თავი მეხუთე - დაწინაურება
ამ ქვეყანაში ერთი რამ არ მომწონდა. მეჩვენებოდა, რომ მუქკანიანი ადამიანები, ამ მიწის თავდაპირველი მაცხოვრებლები, ეგრეთ წოდებული აბორიგენები, ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციას. მათ დაახლოებით ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ჩვენ, ამერიკელები, ჩვენს მკვიდრ მოსახლეობას - ინდიელებს ვეპყრობოდით. მიწა, რომელიც მათ მისცეს საცხოვრებლად გადაკარგულში - უსარგებლო ქვიშაა, ჩრდილოეთის ტერიტორია კი - გაუვალი კლდეები და ეკალ-ბარდებია. ერთადერთი ნორმალური ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ მათ მიწად ითვლება, იმავდროულად ნაციონალური პარკის სტატუსს ატარებს, ამიტომ მათ ტურისტებთან ერთად უწევთ ცხოვრება.
ვერსად ვნახე საზოგადოებრივ ღონისძიებებზე აბორიგენები. არც ფორმიან მოსწავლეებთან ერთად ქუჩაში მოსეირნე მათი ბავშვები შემხვედრია. არც ეკლესიებში საკვირაო წირვებზე გამოჩენილან, თუმცა სხვადასხვა კონფესიების სამრევლოები მოვინახულე. ვერავინ ვნახე სასურსათო მაღაზიებში მომუშავე, ფოსტაში ამანათების შემფუთავი ან უნივერმაღებში საქონლის გამყიდველი. სახელმწიფო დაწესებულებებში თანამშრომელი-აბორიგენი არ შემხვედრია. ერთი ადამიანიც ვერ ვიპოვე, ვინც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობდა ან კლიენტებს ემსახურებოდა ფასტ-ფუდის ქსელურ კაფეებში. როგორც ჩანს, აბორიგენები საერთოდ ცოტანი იყვნენ. ქალაქში მათ ტურისტულ ცენტრებში თუ შეამჩნევდით, სადაც ისინი წარმოდგენებს მართავდნენ. დამსვენებლები მათ ავსტრალიელების კუთვნილ რანჩოებზე ხედავდნენ, სადაც ისინი მათ საძოვრებზე ცხვრისა და მსხვილფეხა საქონელის მოვლაში ეხმარებოდნენ. ასეთ ადამიანებს „Jackaroos“-ს უწოდებდნენ. როგორც მითხრეს, თუ ფერმერი აღმოაჩენდა, რომ აბორიგენთა მოხეტიალე ჯგუფმა ცხვარი მოკლა, ის მათ არ უჩივლებდა: ადგილობრივები მხოლოდ იმას იღებენ, რაც ნამდვილად გამოსაკვებად სჭირდებათ, და, ამას გარდა, ხმები დადიოდა, რომ ისინი შურისძიების ზებუნებრივ უნარებს ფლობდნენ.
ერთ საღამოს შევესწარი, როგორ ჩამოასხეს ოც წლამდე ახალგაზრდა აბორიგენმა-მეტისებმა ბენზინი ქილებში, შემდეგ კი ყნოსვა-ყნოსვით ქალაქში დასეირნობდნენ. ისინი აშკარად ბენზინის ორთქლის ზეგავლენას განიცდიდნენ, რომელიც ნახშირწყლების ნარევს წარმოადგენს და დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ძვლის ტვინზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, თირკმელზედა ჯირკვლებზე, ზურგის ტვინზე და მთელ ნერვულ სისტემაზე. მაგრამ როგორც ყველა სხვამ, არც მე ამოვიღე ხმა იმ საღამოს. არაფერი მოვიმოქმედე, რომ ეს სულელური გართობა შემეწყვიტა. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვინც იმ დღეს დავინახე, ტყვიით მოწამვლის და სუნთქვის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ეს სიკვდილი ისე აღვიქვი, თითქოს უახლოესი მეგობარი დამეკარგოს. სხეულის სანახავად მორგში მივედი. ცხოვრებაში დაავადებებთან მებრძოლი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ კულტურის და ცხოვრების პირადი მიზნების დაკარგვა - ადამიანისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია სიკვდილთან თამაშში. ყველაზე მეტად მაწუხებდა ის, რომ ყველაფერი დავინახე და მათ შესაჩერებლად თითიც კი არ გამინძრევია. კითხვებით ჩემს ახალ ავსტრალიელ მეგობარს მივმართე. მას ჯეფი ერქვა, ავტომობილების დიდი მაღაზიის მფლობელი, ჩემი ხნის უცოლო, ძალზე მიმზიდველი კაცი - ფაქტიურად ავსტრალიელი რობერტ რედფორდი იყო. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, და ერთხელ, სანთლების შუქზე ვახშმობისას კონცერტის შემდეგ მას ვკითხე, იციან თუ არა ავსტრალიის მოქალაქეებმა, რა ხდება ქვეყანაში, ცდილობს თუ არა ვინმე ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას?
დიახ, სამწუხაროა, - მიპასუხა მან. - მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. შენ არ გესმის ადგილობრივების. ისინი პრიმიტიული, ველური ხალხია. ჩვენ მათ განათლება შევთავაზეთ. მისიონერები წლების განმავლობაში ცდილობენ მათ მოქცევას. წარსულში ისინი კანიბალები იყვნენ. თავიანთი წეს-ჩვეულებები და ძველი რწმენები არც დღეს ეთმობათ. უმეტესობას უდაბნოში გასაცოდავებული ყოფა ურჩევნია. ქვეყნიერების დასალიერში ცხოვრება ძნელია, ჩვენი აბორიგენები კი ყველაზე რთული ხალხია მსოფლიოში. ადამიანები, რომლებიც ორ კულტურას შორის საზღვრებს სძლევენ, მაინც იშვიათად აღწევენ წარმატებას. ეს სიმართლეა, რომ ისინი უბრალოდ მომაკვდავი რასაა. მათი რაოდენობა მათივე ნებით მცირდება. ისინი ამბიციებსა და წარმატებისკენ სწრაფვას მოკლებული, უიმედოდ უწიგნურები არიან. ორასი წელი გავიდა და ისინი ვერაფრით ჩაერთვნენ ჩვენს ცხოვრებაში. მეტიც, ამას არც კი ცდილობენ. საქმეებში მათი ნდობა არ შეიძლება: არაპროგნოზირებადები არიან. დამიჯერე, მათ ვერაფრით დააინტერესებ.
რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ დაღუპულ ახალგაზრდა კაცზე ფიქრი არ მასვენებდა. ჩემი წუხილი ჯანდაცვის თანამშრომელ ქალს გავუზიარე, რომელიც, ისევე როგორც მე, სპეციალურ პროექტზე მუშაობდა. ის პროექტის ფარგლებში ხანშიშესულ აბორიგენებს ხვდებოდა: აგროვებდა ცნობებს ველური ბალახების, მცენარეების, ყვავილების შესახებ, რომლებსაც მეცნიერული თვალთახედვით შესაძლოა სამკურნალო თვისებები ჰქონდათ. ცოდნის ამ სფეროში აბორიგენები ავტორიტეტებად ითვლებოდნენ. მონაცემები მათი შთამბეჭდავი დღეგრძელი ცხოვრებისა და ძალზე იშვიათად გამოვლენილი დეგენარიციული დაავადებების შესახებ თავად მეტყველებდა ყველაფერზე. მან დამიდასტურა, რომ რასათა ინტეგრაციის საქმეში პროგრესი არ შეინიშნებოდა, მაგრამ მზად იყო დასახმარებლად, თუკი მოვინდომებდი ცდას და ნახვას, შეეძლო თუ არა თუნდაც რაიმეს შეცვლა კიდევ ერთ ენთუზიასტს.
ოცდაორი ახალგაზრდა აბორიგენი-მეტისი მოვიწვიეთ პირველ შეხვედრაზე. მან წარმადგინა. იმ საღამოს თავისუფალი დასაქმების სამთავრობო სისტემის შესახებ ვისაუბრე და განვიხილე, თუ რისი გაკეთება შეუძლია არაპრივილეგირებული ქალაქელი ახალგაზრდობისთვის ორგანიზაციას „Junior Achievement“. მიზანს წარმოადგენდა საქმის პოვნა, რომლითაც ეს ჯგუფი დაკავდებოდა. მე დავთანხმდი მესწავლებინა მათთვის ნედლეულის შეძენა, სამუშაო ძალის ორგანიზება, პროდუქტის დამზადება, ბაზარზე გაყიდვა და საქმიან და საბანკო წრეებში დამკვიდრება.
შემდეგ შეხვედრაზე მოქმედების შესაძლო მიმართულებებს განვიხილავდით. ჩემი ბებია და ბაბუა ჩემს ახალგაზრდობაში აიოვას შტატში ცხოვრობდნენ. გავიხსენე, როგორ აღებდა ბებია ფანჯრის რაფას, დასაკეც დარაბებს ფანჯრის მთელ სიგანეზე ხსნიდა, შემდეგ კი ფანჯარას კვლავ უკან აბრუნებდა. ამგვარად აბნელებდა ოთახს. სახლს, რომელშიც ვცხოვრობდი, სხვა ბევრი ძველი ავსტრალიური სახლის მსგავსად, დარაბები არ ჰქონდა. საცხოვრებელ სახლებში, როგორც წესი, არც კონდინციონერები იყო, ამიტომ მოსახლეობა ჩვეულებრივ ფანჯრებს აღებდა, რის გამოც ოთახებში ათასგვარი მფრინავი მწერი თავისუფლად შედიოდა. კოღოები არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ მფრინავ ტარაკნებთან მიწევდა ყოველდღიურად შერკინება. დასაძინებლად მარტო ვწვებოდი, მაგრამ ხშირად ბალიშზე დიდ შავ ხოჭოებთან ერთად ვიღვიძებდი. ვფიქრობდი, დარაბები კარგი საშუალება იქნებოდა მწერების შემოჭრისგან თავდასაცავად.
ყველა დამეთანხმა, რომ ასეთი დარაბები - კარგი პროექტია ბიზნესის დასაწყებად. შეერთებულ შტატებში ერთი წყვილი მეგულებოდა, რომელთაც დახმარება შეეძლოთ.
კაცი დიზაინერი იყო მსხვილ კომპანიაში, ქალი კი - მხატვარი. თუ შევძლებ წერილში ავუხსნა, რა მსურს, ისინი ესკიზს გააკეთებენ. ორი კვირის შემდეგ ნახაზი მივიღე. ჩემი ძვირფასი მოხუცი დეიდა ნოლა აიოვადან მასალის საყიდლად და საქმის დასაწყებად ფინანსურ დახმარებას დაგვპირდა. ჩვენ სამუშაო სივრცე გვჭირდებოდა. ავტოფარეხი გამოდგებოდა, მაგრამ იშვიათობას წარმოადგენდა, ავტომობილების საფარი კი ყველგან მოიძებდენოდა. ერთ-ერთი მათგანი შევიძინეთ და ღია ცის ქვეშ მუშაობას შევუდექით.
ახალგაზრდა აბორიგენთაგან ყოველი მათგანი ბუნებრივად იმ საქმით დაკავდა, რომელიც უფრო ეხერხებოდა. ჩვენ გვყავდა ბუღალტერი, ერთი ახალგაზრდა შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი, მეორე დახარჯულ მასალას აღნუსხავდა. ჩვენ დავიქირავეთ სპეციალისტები წარმოების ყოველი სტადიისთვის და რამდენიმე გაყიდვების აგენტი ადგილობრივებიდან. გვერდიდან ვაკვირდებოდი, როგორ ფორმირდებოდა კომპანიის სტრუქტურა. ცხადი იყო: ისინი ჩემი ჩარევის გარეშეც მიხვდნენ, რომ საერთო საქმისთვის დამლაგებელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბოლოო პროდუქტის გამყიდველი. ჩვენს მეთოდს დარაბების კომპლექტის რამდენიმე დღით საცდელად უფასოდ მიწოდება წარმოადგენდა. როდესაც კლიენტთან ხელმეორედ მივდიოდით, ისინი საფასურს გვიხდიდნენ, თუ მოწყობილობა გამართულად მუშაობდა. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში შენობის სხვა ფანჯრებისთვის დამატებით შეკვეთებსაც ვიღებდით. მე მათ რეკომენდაციის გაწევის ამერიკული კონცეფციაც ვასწავლე.
დრომ შეუმჩნევლად გაირბინა. ჩემი დღეები მუშაობაში, სახელმძღვანელოების წერაში, მოგზაურობასა და ლექციების კითხვაში გადიოდა. საღამოების დიდ ნაწილს ახალგაზრდების წრეში ვატარებდი. კომპანიის საწყისი ბირთვი უცვლელი რჩებოდა. მათი საბანკო ანგარიში განუხრელად იზრდებოდა, და ყოველ მათგანზე საკრედიტო ფონდები გავხსენით.
ერთხელ, ჯეფთან შეხვედრისას, მას ჩემს პროექტზე და ჩემს სურვილზე - ახალგაზრდებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარების სურვილზე მოვუყევი. შესაძლოა, ისინი არ დაიქირავონ მსხვილ კომპანიებში სამუშაოდ, მაგრამ მათ ვერავინ აუკრძალავს ფირმის შეძენას, თუკი მათ საამისოდ საკმარისი საშუალება ექნებათ. ვფიქრობ, ცოტათი გავაბუქე საკუთარი წვლილი მათი თვითშეფასების ამაღლების საქმეში. ჯეფმა თქვა: ყოჩაღ, იანკი! მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე მან ისტორიის რამდენიმე წიგნი მოიტანა. მთელი შაბათი დღე კითხვაში გავატარე მის ტერასაზე მჯდომმა, საიდანაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნავსადგური მოჩანდა.
ისტორიამ შემოინახა ღირსი ჯორჯ კინგის მოსაზრება, რომელიც 1923 წლის 16 დეკემბერს გაზეთში „Australian Sunday Times“ წერდა: „ეჭვგარეშეა, რომ ავსტრალიის აბორიგენები ცივილიზაციის განვითარების უმდაბლეს საფეხურზე დგანან. მათ საკუთარი საქმეების და წარმოშობის სარწმუნო ტრადიციული ისტორია არ გააჩნიათ. ისინი უცებ რომ გადაშენდნენ, მათგან ხელოვნების ერთი ნიმუშიც კი არ დარჩება, რომელიც მათ შესახებ, როგორც ერზე მოგვითხრობს, თუმცა კი, ცხადია, ისინი ავსტრალიის უსაზღვრო მიწაზე მსოფლიო ისტორიის ადრეული პერიოდიდან დაეხეტებიან“.
თეთრი ავსტრალიის ადგილობრივებთან დამოკიდებულების შესახებ ჯონ ბერლესის საკმაოდ გავრცელებული ციტატაც შემხვდა: „რაღაცას მოგცემდით, მაგრამ ჩემთვის სასურველი არაფერი მოგეპოვებათ“.
ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ასოციაციების მეცნიერების განვითარებისადმი მიძღვნილი მეთოთხმეტე კონგრესის ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მასალებიდან კი აი რა ირკვევა: ყნოსვის შეგრძნება განუვითარებელია. მეხსიერება უმნიშვნელოდაა განვითარებული. ბავშვები გამოხატულ ნებისყოფის ძალას არ ფლობენ. ტყუილისა და სიმხდალისკენ მიდრეკილნი არიან. ტკივილს ისე მწვავედ ვერ აღიქვამენ, როგორც უმაღლესი რასების წარმომადგენლები...“
შემდეგ წავიკითხე ისტორიული ნაწარმოებები, სადაც საუბარი იყო აბორიგენი ბიჭუნების სექსუალური სიმწიფის მიღწევასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებაზე, როდესაც მათ სასქესო ორგანოს სათესლე პარკიდან ასოს თავამდე ბლაგვი ქვის დანით კვეთდნენ ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე. ზრდასრულობას ასევე წინა კბილის ამოღებით აღწევენ; ამას დანით შეიარაღებული ჯადოქარი აკეთებს. ახალგაზრდის მოკვეთილ ჩუჩას მისი მამრობითი სქესის ნათესავები მიირთმევენ სადილზე, მას კი, სისხლმდინარეს, შეშინებულს, მარტოს უშვებენ უდაბნოში, რათა მან თვითგადარჩენის უნარი გამოავლინოს. ისტორიის თანახმად, ისინი კანიბალები იყვნენ და რომ ხანდახან ქალები საკუთარ ჩვილებს ყველაზე ნაზ ადგილებს აჭრიდნენ და ჭამდნენ. ერთ-ერთი ამბავი წიგნში ორ ძმაზე მოგვითხრობს. ქალისთვის ჩხუბში უმცროსმა ძმამ უფროსი დაჭრა. უფროსმა ძმამ განგრენიანი ფეხი თავად მოიჭრა, უმცროს ძმას თვალები დასთხარა, ბოლოს კი მშვიდობიანი თანაცხოვრება გააგრძელეს. კოჭლმა ძმამ პროთეზი გაიკეთა კენგურუსგან, გრძელ ჯოხზე მოჭიდებული ბრმა ძმა კი მას დაყვებოდა. ინფორმაცია შემზარავი იყო, მაგრამ ყველაზე ძნელი გასაგები სამთავრობო ბროშურა აღმოჩნდა პირველყოფილი ქირურგიის შესახებ, სადაც ამტკიცებდნენ, რომ აბორიგენებს, საბედნიეროდ, ტკივილის არაადამიანური ზღურბლი აქვთ.
ჩემი პროექტის კომპანიონები ველურები არ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ჩემი სამშობლოს იმედგაცრუებულ ახალგაზრდებს ჰგავდნენ.
ისინი იზოლირებული ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ, ოჯახების ნახევარზე მეტი დახმარებას იღებდა. ვფიქრობდი, რომ ისინი განწირულნი არიან მთელი ცხოვრება თბილი ლუდის ქილით ხელში ნაცვამ ჯინსებში გაატარონ და მრავალთაგან მხოლოდ ერთს აქვს შესაძლებლობა ოდესმე საზოგადოებაში გამოვიდეს.
მომდევნო ორშაბათს, ვაკვირდებოდი რა, თუ როგორ მიიწევდა წინ დარაბების დამზადების პროექტი, მივხვდი, რომ ნამდვილი უანგარო დახმარების მოწმე გავხდი, რაც ბიზნესის სამყაროსთვის უჩვეულოა. ამან ძალზე შთამაგონა.
ახალგაზრდა თანამშრომლებს სანათესაოს შესახებ შევეკითხე. მათ მითხრეს, რომ ტომის როლი მათ ცხოვრებაზე დიდი ხნის წინ დაიკარგა. რამდენიმემ წინაპართა ლეგენდები გაიხსენა იმ დროზე, როდესაც კონტინენტზე მხოლოდ აბორიგენთა რასა ცხოვრობდა. იქ იყვნენ მლაშე წყლის ხალხის, ემუს ხალხის, და სხვების წარმომადგენლები, მაგრამ ახლა მათ ცხადად არ სურდათ, მათთვის მათი მუქი კანი და თეთრებისგან განსხვავებები შეეხსენებინათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაქორწინდებოდნენ უფრო ღია ფერის კანის პატრონზე და ბოლოს და ბოლოს მათი შვილები გარშემომყოფებთან შედარებით განსხვავებული არ იქნებოდნენ.
ჩვენი კომპანია ყველა კრიტერიუმით საკმაოდ წარმატებული იყო, ამიტომ არ გამკვირვებია, როდესაც ერთხელ დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს, რომელსაც ავსტრალიის მეორე ბოლოში აბორიგენთა ტომი მართავდა. ადამიანი, ვინც მირეკავდა, მიმტკიცებდა, რომ ეს უბრალო შეხვედრა კი არა, ჩემი შეხვედრაა. „გთხოვთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ჩამოსვლა შეძლოთ“, - დაჟინებით მიმეორებდა უცნობი, კილოს მიხედვით - აბორიგენი.
მე ახალი სამოსი და ორმხრივი ავიაბილეთი შევიძინე, სასტუმრო დავჯავშნე. კოლეგებს ვუთხარი, რომ გარკვეული დროით მივემგზავრები, და ავუხსენი, რატომ მიხმობენ. ჩემი სიხარულით სავსე გრძნობები ჯეფს, ჩემს დიასახლისს და ქალიშვილს წერილში გავუზიარე. მიხაროდა, რომ ასე შორს მყოფმა ადამიანებმა ჩვენი პროექტის შესახებ გაიგეს და მადლიერების გამოხატვა ისურვეს.
სასტუმროდან შეხვედრის ადგილამდე მანქანას უზრუნველყოფენ, - დამარწმუნეს ტელეფონით. მოვილაპარაკეთ, რომ შუადღეს მომაკითხავდნენ. როგორც ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო სადილი ჩემს საპატივცემულოდ. დავინტერესდი, რა უნდა გვეჭამა.
მაშ ასე, ოოტა ზუსტად თორმეტ საათზე გამოცხადდა, თუმცა აბორიგენთა მენიუს საკითხი უპასუხოდ დარჩა.