გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან

მარლო მორგანი
5
1

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ბედნიერი დასასრული?

მათგან რომ წამოვედი, უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა ისეთი უბრალო და აზრიანი, როგორიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, და რომ ჩემი ნაწილი ყოველთვის უკან დაბრუნებაზე იოცნებებდა.

ქალაქამდე მისვლას თითქმის მთელი დღე მოვანდომე. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მიმეღწია ჩემს ნაქირავებ სახლამდე ამ ქალაქიდან, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. მაგისტრალს ვხედავდი, მაგრამ მის გასწვრივ სიარული გონივრულად არ მივიჩნიე, ამიტომ ბუჩქნარში მივიკვლევდი გზას. რომელიღაც მომენტში შევტრიალდი და უკან მოვიხედე, და იმავე წამს მოულოდნელად ქარმა დაუბერა. თითქოს გიგანტურმა ცოცხმა ქვიშაზე ჩემი ნაფეხურები წაშალა. თითქოს ქვეყნიერების დასალიერს ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი გადაიშალა. მუდმივმა დამკვირვებელმა, ყავისფერმა შევარდენმა თავზე სწორედ იმ დროს გადამიფრინა, როდესაც ქალაქს მივადექი.

შორს მოხუცი კაცი დავინახე. მას ცისფერი ჯინსის შარვალი და ქამარში ჩატანებული სპორტული მაისური ეცვა, თავზე კი ძველი, გაქექილი მწვანე ქუდი ეხურა. მან არ გამიღიმა, როდესაც მივუახლოვდი; პირიქით, თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა.

გუშინ ყველაფერი მქონდა, რაც ჩემთვის აუცილებელი იყო: საკვები, ჩასაცმელი, თავშესაფარი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მეგობრები, მუსიკა, გართობა, მხარდაჭერა, ოჯახი, ბევრზე ბევრი მხიარული სიცილი - და ეს ყველაფერი უფასოდ. ახლა ეს სამყარო გაქრა.

დღეს კი სრულიად უმწეო ვიყავი. რადგან ის, რაც არსებობისთვისაა აუცილებელი, აქ ადამიანმა უნდა იყიდოს. მე არჩევანი არ მქონდა; ამ მომენტში ბინძურ, ჩამოძონძილ მათხოვრად მიმიჩნიეს. მხოლოდ მე ვიცოდი, სინამდვილეში ვინ იმალებოდა ბინძური მათხოვრის გარეგნულ იერს მიღმა. იმ წამს ჩემი დამოკიდებულება უსახლკაროების მიმართ სამუდამოდ შეიცვალა.

ავსტრალიელს მივუახლოვდი და ვკითხე: ცოტაოდენ ხურდას ვერ მასესხებთ? ახლახანს გამოვედი ბუჩქნარიდან და დასარეკად მჭირდება. ფული არ მაქვს. თუ თქვენს სახელს და მისამართს მეტყვით, ფულს დაგიბრუნებთ.

ის ისეთი დაძაბული მომშტერებოდა, რომ შუბლი დაეღარა. შემდეგ მარჯვენა ჯიბიდან მონეტა ამოიღო, მარცხენა ხელით კი ცხვირის ნესტოებს მოუჭირა. ვიცოდი, რომ ისევ ცუდი სუნი ამდიოდა. ნიანგების აუზში უსაპნოდ ჩემი ბოლო ბანაობიდან ხომ დაახლოებით ორი კვირა გავიდა. ფულის დაბრუნებაზე უარის ნიშნად მან თავი გააქნია და სწრაფად გამშორდა.

რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ მოსწავლეების ჯგუფი დავინახე. ისინი ავტობუსს ელოდებოდნენ, სავარაუდოდ, სკოლიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ყველანი სუფთად, ერთნაირად ჩაცმული, ტიპიური ავსტრალიელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მხოლოდ ფეხსაცმელი გამოხატავდა მათ პირად გემოვნებას. ისინი ჩემს შიშველ ტერფებს მიაჩერდნენ, რომლებიც ახლა ჩლიქებს უფრო წააგავდა, ვიდრე ქალის მოხდენილ ფეხებს. ვიცოდი, რომ საშინლად გამოვიყურებოდი, და მხოლოდ ვიმედოვნებდი, რომ ჩემი გარეგნობით არავის დავაფრთხობდი: თითქმის არაფერი მეცვა და თმაც ოთხი თვის დაუვარცხნელი მქონდა. სახის, მხრების და ხელების კანი იმდენჯერ დამეწვა მზეზე, რომ მთლიანად ჭორფლით და ლაქებით დამეფარა. და, ამას გარდა, უკვე სრულიად არაორაზროვნად მაგრძნობინეს, რომ ვყარდი! უკაცრავად, მივმართე მათ, ახლახანს გამოვედი ბუჩქნარიდან. მითხარით, სადაა უახლოესი ტელეფონი, და იქნებ იცით, სად მდებარეობს ტელეგრაფი?

მათმა რეაქციამ გამამხნევა. მათ არ შეშინებიათ, მხოლოდ ეცინებოდათ და ჩუმად ხითხითებდნენ. ჩემმა ამერიკულმა აქცენტმა ავსტრალიელთა წარმოდგენა დაადასტურა: ყველა ამერიკელი აფრენს. მითხრეს, რომ ტელეფონი ორი კვარტლის იქითაა.

ჩემს ოფისში დავრეკე და ფულის გადმოგზავნა ვითხოვე. იქიდან სატელეგრაფო კომპანიის მისამართი მაცნობეს. იქით გავეშურე. თანამშრომელთა სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი გააფრთხილეს, რომ უცნაური სტუმარი ეწვეოდათ. თანამშრომელმა უხალისოდ გადმომცა ფული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენების გარეშე. ბანკნოტების დასტა ავიღე, მათ კი მეც და დახლსაც სადენზიფექციო ხსნარი შეგვასხურეს.

ფულის დასტით ხელში ტაქსით მივედი დიდ უნივერმაღთან და ვიყიდე ჩემთვის შარვალი, პერანგი, ქოშები, შამპუნი, სავარცხელი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი და თმის სამაგრები. ტაქსის მძღოლმა მანქანა ღია ბაზართან შეაჩერა, სადაც ახალი ხილით ავავსე ჩანთა და რამდენიმე კოლოფი ხილის წვენიც ავიღე. შემდეგ მოტელთან მიმიყვანა და დამელოდა, სანამ ჩამწერდნენ. ორივეს ეჭვი გვეპარებოდა, შემიშვებდნენ თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს ფულმა უფრო გაჭრა, ვიდრე ჩემმა საეჭვო გარეგნობამ.

წყალი მოვუშვი და აბაზანა დავლოცე. სანამ ის აივსებოდა, ავიაკომპანიაში დავრეკე და ხვალისთვის თვითმფრინავის ბილეთი შევუკვეთე. შემდეგი სამი საათი აბაზანაში გავატარე, ნეტარებით ვლბებოდი და გონებაში ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სამი წლის, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებს ვიხსენებდი.

მომდევნო დღეს თვითმფრინავში ავედი. სახე და თმა სუფთა მქონდა, მაგრამ ვარცხნილობა საშინელი! ამასთან ქოშებით ვიყავი, რომელთა შემოჭრა მომიწია, რათა ჩემს წამოზრდილ ჩლიქებზე ჩამომეცვა. თუმცა მშვენიერ სურნელს ვაფრქვევდი. მთელი ფული, რაც მქონდა, პერანგში ჩავიყარე, რადგან ჯიბეებიანი ჩასაცმელის ყიდვა დამავიწყდა.

ბინის დიასახლისს ჩემი დანახვა გაუხარდა. მან ყველაფერი მოაგვარა ბინის მეპატრონეებთან, სანამ არ ვიყავი. პრობლემები არ შემქმნია - მხოლოდ ბინის გადასახადის დავალიანება უნდა გადამეხადა. საოცრად მეგობრულ ავსტრალიელს, რომელმაც სწორედ ჩემი გაუჩინარების წინ მომაქირავა ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, არც უწყება გამოუგზავნია და არც უცდია საკუთარი აპარატურა უკან დაებრუნებინა. მასაც გაუხარდა ჩემი დანახვა. მან იცოდა, რომ მისი აპარატურის დაბრუნების და ვალის გადახდის გარეშე არ წავიდოდი. ჩემი პროექტი დამთავრებული ჯერ არ იყო, და მე მას უნდა მივბრუნებოდი. პროექტის მონაწილეები ხუმრობდნენ და მეკითხებოდნენ, ოპალების ძებნას ხომ არ გადავყევი და ოფისში დაბრუნება ამიტომ არ მსურდა. როგორც აღმოჩნდა, ჯიპის პატრონთან ასე მოილაპარაკეს: თუკი მე და ოოოტა არ დავბრუნდებოდით, მას თავისი მანქანა უდაბნოში უნდა მოეძებნა და შემდეგ ჩემი უფროსობისთვის დაერეკა. მან მათ აუხსნა, რომ სამოგზაუროდ წავედი, ეს კი აბორიგენებთან ერთად უდროო მოგზაურობას ნიშნავდა: დანიშნულების პუნქტი უცნობია. მათ არაფერი დარჩენოდათ იმის გარდა, რომ ჩემს ქმედებას შერიგებოდნენ. პროექტის დასრულება სხვას არავის შეეძლო, ამიტომ ჩემს დაბრუნებას ელოდებოდნენ.

ქალიშვილს დავურეკე. მან შვებით ამოისუნთქა და აღტაცებით მოისმინა ჩემი თავგადასავალი, და გამომიტყდა, რომ ერთხელაც არ გასჩენია მღელვარების გრძნობა ჩემი გაუჩინარების გამო. ის დარწმუნებული იყო, რომ რეალური უბედურების შემთხვევაში ამას აუცილებლად რაიმე ფორმით იგრძნობდა. დაგროვებული ფოსტა გავხსენი და გავიგე, რომ ერთმა ნათესავმა საშობაო საჩუქრების გაცვლის სიიდან ამომრიცხა! მისი აზრით, ვერაფერი გაამართლებდა იმ ფაქტს, რომ მე საშობაოდ საჩუქრები არ გავგზავნე.

ფეხზე წინდები რომ ჩამეცვა და ფეხსაცმლით გამევლო, მრავალჯერ აბაზანაში დალბობა, ქუსლების გახეხვა და კრემების შეზელვა დამჭირდა. გარქოვანებული ქსოვილების ელექტრო-დანით მოჭრაც გახდა საჭირო.

უეცრად მივხვდი, რომ მადლიერი ვიყავი სრულიად ბანალური საგნებისთვის, მაგალითად სამართებელისთვის იღლიების გასაპარსად, მატრასისთვის, ტუალეტის ქაღალდისთვის.

ვცდილობდი ადამიანებისთვის კვლავ და კვლავ მომეყოლა ტომის შესახებ, რომელიც ჩემთვის ეგზომ ძვირფასი გახდა. მათი ცხოვრების წესზე, მათი ღირებულებების სისტემაზე, და რაც მთავარია, მათ შემაშფოთებელ გზავნილზე, რომელიც ჩვენს პლანეტას ეხებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გაზეთში ვკითხულობდი სიახლეს, თუ რა სერიოზულ ზიანს ვაყენებთ გარემოს, და წინასწარმეტყველებებს, რომ ყველაზე მწვანე და უხვი მცენარეულობა შეიძლება ბოლომდე გადაიწვას, ვხვდებოდი: და მართლაც, ჭეშმარიტი ტომი უბრალოდ იძულებულია წავიდეს. მათ ისედაც ძლივს ჰყოფნით ის საკვები, რასაც მოიპოვებენ, რომ არაფერი ვთქვათ მზის რადიაციაზე და მის შედეგებზე. ისინი მართლები არიან: ჩვენ, ადამიანები, თავად არ ვქმნით ჟანგბადს; ამას მხოლოდ მცენარეები აკეთებენ. მათი სიტყვებით, მცენარეების განადგურებით ჩვენ დედამიწის სულს ვანადგურებთ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ადამიანთა სიხარბემ დიდი უმეცრების ჯინი ამოუშვა ბოთლიდან, რომელიც დედამიწაზე ყოველივე ცოცხალს განადგურებით ემუქრება, და ამ დაავადების განკურნება მხოლოდ ბუნების პატივისცემას შეუძლია. ჭეშმარიტმა ტომმა მოიპოვა უფლება, აღარ გააგრძელოს გვარი ამ, ისედაც გადატვირთულ პლანეტაზე. დროის დასაწყისიდან ისინი ჭეშმარიტებით სავსე, პატიოსანი, მშვიდობიანი ადამიანები არიან, რომლებსაც სამყაროსთან თავიანთი კავშირის ყოველთვის სწამდათ.

მაგრამ აი რა არ მესმოდა: ვისაც არ ვესაუბრე, არავინ დაინტერესდა ჭეშმარიტი ტომის ღირებულებათა სისტემით! დიახ, გაითავისო ის, რაც არ იცი, მიიღო ის, რაც უცხოდ გეჩვენება, საშიშია. თუმცა ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს საკუთარი აღქმის საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას გვაძლევს; ეს დაგვეხმარება ჩვენი საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში, დაავადებების განკურნებაშიც კი. ჩემი სიტყვები არავის ესმოდა. ავსტრალიელები თავდაცვაზე გადავიდნენ. ჯეფიც კი, რომელმაც დაქორწინებაზე გადამიკრა სიტყვა, ვერ ურიგდებოდა აზრს, რომ ვიღაც აბორიგენებისგან შეიძლებოდა სიბრძნის შეძენა. მას თითქოს უნდოდა ეთქვა: კარგია, რომ ასეთი უნიკალური გამოცილება შეიძინე, სხვადასხვა თავგადასავლები გადაგხდა, მაგრამ ახლა დროა ქალის როლი დაიბრუნო და დადინჯდე. მაგრამ დადგა დრო და დავასრულე ჩემი პროექტი ჯანდაცვის სფეროში, რის შემდეგაც ავსტრალია ისე დავტოვე, რომ ხეირიანად ვერავის მოვუყევი ჭეშმარიტი ტომის შესახებ.

როგორც ჩანს, ჩემი გზის შემდეგი ეტაპი ჩემს ხელთ არ იყო, მე თითქოს უმაღლესი ძალა მიმიძღვოდა.

თვითმფრინავში, რომლითაც შეერთებულ შტატებში მივფრინავდი, ჩემს წინ იჯდა ადამიანი, რომელთანაც საუბარი გავაბი. ეს იყო შუა ხნის ბიზნესმენი - უზარმაზარი მუცელი გასკდომაზე ჰქონდა! სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობდით, და ბოლოს ადგილობრივ ავსტრალიელებზე გადავიდა საუბარი. მე მას ჩემი თავგადასავალი მოვუყევი ქვეყნიერების დასალიერში. ის ყურადღებით მისმენდა, მაგრამ მისი დასკვნა ისეთივე იყო, რასაც აქამდე შევხვედრივარ. მან თქვა: არც ერთმა ჩვენგანმა ამ ტომის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი უწყოდა, და თუ ისინი მიდიან, რა მოხდა? პატიოსნად თუ ვიტყვით, ვფიქრობ, ეს არავის აღელვებს. ამას გარდა, დაამატა მან, მათი იდეები ჩვენის საპირისპიროა, და განა შესაძლებელია, მილიონი ადამიანი ცდებოდეს?

რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემი აზრები საოცარ ჭეშმარიტ ადამიანებზე გულში ღრმად დავიმარხე. პირზე ბოქლომი მედო. ეს ადამიანები ისე ღრმად შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში, რომ არ მსურდა „მარგალიტის დაყრა ღორების წინ“, თუკი, როგორც ვგრძნობდი, სკეპტიკური რეაქციის ალბათობა ასე მაღალი იყო. თუმცა თანდათან მივხვდი, რომ ჩემი ძველი მეგობრები ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდნენ. ზოგიერთმა მთხოვა, ჩემს უნიკალურ გამოცდილებაზე უფრო ფართო აუდიტორიასთან მესაუბრა. რეაქცია ყოველთვის ერთნაირი იყო: მსმენელები მონუსხულები ისხდნენ. მათ ესმოდათ, რომ რაც გაკეთებულია ვეღარ მოაბრუნებ, მაგრამ ბევრი რამის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია.

მართალია, ჭეშმარიტი ხალხის ტომი გვტოვებს, მაგრამ მათ გზავნილი დაგვიტოვეს, მიუხედავად ჩვენი საწებელიანი და მინანქრიანი ცხოვრების სტილისა და მათზე დამოკიდებულებებისა. ჩვენ არ გვსურდა ტომის დარწმუნება, რომ არ წასულიყვნენ, შვილები კვლავ გაეჩინათ. ეს არ იყო ჩვენი საქმე. პირველ რიგში უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ მათი მშვიდობისმოყვარე, გააზრებული ღირებულებათა სისტემა პრაქტიკულად გამოგვეყენებინა. მე ვიცი, რომ ყოველ ჩვენგანს ორი ცხოვრება აქვს: ერთი - როდესაც ვსწავლობთ, და მეორე - ცხოვრება სწავლის შემდეგ. დადგა დრო, მოვუსმინოთ ჩვენი ძმებისა და დების კვნესას და თავად დედამიწას, რომელიც ტკივილს განიცდის.

შესაძლოა, ჩვენი სამყაროს მომავალი უკეთეს ხელში მოხვდეს, თუკი ჩვენ ახლის აღმოჩენის მაგივრად სათავეებთან დაბრუნებაზე ვკონცენტრირდებით.

ტომი ჩვენს თანამედროვე აღმოჩენებს არ აკრიტიკებს. ის პატივისცემით ეპყრობა იმ ფაქტს, რომ ადამიანის ყოფიერება თვითგამორკვევას, შემოქმედებას და თავგადასავალს წარმოადგენს. მაგრამ ისინი სერიოზულად თვლიან, რომ გადაგვარებულებმა ცოდნის გზაზე უნდა იხელმძღვანელონ ძველი პრინციპით „თუკი ეს იქნება უმაღლესი სიკეთე ყოველი ცოცხალისთვის“. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენ შევცვლით დამოკიდებულებას მატერიალური საკუთრების მიმართ და მას შესაბამის გამოყენებას მოვუძებნით. მათ ასევე სწამთ, რომ კაცობრიობა ყველაზე ახლოსაა დედამიწაზე სამოთხის განცდასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყოველი ადამიანი დავაპუროთ, და ცოდნა, რათა ყველას მიეცეს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, შეიგრძნოს საკუთარი ღირებულება, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს თავშესაფარი და ბევრი სხვა რამ, თუკი ჩვენ ამას მოვინდომებთ.

ჩემი შვილების და მეგობრების მხარდაჭერით დავიწყე ქვეყნიერების დასალიერს განცდილის შესახებ ჩემი მოგონებების ჩაწერა. ასევე დავიწყე ლექციების კითხვა ყველგან, სადაც კი მიწვევდნენ - სამთავრობო დაწესებულებებში, ციხეებში, ეკლესიებში, სკოლებში და ა.შ. რეაქცია ერთგვაროვანი არ იყო. კუ-კლუს-კლანმა ჩემში მტერი დაინახა; მეორე დაჯგუფებამ, რომელიც თეთრების ბატონობის პროპაგანდას ეწეოდა, აიდაჰოში რასისტული ლოზუნგები გამოფინა იმ შენობასთან ახლოს, რომელშიც გამოვდიოდი. ზოგიერთი ულტრაკონსერვატორი ქრისტიანი ლექციის შემდეგ მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ მათი აზრით, აბორიგენები წარმართები არიან, ამიტომ ისინი პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. წამყვანი ავსტრალიური სატელევიზო პროგრამის ოთხი თანამშრომელი ჩამოფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელი ლექციის განმავლობაში გვერდითა ოთახში ისხდნენ და ჩემი მონათხრობის დისკრედიტაციას შეეცადნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოსახლეობის აღწერას ველურ გარემოში შეფარებული არც ერთი აბორიგენი არ გამორჩენია. მათ მატყუარა მიწოდეს. მაგრამ ყოველ ჯერზე სიტუაცია სასწაულებრივად განიმუხტა. ყოველი ნეგატიური კომენტარის შემდეგ ადამიანები ინტერესდებოდნენ აზრებით ურთიერთობის საკითხით, ილუზიის ხელოვნების შესწავლით, რათა იარაღი არ გამოეყენებინათ, ღირებულებათა სისტემით და სხვა ტექნიკებით, რომელსაც ჭეშმარიტი ხალხის ტომი ფლობს.

ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება. ჩემი პასუხია: სიღრმისეულად. მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, მამა გარდაიცვალა. მის გვერდით ვიდექი, მისი ხელი მეჭირა, რათა სცოდნოდა, რომ მიყვარს და მხარს ვუჭერ მის მოგზაურობაში. დასაფლავებიდან მეორე დღეს დედინაცვალს ვთხოვე, მისი ნივთებიდან რაიმე მოეცა სამახსოვროდ - ჰალსტუხი, ძველი ქუდი, ღილი. მან უარი მითხრა: შენთვის აქ არაფერია. განაწყენების მაგივრად, როგორც ადრე მოვიქცეოდი, სხვაგვარი რეაქცია მქონდა: გონებაში დავლოცე მისი სული და ბოლოჯერ დავტოვე მამისეული სახლი, მადლიერმა და ამაყმა ჩემი არსებობის გამო. ცისფერ კამკამა ზეცას ავხედე და მამას თვალი ჩავუკარი.

ახლა ვთვლი, რომ ამ გაკვეთილს ვერ მივიღებდი, ჩემს დედინაცვალს რომ სიყვარულით ეთქვა: რა თქმა უნდა, ამ სახლში შენი მშობლების ბევრი ნივთია. აიღე რომელიმე მამის სამახსოვროდ. ამ პასუხს ველოდი. მაგრამ მე ის აღარ ვარ, ვინც ადრე ვიყავი! და როდესაც უარი მითხრეს იმაზე, რაც კანონიერად ჩემად მიმაჩნდა, გავიაზრე, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ჭეშმარიტი ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ გამოცდის გავლის ერთადერთი გზა გამოცდაზე გასვლაა. ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში მე შემიძლია სულიერი გამოცდის გავლის შესაძლებლობა დავინახო, თუმცა სიტუაცია უსიამოვნო, კრიტიკულიც კი აღმოჩნდეს. ერთია ხედავდე, რა ხდება, მეორე - განსჯიდე ამას. გავითავისე: ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს, სულიერი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ამას წინათ ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩემს ლექციას დაესწრო, ჰოლივუდის წარმომადგენლის გაცნობა შემომთავაზა. ეს ხდებოდა იანვრის ცივ თოვლიან ღამეს, მისურიში. ვსადილობდით, და მე რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყვებოდი ჩემს თავგადასავალს, სანამ როჯერი და სხვა სტუმრები ჭამდნენ და ყავას სვამდნენ. მომდევნო დილას მან დამირეკა, რათა ფილმის შექმნის შესაძლებლობა განგვეხილა.

სად დაიკარგე გუშინ? მკითხა მან. ჩვენ ფული გადავიხადეთ, ავიღეთ პალტოები გარდერობში, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ შენ სადღაც გაქრი. ქუჩაში გეძებეთ, მაგრამ თითქოს აორთქლდი, თოვლზეც კი არ იყო ნაკვალევი!

დიახ, ვუპასუხე. ჩემი პასუხი მარმარილოში ამოკვეთილი იდეასავით მკაფიო და მყარი იყო: ვაპირებ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გამოვიყენო ქვეყნიერების დასალიერში მიღებული ცოდნა. მათ შორის ჰაერში აორთქლების ცოდნაც!

***

„მე, ბურნამ ბურნამი, ვურუნდიერის ტომის ავსტრალიელი-აბორიგენი, ვაცხადებ, რომ წავიკითხე ყოველი სიტყვა წიგნისა „გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან“.

ეს პირველი წიგნია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ერთი ამოსუნთქვით, მოუწყვეტლად წავიკითხე. წავიკითხე დიდი აღფრთოვანებით და პატივისცემით. ეს არის კლასიკა და ამართლებს ჩვენი, ჭეშმარიტი ადამიანების ნდობას ავტორისადმი. ჩვენი ღირებულებათა სისტემა და საიდუმლო სულიერი გამოცხადებები გამოსახულია ისე, რომ თავადაც ვამაყობ ჩვენი მემკვიდრეობით.

ავტორმა თავისი თავგადასავალი მსოფლიოს მოუყვა და ამით ისტორიული უსამართლობა გამოასწორა. მეთექვსმეტე საუკუნეში ინგლისელი მკვლევარი უილიამ დამპირი ჩვენზე წერდა როგორც განსაკუთრებით პრიმიტიულ და საცოდავ ხალხზე მთელ დედამიწაზე. წიგნს „გზავნილი ქვეყნიერების დასალიერიდან“ ჩვენ ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე ავყავართ და მეფურ და დიად ხალხად გვაჩენს, როგორებიც სინამდვილეში ვართ“

ვურუნდიერის ტომის ბელადის, ბურნამ ბურნამის წერილიდან

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff