გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

თავი მეათე - სამკაულები

რაც უფრო შორს მივდიოდით, ხვატი ძლიერდებოდა. და რაც უფრო მატულობდა სიცხე, მით უფრო ნაკლებად გვხვდებოდა მცენარეულობა და სიცოცხლის ნიშანწყალი. ქვიშიან დაბლობზე მივდიოდით, სადაც იშვიათად გრძელი, გამხმარი, მკვდარი ღეროების ჯგუფები გვხვდებოდა. შორს არაფერი ჩანდა - არც მთები, არც ხეები, ანუ აბსოლუტურად არაფერი. ეს იყო ქვიშის, კიდევ ქვიშის და ქვიშის სარეველების დღე.

თან ნაკვერჩხლიანი ტოტი მიგვქონდა. ეს არის ხის ნაჭერი, რომლის ნაკვერჩხლიან ნაწილს მსუბუქი ქნევით ინარჩუნებენ. უდაბნოში, სადაც მცენარეულობა ასეთ იშვიათობას წარმოადგენს, ნებისმიერი ხრიკი გამოიყენება გადარჩენისთვის. ნაკვერჩხლიან ტოტს ღამით კოცონის გასაჩაღებლად იყენებდნენ, როდესაც ერთი ბღუჯა ხმელი ბალახიც კი უკვე ძირფას ნადავლს წარმოადგენს. ვაკვირდებოდი, როგორ აგროვებდნენ ტომის წევრები უდაბნოს ცხოველების, ძირითადად დინგოების, ექსკრემენტების იშვიათ გროვებს. ეს სრულიად უსუნო, ძვირფასი საწვავი იყო.

მათ შემახსენეს, რომ ყოველი ჩვენგანი მრავალ ნიჭს ფლობს. ეს ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავს ცდიან როგორც მომღერლები, მკურნალები, მზარეულები, მთხრობელები და ა.შ., ერთმანეთს ახალ სახელებს არქმევენ და ახალ საქმიანობას სწავლობენ. მეც დავიწყე მათ ტალანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება იმით, რომ საკუთარ თავს ხუმრობით ექსკრემენტების შემგროვებელი ვუწოდე.

იმ დღეს მშვენიერი გოგონა სარეველების ჯაგნარში შევიდა და იქიდან გრძელღეროიანი საოცარი ყვითელი ყვავილით გამოვიდა. მან ღერო ყელზე შემოიხვია და იმგვარად შეკრა, რომ ყვავილი ძვირფასი ქვასავით წინ ჩამოეკიდა. ტომის წევრები შემოეხვივნენ და უთხრეს, რომ მშვენივრად გამოიყურება და რომ კარგი არჩევანი გააკეთა. მას მთელი დღე კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ. ის პირდაპირ ბრწყინავდა საკუთარი განსაკუთრებული მშვენიერების შეგრძნებისგან.

მას რომ ვუყურებდი, ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც ზუსტად ჩემი შტატებიდან გამომგზავრების წინ მოხდა ჩემს ოფისში. ჩემთან მოვიდა პაციენტი ქალი მძიმე სტრესული სინდრომით. როდესაც ვკითხე, თუ რა შეემთხვა, მითხრა, რომ სადაზღვევო კომპანიამ მის ერთ-ერთ ბრილიანტის ყელსაბამზე განაკვეთი კიდევ რვაასი დოლარით გაზარდა. მან იპოვა ადამიანი ნიუ-იორკში, რომელიც დაპირდა მისი ყელსაბამის ზუსტი ასლის დამზადებას იმიტირებული ქვების გამოყენებით. ის აპირებდა იქ გაფრენას, დარჩენას ასლის დასრულებამდე, შემდეგ კი დაბრუნებას, რათა თავისი ბრილიანტები ბანკის საცავში შეენახა. ეს მას დიდ გადასახადს თავიდან ვერ ააცილებდა, არც ბანკის საცავში ჰქონდა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ საშიშროება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

მახსოვს, ყოველწლიურ სამოქალაქო კარნავალზე შევეკითხე, და მან მითხრა, რომ იმ დროისთვის ასლი მზად იქნება და ის მას გაიკეთებს.

უდაბნოში მოგზაურობის ამ დღის ბოლოს ნამდვილი ადამიანების ტომელმა გოგონამ ყვავილი ფეხებთან დადო, და ამგვარად ის დედა-მიწას დაუბრუნა. მან თავისი საქმე შეასრულა. ის მადლიერებით იყო აღსავსე და მეხსიერებაში შეინახა ამ დღეს მის მიმართ გამოხატული ყურადღება, რითიც თავისი მომხიბვლელობის კიდევ ერთი დასტური მიიღო. მაგრამ თავად ამ საგნის მიმართ მას არავითარი მიჯაჭვულობა არ გააჩნდა. ის უნდა დამჭკნარიყო და მომკვდარიყო, ნეშომპალად ქცეულიყო და შემდეგ კვლავ ახალ სიცოცხლეში განხორციელებულიყო.

კვლავ ჩემი პაციენტი გამახსენდა. შემდეგ გოგონა-აბორიგენს შევხედე. მის სამკაულს აზრი ჰქონდა, ჩვენსას კი მხოლოდ ფულადი ღირებულება.

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ამ სამყაროში ზოგ ადამიანს ღირებულებათა სისტემა მოშლილი აქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ეგრეთ წოდებულ ავსტრალიის მივიწყებული მიწების პრიმიტიულ ხალხს ეხებოდეს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff