გმირის მკვლელობა
შემდეგ ღამეს მქონდა ხილვა: ვიღაც ახალგაზრდასთან ერთად ვიყავი მაღალ მთაზე. ეს იყო განთიადამდე, ცა აღმოსავლეთისკენ უკვე ნათდებოდა. ამ დროს მთაზე გაისმა ზიგფრიდის საყვირის ხალისიანი ხმა. ვიცოდით, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი მოდის. შეიარაღებულები და ჩასაფრებულები ვიყავით ვიწრო კლდის ბილიკთან, რათა იგი მოგვეკლა. მაღლა მთაზე დავინახეთ, რომ ის მოდიოდა მკვდრების ძვლებისგან აწყობილი ეტლით. ის მოდიოდა ციცაბო კლდეზე თამამად და დიდებულად და მოადგა იმ ვიწრო ბილიკს, რომელთანაც ჩვენ დამალულები ვიცდიდით. როდესაც ჩვენს წინ კუთხეში მოუხვია, მაშინვე ცეცხლი გავხსენით და ის მკვდარი დაეცა. გავიქეცი და ატყდა საშინელი წვიმა. შემდეგ გავიარე ტანჯვა, ლამის მოვკვდი და ვიგრძენი აშკარად, რომ თავი უნდა მომეკლა, თუ გმირის მკვლელობის გამოცანას ვერ ამოვხსნიდი.
ამ დროს მოვიდა სიღრმის სული ჩემთან და მითხრა ასეთი სიტყვა: „უმაღლესი ჭეშმარიტება არის ერთადერთი და ისეთივე, როგორიც უაზრობა.“ ამ სიტყვამ მიხსნა მე, და როგორც წვიმამ ხანგრძლივი სიცხის შემდეგ, ჩარეცხა ჩემში ყველაფერი, რაც ზედმეტად დაძაბული იყო.
მქონდა მეორე ხილვაც: დიდებული ბაღი ვიხილე, იქ დაიარებოდნენ თეთრი აბრეშუმით გამოწყობილი სახეები, ყოველი მათგანი ფერადი ნათებით შემოსილი, ზოგი მოწითალო, ზოგი მოლურჯო, ზოგიც მომწვანო ფერის.
ვიცი, რომ სიღრმეებზე ვდგამ ნაბიჯებს. ბრალის გამო ხელმეორედ დავიბადე.
ჩვენ ვცხოვრობთ ასევე ჩვენს სიზმრებში, მხოლოდ დღისით არ ვცხოვრობთ. აქამდე ჩვენს უდიდეს ქმედებებს ჩვენს სიზმრებში ვსრულყოფთ.
იმ ღამეს ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან ჩემი უფალი და ღმერთი უნდა მომეკლა, არა ღია ორთაბრძოლაში; რადგან რომელ მოკვდავს სურს ღმერთის მოკვლა ორთაბრძოლაში? ღმერთის მოკვლა მხოლოდ მიპარვით არის შესაძლებელი, როდესაც მისი დაძლევა გსურს.
ეს კი მოკვდავი ადამიანისთვის ყველაზე მწარეა: ჩვენს ღმერთებს სურთ რომ დაძლეულნი იყვნენ, რადგან მათ განახლება სჭირდებათ. როდესაც ადამიანები თავიანთ მთავრებს კლავენ, ასე იქცევიან, რადგან მათ თავიანთი ღმერთების მოკვლა არ შეუძლიათ, რადგან მათ არ იციან, რომ ღმერთები საკუთარ თავში უნდა მოკლან.
როდესაც ღმერთი ბერდება, ჩრდილად იქცევა, უაზრობად და ეცემა. უდიდესი ჭეშმარიტება იქცევა უდიდეს სიცრუედ, ყველაზე ნათელი დღე - ყველაზე ბნელ ღამედ.
როგორც დღეს სჭირდება ღამე და ღამეს - დღე, ასევე სჭირდება აზრს უაზრობა და უაზრობას - აზრი.
დღე თავისთავად არ არსებობს, ღამე თავისთავად არ არსებობს.
სინამდვილე, რომელიც თავისთავად არსებობს, არის დღე და ღამე.
სინამდვილე არის ამგვარად აზრი და უაზრობა.
დღე არის წამი, შუაღამე არის წამი, დილა მოდის ღამიდან, საღამო გადადის ღამეში, მაგრამ საღამო მოდის დღიდან და დილა გადადის დღეში.
ამგვარად აზრი არის წამი და გადასვლა უაზრობიდან უაზრობამდე, და უაზრობა არის წამი და გადასვლა აზრიდან აზრამდე.
აჰ, ეს ზიგფრიდი, ქერა ლურჯთვალება, გერმანელი გმირი, ჩემი ხელით უნდა დაცემულიყო, უერთგულესი და უმამაცესი! მასში იყო ყველაფერი, რასაც მე როგორც უდიდესს და უმშვენიერესს ვაფასებდი, ის იყო ჩემი ძალა, ჩემი გამბედავობა, ჩემი სიამაყე. იმავე ბრძოლაში მე დავეცემოდი, ამიტომ მრჩებოდა მხოლოდ მიპარვით მოკვლა. თუ სიცოცხლის გაგრძელება მსურდა, ეს უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ ეშმაკობითა და სიცრუით.
ნუ განმსჯით! იფიქრეთ გერმანიის ტყეების ქერა ველურებზე, რომლებსაც უროშემართული ქუხილისთვის უნდა ეღალატათ ფერმკრთალი აზიური ღმერთის გამო, რომელიც ხეზე ქათამივით მიაჭედეს. მამაცებზე მაღლა დადგნენ საკუთარი თავის დამცირებით. მაგრამ სასიცოცხლო ძალა მათ ცხოვრების გაგრძელებას სთხოვდა და მათ უკუაგდეს თავიანთი მშვენიერი ველური ღმერთები, თავიანთი წმინდა ხეები და მოწიწება გერმანიის ტყეებისადმი.
რას ნიშნავს ზიგფრიდი გერმანელებისთვის! რა ითქმის იმით, რომ გერმანელისთვის ზიგფრიდი კვდება! ამის გამო ვარჩიე ჩემი თავი მომეკლა, რათა მას ეცოცხლა. მაგრამ მე ახალ ღმერთთან ერთად ცხოვრების გაგრძელება მსურდა.
ჯვარზე სიკვდილის შემდეგ ქრისტე ქვესკნელში ჩავიდა და ჯოჯოხეთად გადაიქცა. ასე მიიღო მან ანტიქრისტეს, გველეშაპის სახე. ანტიქრისტეს ხატება, რომელიც ძველი დროიდან გადმოგვეცა, გვაუწყებს ახალი ღმერთის შესახებ, რომლის მოსვლა ძველად წინასწარ განჭვრიტეს.
ღმერთები არიან გარდაუვალნი. რაც უფრო მეტად გაურბიხარ ღმერთს, მით უფრო ეჭვგარეშე აღმოჩნდები მის ხელში.
წვიმა არის ცრემლების დიდი ნიაღვარი, რომელიც ხალხებზე გადმოვა, განმუხტვის ცრემლთა ნიაღვარი მას შემდეგ, რაც სიკვდილის შეკუმშვა ადამიანებს საშინელ ტვირთად დააწვათ. ეს არის მიცვალებულის დატირება ჩემში, რომელიც საფლავში ყოფნასა და აღორძინებას უსწრებს წინ. წვიმა არის მიწის განაყოფიერება, ის შობს ახალ მარცვალს, ნორჩ, ამომავალ ღმერთს.