კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

მაგი (ნაწილი მეორე)

ჩემს გზას ვაგრძელებ. თან მაქვს კარგად გაპრიალებული, ცეცხლში ათჯერ გამოწრთობილი ფოლადის პირი, რომელსაც ჩემს მოსასხამში ვმალავ. წუხელ გველებისადმი სიყვარულით ავენთე და მათი გამოცანა ამოვხსენი. გზაზე ცხელ ქვაზე მათთან ჩამოვჯექი. ვიცი თუ როგორი ცბიერება და წვალებაა საჭირო მათ დასაჭერად, ქუსლში რომ ჩაგავლებენ ხოლმე, სანამ გონს მოხვალ. მათი მეგობარი გავხდი და რბილი მელოდიით ფლეიტაზე მათთვის  ვუკრავდი. მაგრამ ჩემს გამოქვაბულს მათი ელვარე ტყავით ვამკობ. ჩემს გზაზე სიარულის დროს წითელ კლდეს მივუახლოვდი, რომელზეც დიდი აჭრელებული გველი იწვა. რადგან დიადი ფილემონისგან მაგია ვისწავლე, ჩემი ფლეიტა ავიღე და ტკბილი ჯადოსნური მუსიკა დავუკარი, რათა მას დაეჯერებინა, რომ იგი ჩემი სამშვინველია. მან კი პირმოთნედ და მოთმინებით მითხრა: „რასაც შენ გააკეთებ, ყველაფერზე ბალახს ამოვიყვან.“ 

მე: „ეს ნუგეშივით ჟღერს, მაგრამ ბევრს არაფერს მეუბნება.“ 

გველი: „გსურს ბევრი რამ გითხრა? შემიძლია ბანალურიც ვიყო, და როგორც იცი, ამით დავკმაყოფილდე.“

მე: „ჩემთვის ეს რთულია. მეგონა, რომ ყოველივე მიღმა მყოფთან ხარ კავშირში, დიადთან და ყველაზე უჩვეულოსთან. ასე მეგონა, რომ ბანალურობა შენთვის უცხოა.“

გველი: „ბანალურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია.“

მე: „ნაკლებად საკვირველი იქნებოდა, ეს ჩემს თავზე რომ მეთქვა.“

გველი: „რაც უფრო უჩვეულო ხარ შენ, იმდენად ჩვეულებრივი შემიძლია ვიყო. ჩემთვის ნამდვილი ამოსუნთქვაა. ვფიქრობ, შენ გრძნობ ამას, რომ დღეს არ ვიტანჯები.“

მე: „ვგრძნობ ამას და მაწუხებს, რომ შენი ხე ნაყოფს აღარ მომცემს.“

გველი: „უკვე შეწუხდი? ნუ სულელობ და დამასვენე.“

მე: „ვხედავ, მოგწონს ბანალური რომ ხარ. მაგრამ გულთან ახლოს არ მიმაქვს, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რადგან ახლა უკეთ გიცნობ, ვიდრე ადრე.“

გველი: „მიშინაურდები. ვშიშობ, რომ პატივისცემას კარგავ.“

მე: „გეშინია? ვფიქრობ, ეს გადაჭარბებული ნათქვამია. საკმაოდ გათვითცნობიერებული ვარ პათეტიურობისა და ბანალურობის სიახლოვის შესახებ.“

გველი: „მაშ, შეამჩნიე, რომ სამშვინველის განვითარება გველის ხაზით მიდის? ატყობ, როგორ დაჩქარდა დღე-ღამის მონაცვლეობა? თუ როგორ იცვლებიან წყალი და ხმელეთი? და რომ ყოველივე არაზომიერი საზიანოა?“

მე: „ვფიქრობ, რომ ეს დავინახე. ამ თბილ ქვაზე მინდა ცოტა ხნით მზეს მივეფიცხო. იქნებ მზის ქვეშ გამოვიჩეკო.“

გველი კი ნელა მოხოხდა და მოქნილად და საზარლად შემომეხვია ფეხზე. მოსაღამოვდა და დადგა ღამე. გველს მივმართე და ვუთხარი: „არ ვიცი რა ვთქვა. ყველა ქვაბში რაღაც დუღს.“

გველი: „ვახშამი მზადდება.“

მე: „ალბათ სერობა?“

გველი: „შეერთება მთელს კაცობრიობასთან.“

მე: „შემზარავი და ტკბილი აზრი: რომ თავად ხარ სტუმარიც და კერძიც ამ ვახშამზე.“

გველი: „ეს იყო ქრისტეს უდიდესი სიამოვნებაც.“

მე: „როგორი სიწმინდითა და ცოდვით, მხურვალებითა და სიცივით ირევა ყოველივე ერთმანეთში! სიშლეგესა და გონიერებას სურთ შეუღლება, კრავი და მგელი ერთმანეთის გვერდით მშვიდობით არიან. წინააღმდეგობები ეხვევიან ერთმანეთს, თვალებში შესცქერიან და ცვლიან ერთმანეთს. ტანჯვით სავსე სიამოვნებაში შეიცნობენ თავიანთ ერთობას. ჩემი გული გაშმაგებულმა ბრძოლამ მოიცვა. ნათელი და ბნელი ნაკადების ტალღები ერთმანეთს ეხეთქებიან. მსგავსი არაფერი მიგრძვნია ჯერ.“

გველი: „შენთვის მაინც ეს ახალია, ჩემო ძვირფასო.“

მე: „ეტყობა დამცინი. მაგრამ ცრემლი და სიცილი ერთია. ორივემ ჩამიარა და დაძაბულად მოვიმართე. ზეცამდე ადის მიჯნური და ასეთივე სიმაღლეზე ადის მედგარიც. გადაფსკვნილები არიან და არც ერთს სურს თავის დანებება, რადგან განუზომელი დაძაბულობა ნიშნავს იმას, რომ შეიგრძნო საბოლოო და უმაღლესი.“

გველი: საკუთარ თავს პათეტიურად და ფილოსოფიურად გამოხატავ. იცი, რომ ამის თქმა გაცილებით მარტივად შეიძლება. მაგალითად, შეგეძლო გეთქვა, რომ ისე ძლიერ ხარ შეყვარებული, როგორც ტრისტანი და იზოლდა.“

მე: „ჰო, ვიცი. მაგრამ მაინც.“

გველი: „რელიგია ჯერ კიდევ რამეს ნიშნავს შენთვის? კიდევ რამდენი ფარი გჭირდება? უმჯობესია პირდაპირ თქვა.“

მე: „ნუ მაბნევ.“

გველი: „მაშ, რა ბედი ეწია მორალს? არის თუ არა დღეს მორალური და იმორალური ერთი და იგივე?“

მე: „დამცინი, ჩემო დაო და ქტონიურო ეშმაკო. მაგრამ უნდა გითხრა, რომ ის ორი, რომელიც ერთმანეთზე გადაფსკვნილები არიან, ზეცამდე აღწევენ, კეთილი და ბოროტიც არის. მე არ ვხუმრობ, არამედ ვკვნესი, რადგან სიხარული და ტკივილი ერთიანია.“

გველი: „სად არის შენი შეგნება? მთლად გასულელდი. შენ ხომ ყველაფერი აზრებით შეგეძლო გაგესწორებინა.“

მე: „ჩემი შეგნება? ჩემი აზრები? აღარ მაქვს შეგნება. ის ჩემთვის მიუწვდომელი გახდა.“

გველი: „შენ ყველაფერს უარყოფ, რისიც გწამდა. სრულად დაივიწყე თუ ვინ ხარ. ჰო, შენ თავად ფაუსტს უარყოფ, რომელიც მოჩვენებებს მშვიდად მიჰყვებოდა.“

მე: „აღარ შემიძლია. ჩემი სულიც მოჩვენებაა.“

გველი: აჰ, ვხედავ, რომ ჩემს სწავლებას მიჰყვები.“

მე: „სამწუხაროდ ასეა, და ამას ჩემთვის ტკივილით სავსე სიხარული მოაქვს.“

გველი: „შენი ტკივილისგან სიამოვნებას ქმნი. შენ დაბნეული ხარ, დაბრმავებული. მაშ იტანჯე, სულელო.“

მე: „ეს უბედობა უნდა მახარებდეს.“

ახლა კი გველი გაბრაზდა და გულზე მეცა, მაგრამ ჩემმა საიდუმლო ჯავშანმა შხამიანი კბილები დაუმტვრია. იმედგაცრუებულმა უკან დაიხია და სისინით თქვა: „შეუცნობლად იქცევი.“

მე: „ეს იმის გამო, რომ ვისწავლე ხელოვნება, თუ როგორ გადავაბიჯო მარცხენა ფეხიდან მარჯვენაზე და პირიქით, რასაც სხვები ოდითგანვე გაუცნობიერებლად აკეთებდნენ.“

კვლავ წამოიმართა გველი, კუდი პირთან დაიჭირა თითქოს შემთხვევით, მისი ჩამოტეხილი კბილი რომ არ დამენახა, ამაყად და მშვიდად თქვა: „როგორც იქნა შეამჩნიე ეს?“ მე კი ღიმილით მივუგე: „ცხოვრების დაკლაკნილი გზები არ გამომეპარება.“

სად არის ერთგულება და რწმენა? სად არის თბილი ნდობა? ყოველივე ამას ადამიანებს შორის იპოვი, მაგრამ არა ადამიანსა და გველს შორის, მაშინაც კი, როდესაც ეს სამშვინველის გველია. მაგრამ ყველგან, სადაც სიყვარულია, ჩასაფრებულია ასევე რაღაც გველურიც. ქრისტემ საკუთარი თავი გველს შეადარა, და მისი ჯოჯოხეთური ძმა, ანტიქრისტე გველეშაპია თავად. ყოველივე ადამიანურის მიღმა, რომელიც სიყვარულში ცხადდება, არის გველისა და ჩიტის ბუნება, გველი ხშირად აჯადოვებს ჩიტს, და ჩიტი იშვიათად აიყვანს გველს. ადამიანი მათ შორის დგას. რაც შენ ჩიტად წარმოგიდგება, ის სხვებისთვის გველია, და რაც გველად გეჩვენება, სხვებისთვის ჩიტია. ასე რომ სხვას მხოლოდ ადამიანში შეხვდები. თუ გსურს, რომ განხორციელდე, შედგება ბრძოლა ჩიტსა და გველს შორის. და მხოლოდ მაშინ, როდესაც გსურს, რომ განხორციელდე, წარმოადგენს საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანსაც. ვინც ხორციელდება, უნდა იყოს უდაბნოში ან საპყრობილეში, რადგან ის ადამიანურის მიღმა არის.  როდესაც ადამიანებს სურთ განხორციელდნენ, ცხოველებივით იქცევიან. ვერავინ გვიხსნის ქმნადობის ბოროტებისგან, თუ ჩვენ თავად არ ავირჩევთ ჯოჯოხეთში ნებაყოფლობით ჩასვლას.

მაგრამ რატომ ვიქცეოდი ისე, რომ ის გველი ჩემი სამშვინველი იყო? აშკარად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამშვინველის გველი იყო. ამ შემეცნებამ ჩემს სამშვინველს ახალი სახე მისცა, და გადავწყვიტე, რომ იგი მომეჯადოებინა, ჩემი ძალაუფლებისთვის დამექვემდებარებინა. გველები არიან ბრძენნი, და მსურდა, რომ ჩემს სამშვინველ-გველს თავისი სიბრძნე ჩემთვის მოეცა. არასოდეს ყოფილა ცხოვრება ისეთი საეჭვო როგორიც ახლა... უმიზნო დაძაბულობის ღამე, ურთიერთსაწინააღმდეგო ყოფა თავის ერთობაში... ყველაფერი უმოძრაოდ იყო, ღმერთიც და ეშმაკიც. ასე რომ გველს მივუახლოვდი, რომელიც მზეზე იწვა, თითქოს არაფერზე ფიქრობდა. მისი თვალები არ ჩანდა, დახუჭული ჰქონდა მზის ელვარებაში, და ვუთხარი: „რა იქნება ახლა, როდესაც ღმერთი და ეშმაკი ერთი გახდა? ისინი ცხოვრების შეჩერებაზე შეთანხმდნენ? წინააღმდეგობათა ბრძოლა ცხოვრების გარდაუვალი პირობაა? ვინც წინააღმდეგობათა ერთობას იაზრებს და ამით ცხოვრობს, ის ჩერდება? ის მთლიანად რეალურ ცხოვრებას მიემხრო და აღარ იქცევა ისე, თითქოს ერთ პარტიას ეკუთვნის და მეორეს უნდა ებრძოლოს, არამედ ის ორივე არის და მათი განხეთქილება დაასრულა. როდესაც მან ცხოვრებას ეს ტვირთი მოაცილა, მას ამით ძალაც ხომ არ დაუკარგა?

გველი მობრუნდა და უხასიათოდ თქვა: „ჭეშმარიტად, თავი მომაბეზრე. პოლარიზმი ჩემთვის ცხოვრების ნაწილი იყო. ალბათ ეს შენიშნე. შენი სიახლეები ამ ძალის წყაროს მართმევს. ვერც პათოსით მოგმართავ და ვერც ბანალურობით გაგაღიზიანებ. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.“

მე: „თუ აღარ იცი რა ქნა, მე უნდა ვიცოდე რჩევა? უმჯობესია მიწის სიღრმეში ჩავიდე, სადაც შენ ჩაგესვლება და ჰადესს ან ვინმეს ზეცაში მყოფს ვკითხავ, იქნებ იქ იცოდნენ რჩევა.“

გველი: „ძალაუფლების მქონესავით იქცევი.“

მე: „საჭიროებას მეტი ძალაუფლება აქვს ვიდრე მე. მე ცხოვრება და მოძრაობა უნდა შემეძლოს.“

გველი: „ვრცელი მიწაა შენს წინაშე. რა გსურს მიღმიერს რომ ჰკითხო?“

მე: „აღძრული ვარ არა ცნობისმოყვარეობით, არამედ საჭიროებით, არ დავნებდები.“

გველი: „მორჩილი ვარ, მაგრამ უხალისოდ. ეს სტილი ჩემთვის ახალი და უჩვეულოა.“

მე: „ვწუხვარ, მაგრამ საჭიროება ითხოვს. უთხარი სიღრმეს, რომ ცუდად გვაქვს საქმე, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო ორგანო ამოვიკვეთეთ. როგორც იცი, ჩემი ბრალი არ არის, შენ ხომ ამ გზაზე ჩემი მზრუნველი წინამძღოლი იყავი.“

გველი: „ეტყობა ვაშლზე უარი თქვი.“

მე: „შეეშვი ამ ხუმრობას. იმ ისტორიას ჩემზე უკეთ იცნობ. სერიოზულად ვამბობ. დასვენებაა საჭირო. წადი და ცეცხლი მოიტანე. ჩემს გარშემო ისედაც დიდი ხანია დაბნელდა. შენ ნელი ხარ თუ მხდალი?“

გველი: „წავედი საქმეზე. მიიღე ის, რასაც მოვიტან.“

ცარიელ სივრცეში ღმერთის ტახტი ამოდის ნელა, მას მოჰყვება წმინდა სამება, მთელი ზეცა, შემდეგ კი მთელი ჯოჯოხეთი და ბოლოს თავად სატანა. ის წინააღმდეგობას აგრძელებს და თავის საიქიოს ებღაუჭება. არ უშვებს მას. ზესკნელი მისთვის ძალზე ცივია.

გველი: „მაგრად გიჭირავს იგი?“

მე: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბნელეთიდან გამოცხადებულო! ჩემი სამშვინველი ხომ მაგრად გიჭერს?“

სატანა: „ეს რა ხმაურია? ვაპროტესტებ ასეთ ძალადობრივ ამოყვანას.“

მე: „დამშვიდდი. არ გელოდი. ბოლო მოხვედი. შენ ეტყობა ყველაზე რთული ნაწილი ხარ.“

სატანა: „რა გსურს ჩემგან? არ მჭირდები, თავხედო.“

მე: „კარგია, რომ შენ გვყავხარ. მთელს დოგმატიკაში შენ ხარ ყველაზე ცოცხალი.“

სატანა: „რას როშავ? მოკლედ თქვი. ვიყინები.“

მე: „მისმინე, რაღაც შეგვემთხვა: წინააღმდეგობები შევაერთეთ. სხვათა შორის შენ და ღმერთიც გაგაერთიანეთ.“

სატანა: „ღვთის გულისათვის, რა უბედური ხმაურია? რა სისულელეს აკეთებთ?“

მე: „გთხოვ, ეს სულაც არ არის სისულელე. ეს გაერთიანება მნიშვნელოვანი პრინციპია. ჩვენ დაუსრულებელ წინააღმდეგობას დავუსვით წერტილი, რათა რეალური ცხოვრებისთვის ხელები გავითავისუფლოთ.“

სატანა: „მონიზმის სუნი მცემს. ასეთი ადამიანები უკვე მონიშნული მყავს. მათთვის განსაკუთრებული კამერები მაქვს გახურებული.“

მე: „ცდები. ეს ჩვენთან ასე რაციონალურად არ ხდება. ჩვენ არც რაიმე ჭეშმარიტება გვაქვს. აქ უფრო საყურადღებო და უცნაური ფაქტია: სწორედ წინააღმდეგობათა შეერთებისას მოხდა ეს - აღარ მოხდა, რაც მოულოდნელი და შეუცნობელია. ყოველივე მშვიდად დარჩა, მაგრამ სრულიად უძრავად, და ცხოვრება დამშვიდდა.“

სატანა: „ჰა, სულელებო, საქმე გაგიკეთებიათ.“

მე: „შენი დაცინვა ზედმეტია. ეს სერიოზული განზრახვით მოხდა.“

სატანა: „თქვენი სერიოზულობა ტანჯვად შემოგვიბრუნდა. საიქიოს წესრიგი საფუძვლიანად შეირყა.“

მე: „შენ ხედავ, რომ ეს სერიოზულია. ჩემს შეკითხვაზე პასუხი მსურს, რა უნდა მოხდეს ასეთ მდგომარეობაში? აღარაფერი ვიცით.“

სატანა: „კარგი რჩევა ძვირად ფასობს, რომც გინდოდეს მისი მიცემა. თქვენ დაბრმავებული სულელები ხართ, უტიფარი კაცუნები. რატომ არ შეეშვით მაგას? როგორ უნდა გაიგოთ სამყაროს წესრიგი?“

მე: „შენი ლანძღვა იმას ნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით შეგეხო. შეხედე, წმინდა სამება მშვიდად არის. განახლებას მისაღებად თვლის.“

სატანა: „აჰ, სამება ისეთი ირაციონალურია, რომ მის რეაქციებს ვერ ენდობი. დაჟინებით გირჩევ, ეგ სიმბოლოები სერიოზულად არ მიიღო.“

მე: „გმადლობ ამ რჩევისთვის, რომელსაც კარგი განზრახვით მაძლევ. მაგრამ დაინტერესებული ჩანხარ. შენი საარაკო ჭკუის გათვალისწინებით, შენგან მიუკერძოებელი მსჯელობის მიღება შეიძლება.“

სატანა: „მე მიუკერძოებელი ვარ. თავად შეგიძლია იმსჯელო. თუ ამ აბსოლუტზე იმსჯელებ, რომლის უსიცოცხლო განურჩევლობას შეჰყურებ, ადვილად აღმოაჩენ, რომ შენი თავდაჯერებით შემოტანილი მდგომარეობა და უძრაობა ძალზე ჰგავს ამ აბსოლუტს. მე რომ ამის საწინააღმდეგოს გირჩევ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად შენს მხარეზე ვარ, რადგან ამ უძრაობას შენც ვერ იტან.“

მე: „ როგორ? ჩემს მხარეს დგახარ? ჩემს მხარეზე ხარ? უცნაურია.“

სატანა: „ეს არც ისე უცნაურია. აბსოლუტი მუდამ ეწინააღმდეგებოდა ცოცხალს. მე ჯერ კიდევ სიცოცხლის ნამდვილი ოსტატი ვარ.“

მე: „ეს საეჭვოა. შენი რეაქცია ძალზე პიროვნულია.“

სატანა: „სულაც არ არის პიროვნული. მე ხომ სრულიად მოუსვენარი, აჩქარებული ცხოვრება ვარ. მე არასოდეს ვარ კმაყოფილი ან მშვიდი. ყველაფერს მიწასთან ვასწორებ და ისევ სასწრაფოდ აღვმართავ. მე ვარ პატივმოყვარეობა, დიდების წყურვილი, მოქმედების ვნება, მე ახალი იდეებისა და ქმედებების დუღილი ვარ. აბსოლუტი მოსაწყენი და ვეგეტატიურია.“

მე: „მსურს დაგიჯერო. მაშ, რას მირჩევ?“

სატანა: „უმჯობესი, რაც შემიძლია გირჩიო: მთელი შენი დამაზიანებელი განახლება მიაბრუნე უკან, რაც შეიძლება მალე.“

მე: „ამით რას მოვიგებ? ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და მეორედ იგივეს მივადგებით. შეუძლებელია ჩათვალო, რომ არ იცოდი და არ მომხდარა ის, რაც ერთხელ უკვე შეიცანი. შენი რჩევა არ არის რჩევა.“

სატანა: „მაგრამ თქვენ ხომ უთანხმოებისა და განხეთქილების გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ? რაღაცაზე ხომ უნდა მოიმართოთ, რომელიმე პარტია წარმოადგინოთ, წინააღმდეგობები გადალახოთ, თუკი ცხოვრება გსურთ.“

მე: „ეს არაფერს მარგებს. ჩვენ ერთმანეთს ისედაც ვუპირისპირდებით. ჩვენ ეს თამაში მოგვბეზრდა.“

სატანა: „და ამით ცხოვრებაც მოგბეზრდათ.“

მე: „როგორც ჩანს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას უწოდებ ცხოვრებას. ცხოვრების შენი გაგება მოიაზრებს უფრო ასვლასა და ჩამოსვლას, მტკიცებასა და ეჭვს, მოუთმენელ ფუსფუსს, ნაჩქარევ სურვილებს. შენ აბსოლუტი გაკლია, მისი ხანგრძლივი მოთმინებით.“

სატანა: „სრული სიმართლეა, ჩემი ცხოვრება დუღს და აქაფებულია, მოუსვენარ ზვირთებს წარმოშობს, იპყრობს და იშორებს, ქმნის მხურვალე სურვილებსა და შფოთს. განა ეს არ არის ცხოვრება?“

მე: „მაგრამ აბსოლუტსაც თავისი ცხოვრება აქვს.“

სატანა: „ეს არ არის ცხოვრება. ეს არის უძრაობა ან მისი მსგავსი, უფრო სწორად რომ ვთქვათ: ცხოვრობს უსასრულოდ ნელა და ათასწლეულებს ხარჯავს, სწორედ იმ უბადრუკ მდგომარეობაში, რომელიც თქვენ შექმენით.“

მე: „შენ ნათელს მოჰფენ. შენ ხარ პიროვნული ცხოვრება, ხოლო უძრაობა, რომელიც ჩანს, არის მარადიული ცხოვრება, ღვთაების ცხოვრება! ამჯერად კარგად მირჩიე. გათავისუფლებ. მშვიდობით!“

სატანა თხუნელასავით მოხერხებულად ჩაძვრა თავის სოროში. სამების სიმბოლო და მისი თანმდევი მშვიდად მაღლდებიან ზეცისკენ. გმადლობ, გველო, სწორედ ის მოიხმე, რაც საჭირო იყო. მისი ენა ზოგადად გასაგებია, რადგან პიროვნულია. ჩვენ კვლავ შეგვიძლია დიდხანს ვიცხოვროთ. შეგვიძლია ათასწლეულები გავხარჯოთ. 

როგორ დავიწყოთ, ო ღმერთებო? ტანჯვაში თუ სიხარულში, თუ შერეული გრძნობით? დასაწყისი ყოველთვის უმცირესია, მისი დასაბამია არარა. როდესაც იქ ვიწყებ, ვხედავ „რაღაცის“ წვეთს, რომელიც არარას ზღვაში ვარდება. ყოველთვის ქვემოდან იწყება, საიდანაც არარა უსაზღვრო თავისუფლებამდე ვრცელდება. ჯერ არაფერი მომხდარა, სამყარო ჯერ ახლა იწყებს, მზე ჯერ არ დაბადებულა, ხმელეთი წყლისგან ჯერ არ გამიჯნულა, ჯერ ჩვენი მამების მხრებზე არ ავსულვართ, ჩვენი მამები არც დაბადებულან. ისინი ჯერ გარდაიცვალნენ და ჩვენი სისხლისმსმელი ევროპის წიაღში განისვენებენ.

ჩვენ უსაზღვრობაში ვდგავართ, გველთან დაწინდულები, და ვფიქრობთ, რომელი ქვა შეიძლება გამოდგეს ქვაკუთხედად იმ შენობისთვის, რომელზეც ჯერ არაფერი ვიცით. უძველესი? ეს სიმბოლოდ გამოდგება. ჩვენ რაღაც გასაგები გვსურს. ჩვენ დავიღალეთ იმ ქსელისგან, რომელსაც დღე ქსოვს და ღამე არღვევს. ეშმაკის შექმნილი ხომ არ უნდა იყოს ეს, საბრალო პარტიზანი მოჩვენებითი გაგებითა და ხარბი ხელებით? ის ცხადდება ნეხვის გროვიდან, სადაც ღმერთები თავის კვერცხს მალავდნენ. ერთი ფეხის ამორტყმით მოვიშორებდი ნაგავს, ოქროს მარცვალი რომ არ იყოს უფორმობის საზიზღარ გულში.

მაშ აღზევდი, სიბნელისა და სიმყრალის ძევ! როგორ მაგრად ეჭიდები ჭუჭყსა და ნარჩენებს ნაგვის მარადიულ ორმოში. შენი არ მეშინია, მაგრამ მძულხარ, ჩემში მყოფი ყოველივე დასაგმობის ძმავ. დღეს შენ მძიმე უროებით უნდა გამოიჭედო, შენი სხეულიდან ღმერთების ოქრო ამოიფრქვევა. შენი დრო გავიდა, შენი წლები დათვლილია და ამჟამად შენი ბოლო დღე დასრულდა. შენი გარსი უნდა დაირღვეს, შენი მარცვალი, რომელიც ოქროსგან არის, ხელით უნდა ამოვიღოთ და ჭუჭყისგან გავწმინდოთ. შენ უნდა გაიყინო, ეშმაკო, რადგან ცივად გამოგჭედეთ. ფოლადი რკინაზე მყარია. შენ ჩვენი ფორმა უნდა აიღო, შენ, ღვთაებრივი სასწაულის ქურდო, შენ, დედა-მაიმუნო, რომელიც საკუთარ სხეულს ღმერთების კვერცხით შეავსებ და ამით წონას მოიმატებ. ამის გამო გწყევლით შენ, ოქროს მარცვლის გამო. 

როგორი გამოსადეგი ფორმები ამოდის შენი სხეულიდან, მპარავო უფსკრულო! ეს ელემენტარული სულებია, ნაკეცებიანი გარსით შემოსილები, კაბირები, მომხიბვლელად უფორმოები, ყმაწვილები და იმავე დროს მოხუცები, ჯუჯების მსგავსნი, ნაოჭებით, საიდუმლო ხელოვნებათა შეუხედავი მცველები, სასაცილო სიბრძნის მფლობელები, უფორმო ოქროს პირველი წარმონაქმნები, მატლები, რომლებიც ღმერთების გამოჩეკილი კვერცხიდან გამოძვრნენ, ჩასახულები, არშობილები, ჯერ კიდევ უხილავები. რა იქნება თქვენი გამოჩენა ჩვენთვის? რომელია ახალი ხელობა, რომელსაც მიუწვდომელი საგანძურიდან შემოიტანთ, ღვთაებრივი კვერცხის მზიური სიმძიმიდან? თქვენ ჯერ კიდევ გადგმული გაქვთ ფესვები მიწაში როგორც მცენარეებს და ცხოველის სახე გაქვთ ადამიანის სხეულით, თქვენ სულელებივით საყვარლები ხართ, საოცრები, პირველყოფილები და მიწიერები. ჩვენ ვერ ჩავწვდებით თქვენს არსს, ჯუჯებო, თქვენს საგანთა არსს. ფსკერზე არის თქვენი საწყისი. გსურთ გიგანტები გახდეთ, ცეროდენებო? მიწის ძეთა მიმდევრები ხართ? ღვთაების მიწიერი ფეხები ხართ? რა გსურთ? თქვით!

კაბირები: „მოვედით, რათა მოგესალმოთ როგორც უმდაბლესი ბუნების ბატონს.“

მე: „მე მეუბნებით ამას? თქვენი ბატონი ვარ?“

კაბირები: არ იყავი, მაგრამ ახლა ხარ.“

მე: „ თქვენ ამბობთ ამას. უნდა მივიღო ეს. მაგრამ რად მინდა თქვენი გამოყოლა?“

კაბირები: „ჩვენ მოგვაქვს ის, რაც ქვემოდან ზემოთ არ უნდა ამოვიდეს. ჩვენ ვართ სითხეები, რომლებიც იდუმალი გზებით ამოვდივართ, არა ძალით ამოზიდულები, არამედ ამოწოვილები და მიწებებულები იმას, რაც იზრდება. ჩვენ ვიცით უცნობი გზები და სასიცოცხლო ელემენტის აღმოუჩენელი კანონები. ჩვენ ამოგვაქვს ის, რაც მიწის წიაღში თვლემს, რაც მკვდარია და სიცოცხლეში შემოდის. ამას ნელა და მარტივად ვაკეთებთ, რასაც შენი ადამიანურობით ამაოდ აკეთებ. აღვასრულებთ იმას, რაც შენთვის შეუძლებელია.“

მე: „რა უნდა დაგიტოვოთ? რა უნდა მოგცეთ საწვალებლად? რა არ უნდა ვქნა ისეთი, რასაც თქვენ უკეთ შეასრულებთ?“

კაბირები: „შენ მატერიის ინერტულობა გავიწყდება. შენ გსურს ძალით ამოგლიჯო ის, რაც მხოლოდ ნელა ამოდის თვითშთანთქმით, როდესაც საკუთარ თავს სიღრმეში უერთდება. წვალება შენთვის დაიტოვე, თორემ მუშაობაში ხელს შეგვიშლი.“

მე: „უნდა გენდოთ მაშინ, როცა არ შეიძლება თქვენი ნდობა, მსახურებო და მონურო სულებო? მაშ დაიწყოს საქმე. დაე აღსრულდეს.“

„მგონი ბევრი დრო მოგეცით. არ ჩამოვსულვარ თქვენთან და საქმეში ხელი არ შემიშლია. დღის სინათლეზე ვცხოვრობდი და დღის საქმეს ვასრულებდი. თქვენ რას აკეთებდით?“

კაბირები: „მაღლა ვეზიდებოდით, ვაშენებდით. ქვას ქვაზე ვდებდით. ასე რომ შენ მყარად დგახარ.“

მე: „მყარ საფუძველს ვგრძნობ. ზემოთ ვიწევი.“

კაბირები: „შენთვის ელვარე ხმალი გამოვჭედეთ, რომლითაც იმ კვანძების გაკვეთას შეძლებ, რომლითაც შეკრული ხარ.“

მე: „ხმალი ხელში მაგრად მიჭირავს. დასარტყამად აღვმართავ.“

კაბირები: „შენს წინაშე ეშმაკურ, ოსტატურად შეკრულ კვანძს ვდებთ, რომელიც გკეტავს და ბეჭედს გადებს. დაარტყი, მხოლოდ ბასრი საგანი გაკვეთს მას.“

მე: „შემახედეთ. კვანძი, მრავალჯერ შეკრული! ამოუცნობი ბუნების ნამდვილი შედევრი. ერთმანეთში ცბიერად გადახლართული ფესვების გორგალი! მხოლოდ დედა ბუნებას, ბრმა მქსოველს, შეეძლო ასეთი გორგალის შექმნა! ერთი დიდი კვანძი და ათასობით პატარა კვანძი, ყოველივე ოსტატურად შეკრული, განასკვული, ჭეშმარიტად, ადამიანური ტვინი! ამას ნათლად ვხედავ? რა ჩაიდინეთ? ჩემს წინ ჩემივე ტვინი დამიდეთ! ხმალი მომეცით ხელში, მისი ელვარე და ბასრი პირი ჩემს ტვინს გაჭრის? რა მოგაფიქრდათ?“

კაბირები: „ბუნების წიაღმა მოქსოვა ტვინი, მიწის წიაღმა გაიღო რკინა. ასე მოგცა დედამ ორივე: ხლართებიც და მათი გაკვეთაც.“

მე: „როგორი იდუმალებაა! მართლაც გსურთ ჩემი ტვინის ჯალათი გავხდე?“

კაბირები: „ეს შეგეფერება, როგორც დაბალი ბუნების ბატონს. ადამიანი თავის ტვინში გაბმულია და მას ხმალიც მიეცა, რათა კვანძი ჩახსნას.“

მე: „რა არის კვანძი, რომელზეც საუბრობთ? რა არის ხმალი, რომელმაც უნდა გაჭრას?“

კაბირები: „კვანძი შენი სიშლეგეა, ხმალი კი ძლევა ამ სიშლეგეზე.“

მე: „ეშმაკის ნაშიერებო, ვინ გითხრათ, რომ შეშლილი ვარ? თქვენ, მიწის მოჩვენებებო, თიხისა და ნარწყევიდან წარმოქმნილებო, განა ჩემი ტვინის ამონაზარდები არ ხართ? თქვენ, პოლიპებით სავსე ნაგავი რომ ხართ, ერთმანეთზე მიბმულო არხებო, პარაზიტი პარაზიტზე, ღამით ერთმანეთზე ჩუმად აცოცებულებო, თქვენთვის არის ჩემი ელვარე და ბასრი ხმალი. გსურთ დამიყოლიოთ, რომ გაგჭრათ? თვითგანადგურებას აპირებთ? როგორ შეიძლება, რომ ბუნებამ მოავლინოს ქმნილებები, რომლებსაც საკუთარი თავის განადგურება სურთ?“

კაბირები: „ნუ აყოვნებ. უნდა გავნადგურდეთ, რადგან თავად ვართ ხლართები. ვისაც ახალი მიწის დაპყრობა სურს, უკან დასახევ ხიდებს წვავს. შეწყვიტე ჩვენი არსებობა. ჩვენ ვართ ათასობით არხი, რომლებშიც ყველაფერი კვლავ თავის საწყისს უბრუნდება.“

მე: „ჩემი ფესვები უნდა ჩავჭრა? ჩემივე ხალხი დავხოცო, ვისი მეფეც ვარ? ჩემი ხე უნდა გავახმო? ჭეშმარიტად,  ეშმაკის შვილები ხართ.“

კაბირები: „დაარტყი, ჩვენ ვართ მსახურები, რომლებმაც თავიანთი ბატონისთვის სიკვდილი ისურვეს.“

მე: „რა მოხდება, თუ დავარტყამ?“

კაბირები: „აღარ იქნები შენი ტვინი, არამედ საკუთარი სიშლეგის მიღმა იარსებებ. ვერ ხედავ, შენი ტვინი არის შენივე სიშლეგე, საშინელი ხლართები, ფესვებთან გადაბმული, არხების ქსელში. ტვინის სიღრმეში ყოფნა გაგიჟებს. დაარტყი! ვინც გზას პოულობს, საკუთარ ტვინზე მაღლდება. ტვინში შენ ხარ ცეროდენა, ტვინის მიღმა შენ ბუმბერაზის სახეს მოიპოვებ. ჩვენ მართლაც ეშმაკის შვილები ვართ, მაგრამ განა შენ არ გამოგვჭედე სიმხურვალესა და სიბნელეში? ასე რომ ჩვენ მისი ბუნებაც გვაქვს და შენიც. ეშმაკი ამბობს, რომ ყოველივე, რაც არსებობს, ღირსია, რომ განადგურდეს. როგორც ეშმაკის შვილებს განადგურება გვსურს, მაგრამ, როგორც შენს ქმნილებებს, გვსურს საკუთარი თავის განადგურება. შენში სიკვდილით გვსურს ამაღლება. ფესვები ვართ, რომლებიც ყოველი მხრიდან იკვებებიან. ახლა ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება, ასე რომ ჩაჭერი, ამოგვძირკვე.“

მე: „რა ვქნა თქვენი მსახურების გარეშე? როგორც ბატონს მსახურები მჭირდება.“

კაბირები: „ბატონი საკუთარ თავს ემსახურება.“

მე: „თქვენ, ორაზროვანო ეშმაკის შვილებო, ეს სიტყვები თქვენი აღსასრულია. ჩემი ხმალი გეცემათ თქვენ, ეს დარტყმა მუდამ მართალი იქნება.“

კაბირები: „ვაი, ვაი! აღსრულდა, რისიც გვეშინოდა და რაც გვსურდა.“

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff