კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სიკვდილი

მომდევნო ღამით მივეხეტებოდი ჩრდილოეთის ქვეყნისკენ და აღმოვჩნდი ნაცრისფერი ცის ქვეშ, ნისლში, სადაც ჰაერი გრილი და ტენიანი იყო. ვისწრაფვი იმ დაბლობებისკენ, სადაც მდორე დინებები, რომლებიც სივრცეში ნათელს ირეკლავენ, ნელა მიედინებიან და ზღვას უერთდებიან, სადაც დინების სიჩქარე კლებულობს და იქ ყოველი ძალა და სწრაფვა უკიდეგანო ზღვაში ჩადის. ხეების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მშვიდი და ჩაშავებული წყლების გასწვრივ ჭაობიანი მინდვრებია, უსაზღვრო და მარტოსულია ნაცრისფერი ღრუბლებით მოცული ჰორიზონტი. იმის მოლოდინში, რომ თითქოს ვინმე ველური ჩაიკარგება ქაფში, სუნთქვაშეკრული ნელა მივყვები მე ჩემს ძმას, წყალს. მისი დინება მდორეა, ძლივს შესამჩნევი, და ვუახლოვდები კიდეს, დასაბამის წიაღში, მის უკიდეგანობასა და განუზომელ სიღრმეში. იქ ქვემოთ ამოიზრდებიან ყვითელი მაღლობები. მათ ძირში დამშრალი ტბა იშლება. მის გასწვრივ ვხეტიალობთ ჩვენ ჩუმად, და მაღლობები იშლება ბნელი ჰორიზონტის წინაშე, რომლის სიშორე ენით გამოუთქმელია, სადაც ცა და ზღვა ერთ უსასრულობაში არიან შეზრდილები. 

იქ, ბოლო გორაკზე ვიღაც დგას, შავი, ნაკეცებიანი მოსასხამი აცვია, უძრავად დგას და შორს იყურება. მასთან მივდივარ. ის გამხდარია და მისი მზერა - ღრმა და სერიოზული. მე მას მივმართავ:

„ნება დამრთე ცოტა ხანი შენთან დავდგე, პირქუშო. შორიდან გცნობდი. მხოლოდ ერთი დგას ისე როგორც შენ, დედამიწის კიდეში ასე მარტოსული.“

მან მიპასუხა: „უცნობო, იდექი რამდენი ხანიც გინდა, თუ არ გაიყინები. ხედავ, რომ ცივი ვარ და ჩემი გული არასოდეს ფეთქავდა.“

„ვიცი, შენ ხარ ყინული და დასასრული, შენ ხარ ქვის ცივი სიმშვიდე, შენ ხარ მთების უმაღლესი თოვლი და კოსმოსის ყინვა. ეს უნდა შევიგრძნო და შენს სიახლოვეს ვიდგე.“

„რამ მოგიყვანა ჩემთან, ცოცხალო არსებავ? აქ სულდგმული არასოდეს მოდის. აქ მხოლოდ სევდიანად ჩაუვლიათ ჯგროდ ყველას, ვინც ზემოთ, სინათლის ქვეყანაში წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. მაგრამ ცოცხალი აქ არასოდეს მოსულა. რას ეძებ აქ?“

„ჩემმა უცნაურმა და განუჭვრეტელმა ბილიკმა მომიყვანა აქ, როდესაც ცხოვრების დინების გზას უიმედოდ მივყვებოდი. და ასე მოგაგენი. ალბათ ეს შენი კუთვნილი ადგილია?“

„ჰო, აქედან შედიხარ განურჩევლობაში, სადაც არავინ არის სხვასთან თანასწორი ან უთანასწორო, არამედ ყოველივე ერთია. ხედავ რა მოდის იქიდან?“

„ვხედავ მუქი ღრუბლების კედლის მსგავსს, რომელიც დინებას მოჰყვება.“

„კარგად დააკვირდი, რას ცნობ?“

„ვხედავ მჭიდროდ მომავალ გუნდს, რომელიც შედგება მამაკაცებისგან, მოხუცებისგან, ქალებისგან, ბავშვებისგან. მათ შორის ვხედავ ცხენებს, ხარებს და უფრო პატარა ცხოველებს, მწერების ღრუბელი გარს ეხვევა გუნდს - იქვე მოცურავს ტყე, უთვალავი მჭკნარი ყვავილი - სრულიად უსიცოცხლო ზაფხული. უკვე ახლოს არიან, როგორ ცივად გაშტერებულან - მათი ფეხები არ ინძრევა - არც ერთი ბგერა ისმის მათი ჩაკეტილი რიგებიდან. მათი ხელები და მხრები უძრავია, ისინი აქეთ იყურებიან და ვერ გვამჩნევენ - საზარელ დინებაში ყველა ჩაივლის. პირქუშო, ეს სანახაობა საშინელია.“

„შენ ჩემთან დგომა გსურდა, გამაგრდი. ახლა უყურე!“

მე ვხედავ: „პირველი რიგი უკვე იქ არის, სადაც ზვირთცემა დინებას დიდი ძალით უერთდება. და ეს ჩანს ისე, თითქოს ჰაერის ტალღა მღელვარე ზღვასა და მიცვალებულთა ნაკადს ეჯახება. მაღლა ატაცებულები ტრიალებენ, ბნელ ნისლის ღრუბლებში შავ ნაფლეთებად იქცევიან. ტალღა ტალღაზე მოდის, და სულ ახალ-ახალი გუნდი განქარდება შავ ჰაერში. პირქუშო, მითხარი, ეს დასასრულია?“

„უყურე!“

მუქი ზღვა მძიმედ ღელავს - მოწითალო ნათება ამოდის იქიდან - სისხლს ჰგავს - სისხლის ზღვა იქაფება ჩემს ფეხებთან - ზღვის სიღრმე ანათებს - როგორ უცნაურად ვგრძნობ თავს - ჰაერში ფეხებით ვარ ჩამოკიდებული? ეს ზღვა არის თუ ზეცა? სისხლი და ცეცხლი ირევა ერთმანეთში როგორც ბურთი, კვამლიდან წითელი ნათება გამოდის - ახალი მზე ამოდის სისხლიანი ზღვიდან და ნათებაში იკარგება ყველაზე დიდ სიღრმეებში ჩემს ფეხქვეშ.

ჩემს გარშემო ვიხედები. მარტო ვარ. დაღამდა. რას ამბობდა ამონიუსი? ღამე სიჩუმის დროა.

გარშემო მიმოვიხედე და დავინახე, რომ უზომო მარტოობამ მომიცვა, და ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ჩემში ჯერ კიდევ ბრწყინავდა მზე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დიდ ჩრდილში შევდიოდი. მივყვები დინებას, რომელიც ნელა და მშვიდად იკვლევს გზას სიღრმეში, მომავლის სიღრმეში. 

ასე გავედი იმ ღამეში (ეს იყო 1914 წლის მეორე ღამე) და მშფოთვარე მოლოდინმა მომიცვა. მე გავედი რათა მომავალი გადამხვეოდა. გზა იყო შორი და მომავალი იყო საზარელი. ეს იყო შემზარავი ლტოლვა, სისხლის ზღვა, რომელიც ვიხილე. აქედან აღდგება ახალი მზე, შემზარავი და იმის საწინააღმდეგო, რასაც დღეს ვუწოდებდით. ჩვენ შევიცანით ბნელი, და მისი მზე ჩვენ დაგვნათებს, სისხლიანი და ალმოდებული, როგორც დიდი დასასრული.

როდესაც ჩემი ბნელი შევიცანი, დიდებული ღამე ჩამოდგა ჩემს თავზე, და ჩემმა ზმანებამ ჩამიშვა ათასწლეულის სიღრმეებში, და იქიდან ჩემი ფენიქსი აღდგა. 

მაგრამ რა დაემართა ჩემს დღეს? ჩირაღდნები აინთო, გაჩაღდა სისხლიანი რისხვა და განხეთქილება. როდესაც ბნელმა მსოფლიო მოიცვა, დაიწყო უწმინდური ომი, და ბნელმა წალეკა მსოფლიოს ნათელი, რადგან ბნელისთვის იგი გაუგებარი და უსარგებლო იყო. ამგვარად უნდა გაგვესინჯა ჯოჯოხეთი.

ვხედავდი, თუ როგორ უკეთურებად გადაიქცა სიქველე ამ დროში, თუ როგორ გადაიქცა შენი სირბილე სიმყარედ, შენი სიკეთე - უხეშობად, შენი სიყვარული - სიძულვილად და შენი შეგნება - სიშლეგედ. რატომ გსურდა სიბნელის შემეცნება! მაგრამ ასეც უნდა გექნა, თორემ ის გადაგფარავდა შენ. ნეტავ იმას, ვინც მას დაასწრო ამაში.

დაფიქრებულხარ ოდესმე შენში არსებულ ბოროტებაზე? ოჰ, შენ გისაუბრია ამაზე, გიხსენებია იგი და ამაზე გაგღიმებია, როგორც ზოგადსაკაცობრიო უკეთურებაზე ან როგორც ხშირ გაუგებრობაზე. მაგრამ იცოდი, თუ რა არის ბოროტება და რომ ის პირველ რიგში შენი სიქველის უკან დგას, და ეს თავად შენი სიქველეც არის, როგორც მისი გარდაუვალი შინაარსი. შენ სატანა ათასწლეულით ქვესკნელში გამოკეტე, და როდესაც ათასწლეული მიიწურა, იცინოდი მასზე, რადგან ის საბავშვო ზღაპრად იქცა. მაგრამ როდესაც ის საზარლად დიადი თავს აწევს, მაშინ ძრწის მსოფლიო. სიცივე მოგიცავს შენ. 

შიშით უყურებ, რომ დაუცველი ხარ და შენი სიქველეთა ჯარი უძლურებისგან იჩოქებს. ბოროტი გიმორჩილებს დემონური ძალით და შენი სიქველე მისი ხდება. ამ ბრძოლაში სრულიად მარტო ხარ, რადგან შენი ღმერთები დაყრუვდნენ. შენ არ იცი, რომელიც დემონია უფრო ძლიერი, შენი ნაკლოვანებები თუ შენი სიქველეები. მაგრამ ერთი კი ზუსტად იცი, რომ ნაკლოვანებები და სიქველეები ძმები არიან. 

ჩვენ სიკვდილის სიცივე გვინდა, რათა ნათლად დავინახოთ. სიცოცხლეს სურს რომ იცოცხლოს და მოკვდეს, დაიწყოს და დასრულდეს. შენ არ ხარ იძულებული მუდამ იცოცხლო, შენ სიკვდილიც შეგიძლია, რადგან ორივე ნება არის შენში. სიცოცხლე და სიკვდილი შენს ამქვეყნიურ ყოფაში უნდა გაწონასწორდეს. დღევანდელ ადამიანებს დიდი წილი სიკვდილი სჭირდებათ, რადგან მრავლად არის მასში ცდომილება, და მრავალი მართებული მოკვდა მათთვის. 

მართებულია ის, რაც გაწონასწორებულია, ხოლო ცდომილებაა ის, რაც წონასწორობას არღვევს. ხოლო როდესაც წონასწორობა მიღწეულია, მაშინ ცდომილებაა ის, რაც წონასწორობას იჭერს, და მართებულია ის, რაც მას არღვევს. წონასწორობა არის ერთდროულად სიცოცხლეც და სიკვდილიც. სიცოცხლის სრულყოფისთვის საპირწონე არის სიკვდილი. როდესაც მე სიკვდილს ვიგემებ, მაშინ მწვანდება ჩემი ხე, რადგან სიკვდილი აამაღლებს სიცოცხლეს. და როდესაც მე სამყაროს მომცველ სიკვდილში ვიძირები, მაშინ იშლებიან ჩემი კვირტები. როგორ სჭირდება ჩვენს სიცოცხლეს სიკვდილი!

წვრილმანებისგან მოდის ბედნიერება, როდესაც სიკვდილს იგემებ. მაგრამ თუ შენ ხარბად შეჰყურებ იმას, რისთვისაც შეგეძლო ცხოვრება, მაშინ არაფერი კმარა შენი სიამოვნებისთვის, და წვრილმანები, რომლებიც შენს გარშემო არის, აღარ გახარებს. ამის გამო შევყურებ სიკვდილს, რადგან ის სიცოცხლეს მასწავლის.

როდესაც შენში სიკვდილს იგემებ, თითქოს მყინვარე ღამე და მშფოთვარე წინათგრძნობა, მაგრამ მყინვარე ღამე ვენახია, ტკბილი ყურძნით სავსე. მალე შენი სიმდიდრით იხარებ. სიკვდილი ამწიფებს. სიკვდილი საჭიროა ნაყოფის მოსაწევად. სიკვდილის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, რადგან უსასრულობა თავს ამეორებს და საკუთარ საზრისს უარყოფს. რათა არსებობდე და საკუთარი ყოფიერებით ტკბებოდე, სიკვდილი გჭირდება, და ეს შეზღუდვა ზემოქმედებს, რათა შენი არსებობა აღასრულო.

როდესაც მიწიერ მოთქმასა და უაზრობას ვუყურებ და სიკვდილი მოვა თავსაფრით, რასაც ვხედავ ყოველივე ყინულად იქცევა, მაგრამ ჩრდილების სამყაროში სხვა, წითელი მზე ამოდის. ის ფარულად და მოულოდნელად ამოდის, და ჩემი სამყარო ტრიალებს როგორც სატანური გამოცხადება. შევიცნობ სისხლსა და კვლას. სისხლსა და კვლას თავისი მშვენიერება აქვთ. ვინმემ შეიძლება სისხლიანი ძალადობის მშვენიერებით ისიამოვნოს. 

მაგრამ საშინლად მიუღებელია, რაც უკუვაგდე და ჩემში ცნაურდება. რადგან თუ ამ ცხოვრების სიმძიმე და უპოვრობა სრულდება, იწყება სხვა ცხოვრება იმაში, რაც ჩემში წინააღმდეგობას იწვევდა. ეს მეწინააღმდეგება იმდენად, რამდენადაც მე ის არ მესმის. რადგან ეს წინააღმდეგობა ემორჩილება არა გონების, არამედ საკუთარი ბუნების კანონებს. ეს უბრალოდ წინააღმდეგობა კი არ არის, არამედ შეურიგებელია, უხილავად და საზარლად შეურიგებელი, რისგანაც სუნთქვა მეკვრება, კუნთებში ძალა მერთმევა, გონება მერევა, ქუსლს მიგესლავს და იქ მხვდება, სადაც არ ველოდი, რათა მტკივან ადგილას ჩამაჭიროს. ის არ მხვდება როგორც ძლიერი მტერი, ვაჟკაცური და საშიში, არამედ მე ვკვდები ნაკელის გროვაზე, როდესაც მშვიდობიანი ქათმები ჩემს გარშემო კაკანებენ და კვერცხს დებენ. ძაღლი მოდის და ფეხს წევს ჩემთან და გზას აგრძელებს. ჩემი დაბადების საათს შვიდგზის ვწყევლი, და თუ ვერ შევძლებ რომ მოვკვდე, მაშინ ხელმეორედ განვიცდი ჩემს დაბადებას. ძველად იტყოდნენ: Inter faeces et urinas nascimur. სამი ღამე მტანჯავდა დაბადება. მესამე ღამეს გაისმა გულუბრყვილო ხარხარი. და სიცოცხლე კვლავ ამოძრავდა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff