კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სამსხვერპლო მკვლელობა

ეს იყო სახე, რომლის ნახვა არ მსურდა, საშინელება, რომლითაც არ უნდა მეცხოვრა: ავადმყოფური საზიზღარი შეგრძნება დამეუფლა, წინააღმდეგობრივი, ვერაგი გველები ნელა იკლაკნებიან და ხმელ ბუჩქებში ტკაცუნობენ, ზანტად და შემზარავად ჩამოეკიდებიან ტოტებზე. თავს ძალას ვატან, რომ ამ მოსაწყენ და უხალისო ველზე შევიდე, სადაც ბუჩქები ბნელ კლდოვან ვიწრობებშია. ველი უბრალოა, იქაურ ჰაერში დანაშაული, ბოროტი ქმედება იგრძნობა. შიში მიპყრობს. ლოდებს შორის გაუბედავად მივაბიჯებ, ვერიდები ყოველ ბნელ ადგილს, მეშინია გველს არ დავაბიჯო. მზე ბუნდოვნად ჩანს შორეულ ცაზე, ფოთლები მჭკნარია. ჩემს  წინ ქვაზე თოჯინა დევს, გატეხილი თავით - რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ პატარა წინსაფარი - ხოლო იქვე ბუჩქის უკან პატარა გოგონას სხეული - საშინელი ჭრილობებით დაფარული - სისხლით მოთხვრილი - ცალ ფეხზე მაღალყელიანი წინდა და ფეხსაცმელია, მეორე ფეხი კი შიშველია და გასრესილი - თავი - სად არის თავი? - თავი აზელილია თმებთან და ძვლის ნაწილებთან ერთად, გარშემო ქვებზე ტვინი და სისხლია მისხმული. მივშტერებივარ ამ საშინელებას. - ბავშვთან ახლოს ვიღაც დგას, დაფარული, თითქოს ქალია, მშვიდი, სახე გაუმჭვირვალე საბურველით არის დაფარული. მეკითხება:

ის: „რას იტყვი ამაზე?“

მე: „რა უნდა ვთქვა? სიტყვები უძლურია.“

ის: „გესმის ეს?“

მე: „არ მსურს ამის გაგება. ვერაფერს ვიტყვი ამაზე, თუ არ შევიშალე.“

ის: „რატომ უნდა შეიშალო? ყოველ დღეს შეიძლება შეიშალო შენს ცხოვრებაში, რადგან მსგავსი რამ ქვეყნად ყოველდღე ხდება.“

მე: „მაგრამ ხშირად ამას ვერ ვხედავთ.“

ის: „ესე იგი ამის ცოდნა არ არის საკმარისი, რომ შეიშალო?“

მე: „როდესაც რაიმე უბრალოდ ვიცი, უფრო ადვილია. საშინელება ცარიელი ცოდნით ნაკლებად რეალურია.“

ის: „უფრო მოახლოვდი, შენ ხედავ, რომ ბავშვის სხეული გაკვეთილია, ღვიძლი ამოიღე.“

მე: „ამ გვამს არ შევეხები. ვინმე რომ შემხვდეს, იფიქრებს, რომ მკვლელი ვარ.“

ის: „მხდალი ხარ, ამოიღე ღვიძლი.“

მე: „რისთვის გავაკეთო ეს? აზრი არ აქვს.“

ის: „მსურს ღვიძლი ამოიღო. უნდა გააკეთო ეს.“

მე: „ვინ ხარ შენ, რადგან თვლი, რომ შეგიძლია ეს მიბრძანო?“

ის: „ამ ბავშვის სამშვინველი ვარ. შენ ეს ჩემთვის უნდა გააკეთო.“

მე: „ვერაფერს ვიგებ, მაგრამ დაგიჯერებ და ამ უაზრო საშინელებას შევასრულებ.“

ხელს ვყოფ სხეულში - ჯერ კიდევ თბილია - ღვიძლი მჭიდროდ არის მიკრული - ვიღებ დანას ჩავჭრი მას. ვიღებ მას და სისხლიანი ხელით მიჭირავს იგი მოჩვენების წინაშე.

ის: „გმადლობ.“

მე: „რა ვქნა?“

ის: „შენ ღვიძლის მნიშვნელობა იცი და წმინდა ქმედება უნდა აღასრულო.“

მე: „მაინც რა?“

ის: „მოგლიჯე ღვიძლის ნაწილი და შეჭამე.“

მე: „რას ითხოვ? ეს ხომ სიგიჟეა. ეს ხომ ცხედრის შეურაცხყოფაა, ნეკროფილია. შენ ამ ყველაზე საზარელი დანაშაულის თანამონაწილედ მაქცევ.“

ის: „შენს აზრებში მკვლელისთვის ყველაზე საზარელ ტანჯვას იგონებდი, რომლითაც მათ თავიანთი ქმედების გამოსყიდვა შეეძლოთ. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსყიდვა: თავი დაიმდაბლე და ჭამე.“

მე: „არ შემიძლია, უარს ვამბობ, არ შემიძლია ამის თანამონაწილე ვიყო.“

ის: „უკვე ხარ თანამონაწილე.“

მე: „მე? როგორ მაქვს ამაში რაიმე ბრალი?“

ის: „ადამიანი ხარ, და ადამიანმა აღასრულა ეს.“

მე: „ჰო, ადამიანი ვარ - ვწყევლი, რომ ის ადამიანია და ვწყევლი ჩემს თავს, რომ მეც ადამიანი ვარ.“

ის: „მაშ აიღე წილი მის ქმედებაში, თავი დაიმდაბლე და ჭამე. გამოსყიდვა მჭირდება.“

მე: „შენთვის აღვასრულებ ამას, რადგან ამ ბავშვის სამშვინველი ხარ.“

ვიჩოქებ ქვებს შორის, მოვგლიჯე ღვიძლის ნაჭერი და პირში ჩავიდე. ღებინება ყელზე მაწვება - ცრემლები წამსკდა - შუბლზე ცივი ოფლი მასხამს - სისხლის მოტკბო გემო - ძალით ვყლაპავ - არ გამომდის - კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ - სადაცაა ძალა სრულად  გამომეცლება - როგორც იქნა გადავყლაპე. საშინელება აღსრულდა.

ის: გმადლობ.“

მან საბურველი ასწია - მშვენიერი გოგო მოწითალო ქერა თმით.

ის: „მცნობ?“

მე: „როგორ მეცნობი! ვინ ხარ?“

ის: „შენი სამშვინველი ვარ.“

მსხვერპლი შეწირულია: ღვთაებრივი ბავშვი, ღვთის ხატება დაიკლა და მსხვერპლის ხორცი ვჭამე. ბავშვი, ღვთის ხატება, ატარებდა არა მხოლოდ ჩემს ნატვრას, არამედ პირველყოფილებასა და ყოველ ძალას, რომელიც მზის შვილებს ჰქონდათ, როგორც განუყოფელი სამკვიდრო. ეს ყველაფერი ღმერთს სჭირდება, რათა წარმოიშვას. მაგრამ როდესაც იგი შექმნილია და უსასრულო სივრცეებისკენ ისწრაფვის, კვლავ გვჭირდება მზის ოქრო. ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა აღვადგინოთ. მაგრამ როგორც ღმერთის შექმნაა უმაღლესი სიყვარულის შემოქმედებითი აქტი, ასევე ჩვენი ადამიანური ცხოვრების აღდგენაც არის ყველაზე დაბალი საფეხური. ეს დიდი და ბნელი საიდუმლოა. ადამიანი ამას მარტო ვერ აღასრულებს, ამაში მას ბოროტება ეხმარება, რომელიც ადამიანის მაგივრად მოქმედებს. მაგრამ ადამიანმა ბოროტებასთან საკუთარი თანამონაწილეობაც უნდა შეიცნოს. მან ეს შეცნობა უნდა დაამოწმოს, როდესაც იგი მსხვერპლის სისხლიან ხორცს იგემებს. ამ ქმედებით იგი დაამოწმებს, რომ ის არის ადამიანი, რომ მან ბოროტება შეიცნო ისევე როგორც სიკეთე და რომ იგი ღვთის სახეს სპობს, როდესაც მას სასიცოცხლო ძალისგან დაცლის და ღმერთს დაეხსნება. ეს სამშვინველის ხსნისთვის ხდება, რომელიც ღვთაებრივი ბავშვის ნამდვილი დედაა.

როდესაც ღმერთს ატარებდა და შვა იგი, ჩემი სამშვინველი იყო სრულად ადამიანური ბუნების, რომელიც უძველესი დროიდან პირველყოფილ ძალებს ფლობდა, მაგრამ მიძინებულ მდგომარეობაში. ეს ძალები ჩემი ქმედების გარეშე იღვრებოდნენ ღმერთის ჩამოყალიბებაში. ხოლო სამსხვერპლო მკვლელობით პირველყოფილი ძალები კვლავ ჩემში დავაბრუნე და ჩემს სამშვინველს შევუერთე. რადგან პირველყოფილი  ძალები სასიცოცხლო ფორმაში შემოვიდნენ, მათ საკუთარ ყოფიერებაში გაიღვიძეს. თუ მე მათ მოვაშორებ, აღარ იქნებიან მიძინებულ მდგომარეობაში, იფხიზლებენ, იმოქმედებენ, და ჩემს სამშვინველში თავიანთი ღვთაებრივი მოქმედების ნათებას გამოსცემენ. ამით იგი ღვთაებრივ ბუნებას შეიძენს, რომელიც ადამიანურ ბუნებაზე ვრცელდება. ამგვარად სამსხვერპლო ხორცის ჭამამ ეს ძალები განკურნა. ძველ დროშიც ვხედავთ ამას, როდესაც მხსნელის სისხლის სმასა და ხორცის ჭამას გვასწავლიან. ძველ დროს სწამდათ, რომ ეს სამშვინველს იხსნიდა. 

ჭეშმარიტება არ არის ბევრი, ის რამდენიმეა. მისი აზრი მეტისმეტად ღრმა არის, რომ მისი შემეცნება შევძლოთ სიმბოლოს გარეშე.

ღმერთი რომელიც ადამიანზე ძლიერი არ არის - რა არის იგი? თქვენ ჯერ ღვთაებრივი შიში უნდა იგემოთ. როგორ უნდა ილხენდეთ სათანადოდ ღვინითა და პურით, თუ თქვენ ადამიანის შავ ქვესკნელს არ შეეხეთ? ამის გამო ხართ უღიმღამო და უფერული ჩრდილები, რომლებიც თქვენი მცირე წყლითა და ვიწრობებით კმაყოფილდებით. მაგრამ წყლის ჩამკეტი დარაბები გაიღება და არის შეუკავებელი რამ, რომლისგან მხსნელი მხოლოდ ღმერთია.

პირველყოფილი ძალა არის მზის ნათება, რომელსაც მზის ძენი უკვე მრავალი ეონის განმავლობაში საკუთარ თავში ატარებენ და თავიანთ შვილებს გადასცემენ. მაგრამ როდესაც სამშვინველი თავის ნათებაში დაინთქმება, ღმერთივით შეუბრალებელი ხდება, რადგან ღვთაებრივი ბავშვის ცხოვრება, შენში გავარვარებულ ნაკვერჩხლებად გადაიქცევა. ეს არის საზარელი და ჩაუქრობელი ცეცხლი. მაგრამ ყოველგვარი ტანჯვის მიუხედავად მას ვერ შეეშვები, ისევე როგორც ის არ შეგეშვება. ამით გაიაზრებ, რომ შენი ღმერთი ცოცხალია და შენმა სამშვინველმა დაუნდობელ ბილიკებზე ხეტიალი დაიწყო. გრძნობ, რომ მზის ცეცხლი შენში აენთო. რაღაც ახალი დაგემატა, წმინდა სენი.

ხანდახან საკუთარ თავს ვეღარ ცნობ. გსურს ამის დაძლევა, მაგრამ თავად მარცხდები. გსურს ამის საზღვრებში მოქცევა, მაგრამ თავად იზღუდები. გსურს დაუსხლტე მას, ის კი გეწევა. გსურს მისი მოხელთება, მაგრამ თავად ხდები მისი იარაღი; გსურს მასზე იფიქრო, მაგრამ შენი აზრები მას ემორჩილება. ბოლოს გარდაუვალის შიში გიპყრობს, რომელიც ნელა და შეუმჩნევლად გეპარება.

საშველი არ არის. ამით შეიცნობ, თუ რა არის ჭეშმარიტი ღმერთი. მოიფიქრებ ჭკვიან სიტყვებს, პრევენციულ ღონისძიებებს, საიდუმლო შემოვლით გზებს, საბაბს, დავიწყების სასმელს, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა. ცეცხლი ტრიალებს შენში. სიარულს გაიძულებს ის, ვინც წინ მიგიძღვის.

მაგრამ გზა თავად ჩემი „მე“ არის, ჩემზე დაფუძნებული ცხოვრება. ღმერთს სურს, რომ ვიცხოვრო. სურს ჩემთან ერთად იაროს, ჩემთან ერთად იჯდეს მაგიდასთან, ჩემთან ერთად იშრომოს. სურს ყოველთვის და ყველგან თანამყოფი იყოს. მაგრამ ჩემი ღმერთის მრცხვენია. მსურს ვიყო არა ღვთაებრივი, არამედ გონიერი. ღვთაებრივი წარმომიდგება როგორც უგუნური სიშლეგე. მე მძულს იგი როგორც ჩემი გონიერი ადამიანური საქმიანობის უაზრო დარღვევა. ის წარმომიდგება, როგორც შეუფერებელი სენი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ჩვეული დინება დაარღვია. ჰო, ღვთაებრივი სრულიად ზედმეტად მეჩვენება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff