კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

ღმერთის ჩასახვა

მეორე ღამეს შემდეგ ვესაუბრე ჩემს სამშვინველს და ვუთხარი: „სუსტი და ხელოვნური მეჩვენება ეს ახალი სამყარო. ხელოვნურია ცუდი სიტყვა, მაგრამ მდოგის მარცვალი, რომელიც ხედ იზრდება, სიტყვა, რომელიც ქალწულის წიაღში ჩაისახა, იქცა ღმერთად, რომელსაც დედამიწა ემორჩილებოდა.“

როდესაც ასე ვამბობდი, უცებ მოვიდა სიღრმის სული, ამავსო თრობითა და ბურუსით და ძლიერი ხმით ეს სიტყვები მითხრა: „მე შენი ჩანასახი მივიღე, შენ რომელი მოხვალ. 

მე ის უღრმესი საჭიროებითა და მორჩილებით მივიღე.

მე ის გაცვეთილ ნაჭრებში შევახვიე და ღარიბ სიტყვებზე დავაწვინე. 

დაცინვით ეთაყვანებოდნენ მას, შენს ბავშვს, შენს საკვირველ ბავშვს, იმის ბავშვს ვინც მოდის, მან უნდა გვაუწყოს მამის შესახებ, ნაყოფი, რომელიც უფრო ძველია ვიდრე ხე, რომელზეც ის იზრდებოდა.

ტკივილით იღებ მუცლად და სიხარულია შენი მშობიარობა.

შიშია შენი მაცნე, ეჭვი დგას შენს მარჯვენასთან, ხოლო იმედგაცრუება - მარცხენასთან. 

ჩვენ ჩავიარეთ ჩვენი სასაცილო და უგრძნობი ყოფით, როდესაც შენ დაგინახეთ.

ჩვენი თვალები ბრმავდებოდა და ჩვენი ცოდნა მუნჯდებოდა, როდესაც შენს ბრწყინვალებას ვიჭერდით.

შენ მარადიული ცეცხლის ახალო გაელვებავ, რომელ ღამეს დაიბადე შენ?

შენი მორწმუნეებისგან ნამდვილ ლოცვებს გამოიწვევ, და ისინი შენს პატივს ენით გადმოსცემენ, რომელიც მათთვის საზარელია. 

შენ მათთან მიხვალ მათი სირცხვილის ჟამს, და შენ მათთვის ცხადი გახდები იმაში, რაც მათ სძულთ, რასაც უფრთხიან და რაც მათ აღაშფოთებთ.

შენი ხმა, იშვიათად ტკბილი, გაისმება გულმოკლულთა და განკვეთილთა შორის, როგორც ფასის არმქონე და წყეული. 

შენს სასუფეველს ხელებით შეეხებიან ისინი, რომლებიც უღრმესი მორჩილებით ლოცულობდნენ, და მათივე სწრაფვა მათ ბოროტების ნაკადებში ატარებდა.

შენს ძღვენს უბოძებ მათ, ვინც შენს მიმართ ძრწოლითა და ეჭვით ლოცულობდა, და მათ შენი ნათელი გამოუბრწყინდება, მათი მუხლები იძულებით და აღშფოთებით შენს წინაშე მოიდრიკება.

შენი ცხოვრება არის მასთან, ვინც საკუთარი თავი გადალახა და ვინც უარი თქვა საკუთარი თავის გადალახვაზე.

ასევე ვიცი, რომ მოწყალებით განკურნება მხოლოდ მათ ეძლევა, ვისაც უმაღლესის სწამს და საკუთარ თავს ოცდაათ ვერცხლად ღალატობენ.

შენს დიდ სერობაზე მოწვეულები არიან ისინი, ვინც თავიანთ ხელებს გასვრიან და თავიანთ უკეთეს ცოდნას ცდომილებაში გაცვლიან და თავიანთ სათნოებებს მკვლელთა საფლავებიდან გამოითხოვენ.

შენი დაბადების ვარსკვლავი არის ცდომილებისა და გარდაქმნების ვარსკვლავი.

ო, მომავლის შვილო, ეს არის სასწაულები, რომლებიც დაამოწმებენ, რომ შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ.“

როდესაც ჩემი მთავარი დაემხო, სიღრმის სულმა ჩემი ხილვა გახსნა და ახალი ღმერთის დაბადება მაჩვენა. 

ღვთაებრივი ბავშვი მომიახლოვდა საზარლად ორაზროვანიდან, საზიზღრად მშვენიერიდან, ბოროტი სიკეთიდან, სასაცილო სერიოზულობიდან, სნეული სიჯანსაღიდან, არადამიანური ადამიანობიდან და უღმერთო ღვთაებრივიდან. 

მე მივხვდი, რომ ღმერთი, რომელსაც აბსოლუტში ვეძებთ, აბსოლუტურ მშვენიერებაში, სიკეთეში, სერიოზულობაში, სიმაღლეში, ადამიანურში და ღვთაებრივშიც კი არ მოიპოვება. იქ ღმერთი ოდესღაც იყო.

მე მივხვდი, რომ ახალი ღმერთი ფარდობითობაშია. როდესაც ღმერთი აბსოლუტური მშვენიერება და სიკეთეა, როგორ უნდა მოიცვას მან სიცოცხლის სისავსე, რომელიც მშვენიერი და საზიზღარი, კეთილი და ბოროტი, სასაცილო და სერიოზული, ადამიანური და არაადამიანურია? როგორ შეუძლია ადამიანს ღვთაებრივის მშვენიერებაში იცხოვროს, როდესაც ღვთაება მხოლოდ თავის ნახევარს იღებს?

როდესაც სიკეთისა და მშვენიერებისკენ ავმაღლდებით, ჩვენი ცუდი და საზიზღარი გარეგნულ ტანჯვაშია. მისი ტანჯვა იმდენად დიდია და სიმაღლის ჰაერი იმდენად სუსტია, რომ ადამიანი ძლივს ცოცხლობს. კეთილი და მშვენიერი ყინულივით შეშდება აბსოლუტურ იდეაში, და ცუდი და საზიზღარი გადაიქცევიან შეშლილი ცხოვრებით სავსე, ბინძურ გუბეებად. 

ამის გამო უნდა ჩასულიყო ქრისტე თავისი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში, რადგან ზეცად ამაღლება მისთვის ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ქრისტე ჯერ ანტიქრისტედ, თავის ქვესკნელის ძმად უნდა ქცეულიყო. 

არავინ იცის, თუ რა მოხდა სამი დღის განმავლობაში, როდესაც ქრისტე ჯოჯოხეთში იყო. მე ეს გამოვცადე. ძველი დროის ადამიანები ამბობდნენ, რომ იქ მიცვალებულებს ექადაგათ. ეს მართალია, რასაც ამბობენ, მაგრამ იცით, როგორ მოხდა ეს?

ეს იყო მასხრობა და მაიმუნობა, უწმინდესი მისტერიების საზარელი, ჯოჯოხეთური მასკარადი. სხვანაირად როგორ იხსნიდა ქრისტე თავის ანტიქრისტეს? წაიკითხეთ ძველი უცნობი წიგნები და იქიდან ბევრს ისწავლით. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქრისტე ჯოჯოხეთში არ რჩება, არამედ საიქიოს სიმაღლეებზე ავიდა. 

ჩვენი შეხედულება კეთილისა და მშვენიერის ღირებულებაზე გახდა ძლიერი და ურყევი, ამიტომ შეიძლება სიცოცხლე გაფართოვდეს და აღასრულოს ყოველივე, რაც შეკრულია მოლოდინში. შეკრული და მომლოდინე არის საზიზღარი და ცუდი. ჯერ კიდევ აღშფოთებული ხარ საზიზღარითა და ცუდით? 

ამით შეგიძლია შეიცნო, რამდენად დიდია მათი ძალა და ღირებულება სიცოცხლისთვის. ფიქრობ, რომ ეს შენში მკვდარი უნდა იყოს? ეს მკვდარი შეიძლება გველადაც გადაიქცეს. ეს გველი გაანადგურებს შენს დღევანდელ მთავარს.

დაინახე, რამხელა მშვენიერება და სიხარული დაეუფლათ ადამიანებს, როდესაც ამ დიდი ომის სიღრმემ აიწყვიტა? და მაინც ეს იყო საშინელი დასაწყისი.

თუ სიღრმე არ გვაქვს, სიმაღლე როგორღა გვექნება? მაგრამ თქვენ გეშინიათ სიღრმის და არ გსურთ ამის აღიარება, რომ თქვენ ამის გეშინიათ. მაგრამ ეს კარგია, რომ თქვენ გეშინიათ, ამას ხმამაღლა ამბობთ, რომ გეშინიათ. შიში სიბრძნეს გულისხმობს. მხოლოდ გმირები ამბობენ, რომ მათ არ ეშინიათ. მაგრამ თქვენ იცით გმირებს რაც ემართებათ. 

შიშითა და კანკალით, უნდობლობით რომ იყურებით გარშემო, ასე ჩადით სიღრმეში, მაგრამ არ ქნათ ეს მარტოებმა; ორისთვის ან მეტისთვის უფრო დიდი უსაფრთხოებაა, რადგან სიღრმე მკვლელობით არის სავსე. დააზღვიეთ ასევე თქვენი გზა უკან გამობრუნებისთვის. იარეთ ფრთხილად, თითქოს მხდალები ხართ, ასე დაასწრებთ სამშვინველის მკვლელებს. სიღრმეს სურს თქვენი სრულად შთანთქმა და სიბინძურეში ჩაძირვა.

ვინც ჯოჯოხეთში მოგზაურობს, ჯოჯოხეთად გადაიქცევა თავადაც, ასე რომ არ დაგავიწყდეთ საიდან მოხვედით. სიღრმე ჩვენზე ძლიერია, იყავით ჭკვიანები და არა გმირები, რადგან არაფერია უფრო საშიში, საკუთარ თავთან გმირს თამაშობდე. სიღრმეს სურს დაგაკავოთ, ბევრი არ გამოუშვია უკან, ამიტომ გაურბიან ადამიანები სიღრმეს და ძალადობდნენ მასზე. 

რა მოხდება, თუ ძალადობის შედეგად სიღრმე სიკვდილად გადაიქცევა? მაგრამ სიღრმე სიკვდილად გადაიქცა; ამიტომ იძლევა ის ათასსახოვან სიკვდილს, როდესაც მან გაიღვიძა. ჩვენ არ შეგვიძლია სიკვდილის მოკვლა, რადგან ჩვენ მისგან უკვე მთელი სიცოცხლე ავიღეთ. თუ ჩვენ სიკვდილის გადალახვა გვსურს, ჩვენ ის უნდა გავაცოცხლოთ. 

ამიტომ თქვენს მოგზაურობაში გაიყოლეთ ოქროს თასები სიცოცხლის ტკბილი სასმლით, წითელი ღვინო, და მიეცით ეს სიკვდილის მატერიას, ამით იგი სიცოცხლეს დაიბრუნებს. მკვდარი მატერია შავ გველად გადაიქცევა. არ შეგეშინდეთ, გველი თქვენი დღის მზეს ჩააქრობს, და ღამე დაგფარავთ საოცარი ნათებით.

შეეცადეთ, რომ სიკვდილი გააღვიძოთ. ღრმა ორმოები ამოთხარეთ და ჩაყარეთ იქ სამსხვერპლო, რათა მიცვალებულებამდე მივიდეს. კეთილი გულით შეიგრძენით ბოროტი, ეს არის გზა აღმასვლისკენ. მაგრამ აღმასვლამდე ყოველივე არის ღამე და ჯოჯოხეთი. 

ჯოჯოხეთის არსის შესახებ რას ფიქრობთ? ჯოჯოხეთი არის, როდესაც სიღრმე მოდის თქვენთან ყველაფრით, რაც თქვენ აღარ ან ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ. ჯოჯოხეთია, როდესაც თქვენ ვერ აღწევთ იმას, რისი მიღწევაც შეგეძლოთ. ჯოჯოხეთია, როდესაც ყოველივეს ფიქრობთ, გრძნობთ და აკეთებთ, რის შესახებაც იცით, რომ ეს თქვენ არ გსურთ. ჯოჯოხეთია, როდესაც იცით, რომ თქვენი ვალდებულება თქვენი სურვილიც არის, და რომ ამაზე პასუხისმგებელი ხართ. ჯოჯოხეთია, როდესაც იცით, რომ ყოველივე სერიოზული, რაც კი დაგიგეგმავთ, ასევე სასაცილოც არის, ყოველივე ნატიფი უხეშია, ყოველივე კარგი ასევე ცუდია, ყოველივე მაღალი ასევე დაბალია, და ყოველივე სასიამოვნო სამარცხვინოა.

მაგრამ ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთია, როდესაც გაითავისებთ, რომ ჯოჯოხეთი არის არა ჯოჯოხეთი, არამედ მხიარული ზეცა, არა ზეცა თავისთავად, არამედ ზეცაც და ჯოჯოხეთიც ამ მიმართებაში.

ეს არის ღმერთის ორმაგი მნიშვნელობა, ის იბადება ბნელი ორმაგი მნიშვნელობიდან და ამაღლდება ნათელ ორმაგ მნიშვნელობამდე. ერთმნიშვნელოვანი არის ცალმხრივი და სიკვდილისკენ მიდის. ორმაგი მნიშვნელობა კი არის გზა სიცოცხლისკენ. თუ მარცხენა ფეხი არ მიდის, მაშინ მიდის მარჯვენა, და შენ მიდიხარ; ეს სურს ღმერთს. 

თქვენ ამბობთ: ქრისტე ღმერთი არის ცალსახა, ის არის სიყვარული. განა რა არის უფრო ორსახოვანი ვიდრე სიყვარული? სიყვარული არის სიცოცხლის გზა, თქვენ სიყვარული კი არის ერთი გზა სიცოცხლისკენ, როდესაც მას მარცხენა და მარჯენა გზა აქვს. 

არაფერია უფრო ადვილი, რომ ორმაგი მნიშვნელობა ითამაშო, და არაფერია უფრო რთული, რომ ორმაგი მნიშვნელობით იცხოვრო. ვინც თამაშობს, ის არის ბავშვი, მისი ღმერთი მოხუცია და კვდება. ვინც ცხოვრობს ამით, ის ზრდასრულია, მისი ღმერთი ახალგაზრდაა და წინ მიდის. ვინც თამაშობს, შინაგან სიკვდილს მალავს. ვინც ამით ცხოვრობს, გრძნობს წინსვლასა და უკვდავს. თამაში დაუტოვეთ მოთამაშეებს. დაე დაეცეს ის, რაც უნდა დაეცეს; თუ თქვენ ამას შეაკავებთ, ის თქვენ ჩაგითრევთ. არსებობს ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც მოყვასისთვის არ ზრუნავს. 

როდესაც გაცნობიერდა გმირის მკვლელობა და აზრი უაზრობაში, როდესაც ყოველივე დაძაბული ორსული ღრუბლებიდან ძირს დაეშვა, როდესაც ყოველივე დაძაბუნდა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, მაშინ გავიაზრე ღმერთის დაბადება. ღმერთი ჩაეშვა ჩემს გულში, როდესაც დაბნეული ვიყავი დაცინვითა და პატივისცემით, დარდითა და სიცილით, თანხმობითა და უარყოფით. 

ორის ერთმანეთთან შედნობით წარმოიშვა ერთი. ის დაიბადა როგორც ბავშვი ჩემივე ადამიანური სამშვინველიდან, რომელიც ქალწულმა წინააღმდეგობით იღო მუცლად. ეს შეესაბამება იმ სურათს, რომელიც ძველ იდროიდან მოგვეცა ჩვენ. მაგრამ როდესაც დედა - ჩემი სამშვინველი ორსულად იყო ღმერთზე, არ ვიცოდი ამის შესახებ. ისიც კი მეჩვენებოდა, თითქოს ჩემი სამშვინველი თავად იყო ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის ხორცში ცხოვრობდა. 

ამრიგად ძველი მეტაფორა აღსრულდა: მე ჩემს სამშვინველს მივყევი, რათა მასში ბავშვი მომეკლა. რადგან მე ჩემი ღმერთის ყველაზე დიდი მტერი ვარ. მაგრამ მე შევიცანი, რომ ჩემი მტრობა ღმერთშია გადაწყვეტილი. ის არის დაცინვა და სიძულვილი და მრისხანება, რადგან ესეც სიცოცხლის გზაა. 

უნდა ვთქვა, რომ ღმერთი ვერ შედგებოდა, თუ გმირი არ მოკვდებოდა. გმირი, როგორიც ის ჩვენ გვესმის, ღმერთის მტრად იქცა, რადგან გმირი არის სრულყოფილება. ღმერთებს შურთ ადამიანების სრულყოფილების, რადგან სრულყოფილს ღმერთები არ სჭირდება. მაგრამ რადგან არავინ არის სრულყოფილი, გვჭირდება ღმერთებიც. ღმერთებს უყვართ სრულყოფილება, რადგან ეს სავსე გზაა სიცოცხლისკენ. მაგრამ ღმერთები არ არიან მასთან, ვისაც სურს სრულყოფილი იყოს, რადგან ის ბაძავს სრულქმნილთ.

მიბაძვა იყო სიცოცხლის გზა, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ ჰეროიკული მაგალითი სჭირდებოდა. მაიმუნის მაგალითი არის ცხოვრების გზა მაიმუნისთვის, და ადამიანისთვისაც, სანამ ის მაიმუნობს. ადამიანში მაიმუნის ბუნება ძალზე დიდხანს გრძელდება, მაგრამ მოვა დრო, როდესაც მაიმუნის ბუნების ნაწილი ადამიანს ჩამოშორდება. 

ეს იქნება ხსნის ჟამი, მტრედისა და მარადიული ცეცხლისა და კურნების გადმოსვლის ჟამი. და აღარ იქნება არავითარი გმირი, და არავინ, ვისაც მისი მიბაძვა შეეძლება. რადგან ამ დროისთვის ყოველგვარი მიბაძვა წყეული იქნება. ახალი ღმერთი დასცინის მიბაძვასა და მიმდევრობას. მას არ სჭირდება არავითარი მიმბაძველები და მიმდევრები. ის აღძრავს ადამიანს მისივე პიროვნებით. ღმერთი თავად არის მიმდევარი ადამიანში. ის თავის თავს ბაძავს. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს მარტოობა ჩვენში და საზოგადო ჩვენს გარშემო. ჩვენს გარშემო არის საზოგადო ჩვენს გარემოსთან მიმართებაში, ხოლო მარტოობა ჩვენს თავთან მიმართებაში. ჩვენში არის მარტოობა ჩვენთან მიმართებაში, ხოლო საზოგადო - ჩვენს გარემოსთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მარტონი, როდესაც ჩვენში ვართ, მაგრამ ვართ საზოგადოებაში, როდესაც ვართ ჩვენს გარემოში. მაგრამ როდესაც ჩვენს გარეთ ვიმყოფებით, ვართ მარტონი თავად საზოგადოში. ჩვენი მე გასაჭირშია, როდესაც ჩვენს გარეთ ვართ, და ასე ივსება მისი საჭიროებები საზოგადოთი; ასე ეშლებათ საზოგადო და ცალკეული, მარტომყოფი. როდესაც ჩვენში ვართ, ვისრულებთ მე-ს მოთხოვნილებებს, ჩვენ ვიზრდებით, ასე ვიაზრებთ საზოგადო საჭიროებებს და შეგვიძლია მათი აღსრულება. 

თუ ღმერთს ჩვენს გარეთ დავაყენებთ, ის ჩვენივე პიროვნებისგან გაგვყოფს, რადგან ღმერთი ჩვენზე ძლიერია. ჩვენი მე გასაჭირში ვარდება. მაგრამ როდესაც ღმერთი მე-ში შემოდის, მაშინ მოგვაცილებს იგი ჩვენს გარესამყაროს. ჩვენ შევდივართ ჩვენს მარტოობაში. ასე ხდება ღმერთიც საზოგადო გარემოსთან მიმართებაში, მაგრამ ის იქცევა მარტოდ ჩვენთან მიმართებაში. არავის ჰყავს ჩემი ღმერთი, ჩემს ღმერთს კი ყველა ჰყავს, მათ შორის მეც. ყოველი ცალკეული ადამიანის ღმერთებს ჰყავთ ყველა სხვა ადამიანი, მათ შორის მეც. ის რჩება ერთადერთ ღმერთად მიუხედავად მისი სიმრავლისა. მას უერთდები შენშივე მხოლოდ იმით, რომ საკუთარ მე-ს იაზრებ. შენ მოიაზრები შენი ცხოვრების წინსვლაში. 

გმირი უნდა დაეცეს ჩვენი გამოხსნისთვის, რადგან ის მაგალითია და მიბაძვა სჭირდება. ხოლო მიბაძვის საზომი შესრულებულია. ჩვენ უნდა გამოვიხსნათ მარტოობისთვის ჩვენში და ღმერთისთვის გარესამყაროში. თუ ჩვენ ამ მარტოობაში შევალთ, მაშინ იწყება ღმერთის ცხოვრება. როდესაც ჩვენში ვართ, ჩვენს გარშემო სივრცე თავისუფალია, მაგრამ ღმერთით შევსებული. 

ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ მიმართულია ამ ცარიელი სივრცით, ანუ ღმერთით. ადრე კი ის მიმართული იყო ჩვენი ეგოიზმით, რადგან ჩვენს გარეთ ვიყავით. ამიტომ მიწინასწარმეტყველა სულმა, რომ კოსმიური სიცივე ჩამოწვება მიწაზე. ამით ის ხატოვნად მაჩვენებდა, რომ ღმერთი დადგება კაცთა შორის და ყინულოვანი სიცივის მათრახით ყოველ ადამიანს მათივე სამონასტრო კერის სითბოსკენ გარეკავდა. რადგან ადამიანები გარშემო სულელებივით დადიოდნენ. 

ეგოისტური წყურვილი საკუთარ თავში არსებობს. შენს თავს შენივე წყურვილში აღმოაჩენ, ასე რომ ნუ იტყვი, რომ წყურვილი ამაოა. როდესაც საკუთარი თავი გწყურია, შენთან გადახვეულ ღვთაებრივ ძეს წარმოშობ. შენი წყურვილი მამა ღმერთია, შენი მე - დედა ღმერთი, ძე კი ახალი ღმერთია, შენი უფალი. 

როდესაც საკუთარ მე-ს გადაეხვევი, მაშინ ჩანს შენთვის, თითქოს სამყარო გაცივდა და დაცარიელდა. ამ სიცარიელეში შემოდის მომავალი ღმერთი. როდესაც შენს მარტოობაში ხარ და ყოველი სივრცე შენს გარშემო ცივი და უსასრულო გახდა, მაშინ ადამიანებს დაშორებულხართ, და იმავე დროს მათთან დაახლოვებულხართ ისე როგორც არასდროს. ეგოისტურმა წყურვილმა მხოლოდ მოჩვენებით დაგაახლოვა ადამიანთან, სინამდვილეში კი დაგაშორა მისგან და ბოლოს საკუთარი თავისგან, რაც შენთვის და სხვებისთვისაც ყველაზე შორი იყო. მაგრამ ახლა, თუ შენ მარტოობაში ხარ, შენი ღმერთი სხვის ღმერთთან წაგიძღვება, ნამდვილი სიახლოვისკენ, სხვებში საკუთარი მე-ს სიახლოვისკენ. 

როდესაც საკუთარ თავში ხარ, მაშინ გაიაზრებ საკუთარ უძლურებას. დაინახავ, თუ როგორი უძლური იყავი გმირისთვის მიგებაძა და თავად ყოფილიყავი გმირი. ამგვარად სხვებსაც აღარ აიძულებ, გმირები რომ გახდნენ. მათაც შენსავით უმძიმთ საკუთარი უძლურება. უძლურებასაც სურს სიცოცხლე, მაგრამ ეს თქვენს ღმერთებს დაამხობს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff