თავი მეექვსე - ბანკეტი
ფოთლების გახურებისა და მათგან ზეთის გამოწვლილვის გზით მომზადებულმა არაჩვეულებრივმა მაკურნებელმა ზეთოვანმა მასამ იმოქმედა: ფეხებში სიმსუბუქე ვიგრძენი და წამოდგომის გამბედაობაც კი დამეუფლა. ჩემგან მარჯვნივ ქალებმა კონვეიერისებური მუშაობა გააჩაღეს. ერთი დიდ ფოთლებს აგროვებდა. მეორე გრძელი ჯოხით ბუჩქნარში და წაქცეული ხის ძირებში იქექებოდა, მესამე რაღაცას აგროვებდა და ფოთლებზე ალაგებდა. შემდეგ ზემოდან მეორე ფოთოლს აფარებდა და ახვევდა. საბოლოოდ ამ პაკეტისებურად დახვეულ ფოთლებს აძლევდნენ მეოთხეს, რომელიც კოცონთან მირბოდა და ერთი მეორის მიყოლებით პაკეტებს ნაკვერჩხლებში აწყობდა. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ტრაპეზი იყო, საჭმელი, რომელზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდი. ავდექი, მივუახლოვდი და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე: ქალის ხელში დიდი თეთრი ჭიაყელა იკლაკნებოდა.
ღრმად ამოვისუნთქე. სათვალავი ამერია, დღეს მერამდენედ დავკარგე მეტყველების უნარი. ერთი რამ სრულიად ცხადი იყო. ადრე მტკიცედ ვიცოდი, არასდროს მომშივდება ისე, რომ ჭიაყელა შევჭამო! მაგრამ ამ სიტუაციაში ჭკუა ვისწავლე. არასოდეს თქვა „არასოდეს“. ახლა ვცდილობ, ეს სიტყვა ჩემი ლექსიკონიდან ამოვაგდო. მივხვდი, რომ არის რაღაც, რასაც უპირატესობას ვანიჭებ, და რაღაც, რასაც თავს ვარიდებ, მაგრამ სიტყვა „არასოდეს“ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის ადგილს არ ტოვებს და დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთს ფარავს.
ტომის წევრებთან გატარებული საღამოები ნამდვილ სიხარულად მექცა. ისინი ყვებოდნენ ისტორიებს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ, გულითადად საუბრობდნენ. ეს ჭეშმარიტად ურთიერთობის ზეიმი იყო. საკვების მომზადებამდე ყოველთვის რაღაცას აკეთებდნენ. ერთმანეთს მხრების, ზურგის და თავის მასაჟს უკეთებდნენ. ვხედავდი, როგორ ეპყრობოდნენ კისერს და ხერხემალს. მოგზაურობის დროს გამოცდილება ერთმანეთს გავუზიარეთ: მე მათ ზურგის და სახსრების კორექციის ამერიკული მეთოდები ვაჩვენე, მათ კი თავიანთი მასწავლეს.
იმ პირველ დღეს არც ჭიქები დამინახავს, არც თეფშები და არც თასები. სწორად გამოვიცანი. ატმოსფერო არაფორმალური უნდა ყოფილიყო, და საკვებიც პიკნიკის შესაფერისი. ფოთლების პაკეტები მალევე ამოიღეს ნაკვერჩხლებიდან. ჩემი ულუფა როგორც მძიმე ავადმყოფს, თანაგრძნობით მომაწოდეს. ვუყურებდი, როგორ ხსნიდნენ ფოთლებს და თითებით ჭიაყელებს იღებდნენ. ჩემი კერძი თბილი იყო, მაგრამ არ მოძრაობდა, ამიტომ სიმამაცე მოვიკრიბე და შიგნით შევიხედე. საზიზღარი ჭიაყელა გამქრალიყო. ყოველ შემთხვევაში, ჭიაყელას აღარ ჰგავდა. ეს იყო ყავისფერი, შეჭმუხნული პარკი, რომელიც მოხალულ არაქისს ან შემწვარ ხრაშუნა ღორის ქონს წააგავდა. შევძლებ, - გავიფიქრე. და შევძელი. გემო სრულიად ასატანი გამოდგა! მე არ ვიცოდი, რომ საკვების მომზადება სითბური დამუშავებით პროდუქტის სრულიად შეცვლამდე ტომის ჩვეულებას არ წარმოადგენდა. ეს ყველაფერი სპეციალურად ჩემთვის გააკეთეს.
იმ ღამეს ამიხსნეს, რომ ტომმა ქალაქელ აბორიგენებთან ჩემი მუშაობის შესახებ შეიტყო. თუმცა ეს მეტისი ახალგაზრდები მათი ტომის წევრები არ იყვნენ, ჩემმა მუშაობამ ცხადყო, რომ მათი პრობლემები ჩემთვის სულერთი არ იყო. მოწვევა გამომიგზავნეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ შველას ვითხოვ. დაადგინეს, რომ სუფთა განზრახვა მამოძრავებს. პრობლემა მათი გაგებით იმაში მდგომარეობდა, რომ აბორიგენთა კულტურაზე და, რა თქმა უნდა, ამ ტომის კანონებზე წარმოდგენა არ მქონდა. ცერემონიები, რომელშიც მონაწილეობა მივიღე დღის დასაწყისში, გამოცდებს წარმოადგენდა. ადამიანების სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ, და მიღმიერ სამყაროსთან, საიდანაც ყველანი მოვედით და რომელსაც კვლავ დავუბრუნდებით, ჭეშმარიტი ურთიერთობების შემეცნების ღირსად ჩამთვალეს. წინ ჩემი საკუთარი არსის შეცნობა მელოდა.
სანამ არც თუ დიდი რაოდენობის ძვირფასი ფოთლებით დაფარული ფეხებით ვიჯექი, ოოტამ ამიხსნა, თუ რაოდენ დიდი საქმე იტვირთეს ჩემი თანხლებით ამ უდაბნოს მოხეტიალეებმა. მე ნება დამრთეს მათი ცხოვრებით მეცხოვრა. ისინი აქამდე არასდროს დაკავშირებიან თეთრ ადამიანებს და მათთან არც კონტაქტის დამყარებას აპირებდნენ. სინამდვილეში ისინი ყოველთვის თავს არიდებდნენ ამას. მათი მტკიცებით, ავსტრალიის სხვა ტომები თეთრი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილა, ისინი კი უკანასკნელნი არიან, ვინც საკუთარი იზოლირებული ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვეულებრივ ისინი ექვს-ათკაციანი პატარა ოჯახებით მოგზაურობენ, მაგრამ მოცემული შემთხვევისთვის ერთად შეიყარნენ.
ოოტამ რაღაც უთხრა ჯგუფის წევრებს, და ყოველმა მათგანმა თავის მხრივ მე მომმართა. ისინი თავიანთ სახელს ამბობდნენ. სიტყვები ჩემთვის რთული იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ სახელებს მნიშვნელობა ჰქონდა. აბორიგენების სახელები იგივენაირად არ გამოიყენება, როგორც შტატებში, მაგალითად „დები“ ან „კოდი“, ამიტომ სიტყვების სწორად გამოთქმის მაგივრად სახელები შინაარსს დავუკავშირე. ყველა ბავშვს დაბადებისთანავე სახელს არქმევენ, მაგრამ არსებობს წარმოდგენა, რომ ზრდასთან ერთად ადამიანი სახელიდანაც იზრდება, და მაშინ ის თავისთვის ახალ, იმ მომენტისთვის უფრო შესაფერის სახელს ირჩევს. სიცოცხლის განმავლობაში სახელი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს, რადგან დროთა განმავლობაში ადამიანს სხვაგვარად ესმის, რა არის სიბრძნე, ხელოვნება, ცხოვრების მიზანი. ჩვენს ჯგუფში სხვათა შორის იყვნენ ისტორიების მთხრობელი, იარაღების შემქმნელი, საიდუმლოთა მცველი, ოსტატი თერძი, დიდი მუსიკოსი.
ბოლოს, ოოტამ ჩემზე მიუთითა და ერთი და იგივე სიტყვით ყოველ მათგანს პირადად მიმართა. ვიფიქრე, რომ ჩემი სახელის თქმას ცდილობდნენ, შემდეგ კი მომეჩვენა, რომ გვარით მომმართავდნენ. აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. სიტყვა, რომელიც დამარქვეს იმ ღამეს და მთელი მოგზაურობის განმავლობაში მიწოდებდნენ, იყო დამახინჯებული. ვერ გამეგო, რატომ ასწავლიდა ორივე ენის მცოდნე ოოტა მათ ასეთი უცნაური ტერმინის გამოთქმას. „დამახინჯება“ ჩემს წარმოდგენაში საბაზისო სტრუქტურის გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს, რომლის შედეგად რაღაც ახალი ჩნდება, რომელიც ორიგინალს არ ჰგავს. თუმცა ამას სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგან ამ დღიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრება ტოტალურ გაუგებრობად იქცა.
ოოტამ თქვა, რომ ზოგიერთ ტომში დაახლოებით რვა ტიპის სახელს გამოიყენებენ - რაც უფრო ნუმერაციის სისტემას წააგავს. ერთი თაობის და ერთი სქესის ადამიანები ნათესავებად ითვლებოდნენ, ამიტომ ყოველ მათგანს ჰყავდა რამდენიმე დედა, მამა, ძმა და ა.შ.
შებინდებისას ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესახებ ვიკითხე. ვინანე, რომ ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემი ქალიშვილის კატის, ზუკის ქცევას, რადგან აქ ტუალეტში გასვლის პროცესი უდაბნოში გასვლას, პატარა ორმოს ამოთხრას, ჩაცუცქვას და შემდეგ ორმოს ამოვსებას ნიშნავდა. საშიშროებების შესახებაც გამაფრთხილეს. გველები აქტიურდებიან, როდესაც სიცხე კლებულობს, და ღამის სიცივის დადგომამდე. ვიდრე დიუნებს შორის დავეხეტებოდი, ჩემი მოქმედებებით გამოწვეული გამძვინვარებული თვალების და შხამიანი ეშვების აჩრდილი თან მდევდა. ოდესღაც, ევროპაში მოგზაურობისას, ტუალეტის ქაღალდის ხარისხმა შემაძრწუნა. სამხრეთ ამერიკაში უკვე ჩემი ქაღალდით წავედი. აქ კი მისი არქონა პრაქტიკულად აღარ მაღელვებდა.
უდაბნოში გასვლიდან უკან დაბრუნებულმა დანარჩენებთან ერთად აბორიგენულად მოდუღებული ქვის ჩაი მივირთვი. მას წყლიან ჭურჭელში ცხელი ქვების ჩაყრით ამზადებენ. ეს ჭურჭელი ოდესღაც რომელიღაც ცხოველის შარდის ბუშტი იყო. შემდეგ ცხელ წყალში ველურ მცენარეებს ამატებენ და მომზადებამდე აყენებენ. ჩვენს ერთადერთ ჭურჭელს ერთმანეთს გადავცემდით. ჩაის შესანიშნავი გემო ჰქონდა!
ქვის ჩაის, როგორც მივხვდი, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებდნენ, ისეთის, როგორიც, მაგალითად, ახალბედას მოგზაურობის პირველი დღის დასრულებაა. მომთაბარეებს ესმოდათ, რა სირთულეები მელოდა ფეხსაცმელის, ჩრდილის და ტრანსპორტის არარსებობის გამო. წყალში დამატებული ბალახები მენიუს მრავალფეროვნებისთვის არ იყო გამიზნული, ისინი არც წამალს ან საკვებ ნივთიერებას წარმოადგენდნენ. ეს თავისებური მილოცვა, კოლექტივის მიღწევის აღნიშვნის გზა იყო. არ დავნებდი, ჩემი ქალაქში დაბრუნება არ მომითხოვია, გზაში არ ვწუწუნებდი. აბორიგენებმა იგრძნეს, რომ მათი სული დამეუფლა, ტომის სული.
შემდეგ ადამიანები ქვიშის გასწორებას შეუდგნენ, და საერთო გროვიდან ყველამ თითო დახვეული ტყავი ან საფენი აიღო. ერთი მოხუცი ქალი მთელი საღამო გულგრილი გამომეტყველებით მიყურებდა. რაზე ფიქრობს? - ვკითხე ოოტას. იმაზე, რომ შენ ყვავილების სურნელი დაკარგე, და რომ შენ სხვა სამყაროდან მოხვედი, - მიპასუხა მან.
გამეღიმა, და ქალმა თავისი შეკვრა გამომიწოდა. მას ოსტატ-თერძს უწოდებდნენ. ეს დინგოს ტყავია, - მითხრა ოოტამ. ვიცოდი, რომ დინგო - კოიოტის თუ მგლის მსგავსი ველური ავსტრალიური ძაღლია. - მისი ტყავი შეგიძლია როგორც გსურს ისე გამოიყენო: დაიფინო, დაიხურო ან თავქვეშ ბალიშივით ამოიდო.
„მშვენიერია, - გავიფიქრე, - შემიძლია ავარჩიო, სხეულის რომელი ნაწილი მოვაწყო კომფორტულად“.
გადავწყვიტე, ტყავი ჩემსა და ჩემს წარმოსახვაში დანახულ მცოცავ არსებებს შორის დამედო. მრავალმა წელმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მიწაზე მეძინა. გავიხსენე საკუთარი თავი ბავშვობაში დიდ ბრტყელ კლდეზე კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში. იმხანად ბარსტოუში ვცხოვრობდით. მთავარ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას ბრტყელი კლდე წარმოადგენდა, რომელსაც ადგილობრივები „B“ მთას უწოდებდნენ. ზაფხულის დღეებში ხშირად ლიმონათის ბოთლს და არაქისის კარაქიან სენდვიჩს ვიღებდი და კლდეზე საცოცად მივდიოდი. ყოველთვის ერთი და იგივე ფილაზე ავდიოდი, ჩემს საგზალს ვჭამდი და ღრუბლებს ვათვალიერებდი, მათ მოხაზულობაში ნაცნობ საგნებს ვეძებდი. ბავშვობა ღრმა წარსულს ჩაბარდა. უცნაურია, ცა იგივე დარჩა. როგორც ჩანს, ადრე ციურ სხეულებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენს ზემოთ ვერცხლით მოჭედილი მუქ-ლურჯი გადასაფარებელი გადაჭიმულიყო. დავინახე სამხრეთის ჯვარი - ავსტრალიის დროშაზე გამოსახული სიმბოლო.
ვიწექი და ჩემს თავგადასავალზე ვფიქრობდი. შევძლებ კი ოდესმე აღვწერო, რაც დღეს მოხდა? გაიღო კარი, და შევედი სამყაროში, რომლის არსებობის შესახებ ადრე არც კი ვეჭვობდი. რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებას ბრწყინვალეს ვერ დავარქმევთ. ბევრგან მიცხოვრია და სხვადასხვა ქვეყნებში ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი არაფერი განმიცდია. მაინტერესებდა, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა.
დილით მათ უნდა ავუხსნა, რომ მათი კულტურის გასაცნობად ჩემთვის ერთი დღეც საკმარისია. ჩემი ფეხები ჯიპამდე დაბრუნებას გაუძლებენ. იქნებ, ფეხებისთვის ცოტაოდენი სასწაულმოქმედი ბალზამიც გავიყოლო თან - მან ნამდვილად მიშველა. მთლიანობაში, ჩემს გატანჯულ ფეხებს თუ არ ჩავთვლით, დღე არც ისე ცუდი გამოდგა.
სულის სიღრმეში მადლიერების გრძნობას განვიცდიდი იმისთვის, რომ მეტი გავიგე სხვა ერის ცხოვრების შესახებ. დავინახე, რომ ადამიანთა გულებში მხოლოდ სისხლი არ ჩქეფს. თვალები დავხუჭე და ჩუმად გადავუხადე მადლობა უფალს.
ბანაკის მოპირდაპირე მხარეს ვიღაცამ რაღაც თქვა. ფრაზას მორიგეობით იმეორებდნენ. ისინი თითქოს ერთმანეთს გადასცემდნენ მას, ერთი მწოლიარე ფიგურა - მეორეს. ბოლოს ოოტას ჯერი დადგა, რომელიც ჩემს გვერდით იწვა. ის მომიბრუნდა და მითხრა: სამადლობელი მიღებულია; ეს კარგი დღეა.
ჩემს გონებაში გაფიქრებულ სიტყვებზე მათი პასუხით გაოცებულმა ამჯერად უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი „მადლობა“.