თავი მეოთხე - სწორდი, სმენა, წინ!
ყველაფერი კანზას-სიტიში დაიწყო. იმ დილის მოვლენები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. რამდენიმე ღრუბლიანი დღის შემდეგ მზემ ბოლოს და ბოლოს გამოჩენა ინება. მე ადრე მივედი სამსახურში, რათა განსაკუთრებით რთული პაციენტებისთვის კონსულტაციების გეგმა შემედგინა. მიღების დაწყებამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი, და ეს წყნარი საათები ყოველთვის მეძვირფასებოდა.
როდესაც გარეთა კარს გასაღებით ვაღებდი, ტელეფონის რეკვა შემომესმა.
ვინ ჩქარობს ასე ძალიან? ვის დასჭირდა სამუშაო დღის დაწყებამდე ასე ადრე დარეკვა? ოთახში შევქანდი, ერთი ხელით ტელეფონს წავეტანე, მეორეთი კი გამომრთველი მოვძებნე.
ომახიანი ხმით მამაკაცი მომესალმა. ეს იყო ავსტრალიელი, რომელიც კალიფორნიაში, ექიმთა ერთ-ერთ კონფერენციაზე გავიცანი. ის ავსტრალიიდან მირეკავდა. „დღე მშვიდობისა, რას იტყვით, ავსტრალიაში იმუშავებთ რამდენიმე წელი?“ გავშეშდი და კინაღამ ყურმილი გამივარდა ხელიდან. „გესმით ჩემი?“ ჩამეკითხა ის. „დ-დიახ“, ჩავიბუტბუტე, „რას გულისხმობთ?“„პაციენტებისთვის პრევენციული მედიცინის შესწავლის თქვენმა პროგრამამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თქვენს შესახებ კოლეგებს მოვუყევი. მათ მთხოვეს თქვენთვის დამერეკა. ჩვენ გვსურს ხუთწლიანი ვიზის გაფორმება და ჩვენთან ჩამოსვლა შემოგთავაზოთ. თქვენ სასწავლო მასალის დაწერას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩვენს სისტემაში სწავლებას შეძლებდით. შესანიშნავი იქნებოდა, თქვენი მეთოდის დანერგვა რომ მოგვეხერხებინა, თქვენ კი რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ცხოვრების საშუალება მოგეცემათ“.
წინადადება, დამეტოვებინა ტბის ნაპირას მდგარი ჩემი თანამედროვე სახლი, საიმედო სამედიცინო პრაქტიკა და წლების განმავლობაში მეგობრებად ქცეული პაციენტები, ჩემს კომფორტის ზონაში შემოჭრად აღვიქვი, როგორც ფიცარში მოულოდნელად ჩარჭობილი ლურსმანი. მე მართლაც ვიყავი დაინტერესებული სოციალური მედიცინითა და ჯანდაცვის სისტემით, რომელიც მოგებაზე არაა დაფუძნებული, სადაც დისციპლინები ერთობლივად მუშაობენ ოფიციალურ და არატრადიციულ მედიცინას შორის დიდი კანიონისხელა უფსკრულის გარეშე. ჯანმრთელობისა და განკურნებისთვის თავდადებულ მუშაკებს, თანამოაზრეებს შევხვდები, თუ ახალ ინტრიგებში ჩართული აღმოვჩნდები, რომლებშიც ჯანდაცვის ამერიკული პოლიტიკაა გახლართული?
მაგრამ ყველაზე მეტად ავსტრალიის ნახვის შესაძლებლობამ აღმაფრთოვანა. რამდენადაც მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში ვცდილობდი ყველაფერი წამეკითხა, სადაც კი დედამიწის დასალიერს მდებარე კონტინენტი იყო ნახსენები. სამწუხაროდ, ასეთი წიგნი ბევრი არ იყო. ზოოპარკში ყოველთვის კენგურუს ვეძებდი და კოალას ნახვის იშვიათ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი. რომელიღაც იდუმალ ფარულ დონეზე ეს იყო გამოცანა, რომლის ამოხსნა ყოველთვის მინდოდა. თავს თავდაჯერებულად, განათლებულად, სრულიად დამოუკიდებელ ქალად ვგრძნობდი, და რაც თავი მახსოვს, სულით და გულით პლანეტის დასალიერისკენ მივილტვოდი.
„დაფიქრდით“, მომიწოდა ავსტრალიელის ხმამ. „ორ კვირაში დაგირეკავთ“.
რაც შეეხება დროს. სულ ორი კვირის წინ ჩემმა ქალიშვილმა და მისმა საქმრომ ქორწილის დღე დანიშნეს. ეს ნიშნავდა, რომ პირველად ჩემი ზრდასრული სიცოცხლის განმავლობაში შემიძლია საცხოვრებლად დედამიწაზე ნებისმიერი ადგილი ავირჩიო და ის ვაკეთო, რაც ნამდვილად მსურს. ვაჟიც და ქალიშვილიც, ჩვეულებისამებრ, მხარს დამიჭერენ. განქორწინების შემდეგ ისინი ჩემთვის ახლო მეგობრებად იქცნენ. ახლა ისინი სრულიად დამოუკიდებელი ახალგაზრდები არიან, მე კი ჩემი სურვილების განხორციელებას ვლამობდი.
ექვსი კვირის შემდეგ, როდესაც ქორწილი უკვე გადავიხადეთ და ჩემი სამედიცინო პრაქტიკა კოლეგებს გადავეცი, ჩემი ქალიშვილი და საუკეთესო მეგობარი აეროპორტში გასაცილებლად გამომყვნენ. უცნაური გრძნობა იყო. პირველად მრავალი წლის განმავლობაში არც მანქანა მქონდა, არც სახლი, არც გასაღები, ჩემს ბარგსაც კი კოდირებული საკეტები ჰქონდა. ჩემი ნივთებისგან სრულად გავთავისუფლდი, ზოგიერთის გარდა: საოჯახო ძვირფასეულობა შესანახად ჩემს დას, პეტსის მივაბარე. ჩემმა მეგობარმა ჯანამ წიგნი „თვითმფრინავში“ გადმომცა და გადამეხვია. კერიმ, ჩემმა ქალიშვილმა, გამოსამშვიდობებელი სურათი გადაიღო, და მე წითელ ხალიჩას გავუყევი - კონტინენტის შესახვედრად ქვეყნიერების ბოლოში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ძველი დარიგება ამიხდებოდა. დედა ხშირად მეუბნებოდა: „გონივრულად აირჩიე, რადგან იმას მიიღებ, რასაც ითხოვ“. თუმცა ის მრავალი წლის წინ გარდაიცვალა, სწორედ იმ დღეს ჩავწვდი მის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზის აზრს.
შუა დასავლეთიდან ავსტრალიაში გადაფრენა დიდხანს გრძელდება. მოგზაურების საბედნიეროდ, დიდ თვითმფრინავებსაც უწევთ დრო და დრო საწვავის შევსება, ასე რომ ჯერ ჰავაიზე და შემდეგ ფიჯიზე სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მოგვეცა. თვითმფრინავი „Qantas“ ვრცელი იყო. საუკეთესო ამერიკულ ფილმებს აჩვენებდნენ. მიუხედავად ამისა, მგზავრობა მაინც გახანგრძლივდა.
ავსტრალია ჩვიდმეტი საათით უსწრებს შეერთებულ შტატებს. ეს ფაქტიურად ხვალინდელ დღეში გაფრენას გავს. ფრენისას გამახსენდა: ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ სამყარო ხვალაც უსაფრთხოდ გააგრძელებს არსებობას. ჩემს წინ მიწაზე უკვე დადგა შემდეგი დღე. გასაკვირი არაა, რომ წარსულში მეზღვაურები ხმაურიანად აღნიშნავდნენ ეკვატორის და ზღვის წარმოსახვითი ხაზის გადაკვეთას, რომლის მიღმაც დრო იწყება. ეს წარმოდგენა დღესაც აფართოვებს ცნობიერებას.
ავსტრალიის მიწაზე დაშვების შემდეგ, ამ იზოლირებულ კონტინენტზე ინფექციის შეტანის თავიდან ასაცილებლად მთელი თვითმფრინავი და ყოველი მგზავრი აეროზოლით დაამუშავეს. ტურისტულ აგენტს ამის შესახებ არ გავუფრთხილებივარ. მგზავრებს ადგილზე დარჩენა უბრძანეს, სალონში პილოტების კაბინიდან თვითმფრინავის კუდამდე ჩვენს თავს ზემოთ აეროზოლის ფრქვევით სახმელეთო ეკიპაჟის ორმა თანამშრომელმა გაიარა. ავსტრალიელების არგუმენტების გაგება შემეძლო, მაგრამ რატომღაც მავნებელ მწერთან ჩემი სხეულის შედარება ჩემზე რამდენადმე დამთრგუნველად მოქმედებდა.
დახვედრაც ასეთი უნდა!
აეროპორტის მიღმა ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც სახლში. თავი შეერთებულ შტატებში მეგონებოდა, რომ არა მარცხენამხრივი მოძრაობა. მძღოლი საჭესთან მარჯვნივ იჯდა. მან გადამცვლელ პუნქტთან მიმიყვანა, სადაც ჩემი ამერიკული საფულესთვის საკმაოდ დიდი ზომის, მაგრამ ჩვენს მწვანეებზე გაცილებით ფერადი და დეკორატიული ავსტრალიური დოლარები ვიყიდე. ასევე მშვენიერი ორ და ოცცენტიანი მონეტები აღმოვაჩინე.
მომდევნო რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ ავსტრალიასთან შეგუება საკმაოდ ადვილია. ყველა მთავარი ქალაქი სანაპიროზე იმყოფება. ყველანი სანაპიროს და წყლის სპორტის სახეობებს მისდევენ. ქვეყანის ფართობი დაახლოებით შეერთებული შტატების ხელაა, და თითქმის იგივე ფორმისაა, მხოლოდ შიდა რაიონი - მთლიანად უდაბნოა. მე ვიცნობ ჩვენს ფერად უდაბნოს და სიკვდილის ველს. ავსტრალიელებისთვის კი ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გაზარდო ქვეყნის ცენტრში ხორბალი და სიმინდი. ავსტრალიის ცენტრი იმდენად არ არის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი, რომ საჰაერო სამედიცინო სამსახურს გამუდმებით მზადყოფნაში უწევს ყოფნა. ხანდახან მფრინავებს გზააბნეულ მძღოლებთან აგზავნიან ბენზინით ან სათადარიგო ნაწილებით. ხანდახან კი ბორტზე ხალხის აყვანა სამედიცინო დახმარებისთვის ხდება საჭირო, რადგან ირგვლივ ასი მილის მანძილზე ერთი საავადმყოფოც კი არ არის. შორეულ რაიონებში მდებარე სკოლებში რადიოს მეშვეობით ასწავლიან.
ქალაქები კი ძალზე თანამედროვეა, Hilton, Holiday Inn, Ramada სასტუმროებით, სავაჭრო ცენტრებით, ცნობილი მოდელიერების სამოსით და მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირით. საკვები განსხვავდება ამერიკულისგან. ჩემი წარმოდგენით, ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ამერიკის პოპულარული კერძების გადმოღებას. თუმცა აქ მშვენიერი მწყემსური ღვეზელი აღმოვაჩინე, რომელიც ოდესღაც ინგლისში გასინჯულ ღვეზელს მაგონებდა. ავსტრალიელებს იშვიათად მოაქვთ საჭმელთან ერთად წყალი და არასდროს აწყობენ იქ ყინულის ნატეხებს.
მე ავსტრალიელების ინგლისური ენის თავისებურებები მომეწონა, მაგალითად:
Fair dinkum - დიახ, ასეა; chook - ქათამი, chips - შემწვარი კარტოფილი; sheila - ახალგაზრდა ქალი; lolly - კამფეტი; bush - სოფელი; tinny - ქილა ლუდით; joey - კენგურუს შვილი; biscuit - ნამცხვარი; swag - საძილე ტომარა ან ზურგჩანთა; walkabout - გაურკვეველი დროით გამგზავრება; having a crook day - ცუდი დღე, წარუმატებელი დღე; tucker - საკვები, კერძი; footpath - ტროტუარი, billibong - პაბი ან ბარი, boot - მანქანის საბარგული, bonnet - კაპიუშონი, serviette - ხელსახოცი.
მაღაზიებში უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ისინი მადლობას ჯერ კიდევ მანამ იხდიან, სანამ შენ ეტყვი „ინებეთ“, „ერთი დოლარი უნდა გადაიხადოთ, გმადლობთ“, - ამბობს გამყიდველი.
ლუდი უდიდესი ეროვნული საგანძურია. მე პირადად ლუდი არასდროს მომწონდა, ამიტომ არ დამიგემოვნებია მთელი ის ადგილობრივი მრავალფეროვნება, რომლითაც ისინი ასე ამაყობენ. ავსტრალიის ყოველ შტატში არის ლუდსახარში ქარხანა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლუდის გარკვეული სახეობისადმი თავისი ერთგულებით გამოირჩევა, როგორიცაა მაგალითად „Foster’s Lager“ ან „Four X“.
ავსტრალიელები სხვადასხვა ეროვნებას სპეციალური სიტყვებით მოიხსენიებენ. ამერიკელებს Yanks უწოდებენ, ახალზელანდიელებს - Kiwi, ხოლო ინგლისელებს - Bloody Poms. ერთმა სპეციალისტმა მითხრა, რომ Pom წითელ ბუმბულს ნიშნავს, რომელსაც სამხედროები ატარებდნენ ევროპაში, მაგრამ სხვები თვლიან, რომ ესაა აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც მისი უდიდებულესობის პატიმარი და ის მეცხრამეტე საუკუნეში აქ გადმოსახლებული პატიმრების ტანსაცმელზე იყო ამოგვირისტებული.
ყველაზე მეტად ავსტრალიელებმა თავიანთი მელოდიური მეტყველებით მომხიბლეს. რა თქმა უნდა, ჩემს აქცენტს ამჩნევდნენ და აღნიშნავდნენ. ავსტრალიელები ძალზე მეგობრულები არიან, უცხოელებს გულღიად ხვდებიან და თავს ისე აგრძნობინებენ, როგორც საკუთარ სახლში.
რამდენიმე დღეში რამდენიმე სასტუმრო შევიცვალე. რეგისტრაციისას ყოველ ჯერზე ლითონის ქილით რძეს მაძლევდნენ. როგორც შევნიშნე, ყველა სტუმარს ამგვარად ხვდებოდნენ. ოთახში ელექტროჩაიდანი, ჩაის პაკეტები და შაქარი მხვდებოდა. როგორც ჩანს, ავსტრალიელებს უყვართ რძიანი ტკბილი ჩაი. ძალზე მალე მივხვდი, რომ ამერიკულ ყავაზე არც კი უნდა ვიოცნებო.
თავდაპირველად მოტელში გავჩერდი. ხანშიშესული მასპინძელი დაინტერესდა, საუზმე ხომ არ მსურდა, და ხელით დაწერილი მენიუ გამომიწოდა. როდესაც შევუკვეთე, მკითხა, რომელი საათისთვის ვისურვებდი მის მომზადებას. მან მითხრა, რომ საუზმეს პირდაპირ ნომერში მომიტანენ. მომდევნო დილას, როდესაც აბაზანას ვიღებდი, ჩემს კართან მოახლოებული ნაბიჯების ხმა შემომესმა, მაგრამ არავინ შემოსულა. კაკუნს ველოდი, მაგრამ ვერაფერი გავიგონე. შემდეგ უცნაური ხმა შემომესმა, თითქოს კარი მიაჯახუნეს. გამშრალებისას საჭმლის სუნი ვიგრძენი, და აბაზანიდან გამოსულმა მისი ძებნა დავიწყე, თუმცა ვერაფერი ვნახე. უცნაური იყო, ნამდვილად საჭმლის სუნი იდგა! ალბათ მეზობელი ოთახიდანაა, დავასკვენი საბოლოოდ.
მოწესრიგებას და ნივთების გადალაგებას დაახლოებით ერთი საათი მოვანდომე.
როდესაც ჩანთას დაქირავებულ მანქანაში ვდებდი, გვერდით მიმავალი ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. „დღე მშვიდობისა, საუზმე როგორ მოგეწონათ?“ - მკითხა მან. პასუხად გავუღიმე: „აქ რაღაც გაუგებრობაა. საუზმე არ მოუტანიათ“. „როგორ არა, ის აქაა, თავად მოვიტანე“, მითხრა ახალგაზრდამ. შემდეგ ჩემი ნომრის გარეთა კედელზე სახელური ჩამოსწია. პატარა კარი გაიღო და მომცრო სივრცეში ლამაზად გაწყობილი ლანგარი დავინახე უნუგეშოდ გაყინული ომლეტით. შემდეგ ნომერში ერთად შევედით. მან კარადა გამოაღო და თვალწინ იგივე სევდიანი სურათი გადაგვეშალა. ორივეს გაგვეცინა. საჭმლის სუნს აშკარად ვგრძნობდი, მაგრამ პოვნა ვერ მოვახერხე. ეს იყო მრავალთაგან პირველი სიურპრიზი, რომელიც ავსტრალიამ მომიწყო.
ავსტრალიელები კარგი ხალხია. მათი დახმარებით საცხოვრებელი ვიპოვნე. ეს იყო მოვლილი, ქალაქის განაპირა რაიონი. აქ სახლები დაახლოებით ერთ პერიოდში აშენდა და ერთნაირად გამოიყურებოდა - ერთსართულიანი, შეთეთრებული, წინ და უკან ვერანდებით. თავდაპირველად საკეტებიც კი არ ჰქონიათ კარებზე. სააბაზანო გაყოფილია: პატარა სივრცე ტუალეტისთვის, უფრო მოზრდილი აბაზანისთვის და ხელსაბანისთვის. ჩემს სახლში საკუჭნაო არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ ძველმოდური კარადა დამხვდა.
მაგრამ არცერთი ჩემი ამერიკული ელექტროხელსაწყო არ მუშაობდა: ძაბვა სხვაა და შტეფსელებიც სხვა ფორმისაა. ახალი ფენის და თმის დასახვევი უთოს ყიდვა მომიწია.
უკანა ეზოში ეკზოტიკური მცენარეები და ხეები დაერგოთ.
ამ თბილ კლიმატში ისინი მთელი წლის განმავლობაში ყვაოდნენ. ღამ-ღამობით სურნელზე გომბეშოები მოდიოდნენ. თვიდან თვემდე მათი რაოდენობა მატულობდა. ეს ნამდვილი ეროვნული უბედურებაა. გომბეშოების პოპულაცია უკონტროლო გახდა, ამიტომ მასთან ბრძოლა გახდა საჭირო. ჩემი ეზო, როგორც ჩანს, მათთვის საიმედო თავშესაფარი იყო.
ავსტრალიელებმა გამაცნეს ბოულინგი ბალახზე - თამაში, რომელსაც ღია სივრცეში თამაშობენ და რომლის დროსაც ყველა მონაწილე თეთრებშია გამოწყობილი. მე ჩავუარე მაღაზიებს, სადაც მხოლოდ თეთრი ფერის პერანგები, შარვლები და ქვედაბოლოები, ფეხსაცმელი და წინდები, თეთრი ქუდებიც კი იყიდებოდა. ბოლოს და ბოლოს საქონლის ამ საკმაოდ შეზღუდული ასორტიმენტის დანიშნულებას მივხვდი. ფეხბურთზეც წამიყვანეს, რომელსაც ავსტრალიური წესებით თამაშობდნენ. ძალზე უხეში სანახაობაა. ყველა ფეხბურთელი, რომლებიც აქამდე მენახა, მძიმე ეკიპირებით და ჩაფხუტებით ბოლომდე იყო დაფარული. ამ ბიჭებს კი მოკლე ტრუსები და მოკლემკლავიანი მაისურები ეცვათ, დამცავების გარეშე. სანაპიროზე ვნახე ადამიანები ყბის ქვეშ შეკრული ტყავის ქუდებით. ამიხსნეს, რომ ისინი მაშველები არიან. მათ ზვიგენებთან მებრძოლი სპეციალური რაზმებიც კი ყავთ. ზვიგენების მსხვერპლი ადამიანი ხშირად არ ხდება, მაგრამ მაინც ეს პრობლემა განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს.
ავსტრალია ყველაზე სწორი და მშრალი კონტინენტია. სანაპიროს ზოლის მთები ნალექს აკავებს, რომლის უმეტესი ნაწილი ზღვაში ხვდება, ამიტომ ტერიტორიის ოთხმოცდაათ პროცენტზე გვალვა მძვინვარებს. შეიძლება ორი ათასი კილომეტრი იმოგზაურო სიდნეიდან პეტრამდე და ადამიანის საცხოვრებელის ნიშანწყალიც ვერ ნახო.
ჯანდაცვის სფეროს პროექტის ფარგლებში, რომელშიც ვმონაწილეობდი, კონტინენტის ყველა დიდი ქალაქი მოვინახულე. შტატებში მქონდა მიკროსკოპი, რომელიც საშუალებას მაძლევდა შეუცვლელი და არაპრეპარირებული სისხლი შემესწავლა. პაციენტის სისხლის წვეთის თვალიერებისას ბევრი ქიმიური პროცესის დინამიკაში დაკვირვებაა შესაძლებელი. ჩვენ მიკროსკოპს ვიდეოკამერასთან და მონიტორის ეკრანთან ვაერთებდით. ექიმის გვერდით მჯდარი პაციენტები თავადაც ათვალიერებდნენ საკუთარ ლეიკოციტებს, ერითროციტებს, ბაქტერიებს ან ცხიმს უჯრედის ფონზე. მე ნიმუშებს ვიღებდი, პაციენტებს ვაჩვენებდი მათ სისხლს, შემდეგ კი ვთხოვდი, მაგალითად მწეველს, გასულიყო და სიგარეტი მოეწია. ამის შემდეგ რამდენიმე წამში ახალ სინჯს ვიღებდით, და პაციენტი ხედავდა, როგორი ეფექტი გამოიწვია ერთმა სიგარეტმა. ეს სისტემა გამოიყენება ავადმყოფთა სწავლებისას და მათთვის საკმაოდ მძლავრ მოტივაციას წარმოადგენს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ კეთილდღეობას. ექიმებს ბევრი დაავადებისას შეუძლიათ მისი გამოყენება, მაგალითად, სისხლში ცხიმის დონის ან სუსტი იმუნური რეაქციების დემონსტრირება, შემდეგ კი პაციენტებს აუხსნან, როგორ შეუძლიათ მათ საკუთარ თავს უშველონ. სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში ჩვენი სადაზღვევო კომპანიები არ ფარავენ პრევენციული სამედიცინო ღონისძიებების ხარჯებს, ამიტომ პაციენტებს საკუთარი ჯიბიდან უწევთ გადახდა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ავსტრალიური სისტემა უფრო მოქნილი იქნებოდა. ჩემს მოვალეობებს ტექნიკის დემონსტრირება, აღჭურვილობის შემოტანა და შემოწმება, ინსტრუქციების შედგენა და სწავლება წარმოადგენდა. ეს ღირებული პროექტი იყო, და მეც დიდებულად ვატარებდი დროს ქვეყნიერების დასალიერს.
ერთ შაბათს, ნაშუადღევს სამეცნიერო მუზეუმში წავედი. გიდობას მოსული ტანის, ძვირფასად ჩაცმული ქალბატონი მიწევდა, რომელიც შეერთებული შტატებით იყო დაინტერესებული. საუბარს შევყევით და მალე დავმეგობრდით კიდეც. ერთხელ მან შემომთავაზა, როგორმე ერთად გვესადილა და უცნაური საჩაიე მირჩია ქალაქის ცენტრში, სადაც მკითხავის რეკლამა ეკიდა. მახსოვს, როგორ ვიჯექი საჩაიეში, მეგობარს ველოდი, და ვფიქრობდი, რადგან არასდროს ვაგვიანებ, ალბათ ისეთ აურას ვფლობ, რომ მეგობრებად იმ ხალხს ვიზიდავ, რომლებიც ქრონიკულად ვერ გრძნობენ დროს. საჩაიეს დაკეტვის დრო ახლოვდებოდა. მეგობარი არა და არ ჩანდა. დავიხარე, რათა ჩანთა ამეღო, რომელიც ორმოცდახუთი წუთის წინ დავდე იატაკზე.
მაგიდას მაღალი, გამხდარი, მუქთმიანი, სანდლებიდან თავზე ჩალმის ჩათვლით მთლიანად თეთრებში გამოწყობილი კაცი მოუახლოვდა. „დრო მაქვს გიმკითხაოთ“, მითხრა მან წყნარი ხმით. „მეგობარს ველოდები, მაგრამ მან, როგორც ჩანს, დღეს მოსვლა ვერ შეძლო. სხვა დროს მოვალ“. „ხანდახან ეს უკეთესიცაა“, მიპასუხა მან და თავისუფალი სკამი გამოსწია. ჩამოჯდა, ჩემი ხელი აიღო, ხელისგული ზევით ამოატრიალა და მასზე კითხვა დაიწყო. უფრო ზუსტად, ის საერთოდ არ უყურებდა ჩემს ხელს, მან თვალი თვალში გამიყარა. „მიზეზი, რატომაც აქ ხართ, არა ამ საჩაიეში, არამედ ამ კონტინენტზე, ბედისწერაა. აქ არის ადამიანი, ვისაც შეხვედრაზე მოელაპარაკეთ თქვენი საერთო სარგებლისთვის. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ მანამ შედგა, სანამ თქვენ ორივე ამ ქვეყნად გაჩნდებოდით. სინამდვილეში თქვენ გადაწყვიტეთ ერთდროულად დაბადებულიყავით, ერთ-ერთი თქვენგანი სამყაროს მწვერვალზე, მეორე კი აქ, მის საპირისპირო კიდეზე. შეთანხმება თქვენს მარადიულ არსთა უმაღლეს დონეზე მოხდა. თქვენ შეთანხმდით არ მოგეძებნათ ერთმანეთი, სანამ ორმოცდაათი წელი არ გავიდოდა. ახლა დრო მოვიდა. როდესაც ერთმანეთს შეხვდებით, უსიტყვოდ იცნობთ ერთმანეთს. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ“.
ის ადგა და კარიდან გავიდა, რომელიც, როგორც ვივარაუდე, რესტორნის სამზარეულოში გადიოდა. მდუმარედ ვიჯექი. მისი ნათქვამი სრული უაზრობა იყო, მაგრამ ის ისეთი დარწმუნებით ლაპარაკობდა, რომ არ შემეძლო, გულთან ახლოს არ მიმეტანა.
ეს შემთხვევა კიდევ უფრო გართულდა, როდესაც მეგობარმა იმავე საღამოს დამირეკა და მომიბოდიშა, რომ შეხვედრაზე მოსვლა ვერ შეძლო. ის აღელდა, როდესაც გაიგო, თუ რა შემემთხვა, და მთელი მომდევნო დღე ამ მკითხავის ძებნაზე დახარჯა, რათა მისგან თავისი მომავალი გაეგო.
როდესაც მან შემდეგ ჯერზე დამირეკა, მისი ენთუზიაზმი ეჭვს შეეცვალა. „ამ საჩაიეში კაცი-მკითხავები არ ყავთ“, მითხრა მან, „იქ ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანი მუშაობს, მაგრამ ყველა მათგანი ქალია. სამშაბათობით როზა მუშაობს, მაგრამ ის ხელზე კი არა, ბანქოზე მკითხაობს. დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად იქ იყავი?“
ვიცოდი, რომ არ გავგიჟებულვარ. მკითხაობას ყოველთვის გასართობად აღვიქვამდი, მაგრამ ერთი რამ ეჭვს არ იწვევდა: ახალგაზრდა კაცი არ მომჩვენებია. როგორც არ უნდა იყოს, ავსტრალიელები ფიქრობენ, რომ იანკები თავქარიანები არიან. ამასთან, სერიოზულად ამას არავინ განიხილავს, მხოლოდ გართობად, ავსტრალიაში კი გასართობის ნაკლებობა ნამდვილად არაა.