმარიტი ტომი რამდენიმე წვეთი სისხლის მიწაზე დაქცევით ვალის გადახდის ან მიწისთვის მადლიერების გამოხატვის ჩვეულებას ბარბაროსობად არ მიიჩნევს. ამას გარდა, მათ სწამთ, რომ პატივი უნდა სცენ ადამიანის სურვილს, რომელსაც სურს შეწყვიტოს კვება, დარჩეს მარტო უდაბნოში და დაასრულოს თავისი მიწიერი ცხოვრება. მათ არ სჯერათ, რომ ავადმყოფობისგან ან უბედური შემთხვევის გამო სიკვდილი ბუნებრივია. ბოლოს და ბოლოს, ამბობენ ისინი, სინამდვილეში არ შეიძლება მარადიულის მოკვლა. შენ არ შეგიქმნია, ე.ი. არც განადგურება შეგიძლია. მათ თავისუფალი ნების სწამთ: თავისი ნებით წყვეტს სული ამ ქვეყნად მოსვლას, განა არ შეუძლია მას ასევე თავისუფლად დაბრუნდეს სახლში? ასეთი არჩევანი ფიზიკურ სამყაროში მიღებული პიროვნული „მე“-ს გადაწყვეტილება არაა. ეს წყდება მარადისობის დონეზე, და არჩევანს ყოვლისმხედველი „მე“ აკეთებს.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ადამიანური ყოფიერების სფეროს დატოვების გადაწყვეტილება თავისუფალი არჩევანის შედეგად ბუნებრივია. 120 ან 130 წლის ასაკში, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მასში განსაკუთრებული ძალით ახმიანდა მარადისობის ძახილი, ის ეკითხება ღვთაებრივ ერთიანობას, იქნება თუ არა ეს უმაღლესი სიკეთე, და თუ ასეა, ისინი მართავენ ზეიმს მისი ცხოვრების საპატივცემულოდ.
ჭეშმარიტი ადამიანები ასწლეულების განმავლობაში ყველა ახალშობილს ერთ ფრაზას ეუბნებოდნენ. ყოველ ადამიანს ერთი და იგივე სიტყვები ესმოდა: „ჩვენ გვიყვარხარ და მხარს დაგიჭერთ შენს გზაზე“. ბოლო ზეიმზე ყველა ეხვევა ამ ადამიანს და იგივე ფრაზას იმეორებს, რომელიც ამ სამყაროში მოსვლისას გაიგონა! შემდეგ წამსვლელი ადამიანი ქვიშაზე ჯდება და ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემებს თიშავს. ორ წუთში ის მიდის. არც სინანულია და არც გლოვა. ტომის ხალხი დამთანხმდა ჩემთვის ადამიანური დონიდან უხილავზე გადასვლის ტექნიკა ესწავლებინათ, როგორც კი ამ ინფორმაციის მიღების პასუხისმგებლობის ტარებისთვის ვიქნებოდი მზად.
სიტყვა გადაგვარებული, როგორც ჩანს, ადამიანის თავში აზრებს და გულში სურვილებს ასახავს, და არა კანის ფერს - ესაა ცხოვრებისადმი დამოკიდებულება! გადაგვარებული - ისაა, ვინც უძველესი მახსოვრობა და სამყაროსეული ჭეშმარიტებები უარყო ან მათთან კავშირი დაკარგა.
ბოლოს საუბარი დავასრულეთ. გვიანი იყო, და ყველანი ძალიან დავიღალეთ. გუშინ ეს გამოქვაბული ცარიელი იყო, დღეს კი აქ სიცოცხლე დუღდა. ჩემს ტვინში ჯერ კიდევ გუშინ მრავალი წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ინახებოდა, დღეს კი ტვინი, როგორც ღრუბელი, განსხვავებულ და უფრო მნიშვნელოვან სიბრძნეს ისრუტავდა. მათი ცხოვრების წესი ჩვენისგან იმდენად განსხვავებული და ისეთი გააზრებული იყო, რომ ყველაფრის ერთად მოხელთება მიჭირდა. როდესაც ჩემი აზრები ბოლოს და ბოლოს დამშვიდდნენ, მადლიერებით აღვივსე და სიცარიელის ნეტარ გრძნობაში ჩავიძირე.