კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

მისტერიუმი. შეხვედრა

ღამით, როდესაც ღმერთის არსზე ვფიქრობდი, ჩემთვის სურათი გაცხადდა: ბნელ სიღრმეში ვიწექი. მოხუცი კაცი იდგა ჩემს წინაშე. ერთ-ერთ ძველ წინასწარმეტყველს ჰგავდა. მის ფეხებთან შავი გველი იწვა. უფრო შორს ვხედავდი სვეტებიან სახლს. კარიდან ლამაზი გოგონა გამოვიდა. ის ვარაუდით დადის და ვხედავ, რომ ის უსინათლო არის. მოხუცი მანიშნებს და გავყევი სახლისკენ, მაღალი კლდის ძირთან.

ჩვენს უკან გველი ხოხავს. სახლში სიბნელე სუფევს. ვართ მაღალ დარბაზში, სადაც კედლები ელავენ. უკან ღია წყლისფერი ქვა დევს. როდესაც მასში არეკლილს ვუყურებ, ევას, ხისა და გველის ხატება წარმომიდგება. იქ ვიხილე მე ოდისევსი და მისი თანამგზავრები ღია ზღვაში. უცებ მარჯვნივ ბაღში იხსნება გამავალი კარი, საიდანაც მზის სინათლე იღვრება. გავდივართ გარეთ და მოხუცი მეუბნება: „იცი სად ხარ?“ 

მე: „აქ უცხო ვარ და ყველაფერი მაოცებს, მაფრთხობს როგორც სიზმარი. ვინ ხარ?“

ე: „ელია ვარ, ეს კი ჩემი ქალიშვილია, სალომეა.“

მე: „ჰეროდეს ქალიშვილი, სისხლისმსმელი დედაკაცი?“

ე: „ასე რატომ განსჯი? შენ ხედავ, რომ ის ბრმაა. ის ჩემი ქალიშვილია, წინასწარმეტყველის ქალიშვილი.“

მე: „რა სასწაულმა შეგაკავშირათ?“

ელია: „არავითარმა სასწაულმა, დასაბამიდანვე ასე იყო. ჩემი სიბრძნე და ჩემი ქალიშვილი ერთია.“

მე: „გაშტერებული ვარ, ვერ ვიაზრებ.“

ელია: „დაფიქრდი: მისი უსინათლობა და ჩემი მხედველობა უხსოვარი დროიდან გვაახლოვებს.“

მე:“მომიტევე ჩემი გაოცება, ქვესკნელში ვარ?“

სალომეა: „გიყვარვარ?“

მე: „როგორ უნდა მიყვარდე? ამას როგორ კითხულობ? მხოლოდ ერთს ვხედავ, შენ ხარ სალომეა, ვეფხვი, წმინდანის სისხლი გაცხია ხელებზე. როგორ უნდა მიყვარდე?“

სალომეა: „შენ მე შემიყვარებ.“

მე: „მე? შენ შეგიყვარებ? ვინ მოგცა ამის გაფიქრების უფლება?“

სალომეა: „მე შენ მიყვარხარ.“

მე: „მომშორდი, მაშინებ, ურჩხულო.“

სალომეა:“უსამართლოდ მექცევი. ელია მამაჩემია, და მან უღრმესი საიდუმლოებები იცის. მისი სახლის კედლები ძვირფასი ქვებისგან არის. მის წყაროში მკურნალი წყალია და მისი თვალი მომავალს ხედავს. და რას გაიღებდი შენ, რათა ცალი თვალით ჩაგეხედა მომავალში? განა არ გიღირს ეს ერთ ცოდვად?“

მე: „შენი ცდუნება ეშმაკეულია. ზედა სამყარო მენატრება. აქაურობა შემზარავია! როგორი დახუთული და მძიმე ჰაერია!“

ელია: „რა გსურს? შენ არჩევანი გაქვს.“

მე: „მაგრამ მე არ ვეკუთვნი მიცვალებულთ. დღის სინათლეზე ვცხოვრობ. რატომ უნდა დავიტანჯო აქ სალომეას გამო, მე ხომ ჩემი ცხოვრებაც მეყოფა?“

ელია: „შენ მოისმინე, რაც სალომეამ თქვა.“

მე: „არ მჯერა, რომ შენ, წინასწარმეტყველი მას შენს ქალიშვილად და თანამგზავრად ცნობ. განა ის ღვარძლისგან არ აღმოცენდა? განა ის არ მედიდურობდა მწყურვალი, დანაშაულის ვნებით აღსავსე?“

ელია: „მაგრამ მას წმინდანი უყვარდა.“

მე: „და უღირსად დაღვარა მისი ძვირფასი სისხლი.“

ელია: „მას უყვარდა წინასწარმეტყველი, რომელმაც სამყაროს ახალი ღმერთი აუწყა. მას ის უყვარდა. გესმის? ის ხომ ჩემი ქალიშვილია.“

მე: “შენ ფიქრობ, რომ იოანეში მას წინასწარმეტყველი, მამა უყვარდა, რადგან შენი ქალიშვილია?“

ელია: „მის სიყვარულში იცნობ მას.“

მე:“მაგრამ როგორ უყვარდა იგი? ამას სიყვარულს ეძახი?“

ელია: „რამე სხვა იყო?“

მე:“მზარავს. როგორ არ უნდა მზარავდეს, როდესაც სალომეას ის უყვარს?“

ელია: „მშიშარა ხარ? გაიაზრე, რომ მე და ჩემი ქალიშვილი უსასრულო დროიდან ერთი ვართ.“

მე: „შენ საზარელ გამოცანას მაძლევ. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს უწმინდური დედაკაცი და შენ, ღმერთის წინასწარმეტყველი, ერთი ყოფილიყავით?“

ელია: „რატომ გიკვირს? ხომ ხედავ, რომ გვერდიგვერდ ვართ.“

მე: „რასაც საკუთარი თვალით ვხედავ, სწორედ ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. შენ, ელია, ვინც წინასწარმეტყველი, ღმერთის პირი ხარ, და ის, სისხლს მოწყურებული საშინელება. თქვენ ხომ ურთიერთსაწინააღმდეგო სიმბოლოები ხართ.“

ელია: „ჩვენ ნამდვილები ვართ და არა სიმბოლოები.“

ვხედავ, თუ როგორ შემოეხვევა შავი გველი ხეს და ტოტებში იმალება. ყოველივე ბნელდება და ბუნდოვანი ხდება. ელია წამოდგება, მე მივყვები და მდუმარედ უკან მივდივართ დარბაზის გავლით. ეჭვი მღრღნის მე. ყოველივე ისეთი არარეალურია და თან ნაწილობრივ უკან ვილტვი. დავბრუნდები? სალომეას ვუყვარვარ, მე მიყვარს იგი? ვისმენ ველურ მუსიკას, ტამბურინს, აღტკინებული მთვარიანი ღამე, წმინდანის სისხლიანი გაშტერებული თავი - შიში მიპყრობს. გარეთ გავვარდი. ბნელი ღამეა ჩემს გარშემო. ვინ მოკლა გმირი? ამიტომ ვუყვარვარ სალომეას? მე ის მიყვარს და ამიტომ მოვკალი გმირი? ის წინასწარმეტყველთან, იოანესთან ერთია და ჩემთანაც ერთობაშია? ვაი, ნუთუ ის ღმერთის ხელია? არ მიყვარს იგი, ვუფრთხი მას. ამ დროს მელაპარაკა სიღრმის სული და მითხრა: „ამაში შეიცნობ მის ღვთაებრივ ძალას.“ სალომეა უნდა მიყვარდეს? 

ეს თამაში, რომელიც მე ვნახე, ჩემი თამაშია და არა თქვენი. ეს ჩემი საიდუმლოა და არა თქვენი. ვერ მომბაძავთ. ჩემი საიდუმლო უბიწოდ რჩება და ჩემი მისტერიები შეურყვნელია, მე მეკუთვნის და თქვენი ვერასოდეს გახდება. თქვენ თქვენი გაქვთ. 

ვინც საკუთარ საიდუმლოში შედის, ის მახლობელს უნდა ეხებოდეს, საკუთარი გზა ქვიდან ქვამდე შეიგრძნოს. მან ფასდაკარგული და ძვირფასი ერთნაირი სიყვარულით უნდა მოიცვას. მთა არის არაფერი, და ქვიშის მარცვალი შეიცავს სამეფოებს და მაინც უმნიშვნელოა. მსჯელობა უნდა ჩამოგცილდეს, თავად გემოვნებაც კი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მოგშორდეს სიამაყე მაშინაც კი, როდესაც ის დამსახურებაზე დგას. უნდა გახვიდე კარიბჭით სრულიად ღარიბი, ღატაკი, თვინიერი და უვიცი.  შენი მრისხანება საკუთარი თავის წინააღმდეგ მომართე, რადგან მხოლოდ შენ უშლი ხელს საკუთარ თავს რომ ხედავდე და ცხოვრობდე. მისტერიათა თამაში ჰაერივით ფაქიზია. და მსუბუქი კვამლი, შენ კი უხეში მატერია ხარ, რომელიც შემაწუხებლად მძიმე ხარ. 

მაგრამ დაე შენი იმედი, რომელიც შენი უმაღლესი სიკეთე და უმაღლესი შეძლებაა, წინ წარგიძღვეს და შენ, როგორც წინამძღოლი ბნელ სამყაროში გემსახურებოდეს, რადგან ის იგივე შემადგენლობის არის, რისგანაც იმქვეყნიური ფორმები შედგებიან.

მისტერიათა თამაშის სცენა არის ვულკანის კრატერივით ღრმა. ჩემი შინაგანი სიღრმე არის ვულკანი, რომელიც უფორმობის ცეცხლოვან თხევად მასას, რაღაც განურჩეველს ამოაფრქვევს. ასე იბადებიან ჩემს შიგნით ქაოსის, უძველესი დედის შვილები. ვინც კრატერში ჩადის, თავად დნება ქაოტურ მასად. ფორმის მქონე განქარდება და კვლავ უერთდება ქაოსის შვილებს, ბნელეთის ძალებს, ძლევამოსილსა და ჩამთრევს, იძულებითსა და დაუძლეველს, ღვთაებრივსა და ეშმაკეულს. ეს ძალები ყველა მხარეს გაცდებიან იმას, რაც მე განსაზღვრული და შეზღუდული მეგონა და მაკავშირებენ ყველა ფორმასა და შორეულ არსებებთან და საგნებთან, ამით ჩემში ცხადდება მათი ყოფიერება და ბუნება. 

რადგან მე ქაოსის წყაროში, დაუსაბამოში ჩავვარდი, თავად მე თვითონ დუღაბით შევკავშირდები დაუსაბამოსთან, რომელიც ერთსა და იმავე დროს წარსულში იყო და მომავალში იქნება. თავდაპირველად შევდივარ დაუსაბამოში, რომელიც ჩემშია. ამგვარად კი, რადგან სამყაროსა და მისი წყობის ნაწილი ვარ, ზოგადად სამყაროს დაუსაბამოში შევდივარ. მე როგორც ფორმის მქონე და განსაზღვრული ჩავერთე ცხოვრებაში, მაგრამ ჩავერთე მხოლოდ ჩემი ჩამოყალიბებული და განსაზღვრული ცნობიერებით და სამყაროს ფორმის მქონე, განსაზღვრულ ნაწილში, და არა სამყაროს უფორმო და განუსაზღვრელ ნაწილში, რომელიც ასევე მომეცა. მაგრამ ეს მიეცა მხოლოდ ჩემს სიღრმეს და არა ჩემს ზედაპირს, რომელიც ფორმირებული და განსაზღვრული ცნობიერებაა. 

ჩემი სიღრმის სიძლიერე არის წინასწარი განჩინება და სიამოვნება. წინასწარი განჩინება ან წინასწარ ნაფიქრი არის პრომეთე, ვინც განსაზღვრული აზრების გარეშე ქაოტურს ფორმასა და განსაზღვრებას აძლევს, ვინც არხებს თხრის და აკავებს საგანს, სანამ სიამოვნება მოვა. წინასწარ ხედვა ფიქრებამდე მოდის. ხოლო სიამოვნება არის ძალა, რომელიც ქმნის და ანადგურებს ისე, რომ თავად მას არც ფორმა და არც განსაზღვრება გააჩნია. მას უყვარს ფორმა, რომელსაც იგი საკუთარ თავში მოიცავს და ანადგურებს იმ ფორმას, რომელსაც იგი ვერ იღებს. წინასწარი ხედვა არის წინასწარმეტყველი, ხოლო სიამოვნება არის ბრმა. ის წინ ვერ ხედავს, არამედ სწყურია ის, რასაც ეხება. წინასწარ ფიქრი თავისთავად უძლურია და არ არის მამოძრავებელი. სიამოვნება კი ძალაა და შესაბამისად მამოძრავებელიც. წინასწარ ხედვას სჭირდება სიამოვნება, რათა ხორცი შეისხას. სიამოვნებას სჭირდება წინასწარი ხედვა, რათა მიიღოს ფორმა, რომელიც მას სჭირდება. 

სიამოვნებას რომ აკლდეს ფორმა, ის გაითქვიფებოდა მრავალფეროვნებაში და უსასრულო დანაწევრებით დაიშლებოდა და დაუძლურდებოდა, უსასრულობაში დაიკარგებოდა. როდესაც ფორმა სიამოვნებას ვერ მოიცავს და აგროვებს საკუთარ თავში, ის ვერ ამაღლდება, რადგან ის წყალივით ზემოდან ქვემოთ ჩაედინება. ყოველი სიამოვნება, საკუთარ თავს მიბარებული, ჩაედინება ღრმა ზღვაში და ჩერდება უსასრულო სივრცეში განფენისას უძრავ სიკვდილში. სიამონება წინასწარ ხედვაზე უფრო ძველი არ არის, და წინასწარი ხედვა არ არის სიამოვნებაზე უფრო ძველი. ორივე ერთი ხნის არის და ორივე ბუნებით ერთნი. მხოლოდ ადამიანში ცხადდება ორივე პრინციპის განცალკევება.

ელიასა და სალომეას გარდა ვპოულობ გველს როგორც მესამე პრინციპს. ის არის უცხო ამ ორ პრინციპს შორის, თუმცა ორივესთან დაკავშირებულია. გველმა მასწავლა აუცილებელი არსობრივი სხვაობა ორივე პრინციპს შორის ჩემში. როცა წინასწარი ხედვით სიამოვნებისკენ ვიყურები, უპირველეს ყოვლისა შემზარავ შხამიან გველს ვხედავ. როდესაც სიამოვნებიდან წინასწარ ხედვამდე შევიგრძნობ, პირველ რიგში ცივ საზარელ გველს ვგრძნობ. გველი არის ადამიანის მიწიერი ბუნება, რომელსაც იგი ვერ იაზრებს. მისი ხასიათი იცვლება ქვეყნისა და ხალხის მიხედვით, რადგან ის არის საიდუმლო, რომელიც მასში მკვებავი დედა-მიწისგან იღვრება.

მიწიერი (numen loci) აცალკევებს წინასწარ ხედვასა და სიამოვნებას ადამიანში, მაგრამ არა თავისთავად. გველს მიწის სიმძიმე აქვს თავისთავად, ასევე მისი ცვალებადობა და ზრდის უნარი, რომლისგანაც ყოველივე წარმოიქმნება. ყოველთვის არის გველი, რომელიც ზემოქმედებს, რომ ადამიანი მალე დაექვემდებაროს სხვა პრინციპს ისე, რომ შეცდეს. შეუძლებელია ცხოვრება მხოლოდ წინასწარი ხედვით ან მხოლოდ სიამოვნებით. ორივე გჭირდება. მაგრამ შენ არ შეგიძლია ერთდროულად წინასწარ ხედვაში და სიამოვნებაში ყოფნა, შენ მონაცვლეობით ხარ წინასწარ ხედვასა და სიამოვნებაში, შესაბამისი კანონებისადმი მორჩილებით, ასე ვთქვათ სხვათა მიმართ ერთგულების გარეშე. მაგრამ ადამიანები მხოლოდ ერთს ან მხოლოდ მეორეს ირჩევენ. ზოგს უყვარს ფიქრი, მასზე აფუძნებენ ცხოვრების ხელოვნებას. ისინი ავითარებენ თავიანთ ფიქრსა და წინდახედულობას, ასე კარგავენ თავიანთ სიამოვნებას. ამიტომ არიან ისინი ბებრები და აქვთ მკაცრი სახე. სხვებს უყვართ სიამოვნება, სწავლობენ მის შეგრძნებასა და განცდას. ასე კარგავენ ისინი ფიქრს. ამიტომ არიან ისინი ახალგაზრდები და ბრმები. მოაზროვნე სამყაროს ნააზრევზე აფუძნებს, შემგრძნები კი - იმაზე, რაც იგრძნო. შენ იპოვი ჭეშმარიტებასა და ცდომილებას ორივეში.

ცხოვრების გზა გველივით იკლაკნება მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ, აზროვნებიდან სიამოვნებამდე და სიამოვნებიდან აზროვნებამდე. ამგვარად არის გველი მოწინააღმდეგე და მტრობის სიმბოლო, ამავე დროს სიბრძნის ხიდი, რომელიც მარჯვენასა და მარცხენას ლტოლვით აერთანებს, როგორც ეს ჩვენს ცხოვრებას სჭირდება.

ადგილი, სადაც ელია და სალომეა ერთად ცხოვრობენ, არის ბნელი და ნათელი სივრცე. ბნელი სივრცე არის წინასწარი ხედვის სივრცე. ის ბნელია, ამიტომ სჭირდება ხედვა მას, ვინც იქ ცხოვრობს. ეს სივრცე შეზღუდულია, ამიტომ მიუყვება წინასწარი ხედვა არა წარსულისა და მომავლის სიშორეში, არამედ მათ სიღრმეში. კრისტალი არის ფორმის მქონე აზრი, რომელიც გარდასულში მომავალს აირეკლავს.

ევა და გველი მიჩვენებენ, რომ ჩემი შემდეგი გზა სიამოვნებისკენ უნდა მიდიოდეს და შემდეგ ისევ ცდომილი გზით, ოდისევსის მსგავსად. ის ცდომილებაში მგზავრობდა მას შემდეგ, რაც ტროა ცბიერებით აიღო. ნათელი ბაღი არის სიამოვნების სივრცე. ვინც იქ ცხოვრობს, ხედვა არ სჭირდება. ის გრძნობს უსასრულობას. მოაზროვნე, რომელიც თავის წინასწარ ხედვაში ჩაღრმავდება, თავის შემდეგ გზას სალომეას ბაღში პოულობს. ამიტომ ეშინია მოაზროვნეს თავისი წინასწარი ხედვის, თუმცა წინასწარი ხედვა უკვე მისი ცხოვრების საფუძველია. ხილული ზედაპირი უფრო უსაფრთხოა ვიდრე იატაკქვეშეთი. აზროვნება იცავს ცდომილი გზისგან, ამიტომ მივყავართ მას გაქვავებისკენ. 

მოაზროვნე უფრთხის სალომეას, რადგან ქალს მისი თავი სურს, განსაკუთრებით როდესაც ის წმინდანია. მოაზროვნე ვერ იქნება წმინდანი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დაკარგავს. არ შველის საკუთარ აზრებში დამალვა. იქ გაქვავდები. უნდა მიბრუნდე დედობრივ წინასწარ ხედვაში, რათა განახლება გამოიყოლო. წინასწარ ხედვას კი მიჰყავხარ სალომეასთან. 

რადგან მოაზროვნე ვიყავი და სიამოვნების მტრული პრინციპი წინასწარ ხედვიდან განვჭვრიტე, წარმომიდგა იგი როგორც სალომეა. მე რომ შემგრძნები ვყოფილიყავი და შევხებოდი ჩემი წინასწარი ხედვით, წარმომიდგებოდა იგი როგორც გველის მსგავსი დემონი, საერთოდ რომ დამენახა იგი. მაგრამ მაშინ ვიქნებოდი ბრმა. ვიგრძნობდი მხოლოდ სლიპინას, მკვდარს, საშიშს, სავარაუდოდ გადალახულს, უგერგილოსა და მტკნარს, და მე იგივე ჟრუანტელით უკუვიქცეოდი, რომლითაც სალომეასგან დავიხიე უკან.

მოაზროვნის სიამოვნებანი უბადრუკია, ამიტომ ვერ იღებს იგი სიამოვნებას. შემგრძნების აზრები უბადრუკია, რადგან არავითარი აზრები მას არ გააჩნია. ვინც უფრო მეტად ფიქრობს ვიდრე გრძნობს, ის თავის შეგრძნებებს სიბნელეში კლავს. ის არ მწიფდება, არამედ ლპობისგან გაუშვებს სნეულ ყლორტებს, რომლებიც სინათლემდე ვერ აღწევენ. ვინც უფრო მეტად გრძნობს ვიდრე აზროვნებს, ის თავის აზრს სიბნელეში ტოვებს, სადაც ის ბინძურ კუნჭულში თავის ქსელს ქსოვს, ცარიელ ქსელს, რომელშიც კოღოები და ღამის პეპლები ებმებიან. მოაზროვნე ზიზღს გრძნობს გრძნობების მიმართ, რადგან გრძნობები მასში საზიზღარია. შემგრძნები ზიზღს გრძნობს აზრების მიმართ, რადგან აზრები მასში ძირითადად საზიზღარია. ამგვარად გველი წევს მოაზროვნესა და შემგრძნებს შორის. ისინი ერთმანეთისთვის არიან შხამიც და კურნებაც. 

ბაღში ჩემთვის უნდა გაცხადებულიყო, რომ მე მიყვარს სალომეა. ამ შემეცნებამ გამაოგნა, რადგან არ მიფიქრია ამაზე. რასაც მოაზროვნე არ ფიქრობს, აქედან გამომდინარე მას სჯერა, რომ არ არსებობს და რასაც შემგრძნები არ გრძნობს, აქედან გამომდინარე მას სჯერა, რომ ეს არ არსებობს. მთლიანობას აღიქვამ, როდესაც შენს საპირისპირო პრინციპს მოიცავ, რადგან მთლიანი ეფუძნება ორ პრინციპს, რომლებიც ერთი ფესვიდან ამოიზრდებიან. 

ელიამ თქვა: „მისი სიყვარული უნდა გაიაზრო... არა მხოლოდ შენით განიწმინდება ობიექტი, არამედ შენც განიწმინდები ობიექტით. სალომეას უყვარდა წინასწარმეტყველი, ამით განიწმინდებოდა იგი. წინასწარმეტყველს უყვარდა ღმერთი, ამით განიწმინდებოდა იგი. მაგრამ სალომეას ღმერთი არ უყვარდა, და ეს მას უწმინდურად აქცევდა. წინასწარმეტყველს კი არ უყვარდა სალომე, და ეს მას უწმინდურად აქცევდა. ამგვარად იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის შხამი და სიკვდილი. დაე მოაზროვნემ მიიღოს თავისი სიამოვნება, და შემგრძებმა მიიღოს თავისი აზრები. ასე იპოვიან ისინი გზას.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff