კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

მომავლის ჯოჯოხეთში ჩასვლა

მომდევნო ღამეს ჰაერი მრავალი ხმით იყო სავსე. ერთი ხმა იძახდა: „ვეცემი.“ სხვა ხმები ამ დროს დაბნეულები და დაძაბულები: „სად? რა გინდა?“ უნდა მივენდო ამ დაბნეულობას? ჟრუანტელი მივლის. ეს შემზარავი სიღრმეა. შენ გსურს, რომ ჩემი „მე“-ს, საკუთარი წყვდიადის სიშლეგის ანაბარა დავრჩე? საითკენ? საითკენ? შენ ვარდები, მსურს ვვარდებოდე შენთან ერთად, ვინც არ უნდა იყო.

და აი, ამიხილა სიღრმის სულმა თვალები, და ვიხილე შინაგანი საგნები, ჩემი სამშვინველის სამყარო, მრავალსახოვანი და ცვალებადი.

მე ვხედავ ნაცრისფერ კლდოვან კედლებს, რომელთა გასწვრივ დიდ სიღრმეში ვიძირები. ვდგავარ კოჭებამდე შავ ჭუჭყში ბნელი გამოქვაბულის წინ. ჩრდილები ლივლივებენ ჩემს გარშემო. შიში მიპყრობს, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით უნდა შევიდე. ვხოხავ ვიწრო კლდოვან ნაპრალებში და და შევაღწევ გამოქვაბულის სიღრმეში, რომლის ძირი შავი წყლით არის დაფარული. მაგრამ მეორე მხარეს ვხედავ წითლად განათებულ ქვას, რომელთანაც უნდა მივიდე. მე გავდივარ ბინძურ წყალში. გამოქვაბული სავსეა მოღრიალე ხმების შემზარავი ხმაურით. ქვას ვიღებ ხელში, რომელიც კლდეში ბნელ ხვრელს ფარავს. ქვა ხელში მიჭირავს, და გარშემო მზერით პასუხს ვეძებ. არ მსურს ხმების მოსმენა, ისინი გზაზე მაბრკოლებენ. მაგრამ მსურს ვიცოდე. აქ რაღაც უნდა ითქვას. ხვრელზე ყურს ვადებ. წყალქვეშა დინებათა ხმა მესმის. კაცის სისხლიან თავს ვხედავ ბნელ ნაკადზე. დაჭრილი, მოკლული დაცურავს იქ. ჟრუანტელი მივლიდა ამ სურათის ცქერის დროს. ვხედავ დიდ შავ სკარაბეუსს, ბნელ ნაკადში მცურავს.

დინების სიღრმეში ფსკერზე ანათებს წითელი მზე, ბნელ წყალს სხივებით განმსჭვალავს. ამას ვხედავ და შიში მიპყრობს, რგოლებად დახვეული გველები ბნელი კლდოვანი კედლებით სიღრმეებისკენ მიისწრაფვიან, სადაც დაბურული მზე კიაფობს. ათასობით გველი გარს ეხვევა და ეფოფრება მზეს. ღრმა ღამე ჩამოწვა გარშემო. სისხლის წითელმა ჩქეფმა, შესქელებულმა წითელმა სისხლმა ამოხეთქა, დიდხანს იდინა, შემდეგ კი შეწყდა. შეძრწუნებული გავქვავდი. ეს რა ვნახე?

უმკურნალე ჭრილობებს, რომლებსაც ეჭვი მაყენებს, ჩემო სამშვინველო. ესეც გადასალახია, ამით მე შენს ზეაზრს შევიცნობ. როგორი შორია ყველაფერი, და როგორ მოვბრუნდი უკან! ჩემი სული არის ტანჯვის სული, ის ანაწევრებს ჩემს შინაგან ხედვას, სურს ყველაფრის დაშლა და ერთმანეთისგან განცალკევება. ჯერ კიდევ ჩემი ფიქრების მსხვერპლი ვარ. როდის შევძლებ ჩემს ფიქრებს დამშვიდება ვუბრძანო, რათა ჩემი ფიქრები, ეს ურჩი ძაღლები, ჩემს ფეხებთან მოხოხდნენ? როგორ მქონდეს იმედი, რომ შენი ხმა უფრო გასაგონად გავიგო, შენი სახე უფრო ნათლად დავინახო, როდესაც ყველა ჩემი ფიქრი გარშემო ყმუის?

მე შეძრული ვარ, მაგრამ არ მსურს ვიყო შეძრული, რადგან შენ, ჩემო სამშვინველო, შეგფიცე, რომ გენდობოდე მაშინაც კი, როცა შეშლილობაში გამატარებ. როგორ ვიყო შენი მზის წილი, თუ მწარე საძილე სასმელს არ შევსვამ და ბოლომდე არ გამოვცლი? დამეხმარე, რათა საკუთარი ცოდნით არ გავიგუდო. ჩემი ცოდნის სისავსე სადაცაა მე დამეცემა. ჩემი ცოდნის განკარგულებაშია ათასი ხმისგან შემდგარი ჯარი, ლომების ხმით; ჰაერი შეძრულია, როდესაც ისინი მეტყველებენ, და მე მათი დაუცველი მსხვერპლი ვარ. ჭკვიანური ახსნებისგან, მეცნიერებისგან განმარიდე, საპყრობილის ბოროტი ბატონისგან, რომელიც სამშვინველებს კრავს და უსინათლო საკნებში ამწყვდევს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა დამიცავი განსჯის გველისგან, რომელიც მხოლოდ გარეგნულად არის მკურნალი გველი, შენს სიღრმეში კი ჯოჯოხეთური შხამია და ტანჯვით აღსავსე სიკვდილი. მსურს განწმენდილი შევიდე შენს სიღრმეში, თეთრი სამოსით, და არა როგორც ქურდი, რომელიც რაიმეს გამომგლეჯს და გაიქცევა. დამტოვე ღვთაებრივ გაოცებაში, რადგან მზად ვარ, შენს სასწაულს ვუმზერდე. დამადებინე თავი ქვაზე შენი კარიბჭის წინაშე, რადგან მზად ვარ, რათა ნათელი მივიღო.

როდესაც უდაბნო აყვავებას დაიწყებს, მაშინ იგი თავისებურ მცენარეებს გამოიღებს. საკუთარ თავს შეშლილად მიიჩნევ და გარკვეული გაგებით შეშლილი იქნები. რამდენადაც ამ დროის ქრისტიანობას შეშლილობა აკლია, იმდენად აკლია მას ღვთაებრივი ცხოვრებაც. დააკვირდით, რას გვასწავლიან ძველი დროიდან ხატებში: სიშლეგე ღვთაებრივია. რადგან ძველად ამ ხატებს საგნებში განიცდიდნენ, ჩვენთვის გაცრუებად იქცა, რადგან ჩვენ სამყაროს სინამდვილის ოსტატები გავხდით. წყალი არ გაუვა: როდესაც მშვინვიერ სამყაროში შეაბიჯებ, შლეგივით ხარ, და ექიმი სნეულად ჩაგთვლის. ის, რასაც აქ ვამბობ, ავადმყოფურად ჩაითლება. მაგრამ ვერავინ მიიჩნევს მას იმაზე უფრო ავადმყოფურად, ვიდრე მე თვითონ მივიჩნევ ამას.

ასე გადავლახე შეშლილობა. როდესაც არ უწყით ღვთაებრივი შეშლილობის შესახებ, გვერდზე გადადეთ მსჯელობანი და ნაყოფს დაელოდეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ არსებობს ღვთაებრივი შეშლილობა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა დროის სულის დაძლევა სიღრმის სულის მიერ. ამის შემდეგ ისაუბრეთ სნეულ შეშლილობაზე, როდესაც სიღრმის სული ვეღარ დაიმალება და ადამიანს აღძრავს ენებით იმეტყველოს და არა ადამიანური ენებით, და დაარწმუნოს, რომ იგი თავად არის სიღრმის სული. მაგრამ ასევე ისაუბრეთ სნეულ შეშლილობაზე, როდესაც დროის სული ადამიანს თავს არ ანებებს და აიძულებს მხოლოდ ზედაპირულს უყუროს, სიღრმის სული უარყოს და თავი დროის სულად აღიქვას. დროის სული უღმერთოა, სიღრმის სული უღმერთოა, გაწონასწორება ღვთაებრივია.

რადგან მე დროის სულის მიერ დატყვევებული ვიყავი, ეს უნდა გადამხდენოდა, რაც მე ამ ღამეს გადამხდა, როდესაც თვით სიღრმის სული შემოიჭრა და დროის სული ძალით განდევნა. ხოლო სიღრმის სულმა ეს ძალა მოიპოვა იმით, რომ მე 25 ღამის განმავლობაში უდაბნოში ჩემს სამშვინველთან ვსაუბრობდი და მას მთელი ჩემი სიყვარული და მთელი ჩემი მორჩილება ვუძღვენი. მაგრამ 25 დღის განმავლობაში მთელი ჩემი სიყვარული და მთელი ჩემი მორჩილება ამ დროის საგნებს, ადამიანებსა და ფიქრებს მივუძღვენი. მხოლოდ ღამით მივდიოდი უდაბნოში.

უნდა შეძლოთ სნეული და ღვთაებრივი შეშლილობის გარჩევა. ვინც ერთს ასრულებს ხოლო მეორეს ვერა, მას შეგიძლიათ სნეული უწოდოთ, რადგან მისი სასწორი დაქანებულია.

მაგრამ ვის შეძლებია, ღვთაებრივი თრობისა და შეშლილობის დადგომისას, შიშს შეწინააღმდეგებოდა? სიყვარული, სამშვინველი და ღმერთი მშვენიერია და საზარელი. ძველად წარმოადგინეს ღმერთის მშვენიერება ამ სამყაროში და ეს სამყაროც ისე გამშვენდა, რომ იგი დროის სულს სისავსედ მოეჩვენა, უმჯობესად ჩათვალა ვიდრე ღვთაების კალთაში ყოფნა. სამყაროს საშინელება და საზარლობა საფარველის ქვეშ იყო და ჩვენი გულის სიღრმეში. როდესაც თქვენ სიღრმის სული მოგიცავთ, იგრძნობთ ძრწოლას და ტანჯვისგან ამოიბღავლებთ. სიღრმის სული ფეხმძიმდება რკინით, ცეცხლითა და მკვლელობით. სწორია, როდესაც სიღრმის სულის გეშინიათ, რადგან ის სავსეა საშინელებით.

ამას ხედავთ ამ დღეებში, თუ რას ფარავდა სიღრმის სული. არ გჯეროდათ ამის, მაგრამ იცოდით, თუკი თქვენს შიშს დაეკითხებოდით.

კრისტალის წითელი შუქიდან მანათებდა სისხლი, და როდესაც მე ის გავხსენი, რათა მისი საიდუმლო აღმომეჩინა, საზარელი რამ დამიდგა წინ: იმის სიღრმეში, რაც უნდა მოვიდეს, არის მკვლელობა. ქერათმიანი გმირი მოკლული იწვა. შავი ხოჭო არის სიკვდილი, რომელიც განახლებისთვის არის საჭირო; ამის გამო გამოუნათა მას ახალმა მზემ, სიღრმის მზემ, გამოუცნობმა, ღამის მზემ. და როგორც გაზაფხულის ამომავალი მზე მკვდარ მიწას გააცოცხლებს, ასევე აცოცხლებდა სიღრმის მზე მკვდარს, და ატყდა საზარელი ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის. და ამოხეთქა ძლიერმა და დიდხანს დაუმარცხებელმა სისხლის წყარომ. ეს იყო ის, რაც უნდა მოვიდეს, რასაც ახლა თქვენს ხორცში შეიტყობთ, და ეს უფრო მეტიც არის. (ეს ხილვა მქონდა 1913 წლის 12 დეკემბრის ღამეს)

სიღრმე და ზედაპირი უნდა აირიოს ერთმანეთში, რაც ახალ სიცოცხლეს წარმოქმნის. ხოლო ახალი სიცოცხლე აღმოცენდება არა ჩვენს გარეთ, არამედ ჩვენში. რაც ჩვენს გარეთ ამ დღეებში ხდება, არის ხატი, რომ ერები საგნებში ცხოვრობენ, რათა ეს ხატი უძველეს დროს მიაწერონ და ამით ისინი საკუთარ გზას სწავლობენ ისევე, როგორც ჩვენ ჩვენ ვსწავლობდით ხატებიდან, რომლებიც ძველად საგნებში უკვე განიცადეს.

ცხოვრება მომდინარეობს არა საგნებიდან, არამედ ჩვენი სიღრმეებიდან. ყველაფერი, რაც გარშემო მოხდა, უკვე იყო.

ამგვარად, ვინც მოვლენებს გარედან აკვირდება, მხოლოდ ხედავს, რომ ეს უკვე იყო და რომ ეს მუდამ იგივე რჩება. მაგრამ ის, ვინც შიგნით აკვირდება, მან იცის, რომ ყველაფერი ახალია. საგნები, რომლებიც აღსრულდება, მუდამ ერთი და იგივეა. ხოლო ადამიანის შემოქმედებითი სიღრმე არ არის მუდამ იგივე. საგნები არაფერს ნიშნავს, მათ მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენთვის აქვთ. ჩვენ ვქმნით საგნების მნიშვნელობას. მნიშვნელობა არის და იყო მუდამ ხელოვნური; ჩვენ ვქმნით მას.

ამის გამო ვეძებთ ჩვენს თავს საგნების მნიშვნელობის მიხედვით, ამით ცხადდება იმის გზა რაც მოდის და ჩვენს ცხოვრებას გაგრძელება შეუძლია.

ის, რაც გჭირდებათ, თქვენში მოიპოვება, კერძოდ საგანთა მნიშვნელობა. საგანთა მნიშვნელობა მათი კუთვნილი აზრი არ არის. ეს აზრი სამეცნიერო წიგნებშია. საგნებს არავითარი აზრი აქვთ.

საგნების მნიშვნელობა თქვენს მიერ შექმნილი ხსნის გზაა. საგნების მნიშვნელობა თქვენს მიერ შექმნილი შესაძლებლობაა ამ სამყაროში ცხოვრებისთვის, ეს არის ამ სამყაროზე დაუფლება და თქვენი სამშვინველის დაფუძნება ამ სამყაროში.

საგნების მნიშვნელობა არის ზეაზრი, რომელიც არც საგანში და არც სამშვინველში არის, არამედ საგნებსა და სამშვინელს შორის მდგომ ღმერთში, რომელიც არის სიცოცხლის შუამავალი, გზა, ხიდი და გადალახვა.

მომავალს ვერ დავინახავდი, თუ მას ჩემში ვერ დავინახავდი.

ჩემი წილიც არის იმ მკვლელობაში, ჩემშიც ანათებს სიღრმის მზე, რომელმაც მკვლელობის შემდეგ გამოანათა; ჩემშიც ათასობით გველია, რომლებსაც მზის გადაყლაპვა სურთ. მე თვითონ ვარ მკვლელი და მოკლული, მსხვერპლის შემწირავი და მსხვერპლი. ჩემგან მოდის სისხლის წყარო.

თქვენ ყველას გაქვთ წილი მკვლელობაში. თქვენში გამოჩნდება კვლავ დაბადებული და ამოვა სიღრმის მზე, ათასობით გველი ამოიზრდება თქვენი მკვდარი ხორციდან და მზეს დაეცემიან, რათა გადაყლაპონ. თქვენი სისხლი დაიღვრება. ამას წარმოადგენენ ერები დღეს დაუვიწყარ ქმედებებში, რომლებიც დაუვიწყარ წიგნებში მარადიული ხსოვნისთვის სისხლით არის ჩაწერილი.

მაგრამ გეკითხებით, როდის დაეცემიან ადამიანები თავიანთ ძმებს იარაღის ძალითა და სისხლიანი ქმედებებით? ისინი ასე იქცევიან, როცა არ იციან, რომ მათი ძმები თვითონ არიან. თავად არიან მსხვერპლის შემწირველნი, მაგრამ ასევე მსხვერპლად ეწირებიან. ისინი ყველა უნდა შეეწირონ, მაგრამ ჯერ არ მოსულა დრო, როდესაც ადამიანი სისხლიან დანას თავად ჩაიცემს, რათა შესწიროს ის, რასაც იგი საკუთარ ძმაში სწირავს. მაგრამ როდის კლავენ ადამიანები? ისინი კლავენ კეთილშობილებს, ძლიერებს, გმირებს. ამას ესწრაფვიან ისინი და არ იციან, რომ მათში ისინი საკუთარ თავს გულისხმობენ. მათ გმირი საკუთარ არსებაში უნდა შესწირონ, და რადგან ეს არ იციან, კლავენ თავიანთ ძლიერ ძმებს.

დრო ჯერ არ მომწიფებულა. მაგრამ ამ სისხლიანი მსხვერპლით ის უნდა მომწიფდეს. სადამდეც საკუთარი თავის მაგივრად ძმის მოკვლა იქნება შესაძლებელი, დრო არ მომწიფდება. საშინელება უნდა მოხდეს, სანამ ადამიანები მომწიფდებიან. სხვაგვარად ადამიანები ვერ მომწიფდებიან. აქედან არის ყოველივე, რაც ამ დღეებში უნდა მოხდეს, ასეც უნდა იყოს, რათა განახლება მოვიდეს. სისხლის წყარო, რომელიც მზის დაბინდვას მოჰყვება, ასევე წყაროა ახალი სიცოცხლის.

როგორც თქვენ ერების ბედი საგნებში წარმოგიდგებათ, ისევე მოხდა ეს თქვენს გულებშიც. როდესაც გმირი თქვენში მოკლულია, მაშინ აღმობრწყინდება თქვენთვის სიღრმის მზე, შორიდან და გასაოცარი ადგილიდან მანათობელი. მაგრამ ამავე დროს ყოველივე გადარჩება თქვენში, რაც მკვდარი გეჩვენებოდათ და შხამიან გველებად გადაიქცევა, რომლებსაც მზის გადაყლაპვა სურთ, და თქვენ ღამესა და დაბნეულობაში დაინთქმებით. თქვენი სისხლი ამ საზარელ ბრძოლაში მრავალი ჭრილობიდან დაინთხევა. თქვენი შერყევა და იმედგაცრუება დიდი იქნება, მაგრამ ასეთი წყაროდან იბადება ახალი ცხოვრება. დაბადება არის სისხლი და ტანჯვა. თქვენი წყვდიადი, რომლესაც არ იცნობთ, რადგან ის მკვდარი იყო, გადარჩება, და თქვენ შეიგრძნობთ სრულ შემოტევას იმის, რაც ბოროტია და სიცოცხლის საწინააღმდეგო, რომელიც თქვენი სხეულის ნაწილაკებშია დაფლული. გველები კი შემზარავად ბოროტი ფიქრები და გრძნობებია.

გეგონა, რომ იცნობდი იმ უფსკრულს? ო, თქვენ ჭკვიანებო! მისი განცდა სულ სხვა რამ არის. თქვენ გადაიტანთ ამ ყველაფერს. იფიქრეთ მთელ ამ შიშის მომგვრელ და სატანურ რამეზე, რომელიც ადამიანებმა თავიანთ ძმებს დამართეს. ეს თქვენს გულში უნდა მოხდეს. თქვენი ხელით დაიმართეთ ეს, და იცოდეთ, თქვენივე ეშმაკეული ხელია, რომელიც ტკივილს გაყენებთ. ეს არ არის თქვენი ძმა, რომელიც საკუთარ ეშმაკებს ეჭიდება.

მსურს დაინახოთ, რას ნიშნავს მოკლული გმირი. ის უსახელო ადამიანი, რომელსაც ჩვენი დროს მთავარნი კლავენ, ისინი ბრმა წინასწარმეტყველები არიან, რომლებიც საგნებში წარმოაჩენენ იმას, რაც მხოლოდ სამშვინველს ეკუთვნის. მთავართა მკვლელობით ჩვენ განვისწავლებით, რომ გმირი, რომელიც ჩვენშია, არის საფრთხეში. არ იდარდოთ იმაზე, კარგ ნიშნად ხედავთ ამას თუ ცუდად. რაც დღეს ცუდია, ის ასი წლის შემდეგ კარგია და ორასი წლის შემდეგ ისევ ცუდი. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რაც ხდება: არის თქვენში უსახელო, რომელიც თქვენს მთავარს ემუქრება, მკვიდრ ბატონს.

ჩვენი ბატონი კი არის დროის სული, რომელიც ჩვენში ყოველივეზე ბატონობს და მართავს, ეს არის ზოგადი სული, რომლითაც ჩვენ დღეს ვფიქრობთ და ვმოქმედებთ. მას აქვს საშინელი ძალაუფლება, რადგან მან ამ სამყაროს განუზომელი სიკეთე მოუტანა და ადამიანი დაუჯერებელი სიტკბოებით დააბა. ის შემკულია გმირისთვის შესაფერი უმშვენიერესი სიქველეებით და სურს ბრწყინვალე მზიურ სიმაღლეებზე აიყვანოს, უწყვეტი აღმასვლით.

გმირს სურს ყოველივე გახსნას, რისი გახსნაც შეუძლია. უსახელო სიღრმის სული აღვიძებს ყოველივეს, რისი გაღვიძება ადამიანს არ ძალუძს. უძლურება აბრკოლებს შემდგომ სვლას. უფრო მეტი სიმაღლე მოითხოვს უფრო მეტ სიქველეს. ჩვენ ის არ გაგვაჩნია. ჩვენ მოვიპოვებთ მას მხოლოდ მაშინ, როდესაც შევძლებთ ჩვენი უძლურებით ცხოვრებას. მას ჩვენი სიცოცხლე უნდა მივცეთ. სხვაგვარად როგორ განვითარდება შეძლება?

ჩვენს უძლურებას ვერ მოვკლავთ, რათა ამით ავმაღლდეთ. მაგრამ ჩვენ ეს გვსურდა. უძლურება გვაჯობებს ჩვენ და ცხოვრებაში თავისას მოითხოვს. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს შეძლებას და დროის სულის გაგებით ვიწამებთ, რომ ეს დანაკარგია. მაგრამ ეს არ არის დანაკარგი, არამედ შენაძენია, არა გარეგნული სიკეთეების, არამედ შინაგანი უნარებისა.

ვინც საკუთარი უძლურებით ცხოვრება ისწავლა, ბევრი უსწავლია. ეს მიგვიყვანს უმცირესი საგნის დაფასებამდე და ბრძნულ შეზღუდვამდე, რომელსაც დიადი სიმაღლე მოითხოვს. როდესაც ყოველივე გმირული წაშლილია, უკუგდებულნი ვართ ადამიანური უბედურებისკენ და უფრო უარესისკენ. ჩვენი უღრმესი საფუძვლები აღტკინებით აღიძვრებიან, რადგან ჩვენი უმაღლესი დაძაბულობა, რომელიც ჩვენს გარეთ მოიაზრება, მათ ერთმანეთში შეურევს. ჩვენ ჩავცვიდებით ჩვენი ქვესკნელის ჭაობში, ჩვენში მყოფ ყველა საუკუნეთა ქვაგროვაში.

გმირულია შენში ის, რომ ექვემდებარები ფიქრებს, თითქოს რაიმე კარგია, ან სხვა შედეგი - აუცილებელი, რომ ესა თუ ის საგანი სადავოა,რომ ეს ან სხვა მიზანი მონდომებული შრომით უნდა შესრულდეს, რომ ესა თუ ის ვნება აუცილებლად შეუბრალებად უნდა ჩაიხშოს. ამგვარად შენ სცოდავ უძლურების წინაშე. მაგრამ უძლურება არსებობს. ნურავინ უარყოფს, ნუ ეძებს ნაკლს ან ხმით ნუ აჯობებს მას.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff