გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი მერვე - უსადენო ტელეფონი

ის დღე თითქმის ისევე დაიწყო, როგორც ნებისმიერი სხვა, და გუმანშიც არ გამივლია, წინ რა გველოდა. მართალია, ვისაუზმეთ, რაც თავისთავად უკვე უჩვეულო იყო. წინა დღეს გზაზე უზარმაზარ დოლაბს გადავეყარეთ. ეს იყო დიდი, ძალზე მძიმე, ოვალური ფორმის ქვა - ცხადია გადასატანად ძალზე მძიმე ტვირთი - სპეციალურად დატოვებული გაშლილ ადგილას, რათა ყოველ მოგზაურს გამოეყენებინა, ვისაც მისდა საბედნიეროდ თან მარცვლეული აღმოაჩნდებოდა. ქალებმა მცენარის ღეროები წმინდად დაფქვეს, მარილის ბალახს და წყალს შეურიეს და კვერები დაამზადეს. ისინი მომცრო ზომის ბლითებს წააგავდნენ.

დილის ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ შევბრუნდით და მიღებული ძღვენისთვის სამადლობელი აღვავლინეთ. ჩვენი ყოველდღიური გზავნილი ამჯერად საკვების სამეფოსკენ მივმართეთ.

ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი ცენტრში დადგა. განმარტეს, რომ მას იმ დღეს სპეციალური დავალება უნდა შეესრულებინა. მან ბანაკი ადრიანად დატოვა და გაიქცა. რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ ბელადი გაჩერდა და მუხლებზე დაეცა. ყველა მის ირგვლივ შეიკრიბა, მან კი, მუხლებზე მდგომმა, წინ გაწვდენილი ხელები ნელა აამოძრავა. ოოტას ვკითხე, თუ რა ხდებოდა. მან მანიშნა, ჩუმად ვყოფილიყავი. ყველა დუმდა, თუმცა სახეებზე დაძაბულობა ეტყობოდათ. ბოლოს და ბოლოს ოოტა მომიბრუნდა და მითხრა, რომ ახალგაზრდა მსტოვარმა, რომელიც ადრიანად წავიდა, შეტყობინება გამოგზავნა. მან კენგურუ მოკლა და ნებართვას ითხოვდა, მისთვის კუდი მოეჭრა.

ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ მოვდიოდით ყოველ დღე უბრად. უმეტეს დროს ეს ადამიანები საკომუნიკაციოდ მენტალურ ტელეპატიას იყენებდნენ. მე ამის მოწმე ვიყავი. ირგვლივ ჩქამიც კი არ ისმოდა, ოცი მილით დაშორებული ადამიანები კი ერთმანეთს შეტყობინებას გადასცემდნენ.

- რატომ უნდა მოაჭრას კუდი? - დავინტერესდი. - იმიტომ, რომ კუდი კენგურუს ყველაზე მძიმე ნაწილია, ის კი სუსტია და მთელ ცხოველს კომფორტულად ვერ ატარებს. კენგურუ მასზე მაღალია, მან კი თქვა, რომ წყალი, რომელიც გზაზე დალია, დაბინძურებული აღმოჩნდა, და მას ცხელება დაეწყო. სახე ოფლით აქვს დაფარული.

უხმო ტელეპატიური შეტყობინება გაიგზავნა. ოოტამ მითხრა, რომ ერთი დღით გავჩერდებით. ტომის წევრები ორმოს გათხრას შეუდგნენ, რათა დიდი რაოდენობის ხორცის მისაღებად მომზადებულიყვნენ. სხვებმა ბალახების ნაყენის დამზადება დაიწყეს ექიმი მამაკაცის და მკურნალი ქალის ხელმძღვანელობით. რამდენიმე საათის შემდეგ ბანაკში ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა გამოშიგნული და კუდმოჭრილი მოზრდილი კენგურუთი. მას კენგურუ გამოეშიგნა და ღრუ წვეტიანი ჯოხებით მოეპირა, ნაწლავები კი ფეხების შესაკრავ თოკად გამოეყენებინა. მას ასი ფუნტი ხორცი თავით და მხრებით მოჰქონდა, ოფლად იღვრებდა და აშკარად ავად იყო. ვუყურებდი, ტომის წევრები როგორ შეუდგნენ მის მკურნალობას და საკვების მომზადებას.

თავიდან კენგურუ ღია ცეცხლის თავზე გააჩერეს. როგორც კალიფორნიის თავზე სქელი შავნისლი, ისე ჩამოწვა ჰაერში შეტრუსული ბალნის სუნი. თავი მოაცილეს, კიდურების ძვლები კი გადატეხეს, რათა მყესები მოეცილებინათ. შემდეგ სხეული ყოველი მხრიდან ნაკვერჩხლებით გარშემორტყმულ ორმოში ჩაუშვეს. ორმოს კიდეში წყლით სავსე მომცრო ჭურჭელი ჩადგეს, საიდანაც გრძელი ლერწმის ღერო ამოშვერილიყო. ზემოდან ფიჩხი დააყარეს. რამდენიმე საათის განმავლობაში შიგადაშიგ მთავარი მზარეული კვამლში იხრებოდა, ღეროში უბერავდა და წყალს აფრქვევდა ორმოში. მაშინვე ორთქლი ჩნდებოდა.

ტრაპეზის დაწყებამდე ხორცის მხოლოდ რამდენიმე დუიმი ზედა ფენა შეიწვა, დანარჩენი ჯერაც სისხლიანი იყო. მათ ვუთხარი, რომ ჩემი პორციის მწვადივით ჯოხზე აცმა და კარგად შეწვა მინდოდა. რა პრობლემაა! მათ სწრაფად დაამზადეს ამისთვის შესაფერისი ჩანგალი.

ამასობაში ახალგაზრდა მონადირეს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. პირველად ბალახების ნაყენი დაალევინეს. შემდეგ, ორმოდან ამოთხრილი გრილი ქვიშა მის ფეხებთან მოაყარეს. მითხრეს, რომ თუ შეძლებენ სიცხის თავიდან ქვევით გადმოტანას, სხეულის ზოგადი ტემპერატურა დარეგულირდება. ეს ძალზე უცნაურად ჟღერდა, მაგრამ ამან ტემპერატურა მართლაც დასწია. ბალახებიც ეფექტიანი აღმოჩნდა კუჭის ტკივილისა და ნაწლავური აშლილობის თავიდან ასაცილებლად, რის განვითარებასაც ასეთი განსაცდელის შემთხვევაში ველოდი.

ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო. ძნელი დასაჯერებელი იყო, განსკუთრებით კი ტელეპატიის მეშვეობით ურთიერთობა, საკუთარი თვალით რომ არ მენახა.

ჩემს განცდებზე ოოტას მოვუყევი. მან გაიღიმა და თქვა: ახლა უკვე იცი, რას გრძნობენ ადგილობრივები, როდესაც პირველად ჩადიან ქალაქში და ხედავენ, როგორ აგდებ მონეტას ტელეფონში, კრეფ ნომერს და ნათესავს ელაპარაკები. ადგილობრივი ფიქრობს, რომ რომ ეს წარმოუდგენელია. დიახ, - ვუპასუხე, - ორივე კარგი მეთოდია, მაგრამ თქვენი ნამდვილად სჯობს აქ, სადაც არც ხურდა ფულია და არც ტელეფონის ჯიხური.

ტელეპატიური კავშირი - განა ვინმე დამიჯერებს, სამშობლოში რომ დავბრუნდები? საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობდი, ადვილად ეთანხმება აზრს, რომ დედამიწაზე ადამიანები სასტიკები არიან, მაგრამ ძნელად თუ იჯერებს, რომ მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც რასისტი არაა, ვინც ჰარმონიაში ცხოვრობს დანარჩენებთან ერთად, მოყვასს მხარში უდგას, ხედავს და აფასებს მათ უნიკალურ უნარებს, პატივს სცემს მათ ტალანტებს. ოოტას აზრით, ნამდვილი ადამიანები ტელეპატიის უნარს იმიტომ ფლობენ, რომ არასდროს იტყუებიან, უმცირეს გამონაგონსაც კი არ ამბობენ, არც სანახევრო სიმართლეს და არც სერიოზულ მცდარ განცხადებას. ტყუილს ადგილი საერთოდ არ აქვს და არც დასამალი აქვთ რამე. ამ ხალხს არ ეშინია იყვნენ გახსნილები, მზად არიან მიიღონ და გასცენ ინფორმაცია. ოოტამ ამიხსნა, როგორ მუშაობს მოცემული პრინციპი. მაგალითად, ორი წლის ბავშვი ხედავს, როგორ თამაშობს სხვა ბავშვი სათამაშოთი - ვთქვათ, თოკგამობმულ ქვას მიათრევს. და თუ ეს ბავშვი მეორესთვის სათამაშოს წართმევას დააპირებს, ის იგრძნობს, რომ ყველა უფროსი მის მხარეს იყურება. ამგვარად ის მიხვდება: მისი განზრახვა, აიღოს რაღაც ნებართვის გარეშე, ცნობილი ხდება და მიუღებელია. მეორე ბავშვი კი მიხვდება, რომ საჭიროა სხვას გაუზიაროს და არ მიეჯაჭვოს ნივთებს, რადგან მან უკვე გაიხარა და დაიმახსოვრა სიხარულის ეს შეგრძნება, ამიტომ სასურველია ბედნიერების განცდა, და არა თავად ნივთები.

აზრობრივი ურთიერთობა არის მეთოდი, რომელიც მთელი კაცობრიობისთვისაა განკუთვნილი. ენებსა და დამწერლობებს შორის განსხვავება ქრება, როდესაც ადამიანები უსიტყვოდ იწყებენ ურთიერთობას. მაგრამ ჩემს სამყაროში ეს არასდროს მოხდება, - გავიფიქრე, - სამყაროში, სადაც ადამიანები საკუთარ კოლეგებს ძარცვავენ, გადასახედებს ემალებიან, სასიყვარულო ინტრიგებს ხლართავენ. ჩემი ერი არასდროს დათანხმდება პირდაპირი გაგებით იყოს აზრობრივად ღია. ძალზე ბევრი ტყუილის, ძალზე ბევრი ტკივილის და სიმწარის დამალვა გვიწევს.

მაგრამ პირადად ჩემზე თუ ვილაპარაკებთ, შევძლებდი კი ყველასთვის მიმეტევებინა, ვინც, როგორც მეჩვენებოდა, მიღალატა? ვაპატიებდი კი საკუთარ თავს ყველა იმ ტანჯვას, რომელთა მიზეზი თავად მე ვიყავი? კარგი იქნებოდა შემძლებოდა, აბორიგენთა მსგავსად, ერთ მშვენიერ დღეს მთელი ჩემი არსება მათ სამსჯავროზე წარმედგინა, როგორც თავად ეს აბორიგენები, და უბრალოდ დავკვირვებოდი ყველა ჩემს სურვილს, ხილულს ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.

ნამდვილი ხალხი არ ფიქრობს, რომ ხმა ადამიანს სალაპარაკოდ მიეცა. ამას თავი და გული აკეთებს. თუ სასაუბროდ ხმა გამოიყენება, საუბარი ხდება ნაკლებმნიშვნელოვანი, არასაჭირო, ნაკლებ სულიერი. მათი აზრით ხმა მოცემული გვაქვს სიმღერისთვის, ზეიმებისთვის და სამკურნალოდ.

ისინი მეუბნებოდნენ, რომ ყოველ ადამიანს ბევრი ნიჭი აქვს და რომ სიმღერა ყველას შეუძლია. თუ ჩემს ნიჭს პატივს არ ვცემ, რადგან მიმაჩნია, რომ სიმღერა არ შემიძლია, - მომღერალი ჩემში ამის გამო არ გაქრება.

ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში, როდესაც ისინი ჩემში ტელეპატიის უნარის განვითარებას ცდილობდნენ, მივხვდი, რომ სანამ გულში ან აზრებში საიდუმლოს ვინახავ, რომელთა დაფარვაც მსურს გარშემომყოფთაგან, ტელეპატია შეუძლებელია. ყველაფერი უნდა მიმეღო, რაც გამაჩნდა.

მომიწია მესწავლა საკუთარი თავის პატიება, არა განსჯა, არამედ გაკვეთილის სწავლა წარსული გამოცდილებიდან. მათ მასწავლეს, რაოდენ მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი იყო საკუთარ თავთან, მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი, რათა სხვების მიმართაც იგივე დამოკიდებულება გქონდეს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff