Nox secunda
როდესაც ბიბლიოთეკა დავტოვე, ისევ მისაღებში ვიდექი. ამჯერად მაღლა მარცხენა კარს ვუყურებდი. პატარა წიგნი ჯიბეში ჩავიდე. კარისკენ მივდივარ; ისიც ღია არის: კარს მიღმა დიდი სამზარეულოა, ღუმელის ზემოთ - დიდი საკვამური. ოთახის შუაგულში ორი გრძელი მაგიდა დგას, მათ გვერდით სკამები. კედელზე მიდგმულ თაროებზე თითბერისა და სპილენძის ტაფები და სხვა ნივთებია. ღუმელთან დიდი მსუქანი ქალი დგას - აშკარად მზარეულია, კუბოკრული წინსაფრით. ცოტა გაკვირვებული ვესალმები. ისიც შეიშმუშნა. ვეკითხები: „შეიძლება აქ ცოტა ხანი დავჯდე? გარეთ ცივა, მე კი რაღაცას ველოდები.“
ის: „დაბრძანდით, გეთაყვა.“
მან ჩემს წინ მაგიდა გადაწმინდა. რადგან არ ვიცოდი სხვა რა მექნა, ავიღე ჩემი თომასის წიგნი და კითხვა დავიწყე. მზარეული ცნობისმოყვარეა და ჩუმად მაკვირდება. აქეთ-იქით ჩამივლის ხოლმე.
ის: „უკაცრავად, მღვდელი ხომ არ ბრძანდებით?“
მე: „არა, ასე რატომ ფიქრობთ?“
ის: „ო, უბრალოდ ასე გავიფიქრე, რადგან ასეთ პატარა შავ წიგნს კითხულობთ. ცხონებული დედაჩემისგან დამრჩა ასეთი წიგნი.“
მე: „და რა წიგნია?“
ის: „მიბაძვა ქრისტესი“ ჰქვია. ლამაზი წიგნია. მას ვიღებ საღამოს ლოცვებისთვის.“
მე: „სწორად მიხვდით, რასაც ვკითხულობ ესეც „მიბაძვა ქრისტესი“ არის.“
ის: „არ მჯერა, ასეთი ბატონი ამ პატარა წიგნს არ წაიკითხავს, თუ ის მღვდელი არ არის.“
მე: „რატომ არ უნდა ვკითხულობდე? კარგი წიგნების კითხვა ჩემთვისაც სასარგებლოა.“
ის: „ჯერ კიდევ ცხონებულ დედაჩემს ჰქონდა ეს სასიკვდილო სარეცელზე, და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მე გადმომცა.“
სანამ ის საუბრობს, წიგნს უყურადღებოდ ვფურცლავ. ჩემი მზერა მეცხრამეტე თავის ამ მონაკვეთზე ჩერდება: „მართალნი თავის სურვილებს ღმერთის მოწყალებაზე აფუძნებენ, რომელსაც თავიანთ წამოწყებებში უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე საკუთარ სიბრძნეს.“
ვფიქრობ, რომ ეს არის ინტუიტიური მეთოდი, რომელსაც თომა გვირჩევს. მზარეულს მივუბრუნდი: „დედათქვენი ჭკვიანი ქალი იყო, კარგი ქნა, რომ ეს წიგნი დაგიტოვათ.“
„ნამდვილად, მძიმე წუთებში ხშირად მანუგეშებდა, და მასში რჩევის პოვნა შეიძლება.“
ისევ ჩემს ფიქრებში ჩავიძირე: ვფიქრობ, ყველას შეუძლია თავისი შეხედულების მიხედვით მოიქცეს. ესე ინტუიტიური მეთოდი უნდა იყოს. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი მშვენიერი ფორმით აკეთებს ამას ქრისტე. მსურს ქრისტეს მივბაძო. შინაგანი მოუსვენრობა მიპყრობს. რა შეიძლება მოხდეს? შესამჩნევი შრიალი და ბზუილი ისმის - თითქოს ჩიტების გუნდივით, რომლებით ხმაურით იქნევენ ფრთებს, ხმაური ავსებს სივრცეს და ჩრდილებივით ვხედავ მრავალი ადამიანის სახეს, რომლებიც წინ ჩამივლიან და მრავალი ხმით თქმული სიტყვა მესმის: „მოგვალოცინეთ ტაძრები.’
„საით მიიჩქარით?“, ვიძახი მე. ერთი წვეროსანი კაცი, გაჩეჩილი თმებითა და მუქი მანათობელი თვალებით გაჩერდა და მომმართა: „იერუსალიმისკენ მივეხეტებით, რათა ყოვლადწმინდა საფლავი მოვილოცოთ.“
„მეც გამიყოლეთ.“
„შენ ვერ წამოხვალ, რადგან ხორციელი ხარ. ჩვენ კი მიცვალებულები ვართ.“
„ვინ ხარ?“
„ჩემი სახელია ეზეკიელი და ანაბაპტისტი ვარ.“
„ ვინ არიან ისინი, ვისთან ერთადაც ხეტიალობ?“
„ესენი ჩემი სულიერი ძმებია.“
„რატომ ხეტიალობთ?“
„გაჩერება არ შეგვიძლია, ყოველი წმინდა ადგილი უნდა მოვილოცოთ.“
„რა გიბიძგებთ ამისკენ?“
„არ ვიცი. ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ ვისვენებთ მიუხედავად იმისა, რომ მართალი რწმენით მივიცვალეთ.“
„რატომ ვერ ისვენებთ, თუ მართალი რწმენით მიიცვალეთ?“
„ყოველთვის მეჩვენება, რომ ცხოვრება არასწორად დავასრულეთ.“
„საინტერესოა. მაინც როგორ?“
„მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა, რითიც უნდა გვეცხოვრა.“
„და რა უნდა ყოფილიყო ეს?“
„გინდა რომ იცოდე?“
ამ სიტყვებით იგი მწყურვალედ და საზარლად მიახლოვდება, მისი თვალები თითქოს შინაგან სიმხურვალეს აფრქვევენ.
„გათავისუფლდი, დემონო, შენში ცხოველს არ უცხოვრია.“
მზარეული ჩემს წინ შეშინებული სახით დგას, მკლავში ჩამავლო და მაგრად მიჭერს: „ღვთის გულისათვის“, იძახის იგი, „რა დაგემართათ? ცუდად გრძნობთ თავს?“
გაოგნებული ვუყურებ და ვიაზრებ თუ სად ვარ. მაგრამ ამ დროს უცხო ადამიანები შემოცვივდნენ - ბატონი ბიბლიოთეკარიც მათ შორის - ჯერ უსაზღვროდ გაკვირვებული და შეძრული, მაგრამ შემდეგ ბოროტად იცინის: „ოჰ, ასეც ვიფიქრე! ჩქარა, პოლიცია!“
სანამ აზრზე მოსვლა მოვასწარი, ბრბომ მანქანაში შემაგდო. ჩემს თომასს მაგრად ვიჭერ ხელში და შეკითხვა მიჩნდება: „ამ ახალი სიტუაციისთვის ნეტა რას იტყვის იგი?“ გადავშალე წიგნი და მეცამეტე თავს ვხედავ, რომელიც აცხადებს: „სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, ცდუნებებს გვერდს ვერ ავუვლით. არც ერთი ადამიანია ისეთი სრულყოფილი და არც ერთი წმინდანია ისეთი წმინდა, რომ არ ცდუნებულიყო. ჰო, ცდუნებების გარეშე ვერ ვიარსებებთ.“
ბრძენო თომას, ყოველთვის გაქვს შესაფერისი პასუხი! ეს შეშლილმა ანაბაპტისტმა არ იცოდა, თორემ მშვიდად განისვენებდა. მას ციცერონთანაც შეეძლო წაეკითხა: Rerum omnium satietas vitae facit satietatem - satietas vitae tempus maturum mortis affert. (ყველა სურვილის დაკმაყოფილება მოქმედებს ცხოვრებით ძღომაზე - როდესაც ცხოვრებით კმაყოფილებისგან ძღები, სიკვდილის დროა). ამ ცოდნამ ეტყობა სოციუმთან კონფლიქტში ჩამითრია: ჩემგან ორივე მხარეს პოლიციელები სხედან. „აბა“, ვეუბნები მათ, „შეგიძლიათ ისევ გამიშვათ.“ ერთი იცინის: „ჩვენ ეს უკვე გვსმენია.“ მეორე მკაცრად მეუბნება: „დამშვიდდით!“ აშკარად საგიჟეთში მივყავარ. ეს საკმაოდ დიდი საფასურია. მაგრამ ეტყობა ეს გზაც გასავლელია. ეს გზა არც ისე უჩვეულოა, რადგან ათასობით ჩვენმა მოყვასმა გაიარა იგი.
მოვედით - დიდი კარიბჭე, დარბაზი - მეგობრული ხელმძღვანელი - და კიდევ ორი ექიმი. ერთ-ერთი პატარა მსუქანი პროფესორია.
პროფესორი: „რა წიგნი გიჭირავთ?“
მე: „თომას კემპენელი. „მიბაძვა ქრისტესი.“
პროფესორი: „ანუ რელიგიური სიგიჟის ფორმა, სრულიად გასაგებია, რელიგიური პარანოია. ხედავთ, ჩემო ძვირფასო, ქრისტეს მიმდევრობას საგიჟეთში მიჰყავხართ.“
მე: „ეჭვიც არ არის, ბატონო პროფესორო.“
პროფესორი: „ეს კაცი ჭკუაზეა - აშკარად რაიმე სახის მანიაკალური გამწვავება აქვს. ხმები გესმით?“
მე: „თან როგორ! დღეს ანაბაპტისტების მთელი ჯარი ხმაურობდა სამზარეულოში.“
პროფესორი: „რაც უკვე ითქვა. ხმები მოგყვებათ?“
მე: „ოჰ, არა. მე მოვიხმე ისინი.“
პროფესორი: „ისევ ის შემთხვევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰალუცინაციები პირდაპირ იწვევს ხმებს. ეს ავადმყოფობის ისტორიაში ჩაიწერება. ბატონო ექიმო, ახლავე ჩაინიშნავთ?“
მე: „დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბატონო პროფესორო, შევნიშნავ: ეს სულაც არ არის ავადმყოფობა, ეს უფრო ინტუიტიური მეთოდია.“
პროფესორი: „შესანიშნავია, ის ნეოლოგიზმებსაც იყენებს. დიაგნოზი საკმაოდ ნათელია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ და მშვიდად მოიქეცით.“
მე: „მაგრამ, ბატონო პროფესორო, მე სულაც არ ვარ ავად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.“
მე: „ხედავთ, ჩემო ძვირფასო, თქვენ ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ ავადმყოფობას. პროგნოზი თავისთავად ცუდია, გამოსწორება შეზღუდული იქნება.“
ხელმძღვანელი: „შეუძლია პაციენტს წიგნი დაიტოვოს?“
პროფესორი: „კარგი, დაიტოვოს. უვნებელი ლოცვების წიგნი ჩანს.“
ჩემი ტანსაცმელი აღიწერა - შემდეგ აბაზანის დრო დადგა - და ახლა განყოფილებაში წამიყვანეს. დიდ ოთახში შევდივარ, სადაც ლოგინში დამაწვინეს. ჩემს მარცხნივ მეზობელი პაციენტი გაქვავებული სახით წევს, მარჯვენას კი, როგორც ჩანს ტვინი მოცულობასა და წონაში შეუმცირდა. სრული სიჩუმით ვტკბები. სიგიჟის პრობლემა ღრმაა. ღვთაებრივი სიგიჟე - ირაციონალურობის ამაღლებული ფორმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში იჭრება - ვერაფრით შეძლებს თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციას - განა როგორ? რა იქნებოდა, საზოგადოებრივი ფორმა სიგიჟეში რომ ინტეგრირდეს? აქ უკვე სიბნელე იწყება, რომელშიც ვერაფერს გაარჩევ.
მცენარე, რომელიც იზრდება, მარჯვნივ პირდაპირ გამოიტანს ყლორტს, და როდესაც იგი სრულად ჩამოყალიბდება, ზრდის ბუნებრივი მუხტი მის ბოლო კვირტს აღარ გაცდება, არამედ უკან მიედინება, საფუძველში, ტოტის საწყისში, გზას იკვალავს სიბნელესა და ღეროში, პოულობს გასავალს სხვა მიმართულებით, მარცხნივ ახალ ყლორტში. ზრდის ეს ახალი მიმართულება უწინდელისგან სრულიად განსხვავებულია. და მცენარე მაინც ასე იზრდება თანმიმდევრულად, დაძაბულობისა და წონასწორობის დარღვევის გარეშე.
მარჯვნივ ჩემი აზრებია, მარცხნივ კი - ჩემი გრძნობები. ჩემი გრძნობების ოთახში შევდივარ, რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო, და გაოცებული ვხედავ განსხვავებას ჩემს ორივე ოთახს შორის. სიცილს ვერ ვახშობ - ტირილის ნაცვლად ბევრი იცინის ხოლმე. მარცხენა ფეხის მაგივრად მარჯვენაზე დავდექი და შინაგანი ტკივილისგან შევცბი. ცივსა და ცხელს შორის სხვაობა მეტისმეტად დიდია. ამ სამყაროს სულს ვტოვებ, რომელმაც ქრისტეს დასასრული მოიაზრა, და გადავდივარ იმ სხვა, მხიარულ-საზარელ სამეფოში, რომელშიც ქრისტეს კვლავ შევიძენ.
„ქრისტეს მიბაძვამ“ თავად მოძღვართან და მის საოცარ სამეფოში მიმიყვანა. არ ვიცი იქ რა მინდა, შემიძლია მხოლოდ მივყვე მოძღვარს, რომელიც ჩემში ამ სხვა სამეფოზე ბატონობს. ამ სამეფოში სხვა კანონები მოქმედებს და არა ჩემი სიბრძნე. „ღვთის წყალობა“, რომელსაც ჩემს სამეფოში პრაქტიკული მოსაზრებებით არასოდეს ვეყრდნობოდი, აქ უმაღლესი მოქმედი კანონია. ღვთის წყალობა ნიშნავს სამშვინველის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელშიც მე ჩემს მოყვასს კრძალვითა და ყოყმანით, მაგრამ იმ უძლიერესი იმედით მივენდობი, რომ ყველაფერი კარგად გამოვა.
მეტს ვერ ვიტყვი იმის შესახებ, რომ უნდა მივაღწიო ამ ან სხვა მიზანს, რომ უნდა გამოვიყენო ესა თუ ის საფუძველი, რადგან ის კარგია, არამედ ხელს ვაფათურებ ბურუსსა და ღამეში. არ ჩანს რაიმე გზა, არ ჩანს რაიმე კანონი, ყველაფერი ერთმანეთში არეულია და შემთხვევითია, საშინლად შემთხვევითი. მაგრამ ერთი კი შემზარავად ნათელია: რომ ეს ჩემს უწინდელ გზას, მის ყოველ გამონათებასა და ხედვას ეწინააღმდეგება, შესაბამისად ეს მცდარია. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარაფერს მივყავარ გზაზე, როგორც ვიმედოვნებდი, არამედ გზიდან მაცდენს.
და შენთვის ცხადი ხდება, რომ უსასრულო, უწესრიგო, მარადიული ქაოსის სისულელეში აღმოჩნდები. შენს წინაშე იშლება ეს, თითქოს ქარიშხლის ფრთები მოაქროლებს, თითქოს ზღვის ტალღების შეჯახება აწვება მას.
ყოველ ადამიანს თავის სამშვინველში აქვს მშვიდი ადგილი, სადაც ყოველივე თავისთავადი და ადვილად ახსნადია, ადგილი, სადაც ცხოვრების დამაბნეველ შესაძლებლობებს გაურბიან, რადგან იქ ყოველივე მარტივი და ნათელია, აქვს გასაგები და შეზღუდული დანიშნულება. სამყაროში ადამიანი ვერაფრის შესახებ იტყვის ისე თავდაჯერებით, როგორც ამაზე: „შენ ხარ სხვა არაფერი თუ არა...“ და ასეც ამბობს იგი.
თუმცა ეს ადგილი სწორი ზედაპირია, ყოველდღიური კედელი, ქაოსის საიდუმლოს ზემოთ კარგად მოვლილი და მოპრიალებული გარსი. თუ ამ ყოველდღიურ გარსს გაარღვევ, შემოიჭრება ქაოსი უძლიერესი ნაკადით. ქაოსი მარტივი არ არის, ის უსასრულოდ რთულია. ის უსახური კი არ არის, არამედ სავსეა ფიგურებით, რომლებიც დამაბნევლად და დიდი ძალით მოქმედებენ.
ეს ფიგურები მიცვალებულებია, არა მხოლოდ შენი მიცვალებულები და ყოველი ხატი, რომელიც გაიარე და შენი ცხოვრების დინებამ უკან მოიტოვა, არამედ საკაცობრიო ისტორიის მიცვალებულთა მასა, წარსულის ლანდთა პროცესია, რომელიც არის ზღვა შენი ცხოვრების წვეთთან შედარებით. შენს მიღმა, შენი თვალების სარკის მიღმა ვხედავ საშიში ჩრდილების, მიცვალებულების შემოტევას, რომლებიც ცარიელი თვალის ორბიტებიდან იყურებიან, კვნესიან და იმედი აქვთ, რომ შენი მეშვეობით შეივსებენ იმას, რაც ყოველ ეპოქაში აკლდათ. შენი უცოდინრობა არაფერს ამტკიცებს. კედელს ყური მიადე, მათი პროცესიის ხმაურს გაიგებ.
ახლა იცი, თუ რატომ მოათავსე უმარტივესი და ყველაზე გასაგები იმ ადგილას, რატომ აქებ ამ ადგილს როგორც ყველაზე უსაფრთხოს: რათა ვერავინ, პირველ რიგში კი შენ, ვერ აღმოაჩინოს იქ საიდუმლო. რადგან ეს არის ადგილი, სადაც დღე და ღამე წვალებით ირევიან ერთმანეთში. რაც კი გამორიცხე, უკუაგდე და შეაჩვენე, ყველაფერი, რაც კარგად არ წაგივიდა ან შეიძლებოდა არ წასულიყო კარგად, გელოდება იმ კედლის მიღმა, რომლის წინაშე მშვიდად ზიხარ.
როდესაც ისტორიის წიგნებს კითხულობ, პოულობ ცნობებს ადამიანებზე, რომლებსაც განსაკუთრებული და გაუგონარი რამ სურდათ, ვინც მგლის ხაფანგში ტყვედ ვარდებოდა, ვისაც უმაღლესი და უღრმესი სურდა, ვინც ბედის მიერ ცოცხალთა სიიდან არ იყო ბოლომდე ამოშლილი. ცოცხალთაგან ცოტამ თუ იცის მათ შესახებ, და ეს მცირედიც არ აფასებს მათ, არამედ უბრალოდ აქნევენ თავებს მათ ცდომილებებზე.
როდესაც მათ აღიზიანებ, ერთ-ერთი მათგანი შენს უკან დგება, რისხვისა და იმედგაცრუებისგან ქშინავს, რადგან მას ყურადღებას არ აქცევ. ის გიტევს უძილო ღამეებით, ზოგჯერ ავადმყოფობით ჩაგავლებს, ზოგჯერ შენი შეხედულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის შენ პატივმოყვარედ და ამპარტავნად გაქცევს, ამძაფრებს შენს წყურვილს იმის გამო, რაც არას გარგებს, ის შენს წარმატებებს უკმაყოფილებაში სპობს. თან დაგყვება, როგორც ბოროტი სული, რომელსაც ვერ უშვებ.
გსმენია თუ არა იმ ბნელების შესახებ, რომლებიც უხილავად დაიარებიან მათ გვერდით, ვინც დღისით ბატონობენ, და შფოთს რომ თესავენ? ვინც სიავეს იგონებენ და ღვთის განდიდებისთვის ყოველგვარ მკრეხელობას კისრულობენ?
მათ გვერდით დააყენე ქრისტე, რომელიც მათში უდიდესი იყო. მხოლოდ მისთვის არ კმაროდა სამყაროს განადგურება, ამრიგად მან საკუთარი თავი გაანადგურა. ამის გამო იყო იგი ყველაზე დიდი, და ამქვეყნიურმა ძალაუფლებამ იგი ვერ მოიხელთა. მე ვსაუბრობ მკვდართა შესახებ, რომლებიც ძალაუფლების მსხვერპლი გახდნენ, განადგურდნენ ძალის და არა საკუთარი თავის მიერ. მათი ჯგრო ავსებს სამშვინველის მხარეს. როდესაც მათ იღებ, ისინი შენ სიგიჟით გავსებენ და ამქვეყნიური მმართველობის წინააღმდეგ აგამხედრებენ. უმაღლესისგან და უღრმესისგან იგონებენ ისინი ყველაზე დიდ ხიფათს. ისინი იყვნენ არა ჩვეულებრივი ბუნების, არამედ როგორც საუკეთესო ხმლის პირები, უმტკიცესი ფოლადისგან დამზადებული. მათ არაფერი აქვთ საერთო ადამიანების უბადრუკ ცხოვრებასთან. ისინი ცხოვრობდნენ სიმაღლეებზე და ჩააღწიეს უმდაბლესამდე. მათ ერთი რამ დაავიწყდათ: ისინი თავიანთი ცხოველური ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ.
ცხოველი არ აღდგება საკუთარი სახეობის წინააღმდეგ. შეხედე ცხოველებს: როგორი მართლები არიან, როგორ ერთგულებენ ჩვეულებებსა და მიწას, რომელიც მათ ატარებს, როგორ დადიან გაკვალულ გზებზე, როგორ მფარველობენ თავიანთ პატარებს, როგორ იკვებებიან და ერთად დადიან წყაროზე. ისინი არ მალავენ ჭარბ საკვებს და არ კლავენ მოძმეს შიმშილით. მათ შორის არავინ არის ისეთი, ვინც თავის ძალაუფლებას მთელს სახეობას მოახვევს თავს. არავინ აზვიადებს რამეს. ცხოველი ცხოვრობს თავისი ჩვეულებით და თავისი სახეობის ცხოვრებას ერთგულობს, არც აღემატება და არც ჩამორჩება მათ.
ვინც თავისი ცხოველით მუდამ არ ცხოვრობს, თავის ძმას მოექცევა როგორც ცხოველს. დამდაბლდი და იცხოვრე შენი ცხოველით, რათა შენს ძმასთან მართალი იყო. ამით გამოიხსნი ყველა მოხეტიალე მიცვალებულს, რომლებსაც ცოცხალთა შთანთქმა სურთ. და რაც არ უნდა აკეთო, არ გადააქციო ეს კანონად, ეს ხომ ძალაუფლების ქედმაღლობაა.
როდესაც დრო დადგება და მიცვალებულებს კარს გაუღებ, საშინელებები შენს ძმებსაც შეეხება, შენი სახის გამომეტყველება ხომ უბედურებას ამცნობს. შემდეგ დაშორდი და განმარტოვდი, რომ ვერავინ მოგცეს რჩევა, თუ მიცვალებულებს შეეჭიდები. საშველად არ იყვირო, როდესაც მიცვალებულები შემოგეხვევიან, თორემ გაგექცევიან ცოცხლები, რომლებიც დღის სინათლისკენ მიმავალი შენი ერთადერთი ხიდია. იცხოვრე დღის ცხოვრებით და არ ისაუბრო საიდუმლოებათა შესახებ, ხოლო ღამე მიცვალებულთა გამოხსნას მიუძღვენი.
მაგრამ ვინც დახმარების მიზნით მიცვალებულებს მოგწყვიტა, ყველაზე ცუდი სამსახური გაგიწია, რადგან შენი სიცოცხლის რტო ღვთაებრივი ხისგან ჩამოტეხა. ასეთი სცოდავს კიდეც იმის აღორძინების წინააღმდეგ, რაც ქმნილია, შემდეგ კი დაქვეითდა და დაიკარგა. „რამეთუ მწყურვალი ქმნილებები ელიან ღვთაებრივ ძეთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება წარმავლობას დაექვემდებარა, არა ნებაყოფლობით, არამედ იმის ნებით, ვინც იგი ამას დაუქვემდებარა, იმ იმედით, რომ ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნისგან ღვთის ძეთა სადიდებლად. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ქმნილება განიცდის ამას და იტანჯება დღემდე.“
ყოველი აღმავალი საფეხური აღადგენს თითო დაღმავალ საფეხურს, ამით მიცვალებულები გათავისუფლდებიან. ახლის ქმნა გაურბის დღის სინათლეს, რადგან იდუმალია მისი ბუნება, ის დღევანდელი დღის განადგურებას ამზადებს, რადგან მის ახალ ქმნილებაში გადასვლას იმედოვნებს. რაღაც ბოროტია ახლის შექმნაზე მიბმული, რომელსაც ხმამაღლა ვერ გამოთქვამ. ცხოველი, რომელიც ახალ სანადირო ობიექტს ეძებს, მოიპარება, ფრუტუნებს და ყნოსავს, ბნელ ბილიკებზე არ სურს მოულოდნელობები.
გაითვალისწინე, რომ სწორედ ეს არის ქმნილების ტანჯვა, რომ საკუთარ თავში ბოროტს ატარებს, სამშვინველის კეთრს, რომელიც მას თანამგზავრებისგან აშორებს. მას შეუძლია თავისი კეთრი სათნოებად წარმოადგინოს, მართლაც შეუძლია ასე გაასაღოს. ამით იგი ქრისტეს მსგავსი და მისი მიმდევარი გახდებოდა. მაგრამ ქრისტე მხოლოდ ერთი იყო, და მას ერთს შეეძლო კანონების დარღვევა. მის გზაზე მყოფისთვის მეტის დარღვევა შეუძლებელია. აღასრულე ის, რაც შენთან მოდის. დაამსხვრიე ქრისტე შენში და ამით საკუთარ თავთან მიხვალ, შენს ცხოველამდე, რომელიც თავის ჯოგში ჩვევების ერთგულია და არ აქვს ნება, ჯოგის კანონებს გადააბიჯოს. კანონის დასარღვევად საკმარისი იქნება, თუ ქრისტეს არ მიბაძავ, რადგან ამით ქრისტიანობისგან ერთი ნაბიჯით უკან დაიხევ და ერთი ნაბიჯით გადააბიჯებ მას. ქრისტემ ხსნა თავისი შეძლებით მოიტანა, ხოლო შენ უძლურებით გამოიხსნები.
დაგითვლია მიცვალებულები, რომლებსაც პატივს მიაგებდა მსხვერპლის შემწირველი? გიკითხავს მათი აზრი, თუ რატომ მოკვდნენ? გაგიცნობიერებია მათი აზრების მშვენიერება, მათი ხედვების სიწმინდე? „გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება.“
ამრიგად მოინანიე, გაიაზრე, თუ რა გაიწირა ქრისტიანობისთვის, შენს წინ დაიდე ეს და თავი აიძულე, რათა მიიღო იგი. რადგან მიცვალებულებს ხსნა სჭირდებათ. გამოუხსნელ მიცვალებულთა გუნდი უფრო გაიზარდა ვიდრე ცოცხალ ქრისტიანთა რაოდენობა, ამის გამო დადგა დრო, რომ მიცვალებულები მივიღოთ.
ნუ მივარდები ქმნილთან მრისხანებითა და განადგურების სურვილით. როგორ ჩაანაცვლებ მას? იცი, რომ ქმნილის განადგურებისას ამ განადგურების ნებას საკუთარი თავისკენ მომართავ? მაგრამ ყოველი, ვინც განადგურებას თავის მიზნად დასახავს, თვითგანადგურებით დაასრულებს. უმჯობესია პატივი სცე ქმნილს, რადგან პატივისცემა არის დალოცვა.
შემდეგ მიმართე მიცვალებულებს, ისმინე მათი ჩივილი და მიიღე ისინი სიყვარულით. ნუ ისაუბრებ მათი სახელით ბრმად. არიან წინასწარმეტყველები, რომლებმაც საკუთარი თავი თვითონ ჩაქოლეს. ჩვენ კი ხსნას ვეძებთ, ამრიგად გვჭირდება კრძალვა ქმნილის წინაშე და მიცვალებულთა მიღება, რომლებიც უხსოვარი დროიდან სივრცეში ფარფატებენ და ღამურებივით ჩვენს ჭერქვეშ ცხოვრობენ. ახალი ძველზე დაფუძნდება და ქმნილის აზრი მრავალგვარი იქნება. შენი სიღარიბე, რომელიც ქმნილებაშია, ამგვარად გადაიქცევა სიმდიდრედ მომავალში.
მიცვალებულებს სურთ შენი ჩამოშორება ქრისტიანობისგან და სიყვარულის წმინდა კანონისგან, ისინი უფალში სიმშვიდეს ვერ პოულობენ, რადგან მათივე აღუსრულებელი საქმეები მიჰყვებათ. ახალი ხსნა ყოველთვის უწინ დაკარგულის ხელახალი შობაა. განა ქრისტემ არ აღადგინა სისხლიანი კაცთშეწირვა, რომელიც ძველ დროში წმინდა რიტუალებიდან გამოირიცხა? განა მან არ აღადგინა ადამიანური მსხვერპლის ჭამა? შენს წმინდა რიტუალში კვლავ შევა ის, რასაც ძველი წესი გამორიცხავდა.
მაგრამ როგორც ქრისტემ ადამიანი მსხვერპლი და მსხვერპლის ჭამა დააბრუნა, ეს მასზე აღსრულდა და არა მის ძმებზე, რადგან ქრისტემ ამაზე სიყვარულის უმაღლესი კანონი დაამყარა, რათა არც ერთი ძმა ამით არ დაზიანდეს, არამედ ყველამ იხაროს აღორძინებით. მსგავსი უფრო ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამჯერად ეს სიყვარულის კანონით აღსრულდა. თუ ქმნილის წინაშე კრძალვა არ გაქვს, სიყვარულის კანონს სპობ. და რა გემართება ასეთ შემთხვევაში? იძულებული გახდები აღადგინო ის, რაც აქამდე იყო, კერძოდ ძალადობა, მკვლელობა, უსამართლობა და შენი ძმის უარყოფა. ადამიანი ადამიანისთვის გაუცხოვდება და გაურკვევლობა გამეფდება.
უნდა გქონდეს კრძალვა ქმნილის მიმართ, რომლითაც სიყვარულის კანონი დაქვეითებულისა და განვლილის აღორძინებით ხსნად იქცევა. ეს არ იქნება მიცვალებულთა უსაზღვრო ძალაუფლებით დაღუპვა. ხოლო მათი სულები, რომლებსაც ჩვენს თანამედროვე არასრულფასოვნებაში სიკვდილისთვის დანებება სურთ, ჩვენი სახლების ბნელ თაღებში იცხოვრებენ და დაჟინებული ჩივილით ყურებს აიკლებენ, სანამ სიყვარულის კანონით ძველს არ აღვადგენთ და ამრიგად მათ არ გამოვიხსნით.
რასაც ცდუნებას ვუწოდებთ, მიცვალებულთა მოთხოვნაა, რომლებიც დროზე ადრე და სრულყოფის გარეშე გავიდნენ, სიკეთისა და კანონის ბრალით. რადგან არავითარი სიკეთე არ არის ისე სრულყოფილი, რომ ვერ შეძლოს იმის დაზიანება, რაც არ უნდა დაზიანდეს.
ჩვენ დაბრმავებული მოდგმა ვართ. მხოლოდ ზედაპირზე, მხოლოდ დღევანდელობაში ვცხოვრობთ და მხოლოდ ხვალინდელზე ვფიქრობთ. წარსულს უხეშად ვექცევით, რომელშიც მიცვალებულებს არ ვიღებთ. მხოლოდ ხილული წარმატებით გვსურს შრომა. გვსურს პირველ რიგში გასამრჯელო მივიღოთ. სასაცილოდ მოგვეჩვენებოდა, დაფარული საქმე რომ აღვასრულოთ, რაც ადამიანებს თვალსაჩინოდ არ გამოადგება. ეჭვგარეშე, ცხოვრების საჭიროებამ გვაიძულა, ხელმისაწვდომი ნაყოფი რომ ვისურვოთ. მაგრამ ვინ იტანჯება უფრო მეტად მიცვალებულთა მაცდური და დამაბნეველი გავლენით თუ არა ისინი, ვინც დედამიწის ზედაპირიდან სრულად გაქრნენ.
არსებობს აუცილებელი, მაგრამ დაფარული და უცნაური სამუშაო - ერთადერთი სამუშაო, რომელიც ფარულად უნდა აღასრულო გარდაცვლილებისთვის. ვინც თავის მიწასა და ვენახს ვერ აღწევს, ის დაბრკოლებულია მიცვალებულთა მიერ, რომლებიც მისგან გამოსახსნელ სამუშაოს ითხოვენ. და სანამ იგი ამას არ აღასრულებს, თავის გარეგნულ საქმეებს ვერ ახორციელებს, მიცვალებულები ამას არ ანებებენ. ის დუმილით საკუთარ თავში ჩაღრმავდება მათი მოწოდებით და აღასრულებს საიდუმლოს, რომლითაც მიცვალებულები მას გაუშვებენ. დიდხანს წინ ნუ იყურები, არამედ უკან და შენში იყურე, ამით შეძლებ მიცვალებულების მოსმენას.
ეს ქრისტეს გზის ნაწილია, რომელიც მცირე რაოდენობის ცოცხლებთან, მაგრამ გაცილებით უფრო მეტ მიცვალებულთან ერთად ამაღლდა. მისი საქმე იყო უარყოფილთა და დაკარგულთა ხსნა. ამისთვის გაეკრა ჯვარზე ორ ავაზაკს შორის.
ვიტანჯები ორ შეშლილს შორის. როდესაც ქვემოთ ვეშვები, ჭეშმარიტებამდე ავდივარ. მიეჩვიე მიცვალებულებთან ერთად მარტო ყოფნას. ძნელია, მაგრამ ამით შენი ცოცხალი თანამგზავრების ფასს აღმოაჩენ.
რას აკეთებდნენ ძველად თავიანთი მიცვალებულებისთვის! შენ გგონია, რომ შეგიძლია მიცვალებულთათვის საჭირო საქმესა და ზრუნვას გვერდი აუარო. რაც მოკვდა, ის ხომ უკვე წარსულშია. თავს იმართლებ, რომ არ გწამს სამშვინველის უკვდავება. თვლი, რომ მიცვალებულები არ არსებობენ, რადგან უკვდავების შეუძლებლობა დაიჯერე? შენი სიტყვების კერპების გჯერა. მიცვალებულები მოქმედებენ, ეს უკვე საკმარისია. შინაგან სამყაროში გამართლება არ არსებობს იმდენად, რამდენადაც გარესამყაროში ზღვას ვერ გაამართლებ. საბოლოოდ უნდა მიხვდე, თუ რა არის შენი გამართლების მოტივი, კერძოდ დაცვის ძიება.
მე მივიღე ქაოსი. და მომდევნო ღამეს ჩემი სამშვინველი მეწვია მე.