თავი მესამე - ბუნებრივი ფეხსაცმელი
სულ მცირე მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც ფეხებში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, დავიხარე და კანში ჩარჭობილი ეკლები დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლებს ვიძრობდი, ყოველი ნაბიჯის შემდეგ მათი რაოდენოდა სულ უფრო მატულობდა. ვცდილობდი ცალ ფეხზე მეხტუნა და პარალელურად მეორედან ეკლები ამომეღო. როგორც ჩანს, ეს სასაცილოდ ეჩვენებოდათ ჯგუფის წევრებს, რომლებიც უკან იხედებოდნენ. მათი ღიმილი ახლა ღიად დამცინავი იყო. ოოოტა შეჩერდა და დამელოდა, მის სახეზე თანაგრძნობა გამოიხატა, როდესაც მითხრა: დაივიწყე ტკივილი! ეკლებს მაშინ ამოიღებ, როდესაც დავბანაკდებით. მოთმენა ისწავლე. სხვა რამეზე კონცენტრირდი. შენს ფეხებს მოგვიანებით მივხედავთ. ახლა ვერაფერს ვუშველით.
სწორედ მისი სიტყვები „სხვა რამეზე კონცენტრირდი“ აღმოჩნდა ჩემთვის მნიშვნელოვანი. მე ტკივილით გატანჯულ ასეულობით პაციენტთან მიმუშავია, განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, როგორც აკუპუნქტურის სპეციალისტს. ძალიან ხშირად ტერმინალურ სიტუაციებში ადამიანმა ცნობიერების გამთიშავ წამალსა და აკუპუნქტურას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩემი კონსულტაციებისას საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწორედ ამ ფრაზას ვიყენებდი. მე ჩემი პაციენტისგან ველოდი, რომ ისინი შეძლებდნენ ამის გაკეთებას, ახლა კი ამას თავად ჩემგან მოელოდნენ. სათქმელად ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ ჯამში მე ეს შევძელი.
რამოდენიმე ხნის შემდეგ შესასვენებლად გავჩერდით, და აღმოვაჩინე, რომ ეკლების უმეტესობა გადატეხილიყო. იარებიდან სისხლი ჟონავდა, კანქვეშ ხიჭვები ჩარჩენილიყო. ეკალ-ბარდებში მივიკვლევდით გზას. ბოტანიკოსები მას სანაპიროს ბალახს უწოდებენ, ის ქვიშაზე იზრდება და ტენის ნაკლებობისას დაგრეხილი და სამართებელივით ალესილი ფოთლების მეშვეობით ცოცხლობს. სიტყვა ბალახი ამ შემთხვევაში ძალზე პირობითია. ის არაფრით ჰგავს ჩემთვის ნაცნობ რომელიმე ბალახს. მის სამართებელივით ალესილ ფოთლებს დამატებით ეკლები ამშვენებს, როგორც კაქტუსს. შერჭობისას ისინი კანის მტკივნეულ შესიებას და გაღიზიანებას იწვევენ. საბედნიეროდ, ბოლომდე ჩაკეტილი არსება არ ვარ, ხანდახან გარუჯვაც მიყვარს და ფეხშიშველიც ხშირად დავდივარ, მაგრამ ასეთი გამოცდისთვის ჩემი ტერფები ნამდვილად არ იყვნენ მზად. ტკივილი იზრდებოდა, და ყველა ფერის სისხლი - ყავისფერიდან დაწყებული ღია წითლით დამთავრებული - მომდიოდა ფეხებიდან, თუმცა კი ვცდილობდი, დაბიჯებისას ძალზე ყურადღებით ვყოფილიყავი. ძირს ვიყურებოდი და ფრჩხილებზე ნახევრად წაშლილ ლაქს სისხლის ლაქებისგან უკვე ვეღარ ვარჩევდი. ბოლოს ფეხები დამიბუჟდა.
სრული მდუმარებით მივდიოდით. უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. ქვიშა თბილი იყო, მაგრამ მწველი არა. მზე აცხუნებდა, თუმცა სიცხე ასატანი იყო. ხანდახან, თითქოს შევეცოდეო, ხანმოკლე გრილი ნიავი მიბერავდა. წინ ვიყურებოდი, თუმცა ცასა და მიწას შორის მკვეთრ ჰორიზონტს ვერ ვხედავდი. საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ერთი და იგივე ჩანდა - როგორც აკვარელზე, სადაც ცა გადღაბნილია და ქვიშას ერწყმის. ჩემმა მეცნიერულმა ჭკუა-გონებამ ამ სიცარიელეში კომპასის მეშვეობით გარკვევა ისურვა. ათასი ფუტის იქით ჰორიზონტზე ღრუბელი ეულ ხეს გვირგვინივით ედგა თავზე. მხოლოდ ქვიშის ხრაშა-ხრუში ისმოდა ფეხქვეშ, თითქოს ელვა შესაკრავს ხსნიდნენ და ისევ კრავდნენ. ამ მონოტონურობას დროდადრო ახლომდებარე ბუჩქებიდან უდაბნოს რომელიღაც ცხოველის ხმა არღვევდა. დიდი ყავისფერი შევარდენი თითქოს არსაიდან გაჩნდა და ჩემს თავზემოთ დაიწყო ტრიალი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ის ჩემს წარმატებებს აკვირდებოდა. შევარდენი მხოლოდ მე დამტრიალებდა თავზე. მაგრამ სხვებისგან იმდენად განვსხვავდებოდი, რომ შემეძლო გამეგო, რატომ სჭირდებოდა მას ჩემი ახლოდან შეთვალიერება.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩვენი კოლონა გაჩერდა და სვლა უკვე სხვა მიმართულებით გააგრძელა. ამან გამაოცა: კურსის ცვლილების ბრძანება არ გამიგონია. როგორც ჩანს, ის ჩემს გარდა ყველამ იგრძნო. ვიფიქრე, რომ ისინი რაღაც კვალს მიჰყვებოდნენ, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო - ქვიშასა და ეკლებს შორის ბილიკის ნასახიც კი არ ჩანდა. ჩვენ უდაბნოში მივხეტიალობდით.
ჩემს თავში აზრები უწესრიგოდ ირეოდა. სიჩუმეში ძალზე იოლი აღსაქმელი იყო, კერძოდ რა და როგორი თანმიმდევრობით მომდიოდა თავში აზრები.
ნუთუ ეს მართლა ხდება? იქნებ სიზმარია? მათ თქვეს, რომ ავსტრალია უნდა შემოიარონ. მაგრამ ეს შეუძლებელია! თვეობით სიარული! ეს უგუნურებაა, ბოლოს და ბოლოს. მათ ხომ გაიგონეს, დახმარებას რომ ვითხოვდი. რას ნიშნავს ეს? ეს ისაა, რისთვისაც დავიბადე! რა ხუმრობაა. მიყრუებული ადგილების შესწავლისთვის ტანჯვა ჩემს ცხოვრებისეულ გეგმებში არასდროს შედიოდა. მაღელვებდა, როგორ იმოქმედებდა ჩემი გაქრობა ჩემს შვილებზე, განსაკუთრებით კი ქალიშვილზე. მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. გამახსენდა ჩემი დიასახლისი, ხანში შესული მედიდური ქალი. თუ დროზე არ ვუხდიდი ქირას, ის მეხმარებოდა მფლობელებთან პრობლემის მოგვარებაში. სწორედ წინა კვირას ავიღე ქირით ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. ჰოდა, მათი ჩამორთმევა გადაუხდელობის გამო -ახალი გამოცდილება იქნება!
ამ მომენტამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ერთ დღეზე მეტი ხნით წამოვედით. ბოლოს და ბოლოს, არც საჭმელი ჩანდა სადმე და არც სასმელი.
ხმამაღლა გამეცინა! პირადი ხუმრობაა. რამდენჯერ მითქვამს, რომ ეკზოტიკური მოგზაურობის მოგება მსურდა სრულად დაფარული ხარჯებით! და აი ისიც. რაც საჭირო იყო, ყველაფერი მომართვეს. არც კბილის ჯაგრისის წაღება იყო საჭირო და არც გამოსაცვლელი სამოსის. რა თქმა უნდა, მხედველობაში ეს არ მქონდა, მაგრამ მაინც, დრო და დრო, სწორედ ამას ვამბობდი.
დღის განმავლობაში ჩემი ტერფები იმდენი იარით დაიფარა, რომ კიდურები ნახეთქების, სისხლის კოლტებისა და ბებერების გაერთიანებით ერთ უფორმო, უფერულ, გაბუჟებულ მასად იქცა. ფეხები გამიხევდა, მხრები მეწვოდა და მტკიოდა, სახე და ხელები გამიწითლდა და გამიუხეშდა. იმ დღეს დაახლოებით სამი საათი ვიარეთ. ჩემი გამძლეობა ზღვარზე იყო. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ თუ არ დავჯდებოდი, უბრალოდ ადგილზე მოვკვდებოდი. მაგრამ უცებ რაღაც იპყრობდა ჩემს ყურადღებას: ან ჩემს თავზე შევარდენი გამოჩნდებოდა თავისი ხაფი ყივილით, ან ჯგუფის წევრთაგან რომელიმე მიახლოვდებოდა და წყალს მთავაზობდა უცნაური ჭურჭლიდან, რომელიც თოკით ყელზე ან წელზე ეკიდა. ყურადღების გადატანისას სასწაულებრივად ფრთაშესხმულს ახალი ძალა მავსებდა, მეორე სუნთქვა მეხსნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ღამის გასათევად დაბანაკების დროც დადგა.
მაშინვე ყველა საქმეს შეუდგა. კოცონი გააჩაღეს, ოღონდ არა ასანთის გამოყენებით, არამედ მეთოდით, რომელიც სკაუტი გოგონების სახელმძღვანელოში „ველური ბუნება“ მქონდა ამოკითხული. არასდროს მიცდია ცეცხლი ჩხირის ამოღრუტნულ ნახვრეტში ტრიალით დამენთო. ეს არც ჩვენს მასწავლებლებს გამოსდიოდათ. მათ მხოლოდ გახურება შეეძლოთ ისე, რომ ცეცლის პაწაწინა ალი ჩნდებოდა, რომელიც მაშინვე ქრებოდა, როგორც კი დაუბერავდნენ. ჩემი ახლანდელი თანამგზავრები კი თავისი საქმის ოსტატები იყვნენ. ერთი ფიჩხებს აგროვებდა, მეორე - მცენარეებს. ორი მამაკაცი ერთად მთელი დღე რაღაც ტვირთს მოათრევდა. ორ გრძელ შუბზე გამობმული უფერული ნაჭერი ტომრის ფუნქციას ასრულებდა, რომლის შიგთავსი სიარულისას გიგანტური ბურთებივით იბურცებოდა. ახლა მათ ტომარა მიწაზე დაუშვეს და იქიდან რამდენიმე ნივთი ამოიღეს.
ძალზე მოხუცი ქალი მომიახლოვდა. ის ჩემი ოთხმოცდაათი წლის ბებიასავით გამოიყურებოდა. თმა სრულიად თეთრი ჰქონდა. სახე ნაოჭებს დაეღარა. მისი სხეული გამხდარი, ძლიერი და ელასტიური იყო, მაგრამ ფეხები იმდენად გამხმარ-გახევებული ჰქონდა, რომ თითქმის ცხოველის ჩლიქებად ქცეულიყო. მე მას ადრევე მივაქციე ყურადღება - სწორედ ის ქალი იყო, კისერზე და ტერფებზე ოსტატურად მოხატული ორნამენტებით. მოხუცმა ქამრიდან გველის ტყავის ტოპრაკი მოიხსნა და ხელისგულზე შიგთავსი გადმოღვარა, რომელიც თხევად უფერო ვაზელინს წააგავდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ფოთლებიდან მიღებული მცენარეული ზეთების ნარევი იყო. ქალმა ფეხებზე მიმანიშნა, მეც თავი დავუქნიე დახმარებაზე თანხმობის ნიშნად. ის დაჯდა, ჩემი გასიებული ფეხები აიღო და მალამოს შეზელას შეუდგა, თან ძილისპირულის მსგავს რომელიღაც დამამშვიდებელ მელოდიას მღეროდა. ოოოტას ვკითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
- ის ბოდიშს უხდის შენს ფეხებს. ის მათ ეუბნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან შენთვის. ის არწმუნებს მათ, როგორ ვაფასებთ ჩვენ შენს ფეხებს, და სთხოვს მათ, იყვნენ ჯანმრთელები და ძლიერები. ის განსაკუთრებულ ხმებს გამოსცემს, რომლებიც იარებს და წყლულებს განკურნავს, ასევე ჩირქი გარეთ გამოაქვს. ის სთხოვს შენს ფეხებს, გახდნენ ძალიან ძლიერები და მაგრები.
ეს არ იყო ჩემი წარმოსახვა. მწველმა, მტკივნეულმა, ღია ჭრილობებმა მართლაც შემცირება დაიწყეს და მე თანდათან შვება ვიგრძენი.
ბებიას კალთაში ფეხებჩაწყობილი ვიჯექი და გონებაში დღევანდელი გამოცდილების რეალობას ეჭვქვეშ ვაყენებდი. როგორ მოხდა ეს? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?