კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

Liber Primus

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ

 

თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, შეგიძლიათ ჩაგვირიცხოთ დონაციები:

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული 

პირადი ნომერი: 35001029103 

 

Liber Primus

ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნება მორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველა ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. (ესაია 53:1-6)

რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. (ესაია 9:5)

სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ (იოანე 1:14)

მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს. გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები. დასიცხული მიწა ტბორად გადაიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმინდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. (ესაია 35:1-8)

 

დაწერილი კარლ გუსტავ იუნგის ხელით 1915 წელს მის სახლში კიუსნახტში/ციურიხში.

დღევანდელი სულისკვეთებით ასე უნდა ვთქვა: ვერავინ და ვერაფერი დაადასტურებს იმას, რაც მე თქვენ უნდა გაუწყოთ. დადასტურება ჩემთვის ზედმეტია, რადგან მე არ მაქვს არჩევანი, არამედ ვალდებული ვარ. შევიცანი, რომ დროის სულის გარდა შემოქმედია ასევე სული, სწორედ ის, რომელიც თანამედროვეობაში ყოველგვარ სიღრმეს მართავს. დროის სულს სურს სარგებლისა და ფასეულობის შესახებ მოსმენა. მეც ასე ვფიქრობდი, და ჩემი ადამიანური მხარე ახლაც ასე ფიქრობს. მაგრამ ის სხვა სული მაიძულებს ვილაპარაკო, დასტურის, სარგებლისა და აზრის მიუხედავად. ადამიანური სიამაყით სავსე და დროის სულის თავდაჯერებით დაბრმავებული ვცდილობდი შორს ვყოფილიყავი იმ სხვა სულისგან. მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ სიღრმის სული უხსოვარი დროიდან და სამარადისოდ უფრო დიდი ძალაუფლების მქონეა, ვიდრე დროის სული, რომელიც თაობების მიხედვით იცვლება. სიღრმის სულმა ყოველი სიამაყე და ყოველი ამპარტავნება სამართლიანობის ძალას დაუმორჩილა.  მან განმაშორა მეცნიერების რწმენას, მან წამართვა სიხარული რომ ვხსნიდე და წესრიგში მომყავდეს, და წაშალა ჩემში ამ დროის იდეალებისადმი ერთგულება. მან მაიძულა მიმემართა უკანასკნელი და უმარტივესი საგნებისთვის.

სიღრმის სულმა აიღო ჩემი შეგნება და მთელი ჩემი ცოდნა და მსახურად დაუყენა გამოუთქმელსა და წინააღმდეგობრივს. მან წამართვა სიტყვა და ნაწერი იმის შესახებ, რაც მას არ ემსახურება, კერძოდ კი ერთმანეთში გადაადნო აზრი და უაზრობა, რომელიც უმაღლეს აზრს იძლევა.

უმაღლესი აზრი არის გზა და ხიდი მისკენ, ვინც მოდის. ეს არის ღმერთი, რომელიც მოდის. ეს არის არა თავად ღმერთი, რომელიც მოდის, არამედ მისი ხატება, რომელიც უმაღლეს აზრში ცხადდება. ღმერთი არის ხატება, და ისინი ვინც მას სცემენ თაყვანს, უმაღლესი აზრის ხატებაში უნდა სცემდნენ მას თაყვანს. უმაღლესი აზრი არ არის აზრი და არ არის უაზრობა, ის არის ხატება და ძალა გადმოცემული ერთში, დიდება და ძალა ერთად. უმაღლესი აზრი არის დასაბამი და მიზანი. ეს არის ხიდი გადასალახად და აღსასრულებად.

სხვა ღმერთები მოკვდნენ რადგან დროებით იყვნენ, ხოლო უმაღლესი აზრი არ კვდება, ის მიმოიქცევა აზრსა და უაზრობას შორის, მათი წინააღმდეგობის ცეცხლისა და სისხლისგან ამაღლდება უმაღლესი აზრი, კვლავ აღორძინებული.

ღმერთის ხატებას ჩრდილი აქვს. უმაღლესი აზრი ნამდვილად გამოსცემს ჩრდილს. მაშ რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და სხეულის მქონე და არ ჰქონდეს ჩრდილი?

უაზრობა არის ჩრდილი. მას არ აქვს ძალა და არ არსებობს თავისთავად. მაგრამ უაზრობა არის უმაღლესი აზრის განუყრელი და უკვდავი ძმა.

ადამიანები იზრდებიან, მცენარეთა მსგავსად, ზოგი სინათლეზე, ზოგი კი ჩრდილში. ბევრია, ვისაც ჩრდილი სჭირდება და არა სინათლე.

ღმერთის ხატება გამოსცემს ჩრდილს, რომელიც ამ ხატებასავით დიდია.

უმაღლესი აზრი არის დიდი და პატარა, ის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მსგავსად ვრცელია და ცოცხალი სხეულის უჯრედივით ვიწრო.

დროის სულს ჩემში სურდა ეღიარებინა, თუ როგორი დიადი და ვრცელია უმაღლესი აზრი, მაგრამ არ სურდა ეღიარებინა თუ როგორი მცირეა იგი. მაგრამ სიღრმის სულმა სძლია ამ ამპარტავნებას და მე მომიწია გადამეყლაპა ეს სიმცირე როგორც წამალი უკვდავებისთვის. მან მთლიანად დაწვა ჩემი შიგნეული, რადგან ის იყო უსახელო, უგმირო, ის იყო სასაცილო და ამაზრზენიც კი. მაგრამ სიღრმის სულის მარწუხმა ჩამავლო და მე მომიწია ყველაზე მწარე სასმლის შესმა.

დროის სული მაცდუნებდა იმ აზრით, რომ ყოველი არსი ღმერთის ხატების ჩრდილს ეკუთვნის. ეს იყო დამღუპველი სიცრუე, რადგან ჩრდილი არის უაზრობა. მაგრამ ყოველივე მცირე, ვიწრო, ყოველდღიური არ არის უაზრობა, არამედ ეს არის ღვთაებრივი ყოფიერების მეორე მხარე.

მე არ ვაღიარებდი, რომ ყოველდღიურობა ღვთაებრივ ხატებას ეკუთვნის. მე გავურბოდი ამ აზრს, ვემალებოდი ამას უმაღლეს და ყველაზე ცივ ვარსკვლავებს მიღმა.

მაგრამ სიღრმის სულმა მიპოვა და ჩემი ბაგეებით შემასვა სიმწარე.

დროის სული მიჩურჩულებდა: „ეს უაზრობა, ეს ღვთის ხატება, ეს ცხელისა და ცივის შენადნობი ხარ შენ და მხოლოდ შენ.“ მაგრამ სიღრმის სული მეუბნებოდა: „შენ ხარ უსასრულო სამყაროს ხატება,  ქმნადობისა და წარმავლობის ყოველი საიდუმლოა შენში. ეს ყველაფერი შენში რომ არ იყოს, როგორ შეიმეცნებდი ამას?“

სიღრმის სულმა ეს სიტყვა ჩემი ადამიანური სისუსტის გამო მითხრა. ეს სიტყვაც ზედმეტია, რადგან მე პირდაპირ კი არ ვსაუბრობ, არამედ რადგან უნდა ვთქვა ეს. ვამბობ, რადგან თუ არ ვიტყვი, სული წამართმევს სიხარულსა და სიცოცხლეს. მე ვარ მსახური, რომელსაც ის მოაქვს და არ იცის რა აქვს ხელში. მას ხელი დაეწვება, თუ არ დადებს იქ, სადაც ბატონი ამის დადებას უბრძანებს.

დროის სული მესაუბრებოდა და მეუბნებოდა: „რა გაიძულებს, რომ ეს ყველაფერი თქვა?“ ეს ცდუნება იყო მძიმე. მინდოდა დავფიქრებულიყავი, შინაგანი ან გარეგანი საჭიროება მაიძულებდა ამას, და რადგან ვერ გავიაზრე საჭიროება, მზად ვიყავი ეს გამომეგონა. მაგრამ დროის სული ამით თავისას გაიტანდა, რომ სათქმელის მაგივრად მე მიზეზებსა და ახსნაზე ვიფიქრებდი. ხოლო სიღრმის სული მესაუბრებოდა და მეუბნებოდა: „შემეცნება არის გზაზე დასაბრუნებელი ხიდი და შესაძლებლობა. მაგრამ ახსნა არის თვითნებობა და ზოგჯერ მკვლელობაც კი. დაგითვლია მკვლელები სწავლულთა შორის?“

მაგრამ დროის სული მოვიდა ჩემთან და დიდი წიგნები დამიდო წინ, რომლებიც მთელს ჩემს ცოდნას მოიცავდნენ; მისი ფურცლები იყო მადანი, და ფოლადის კალამმა მასზე უმოწყალო სიტყვები ჩაწერა, სულმა მიმითითა იმ უმოწყალო სიტყვებზე, მესაუბრებოდა და მეუბნებოდა: „რასაც შენ ამბობ, არის სიშლეგე.“

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, რასაც ვამბობ არის დიადი სიშლეგე, უგონობა და საზიზღრობა.

მაგრამ სიღრმის სული მოვიდა ჩემთან და მითხრა: „რასაც ამბობ არსებობს. არსებობს უგონობა, არსებობს უღირსი, სნეული, არსებობს სასაცილო უმნიშვნელობა. ის ყოველ  გზაზე მოძრაობს, ყოველ სახლში ცხოვრობს და მართავს მთელი კაცობრობის დღეებს. მარადიული ვარსკვლავებიც უმნიშვნელოა. ის არის დიადი ქალბატონი და ღვთაებრივის ერთადერთი არსი. ამაზე იცინიან და სიცილიც არსებობს. ამ დროების ადამიანო, გჯერა, რომ სიცილი პატივისცემაზე ნაკლებია? სად არის შენი საზომი, ამზომველო? ცხოვრების ჯამს სიცილი და პატივისცემა განსაზღვრავს და არა შენი დასკვნები.“

მეც სასაცილო უნდა ვთქვა. თქვენ, ადამიანებო, რომლებიც მოხვალთ! თქვენ უმაღლეს აზრს იმით შეიცნობთ, რომ ის არის სიცილი და პატივისცემა, სისხლიანი სიცილი და სისხლიანი პატივისცემა; სამსხვერპლო სისხლი პოლუსებს აერთებს. ვინც ეს იცის, იცინის და პატივს მიაგებს ერთი ამოსუნთქვით.

მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ადამიანობა მოვიდა ჩემთან და მითხრა: „როგორი მარტოობისთვის, როგორი ცივი სიცარიელისთვის მიმეტებ მე, როცა ამას ამბობ! გაიაზრე ყოფიერის განადგურება და საზარელი მსხვერპლის სისხლის მდინარეები, რომელსაც სიღრმე მოითხოვს.“

მაგრამ სიღრმის სულმა თქვა: „არავის შეუძლია და არც ვინმემ უნდა შეწყვიტოს მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლი ნიშნავს არა მოსპობას, არამედ ქვაკუთხედია იმის, ვინც მოდის. ხომ გქონდათ მონასტრები? განა მრავალი ათასი უდაბნოში არ წავიდა? მონასტერი თქვენში უნდა ატაროთ. უდაბნო თქვენშია. უდაბნო გეძახით თქვენ და უკან გექაჩებათ, და როცა თანამედროვე სამყაროში თქვენ რკინით ხართ დაბმულები, უდაბნოს ძახილი ყოველგვარ ჯაჭვებს ამტვრევს. ჭეშმარიტად, მარტოობისთვის გამზადებთ მე თქვენ.“

ამის შემდეგ დადუმდა ჩემი ადამიანობა. მაგრამ ჩემს სულში აღსრულდა რაღაც, რასაც მე წყალობა უნდა ვუწოდო.

ჩემი სიტყვა არ არის სრულყოფილი. არა იმიტომ, რომ სიტყვით მინდა ვბრწყინავდე, არამედ  რადგან სიტყვებს ვერ ვპოულობ, ვსაუბრობ სურათ-ხატებით. სხვანაირად ვერ გამოვთქვამ სიღრმიდან წამოსულ სიტყვებს.

წყალობამ, რომელიც ჩემთვის აღსრულდა, მომცა რწმენა, იმედი, საკმარისი გამბედაობა, რომ აღარ შევწინააღმდეგებოდი სიღრმის სულს, არამედ მისი სიტყვებით მესაუბრა. მაგრამ სანამ ამის შესასრულებლად ძალის მოკრება შევძელი, მჭირდებოდა ხილული ნიშანი, რომ სიღრმის სული ჩემში იმავე დროს სამყაროს სიღრმისეულ მოვლენათა აღმსრულებელიც იყო.

ეს მოხდა 1913 წლის ოქტომბერში, როცა მარტო წავედი სამოგზაუროდ და დღისით მოულოდნელად ხილვა მქონდა: ვხედავდი საშინელ წყალდიდობას, რომელიც ჩრდილოეთში ყველგან, ჩრდილოეთის ზღვასა და ალპებს შორის სიღრმეში მდებარე მიწებს ფარავდა. ის წვდებოდა ინგლისიდან რუსეთამდე და ჩრდილოეთის ზღვის ნაპირებიდან თითქმის ალპებამდე. ვხედავდი ყვითელ ღრუბლებს, მოტივტივე ნარჩენებსა და მრავალი ათასის სიკვდილს.

ეს ხილვა გაგრძელდა ორი საათი, მან დამაბნია და ამაღელვა. მე არ შემეძლო მისი ახსნა. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, შემდეგ ხილვა ისევ განმეორდა, უფრო მძაფრად. და შინაგანი ხმა ამბობდა: „შეხედე, ეს სრულიად ნამდვილია, ასეც იქნება. ეჭვიც არ შეგეპაროს.“ ორი საათი ვებრძოდი ხილვას, მაგრამ ის მყარად იდგა. ის მე მღლიდა მაბნევდა. და მეგონა, რომ შევიშალე.

მას შემდეგ მიბრუნდებოდა ძრწოლა იმის გამო, რაც ჩვენს წინაშე იდგა. ერთხელ ვიხილე სისხლის ზღვა ჩრდილოეთის მიწებზე.

1914 წლის ივნისში, თვის დასაწყისსა და ბოლოს, და ივლისის დასაწყისში ერთი და იგივე სიზმარი ვნახე სამჯერ: უცხო ქვეყანაში ვიყავი, და უეცრად, შუა ზაფხულში კოსმოსიდან წარმოუდგენელი და საშინელი სიცივე შემოვიდა, ყველა ზღვა და მდინარე გაიყინა, ყოველგვარი ცოცხალი სიმწვანე გაიყინა.

მეორე სიზმარი ძალიან ჰგავდა პირველს. ხოლო მესამე სიზმარი ივლისის დასაწყისში ასეთი იყო:

შორეულ ინგლისის მიწაზე ვიყავი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავბრუნებულიყავი სამშობლოში ჩქარი გემით. შინ სწრაფად დავბრუნდი. სამშობლოში ვიხილე, რომ შუა ზაფხულში კოსმოსიდან საშინელი სიცივე შემოვიდა, რომელმაც ყოველი ცოცხალი არსება გაყინული გააშეშა. და იდგა ერთი შეფოთლილი, მაგრამ უნაყოფო ხე, რომლის ფოთლები ყინვის ზემოქმედებით მკურნალი წვენით სავსე ტკბილ ყურძნად გადაიქცა. მე მოვკრიფე ყურძენი და მივუძღვენი დიდ, მომლოდინე ბრბოს.

სინამდვილეში ასე იყო: მაშინ, როცა ევროპის ხალხთა შორის დიდი ომი ატყდა, შოტლანდიაში ვიყავი, ომის გამო იძულებული გავხდი ყველაზე ჩქარი გემით მოკლე გზით შინ დავბრუნებულიყავი.საშინლად ციოდა, ყველაფერს აშეშებდა, მე ვნახე წარღვნა, სისხლის ზღვა, და ვნახე ჩემი უნაყოფო ხე, რომლის ფოთლები ყინვამ სამკურნალო საშუალებად გადააქცია. მე ვკრეფ მწიფე ნაყოფს და თქვენ გაძლევთ და არ ვიცი, რას გიძღვნით, რომელ ტკბილ-მწარე მათრობელა სასმელს, რომელიც ენაზე სისხლის გემოს გიტოვებთ.

მერწმუნეთ: ეს არ არის სწავლება და მოძღვრება, რომელსაც გაძლევთ. საიდან უნდა ამეღო, თქვენთვის რომ მესწავლებინა? მე გაუწყებთ ამ კაცის გზის შესახებ, მისი გზის და არა თქვენი გზის შესახებ. ჩემი გზა არ არის თქვენი გზა, ანუ მე თქვენ ვერ გასწავლით. გზა არის ჩვენში, მაგრამ არა ღმერთებში, ან სწავლებებში, ან კანონებში. ჩვენშია გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

ვაი მათ, რომლებიც მაგალითებით ცხოვრობენ! ისინი არ ცხოვრობენ. როცა მაგალითით ცხოვრობთ, თქვენ ცხოვრობთ ამ მაგალითის ცხოვრებით, მაგრამ ვინ უნდა იცხოვროს თქვენი გზით თუ არა თქვენ? მაშ იცხოვრეთ თქვენით.

გზის მაჩვენებლები ძირს ყრია, უცნობი ბილიკებია ჩვენს წინ. ნუ მოისურვებთ უცხო ველების ნაყოფის მოკრეფას. განა არ იცით, რომ თავად ხართ ნაყოფიერი მიწები, რომელიც ყოველივეს ფლობს, რაც შეგერგებათ?

ვინ იცის ეს დღეს? ვინ იცის გზა სულის მარად ნაყოფიერი ველებისკენ? თქვენ გარეგანისკენ ეძებთ გზას, კითხულობთ წიგნებს და ისმენთ აზრებს: რაში გადგებათ ეს?

არის მხოლოდ ერთი გზა და ეს არის თქვენი გზა.

გზას ეძებთ? ჩემი გზის შესახებ გაფრთხილებთ. ისიც მცდარი შეიძლება იყოს.

ყველამ თავისი გზით იაროს.

არ მინდა ვიყო თქვენი მხსნელი, კანონმდებელი ან აღმზრდელი.თქვენ ხომ ბავშვები აღარ ხართ.

დაუდგინო კანონი, უსურვო გაუმჯობესება, შეამსუბუქო - არის შეცდომა და ბოროტება. ყველამ თავისი გზა ეძებოს. გზას მივყავართ ორმხრივი სიყვარულისკენ საზოგადოებაში. ადამიანები დაინახავენ და იგრძნობენ მსგავსებასა და საერთოდ თავიანთ გზებს შორის.

საერთო კანონები და სწავლებები მოსთხოვენ ადამიანს რომ ის იყოს მარტო, ამით ის აიძულებს ჩამოშორდეს არასასურველ ურთიერთობას, მაგრამ მარტოობა ადამიანებს აქცევს სასტიკებად და ავებად.

მიეცით ადამიანებს ღირსება და საშუალება იყვნენ მარტონი, რათა იპოვოს თავისი საზოგადოება და უყვარდეს იგი.

ძალა დგას ძალის წინააღმდეგ, ზიზღი ზიზღის წინააღმდეგ, სიყვარული სიყვარულის წინააღმდეგ. მიეცით ადამიანს ღირსება და ირწმუნეთ, რომ ცხოვრება უკეთეს გზას მონახავს.

ღვთაების ცალი თვალი უსინათლოა, ღვთაების ცალი ყური სმენის გარეშეა, თქვენი წესრიგი ქაოსთან იკვეთება. იყავით მოთმენნი სამყაროს ხეიბრობის მიმართ და ზედმეტ შეფასებას ნუ მისცემთ მის სრულყოფილ მშვენიერებას.

გაგრძელება იქნება...

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff