კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

სამი წინასწარმეტყველება

საოცარი საგნები მოახლოვდა. ჩემს სამშვინველს დავუძახე და ვთხოვე, რომ ჩასულიყო დინებაში, რომლის ხმაური შორიდან მესმოდა. ეს მოხდა 1914 წლის 22 იანვარს, როგორც ეს ჩემს წიგნშია ჩანიშნული. და იგი ჩაეშვა ბნელში, ნასროლი ისარივით, და ბნელიდან ამომძახა: „მიიღებ იმას, რაც მომაქვს?“

მე: „მივიღებ, რასაც მომცემ. განსჯა არ შემიძლია.“

სამშვინველი: „მაშ ისმინე: აქ ქვემოთ ძველი ჯავშანია, ჩვენი მამების იარაღები, ჟანგისგან შეჭმული, ტყავისგან დამზადებული ხაფანგები, მატლისგან შეჭმული შუბის ტარები, გაღუნული შუბის პირები, გატეხილი ისრები, ლპობისგან დაშლილი ფარები, თავის ქალები, ადამიანისა და ცხენის ძვლები, შურდულები, ჩირაღდნები, შეტევისთვის განკუთვნილი დალეწილი იარაღი, ქვის კეტები, ისრის პირები - ყველაფერი, რაც ადრე ბრძოლის ველზე იყო. მიიღებ ამ ყველაფერს?“

მე: „მივიღებ. შენ უკეთ იცი, ჩემო სამშვინველო.“

სამშვინველი: „მე ვპოულობ მოხატულ ქვებს, დამუშავებულ ძვლებს მაგიური ნიშნებით, ტყავზე დაწერილ შელოცვებს და ფოლადის ფირფიტებს, ჭუჭყიან ტომრებს, რომლებიც სავსეა კბილებით, ადამიანის თმით და ფრჩხილებით, ერთად შეკრულ შეშას, შავ სფეროებს, დახოცილი ცხოველების ტყავს - ყოველი ცრურწმენა, რომელიც ბნელ დროში წარმოიშვა. გინდა ეს ყველაფერი?“

მე: „მივიღებ ყველაფერს, როგორ შემიძლია რაიმეზე უარის თქმა?“

სამშვინველი: „მაგრამ უფრო უარესსაც ვპოულობ: ძმათაკვლა, ხოცვა-ჟლეტა - წამება - ბავშვთა შეწირვა - ხალხების ამოწყვეტა - ხანძარი - ღალატი - ომი - აჯანყება - ესეც გინდა?“

მე: „ისიც, რაც უნდა იყოს. როგორ განვსჯი?“

სამშვინველი: „მე ვპოულობ ეპიდემიებს - ბუნებრივ კატასტროფებს - ჩაძირულ გემებს - განადგურებულ ქალაქებს - შემზარავ სიველურეს - შიმშილს - ადამიანთა უსიყვარულობას - და შიშს - შიშის მწვერვალებს.“

მე: „ასეც უნდა იყოს, რადგან ამას შენ იძლევი.“

სამშვინველი: „ყოველი წარსული კულტურის საგანძურს ვპოულობ - ღმერთების დიდებულ გამოსახულებებს - შორეულ ტაძრებს - მხატვრობას - პაპირუსის გრაგნილებს - პერგამენტის ფურცლებს მკვდარ ენებზე შესრულებული წარწერებით - წიგნებს დაკარგული სიბრძნით - ძველი ქურუმების სიმღერებსა და გალობებს - ათასობით თაობებში მოყოლილ ისტორიებს.“

მე: „ეს მთელი სამყაროა - მე მას ვერასოდეს მოვიცავ. როგორ შემიძლია მისი მიღება?“

სამშვინველი: „შენ ხომ ყველაფრის მიღება გინდოდა? შენი საზღვრები არ იცი. განა არ შეგიძლია შეზღუდო საკუთარი თავი?“

 

მე: „თავი უნდა შევიზღუდო. ვის შეუძლია მოიცვას ეს სიმდიდრე?“

სამშვინველი: „იყავი თავმდაბალი და შენს ბაღს კმაყოფილებით მოუარე.“

მე: „ასეც ვიზამ. ვხედავ, რომ არ ღირს განუზომელის დიდი ნაწილის მოპოვება, ისევ მცირეა უმჯობესი. მოვლილი პატარა ბაღი უმჯობესია, ვიდრე ცუდად მოვლილი დიდი ბაღი. განუზომელთან შედარებით ორივე ბაღი პატარაა, მაგრამ არათანაბრად მოვლილი.“

სამშვინველი: „აიღე მაკრატელი და გაკრიჭე ხეები.“

ბნელის მოქცევისას, როდესაც მიწის ძე მოევლინა, სამშვინველმა ძველი საგნები გადმომცა, რომლებიც მომავალზე მიუთითებდნენ. სამი საგანი იყო: ომის უბედურება, ჯადოქრობის სიბნელე, რელიგიის საჩუქარი.

თუ ჭკვიანი ხარ, მიხვდები, რომ ეს სამი საგანი ერთმანეთს უკავშირდება. ეს სამი ქაოსისა და მისი ძალების აწყვეტას ნიშნავს, და ისინი მის ბოჭვასაც ნიშნავს. ომი თვალსაჩინოა და ყველა ხედავს მას. ჯადოქრობა ბნელია და ვერავინ ხედავს მას. რელიგია ჯერჯერობით არა, მაგრამ მომავალში გაცხადდება. გიფიქრია, რომ ომის საშინელებები ჩვენთან მოვა? გიფიქრია, რომ ჯადოქრობა არსებობს? გიფიქრია ახალ რელიგიაზე? გრძელი ღამეების განმავლობაში ვიჯექი, ვუყურებდი იმას, რაც მოდიოდა და ჟრუანტელი მივლიდა. ჩემი გჯერა თუ არა? ნაკლებად მადარდებს ეს. რა არის რწმენა? რა არის ურწმუნოება? ვუყურებდი და ჟრუანტელი მივლიდა.

მაგრამ ჩემი სული ვერ მოიცავს საზარელს, ვერ მოიაზრებს იმას, რაც მოდის. ჩემი ლტოლვის ძალა ნელდებოდა, უძლურებით ეშვებოდა მოსავლის შემგროვებელი ხელები. ვგრძნობდი სიმძიმეს, მომავალი დროის ყველაზე საზარელი სამუშაოს გამო. ვხედავდი, სად და როგორ, მაგრამ ვერც ერთი სიტყვა გადმოსცემს ამას, ვერც ერთი ნება დაძლევს მას. სხვანაირად არ შემეძლო, მივუშვი, რომ სიღრმეში ჩაძირულიყო.

ამას ვერ გადმოგცემ, შემიძლია მხოლოდ იმის გზაზე ვისაუბრო, რაც მოდის. გარესამყაროდან ცოტა რამ მოვა კარგი თქვენთან. რაც მოდის, ის თქვენშია. მაგრამ რა არის იქ! მსურს თვალი ავარიდო, ყურები დავიხშო და ჩემი ყოველი შეგრძნება უარვყო, მსურს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყო, რომელმაც არაფერი ვიცი და არასოდეს მინახავს რამე. ეს მეტისმეტია და ძალზე მოულოდნელი. მაგრამ მე ვიხილე ეს, და ჩემი მეხსიერება არ მეშვება. მე ჩემს ლტოლვას ვამოკლებ, რომელიც მომავლისკენ არის მიმართული, და ჩემს პატარა ბაღში ვბრუნდები, რომელიც ამჟამად ყვავის, და რომლის მოცულობის გაზომვა შემიძლია. ის მოვლილი უნდა იყოს.

მომავალი უნდა დავუტოვოთ მომავალში მყოფთ. ვბრუნდები მცირესა და რეალურში, რომ ეს არის დიდი გზა, გზა იმის, რაც მოდის. ჩემს მარტივ რეალობაში ვბრუნდები, ჩემს უეჭველ და ყველაზე მცირე ყოფაში. ვიღებ დანას და განაჩენს გამოვუტან ყველაფერს, რაც უზომოდ და უმიზნოდ იზრდება. ჭეშმარიტად, ჩემს გარშემო ტყეები ამოიზარდა, მცოცავი მცენარეები გადმოვიდნენ ჩემს ზემოთ, და სრულიად დაფარული ვარ მარადიული გამრავლებით. სიღრმე ამოუწურავია, ის ყველაფერს იძლევა. ყველაფერი ისეთი კარგია, როგორც არაფერი. შეინახე ცოტა და მცირედს მიიღებ. უზომოა შენი სიხარბე და შენი წყურვილი იმისა, რომ შეიცნო და იცოდე, უზომოა შენი ლტოლვა იმისკენ, რომ დააგროვო, შეაგროვო, მოიცვა, მოიხმარო, ზემოქმედებდე, იბატონო, დაალაგო, მნიშვნელობები მიანიჭო.

ეს სიშლეგეა, როგორც ყველაფერი, რაც კი თავის ზღვარს გაცდება. როგორ დაიჭერ იმას, რაც არ ხარ? შენ გსურს შენს უბადრუკ ცოდნასა და გაგებას დაუქვემდებარო ყველაფერი, რაც არ ხარ? გახსოვდეს, რომ შეგიძლია შენი თავი შეიცნო, და ამით საკმარისი იცოდე. მაგრამ არ შეგიძლია შეიცნო სხვები, ყველაფერი სხვა. გაფრთხილდი იმის შეცნობაში, რაც შენს გარეთ არის, რადგან შენი ცოდნის თავდაჯერებამ შეიძლება მათი ცხოვრება მოგუდო, ვინც საკუთარი თავი იცის. მცოდნემ შეიძლება საკუთარი თავი იცოდეს. ეს მისი ზღვარია.

მტკივნეულად ჩამოვიჭრი იმას, რაც ჩემს მიღმა ვიცოდი. ჩამოვიჭრი მნიშვნელობებს, რომელიც ჩემს გარესამყაროს მივანიჭე. ჩემი დანა ჭირს უფრო ღრმად და იმ მნიშვნელობებს ჩამოვიჭრი, რომელსაც ჩემს თავს ვანიჭებდი. მე ჩავჭრი ძვალ-რბილში, სანამ ყოველივე მნიშვნელობების მქონე არ მომცილდება, სანამ აღარ ვიქნები ის, ვინც ჩემი თავი მეგონა, სანამ არ მეცოდინება მხოლოდ ის, თუ ვინ ვარ მე.

მსურს ვიყო ღარიბი და ცარიელი, მსურს გარდაუვალის წინაშე შიშველი ვიდგე. მსურს ჩემი სხეული და მისი უპოვრობა ვიყო. მსურს მიწიერი ვიყო და მისი კანონებით ვიცხოვრო. მსურს ჩემი ადამიანური ცხოველი ვიყო  და მისი ყველა შიში და ვნება მივიღო. მსურს იმის ტანჯვა და ნეტარება გავიარო, ვინც მზით განათებულ მიწაზე დაუცველი სხეულით იდგა, მარტო, თავისი მისწრაფებებისა და ჩასაფრებული მხეცების მსხვერპლი, ვინც მოჩვენებებმა დააფრთხო და შორეულ ღმერთებზე ოცნებობდა, ვინც ახლო მყოფს ეკუთვნის და შორეულს ემტერებოდა, ვინც ქვიდან ცეცხლს ანთებდა, უხილავი ძალები მას ჯოგებს პარავდნენ და მის მინდვრებზე მოსავალს ანადგურებდნენ, ვინც არ იცოდა და ვერ იგებდა, არამედ ცხოვრობდა იმით, რაც ხელთ ჰქონდა და ასევე იმით, რასაც შორიდან უწყალობებდნენ.

ბავშვი იყო იგი და არათავდაჯერებული, მაგრამ იმავე დროს დარწმუნებული, სუსტი და იმავე დროს საოცარი ძალის. როდესაც მისი ღმერთი არ ეხმარებოდა, სხვა ღმერთს იღებდა. და ისიც რომ არ ეხმარებოდა, სჯიდა იგი თავის ღმერთს. და შევხედოთ: სხვა დროს დაეხმარნენ ღმერთები. ასე რომ ვიშორებ ყოველივეს მნიშვნელოვანს, ყოველივე ღვთაებრივსა და ეშმაკეულს, რომელიც ქაოსმა ამკიდა. ჭეშმარიტად, მე არ უნდა ვამტკიცებდე ღმერთებისა და დემონების, ქაოსის მონსტრების შესახებ, მე არ უნდა ვკვებავდე და ვატარებდე მათ ფრთხილად, ან ვითვლიდე და სახელს ვაძლევდე მათ, ან თუნდაც ურწმუნოებისა და ეჭვისგან რწმენით დავიცვა ისინი.

თავისუფალი ადამიანი მხოლოდ თავისუფალ ღმერთებს და დემონებს იცნობს, რომლებიც თვითკმარი არიან და თავისი ძალით მოქმედებენ. თუ ვერ იმოქმედებენ, ეს მათი საქმეა და შემიძლია ეს ტვირთი ჩამოვიხსნა. მაგრამ თუ მოქმედებენ, არ სჭირდებათ არც ჩემი დაცვა, არც ჩემი ზრუნვა და არც ჩემი რწმენა. ასე რომ დაელოდე მშვიდად, იმოქმედებენ თუ არა ისინი. და თუ ასე მოხდება, ჭკვიანად იყავი, ვეფხვი შენზე ძლიერია. უნდა შეგეძლოს ყველაფრის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონა ხარ მაშინაც კი, თუ ღვთის მონა ხარ. ცხოვრება თავისუფალია და საკუთარ გზას ირჩევს. ის საკმაოდ შეზღუდულია, ასე რომ მეტ შეზღუდვას ნუ დაუწესებ. ასე რომ მე ყოველგვარ შეზღუდვას ჩავხსნი. აქ ვიდექი და იქ იდო სამყაროს გამოუცნობი მრავალფეროვნება.

შიშმა დამიარა. განა არ ვარ ვიწრო საზღვრებში მოქცეული? განა სამყარო უსაზღვრო არ არის? და ჩემი სისუსტე ჩემთვის ცნობილია. რა იქნებოდა სიღარიბე, სიშიშვლე და მოუმზადებლობა, რომ არ ყოფილიყო სისუსტის შეცნობა და უძლურების შიში? ასე ვიდექი და ვძრწოდი. და ჩემმა სამშვინველმა მიჩურჩულა:

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff