სასახლე ტყეში
მას შემდეგ მეორე ღამეს მარტო მივდივარ ბნელ ტყეში და ვამჩნევ, რომ გზა ამებნა. ცუდ საურმე გზაზე ვარ და სიბნელეში ვბორძიკობ. ბოლოს მივადექი მშვიდ, მუქი ფერის ჭაობის წყალს და შუაში პატარა ძველი სასახლე დგას. ვფიქრობ, კარგი იქნება აქ ღამის გათევა ვითხოვო. კარიბჭეზე ვაკაკუნებ, დიდხანს ვიცდი, წვიმას იწყებს. კიდევ უნდა დავაკაკუნო. მესმის ფეხის ხმა: გამიღეს. ძველებურ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, მსახური მეკითხება თუ რა მსურს. ვთხოვე ღამით შემიფარონ, და მან ბნელ შემოსასვლელში შემიშვა. შემდეგ იგი ზემოთ მიმიძღვის მორყეულ ჩაბნელებულ ხის კიბეზე. ზემოთ შევდივარ ვრცელ და მაღალ, დარბაზის მსგავს ოთახში თეთრი კედლებით, რომლის გასწვრივ შავი ზანდუკები და თაროებია.
მისაღები ოთახის მსგავს ადგილას შემიყვანეს. ეს არის უბრალო ოთახი რბილი ავეჯით. ძველებური სანათის მბჟუტავი შუქი სუსტად ანათებს ოთახს. მსახური აკაკუნებს გვერდით კარზე და შემდეგ ნელა აღებს მას. უცებ მიმოვავლე მზერა: სწავლულის სამუშაო ოთახია, წიგნები ოთხივე კედელზე, დიდი საწერი მაგიდა, რომელთანაც ზის მოხუცი გრძელ, შავ ხალათში. ის მანიშნებს, რომ მივუახლოვდე. ოთახში მძიმე ჰაერია და მოხუცი შეწუხებული ჩანს. ის არ არის ღირსებებს მოკლებული, ის ჩანს იმდენად ღირსეული, რამდენადაც მას ამ ღირსებებს მიანიჭებენ. მას აქვს მორიდებული და შეშინებული გამომეტყველება სწავლული კაცის, რომელზეც ცოდნის სისავსის გამო დიდი ხანია აღარაფერი ახდენს შთაბეჭდილებას. ვფიქრობ ის ნამდვილი სწავლულია, რომელმაც ცოდნის უსაზღვრობის წინაშე დიდი მოკრძალება ისწავლა და დაუღალავად მიუძღვნა თავი მეცნიერებას, შეწუხებული იძლევა შეფასებებს, თითქოს ის თავად იყოს პასუხისმგებელი იმის გამო, თუ როგორ ყალიბდება მეცნიერული ჭეშმარიტება.
ის შეცბუნებული მესალმება, თითქოს სხვაგან იყოს ან თავს იცავდეს. ეს არ მიკვირს, რადგან გამოვიყურები როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. იგი ძლივს ახერხებს თავის სამუშაოს მზერა მოაშოროს. მე ღამისთევაზე ჩემს თხოვნას ვიმეორებ. ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ მოხუცი შენიშნავს: „მაშ თქვენ ძილი გსურთ, დაიძინეთ გეთაყვა.“ ვამჩნევ, რომ სხვაგან არის და ვთხოვ, რომ მსახურს უბრძანოს, რომ ოთახი მაჩვენოს. ამაზე მეუბნება: „ბევრს ითხოვ, დაიცადე, ახლა ვერ მოვიცლი.“ იგი კვლავ თავის წიგში ჩაიძირა. მოთმინებით ველოდები. ცოტა ხანში გაოცებულმა ამოიხედა: „აქ რა გინდა? ოჰ, მაპატიე, დამავიწყდა, რომ აქ იცდი. ახლავე დავუძახებ მსახურს.“ მსახური მოდის და იგივე სართულზე მიმიძღვება პატარა ოთახში ცარიელი თეთრი კედლებითა და დიდი საწოლით. მშვიდობიანი ღამე მისურვა და დამცილდა.
რადგან დავიღალე, მაშინვე ვიხდი სამოსს და საწოლში ვწვები მას შემდეგ, რაც სანთელი ჩავაქრე. ზეწარი უჩვეულოდ უხეშია, ხოლო ბალიში - მაგარი. ჩემმა მცდარმა გზამ უცნაურ ადგილას მომიყვანა: პატარა ძველი სასახლე, რომლის სწავლული მფლობელი თავისი ცხოვრების მიწურულს თავის წიგნებთან ერთად მარტო ატარებს. სახლში სხვა ცოცხალი არსებები არ ჩანან გარდა მსახურისა, რომელიც მაღლა კოშკში ცხოვრობს. იდეალური, მაგრამ მარტოსული ყოფიერება, მოხუცი კაცის ეს ცხოვრება მისი წიგნებით, ვფიქრობ მე. და აქ დაყოვნდება ჩემი ფიქრები საკმაოდ დიდხანს, სანამ საბოლოოდ ვამჩნევ, რომ სხვა ფიქრი არ მასვენებს, რომ მოხუცმა აქ თავისი მშვენიერი ქალიშვილი გადამალა - უგემური რომანის იდეა - გაცვეთილი სიუჟეტი - მაგრამ რომანტიულობა ხომ ყოველ წვრილმანში იმალება - მართლაც იდეა რომანისთვის - სასახლე ტყეში - მარტოსული - ღამეული - თავის წიგნებში გაქვავებული მოხუცი, რომელიც ძვირფას განძს იცავს და მთელს სამყაროს მონდომებით უმალავს - რა სასაცილო აზრები მომდის! ეს ჯოჯოხეთია თუ განსაწმენდელის ცეცხლი, როცა ჩემს მცდარ მოგზაურობაში ბავშვური ოცნებებს ვაგებ? მაგრამ მე თავს უუნაროდ ვგრძნობ ჩემი ფიქრები რაიმე უფრო ძლიერზე ან უფრო მშვენიერზე მოვმართო. მე ეს ფიქრები უნდა დავიცვა. რას მიშველის, თუ მე ისინი განვაგდე - ისინი ბრუნდებიან - უმჯობესია ამ სასმლის გადაყლაპვა, ვიდრე პირში დაგუბება. როგორ გამოიყურება ის, ეს მოსაწყენი გმირი ქალი? რა თქმა უნდა ქერა, ფერმკრთალი - ცისფერი თვალებით - ყოველ ცდომილ მოხეტიალეში იგი მხსნელს ოცნებობს, რომელიც მას მამის ტყვეობიდან დაიხსნის - აჰ, ვიცი ეს გაცვეთილი უაზრობა - უმჯობესია დავიძინო - რა ჯანდაბად მინდა ასეთი ცარიელი ფანტაზიებით ვწვალობდე?
ვერ ვიძინებ. ვწრიალებ აქეთ-იქით - ძილი არ მოდის - უნდა მოვასვენო თუ არა საბოლოოდ ეს ტანჯული სამშვინველი ჩემში? ის არ მაძინებს? ასეთი რომანტიული სამშვინველი მაქვს? ესღა მაკლდა - მტკივნეულად სასაცილოა. არასოდეს დასრულდება ეს უმწარესი სასმელი? უკვე შუაღამე უნდა იყოს - და ისევ ვერ ვიძინებ. რა არ მაძინებს ამ სამყაროში? რამე, რაც ამ ოთახშია? საწოლი შელოცვილია? საშინელებაა, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი უძილობამ - ყველაზე აბსურდულ და ცრუმორწმუნე თეორიებამდე. ცივა, ვიყინები - შეიძლება ამიტომ ვერ ვიძინებ - აქ საშინელებაა - იცის ვინმემ, რა ხდება აქ - იყო თუ არა რაიმე ნაბიჯები? არა, გარეთ უნდა ყოფილიყო, მეორე გვერდზე გადავბრუნდი, თვალებს ვხუჭავ, უნდა დავიძინო. კარი გაიღო? ღმერთო ჩემო, იქ ვინმე დგას? მართლა ვხედავ? - მაღალი გოგო, სიკვდილივით ფერმკრთალი, კარში დგას? ღვთის გულისათვის, რა არის ეს? ახლოს მოდის!
„ბოლოს და ბოლოს მოდიხარ?“ კითხულობს იგი ხმადაბლა. შეუძლებელია - საზარელი ცდომილებაა - რომანი მართალი ყოფილა - ეს სულელურ მოჩვენებათა ისტორიაში უნდა გადაიზარდოს? რა უაზრობისთვის ვარ განწირული? ჩემი სამშვინველი იტევს ასეთ რომანულ დიდებულებას? ესეც მე უნდა გადამხდეს? აშკარად ჯოჯოხეთში ვარ - ყველაზე ცუდი გაღვიძება სიკვდილის შემდეგ, როდესაც ბიბლიოთეკაში იღვიძებენ. იმდენად მეზიზღებოდა ჩემი დროის ხალხი და მათი გემოვნება, რომ ჯოჯოხეთში ის რომანები უნდა განვიცადო და ვწერო, რომლებსაც დიდი ხანია მივაფურთხე? კაცობრიობის საშუაზე დაბალი გემოვნება ასევე ითვალისწინებს სიწმინდესა და ხელშეუხებლობას ისე, რომ მასზე აუგი არ უნდა დაგვცდეს ისე, რომ ჯოჯოხეთში ცოდვის გამოსყიდვა არ მოგვიწიოს?
ის ამბობს: „აჰ, შენც ფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ვარ? შენც თავს ისულელებ იმ უბადრული სიშლეგით, რომ რომელიმე რომანს ვეკუთვნი? შენც, რომლის იმედიც მქონდა, რომ მოჩვენებითს მოიშორებ და საგანთა არსისკენ ისწრაფვი?
მე: „მომიტევე, მაგრამ ნამდვილი ხარ? ზედმეტად უიღბლო მსგავსებაა რომანის სცენებთან, რათა ვიფიქრო, რომ ჩემი უძინარი ტვინის გამონაგონი ხარ. ჩემი ეჭვი დასტურდება იმ სიტუაციით, რომელიც ასეთ სენტიმენტალურ რომანს შეესაბამება?“
ის: „უბედურო, როგორ შეგაქვს ეჭვი ჩემს სინამდვილეში?“
ის ჩემი საწოლის ფეხებთან სლუკუნით მუხლებზე ეცემა და სახეს ხელებში მალავს. ღმერთო ჩემო, საბოლოოდ ის ნამდვილია და მე მას უსამართლოდ მოვექეცი? ჩემი თანაგრძნობა იღვიძებს.
მე: „ღვთის გულისათვის, ერთი მითხარი: ნამდვილი ხარ? სერიოზულად უნდა აღგიქვა როგორც სინამდვილე?“
იგი ტირის და არ მპასუხობს.
მე: „მაშ ვინ ხარ?“
ის: „მე მოხუცის ქალიშვილი ვარ. ის აქ აუტანელ ტყვეობაში მამყოფებს, არა შურით ან სიძულვილით, არამედ სიყვარულით, რადგან მე მისი ერთადერთი შვილი ვარ და ჩემი ნაადრევად გარდაცვლილი დედის ზუსტი ხატება.“
ჩემი თავი ხელებით დავიჭირე: განა ეს ჯოჯოხეთური ბანალურობა არ არის? სიტყვა-სიტყვით ყველაფერი ბიბლიოთეკიდან გამოტანილი რომანიდან! ო, ღმერთებო, სად მომიყვანეთ? სასაცილოა და სატირალი - იყო მშვენიერი ტანჯული, ტრაგიკულად განადგურებული ადვილია, მაგრამ მაიმუნად ქცევა, თქვენ მშვენიერნო და დიადნო? თქვენთვის ბანალური და მარად სასაცილო, გამოუთქმელად გატეხილი და დაცარიელებული არასოდეს არის ზეციური საჩუქარი, რომელიც სალოცავად აღმართულ ხელებში აწვდიან.
ისევ იქ არის და ისევ ტირის - მაგრამ ვინ უნდა იყოს იგი სინამდვილეში? მაშინ დასანანი იქნებოდა, ყოველი ადამიანი უთანაგრძნობდა მას. თუ წესიერი გოგო არის, რად უნდა უღირდეს ოთახში უცხო მამაკაცთან შემოსვლა! და ამით საკუთარი სირცხვილის გადალახვა?
მე: „ჩემო საყვარელო ბავშვო, ყველაფრის მიუხედავად მინდა შენი მჯეროდეს, რომ ნამდვილი ხარ. რისი გაკეთება შემიძლია შენთვის?“
ის: „ძლივს, ძლივს ერთი სიტყვა ადამიანური პირიდან!“
იგი დგება, მისი სახე ანათებს. იგი მშვენიერია. ღრმა სიწმინდეა მის მზერაში. მას აქვს მშვენიერი და სამყაროსავით უკიდეგანო სამშვინველი, რომელსაც რეალობაში სურს გაცოცხლება, საწყალობელ რეალობაში, ბინძურ აბაზანასა და სიჯანსაღის წყაროში. ო, ეს მშვინვიერი მშვენიერება! ხედავდე როგორ ჩადის რეალობის ქვესკნელში - როგორი წარმოდგენაა!
ის: რა შეგიძლია ჩემთვის გააკეთო? შენ ჩემთვის უკვე ბევრი გააკეთე. შენ გამოისყიდე სიტყვით, როდესაც ჩემსა და შენს შორის ბანალური აღარ ჩააყენე. დაე იცოდე: მე ბანალურობით ვიყავი დაბმული.“
მე: „ვაი მე, ახლა მთლად ზღაპრული ხდები.“
ის: „გონიერი იყავი, ძვირფასო მეგობარო, და ფეხს ნუ წამოკრავ ზღაპრულს, რადგან ზღაპარი უბრალოდ არის რომანის ბებია და უფრო ზოგადად ქმედითია ვიდრე შენი დროის ყველაზე კითხვადი რომანი. და შენ ხომ იცი, რომ ის, რაც ათასწლეულობით ყველა ადამიანის პირით გადადის, მართალია მუდამ ტრიალებს, მაგრამ ყველაზე ახლოს დგას უმაღლეს ადამიანურ ჭეშმარიტებასთან. ასე რომ ნუ ჩააყენებ ჩვენს შორის ზღაპრულს.“
მე: „ჭკვიანი ხარ და შენი სიბრძნე მამაშენისგან არ უნდა გქონდეს მიღებული. მაშ, მითხარი, რას ფიქრობ ღვთაებრივისა და ეგრედ წოდებულ უმაღლეს ჭეშმარიტებებზე? უცხო იქნებოდა ჩემთვის, რომ ისინი ბანალურობაში მეძებნა. თქვენი ბუნების მიხედვით ძალზე უჩვეულონი უნდა იყოთ. ჯერ მარტო ჩვენს დიდ ფილოსოფოსებზე დაფიქრდი.“
ის: „რაც უფრო უჩვეულოა უმაღლესი ჭეშმარიტებები, იმდენად არაადამიანური უნდა იყოს ისინი, და იმდენადვე ცოტას გეტყვის ეს რაიმე ღირებულს ან აზრიანს ადამიანური არსების შესახებ. სიბრძნეს, რომელსაც შენ ეძებ, მოიცავს მხოლოდ ის, რაც ადამიანური არის და რასაც შენ როგორც ბანალურსა და გაცვეთილს ეძახი.
ზღაპრული კი არ მეწინააღმდეგება, არამედ დამემოწმება, როგორ ზოგადსაკაცობრიო ვარ და რომ ხსნას არა მხოლოდ ვსაჭიროებ, არამედ ვიმსახურებ კიდეც. რადგან მე რეალურ სამყაროში ისევე კარგად ან უკეთესად შემიძლია ვიცხოვრო, ვიდრე ამას ბევრი ჩემნაირი შეძლებს.“
მე: „ღირსშესანიშნავო გოგოვ, მაბნევ. როდესაც მამაშენი ვნახე, იმედი მქონდა, რომ ინტელექტუალურ საუბარში მიმიწვევდა. მან ეს არ გააკეთა, და მე ნაწყენი ვარ მასზე, რადგან მისმა დაბნეულმა უძლურებამ ჩემი ღირსება შელახა. მაგრამ შენთან გაცილებით უკეთესი ვნახე. შენ საფიქრალს მაძლევ. შენ უჩვეულო ხარ.“
ის: „ცდები, მე ძალიან ჩვეულებრივი ვარ.“
მე: „ამას ვერ დავიჯერებ. როგორი მშვენიერი და დიდების ღირსია შენი სამშვინველის გამოხატულება შენს თვალებში! ბედნიერი და შესაშური ხვედრის კაცია, ვინც შენ გაგათავისუფლებს.“
ის: „გიყვარვარ?“
მე: „ღმერთო, მიყვარხარ, მაგრამ სამწუხაროდ უკვე დაქორწინებული ვარ.“
ის: „მაშ ხედავ: ბანალური ჭეშმარიტება მხსნელიც კი არის. გმადლობ, ძვირფასო მეგობარო, და მოკითხვას გითვლი სალომეასგან.“
ამ სიტყვებით მისი სახე ქრება ბნელში. მთვარის მკრთალი შუქი შემოდის ოთახში. იმ ადგილას, სადაც იდგა, რაღაც მუქი დევს - უამრავი წითელი ვარდი.
როდესაც გარესამყაროში თავგადასავლები არ გაქვს, არც შენ შიგნით მოხდება თავგადასავალი. ის, რასაც ეშმაკისგან გადაიღებ, სიხარულიც კი, თავგადასავალს იწვევს. ამ დროს კი პოულობ როგორც შენს ზედა, ისე ქვედა ზღვარს. გიმძიმს, რომ შენი ზღვარი იცოდე. როდესაც ეს არ იცი, დაიარები შენი ხელოვნური ცოდნის თაროებს შორის და სხვა ადამიანთა მოლოდინებით. მაგრამ შენს ცხოვრებას ისე უმძიმს ამ ხელოვნური თაროების შეკავება. ცხოვრებას სურს ასეთ თაროებს გადაახტეს და თქვენ მათგან დამოუკიდებლად გადაიქცევით იმად რაც ხართ. ეს თაროები შენი ნამდვილი ზღვარი არ არის, არამედ ეს არის ნებაყოფლობითი შეზღუდვა, რომელიც შენზე უსარგებლოდ ძალადობს. ამიტომ ეცადე შენი ნამდვილი ზღვარი იპოვო. წინასწარ ის არავინ იცის, მას ხედავენ და ესმით მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მიაღწევენ. მაგრამ ამას შეძლებ მხოლოდ მაშინ, როდესაც წონასწორობას იცავ. წონასწორობის გარეშე შენი საზღვრებიდან გადავარდები ისე, რომ ვერ შეამჩნევ თუ რა მოხდა. წონასწორობას კი აღწევ მხოლოდ იმით, რომ შენს საწინააღმდეგო მხარეს კვებავ. ეს კი შენ შინაგანად გეწინააღმდეგება, რადგან ეს არ არის გმირული.
ჩემი სული წინასწარ ფიქრობდა ყოველივე იშვიათსა და უჩვეულოზე, ის ეძიებდა უცნობ შესაძლებლობებს, ბილიკებს, რომლებიც დაფარულისკენ მიუძღვის, ნათებებს, რომლებიც ღამეში ციმციმებენ. და როდესაც ჩემმა სულმა ასეთი რამ შეძლო, მაშინ ყოველივე ჩვეული ევნო ჩემში და სიცოცხლის წყურვილი გაიხსნა, რადგან არ მიცხოვრია. ამიტომ გადამხდა ეს თავგადასავალი. რომანტიულობამ შემიპყრო მე. რომანტიული ერთი ნაბიჯით უკან დგას. გზას რომ დაადგე, რამდენიმე ნაბიჯით უკანაც უნდა დაიხიო.
თავგადასავალში ვცხოვრობ იმას, რასაც მისტერიუმში ვხედავდი. რასაც იქ ელიას და სალომეას სახით ვხედავდი, ცხოვრებაში ეს მოხუც სწავლულად და მის ფერმკრთალ, ჩაკეტილ ქალიშვილად გადაიქცა. რასაც ვცხოვრობ, მისტერიუმის გამრუდებული მსგავსებაა. რომანტიულობისკენ მიმავალ გზაზე მე მივაღწიე უხერხულ და ჩვეულებრივ ცხოვრებას, სადაც აზრები მეკარგება და ჩემივე თავი მავიწყდება. რაც ადრე მიყვარდა, უნდა განვიცადო როგორც გამოფიტული და უსარგებლო, და რასაც ადრე დავცინოდი, სულ უფრო უნდა შემშურებოდა და უძლურად მენატრა იგი. მე მივიღე ამ თავგადასავლის კომიკურობა. როდესაც ეს აღსრულდა, ასევე ვიხილე, თუ როგორ გარდაიქმნა გოგონა და თვითმყოფადი არსი მაჩვენა. კომიკურის წყურვილი საკმარისია გარდაქმნისთვის.
რას ვიტყოდით მამაკაცურობაზე? იცი, რაოდენი ქალურობა აკლია მამაკაცს სრულყოფისათვის? იცი ქალს რამდენი მამაკაცურობა აკლია სრულყოფისათვის? ქალურს ეძებთ ქალში და მამაკაცურს მამაკაცში. და არიან მხოლოდ მამაკაცები და ქალები. მაგრამ სად არიან ადამიანები? შენ, მამაკაცო,ქალური ქალში კი არ უნდა ეძებო, არამედ შენში უნდა მოიძიო და ცნო, რადგან მას დასაბამიდანვე ფლობ. მაგრამ შენ მოგწონს მამაკაცურობის თამაში, რადგან ეს ჩვეულ სწორ ადგილას ხდება. შენ, ქალო, მამაკაცური მამაკაცში კი არ უნდა ეძებო, არამედ მამაკაცური შენში უნდა დაინახო, რადგან მას დასაბამიდანე ფლობ. მაგრამ ეს კერპად გაქცევს შენ და ადვილია ქალობას თამაშობდე, ამიტომ გღალატობს კაცი, რადგან ღალატობს თავის ქალურობას. მაგრამ ადამიანი მამაკაცური და ქალურია, ის არ არის მხოლოდ მამაკაცი ან მხოლოდ ქალი. შენს სამშვინველზე გაგიჭირდება თქმა თუ რომელი სქესის არის იგი. მაგრამ როდესაც ზუსტად შეამჩნევ, დაინახავ, რომ უვაჟკაცეს მამაკაცს მდედრობითი სამშვინველი აქვს, ხოლო ყველაზე ქალურ ქალს მამაკაცური სამშვინველი აქვს. რამდენადაც მამაკაცი ხარ, იმდენად შორს არის შენგან ის, რაც სინამდვილეში არის ქალი, რადგან ქალუირი შენში შენთვისვე უცნობია და ყურადღების მიღმა დარჩენილი.
თუ ეშმაკისგან სიხარულის ნაწილს იღებ და ამით თავგადასავალს ეძებ, ამით საკუთარ სიამოვნებას იღებ. მაგრამ სიამოვნება ყველაფერს იზიდავს რაც გწყურიათ და შენზეა დამოკიდებული სიამოვნება გაგხრწნის და აგამაღლებს. თუ ეშმაკეული ხარ, ბრმა სიამოვნებაში მრავალფეროვნების ძებნას დაიწყებ და დაიკარგები. მაგრამ თუ დარჩები იმად რაც ხარ როგორც ადამიანი და არა როგორც ეშმაკი, მაშინ საკუთარი ადამიანობა გემახსოვრება. თქვენ არ მოიქცევით ქალთან როგორც მამაკაცი, არამედ როგორც ადამიანი, ანუ თითქოს ერთი სქესის იყოთ. შენ შენი ქალურობა გემახსოვრება. ეს შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შენ აღარ ხარ მამაკაცური, რაღაც გაგებით სულელი და ქალური. მაგრამ შენ კომიკურობა უნდა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება და უცებ მოვა დრო, როდესაც გამოგეპარება, რომ თავად გახდი კომიკური. უვაჟკაცესი მამაკაცისთვის მწარეა საკუთარი ქალურობის მიღება, რადგან ეს მას სასაცილოდ, უძლურებად და უშნოდ ეჩვენება.
ჰო, ეს გეჩვენება, თითქოს ყოველგვარი სიქველე დაკარგე, თითქოს დამდაბლდი. იგივე ეჩვენება ქალსაც, რომელიც საკუთარ მამაკაცურობას იღებს. ჰო, შენ ეს მონობად გეჩვენება. შენ იმას ემონები, რაც სამშვინველში გჭირდება. უვაჟკაცეს მამაკაცს სჭირდება ქალი, ამიტომ არის მისი მონა. თავად რომ გახდე ქალი, ქალის მონობისგან გათავისუფლდები. შენ უმოწყალოდ ხარ ქალისთვის მიცემული იქამდე, სანამ მთელი შენი მამაკაცურობით არ განდევნი კომიკურობას. მოგიხდება, ერთხელ ქალის კაბა რომ ჩაიცვა: დაგცინებენ, მაგრამ რადგან ქალად იქცევი, მოიპოვებ თავისუფლებას ქალისგან და მისი ტირანიისგან. ქალურის მიღება მიდის სრულყოფილებამდე. იგივე ხდება ქალისთვისაც, როდესაც იგი თავის მამაკაცურს იღებს.
მამაკაცში ქალურობა ბოროტებასთან არის დაკავშირებული. მე ამას სურვილების გზაზე ვპოულობ. მამაკაცური ქალში ბოროტებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მოდის ადამიანი წინააღმდეგობაში მეორე „მე“-ს მიღებისას. მაგრამ როდესაც მას იღებ, ხდება ის, რაც ადამიანის სრულყოფას უკავშირდება: როდესაც სასაცილო გახდი, მაშინ გაფრინდება თეთრი სამშვინველის ფრინველი, ის შორს იყო, მაგრამ შენმა დამცირებამ დაატყვევა იგი. საიდუმლო გიახლოვდება, და შენს გარშემო სასწაულები ხდება. ოქროს ნათება ელავს, რადგან მზე თავისი სამარედან ამოვიდა. როგორც მამაკაცს სამშვინველი არ გაქვს, რადგან ის ქალშია. როგორც ქალს სამშვინველი არ გაქვს, რადგან ის მამაკაცშია. მაგრამ როდესაც ადამიანი გახდები, შენი სამშვინველი შენთან მოვა.
როდესაც ნებისმიერ და ხელოვნურად შექმნილ საზღვრებში დარჩები, თითქოს ორ კედელს შუა მოძრაობ: სამყაროს განუზომლობას ვერ ხედავ. მაგრამ როდესაც ჩამოშლი კელდებს, რომლებიც ხედვას გიზღუდავენ და როდესაც შენ განუზომლობა და უსასრულო შეუცნობელი გზარავს, მაშინ იღვიძებს შენი პირველყოფილი მძინარე, რომლის მაცნე თეთრი ფრინველია. მაშინ დაგჭირდება ქაოსის ძველი მომთვინიერებელი. იქ, ქაოსის მორევში მარადიული სასწაულებია. იწყებ შენი სამყაროს სასწაულად აღქმას. ადამიანი მხოლოდ ჩვეულებრივ სამყაროს არ ეკუთვნის, ის ასევე თავისი სამშვინველის საოცრებათა სამყაროს ეკუთვნის. ამიტომ უნდა აქციოთ თქვენი ჩვეულებრივი სამყარო საზარლად, რათა მის გარეთ ყოფნისას არ ევნოთ.
თქვენს სამშვინველს უჭირს, რადგან მის სამყაროს უწყლობა აწვება. როდესაც საკუთარი თავის მიღმა იხედებით, ხედავთ შორეულ ტყესა და მთებს, და მათ მაღლა თქვენ მზერა მიემართება სივრცეებისა და ვარსკვლავებისკენ. და როდესაც თქვენს თავში ჩაიხედავთ, ხედავთ ახლობელს, შორეულსა და უსასრულოს, რადგან შინაგანი სამყარო ისეთივე უსასრულოა როგორც გარესამყარო. როგორც თქვენი სხეულით წილნაყარი ხართ სამყაროს მრავალფეროვან არსთან, ასევე თქვენი სამშვინველით ხართ შინაგანი სამყაროს მრავალფეროვანი არსის ნაწილი. ეს შინაგანი სამყარო ჭეშმარიტად უსასრულოა და გარესამყაროზე არანაკლებ მდიდარი. ადამიანი ორ სამყაროში ცხოვრობს. მასხარა იქ ან აქ ცხოვრობს, მაგრამ არა იქაც და აქაც.
შენ ალბათ ფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს კვლევას უძღვნის, სულიერ ცხოვრებას ეწევა და თავისი სამშვინველით უმაღლეს ცხოვრებას ეწევა, როგორც არავინ სხვა. მაგრამ ასეთი ცხოვრებაც გარეგნულია, ისევე გარეგნული როგორც ცხოვრება ადამიანისა, რომელიც გარესაგნებში ცხოვრობს. ასეთი სწავლული ცხოვრობს არა გარესაგნებში, არამედ გარეფიქრებში, არა საკუთარი არსებით, არამედ საკუთარი ობიექტით. როდესაც ადამიანზე ამბობ, რომ ის გარეგანს მთლიანად მოწყდა და მრავალი წელი დაკარგა, ეს ამ მოხუცზეც უნდა თქვათ. მან თავი დაუთმო ყველა წიგნსა და ყველა სხვას აზრებს. ამიტომ უჭირს მის სამშვინველს, უნდა დაუძლურდეს და ირბინოს ყველას ოთახში, და იხვეწებოდეს აღიარებას, რომელიც მან თავის ქალიშვილს ვერ მისცა.
ამიტომ ხედავ იმ ძველი სწავლულების სასაცილო და უღირს სირბილს აღიარებისთვის. ისინი შეურაცხყოფილნი არიან, როდესაც მათ სახელს არ ახსენებენ, ითრგუნებიან, როდესაც სხვა იმავეს უკეთესად ამბობს, შეურიგებელნი არიან, როდესაც ვინმე მის შეხედულებაზე სათაურს ცვლის. წადი სწავლულთა შეკრებაზე, და შენ ნახავ ამ საწყალობელ მოხუცებს მათი დიდი დამსახურებებითა და დამშეული სამშვინველებით, რომლებსაც აღიარება სწყურიათ და თავიანთ წყურვილს ვერასოდეს იოკებენ. სამშვინველს შენი სისულელე სჭირდება და არა შენი ცოდნა.
ამგვარად, როცა მე სქესობრივ-მამაკაცურზე ავმაღლდები და თან ადამიანურიდან არ გავდივარ, ჩემთვის კომიკური ქალურობა ამაღლდება ღრმა აზრის მქონე არსამდე. ეს არის ყველაზე რთული, სქესის მიღმა ყოფნა და ადამიანურში დარჩენა. როდესაც სქესზე ამაღლებდები საერთო წესის დახმარებით, იმ წესად გადაიქცევი და გადიხარ ადამიანურობის მიღმა. ესე იგი ხდები მშრალი, მაგარი და არაადამიანური.
შენ სქესიდან უნდა გახვიდე ადამიანური საფუძვლებით და არა საერთო წესის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობაში ერთი და იგივე არის და ამგვარად ყოველი ცალკეული მდგომარეობისთვის არასოდეს არის სრულყოფილად შესაბამისი. როდესაც ადამიანურიდან გამომდინარე მოქმედებ, მაშინ მოქმედებ იმ მდგომარეობიდან ზოგადი პრინციპის გარეშე, მხოლოდ მდგომარეობიდან გამომდინარე. მაშინ სწორად მოქმედებთ მდგომარეობის გათვალისწინებით, ზოგადი წესის დარღევის გზით. შენ ეს ძალიან არ უნდა გტკიოდეს, რადგან შენ არ ხარ წესი. არის სხვა ადამიანურობა, უზოგადესი ადამიანურობა, და ვინც ეს ადამიანურობა უწყის, კარგად მოიქცევა, რათა ახსოვდეს ზოგადი წესის კეთილი მოქმედება. რადგან ზოგად წესსაც აქვს აზრი და გასართობად არ მოგონილა. მასში დიდების ღირსი სამუშაოა ადამიანური სულისთვის. ამ ტიპის ადამიანები ვერ გადიან სქესის ზოგადი პრინციპის მიღმა, არამედ შეუძლიათ მხოლოდ ის წარმოიდგინონ, რაც დაკარგეს. ისინი თავიანთ წარმოსახვად და თვითნებობად იქცნენ, საკუთარი თავის საზიანოდ. უჭირთ სქესი რომ ახსოვდეთ, რადგან ამით თავიანთი სიზმრებიდან რეალობაში იღვიძებენ.
ეს მტანჯველია როგორც უძილო ღამე, სააქაიოდან საიქიო რომ შეივსოს, ასე ვთქვათ სხვა და საწინააღმდეგო ჩემში. ეს შემოდის როგორც ცხელება, როგორც მომწამვლელი ნისლი. და როდესაც შენი შეგრძნებები უმაღლესისკენ არის მომართული და კონცენტრირებული, მაშინ მოდის დემონური როგორც გაცვეთილი და უგემური, ერთგვარად შერბილებული და ძველი, რაც შენთვის მავნეა. აქ შეწყვეტ შენი მიღმა სამყაროს შეგრძნებას. შეშინებული და გაღიზიანებული ოცნებობ შენი ზეციური მშვენიერების ხილულ სამყაროში დაბრუნებას. იფურთხები და წყევლი ყველაფერს, რაც შენი მშვენიერი სამყაროს მიღმა არსებობს, რადგან იცი, რომ ეს ამაზრზენია, ნარჩენია, ადამიანური ცხოველის უარყოფა, რომელიც შავბნელ სადგომებში იკვებება, ფეხით სავალ ნაწილებზე დაძრწის, ყოველ წმინდა კუთხეს ყნოსავს და აკვნიდან სამარემდე მხოლოდ იმით ტკბება, რაც ყველას პირიდან მოდის.
მაგრამ აქ არ უნდა გაჩერდე, არ ჩააყენო ზიზღი სააქაოსა და საიქიოს შორის. გზა შენი საიქიოსკენ ჯოჯოხეთზე გადის, შენს განსაკუთრებულ ჯოჯოხეთზე, რომლის ძირი მუხლებამდე ქვებშია, რომლის ჰაერი მილიონთა ამონასუნთქია, რომლის ცეცხლი ჯუჯა ვნებებია და რომლის ეშმაკი ქიმერული ხილვებია.
ყოელივე საძულველი და წინააღმდეგობრივი შენი განსაკუთრებული ჯოჯოხეთია.
სხვანაირად როგორ იქნებოდა? ყველა სხვა ჯოჯოხეთი ყველაზე ცოტა სანახაობრივი ან სახალისო იქნებოდა. მაგრამ ეს არასოდეს არის ჯოჯოხეთი. შენი ჯოჯოხეთი შედგება ყველა იმ საგნისგან, რომლებიც წყევლითა და პანღურით შენი სიწმინდიდან გააძევე. როდესაც ჯოჯოხეთში შედიხარ, არასოდეს იფიქრო, რომ ხარ მშვენიერებით ვნებული ან ამაყი განდგომილი, არამედ შენ შედიხარ როგორც სულელი და ცნობისმოყვარე შტერი და გიკვირს ნამცეცები, რომლებიც შენი მაგიდიდან გადმოიყარა.
შენ მართლაც გსურს გაბრაზება, მაგრამ ამავე დროს ხედავ, თუ როგორ გიხდება მრისხანების გარეშე ყოფნა. შენი ჯოჯოხეთური კომიკურობა განვრცობა შორს. ნეტაი შენ, წყევლა რომ შეგეძლოს! შენ შეიტყობ, რომ წყევლა სიცოცხლის მხსნელია. და როდესაც ჯოჯოხეთში გაივლი, არ უნდა დაივიწყო: ყველას, რაც შეგხვდება, ყურადღება მიაქციო. მშვიდად შეხედე ყველაფერს, რაც შენს ზიზღს ან მძვინვარებას იწვევს. ამგვარად აღასრულებ სასწაულს, რომელიც მე ფერმკრთალ გოგოსთან განვიცადე. შენ სამშვინველს აძლევ მას რასაც ეს არ აქვს, და ეს შეიძლება საზარელ არყოფნამდე მივიდეს. ასე გამოიხსნება შენი სხვა „მე“, რათა იცოცხლოს შენს ღირებულებებს მიჰყავხარ იმისგან შორს რაც ახლა ხარ, შორს და უფრო მაღლა. ხოლო შენი ამჟამინდელი ყოფა გექაჩება ძირს როგორც ტყვია. ორივე ცხოვრებით ვერ იცხოვრებ, რადგან ორივე გამორიცხავს ერთმანეთს. მაგრამ გზაზე ორივეთი შეგიძლია ცხოვრება. ამიტომ გათავისუფლებს გზა. შენ არ შეგიძლია ერთდროულად მთაზე და ველზე ყოფნა, მაგრამ შენ გზას მიჰყავხარ მთიდან ველისკენ და ველიდან მთისკენ. მრავალი რამ იწყება ხალისიანად და მიდის სიბნელეში. ჯოჯოხეთს თავისი საფეხურები აქვს.