ბედნიერ დღეს გისურვებთ!
ჩვენი მოგზაურობის დროს ორჯერ აღინიშნა საზეიმოდ თანატომელის ნიჭი. ორივეს საგანგებო საღამო მიეძღვნა, რაც, თუმცაღა, ასაკთან ან დაბადების დღესთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ უნიკალურობის და ცხოვრებაში წვლილის შეტანის აღიარებას წარმოადგენდა. მათ სწამთ, რომ დროის მდინარების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი, დაბრძენდეს, თავისი არსი სულ უფრო მეტად გამოხატოს. ასე რომ თუ წელს შარშანდელზე უკეთესი გახდი და ეს დანამდვილებით მხოლოდ შენ იცი, მაშინ საზეიმო საღამოს მართავ. როდესაც შენ ამბობ, რომ მზად ხარ, სხვები პატივს სცემენ ამას.
ჩვენი ერთ-ერთი ზეიმი მიეძღვნა ქალს, რომლის ნიჭი, ან „წამალი“, ცხოვრებაში მოსმენის უნარი იყო. მას საიდუმლოთა მცველს უწოდებდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, გულის გადახსნა სურდა ადამიანს, აღსარების თქმა თუ ემოციების გადმოფრქვევა, ის ყოველთვის გვერდით იყო. ის საუბრებს პრივატულად მიიჩნევდა, არც რჩევას აძლევდა ადამიანს და არც განიკითხავდა. მას მოსაუბრის ხელი ეკავა ან მისი თავი კალთაში ედო და უბრალოდ უსმენდა. თითქოს, მას ჰქონდა უნარი, დახმარებოდა ადამიანებს, ეპოვნათ საკუთარი გადაწყვეტილები, მიჰყოლოდნენ გულის კარნახს.
ვფიქრობდი ადამიანებზე ჩემს სამშობლოში, შეერთებულ შტატებში: ახალგაზრდებზე, რომლებსაც, თითქოს, არავითარი მიზანი არ გააჩნდათ, უსახლკაროებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვერაფერს შესთავაზებენ საზოგადოებას, დამოკიდებულ ადამიანებზე, რომლებსაც სხვა რეალობაში სურთ ცხოვრება და არა იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მომინდა მათი აქ მოყვანა, რათა დაენახათ, რაოდენ მცირედია ხანდახან საკმარისი, რათა სასარგებლო იყო საკუთარი საზოგადოებისთვის, და რა მშვენიერია იცოდე და განიცდიდე საკუთარი ღირსების გრძნობას.
ამ ქალმა იცოდა თავისი ძლიერი მხარეები, და სხვებმაც იცოდნენ ეს. ზეიმზე საიდუმლოთა მცველი შემაღლებულ ადგილას იჯდა, ჩვენ კი მას გარშემო შემოვუსხედით. მან შესთხოვა სამყაროს, რომ, თუკი ეს შესაძლებელია, ჭრელი საკვები ეჩუქებინა ჩვენთვის. და სწორედ იმ საღამოს კენკრას და ყურძენს გადავაწყდით.
რამდენიმე დღით ადრე შორს წვიმა დავინახეთ და პატარა გუბურებში ბევრი თავკომბალა ვიპოვნეთ. თავკომბალები ცხელ ქვებზე დავაწყვეთ, გამოშრობის შემდეგ კი საკვები მივიღეთ, რაც ადრე ვერც კი წარმომედგინა. საზეიმო ვახშმის მენიუს ტალახში მოხტუნავე რომელიღაც უსახური არსებაც შეემატა.
საზეიმო საღამოზე მუსიკაც უკრავდა. ჭეშმარიტ ადამიანებს ტეხასური ცეკვა Cotton-Eyed Joe ვასწავლე, რომელიც მათი დოლის რიტმის შესაბამისად შევცვალე, და მალე ყველა გავმხიარულდით. შემდეგ მათ ავუხსენი, რომ გადაგვარებულებს პარტნიორებთან ერთად ცეკვა უყვართ და სამეფო შავი გედი საცეკვაოდ გავიწვიე. მან მალე ისწავლა ვალსის მოძრაობები, მაგრამ სწორი რიტმი ვერ შევარჩიეთ. მელოდია წავიღიღინე და სხვებსაც მოვუწოდე ამყოლოდნენ. მალე ყველა ერთად ვმღეროდით და ვცეკვავდით ავსტრალიის ცის ქვეშ. მათ კადრილის ცეკვაც ვასწავლე. ოოოტამ მშვენივრად მოირგო წამყვანის როლი. იმ ღამეს მათ გადაწყვიტეს, რომ რაკი მკურნალის ხელოვნება ჩემს საზოგადოებაში უკვე სრულყოფილად ავითვისე, ახლა შემეძლო მუსიკის სფეროში წავსულიყავი!
იმ დღეს, როგორც უკვე აბორიგენმა, ახალი სახელი მივიღე. ისინი თვლიდნენ, რომ ერთზე მეტი ნიჭი მქონდა და რომ შემეძლო მათი სიყვარული და მათი ცხოვრებისეული შეხედულებების გაზიარება ისე, რომ საკუთარი ფესვები არ დამეკარგა, ამიტომ მათ ორი გული მიწოდეს. ზეიმზე საიდუმლოთა მცველთან ადამიანები რიგრიგობით მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, თუ რა კარგია, რომ ის ტომშია და როგორი მნიშვნელოვანია მისი სამუშაო ყოველი მათგანისთვის. ის კმაყოფილებისგან ბრწყინავდა და შექებას დედოფლის ღირსებით იღებდა.
შესანიშნავი საღამო იყო. დაძინებისას სამყაროს მადლობა გადავუხადე ასეთი კარგი დღისთვის.
ამ ადამიანებთან ერთად არ წავიდოდი, მოგზაურობის დასაწყისში რომ არჩევანის საშუალება მქონოდა. თავკომბალებს სადილად არ შევუკვეთდი, მენიუში რომ მენახა; მაგრამ მაინც გავიფიქრე, როგორ დაკარგა აზრი ჩვენმა ზოგმა დღესასწაულმა და რა შესანიშნავი მომენტები განვიცადე დღეს.