წინამძღოლი
მზე ამოვიდა, და მაშინვე აუტანლად დაცხა. იმ დილით ტომმა განსაკუთრებული რიტუალი შეასრულა. ნახევარწრის ცენტრში დამაყენეს, პირით აღმოსავლეთისკენ. ოოოტამ მითხრა, რომ ღვთაებრივი ერთიანობა ჩემებურად მედიდებინა და მელოცა, რომ დღე კარგი ყოფილიყო. ცერემონიის დასასრულს, ვიდრე გზას დავადგებოდით, მითხრეს, რომ ახლა წინამძღოლობის ჩემი რიგია და რომ ტომს წინ უნდა გავუძღვე. მაგრამ არ შემიძლია, - ვუთხარი მათ, - არ ვიცი საით მივდივართ, არც წყლის და საკვების მოძებნა შემიძლია. დიდ მადლობას გიხდით ნდობისთვის, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია თქვენი წინამძღოლობა.
ვალდებული ხარ, - მომესმა საპასუხოდ. - დროა. იმისთვის, რომ შენი სახლი, დედამიწა, მისი ცხოვრების ყველა დონე გაიცნო და ყოველივე ხილულთან და უხილავთან შენი კავშირი შეიგრძნო, უნდა გაგვიძღვე. ცოტა ხნით არც უკან სიარულია ცუდი, შუაში ყოფნაც მისაღებია, მაგრამ, საბოლოოდ ოდესმე ყველას მოგვიწევს წინამძღოლობა. ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს იყო წინამძღოლი, თუ ამ პასუხისმგებლობას არ აიღებ. ადრე თუ გვიან ყველას უწევს ამ როლების შესრულება, ამ ცხოვრებაში თუ არა, ოდესმე მაინც! გამოცდის ჩაბარების ერთადერთი გზა გამოცდაზე გასვლაა. ყველა გამოცდა ყველა დონეზე ამა თუ იმ გზით მეორდება, სანამ მას არ ჩააბარებ.
ამგვარად, გზას დავადექით, ტომს წინ გავუძეხი. ცხელი დღე იყო. ტემპერატურამ 105-ს გადააჭარბა. შუადღეს შევჩერდით და ტყავებით, რომლებზეც ღამით გვეძინა, საჩრდილობელი გავაკეთეთ. როგორც კი სიცხემ ოდნავ დაიკლო, კვლავ გზა განვაგრძეთ და გაცილებით მეტი ვიარეთ, ვიდრე ღამის გასათევად გავჩერდებოდით. გზაზე არც მცენარე შეგვხვედრია და არც ცხოველი, რომელთაც ჩვენთვის სადილად გახდომის პატივი ერგებოდათ. ვერც წყალი ვიპოვეთ. ჰაერი ცხელი, უძრავი და გაიშვიათებული იყო. ბოლოს და ბოლოს ფარხმალი დავყარე და დღევანდელი მოგზაურობა დასრულებულად გამოვაცხადე.
იმ საღამოს შველა ვითხოვე. არც საჭმელი გვქონდა და არც წყალი. ოოოტას მივმართე, მაგრამ ის თითქოს ვერც კი მამჩნევდა. დანარჩენებს მივმართე, თუმცა მათი ენა არ ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ჩემი გულის ხმას გაიგებდნენ. ვემუდარებოდი მათ: მიშველეთ, მიშველეთ! ამ სიტყვებს კვლავ და კვლავ ვიმეორებდი, მაგრამ არავინ მიპასუხა.
ამის ნაცვლად, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ ყველა ადამიანი დრო და დრო ამჯობინებს უკან სიარულს. დავფიქრდი: იქნებ, შეერთებული შტატებში ქუჩის უპოვარები და უსახლკაროები თავად ამჯობინებენ მსხვერპლის როლს. რა თქმა უნდა, ამერიკელთა უმრავლესობას შუაში ყოფნა ურჩევნია. არც ძალიან მდიდარი ხარ და არც ძალიან ღარიბი. მომაკვდინებელი დაავადება არ გჭირს, თუმცა არც მთლად ჯანმრთელი ხარ. სინდისი მთლად სუფთა არ გაქვს, მაგრამ არც მძიმე დანაშაული ჩაგიდენია. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ირწმუნოს საკუთარი ძალების და წინამძღოლი გახდეს. თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაზე აიღოს პასუხისმგებლობა.
დამსკდარი ტუჩების გამომშრალი ენით დალბობის მცდელობაში ჩამეძინა. ძნელი სათქმელია, რატომ მეხვეოდა თავბრუ: შიმშილის, წყურვილის, გადახურებისა თუ დაუძლურებისგან.
მეორე დღეს ისევ მე გავუძეხი ტომს. კვლავ საშინელი ხვატი იდგა. ყელი მეკუმშებოდა, ყლაპვა მიჭირდა. ენა იმდენად გამომიშრა, რომ ვეღარ ვამოძრავებდი, და ძალიან გამისივდა - მეჩვენებოდა, რომ პირში დიდი მშრალი ღრუბელი მედო. ძლივს ვსუნთქავდი. ცხელი ჰაერი ფილტვებს მიწვავდა, და მივხვდი, რატომ თვლიდნენ ეს ადამიანები, რომ კოალას მაგვარი ცხვირის ფორმა განსაკუთრებული საჩუქარია. ჩემი აპრეხილი ცხვირისგან განსხვავებით ასეთ საშინელ სიცხესთან მათი ფართო ცხვირები და სასუნთქი გზები გაცილებით უკეთაა ადაპტირებული.
ცარიელი ჰორიზონტი სულ უფრო მტრული ხდებოდა. ის მთელ კაცობრიობას იწვევდა, თითქოს არ ეკუთვნოდა ადამიანებს. თითქოს მიწამ გაიმარჯვა ცივილიზაციასთან ომში, და ახლა მისთვის სიცოცხლე უცხო გამხდარიყო. არც გზები, არც ცაში თვითმფრინავები, ცხოველების კვალიც კი არსად შეგვხვედრია.
ვხვდებოდი, რომ თუ ტომი არ დამეხმარებოდა, მოვკვდებოდი, თანაც ძალიან მალე. ძალიან ნელა მივდიოდით, ყოველი ნაბიჯი დიდ ძალისხმევათან და ტკივილთან იყო დაკავშირებული. შორს მუქი, მძიმე საწვიმარი ღრუბელი გამოჩნდა. სატანჯველად გვექცა მისი ცქერა - მას შეეძლო უხვად მოეცა წყალი, მაგრამ რომც გვეცადა, მაინც ვერ დავეწეოდით. მისი ჩრდილითაც კი ვერ ვისარგებლებდით. ჩვენ მხოლოდ შორს ვხედავდით ღრუბელს და ვაცნობიერებდით, რომ მაცოცხლებელი წყალი გაგვირბის, ხელიდან გვისხლტება როგორც ვირის წინ ჩამოკიდებული სტაფილო.
დავიყვირე - შესაძლოა იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავი, ჯერ კიდევ შემიძლია ყვირილი, ან იქნებ სასოწარკვეთილებისგან. მაგრამ უშედეგოდ. გარემომ ჩემი ხმა გაუმაძღარი ურჩხულივით
ჩაყლაპა.
მეჩვენებოდა, რომ წყალს ვხედავ, ვხედავ, როგორ ლივლივებს ის გრილ ტბებში, მაგრამ როგორც კი მირაჟისკენ გავიწევდი, მხოლოდ ქვიშას ვპოულობდი.
მეორე დღეც გავიდა. არ გვქონდა საკვები, წყალი, და არც არავინ დამეხმარა. იმ ღამეს იმდენად დატანჯული, გამოფიტული, და თითქმის სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ტყავებისგან გაკეთებული ბალიშიც კი არ მითხოვია. მგონი, კი არ დამეძინა, არამედ გონება დავკარგე.
მესამე დილას ტომის ყველა წევრთან მივედი რიგრიგობით და მუხლებზე დაჩოქილმა დასუსტებული ხმით ვთხოვე: გთხოვთ დამეხმარეთ. გთხოვთ გადაგვარჩინეთ. ლაპარაკი მიჭირდა, რადგან როდესაც გავიღვიძე, ენა იმდენად გამომიშრა, რომ თითქმის მიეწება ლოყას.
ისინი მისმენდნენ, თვალებში მიყურებდნენ და იღიმებოდნენ. ისინი თითქოს ფიქრობდნენ: ჩვენც გვშია და გვწყურია, მაგრამ შენ თავად უნდა დაძლიო ეს გზა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ყველაფერში, რაც აუცილებელ ცოდნას შეგძენს. არავინ დამეხმარა.
მივდიოდით და მივდიოდით. სრული უძრაობა სუფევდა, მთელი სამყარო მტრულად გამოიყურებოდა.
აქ შემოვიჭერი, და როგორც ჩანს, მან გამომიწვია. არავინ მიშველის, გამოსავალი არაა. სხეული გამიბუჟდა სიცხისგან, აღარ მემორჩილებოდა. ვკვდებოდი. მომაკვდინებელი გაუწყლოების ყველა ნიშანი გამოიხატა. მორჩა. ვკვდები...
თავში აზრები ირეოდნენ. გამახსენდა ახალგაზრდობა. მამა სანტა-ფეს რკინიგზაზე მუშაობდა, ძალიან იღლებოდა. ის წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ერთხელაც არ მიგრძვნია ცხოვრებაში, რომ მას ჩემთვის დრო არ ჰქონდა - ის ყოველთვის გვერდით იყო, ყველაფერში მხარს მიჭერდა, მამხნევებდა. დედა ცდილობდა, სახლში ყოველთვის სიმყუდროვე ყოფილიყო. გამახსენდა, როგორ აპურებდა ის მაწანწალებს - ისინი თითქოს გუმანით გრძნობდნენ, რომელი სახლიდან არ გამოისტუმრებდნენ უარით. ჩემი და წარმატებული მოსწავლე იყო, ამასთან ლამაზიც, მას ხშირად უნიშნავდნენ პაემანს, და ხანდახან მის მორთვა-მოკაზმვას საათობით ვაკვირდებოდი. როდესაც გავიზარდე, მსურდა ყველაფერში მას დავმსგავსებოდი. ფიქრებში უმცროს ძმას ვხედავდი: ის ჩვენს ძაღლს ეფერება და ჩივის, რომ სკოლაში გოგონები მის ხელის ჩაკიდებას ცდილობენ. ბავშვობაში სამივე ვმეგობრობდით, რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთმანეთს მხარში ვედექით. მაგრამ წლებთან ერთად ჩვენი გზები გაიყარა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ მათში არაფერი შეირხევა, ისინი ვერც კი მიხვდებიან, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვარ. სადღაც წავიკითხე, რომ სიკვდილის წინ ადამიანს მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაუვლის. ფილმივით მთელ ცხოვრებას არ გაუვლია ჩემს გონებაში - ყველაზე უცნაური მოგონებების ნაწყვეტებს ვაფიქსირებდი. ვხედავ, როგორ ვდგავარ სამზარეულოში, თეფშებს ვამშრალებ და სიტყვების სწორად დაწერას ვსწავლობ. ყველაზე მეტად სიტყვა „კონდიციონერი“ გამიჭირდა. გამახსენდა, როგორ შემიყვარდა მეზღვაური, როგორ დავიწერეთ ჯვარი ეკლესიაში, როგორ გავაჩინე ჩემი პირველი ვაჟი, სახლში როგორ გავაჩინე ქალიშვილი და რა საოცრებაა, როდესაც ახალი ადამიანი მოდის სამყაროში. გამახსენდა ჩემი ყველა სამუშაო ადგილი, სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლის ხანა, სამეცნიერო ხარისხემის მიღება - და აქ გავაცნობიერე, რომ ავსტარალიის უდაბნოში ვკვდები. მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ნუთუ განვახორციელე ის, რისთვისაც დავიბადე? ღმერთო - აღმომხდა მე, - გთხოვ, დამეხმარე გავიგო, რა ხდება!
და პასუხიც უმალ მივიღე.
ამერიკაში ჩემს მშობლიურ სახლს ათი ათას მილზე მეტი მანძილით დავცილდი და ამასთან იოტისოდენადაც კი ვერ წავიწიე წინ აზროვნებაში. მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ტვინის მარცხენა ნახევარსფეროა წამყვანი. მე ლოგიკურად აზროვნებას, კითხვას, წერას, მათემატიკას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მასწავლიდნენ. აქ კი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს სამყაროა, აქ არავის სჭირდება ის ყველაფერი, რაც სკოლაში მნიშვნელოვნად ითვლებოდა, რის გარეშეც ცივილიზებულ სამყაროს არსებობა არ შეუძლია. აქ ადამიანები სრულყოფილად ფლობენ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, მათი მთავარი ძალა - შემოქმედება, წარმოსახვა, ინტუიცია და სულიერი ხედვაა. ისინი არ ფიქრობენ, რომ ურთიერთობა მხოლოდ სიტყვებით შეიძლება; ურთიერთობა აზრების, ლოცვის, მედიტაციის გზითაც შეიძლება - როგორც არ უნდა უწოდო. მე შველას უბრალოდ სიტყვებით ვითხოვდი. მაინც როგორი უმეცარი ვიყავი მათ თვალში. ნებისმიერი ჭეშმარიტი ადამიანი მოითხოვდა უხმოდ, მიმართავდა გონებას, გულს, სამყაროს გონს, რაც ყოველგვარ სიცოცხლეს აერთიანებს. აქამდე საკუთარ თავს მათგან განსხვავებულად მივიჩნევდი, თითქოს გვერდიდან დამკვირვებელი ვიყავი, ჭეშმარიტი ტომის ნაწილად თავს არ ვთვლიდი. ისინი სულ იმეორებდნენ, რომ ჩვენ - ერთი მთლიანობა ვართ და რომ ისინი ბუნებასთან ერთიანობაში ცხოვრობენ, მაგრამ ამ მომენტამდე საკუთარ თავს ამ ერთიანობაში არ მოვიაზრებდი. თავი განზე მეჭირა. ამ დროს კი ერთიანობა უნდა მომეპოვებინა - მათთან, სამყაროსთან და ურთიერთობა დამეწყო ისე, როგორც ჭეშმარიტ ტომშია მიღებული. ასეც მოვიქეცი. აზრობრივად მადლობა გადავუხადე ამ გამოცხადების წყაროს და გულში შევძახე: მიშველე! გთხოვ, დამეხმარე! წარმოვთქვი სიტყვები, რომლებსაც ტომი ყოველ დილით იმეორებდა: თუ ეს იქნება უმაღლესი სიკეთე ჩემთვის და ყოველივე ცოცხალისთვის - მასწავლე!
გადმომეცა აზრი: ჩაიდე პირში კენჭი. მიმოვიხედე. ქვები არ იყო. უწვრილეს ქვიშაზე მივაბიჯებდით. კვლავ გაიჟღერა: ჩაიდე პირში კენჭი. უცებ გამახსენდა კენჭი, რომელიც სამი თვის წინ ავირჩიე, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში მკერდის ღარში მედო. მე კი გადამავიწყდა. კენჭი პირში ჩავიდე და ენით ერთი მხრიდან მეორე მხარეს მისი გადაადგილება დავიწყე, და ჰოი საოცრება! ნერწყვი წამომივიდა. ვიგრძენი, ყლაპვის უნარი ნელ-ნელა მიბრუნდებოდა. იმედი გამიჩნდა. იქნებ დღეს სიკვდილი არ მიწერია.
გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ! - ვთქვი მდუმარედ. ავტირდებოდი, მაგრამ ცრემლები დამშრობოდა. გონებაში შველას ვითხოვდი: ვისწავლი. გავაკეთებ რაც საჭიროა. დამეხმარეთ და წყალი მაპოვნინეთ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, რა ვეძებო, საით წავიდე.
აზრი გადმომეცა: იყავი წყალი. იყავი წყალი. როდესაც წყალი გახდები, იპოვი წყალს. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა. უაზრობაა. იყავი წყალი. ეს შეუძლებელია. მაგრამ კვლავ მოვიკრიბე ყურადღება და ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მსოფლიოს სწავლებას მოვწყდი. ლოგიკა გამოვთიშე, გონება გამოვრთე. ინტუიციას მივენდე და თვალები დავხუჭე. გადავწყვიტე წყალი გავმხდარიყავი. მივდიოდი და მთელი ჩემი შეგრძნებებით ვაყურადებდი. ვგრძნობდი წყალს, ვხედავდი, მესმოდა, ვეხებოდი მას. მე ვიყავი, ცივი, ლურჯი, სუფთა, ჭუჭყიანი, მდგარი, ყინულოვანი, კამკამა; ორთქლი, ნაჟური, წვიმა, თოვლი, ყინული; წყალი, რომელიც მიწას კვებავს, ტბებში, მდინარეებში, უკიდეგანო ზღვებში ლივლივებს, ყველანაირი წყალი, რის წარმოდგენაც კი შესაძლებელია.
გაშლილ ველზე მივდიოდით, ის ყოველმხრივ გადაჭიმულიყო, საითაც არ უნდა გაგვეხედა.
მხოლოდ ერთი ოქროსფერ-ყავისფერი გორაკი მოჩანდა - ექვსი ფუტის სიმაღლის ქვიშის დიუნა კლდოვანი წვერით. თითქოს ის უდაბნოში შეცდომით მოათავსეს. გორაკის ფერდზე ავედი და კლდეზე ჩამოვჯექი, მოელვარე მზემ თვალები მომაჭუტინა, თითქოს ტრანსში ვიყავი. ქვემოთ გადმოვიხედე და ჩემი მეგობრების სახეები დავინახე, რომლებიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ და ვუყვარდი ისე, რომ სამაგიეროს არ ითხოვდნენ. ისინი მიყურებდნენ და ყურებამდე იღიმებოდნენ. პასუხად სუსტად გავუღიმე. შემდეგ მარცხენა ხელი უკან გავიწვდინე, რათა თავი შემეკავებინა, და თითებით რაღაც სველს შევეხე. მკვეთრად შევტრიალდი. ჩემს ზურგს უკან, ქვაში, რომელსაც ვეყრდნობოდი, დაახლოებით ათი ფუტის დიამეტრის და თვრამეტი ინჩის სიღრმის აუზი იყო და ის სავსე იყო მშვენიერი, კამკამა წყლით, რომელიც აქ გუშინდელმა წვიმის ღრუბელმა დატოვა.
გულწრფელად მწამს, რომ ამ თბილი წყლის პირველი ყლუპით უფრო ახლოს ვიყავი ჩვენს შემოქმედთან, ვიდრე ნებისმიერი ზიარების შემდეგ, რომელსაც ეკლესიაში ვიღებდი.
საათი არ მქონდა, და ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ იმ წამიდან, რაც წყალი გავხდი, მომენტამდე, როდესაც მხიარული შეძახილებით თავები აუზში ჩავყავით, ნახევარ საათზე მეტი არ გასულა.
სანამ გამარჯვებას ვზეიმობდით, რეპტილია დავლანდეთ. ის უზარმაზარი იყო, თითქოს უძველესი დროიდან გადმოსულიყო. და ეს მირაჟი კი არა, არამედ ნამდვილი რეპტილია იყო. სადილისთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე ეს არსება ფანტასტიკური ფილმიდან, ვერაფერი გამოჩნდებოდა. ხორცმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, როგორიც ადამიანებს ლხინის სუფრაზე ეუფლებათ.
იმ დღეს ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ სწამთ ამ ტომის ადამიანებს ლანდშაფტის კავშირი წინაპართა იერთან. ჩვენმა უზარმაზარმა ქვის თასმა თითქოს გაარღვია დაბლობის ზედაპირი, ის თავისუფლად შესაძლებელია წარსულში მცხოვრები რომელიმე ქალის მკერდი ყოფილიყო: იქნებ, მისი სხეულის ენერგეტიკა ლანდშაფტის მოხაზულობაში გადავიდა, რათა ჩვენი სიცოცხლე ეხსნა? ჩემთვის ამ გორაკს ჯორჯია კატერინა ვუწოდე - დედის საპატივცემულოდ.
მადლიერებით ავყურებდი ჩვენს ზემოთ გადაჭიმულ უღრუბლო ზეცას. ბოლოს და ბოლოს გავიგე, რომ ჩვენი სამყარო ჭეშმარიტად სიუხვის რქაა. ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც მხარს დაგვიჭერს და ჩვენს გზას გაიყოფს, თუ ამას მოვინდომებთ. ყველასთვის მოიძებნება საკმარისი წყალი და საკვები, თუ მიღებას და გაცემას ვისწავლით. მაგრამ ყველაზე მეტად იმ უსაზღვრო სულიერი ხელმძღვანელობისთვის ვიყავი მადლიერი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი. ახლა, როდესაც გავიარე გამოცდა „ მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა“, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ დახმარება ყოველთვის მოდის, მაშინაც კი, როდესაც სიკვდილის პირას ხარ.