გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

კერვა

ტრაპეზი დასრულდა. მინავლულ კოცონში ნაკვერჩხალი სუსტად ბჟუტავდა, პერიოდულად წითელი ნაპერწკლები ანათებდა უძირო ცას. რამდენიმე ჩვენგანი მოკიაფე ნაღვერდალის ირგვლივ წრიულად ვისხედით. ამ ადამიანებს, ბევრი აბორიგენი ამერიკელი ტომის მსგავსად, მიაჩნიათ, რომ წრიულად ჯდომისას ძალზე მნიშვნელოვანია ჯგუფის სხვა წევრებს, განსაკუთრებით კი შენს პირდაპირ მჯდომს დააკვირდე. ეს ადამიანი შენი სულიერი ანარეკლია. ის, რასაც მასში ამჩნევ და აღგაფრთოვანებს, თვისებებია, რომელთა განვითარება გსურს საკუთარ თავში. ხოლო ის, რაც ამ ადამიანის ქცევებში, გარეგნობაში, მოქმედებებში გაღიზიანებს, - ისაა, რაზეც თავად უნდა იმუშაო, რადგან შენ ვერ შეძლებდი სხვა ადამიანში კარგის და ცუდის დანახვას, თავად შენი არსების რომელიმე დონეზე რომ არ იყოს იგივე ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვლენილი. მხოლოდ თვითდისციპლინის და თვითგამოხატვის ხარისხი განსხვავდება. მათ სწამთ, რომ ერთადერთი გზა, საკუთარ თავში რაღაც შეცვალოს, ადამიანის გადაწყვეტილებაა; და რომ ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ პიროვნებაში ნებისმიერი რამ შეცვალოს. ზღვარი არ გააჩნია იმას, რას მოვიცილებთ და რას შევიძენთ. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სხვაზე ნამდვილად ზემოქმედება მხოლოდ შენი საკუთარი ცხოვრებით შეიძლება, თუ როგორ იქცევი, რას აკეთებ. ეს რწმენა აიძულებს ტომის წევრებს, დღითიდღე უკეთესები გახდნენ.

ოსტატი-თერძის პირისპირ ვიჯექი. მას თავი დაეხარა და გულმოდგინედ კემსავდა. დღეს მას ქვებზე დიდმა მონადირემ მიმართა - კენგურუს შარდის ბუშტიდან დამზადებული წყლის მათარა, რომელსაც ქამარზე ატარებდა, მოულოდნელად მოწყდა და მიწაზე დაეცა. თუმცა თავად მათარა არ დაზიანებულა, მხოლოდ ტყავის ზონარი გაცვდა, რომლითაც ის ქამარზე იყო მიმაგრებული.

ოსტატმა-თერძმა ბუნებრივი ძაფი კბილებით გაკვნიტა. ისინი გლუვი და თავდაპირველ ზომებთან შედარებით თითქმის განახევრებულიყო. მან საკერავიდან თავი ასწია და თქვა: - საინტერესოა, დამახინჯებულები და ასაკი. სიბერეში ისინი ყველა სამუშაოს ვერ ასრულებენ. ხშირად უსარგებლონი ხდებიან. - ადამიანი სასარგებლო ყოველთვის შეიძლება იყოს, ასაკის მიუხედავად, - დაამატა რომელიღაცამ. - ჩანს, დამახინჯებულებისთვის ბიზნესი საშიში გახდა. თქვენი ბიზნესი დაიწყო იმით, რომ ადამიანებს ერთად რაღაც სასარგებლო ეწარმოებინათ, რასაც მარტო ვერ შეძლებდნენ; ამას გარდა,  ეს ინდივიდუალური ნიჭის გამოხატვის მეთოდი და თქვენი ფულის სისტემაში ჩართვის გზაცაა. მაგრამ ახლა ბიზნესის მიზანი ბიზნესში დარჩენაა. ეს უცნაურად გვეჩვენება, რადგან ჩვენ პროდუქტს აღვიქვამთ როგორც რეალურს და ადამიანსაც აღვიქვამთ როგორც რეალურს, მაგრამ ბიზნესი რეალური არაა. ბიზნესი მხოლოდ იდეაა, მხოლოდ შეთანხმებაა, ბიზნესის მიზანი კი ბიზნესში დარჩენაა მიუხედავად ამისა. ამის გაგება რთულია, - აღნიშნა ოსტატმა-თერძმა.

მაშინ მე მათ მოვუყევი სახელმწიფოზე, რომელიც თავისუფალი მეწარმეობის სისტემას და კერძო საკუთრების უფლებას ეფუძნება, სადაც არის კორპორაციები, ბირჟები, აქციები, უმუშევრობის შემწეობა, სოციალური შეღავათები და პროფკავშირები. გავიხსენე ყველაფერი, რაც რუსეთის სახელმწიფო სისტემაზე, და იაპონიის და ჩინეთის ეკონომიკას შორის განსხვავებებზე ვიცოდი. მე ლექციებს ვკითხულობდი დანიაში, ბრაზილიაში, ევროპაში და შრი-ლანკაში და ყველაფერი გავუზიარე, რაც ამ ქვეყნებში ცხოვრების შესახებ ვიცოდი.

მრეწველობაზე და საქონელზე ვისაუბრეთ. დამეთანხმნენ, რომ ავტომობილი - გადაადგილების მოსახერხებელი საშუალებაა. მაგრამ ამასთანავე მონურად დამოკიდებული ხდები ფულზე, რომელიც მას უნდა დაახარჯო; ავარიის რისკიც არსებობს, რასაც დაპირისპირება და მტრების გაჩენა მოჰყვება. ამას გარდა, უდაბნოში ლიმიტირებული  წყლის გაზიარება ოთხბორბლიან სავარძელთან გიწევს. ამიტომ, მათი აზრით, ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. ამასთან, მათ არასდროს ეჩქარებათ.

ოსტატ-თერძს შევხედე, რომელიც ჩემს პირდაპირ იჯდა. მას ბევრი შესანიშნავი თვისება ჰქონდა, რითიც აღფრთოვანებული ვიყავი. ის კარგად იცნობდა მსოფლიო ისტორიას და მიმდინარე მოვლენებშიც ერკვეოდა, თუმცა არც კითხვა იცოდა და არც წერა. ის ბუნებით შემოქმედი იყო. შევამჩნიე, რომ მან თავად შესთავაზა ქვებზე დიდ მონადირეს ქამრის დაკემსვა. მას ცხოვრების მიზანი ჰქონდა, და ის ამ მიზნისთვის ცხოვრობდა. და მართლაც, ბევრის გაგება შეიძლება, როდესაც აკვირდები ადამიანს, რომელიც შენს პირისპირ ზის წრეში.

გავიფიქრე: საინტერესოა, რას ფიქრობს ჩემზე? ყოველთვის, როდესაც წრიულად ვჯდებოდით, ვიღაც ყოველთვის ჯდებოდა ჩემს პირისპირ, მაგრამ ისინი არასდროს ჩქარობდნენ ამ ადგილის დაკავებას. მე ვიცი ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი: ძალზე ბევრ კითხვას ვსვამ ერთდროულად. უნდა მახსოვდეს, რომ ამ ტომის ადამიანები ხალისით მიზიარებენ იმას, რაც იციან, და როდესაც დრო მოვა, ყველა საიდუმლოს გამიმხელენ. ალბათ მომაბეზრებელი ბავშვივით ვიქცეოდი.

დასაძინებლად დავწექით, მე კი ისევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ბიზნესი რეალური არ არის, ის მხოლოდ შეთანხმებაა, მაგრამ ბიზნესის მიზანი ისევ ბიზნესში დარჩენაა, მიუხედავად იმისა, როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე, პროდუქტებზე და მომსახურებაზე. ძალზე გამჭრიახი დაკვირვებაა ადამიანისთვის, რომელიც არასდროს კითხულობს გაზეთებს, არ უყურებს ტელევიზორს, არ უსმენს რადიოს. იმ მომენტში მომინდა, რომ მთელ მსოფლიოს მოესმინა ამ ქალისთვის.

უკეთესი იქნებოდა, ამ ადგილის ქვეყნიერების კიდედ მოხსენიების მაგივრად მისთვის მეტი ყურადღება მიგვექცია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff