კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

შელოცვები

შობა დადგა. ღმერთი კვერცხშია.

ჩემს ღმერთს ხალიჩა გავუშალე, აღმოსავლეთის ძვირფასი წითელი ხალიჩა.

იგი თავისი აღმოსავლეთის დიდებული ნათებით უნდა იყოს გარემოცული.

მე დედა ვარ, უბრალო ქალწული, რომელმაც მუცლად იღო და არ იცოდა თუ როგორ შეძლო ეს.

მე მზრუნველი მამა ვარ, რომელიც ქალწულს იცავდა.

მე მწყემსი ვარ, რომელმაც ხარება მიიღო, როდესაც ღამით ბნელ მინდორში თავის სამწყსოს დარაჯობდა.

მე წმინდა ცხოველი ვარ, რომელიც გაოცებული დგას და ღვთის ხორცშესხმას ვერ იაზრებს.

მე ბრძენკაცი ვარ, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვიდა, რადგან შორიდან სასწაული შეიცნო.

და მე კვერცხი ვარ, ჩემში მოვიცავ და ვასაზრდოვებ ღვთაებრივ თესლს.

საზეიმო წუთები გრძელდება.

ჩემი ადამიანობა საბრალოა და იტანჯება.

რადგან მე ვარ სიცოცხლის მიმცემი.

საიდან აღმიტაცებ, ო ღმერთო?

ის არის მარადიული სიცარიელე და მარადიული სისავსე.

არაფერია მისი მსგავსი და იგია ყველას მსგავსი.

მარად ბნელი და მარად ნათელი.

მარად ზემოთ მყოფი და მარად ქვემოთ მყოფი.

ორმაგი ბუნება ერთში.

აზრი უაზრობაში.

ერთგვარი მრავალგვარში.

აზრი უაზრობაში.

თავისუფლება მონობაში.

დამორჩილებული, როდესაც გამარჯვებულია.

მოხუცი ახალგაზრდობაში.

თანხმობა უარყოფაში.

ო, შუაგზის ნათელი, კვერცხში გამოკეტილი, ჩასახული.

გათავისუფლებისთვის მებრძოლი, შებოჭილი.

წინასწარ ტკბობაში, დაკარგულ მოგონებათა მოლოდინში, საოცნებო, ქვასავით მძიმე, გაშეშებული.

მდნარი, გამჭვირვალე.

ნათლით ელვარე, საკუთარ თავში მიმართული.

ამინ, შენ ხარ დასაბამის უფალი.

ამინ, შენ ხარ აღმოსავლეთის ვარსკვლავი.

ამინ, შენ ხარ ყვავილი, რომელიც ყველაფერზე მაღლა ყვავის.

ამინ, შენ ხარ ირემი, რომელიც ტყიდან გამოდის.

ამინ, შენ ხარ საგალობელი, რომელიც შორს წყალზე ჟღერს.

ამინ, შენ ხარ მიწა და დასაბამი.

სიტყვა, რომელიც არასოდეს თქმულა.

ნათელი, რომელიც არ გაბრწყინებულა.

ცდომილება, რომლის სადარი არაფერია. 

გზა დასასრულის გარეშე.

ჩემს თავს მივუტევებ ამ სიტყვებს, როგორც შენ მომიტევებ შენი ელვარე სინათლის წადილს.

აღსდექ, ძველი ღამის მოწყალე ცეცხლო.

შენს დასაბამს ვემთხვევი მე.

ჩემი ხელი ხალიჩებს გიშლის წინ და წითელ ყვავილებს მიმოაბნევს შენთვის.

აღსდეგ, ჩემო მოყვარევ, რომელიც განისვენებდი როგორც სნეული, გამოდი ნაჭუჭიდან.

შენთვის საზრდო მოვამზადეთ.

წინ დაგიდეს ძღვენი.

მოცეკვავეები გელიან, სახლში აგიშენეთ შენ.

შენი მსახურები მზად არიან.

სამწყსო მოვაგროვეთ შენთვის მწვანე მინდორზე.

შენი სასმისი წითელი ღვინით შევავსეთ.

სურნელოვანი ხილი დავაწყვეთ ოქროს სინზე.

ჩვენ ვაკაკუნებთ შენს საპყრობილეზე და ვაყურადებთ.

დრო მიდის, ნუ აყოვნებ.

საბრალონი ვართ შენს გარეშე და გაცვეთილია ჩვენი საგალობლები.

ყოველი სიტყვა გითხარით, რომელიც გულში გვქონდა.

კიდევ რა გსურს?

კიდევ რა შეგისრულოთ?

ყოველ კარიბჭეს გიღებთ.

გიჩოქებთ იქ, სადაც გსურს.

ზეცაზე ყოველ მხარეს მივემართებით, შენი სურვილის მიხედვით.

აგვაქვს რაც ქვემოთ არის და რაც ზემოთ არის, ჩამოგვაქვს, როგორც ბრძანებ.

გავცემთ და ვიღებთ, როგორც შენ გინდა.

მარჯვნივ გვსურდა, მაგრამ მარცხნივ წავედით, რადგან შენს მინიშნებას დავყევით.

ავდივართ და ვეცემით, ვბარბაცებთ და მყარად ვდგავართ, ვხედავთ და უსინათლოები ვართ, გვესმის და დავყრუვდით, ვამბობთ „ჰო“-ს და „არა“-ს, როდესაც მუდამ შენს სიტყვას ვისმენთ.

ვერ ვიაზრებთ და ვცხოვრობთ გაუგებრობაში.

არ გვიყვარს და ვცხოვრობთ უსიყვარულობით.

კვლავ ვბრუნდებით, ვიაზრებთ და ვცხოვრობთ გასაგებად.

გვიყვარს და ვცხოვრობთ იმით რაც გვიყვარს, შენი მცნების ერთგულებით.

მოდი ჩვენთან, ვისაც ჩვენი ნებით გვსურს ეს.

მოდი ჩვენთან, ვისაც ჩვენი სულით გვესმის შენი.

მოდი ჩვენთან, ვინც საკუთარ კოცონთან გათბობთ შენ.

მოდი ჩვენთან, ვინც ჩვენივე შეძლებით გიმკურნალებთ შენ.

მოდი ჩვენთან, ვინც საკუთარი სხეულიდან გქმნით შენ.

მოდი, ყრმავ, მამასთან და დედასთან.

ჩვენ ვთხოვდით მიწას.

ჩვენ ვთხოვდით ზეცას.

ჩვენ ვთხოვდით ზღვას. 

ჩვენ ვთხოვდით ქარს.

ჩვენ ვთხოვდით ცეცხლს.

ჩვენ ყოველ ერში გეძებდით.

ჩვენ ყოველ მეფესთან გეძებდით.

ჩვენ ყოველ ბრძენთან გეძებდით.

ჩვენ საკუთარ თავებში და გულებში გეძებდით.

და ჩვენ კვერცხში გიპოვეთ შენ.

მე შენთვის ძვირფასი კაცთშეწირვა აღვასრულე, ახალგაზრდა და მოხუცი შევწირე. 

ჩემი კანი დანით დავსერე.

მე შენს საკურთხეველზე ჩემი სისხლი ვაპკურე.

მე მამა და დედა გავაგდე, რათა ჩემთან გეცხოვრა.

ჩემი ღამე დღედ ვაქციე და შუადღეზე მთვარეულივით დავიარებოდი.

ყველა კერპი დავამსხვრიე, კანონები დავარღვიე, უწმინდურობა ვიგემე.

ჩემი ხმალი მოვისროლე და ქალის კაბა ჩავიცვი.

მე ჩემი მტკიცე სიმაგრე დავარღვიე და ქვიშაში ბავშვივით ვთამაშობდი.

ომში მიმავალი მეომრები ვიხილე და ჩემი საჭურველი უროთი დავამსხვრიე.

მე ჩემს მიწაზე ვთესე და ნაყოფი დავალპე.

ყოველივე დიდი დავაპატარავე და ყოველივე პატარა გავადიდე.

ჩემი ყველაზე შორეული მიზნები ყველაზე ახლო მიზნებში გავცვალე, ასე რომ მზად ვარ.

მაგრამ მაინც მზად არ ვარ, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევურიგდი იმას, რაც გულს მიწვრილებს. ეს საზარელი არის ღმერთის კვერცხში გამოკეტვა. მიხარია, რომ დიდი სწრაფვა აღსრულდა, მაგრამ შიშმა სწორედ ეს სწრაფვა დამავიწყა. მიყვარს და მაოცებს ძლევამოსილება. არავინ არის უფრო დიადი ვიდრე ის, ვინც ხარის რქებს ატარებს, და ძირს დავანარცხე მე იგი, ვატარე და დავაპატარავე ადვილად. მისი დანახვისას შიშისგან ლამის ძირს დავეცი, ახლა კი მე მას მუჭში ვმალავ. ეს არის ძალაუფლება, რომელიც გაშინებს და გამარცხებს, ეს არიან შენი ღმერთები, შენი ბატონები უხსოვარი დროიდან: შეგიძლია ისინი ჯიბეში ჩაიდო. განა რა არის ღვთისგმობა ამასთან შედარებით? მსურს ღვთისგმობა შემეძლოს: ღმერთი მაინც მყავდეს, რომლის შეურაცხყოფა შემეძლება, მაგრამ არ ღირს კვერცხის გმობა, რომელსაც ჯიბით ატარებენ. ეს არის ღმერთი, რომლის გმობაც შეუძლებელია.

მძულს ღმერთის ეს უბადრუკობა. ჩემი უღირსობაც მეყოფა. ვეღარ აიტანს, თუ მე მას ღმერთის უბადრუკობასაც დავუმატებ. არაფერია მყარი: საკუთარ თავს ეხები და მტვრად მიიქცევი. შეეხები ღმერთს და ის შეშინებული იმალება კვერცხში. ჯოჯოხეთის კარიბჭეს შელეწავ: ნიღბები გიცინიან და მასხრების მუსიკა უკრავს საპასუხოდ. ზეცას უტევ: თეატრის კულისები შეძრულია და სუფლიორი ორმოში დაუძლურებული ეცემა. ამჩნევ: შენ არ ხარ რეალური, არც ზემოთ და არც ქვემოთ არაფერია რეალური, მარცხნივ და მარჯვნივ გაცრუებაა. საითაც გაიხედავ, ჰაერი, ჰაერი, ჰაერი.

მაგრამ მე შევიპყარი იგი, უძველესი დროიდან მოსული საზარელი, მე ის დავაპატარავე, ჩემს მუჭში ეტევა იგი. ეს არის ღმერთების დასასრული: ადამიანი მათ ჯიბეში ჩაისვამს. ეს არის ღმერთების ისტორიის დასასრული. არაფერი დარჩა ღმერთებისგან კვერცხის გარდა. და ამ კვერცხს ვფლობ მე. ალბათ შემიძლია ეს ერთი და უკანასკნელი მოვსპო და ამით ღმერთების მოდგმა დავასრულო. რაღა არიან ღმერთები ჩემთვის, როცა ვიცი, რომ ჩემი ძალაუფლების წინაშე თმობენ? მოძველდნენ და თავიანთი სიმწიფე მოილიეს, კვერცხში დასამარდნენ.

როგორ მოხდა ეს? მე ძირს დავაგდე ბუმბერაზი, შევიბრალე, არ მსურდა მისი მიტოვება, რადგან იგი მიყვარდა, რადგან მას მოკვდავთაგან ვერავინ შეედრება. სიყვარულით ვიპოვე ხერხი, რომლითაც მას წონა დავუკარგე და სივრცისგან გავათავისუფლე. მე მას სიყვარულით წავართვი ფორმა და სხეული. სიყვარულით ჩავკეტე იგი დედობრივ კვერცხში. ეს განიარაღებული, რომელიც მიყვარს, უნდა მოვკლა? მისი სამარის ფაქიზი ნაჭუჭი უნდა გავტეხო და წონისა და ზომის არმქონე სამყაროს ქარებს მივანდო? მაგრამ განა მე არ ვუგალობდი მის დაბადებას? მის მიმართ სიყვარულით არ ვაკეთებდი ამას? რატომ მიყვარს იგი? 

დიადის მიმართ სიყვარული არ მინდა გულიდან ამოვიგლიჯო. მსურს ჩემი ღმერთი მიყვარდეს, უიარაღო და უმწეო. მსურს მასზე ისე ვიზრუნო როგორც ბავშვზე.

განა ღმერთის შვილები არ ვართ? ღმერთები რატომ არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები? თუ ჩემი მამა ღმერთი მოკვდება, ძე ღვთისა აღდგება ჩემი დედობრივი გულიდან. რადგან მე ღმერთი მიყვარს და არ მსურს მისი მიტოვება. მხოლოდ მას შეუძლია დასცეს ღმერთი, ვისაც უყვარს იგი, და ღმერთი დანებდება თავის დამამხობელს, მის ხელში მოექცევა და მის გულში მოკვდება, რომელსაც იგი უყვარს და დაბადებას აღუთქვამს. 

ჩემო ღმერთო, მიყვარხარ, როგორც დედას უყვარს არშობილი, რომელსაც გულთან ატარებს. გაიზარდე აღმოსავლეთის კვერცხში, იკვებე ჩემი სიყვარულით, ჩემი სიცოცხლის წვენი შესვი, რათა ბრწყინვალე ღმერთი გახდე. შენი ნათელი გვჭირდება, ო ბავშვო. რადგან ბნელში დავიარებით, გაგვინათე ბილიკები. დაე შენი ნათელი გვინათებდეს წინ, შენი ცეცხლი ათბობდეს ჩვენი ცხოვრების სიცივეს. ჩვენ შენი ძალაუფლება კი არა შენი სიცოცხლე გვჭირდება.

რა არის ჩვენთვის ძალაუფლება? ჩვენ ბატონობა არ გვსურს. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ, გვსურს ნათელი და სითბო, და ამის გამო გვჭირდება ის, რაც შენ გაქვს. როგორც ამწვანებულ მიწას და ყოველ ცოცხალ სხეულს სჭირდება მზე, ისე სჭირდება ჩვენს სულებს შენი ნათელი და სითბო. მზის გარეშე დარჩენილი სული სხეულს ავნებს. ღმერთი კი კვებავს სულს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff