საწებელი
ჰაერი იმდენად უძრავად იდგა, იღლიებში თმის ამოწვერვასაც კი იგრძნობდა კაცი. იმასაც ვგრძნობდი, კანის ღრმა შრეების გამოშრობის პარალელურად როგორ სქელდებოდა სულ უფრო მეტად კოჟრები ჩემი ფეხის ტერფებზე.
ჩვენი მსვლელობა მოულოდნელად ოდესღაც ორი გადაჯვარედინებული ჯოხით მონიშნულ საფლავთან შეჩერდა. ნიშნული გადაღრეცილიყო: თოკი, რომლითაც ჯოხები შეეკრათ, დამპალიყო. ახლა მიწაზე მხოლოდ ორი ძველი ჯოხი ეგდო - ერთი მოკლე, მეორე გრძელი. იარაღების შემქმნელმა ჯოხები აიღო და ტომრიდან ტყავის წვრილი ზონარი ამოაძვრინა. მან პროფესიული აკურატულობით შეკრა ჯოხები და ჯვარი აღადგინა. სხვებმა შორიახლოს მიმოფანტული დიდი ქვები მოაგროვეს და ქვიშაზე ნახევარწრედ განალაგეს. შემდეგ ჯვარი მიწაზე დაამაგრეს.
- ეს ტომის სამარხია? - ვკითხე ოოტას. - არა, - მიპასუხა მან. - ეს დამახინჯებულის საფლავია. ის აქაა უკვე მრავალი წელია, თქვენი ხალხისგან და ალბათ იმისგან დიდი ხნის მივიწყებული, ვინც თავად გადარჩა და ის აქ დამარხა. - რატომ პატრონობთ მას? - გამიკვირდა. - რატომაც არა? ჩვენ თქვენი არ გვესმის, არ გეთანხმებით, თქვენი ცხოვრების სტილს არ ვიღებთ, მაგრამ არ განგიკითხავთ. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ, თქვენი გამოცდილებით და ამჟამინდელი თავისუფლებით მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამ ადგილს ჩვენთვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სხვა წმინდა ადგილებს. აქ შეიძლება გაჩერდე, დაფიქრდე, დაუდასტურო შენი პატივისცემა საერთო ერთობას და ცხოვრებას მთლიანობაში. აქ აღარაფერია დარჩენილი, ძვლებიც კი. მაგრამ ჩემი ხალხი პატივს სცემს თქვენს ხალხს. ჩვენ ვაკურთხებთ მას, ვათავისუფლებთ, და ამგვარად, თავად ვხდებით უკეთესები.
ამ დღეს მოგონებებში ჩავიძირე - საკუთარ თავს განვიხილავდი, ჩემი წარსულის ქაოსში ვიქექებოდი. ეს ბინძური, დროდადრო კი უბრალოდ საშიში საქმეა. ოდესღაც ბევრ ძველ ჩვევას და წარმოდგენას სავსებით მერკანტილური არგუმენტებით ვიცავდი. გავჩერდებოდი კი ოდესმე ებრაული ან ბუდისტური საფლავის შესაკეთებლად? გავიხსენე ჩემი აღშფოთება, როდესაც ერთხელ ეკლესიიდან გამოსული ხალხის მიერ შექმნილ საგზაო საცობში აღმოვჩნდი. მეყოფა კი ახლა გაგება დავრჩე კონცენტრირებული, არ განვსაჯო და მივცე სხვებს უფლება, გაყვნენ საკუთარ გზას ჩემი კურთხევით? თანდათან გავიაზრე: ჩვენ ავტომატურად რაღაცას ვაძლევთ ადამიანებს, რომლებიც გზაზე გვხვდებიან, მაგრამ ვირჩევთ, კონკრეტულად რას ვაძლევთ. ჩვენმა სიტყვებმა, ჩვენმა ქმედებებმა შეგნებულად უნდა შექმნას საფუძველი იმ ცხოვრებისთვის, რომლითაც გვსურს ვიცხოვროთ.
უეცრად ქარმა დაუბერა. ჰაერმა ტანი, ჩემი ისედაც დაზიანებული კანი კატის ენასავით დამიფხაჭნა. ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ გავიაზრე, რომ, ტრადიციების და ღირებულებების პატივისცემა, რომლებიც არ მესმის და რომლებსაც არ ვეთანხმები, არაა ადვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს უდიდეს სარგებელს მომიტანს.
იმ ღამით, როდესაც ცაზე სავსე მთვარე ამოგორდა, კოცონთან შევიკრიბეთ. სახეები ნარინჯისფერმა ნათებამ გაგვინათა, როდესაც საუბარი საკვების თემას შეეხო. ეს იყო ღია დიალოგი. კითხვებს მისვამდნენ, და მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. ისინი ყოველ ჩემს სიტყვას ყურადღებით ისმენდნენ. ვუყვებოდი ვაშლების შესახებ: როგორ გამოგვყავს ჰიბრიდული ჯიშები, როგორ ვამზადებთ ვაშლის ხილფაფას და როგორ ვაცხობთ შინაურ გემრიელ ვაშლის ნამცხვარს. ჩემი მსმენელები დამპირდნენ, რომ გარეულ ვაშლს მოძებნიდნენ. გავიგე, რომ ჭეშმარიტი ადამიანები თავდაპირველად ვეგეტარიანელები იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში ისინი ველური ხილით, ბატატით, კენკრით, თხილეულით და მარცვლელულით იკვებებოდნენ. ხანდახან რაციონში თევზს და კვერცხს ამატებდნენ, თუ ეს პროდუქტები თავიანთ დანიშნულებას შეესაბამებოდნენ - გამხდარიყვნენ აბორიგენთა სხეულის ნაწილი. ისინი არჩევდნენ არ ეჭამათ ის, რასაც „სახე“ გააჩნდა. აბორიგენებმა ყოველთვის იცოდნენ მარცვლეულის დაფქვა, და მხოლოდ მაშინ, როდესაც იძულებული გახდნენ სანაპიროდან უდაბნოში გადაენაცვლათ, ხორცით კვების აუცილებლობა დადგა.
რესტორანი აღვუწერე და ის, თუ როგორ მოაქვთ კერძები გაფორმებული ლანგრებით. საწებელი ვახსენე. ეს იდეა მათ უცნაურად მოეჩვენათ. რა საჭიროა ხორცზე საწებელის მოსხმა? გადავწყვიტე, მეჩვენებინა. რა თქმა უნდა, შესაფერისი ტაფა არ მოიძებნა. ჩვენი სამზადისი ჩვეულებრივ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ნაკვერჩხლებს გვერდით გავხვეტავდით, ხორცის ნაჭრებს კი ცხელ ქვიშაზე ვაწყობდით. ხანდახან ხორცს საყრდენებზე შემოდგმულ იმპროვიზებულ შამფურებზე აგებდნენ. ხან კი ხორცის, ბოსტნეულის, ბალახებისა და ძვირფასი წყლისგან ჩახრაკულის მსგავს შეჭამანდს აკეთებდნენ. ირგვლივ მიმოვიხედე და ღამის დასვენებისთვის განკუთვნილი გლუვი, უბეწვო ტყავი ვიპოვნე, და ოსტატი-თერძის დახმარებით კიდეები მოვუმრგვალე. თერძს ყოველთვის თან ჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული სპეციალური ტომარა, რომელშიც ძვლის ნემსები და მყესები ინახებოდა. მე ჭურჭელში ცხიმი გავადნე და მას ცოტაოდენი ფხვნილი დავამატე, რომელიც ქალებმა ცოტა ხნით ადრე დაფრქვეს. შემდეგ მარილის ბალახი და წითელი წიწაკის დაჩეჩქვილი მარცვლები დავამატე, ბოლოს კი წყალი დავასხი. საწებელი შესქელდა, და ფრიად უცნაური ქმნილების - საყელოიანი ხვლიკის ხორცის ნაჭრებს მოვასხი. ვინც გასინჯა, მათში საწებელმა უჩვეულო მიმიკა და კომენტარები გამოიწვია. მათ ძალზე ტაქტიანად გამოთქვეს აზრი, და ამ მომენტში ფიქრებით თხუთმეტი წლით უკან გადავინაცვლე.
მას შემდეგ, რაც შოუში „მისის ამერიკა“ მონაწილეობა გადავწყვიტე, აღმოვაჩინე, რომ ამ ნაციონალური ღონისძიების ერთ-ერთ კონკურსს მობრაწულას ორიგინალური რეცეპტის შექმნა წარმოადგენდა. ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მობრაწულას ვამზადებდი. თოთხმეტ ოჯახურ სადილზე ყველანი ყოველი ახალი კერძის გემოს, შესახედაობას და შემადგენლობას ვაფასებდით, რომელსაც შეეძლო კონკურსზე გაემარჯვა. ბავშვები არასდროს ამბობდნენ უარს კერძზე, მაგრამ მალე ისწავლეს ტაქტიანად თავიანთი აზრის გამოხატვა, თუ რას ფიქრობდნენ სინამდვილეში. ისინი მოთმინებით სინჯავდნენ უჩვეულო საჭმელს და ყოველნაირად მხარს უჭერდნენ თავიანთ დედას და მის წამოწყებას. როდესაც მისის კანზასის ტიტული მოვიპოვე, მათ სიხარულით შესძახეს: „ჩვენ მობრაწულას გამოცდა ჩავაბარეთ!“.
ახლა ჩემი უდაბნოელი თანამგზავრების სახეებზე იგივე გამომეტყველებას ვხედავდი. ყველაფერი გვახალისებდა, რასაც ვაკეთებდით, და ამანაც დიდი მხიარულება გამოიწვია. მაგრამ რადგანაც მათი ყველა ქმედებიდან სულიერი ძიება გამოსჭვივის, არ გამკვირვებია, როდესაც რომელიღაცამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დამახინჯებულთა ღირებულებათა სისტემისთვის საწებელის მომზადება ძალზე სიმბოლურია. ნაცვლად იმისა, რომ სიმართლეში იცხოვრონ, დამახინჯებულები გარემოებებსა და პირობებს უნივერსალური კანონის კომფორტის, მატერიალიზმისა და არასაიმედოობის ნაზავში ჩამარხვის საშუალებას აძლევენ.
საინტერესოა, რომ აბორიგენთა დაკვირვებებსა თუ შენიშვნებს კრიტიკად არასდროს აღვიქვამდი. ისინი არსდროს ამბობდნენ პირდაპირ, რომ ჩემი ხალხი ცდება, მათი ტომი კი ყოველთვის სწორად იქცევა. ეს უფრო იმას წააგავდა, მშობელი სიყვარულით რომ უყურებს ბავშვს, რომელიც მარჯვენა ფეხსაცმელის მარცხენა ფეხზე ჩაცმას ცდილობს. რა საჭიროა უთხრა მას, რომ უკუღმა ჩაცმული ფეხსაცმელებით შორს ვერ წავა? შესაძლოა, მისთვის კოჟრები საუკეთესო გაკვეთილია. მაგრამ ზრდასრული და უფრო გამოცდილი ადამიანისთვის ასეთი ქცევა არასაჭირო ტანჯვა იქნებოდა.
დაბადების დღის ტორტებზე და გაყინულ მინანქარზეც ვისაუბრეთ. გაყინვასთან მათმა ანალოგიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩვენ, დამახინჯებულები, ხომ ასე ბევრ დროს ვკარგავთ ხელოვნურის, გადამეტებულის, დროებითის, დეკორატიულის, დაშაქრულის დევნაში. და ჩვენი ცხოვრების რაოდენ ცოტა მომენტს ვუთმობთ იმას, რომ ჩვენი მარადიული არსი შევიცნოთ და გავიგოთ, ვინ ვართ სინამდვილეში.
როდესაც დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ვუყვებოდი, ისინი ყურადღებით მისმენდნენ. ვუყვებოდი სიმღერებზე, საჩუქრებზე, სადღესასწაულო ნამცხვარზე და იმაზე, რომ ყოველ წელს სანთლების რაოდენობა მასზე იზრდებოდა. - რატომ აკეთებთ ამას? - დაინტერესდნენ ისინი. - ჩვენთვის ზეიმი - რაღაც განსაკუთრებულია. - და რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ თანდათან ბერდები? შენზე ხომ არაფერია დამოკიდებული. უბრალოდ ასე ხდება, და ესაა! - თუ თქვენ ასაკის მატებას არ ზეიმობთ, მაშ რას ზეიმობთ? - ვიკითხე მე. - ჩვენ სრულყოფას ვზეიმობთ, - მიპასუხეს. - ვზეიმობთ, თუ ამ წელში უკეთესები გავხდით, უფრო დავბრძენდით წინა წელთან შედარებით. ეს მხოლოდ შენთვისაა ცნობილი, ამიტომ სწორედ შენ ეუბნები დანარჩენებს, როდის დგება ზეიმის დრო. გავიფიქრე, რომ ამის დამახსოვრება ღირდა!
მართლაც გასაოცარია, რაოდენ ბევრი საზრდოა ველურ ბუნებაში და მისი საჭიროებისას რაოდენ სწრაფად ჩნდება. მცენარეულობით ღარიბ გვალვიან რაიონებში ბუნების იერსახე მაცდურია. გამომშრალ მიწაში მაგარი გარსით დაფარული თესლი ინახება. წვიმის სეზონის დაწყებისას თესლი ღვივდება, ფესვები უვითარდება და პეიზაჟი იცვლება. რამოდენიმე დღეში ყვავილები ასრულებენ თავიანთი არსებობის ციკლს, ქარი თესლს ფანტავს, და მზით გამომწვარი მიწა ძველებურ, პირქუშ და გამომშრალ, მდგომარეობას უბრუნდება.
სანაპიროსთან ახლომდებარე ზოგიერთ ადგილას და უფრო ჩრდილოეთით, ტროპიკებთან ახლო რაიონებში სიამოვნებით ვიკვებებოდით პარკოსნებით, ვპოულობდით ხილს და მშვენიერ თაფლს ველური დაფნის ხის ქერქის ჩაისთან მისატანებლად.
ხეებს თხელ ქერქს ვაძრობდით და მას თავშესაფრის ასაგებად, პროდუქტების გასახვევად და უბრალოდ საღეჭად ვიყენებდით. ქერქის არომატული ნივთიერებები თავის ტკივილს, გაციებას შველის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე დადებითად მოქმედებს.
სხვადასხვა ბუჩქის ფოთლები სამკურნალო ეთერზეთებითაა მდიდარი, რაც ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. მათი შემკვრელი მოქმედება ორგანიზმს ნაწლავური ინფექციისგან და პარაზიტებისგან ათავისუფლებდა. ზოგიერთ ღეროში და ფოთოლში შემავალი ნივთიერება ლატექსი მეჭეჭების და კოჟრების მოსაცილებლად გამოიყენება. ალკალოიდებიც გვხვდება, მაგალითად ქინინი. არომატულ ბალახებს წყალში ალბობენ, სანამ ისინი ფერს არ შეიცვლიან. შემდეგ ამ წყალს მკერდზე და ზურგზე იზილავენ. ამ სითხის გაცხელებისას გამოიყოფა ორთქლი, რომელიც ადამიანმა უნდა შეისუნთქოს. ის ასუფთავებს სისხლს, ასტიმულირებს ლიმფურ ჯირკვლებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ტირიფის მსგავსი მომცრო ხეს ასპირინის მსგავსი მოქმედება აქვს. მის ქერქს შინაგანი დისკომფორტის, კუნთების დაჭიმვისას ან მოტეხილობების დროს განვითარებული ტკივილების, და ასევე ზოგიერთი კუნთის მოსადუნებლად იყენებენ. ის ეფექტიანია ასევე კანის ზედაპირის დაზიანებისას. სხვა ხეების ქერქი გამოიყენება ნაწლავური აშლილობისას, ხანდახან კი მისი წყალში გახსნით ხველის მიქსტურა მიიღება.
მთლიანობაში ტომი, რომელშიც ვცხოვრობდი, შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. შემდგომში შევძელი დამედგინა, რომ ზოგიერთი ყვავილის ფურცლები, რომლებსაც ისინი ღეჭავდნენ, ტიფის ცხელების ბაქტერიებს თრგუნავდნენ. მაინტერესებდა, სტიმულირდება თუ არა ამ სახით მათი იმუნური სისტემა, როგორც ჩვენთვის ცნობილი ვაქცინაციისას. ცნობილია, რომ ავსტრალიური წვიმის სოკო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას სახელწოდებით „კალვაცინი“, რომელსაც ამჟამად იკვლევენ. ერთ-ერთი ხის ქერქი ასევე შეიცავს სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებას აკრონიცინს.
ამ ტომმა საუკუნეების წინ აღმოაჩინა ველური კენგურუს ვაშლის უცნაური თვისებები. თანამედროვე მედიცინაში ის ორალურ კონტრაცეპტივებში გამოიყენება როგორც სტეროიდ სოლასოდინის წყარო. როგორც ბელადმა მითხრა, მათ მტკიცედ სწამთ, რომ სამყაროში მოვლენილი ახალი სიცოცხლე სასურველი, სიყვარულით მიღებული და დაგეგმილი უნდა იყოს. ჭეშმარიტი ადამიანების ტომისთვის ახალი სიცოცხლე დასაბამიდან შეგნებული შემოქმედებითი აქტი იყო. ბავშვის დაბადება ნიშნავს, რომ ისინი მიწიერ სხეულს ქმნიან მისი მეწყვილე სულისთვის. ჩვენი საზოგადოებისგან განსხვავებით, ისინი არ ელიან, რომ სხეული აუცილებლად უნაკლო უნდა იყოს. უნაკლო მხოლოდ სხეულში დაბუდებული უხილავი განძია, ის სულთა ერთობლივი ქმედებებით ეხმარება და დახმარებას იღებს, რათა დახვეწილი და განვითარებული გახდეს.
მივხვდი, რომ თუ ისინი ლოცულობენ ჩვენეული გაგებით, ანუ ლოცვისას თხოვნით მიმართავენ უმაღლეს ძალებს, ისინი ლოცულობენ ბავშვისთვის, რომელიც არ უყვართ, და არა მკვრადშობილისთვის. ყველა სულს, რომელიც ირჩევს გამოსცადოს მიწიერი არსებობა, მიეცემა ამის საშუალება ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ მშობლებთან. ბელადმა მითხრა, რომ ზოგიერთ ტომში გავრცელებული თავისუფალი სექსუალური ქცევა, ბავშვის დაბადების გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა კაცობრიობის ყველაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. მათ სწამთ, რომ სული ნაყოფში მაშინ სახლდება, როდესაც ის სამყაროს საკუთარი თავის შესახებ დედის წიაღში მოძრაობით აუწყებს. მკვრადშობილი ბავშვი მათი აზრით არის სხეული, რომელშიც სული არ ჩასახლდა.
ჭეშმარიტმა ადამიანებმა ველური თამბაქოც აღმოაჩინეს. ისინი მის ფოთლებს განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩიბუხით აბოლებდნენ. მას იშვიათად იყენებენ, რადგან სიუხვით არ გამოირჩევა, ეიფორიის შეგრძნებას იწვევს და შეიძლება მიჩვევა განვითარდეს. თამბაქოს სიმბოლურად ეწევიან სტუმრების მიღებისას ან შეხვედრების დაწყებისას. თამბაქოსადმი მათ დამოკიდებულებაში ამერიკელ ინდიელთა ტრადიციებთან მკაფიო მსგავსება დავინახე. ჩემი მეგობრები ხშირად მესაუბრებოდნენ მიწაზე, რომელზეც დავდივართ, და მახსენებდნენ, რომ ეს ჩვენი წინაპრების მტვერი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ არაფერი კვდება, მხოლოდ ფორმა იცვლება. მათ მიაჩნდათ, რომ ადამიანის სხეული მიწას უბრუნდება, რათა მცენარეები გამოკვებოს, რომლებიც თავის მხრივ, ერთადერთი წყაროა, რათა ადამიანმა ისუნთქოს. როგორც ჩანს, მათ მეტი იციან ყოველი ცოცხალისთვის აუცილებელ ჟანგბადის ძვირფას მოლეკულაზე, ვიდრე ჩემი ამერიკელი ნაცნობების უმრავლესობამ.
ჭეშმარიტი ადამიანების ტომი წარმოუდგენელი მხედველობით გამოირჩევა. მათი ზოგიერთი მცენარე შეიცავს პიგმენტს რუტინს, ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ოფთალმოლოგიაში თვალის უწვრილესი კაპილარების და სისხლძარღვების სამკურნალოდ გამოიყენება. ავსტრალიაში ათასწლოვანი ცხოვრების განმავლობაში მათ როგორ ჩანს ისწავლეს, როგორ მოქმედებს საკვები სხეულზე.
ველური მცენარეებით კვების ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი მათგანი შხამიანია. აბორიგენები მაშინვე ცნობენ შხამიან მცენარეებს. მათ იციან, როგორ მოაცილონ შხამიანი ნაწილები, მაგრამ მითხრეს, რომ სამწუხაროდ, ავსტრალიის ზოგიერთი ტომი აგრესიულ ქცევას დაუბრუნდა და შხამს მტრების წინააღმდეგ იყენებს.
საკმაოდ დიდხანს ერთად მოგზაურობის შემდეგ მათ ჩემი შეკითხვები პირადად ჩემს გასაგებად საჭირო აუცილებლობად მიიჩნიეს. კანიბალიზმის პრობლემას შევეხე. ისტორიულ ნაწარმოებებში წავიკითხე და ავსტრალიელი მეგობრებისგანაც გავიგონე ხუმრობა აბორიგენთა შორის კაციჭამიობის შესახებ, რომლებიც თითქოს საკუთარ ჩვილებსაც კი ჭამენ. შევეკითხე, მართალია თუ არა ეს?
დიახ. უხსოვარი დროიდან კაცობრიობა ყველაფერზე ექსპერიმენტებს ატარებს. ამ კონტინენტზეც კი შეუძლებელი გახდა მისგან თავის შეკავება. ავსტრალიის ზოგ ტომს მეფე მართავდა, ზოგს - ქალები, ზოგიერთები უცხოტომელებს იტაცებდნენ, ზოგნი კი ადამიანის ხორცს ჭამდნენ. დამახინჯებულები კლავენ და მიდიან, სხეულს გასანადგურებლად ტოვებენ. კანიბალები კლავდნენ და სხეულს სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყენებდნენ. ადამიანთა ერთი ჯგუფის მიზანი არ არის მეორეზე უკეთესი ან უარესი. ადამიანის მოკვლა თავდაცვისთვის, შურისძიების მიზნით თუ შესაჭმელად, არსით ერთი და იგივეა. ადამიანის არ მოკვლა არის ის, რაც ჭეშმარიტ ადამიანებს დამახინჯებული ადამიანებისგან განასხვავებს.
ომს მორალი არ აქვს, - ამბობდნენ ისინი. - მაგრამ კანიბალები არასდროს კლავდნენ დღეში იმაზე მეტს, ვიდრე შეჭმა შეეძლოთ. თქვენს ომებში მცირე დროში ათასობით ადამიანი იღუპება. იქნებ, ღირდეს თქვენს ლიდერებს შესთავაზოთ, რომ თქვენს ომში ორივე მხარე დათანხმდეს ხუთწუთიან ბრძოლას. შემდეგ ყველა მშობელი მივიდეს ბრძოლის ველზე, მოაგროვონ თავიანთი შვილების ნეშტი, სახლში წაიღონ, დაიტირონ და დამარხონ. ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მოილაპარაკონ, იბრძოლონ თუ არა კიდევ ხუთი წუთი. ძნელია უაზრობიდან აზრის გამოტანა.
იმ ღამეს, როდესაც თხელ ქვეშაგებზე ვიწექი, რომელიც ჩემს თვალებსა და პირს ქვაღორღიან ზედაპირს აშორებდა, ვფიქრობდი იმაზე, რა შორს წავიდა კაცობრიობა ბევრი მიმართულებით და როგორ დავშორდით ერთმანეთს სხვა მრავალ ასპექტში.