Liber Secundus
არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს.
გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!
როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან?
ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ერს ჩემი სახელი თავიანთი ზმანებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო.
წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი. (იერემია 23)
Liber Secundus
წითელი
მისტერიუმის კარი ჩემს უკან დაიკეტა. ვგრძნობ, რომ ჩენი ნება პარალიზებულია და რომ სიღრმის სული მფლობს მე. ერთი გზის შესახებ არაფერი ვიცი. მე ამის შესახებ არაფერი შემიძლია მსურდეს, რადგან არ ჩანს, თუ რა მსურს. ველოდები რაღაცას ისე, რომ არ ვიცი თუ რას ველოდები.
მაგრამ უკვე შემდეგ ღამეს ვგრძნობდი, რომ მყარ ადგილს მივადექი.
ვხედავ, რომ რომ ყველაზე მაღალ კოშკზე ციხე-სიმაგრე დგას. ჰაერში ვგრძნობ: შორეულ წარსულში ვარ. შორს ჩემი მზერა მომართულია ცარიელ, გორაკებიან მხარეზე, მინდვრებისა და ტყეების მონაცვლეობაზე. მწვანე სამოსი მაცვია. მხარზე ჩასაბერი რქა მკიდია. კოშკის გუშაგი ვარ. შორს ვიყურები. იქ გარეთ ვხედავ წითელ წერტილს, ის ახლოვდება ხვეულ გზებზე, ზოგჯერ ქრება ტყეებში და ისევ გამოჩნდება. ეს არის რაინდი წითელ მოსასხამში, წითელი რაინდი. ის ჩემს ციხეს უახლოვდება: უკვე კარიბჭეში შემოდის. მესმის ფეხის ხმა კიბეზე, საფეხურები ჭრაჭუნებს, ის ბრახუნით ამოდის: თავისებური შიში მიპყრობს მე. დგას წითელი, მისი მაღალი აღნაგობა წითელშია დაფარული, მისი თმაც წითელია. ვფიქრობ: საბოლოოდ ეს ეშმაკი უნდა აღმოჩნდეს.
წითელი: „მოგესალმები, კაცო, მაღალ კოშკზე. შორიდან დაგინახე, შემყურე და მომლოდინე. შენმა მოლოდინმა დამიძახა.“
მე: „ვინ ხარ?“
წითელი: ვინ ვარ? შენ ფიქრობ, რომ ეშმაკი ვარ. ნუ გამოგაქვს დასკვნები. შეგიძლია ისე მესაუბრო, რომ არც იცოდე ვინ ვარ. რა ცრუმორწმუნე ხარ, რომ ეგრევე ეშმაკზე ფიქრობ?“
მე: „თუ შენ ზებუნებრივი შესაძლებლობები არ გაქვს, როგორ შეგიძლია იგრძნო, რომ ჩემს კოშკზე მოლოდინში ვდგავარ და უცნობისა და ახლისკენ ვიყურები?ჩემი ცხოვრება ციხეზე არის ღარიბი, რადგან მუდამ აქ მაღლა ვზივარ და არავინ ამოდის ჩემთან.“
წითელი: „რას ელოდები?“
მე:“ბევრ რამეს ველოდები და განსაკუთრებით იმას, რომ სამყაროს იმ სიმდიდრეთაგან, რომელსაც ვერ ვხედავთ, ჩემთან მოვიდეს.“
წითელი: „მაშინ სწორად მოვედი შეთან. დიდი ხანია ყოველ ქვეყანაში ვხეტიალობ და ვეძებ მათ, ვინც შენსავით მაღალ კოშკზე სხედან და უხილავ საგნებს უმზერენ.“
მე: „ცნობისმოყვარეობას მიღვიძებ. შენ იშვიათი ვინმე ჩანხარ. შენი გარეგნობა უჩვეულოა, ასევე - მაპატიე - მეჩვენება, თითქოს გამორჩეული ჰაერი იგრძნობა შენგან, რაღაცნაირი კოსმიური, უხეში ან ბობოქარი, ან - კაცმა რომ თქვას - რაღაც წარმართული.“
წითელი: „შენ არ მაყენებ შეურაცხყოფას, პირიქით, ზუსტად ამბობ. მაგრამ მე ძველი წარმართი არ ვარ, როგორც შენ ფიქრობ.“
მე: „ამას არც ვამტკიცებ; შენ არ ხარ ქედმაღალი და ლათინი. არაფერია კლასიკური შენში. ჩვენი დროის შვილი ჩანხარ, მაგრამ, როგორც უნდა აღვნიშნო, რაღაც უჩვეულო. არ ხარ ნამდვილი წარმართი, არამედ ხარ წარმართი, რომელიც ჩვენი ქრისტიანული რელიგიის გვერდით მოძრაობს.“
წითელი: „ჭეშმარიტად, შენ გამოცანების კარგი გამომცნობი ხარ. შენი საქმე გაცილებით უკეთ გამოგდის ვიდრე მათ, ვინც ვერ შემიცნეს.“
მე: „შენი ტონი ცივი და მედიდურია. არასოდეს გაგტეხია გული ჩვენი ქრისტიანული რელიგიის ყოვლადწმინდა მისტერიების გამო?
წითელი: „შენ დაუჯერებლად მძიმე ხასიათის და სერიოზული ადამიანი ხარ. ყოველთვის ასეთი შემტევი ხარ?“
მე:“მსურს - ღმერთის წინაშე - ყოველთვის ასეთი სერიოზული და ჩემი თავის ერთგული ვიყო, როგორსაც ვცდილობ რომ ვიყო. შენთან ერთად ყოფნისას გამიჭირდება. შენ შემოგაქვს სახრჩობელას აურა, შენ ეჭვგარეშე სალერნოს ბნელი სკოლიდან ხარ, სადაც წარმართები და მათი მიმდევრები დამღუპველ საგნებს ასწავლიან.“
წითელი: „შენ ხარ ცრუმორწმუნე და ზედმეტად გერმანელი. სიტყვასიტყვით ისე გესმის, როგორც წმინდა წერილებშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ მკაცრ დასკვნებს არ გამოიტანდი ჩემს შესახებ.“
მე: „შორს ვარ მკაცრი დასკვნებისგან. მაგრამ ჩემი ყნოსვა არ მღალატობს. შენ არაპირდაპირი ხარ და საკუთარ თავს არ უღალატებ. რას მალავ?“ (წითელი კიდევ უფრო გაწითლდა, ის ანათებდა როგორც გავარვარებული რკინა საკუთარი გარსიდან)
წითელი: „არაფერს ვმალავ, გულკეთილო. მხოლოდ მაოცებს შენი მძიმე სერიოზულობა და სასაცილო სიმართლე. ეს იშვიათია ჩვენს დროში, განსაკუთრებით ადამიანებში, რომლებსაც რაღაცის გაგება აქვთ და იყენებენ.“
მე: „ვფიქრობ, არ შეგიძლია ჩემი ბოლომდე გაგება. შენ მადარებ იმ ადამიანებს, რომლებსაც იცნობ. მაგრამ უნდა გითხრა, ჭეშმარიტებისთვის, რომ ამ დროს და ამ ადგილს არ ვეკუთვნი. ჯადოქრობამ მიმაბა ამ დროსა და ადგილას წლობით. სინამდვილეში ის არ ვარ, ვისაც შენს წინაშე ხედავ.“
წითელი: „საოცრად რამეს ამბობ. მაშ ვინ ხარ შენ?“
მე:“ეს არ არის მნიშვნელოვანი: შენს წინაშე ვდგავარ ის, ვინც ვარ ამჟამად. რატომ ვარ აქ და ასეთი, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ აქ უნდა ვიყო, რათა გადმოვცე საკუთარი თავი ჩემი საუკეთესო ცოდნით. ისევე მცირე რამ ვიცი შენს შესახებ, როგორც მე არ ვიცნობ საკუთარ თავს.“
წითელი:“ძალიან მნიშვნელოვანია ეს. წმინდანი ხომ არ ხარ? ფილოსოფოსი ნაკლებად, რადგან სწავლულის ენით არ საუბრობ. მაგრამ იქნებ წმინდანი? უფრო ეს იქნება. შენს სერიოზულობას ფანატიზმის სუნი სდის. შენ გაქვს ეთიკური ატმოსფერო და უბრალოება, რომელიც ხმელ პურსა და წყალს მაგონებს.“
მე: „ვერც „ჰო“-ს ვიტყვი და ვერც „არა“-ს: შენ ამ დროში დატყვევებულივით საუბრობ. ამ დროებას, როგორც ვხედავ, სიმბოლოები აკლია.“
წითელი:“შენც წარმართებთან სკოლაში ხომ არ გივლია? სოფისტივით მპასუხობ. როგორ ახერხებ, რომ ქრისტიანული რელიგიის მასშტაბით მზომავ, როდესაც წმინდანი არ ხარ?“
მე: „მეჩვენება, თითქოს ეს უნდა იყოს მასშტაბი, რომელიც გამოსაყენებელია, როდესაც წმინდანები არ ვართ. ვფიქრობ შევიცანი, რომ ქრისტიანული რელიგიების მისტერიების უარყოფა დაუსჯელად არავის შეუძლია. ვიმეორებ, ვისი გულიც არ დამსხვრეულა უფალ იესო ქრისტესთან ერთად, საკუთარ თავში წარმართობას დაათრევს, რომელიც საუკეთესოს აშორებს.“
წითელი: „ისევ ეს ძველებური ტონი? რისთვის, როდესაც ქრისტიანი წმინდანი არ ხარ? განა შეჩვენებული სოფისტი არ ხარ?“
მე: „შენ გამომწყვდეული ხარ შენს სამყაროში. მაგრამ ხომ შეგიძლია დაფიქრდე, რომ შესაძლებელია ქრისტიანობის ღირებულების სწორი შეფასება ისე, რომ არ იყო წმინდანი.“
წითელი: „ღვთისმეტყველების დოქტორი ხარ, რომელიც ქრისტიანობას გარედან ჭვრეტს და ისტორიულად აფასებს, ანუ სოფისტი?“
მე: „ჭირვეული ხარ. ვიგულისხმე, რომ შემთხვევითობა არ უნდა იყოს, რომ მთელი მსოფლიო ქრისტიანული გახდა. ასევე მჯერა, რომ დასავლეთის კაცობრიობის დავალებაა ქრისტიანობა გულში ატაროს და მისი ვნებით, სიკვდილითა და აღდგომით იზრდებოდეს.“
წითელი: „მაგრამ არიან ებრაელებიც, რომლებიც მართალი ხალხია და შენს ნაქებ სახარებას არ იღებენ.“
მე:“ეტყობა კარგად არ იცნობ ადამიანებს: არ შეგინიშნავს, რომ ებრაელებს რაღაც აკლიათ, ზოგს თავში, ზოგსაც გულში, და რომ თავადაც გრძნობენ, რომ რაღაც აკლიათ?“
წითელი:
„არ ვარ ებრაელი, მაგრამ ებრაელები უნდა დავიცვა: მათი მოძულე ჩანხარ.“
მე: „შენ საუბრობ ყველა იმ ებრაელივით, რომლებიც სხვებს ებრაელთა სიძულვილში ადანაშაულებენ, როდესაც საკუთარ მოდგმაზე თავად ქმნიან სისხლიან ხუმრობებს. რადგან ებრაელები ამ უეჭველ ნაკლებობას ზედმეტად მკაფიოდ ხედავენ და მაინც არ იღებენ ამას, ძალზე მგრძნობიარენი არიან განსჯის მიმართ. გჯერა, რომ ქრისტიანობამ ადამიანის სამშვინველში უკვალოდ ჩაიარა? და გჯერა, რომ ის, ვისაც არ განუცდია თავის სიღრმეში, შეძლებს ამ ნაყოფთან წილნაყარი გახდეს?“
წითელი: „დასაბუთება გაქვს. მაგრამ შენი სერიოზულობა?! შეგეძლო უფრო მსუბუქად გეთქვა ეს. თუ წმინდანი არ ხარ, მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყო ასეთი სერიოზული. ხალისს მიფუჭებ. რა ჯანდაბა გიდევს აბა თავში? მხოლოდ ქრისტიანობას შეუძლია სამყაროსგან თავისი მგლოვიარე გაქცევით ადამიანები ასე დაამძიმოს და დააძაბუნოს.“
მე: „ვფიქრობ, არის სხვა რამეც, რაც სერიოზულობას იწვევს.“
წითელი: „აჰ, უკვე ვხვდები, შენ ცხოვრებას გულისხმობ. ამ ფრაზას ვიცნობ. მეც ვცხოვრობ, მაგრამ ამით თმებს არ ვიჭაღარავებ. ცხოვრება არ განაპირობებს სერიოზულობას, პირიქით, ცხოვრებით უფრო კარგად ცეკვავენ.“
მე: „ვიცი ცეკვა. ჰო, ეს რომ ცეკვით შეგვეძლოს! ცეკვა შეჯვარების პერიოდს ეკუთვნის. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მუდამ შეჯვარების პერიოდი აქვთ, და ისეთები, ვისაც თავისი ღმერთისთვის ცეკვა სურს. პირველნი სიცილს იწვევენ ხოლო სხვები ანტიკურობას თამაშობენ იმის მაგივრად, რომ აღიარონ თავიანთი უუნარობა ამის გამოსახატად.“
წითელი: „აქ, ჩემო ძვირფასო, ჩემს ნიღაბს ვდებ. ახლა უფრო სერიოზული ვიქნები, რადგან ეს ჩემს სფეროს ეხება. არის კიდევ მესამე, რომლისთვისაც ცეკვა სიმბოლო იქნებოდა.“
რაინდის სიწითლე გადაიქცევა ნაზ მოწითალო ხორცისფრად. და, ო საოცრებავ, ჩემი მწვანე სამოსი ყოველ მხარეს ფოთლებს ისხამს.
მე: „არსებობს ალბათ ღვთის წინაშე სიხარული, რომელსაც ცეკვა უნდა ერქვას. მაგრამ ეს სიხარული მე ჯერ ვერ ვნახე. მომავალ საგნებს შევყურებ. მოდიოდა საგნები, მაგრამ მათ შორის სიხარული არ იყო.“
წითელი:“ვერ მცნობ, ჩემო ძმაო, მე ვარ სიხარული!“
მე:“შენ ხარ სიხარული? გიმზერ როგორც ბურუსით მოცულს. შენი ხატება ქრება ჩემთვის. ხელი ჩამჭიდე, ძვირფასო, სად ხარ? სად ხარ?“
სიხარული? ის იყო სიხარული?
ეჭვგარეშე ეს იყო ეშმაკი, ეს წითელი, მაგრამ ჩემი ეშმაკი. ეს იყო ჩემი სიხარული, სერიოზულის სიხარული, რომელიც მარტო იყურება მაღალი კოშკიდან, მისი ვარდისფერი, ვარდის სურნელით სავსე, ნაზი ელფერის ღია წითელი სიხარული. არა ფარული სიხარული საკუთარი აზრებისა და ხედვების გამო, არამედ ის უცხო კოსმიური სიხარული, რომელიც აუცილებლად მოდის როგორც სამხრეთის თბილი ქარი ყვავილების სურნელითა და ცხოვრების სიმსუბუქით. თქვენ ეს იცით თქვენი პოეტებისგან, სერიოზულობა, როდესაც სიღრმეებში მოლოდინით იყურებიან, ხოლო ეშმაკის გაზაფხულის მსგავსი სიხარული მოიძიებს მათ. იგი როგორც ტალღა აიტაცებს ადამიანს და წინ მიაქანებს. ვინც ამ სიხარულს იგემებს, ივიწყებს საკუთარ თავს. და არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე დაივიწყო საკუთარი თავი. ცოტანი არ არიან, ვინც ივიწყებს, თუ ვინ იყვნენ ისინი. მაგრამ უფრო მეტი არიან, ვინც იმდენად მტკიცედ არიან გაზრდილები, რომ ვარდისებრ ტალღასაც არ შეუძლია მათი გადაადგილება. ისინი გაქვავებულები არიან მეტისმეტად მძიმედ, სხვები უფრო მსუბუქნი არიან.
მე ეშმაკს სერიოზული შევხვდი და ისე დავიჭირე თავი მასთან როგორც ნამდვილ პიროვნებასთან. ეს ვისწავლე მისტერიუმში, ყოველი უცნობი მოხეტიალე, რომელიც შინაგან სამყაროში ბინადრობს, პიროვნულად და სერიოზულად მივიღო, რადგან ისინი ნამდვილნი არიან იმის გამო, რომ ზემოქმედებენ. არ გვეხმარება, როდესაც დროის სულით ვამბობთ: არ არსებობს ეშმაკი. ჩემთან ერთი იყო. ასეთი იყო ჩემში. მე მასთან ერთად იმას ვაკეთებდი, რაც შემეძლო. მე შემეძლო მასთან საუბარი. რელიგიური საუბარი ეშმაკთან გარდაუვალია, რადგან ის ამას ითხოვს, როდესაც მას უპირობოდ არ ემორჩილებიან. რელიგია არის ის, რაზეც მე და ეშმაკი ვერ შევთანხმდით. მასთან ასე უნდა მოვქცეულიყავი, რადგან მე მისგან როგორც დამოუკიდებელი პიროვნებისგან არ მოველოდი, რომ ჩემს თვალსაზრისს გაიზიარებდა.
მე მასთან რაიმე შეთანხმებისთვის რომ მიმეღწია გავიქცეოდი. როდესაც იშვიათი შესაძლებლობა გეძლევათ ეშმაკთან საუბრის, არ დაგავიწყდეთ მასთან სერიოზული იყოთ. ის მხოლოდ შენი ეშმაკია. ეშმაკი როგორც მოწინააღმდეგე არის შენივე მეორე მდგომარეობა, რომელიც გაცდუნებს და გზაზე ქვებს გილაგებს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად გჭირდება ეს.
ეშმაკის სერიოზული მიღება არ ნიშნავს მის მხარეზე გადასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გახდები ეშმაკი. ამას უფრო ჰქვია: შეძლო გაგება. ამით იღებ შენს სხვა მდგომარეობას. ამით ეშმაკს და შენც ფეხქვეშ მიწა გეცლებათ. და ეს კარგი უნდა იყოს. თუმცა ეშმაკისთვის მიუღებელია რელიგია მისი სერიოზულობისა და გულწრფელობისთვის, სწორედ რელიგიით შეიძლება ეშმაკის გაგება. რასაც ცეკვაზე ვამბობდი, გააოცა იგი, რადგან მე მის კუთვნილ სფეროზე ვსაუბრობდი. ის იღებს მხოლოდ იმას, რასაც სხვები სერიოზულად არ იღებენ, ეს არის ყოველი ეშმაკის მახასიათებელი. ამგვარად მივედი სერიოზულობამდე და ამით ერთად მივედით იმ საფუძვლამდე, სადაც ურთიერთგაგება შესაძლებელია. ეშმაკი თვლის, რომ ცეკვა არც ახირებაა და არც სიშლეგე, არამედ გამოხატულება სიხარულისა, რომელიც არავის ეკუთვნის. ამაში ეშმაკს ვეთანხმები.
ამიტომ გაადამიანურდა იგი ჩემს თვალწინ. მე კი ვყვავი როგორც ხე გაზაფხულზე.
ეშმაკის სიხარულია ან თავად ეშმაკი არის ის სიხარული, რომელსაც უნდა დავუფიქრდეთ. ერთი კვირა ვფიქრობდი ამაზე, და ვშიშობ, რომ არ იყო საკმარისი. შენ დავობ, რომ შენი სიხარული ეშმაკია. ეს კი ჩანს ისე, თითქოს სიხარულში რაიმე ეშმაკეული იყოს. როდესაც შენთვის სიხარული არ არის ეშმაკი, ასე შეიძლება იყოს შენი მოყვასისთვის, რადგან სიხარული არის სიცოცხლის უმაღლესი ყვავილობა და გამწვანება. ეს შენ თავგზას გიბნევს, და შენ უნდა მოსინჯო ახალი გზა, რადგან ნათელი სიხარულის ცეცხლში შენთვის სრულად მინავლდა. ან შენი სიხარულ შენს მოყვასს აუბნევს მიმართულებას და გზიდან გადააგდებს, რადგან ცხოვრება არის დიდი ცეცხლი, რომელიც ყოველივეს აღანთებს, რაც შეიძლება იწვოდეს. მაგრამ ცეცხლი ეშმაკის სტიქიაა.
როდესაც ვნახე, რომ ეშმაკი სიხარულია, მასთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას დავდებდი. მაგრამ სიხარულთან ვერავითარ ხელშეკრულებას დადებ, რადგან ის მაშინვე გაგიქრება. ასევე ვერ მოიხელთებ ეშმაკს. თუ თავს დაგაჭერინებს, მაშინ სულელი ყოფილა, სულელი ეშმაკისგან კი სარგებელს ვერ ნახავ. ეშმაკი ყოველთვის ცდილობს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ზიხარ. ეს სასარგებლოა და იცავს ჩაძინებისგან და თანმდევი შედეგებისგან. ეშმაკი ბოროტია. მაგრამ სიხარული? სიხარულში რომ ბოროტებაც არის, ხედავ ამას, როდესაც მას აედევნები, რადგან შემდეგ სიამოვნებაში ხარ, ხოლო სიამოვნებისგან პირდაპირ ჯოჯოხეთში, შენს პირად ჯოჯოხეთში, რომელიც ყველას თავისი აქვს.
მასთან შეთანხმებით ეშმაკმა რაღაც აიღო ჩემი სერიოზულობიდან, მე კი რაღაც ავიღე მისი სიხარულიდან. ამან გამბედავობა შემმატა. მაგრამ თუ ეშმაკი უფრო სერიოზული გახდა, მაშინ საჭიროა ყურადღების მომართვა. ყოველთვის გამბედავი ნაბიჯია, მიიღო სიხარული, მაგრამ მას ცხოვრებისკენ და მისით იმედგაცრუებამდე მივყავართ, რომლისგანაც მთელი ჩვენი ცხოვრება იქმნება.