გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ტოტემები

დღის განმავლობაში ქარმა მიმართულება იცვლებოდა და ძლიერდებოდა. ძლივს მივიწევდით წინ: ქვიშა ტანზე გვეყრებოდა. ჩვენი კვალი მიწის ზედაპირზე გაჩენისთანავე ქრებოდა. ვცდილობდი მოწითალო მტვერში გამეხედა. ეს სისხლიანი სათვალიდან ცქერას ჰგავდა. ბოლოს და ბოლოს კლდოვან გორაკს მივაღწიეთ, მოვგროვდით და, საშინელი ქარისგან თავი რომ დაგვეცვა, ტყავები გადავიფარეთ. ვისხედით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მე ვიკითხე: - როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცხოველთა სამყაროსთან? ვინ არიან ისინი თქვენთვის - ტოტემები თუ სიმბოლოები, რომლებიც წინაპრებს გაგონებთ? - ჩვენ - ერთი მთლიანობა ვარ, - მიპასუხეს. - ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ძალა სისუსტეში დავინახოთ.

ამიხსნეს, რომ, მაგალითად, ყავისფერი შევარდენი, რომელიც მუდამ თავზე დაგვტრიალებს, გვახსენებს, რომ ჩვეულებრივ მხოლოდ ის გვწამს, რასაც უშუალოდ ცხვირწინ ვხედავთ. მაგრამ თუ მაღლა ავიწევით და ავფრინდებით, გაცილებით ფართო სურათი გადაგვეშლება თვალწინ. დამახინჯებულები კი, რომლებიც უდაბნოში იღუპებიან, რადგან წყალს ვერ პოულობენ, ავდებიან და სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, სინამდვილეში ემოციებისგან კვდებიან.

ჭეშმარიტი ადამიანების ტომში თვლიან, რომ კაცობრიობამ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, რომ ბოლოს და ბოლოს ერთ ოჯახად იქცეს. აბორიგენებს სწამთ, რომ სამყარო ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შექმნილი, რომ ეს პროცესი გრძელდება. თუმცა ადამიანები, როგორც ჩანს, ძალზე დაკავებულები არიან, რომ უბრალოდ იცხოვრონ.

მათ მაგალითად კენგურუ მოიყვანეს - ზრდასრულ ასაკში ორიდან შვიდ ფუტამდე სიმაღლის წყნარი, ჩვეულებრივ მშვიდი ქმნილება. მისი ბეწვი მიწისფერი, მოვერცხლისფრო-რუხი, ან სპილენძისფერ-წითურია. ახალშობილი კენგურუ შესახედავად და წონით ლობიოს მარცვლის ხელაა, მაგრამ შვიდ ფუტამდე იზრდება. მათ მიაჩნიათ, რომ დამახინჯებულები ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანის ფერს და სხეულის ფორმას. კენგურუს მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ის უკან არ იხევს. კენგურუმ უბრალოდ არ იცის უკან დახევა. ის მხოლოდ წინ მიხტის, მაშინაც კი, როდესაც წრეზე ტრიალებს. ხის მორის მსგავსი გრძელი კუდი მის წონას იტანს. ბევრი ირჩევს კენგურუს თავის ტოტემად, რადგან მასთან ნამდვილ ნათესაობას გრძნობს და სურს საკუთარ თავში წონასწორობა მოიპოვოს. წარსულის გადახედვის იდეა მომეწონა, მაშინაც კი, როცა შეცდომა დაუშვი, ცუდად მოიქეცი - ვინ იცის, შესაძლოა, იმ მომენტში ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდება. ამას გარდა, კენგურუებს შობადობის კონტროლი შეუძლიათ და გამრავლებას წყვეტენ, როდესაც გარემო პირობები არახელსაყრელი ხდება.

გველი გვასწავლის, რომ ხანდახან ტყავის გამოცვლაა საჭირო. თუ ადამიანს ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში ისეთივე წარმოდგენები აქვს ცხოვრებაზე, როგორიც შვიდი წლის ასაკში ჰქონდა, მას ეს წლები ფუჭად გაუტარებია. ძველ იდეებზე, ჩვევებზე, წარმოდგენებზე, ხან კი ურთიერთობებზე უარის თქმა უნდა შეგვეძლოს. ხდება ხოლმე, რომ წარსულთან განშორება ადამიანებს ურთულდებათ. მაგრამ გველი ხომ არც დიდდება და არც პატარავდება, როდესაც ძველ ტყავს იცილებს. ეს უბრალოდ აუცილებლობაა. ახალი ვერ მოვა, თუ მას ადგილს არ გავუთავისუფლებთ. ძველ ტყავთან განშორების შემდეგ გველი უფრო ქორფად გამოიყურება და თავსაც უკეთ გრძნობს. რა თქმა უნდა, ის არ ახალგაზრდავდება. მაგრამ ჭეშმარიტ ადამიანებს ეს არ აწუხებთ, ისინი აზრს ვერ ხედავენ იმაში, რომ ასაკი წლებით გაზომონ. გველი ხიბლისა და ძალის ოსტატია. ორივე კარგია, მაგრამ გადამეტებისას დესტრუქციული ხდება. ბევრი გველის შხამი კლავს, თუმცა, როგორც ბევრი სხვა, შხამი სასარგებლოდაც შეიძლება გამოიყენებოდეს: მაგალითად, ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად, რომელიც ჭიანჭველების ბუდეში ჩავარდა ან რომელიც ფუტკრებმა ან ბზიკებმა დაკბინეს. ჭეშმარიტი ადამიანები პატივს სცემენ გველის განმარტოების სურვილს, ისევე როგორც ყოველ მათგანს ესაჭიროება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

სირაქლემა ემუ - უზარმაზარი, ძლიერი ფრინველია, რომელმაც ფრენა არ იცის. ის საკვების მოსავლიანობას ეხმარება, რადგან თავად ჭამს ხილს; მას თესლი გადააქვს, და ამიტომ მსხმოიარე მცენარეების სიუხვით ვტკბებით. ის დიდ შავ-მწვანე კვერცხებს დებს - ისინი ნაყოფიერების ტოტემად ითვლება.

ჭეშმარიტ ადამიანებს ძალიან უყვართ დელფინები, თუმცა ახლა ზღვასთან ხშირად აღარ უწევთ ყოფნა. დელფინი - პირველი ქმნილებაა, რომელთანაც აზრების დონეზე ურთიერთობა შეძლეს; ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრება ბედნიერი და თავისუფალი უნდა იყოს. მათ თამაშის ამ ოსტატისგან ისწავლეს, რომ კონკურენცია არ არსებობს, არც მოგება, არც წაგება, მხოლოდ საზოგადო მხიარულება.

ობობა მათ ასწავლის არ იყვნენ ხარბები. ის კარნახობს მათ, რომ აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნები შესაძლოა ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდნენ. ობობა ასევე შეახსენებს ადამიანებს, რომ ხანდახან ისინი ძალზე არიან საკუთარი თავით მოცულები და საკუთარ ბადეში იოლად ეხვევიან.

იმაზეც ვსაუბრობდით, რა შეიძლება ისწავლო ჭიანჭველასგან, კურდღლისგან, ხვლიკისგან, ველური ცხენის - ბრამბისგანაც კი, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ზოგიერთი ცხოველი გადაშენების პირასაა, მათ მკითხეს, ნუთუ დამახანჯებულებს არ ესმით, რომ ყოველი სახეობის გაქრობა ადამიანთა გვარის გაქრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბოლოს და ბოლოს ქვიშის ქარიშხალი ჩადგა, და ჩვენც ამოვძვერით. ჩემმა თანამგზავრებმა მაცნობეს, რომ ჩემი ცხოველთან ნათესაობის თაობაზე შეთანხმდნენ. ეს ჩემს ჩრდილზე, ჩემს მოძრაობებზე, შეშუპებული ტერფებით ჩემს მოუქნელ სიარულზე დაკვირვებით განსაზღვრეს. მათ თქვეს, რომ დახატავენ მას ქვიშაზე. ვიდრე ჩემს წინ მზე ჩახჩახებდა, ისინი ხელის და ფეხის თითებს ფანქრებად იყენებდნენ. თანდათან თავი გამოისახა, ვიღაცამ პატარა მრგვალი ყურები მიახატა. ცხვირზე შემომხედეს და ქვიშაზე რაღაც დახატეს. ქალმა სულმა თვალები დახატა და თქვა, რომ ისინი ჩემი თვალების ფერია. შემდეგ ლაქები დაამატა და მე ვიხუმრე: - ამ ფონზე ჩემი ჭორფლი დაიკარგა! - ჩვენ არ ვიცით ეს რა ცხოველია, - თქვეს მათ. - ის ავსტრალიაში არაა.

მათ გადაწყვიტეს, რომ ეს რომელიღაც მითიური სახეობის მდედრია. დიდი ალბათობით, ის საკვებს ნადირობით მოიპოვებს და დროის უმეტეს ნაწილს მარტო ატარებს. მას ნაშიერების გადასარჩენად საკუთარი, და მამარის სიცოცხლის გაწირვაც კი შეუძლია. შემდეგ ოოტამ ღიმილით დაამატა: - როდესაც მას ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება, ის დამყოლია. მაგრამ არც ბასრი ეშვები აქვს ტყუილად.

სურათი დაამთავრეს. ქვიშაზე ავაზა იყო გამოსახული. - ზუსტად, - ვუთხარი მათ. - ვიცი ეს ცხოველი. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ახლობელია ყველაფერი ის, რაც შეიძლება ამ დიდმა კატამ მასწავლოს.

მახსოვს, როგორი სიწყნარე იყო ირგვლივ იმ ღამით. ალბათ ყავისფერ შევარდენსაც შეეკეცა ფრთები და ისვენებდა.

უღრუბლო ცაზე ნახევარმთვარე ანათებდა. გავაცნობიერე, რომ სანამ ადგილზე მყოფნი ვლაპარაკობდით, კიდევ ერთმა დღემ გაირბინა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff