სიზმარმჭერი
ის დილა მღელვარებით დაიწყო, როდესაც, ჩვეულებისამებრ, პირით აღმოსავლეთისკენ ნახევარწრეზე მოვეწყვეთ. მოახლოებული გარიჟრაჟი მხოლოდ ცის უმნიშვნელო შეფერადებამ გვამცნო. ქალი სული ცენტრში გამოვიდა და ტომის ბელადი შეცვალა, რომელმაც დილის თაყვანისცემის თავისი ნაწილი დაასრულა.
ქალ სულს და მე ფიზიკურად ბევრი გვქონდა საერთო. ის ერთადერთი იყო ტომის ქალებს შორის, ვინც 120 ფუტს იწონიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ წონას ვკარგავდი, რადგან საშინელ სიცხეში მიწევდა სიარული და დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამდი. მთელ სხეულში იმდენად ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი მქონდა განვითარებული, რომ ქვიშაში ჩემს ნაფეხურებზე აღბეჭდილი ღვარად წამოსული ოფლის კვალი სიამოვნებას მგვრიდა.
ჩვენი ნახევარწრის ცენტრში ქალი სული იდგა და თავზემოთ აწეული ხელებით ცაში უხილავ აუდიტორიას თავის ნიჭს სთავაზობდა. მას სურდა, ამ დღეს ღვთაებრივი ერთობის გამტარი ყოფილიყო. მას სურდა ნიჭი ჩემთვის, მათთან ერთად მოგზაური, ნაშვილები დამახინჯებულისთვის გაეზიარებინა. მან თხოვნა დაასრულა და ხმამაღლა, გრძნობით წარმოთქვა სამადლობელი. საპასუხოდ მადლიერება ყველამ ხმამაღლა გამოხატა ჯერ კიდევ არმიღებული იმ დღის ძღვენისთვის. როგორც მითხრეს, ჩვეულებრივ ამას მდუმარედ აკეთებენ, მათ აზრის დონეზე შეუძლიათ ურთიერთობა. მაგრამ მე ახალი ვიყავი, ტელეპატიას არ ვფლობდი, ამასთან სტუმარივით მეპყრობოდნენ, ამიტომ ურთიერთობას ისეთ დონეზე ამყარებდნენ, რომელზეც მოვლენების აღქმა შემეძლო.
იმ დღეს გვიან საღამომდე ვიარეთ. გზაზე თითქმის არ შეგვხვედრია მცენარეები, რაც მახარებდა, რადგან ეკლები არ მესობოდა ტერფებში.
მდუმარება საღამოსკენ დაირღვა, როდესაც რომელიღაცამ ჯუჯა ხეების კორომი შენიშნა. ამ უცნაური მცენარეების ღერო ზემოთ უზარმაზარი ბუჩქივით იტოტებოდა. სწორედ ამ ხეების ნახვას ითხოვდა და მოელოდა ქალი სული.
წინა საღამოს, როდესაც კოცონთან ვისხედით, მან და კიდევ სამმა ქალმა რამდენიმე ტყავის ნაგლეჯი აიღეს და ხის ჩარჩოებს შემოაკრეს. დღეს ისინი თან მოჰქონდათ. კითხვებს არ ვსვამდი, რადგან ვიცოდი, დროთა განმავლობაში ყველაფერს გავიგებდი.
ქალმა სულმა ხელი ჩამჭიდა და ხეებისკენ გამახედა, თან მათზე მიმითითებდა. ვიყურებოდი და ვერაფერს ვხედავდი. მისმა მღელვარებამ მაიძულა, მეტი ყურადღება გამომეჩინა. და უცებ ობობას უზარმაზარი ქსელი - თეთრი, მჭიდრო, რთული, ასობით გადახლართული ძაფისგან შედგენილი ორნამენტი დავინახე. მსგავსი ქსელი რამდენიმე ხეზე იყო. ქალმა სულმა რაღაც უთხრა ოოტას, მან კი, თავის მხრივ, მიბრძანა ქსელი ამომერჩია. არ ვიცოდი, მაინც რომელი ამომერჩია, მაგრამ უკვე შევითვისე, რომ ხალხი ამ ტომში ასეთ შემთხვევებში თავის ინტუიციას ენდობა. ერთ-ერთ ხეზე მივუთითე.
მაშინ ქალმა სულმა წელზე, ქამარზე შებმული ტოპრაკიდან არომატული ზეთი ამოიღო და ხის მრგვალ ჩარჩოზე შემოკრულ ტყავზე წაუსვა. მან ამორჩეულ ქსელს ფოთლები მოაცილა, ჩარჩო ფოთლებსა და ქსელს შორის მოათავსა და თავისკენ მკვეთრად გამოსწია - მასზე, როგორც სურათზე, მთელი ქსელი მიეწება. ვაკვირდებოდი, როგორ გამოდიოდნენ სხვა ქალები, რომელთაც ასევე მრგვალი ჩარჩოები ეჭირათ, არჩევდნენ ქსელებს და ზუსტად ასეთი მკვეთრი მოძრაობით ფარფატა ქსელს მზა ჩარჩოში ათავსებდნენ.
სანამ ჩვენ ვერთობოდით, სხვებმა კოცონი გააჩაღეს და ვახშმისთვის საკვების - ჯუჯა ხეებზე მცხოვრები დიდი ობობების, შესახედად თალგამის მსგავსი ფესვების და ბოლქვების შეგროვებას შეუდგნენ, რომლებიც ადრე არ გამესინჯა.
ვახშმის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, წრიულად დავჯექით. ქალმა სულმა მისი ნიჭის არსი აგვიხსნა. ყველა ადამიანი უნიკალურია, ყველას აქვს გარკვეული კარგი თვისებები, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ნიჭად იქცეს. მის წვლილს საზოგადოებაში წარმოადგენდა ის, რომ ის სიზმარმჭერი იყო. მითხრეს, რომ სიზმარს ყველა ხედავს. ყველა ვერ იმახსოვრებს ან არ ესმის, რის შესახებაა ის, მაგრამ სიზმარს ყველა ხედავს. „სიზმრები რეალობის ჩრდილია“, თქვა ქალმა სულმა. ყველაფერი რაც არსებობს, რაც აქ ხდება, სიზმრების სამყაროშიც ხელმისაწვდომია. ყველა კითხვის პასუხი იქაა. ობობას განსაკუთრებული ქსელები რიტუალისთვისაა საჭირო, როდესაც სამყაროს ცეკვით და სიმღერით სთხოვენ სიზმრებში წინამძღოლობას. შემდეგ ქალი სული სიზმრის მნახველს გზავნილის გაცნობიერებაში ეხმარება.
რამდენადაც მივხვდი, სიტყვა სიზმარხილვა გაცნობიერების დონეს აღნიშნავს. ასე მაგალითად, წინაპართა სიზმარხილვაა, როდესაც აზრი ქმნის სამყაროს; სიზმარი სხეულს გარეთ, ესაა ღრმა მედიტაცია. არსებობს სიზმარი ჩვენთვის ჩვეული მნიშვნელობით და ა.შ.
ტომის წევრები სიზმარმჭერებს სრულიად სხვადასხვა სიტუაციებში იყენებენ. თუ მათ დახმარება ურთიერთობის, ჯანმრთელობის ან გამოცდილებასთან დაკავშირებულ საკითხებში სჭირდებათ, ისინი თვლიან, რომ პასუხის გაგება სიზმარში შეიძლება. დამახინჯებულებმა სიზმრის სამყაროში შეღწევის მხოლოდ ერთი გზა იციან: დაწვნენ და დაიძინონ. მაგრამ ჭეშმარიტ ადამიანებს შეუძლიათ დაძინების გარეშე გადაერთონ ცნობიერების სხვა დონეზე. ამასთან მათ არ ესაჭიროებათ ნარკოტიკები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს; სუნთქვითი ტექნიკების და კონცენტრაციის მეშვეობით ისინი ცნობიერად გადადიან სიზმრების სამყაროში.
მითხრეს, რომ სიზმარმჭერთან ერთად მეცეკვა. ტრიალი განსაკუთრებით შედეგიანია. კითხვა მკაფიოდ უნდა დასვა აზრობრივად და ტრიალისას ეს კითხვა შეუჩერებლად უნდა იმეორო. ყველაზე ეფექტიანი ტრიალია და აბორიგენები ამას ხსნიან იმით, რომ ტრიალისას სხეულის შვიდ მნიშვნელოვან ცენტრში ენერგეტიკული მორევი წარმოიქმნება: საჭიროა ხელებგაშლილი დგომა და ყოველთვის მარჯვნივ ტრიალი.
ძალიან მალე თავბრუ დამეხვა; მიწაზე დავჯექი და გავიფიქრე, თუ რაოდენ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. აქ, სადაც ერთი ადამიანიც კი არაა კვადრატულ კილომეტრზე, ტერიტორია კი სამჯერ მეტია ტეხასზე, მოცეკვავე დერვიშივით ვტრიალებ, ქვიშას ვამტვერებ, სიზმარმჭერით ჰაერს ვკვეთ და ჰაერის ეს ვიბრაცია უსასრულო სივრცეს ეფინება.
ამ ტომის ხალხი ღამით სიზმრებს არ ნახულობს, თუ თავად არ იწვევენ სიზმარს. მათთვის ძილი დასვენების და სხეულის აღდგენის დროა. ეს არ უნდა იყოს დრო, როდესაც ენერგია სხვადასხვა მიზანზე ნაწილდება. მათ მიაჩნიათ, რომ დამახინჯებულები ღამით იმიტომ ხედავენ სიზმრებს, რომ დღისით მათ საზოგადოებაში ამის გაკეთება აკრძალულია; სიზმრის ღია თვალებით ნახვა კი საერთოდ წარმოუდგენელია.
ბოლოს და ბოლოს ძილის დროც დადგა. ქვიშა გავასწორე და ბალიშის ნაცვლად ხელი ამოვიდე თავქვეშ. წყლით სავსე პატარა ჭურჭელი მომცეს და მირჩიეს, ნახევარი ახლა, დანარჩენი კი გაღვიძებისას დამელია. ეს სიზმრის დეტალურად გახსენებაში დამეხმარებოდა. მე დავსვი კითხვა, რომელიც განსაკუთრებით მაღელვებდა: როგორ გამოვიყენო მიღებული ინფორმაცია, როდესაც მოგზაურობა დასრულდება?
დილით ქალმა სულმა ოოტას მეშვეობით სიზმრის გახსენება მთხოვა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ის ვერ შეძლებდა მის ახსნას, რადგან მასში თითქოს არაფერს ავსტრალიასთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ სიზმარი მაინც დაწვრილებით მოვუყევი. მას ძირითადად აინტერესებდა ჩემი შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც დაკავშირებული იყო სიზმრის საგნებთან და მოვლენებთან. საოცარია, როგორ მოახერხა ჩემი გაგება, როდესაც სიზმარში ნანახი ცივილიზებული ცხოვრების წესი მისთვის სრულიად უცხო იყო.
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ბევრი ქარიშხალი მომელის, რომ ადამიანები და საქმეები, რომლებსაც დრო და ძალები შევალიე, ჩემი ცხოვრებიდან წავლენ, მაგრამ ახლა ვიგრძენი, რას ნიშნავს იყო მშვიდი და კონცენტრირებული, და ამ შეგრძნების გახსენება საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შემეძლო. მივხვდი, რომ ერთი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმეს განცხოვრებაა შესაძლებელი, და რომ წარსულში კარი ჩემთვის უკვე დაკეტილა. გავიაზრე, რომ დადგა დრო, როდესაც ვეღარ შევძლებ იმ ადამიანებთან, იმ ადგილზე, იმავე ღირებულებებით და წარმოდგენებით დარჩენას, რაც ადრე მქონდა. ჩემი შინაგანი სულიერი ზრდისთვის ფრთხილად მივხურე კარი და ახალ ადგილას, ახალ ცხოვრებაში შევაბიჯე, რაც სულიერ კიბეზე ერთი საფეხურით ასვლის ტოლფასი იყო. და რაც მთავარია, მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დიდად არაფერი უნდა მოვიმოქმედო, უბრალოდ, უნდა ვიცხოვრო იმ პრინციპებით, რომლებიც ჭეშმარიტად მიმაჩნია, და მაშინ შევეხები მათ ცხოვრებას, ვისთანაც ბედი შემახვედრებს. კარები გაიღება. ბოლოს და ბოლოს, გზავნილი ჩემგან არ მოდის; მე მხოლოდ მაცნე ვარ.
დამაინტერესა, რა დაესიზმრათ მათ, ვინც სიზმარმჭერით იცეკვა. კითხვის დასმა ვერ მოვასწარი, რომ ოოტამ მიპასუხა: - ინსტრუმენტების ოსტატს სურს, რომ სიზმარი მოყვეს. ინსტრუმენტების ოსტატი ხანშიშესული კაცი იყო, რომელიც არა მხოლოდ შრომის იარაღებს, არამედ ფუნჯებს, სამზარეულოს ჭურჭელს და თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ინვენტარს ამზადებდა. მას აინტერესებდა, რატომ სტკივა კუნთები. სიზმარში მან კუ ნახა: ის წყლიდან ამოვიდა, მაგრამ რადგან ერთ მხარეს ორი ფეხი აკლდა, გვერდზე გადაქანდა. ქალმა სულმა ის ჩემს მსგავსად გამოკითხა ნანახის შესახებ და დაასკვნა, რომ დადგა დრო, მან თავისი ხელობა ვინმეს შეასწავლოს. ოდესღაც მას მოსწონდა ტომისთვის საგნების დამზადება, მაგრამ ახლა ეს სიხარულს აღარ ანიჭებდა და მხოლოდ მოვალეობის გრძნობა დარჩა, და მას მიანიშნეს, რომ დროა რაღაც შეცვალოს. ის ცალმხრივი გახდა, მუშაობას და თამაშს ვეღარ აბალანსებდა.
შემდეგ ვაკვირდებოდი, როგორ ასწავლიდა ის სხვებს, და როდესაც ცნობისმოყვარეობით ვკითხე, სტკივა თუ არა მას კუნთები, გაიღიმა, რის გამოც დანაოჭებული სახე კიდევ უფრო დაეღარა, და თქვა: აზროვნებასთან ერთად სახსრებიც მოქნილი ხდება. ტკივილი სავსებით გაქრა.