კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

ღვთაებრივი სისულელე

მაღალჭერიან დარბაზში ვდგავარ. ჩემს წინ, ორ სვეტს შორის მწვანე ფარდას ვხედავ. ფარდა ნელა იხსნება. ვხედავ ოდნავ შეღრმავებულ სივრცეს ცარიელი კედლებით, მაღლა პატარა მრგვალ ფანჯარას მოლურჯო შუშით. ფეხი შევდგი საფეხურზე, რომელიც სვეტებს შორის ამ სივრცისკენ მიუყვება, და მაღლა ავდივარ. უკანა კედელზე მარჯვნივ და მარცხნივ ვხედავ კარებს. თითქოს მარჯვენასა და მარცხენას შორის არჩევანი უნდა გავაკეთო. 

მარჯვენა კარი ავირჩიე. კარი ღიაა, შევდივარ: დიდი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ვარ. დარბაზის სიღრმეში გამხდარი კაცი ზის, ფერმკრთალი სახით, აშკარად ბიბლიოთეკარი. მძიმე ატმოსფეროა - სწავლულის ამბიციები - სწავლულთა სიბნელე - სწავლულთა შელახული პატივმოყვარეობა. ბიბლიოთეკარის გარდა ვერავის ვხედავ. მასთან მივდივარ. მან თავისი წიგნიდან თავი ასწია და მეკითხება: „რა გსურთ?“

შევიშმუშნე, არც კი ვიცი ზუსტად რა მსურს: თომას კემპენელი გამახსენდა.

მე: „თომას კემპენელის „მიბაძვა ქრისტესი“ მსურს.“

გაკვირვებული მიყურებს, თითქოს ამას არ ელოდა და მოთხოვნის ფურცელი მომცა, რათა შემევსო. მეც მიკვირს, რომ თომას კემპენელი მოვითხოვე.

მე: „გიკვირთ, რომ თომასი მოვითხოვე?“

ის: „დიახ, ამ წიგნს იშვიათად კითხულობენ, და თქვენგან ასეთ ინტერესს არ ველოდი.“

მე: „უნდა ვაღიარო, რომ მეც არ ველოდი ასეთ შთაგონებას, მაგრამ ამას წინათ თომასთან ერთი მონაკვეთი წავიკითხე, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა; ზუსტად ვერ ვიტყვი რატომ. თუ სწორად მახსოვს, ეს ეხებოდა ქრისტეს მიბაძვის პრობლემას.“

ის: „რაიმე განსაკუთრებული თეოლოგიური ან ფილოსოფიური ინტერესები გაქვთ, თუ?..“

მე: „გულისხმობთ, რომ ეს ლოცვისთვის მინდა წავიკითხო?“

ის: „შეიძლება ასეც ვთქვათ.“

მე: „როდესაც თომას კემპენელს ვკითხულობ, ამას უფრო ლოცვისთვის ან მსგავსი მიზნისთვის ვაკეთებ, ვიდრე ცოდნისთვის.“

ის: „ასეთი რელიგიური ბრძანდებით? ვერასოდეს ვიფიქრებდი.“

მე: „იცით, რომ მეცნიერებას ძალზე ვაფასებ, მაგრამ ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც მეცნიერებაც გვაცარიელებს და გვასნეულებს. ასეთ დროს წიგნი, რომელიც თომასის დაწერილია, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან დიდი მშვინვიერი ძალით არის დაწერილი.“

ის: „მაგრამ ძალზე ძველმოდურია. დღეს ქრისტიანულ დოგმატიკას ვეღარ დავეყრდნობით.“

მე: „ქრისტიანობას მის გვერდზე გადადებით ვერც ამოვწურავთ. ის იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.“

ის: „განა მეტი რა უნდა იყოს? უბრალოდ რელიგიაა.“

მე:“რა მიზეზით და რა ასაკში უკუაგდებენ ადამიანები მას? უმეტესად სტუდენტობისას ან ზოგჯერ უფრო ადრეც. თვლით, რომ ამ ასაკში ადამიანს სწორად განსჯა შეუძლია? და გიკვლევიათ ოდესმე მიზეზები, რის გამოც პოზიტიურ რელიგიას უკუაგდებენ? მიზეზები ხშირად საეჭვოა, მაგალითად, რადგან რწმენის შინაარსი ხშირად ბუნებისმეტყველებას ან ფილოსოფიას ეწინააღმდეგება.“

ის: „ვთვლი, რომ ამის უგულებელყოფა არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ უკეთესი მიზეზებიც არსებობს. მაგალითად რელიგიის ნაკლად ვთვლი რეალობისგან მის მოწყვეტილობას. სხვათა შორის, არსებობს ლოცვის სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლებიც რელიგიის დაქვეითების შედეგად დაკარგულია. მაგალითად ნიცშემ ნამდვილი ლოცვების წიგნი დაწერა, რომ აღარაფერი ვთქვათ „ფაუსტზე“.

მე: „გარკვეული გაგებით ეს მართალია. მაგრამ განსაკუთრებით ნიცშეს ჭეშმარიტებაა ჩემთვის მშფოთვარე და გამომწვევი - კარგი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ უნდა გათავისუფლდეს. მისი ჭეშმარიტება მხოლოდ ასეთებისთვის არის კარგი. ვფიქრობ, ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ გვჭირდება ჭეშმარიტება მათთვისაც, ვინც ჩიხშია შესული. ასეთებისთვის საჭიროა დამთრგუნველი ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს აპატარავებს და საკუთარ თავში ჩააღრმავებს, უფრო საჭიროების გამო.“

ის: „კი მაგრამ ნიცშე ხომ ადამიანს მთლიანად მის შინაგან სამყაროში მიუყვება.“

მე: „თქვენი თვალსაზრისი შეიძლება სწორია, მაგრამ მე მაინც ვერ ვიშორებ შთაბეჭდილებას, რომ ნიცშე უფრო მათ მიმართავს, ვისაც გათავისუფლება სჭირდება, და არა მათ, ვინც ცხოვრებას მძიმედ შეასკდა და იარებიდან სისხლი სდით და რეალობაში რჩებიან.“

ის: „მაგრამ ნიცშე იძლევა ასეთ ადამიანებზე აღმატების ძვირფას შეგრძნებას.“

მე: „ვერ შეგედავებით. მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც აღმატება კი არა დამდაბლება სჭირდებათ.“

ის: „აზრებს პარადოქსულად გამოთქვამთ. არ მესმის თქვენი. დამდაბლება არ უნდა იყოს ნებაყოფლობითი.“

მე: „ალბათ უკეთ გამიგებთ, თუ დამდაბლების მაგივრად თვინიერებას ვიტყვი - სიტყვა, რომელიც ხშირად ესმით, მაგრამ იშვიათად ხვდებიან.“

ის: „ეს თანაც ძალიან ქრისტიანულად ჟღერს.“

მე: „როგორც ვთქვი, ქრისტიანობაში არის ისეთი რამ, რაც უნდა შევინარჩუნოთ. ნიცშე ძალზე ოპოზიციურია. რეალობა, ისევე როგორც ყოველივე ჯანსაღი და ხანგრძლივი, საუბედუროდ შუალედშია, რომელსაც უსამართლოდ უარვყოფთ.“

ის: „ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთ შუალედს იცავთ.“

მე: „მეც არ ვიცოდი - ჩემი პოზიცია ჩემთვის არც ისე ნათელია. როდესაც ვაშუალედებ, ამ დროს ამას ძალზე თავისებურად ვაკეთებ.“

ამ დროს მსახურმა მოიტანა წიგნი, და ბიბლიოთეკარს დავემშვიდობე.

ღვთაებრივს ჩემთან ერთად ცხოვრება სურს. ჩემი წინააღმდეგობა გატყდა. ჩემს ფიქრს ვკითხე, და მან მითხრა: „აიღე მაგალითი, რომელიც გიჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობს ღვთაებრივი.“ ჩვენი ბუნებრივი მაგალითი არის ქრისტე. ძველთაგანვე მის წესებს ვიცავთ, ჯერ გარეგნულად და შემდეგ შინაგანად. ჯერ ეს ვიცოდით, და შემდეგ აღარ ვიცოდით. ქრისტეს წინააღმდეგ ვიბრძოდით, დავამხეთ იგი და გვეჩვენებოდა, რომ გავიმარჯვეთ. ის კი ჩვენში რჩებოდა და ჩვენზე ბატონობდა.

უმჯობესია ხილული ბორკილები გვედოს ვიდრე უხილავი. შეიძლება ქრისტიანობა მიატოვო, მაგრამ ის არ მიგატოვებს. მისგან შენი გათავისუფლება სიშლეგეა. ქრისტე არის გზა. შეგიძლია გვერდი აუარო, მაგრამ მაშინ გზაზე აღარ იდგები. ქრისტეს გზა ჯვარზე სრულდება. ამგვარად ჩვენ მასთან ერთად ჩვენში ვართ ჯვარცმულნი. მასთან ერთად მოველით სიკვდილს, რათა აღვდგეთ. ქრისტესთან ერთად ცოცხალი ვერ აღდგება, ეს მას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეუძლია.

თუ ქრისტეს მივყვები, ის მუდამ ჩემს წინ იქნება, და მიზანს მხოლოდ მასში მივაღწევ. ხოლო ამით მე გადავლახავ ჩემს თავსა და დროს, რომელშიც და რომლითაც ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ასე ვაწყდები ქრისტესა და მის ეპოქას, რომელმაც იგი შექმნა სწორედ ასეთი და არა სხვანაირი. და ასე გავდივარ ჩემი ეპოქიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობ, და გაორებული ვარ ჩემს ცხოვრებასა და ქრისტეს ცხოვრებას შორის, რომელიც ამ ეპოქასაც ეკუთვნის. მაგრამ თუ ქრისტიანობას სწორად გავიგებ, უნდა დავინახო, რომ ქრისტე რეალურად მხოლოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვას არ ბაძავდა. მას არ ჰყოლია მაგალითი.

როდესაც ქრისტიანობას ნამდვილად მივყვები, არავის მივყვები, არავის ვბაძავ, არამედ ჩემი გზით მივდივარ, ჩემს თავს ქრისტიანსაც აღარ ვუწოდებ. ჯერ მსურდა ქრისტესთვის მიმებაძა, მას გავყოლოდი, მეცხოვრა არა ჩემი ცხოვრებით, არამედ მისი მცნებებით. ჩემში ხმა აღდგა ამის წინააღმდეგ და სურდა ჩემთვის შეეხსენებინა, რომ ამ ჩემს ეპოქასაც ჰყავს თავისი წინასწარმეტყველები, რომლებიც იმ ტვირთს ებრძვიან, რაც წარსულმა აგვკიდა. ამ ეპოქის წინასწარმეტყველებთან ერთად ვერ შევძელი ქრისტესთან შეერთება. ერთი ითხოვს რომ ვატარო, მეორე კი ითხოვს რომ ჩამოვიცილო, ერთი ბრძანებს მორჩილებას, მეორე - ნებისყოფას. როგორ უნდა გადავწყვიტო ეს წინააღმდეგობა ერთში ისე, რომ მეორეში არ შევცდე? რაც გონებაში ვერ შევაერთე, მათი გავლა ერთი მეორის მიყოლებით შეიძლება.

ასე გადავწყვიტე ქვედა და ჩვეულებრივ ცხოვრებამდე ჩამოსვლა, ჩემს ცხოვრებაში, და იქიდან დაწყება, სადაც ახლახანს ვიდექი. 

როდესაც აზრს მიჰყავხარ იქამდე, სადაც ვეღარაფერს მოიაზრებ, ეს ნიშნავს, რომ დროა უბრალო ცხოვრებას დაუბრუნდე. რასაც აზრი ვერ ხსნის, იმას ცხოვრება ხსნის, და რასაც ქმედება ვერასოდეს განსაზღვრავს, ის აზრს რჩება. თუ მე ერთის მხრივ უმაღლესამდე და ურთულესამდე ავედი და მსურს გამოვისყიდო ის, რაც კიდევ უფრო მაღლა მყოფია, ამ დროს ნამდვილი გზა მაღლა კი არ ადის, არამედ სიღრმეში მიუყვება, ჩემში მხოლოდ სხვას შეუძლია ჩემს გარეთ გამიყვანოს. ჩემში სხვა ვინმეს მიღება ნიშნავს საპირისპიროში გადასვლას, სერიოზულობიდან სასაცილომდე, სევდიანიდან სასაცილომდე, მშვენიერიდან საზიზღრამდე, წმინდადან უწმინდურამდე.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff