კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

ჯოჯოხეთი

ჩემი ღმერთის შექმნიდან მეორე ღამეს მქონდა ხილვა, რომ ქვესკნელში ჩავაღწიე.

ვიმყოფები ბნელ სამარხში, რომლის ძირი ნესტიანი ქვის ფილებით არის დაფარული. შუაში დგას სვეტი, მასზე ჩამოკიდებულია თოკები და ნაჯახები. სვეტის ძირში ადამიანების სხეულებია, ერთმანეთში გველებივით გადახლართული. ჯერ ვიხილე ახალგაზრდა გოგოს სახე, საოცარი ოქროსფერი-მოწითალო თმებით - მის ქვეშ კაცია, ეშმაკის გამომეტყველებით - მისი თავი უკან არის მიბრუნებული - სისხლის თხელი ნაკადი მოედინება მის შუბლზე - გოგოს ფეხებსა და სხეულზეც მსგავსი დემონები არიან. მათი სახეების გამომეტყველება არაადამიანურია - ცოცხალი ბოროტება - მათი კუნთები მკვრივია და ძლიერი, მათი სხეულები გველივით მოქნილი. წვანან და არ იძვრიან. გოგოს ხელი უდევს ქვეშ მწოლიარე ერთ-ერთი კაცის თვალზე, რომელიც სამიდან უძლიერესია - გოგოს მაგრად უჭირავს ანკესი, რომელიც ეშმაკის თვალისკენ აქვს მიმართული.

შიშისგან ოფლი მომდის ფორებიდან: მათ გოგოს ტანჯვით მოკვლა სურდათ, მაგრამ მან განწირულობის ძალით შეძლო ბოროტის თვალი პატარა კაუჭით გაეხვრიტა. როდესაც ეშმაკი გაინძრევა, გოგო მის თვალს მაშინვე ამოთხრის. შეძრწუნებული გავშეშდი: რა მოხდება? ხმა მეუბნება:

„ბოროტს არ შეუძლია მსხვერპლი გაიღოს, იგი თვალს არ შესწირავს, იმარჯვებს ის, ვისაც მსხვერპლის გაღება შეუძლია.“

ხილვა გაქრა. ვხედავდი, თუ როგორ ჩავარდა ჩემი სამშვინველი უძირო ბოროტების ხელში. ბოროტის ძალაუფლება ეჭვგარეშეა და სწორია, როდესაც მისი გვეშინია. აქ არ შველის არც ლოცვა, არც ღვთისნიერი სიტყვა, არც შელოცვა. როდესაც უხეში ძალა მოგაკითხავს, აღარაფერი გიშველის. ერთხელაც მოგიხელთებს ბოროტი უმოწყალოდ, ვერ გიშველის ვერც მამა, ვერც დედა, ვერც სამართალი, ვერც გალავნები და ციხე-სიმაგრეები, ვერც ჯავშანი და მფარველი ძალა. ბოროტის უძლიერეს ხელში ვარდები უძლური და სრულიად მარტო. ამ ბრძოლაში მარტო ხარ. ჩემი ღმერთის შობა  მსურდა, ამის გამო მსურდა ბოროტიც. ვისაც სურს მარად სავსე შვას, ის მარად ცარიელსაც შობს. ერთს მეორის გარეშე ვერ შეძლებ. მაგრამ თუ გსურს ბოროტისგან თავის დაღწევა, ღმერთს ვერ შექმნი, და ყოველივე, რასაც შექმნი, ცივია და უღიმღამო. ჩემი ღმერთი მოწყალებისა და უმოწყალობისთვის ვისურვე. ამის გამო მსურს ჩემი ბოროტებაც. ჩემი ღმერთი ყოვლისშემძლე რომ არ იყოს, ჩემი ბოროტებაც ვერ იქნებოდა ყოვლისშემძლე. მაგრამ მე მსურს, რომ ჩემი ღმერთი ძლიერი იყოს, დიდებითა და ბრწყინვალებით ყოველივეს აღემატებოდეს. მხოლოდ ასე მიყვარს ჩემი ღმერთი. ჯოჯოხეთის ფსკერსაც ვიგემებ, რათა მისი მშვენიერება ბრწყინავდეს.

ჩემი ღმერთი აღმოსავლეთის ცაზე ამოვიდა, ყველა თანავარსკვლავედზე უფრო ბრწყინვალე, და ახალი დღე დაიწყო ხალხთა თავზე. ამის გამო მსურს ჯოჯოხეთში ჩასვლა. განა არ დათმობს დედა სიცოცხლეს თავისი შვილისთვის? რაოდენ ადვილად დავთმობდი ჩემს სიცოცხლეს, რათა ჩემმა ღმერთმა ღამის ტანჯვის ბოლო საათი გადალახოს და დილის ნისლში გამარჯვებული გამოვიდეს. ეჭვი არ მაქვს: ჩემი ღმერთის გამო ბოროტებასაც ვისურვებ. უთანასწორო ბრძოლას შევწყვეტ, რადგან ეს ბრძოლა მუდამ უთანასწოროა და ეჭვგარეშე უიმედო. სხვაგვარად როგორი შემზარავი და სასოწარკვეთილი იქნებოდა ეს ბრძოლა? მაგრამ ასეთი უნდა იყოს.

არაფერია ბოროტისთვის უფრო ღირებული ვიდრე მისი თვალი, რადგან მხოლოდ თვალით შეუძლია სიცარიელეს მანათობელი სისავსე მოიცვას. სიცარიელეს აკლია სისავსე, ამრიგად მას სისავსე და მისი მანათობელი ძალა სწყურია. ამას იგი თავისი თვალით შესვამს, რომელსაც სისავსის მშვენიერება და წმინდა ბრწყინვალება შეუძლია მოიცვას. სიცარიელე ღარიბია, და რომ არ ჰქონდეს თვალი, უიმედოდ იქნებოდა. ის ხედავს უმშვენიერესს და სურს მასში შეიჭრას, რათა წაბილწოს. ეშმაკმა იცის თუ რა არის მშვენიერი, ამგვარად იგი მშვენიერის ჩრდილია და დაჰყვება მას ყველგან, ელოდება წუთს, როდესაც მშვენიერება, რომელიც ტკივილით იგრიხება, ღმერთის შობას ისურვებს.

როდესაც შენი მშვენიერება იზრდება, საზიზღარი მატლიც მოღოღავს შენთან და თავის ნადავლს ელის. მისთვის არაფერია წმინდა მისივე თვალის გარდა, რომლითაც იგი უმშვენიერესს ჭვრეტს. თავის თვალს არასოდეს დათმობს. იგი ხელშეუხებელია, მაგრამ არაფერი იცავს მის თვალს; იგი ნაზია და ნათელი, იცის როგორ შესვას მარადიული ნათელი. მას შენ უნდიხარ, შენი სიცოცხლის კაშკაშა წითელი სინათლე.

ადამიანური ბუნების შემზარავ სატანურ ბუნებას შევიცნობ. თვალს ვხუჭავ მის წინაშე. ხელს გავიშვერ წინ, თითქოს ვინმეს ჩემთან მოახლოვება სურს, მეშინია, რომ ჩემი ჩრდილი შეიძლება სხვას ფარავდეს, ან სხვისი ჩრდილი მე მფარავდეს, რადგან ჩემს უწყინარ თანამგზავრშიც ვხედავ რაღაც სატანურს.

არავინ შემეხოს, მკვლელობა და დანაშაული ჩაგვისაფრდა შენ და მე. უმანკოდ გეღიმება, ჩემო მეგობარო? ვერ ხედავ, შენი თვალის მსუბუქი გაელვება საშინელებას ამჟღავნებს, რომლის გაუაზრებელი მაცნე შენ ხარ? შენი სისხლისმსმელი ვეფხვი ხმადაბლა ღმუის, შენი შხამიანი გველი ფარულად სისინებს, როდესაც შენ, მხოლოდ შენი სიკეთის მცოდნე, შენს ადამიანურ ხელს გამომიწოდებ მოსალმებისას. ვცნობ შენს და ჩემს ჩრდილს, რომელიც უკან მოგვყვება, თან დაგყვება და მხოლოდ შებინდებას ელოდება, რათა ყოველ დემონთან ერთად ღამით ორივე დაგვახრჩოს.

სისხლიანი ისტორიის როგორი უფსკრული გვაშორებს შენ და მე! შენს ხელს ჩავავლე და ადამიანურ თვალში ჩაგხედე. თავი კალთაში ჩაგიდე და შენი სხეულის სასიცოცხლო სითბო ვიგრძენი, თითქოს ჩემი ყოფილიყო, ჩემივე სხეულის - და უცებ ყელზე თოკის მოჭერა ვიგრძენი, რომელიც უმოწყალოდ მახრჩობდა, და საზარელმა უროს დარტყმამ ჩამაჭედა ლურსმანი. მივეთრეოდი საფეხმავლოზე და მარტოსულ ღამეს ველური ძაღლები გლეჯდნენ ჩემს სხეულს.

არავის უნდა უკვირდეს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან ასე შორს დგანან, რომ ერთმანეთის არ ესმით, რომ ერთმანეთს ებრძვიან და კლავენ. უფრო ის უნდა უკვირდეთ, რომ ადამიანებს ერთმანეთის სჯერათ, ერთმანეთთან ახლოს არიან, ერთმანეთის ესმით და უყვართ. ორი რამ არის კიდევ აღმოსაჩენი. პირველი უსასრულო უფსკრულია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან აცალკევებს. მეორე არის ხიდი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. გიფიქრია, ადამიანთა თანაცხოვრებაში როგორი გაუაზრებელი სიმხეცეა შესაძლებელი?

როდესაც ჩემი სამშვინველი ბოროტის ხელში ჩავარდა, შეეძლო მხოლოდ სუსტი ანკესის გამოყენება, რომლითაც სიცარიელის ზღვიდან თავისი ძალის თევზის ამოღება შეეძლო. ბოროტის თვალმა ჩემი სამშვინველის მთელი ძალა შეისრუტა, მხოლოდ ნება დარჩა, რომელსაც ის პატარა სათევზაო კაუჭი განასახიერებს. მე ბოროტი მსურდა, როდესაც ვიხილე, რომ მას ვერ გავექცევი. და რადგან ბოროტი მსურდა, ჩემს სამშვინველს ხელში ძვირფასი კაუჭი ეჭირა, რომელსაც ბოროტის სუსტი ადგილის ჩავლება შეეძლო. ვისაც ბოროტება არ სურს, მას აკლია შეძლება იმისა, რომ თავისი სამშვინველი ჯოჯოხეთიდან გამოიხსნას. თავად რჩება ნათელში ან ზედა სამყაროში, მაგრამ საკუთარ ჩრდილად გადაიქცევა. მისი სამშვინველი კი დემონების საპყრობილეში დაილევა. ამით იქმნება მისთვის საპირწონე, რომელიც მას მუდამ შეზღუდავს. შინაგანი სამყაროს ზედა წრეები მისთვის მიუწვდომელი რჩება. იქ რჩება, სადაც იყო და სინამდვილეში კი უკან იხევს. შენ იცნობ ამ ადამიანებს და იცი, როგორ იფლანგება ადამიანური სიცოცხლე და ძალა უნაყოფო უდაბნოებში. ნუ იდარდებ ამაზე, თორემ წინასწარმეტყველი გახდები და მოისურვებ გამოიხსნა ის, რისი გამოხსნაც შეუძლებელია. განა არ იცი, რომ ბუნება თავის მინდვრებს ადამიანებითაც ანაყოფიერებს? მაძიებელი მიიღე, მაგრამ არ გახვიდე გზააბნეულთა საძებრად. რა იცი მათი ცდომილების შესახებ? ალბათ ეს წმინდაა. შენ სიწმინდეს ხელი არ უნდა შეუშალო. უკან ნუ მიიხედები და ნუ ინანებ. ხედავ რომ ბევრი შენს გვერდით ეცემა? თანაგრძნობა გეუფლება? მაგრამ შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მაშინ ათასიდან ერთი მაინც  გადარჩება. სიკვდილს ვერ გააჩერებ.

მაგრამ რატომ არ ამოთხარა ჩემმა სამშვინველმა ბოროტს თვალი? ბოროტს მრავალი თვალი აქვს, ერთის დაკარგვა არაფერს ნიშნავს. და ეს რომ ექნა, მაშინ ბოროტს ბოლომდე დანებდებოდა. ბოროტს არ შეუძლია მსხვერპლის გაღება. არ უნდა დაუშავო, პირველ რიგში მისი თვალი, რადგან არ იარსებებს მშვენიერება, თუ ბოროტი მას ვერ დაინახავს, რათა მოუნდეს იგი. ბოროტება წმინდაა.

სიცარიელეს არ შეუძლია რაიმეს მსხვერპლად გაღება, რადგან მუდამ რაღაც აკლია. მხოლოდ სისავსეს შეუძლია მსხვერპლშეწირვა, რადგან ეს მის ბუნებას არ უარყოფს. ამგვარად გვჭირდება ჩვენ ბოროტი. მე კი შემიძლია ჩემი ნება ბოროტს შევწირო, რადგან მანამდე შევივსე. კვლავ ვივსები ძალით, რადგან ბოროტმა ღვთის სახე და ხატი მომისპო. მზარავს ეს განადგურება, რადგან საშინელია, ტაძრების ასეთი გაუგონარი ნგრევა. ჩემში ყოველივე აღდგება ამ საზიზღრობის წინაშე. რადგან არ ვიცოდი, თუ რას ნიშნავს ეს: ღმერთის დაბადებას.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff