სულის დანაწევრება
მეოთხე ღამეს დავიძახე: „ჯოჯოხეთად ჩასვლა ჰქვია, როდესაც თავად ხდები ჯოჯოხეთი.“ ყველაფერი ისე საზარლად არის ჩახვეული და ჩახლართული. ამ უდაბნოს ბილიკზე უბრალოდ გავარვარებული ქვიშა არ არის, არამედ არიან ასევე საშინელი დახვეული უხილავი არსებები, რომლებიც უდაბნოში ბინადრობენ. ეს არ ვიცოდი. გზა მხოლოდ მოჩვენებით არის ხსნილი, უდაბნო მხოლოდ მოჩვენებით ცარიელია. აშკარაა, რომ ის ჯადოსნური არსებებით არის დასახლებული, რომლებიც მოსაკლავად მესხმიან თავს და ჩემს სახეს დემონურად გარდაქმნიან. მე სწორედ მხეცური სახე მივიღე, რომელშიც საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. მეჩვენება, თითქოს მონსტრის მსგავსი ცხოველის ფორმა ვარ, რომელშიც ჩემი ადამიანობა გავცვალე. ეს გზა ჯოჯოხეთური გრძნეულებით არის მოცული, უხილავი ბორკილები დამადეს და შევიბოჭე.
მაგრამ სიღრმის სული მოვიდა ჩემთან და თქვა: „ჩადი შენს სიღრმეში, ჩაიძირე!“
მე კი აღვშფოთდი და ვთქვი: „როგორ შემიძლია ჩავიძირო? უძლური ვარ, რომ ეს ჩემით ვქნა.“
მაშინ მითხრა სულმა სიტყვა, რომელიც სასაცილოდ მომეჩვენა, და მან თქვა: „ჩამოჯექი, დამშვიდდი!“
მაგრამ აღშფოთებულმა დავიძახე: საშინელებაა, უაზროდ ჟღერს, ამასაც ითხოვ ჩემგან? შენ ამხობდი ღმერთებს, რომლებიც ძლევამოსილნი და ჩვენთვის უმაღლესი მნიშვნელობის არიან. ჩემო სამშვინველო, სად ხარ? სულელ მხეცს ვენდე, დახრჩობამდე ვსვამ მთვრალივით, სლოკინით ვროშავ როგორც შეშლილი? ეს შენი გზაა, ჩემო სამშვინველო? სისხლი მიდუღს, დაგახრჩობდი, შენი ჩავლება რომ შემეძლოს. შენ ქსოვ უკუნ ბნელს, მე კი სულელივით შენს ბადეში გავები. მაგრამ მე მსურს, მასწავლე.“
მაგრამ ჩემი სული მესაუბრებოდა და ამბობდა:“ჩემი ბილიკი არის ნათელი.“
მე კი აღშფოთებული ვპასუხობდი: „სინათლედ მოიხსენიებ იმას, რასაც ადამიანები უდიდეს სიბნელეს ვუწოდებთ? ღამეს დღედ მოიხსენიებ?“
ამაზე ჩემმა სამშვინველმა თქვა სიტყვა, რომელმაც ჩემი მრისხანება აღძრა: „ჩემი ნათელი არ არის ამქვეყნიური.“
მე დავიყვირე: „სხვა ქვეყნიერების არაფერი ვიცი.“
სამშვინველმა მიპასუხა: „არ არსებობს, რადგან შენ არ იცი?“ მე: „მაგრამ ჩვენი ცოდნა? ჩვენი ცოდნაც არაფერია შენთვის? მაშ რა უნდა იყოს ის, თუ არა ცოდნა? სად არის დამაჯერებლობა? სად არის მყარი ნიადაგი? სად არის ნათელი? შენი ბნელი ღამესავით უბრალოდ შავი არ არის, არამედ უძიროც. თუ ეს ცოდნა არ არის, მაშინ ალბათ არც ენა და სიტყვებია?“
სამშვინველი: „არც სიტყვებია.“
მე:“მომიტევე, ალბათ ცუდად მესმის, ალბათ არასწორად მესმის შენი, ალბათ საკუთარ თავს ვიტყუებ ცდომილებასა და მაიმუნობაში, სარკეში საკუთარ თავს ვემანჭები, მასხარა ჩემს საკუთარ საგიჟეთში. იქნებ საკუთარი მასხრობა გედება ფეხებში?“
სამშვინველი: „შენ საკუთარ თავს ატყუებ, მე ვერ მომატყუებ. შენი სიტყვები შენთვის არის ტყუილი და არა ჩემთვის.“
მე: „მაგრამ შეიძლებოდა უაზრობაში მეგორავა, უაზრობა შემეკოწიწებინა?“
სამშვინველი: „ვინ გაძლევს აზრებსა და სიტყვას? შენ ქმნი მათ? განა ჩემი მსახური ხარ, მიმღები, რომელიც ჩემს კართან წევს და ჩემს მოწყალებას ელოდება? და შენ ბედავ იფიქრო, რომ ის, რასაც იაზრებ და ამბობ, უაზრობა შეიძლება იყოს? განა არ იცი, რომ ეს ჩემგან მოდის და მე მეკუთვნის?“
რისხვით აღსავსემ შევყვირე: „მაშინ ჩემი აღშფოთებაც შენგან უნდა მოდიოდეს, მაშინ შენ თვითონ აღშფოთდები საკუთარი თავის წინააღმდეგ.“ სამშვინველმა ამაზე ორაზროვანი სიტყვები მომიგო: „ეს სამოქალაქო ომია.“
ტკივილი და მძვინვარება მომაწვა და ვუპასუხე: „როგორ მტკივა, ჩემო სამშვინველო, როდესაც შენგან ცარიელ სიტყვებს ვისმენ:“კომედია და სისულელე - მაგრამ მე კი მსურს. მე შემიძლია ასევე ტალახსა და ამაზრზენ ბანალურობაში ხოხვა. მე შემიძლია მტვერიც ვჭამო, ეს ჯოჯოხეთისგან არის. მე არ ვთმობ, მე ურჩი ვარ. შეგიძლიათ ტანჯვის სახეობები მოიფიქროთ, ობობას საცეცებიანი ურჩხულები, სასაცილო თეატრალური საშინელებანი. მოდით, მზად ვარ. მზად ვარ შენც შეგეჭიდო ჩემო სამშვინველო, რომელიც ეშმაკი ხარ. გაიკეთე ღმერთის ნიღაბი, და მე გეთაყვანებოდი. ახლა კი გაიკეთებ ეშმაკის ნიღაბს, ვაი, რაოდენ შემზარავს, ბანალურობის ნიღაბს, მუდამ შუაში ყოფნის ნიღაბს? მხოლოდ ერთი სურვილი! მომეცი საშუალება წამით უკან დავიხიო და დავფიქრდე! ღირს ამ ნიღაბთან ბრძოლა? ღირდა ღმერთის ნიღბის თაყვანისცემა? მე არ შემიძლია, ჩემს კიდურებში ბრძოლის წყურვილი ვერ ისვენებს. არა, მე ბრძოლის ველს ვერ დავტოვებ როგორც დამარცხებული. მსურს ჩაგავლო, გაგსრისო, მასხარავ, მაიმუნო. ვაი თუ ბრძოლა უთანასწოროა, ჩემი ხელები ჰაერს იჭერენ. მაგრამ შენი დარტყმებით ჰაერია და მე სიცრუეს ვხედავ.“
უდაბნოს ბილიკზე აღმოჩნდი ისევ. ეს იყო უდაბნოს ხილვა, მარტოსულის ხილვა, რომელიც გრძელ გზას გადის. აქ ჩასაფრებულები არიან უხილავი ყაჩაღები და ვერაგი მკვლელები და ისვრიან შხამიან ისრებს. სიკვდილის ისარი გულში მეცემა?
როგორც ეს პირველმა სახემ წინასწარ მითხრა, ვერაგი მკვლელობა სიღრმეებიდან ამოვიდა და მე მომევლინა, როგორც თანამედროვე ხალხთა ბედში ვინმე უსახელო მოვიდა და მთავრის წინააღმდეგ სიკვდილის იარაღი აღმართა.
თავს ვგრძნობდი როგორც ურჩხულად გადაქცეული. ჩემი გული მძვინვარებით იწვოდა ამაღლებულისა და საყვარელის მიმართ, ჩემი მთავრისა და გმირის მიმართ, როგორც ხალხში არსებული უსახელო, რომელმაც მკვლელობის წყურვილით თავისი ძვირფასი მთავარი დაამხო.
რადგან მე მკვლელობას ჩემში ვატარებდი, მას მე წინასწარ ვხედავდი. რადგან ომს ჩემში ვატარებდი, მე მას წინასწარ ვხედავდი. თავს ვგრძნობდი ჩემი მეფისგან გაცურებულად და მოტყუებულად. რატომ ვგრძნობდი თავს ასე? იგი არ იყო ის, რაც მე მინდოდა. ის სხვა რამეს იძლეოდა, ვიდრე მე ველოდი. ის უნდა ყოფილიყო ჩემი გაგებით მეფე, და არა მისი გაგებით. უნდა ყოფილიყო ის, რასაც მე იდეალს ვარქმევდი. ჩემი სამშვინელი მომეჩვენა როგორც ცარიელი, უგემოვნო და არაფრის მთქმელი. მაგრამ რასაც მასზე ვფიქრობდი, სინამდვილეში ჩემი იდეალი იყო.
ეს იყო უდაბნოს ხილვა, მე ჩემს სარკისებურ ანარეკლებს ვებრძოდი. ეს იყო სამოქალაქო ომი ჩემში. მე ვიყავი მკვლელიც და მოკლულიც. სასიკვდილო ისარი მეცა გულში, და არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. ჩემი ფიქრი იყო სიკვდილსა და სიკვდილის შიშზე, რომელიც მთელს სხეულში შხამივით მივლიდა.
და ეს იყო ხალხთა ბედი: ერთის მკვლელობა იყო შხამიანი ისარი, რომელიც კაცთა გულებში იჭრებოდა და ძლევამოსილ ომს იწყებდა. ეს მკვლელობა არის აღშფოთება, როდესაც შეუძლებელია ნების წინააღმდეგ წასლვა, იუდას ღალატი, როდესაც სურთ, რომ ის ვინმემ სხვამ ჩაიდინოს. ჯერ კიდევ ვეძებთ ვაცს, რომელმაც ჩვენი ცოდვები უნდა ზიდოს.
ყოველივე, რაც ძალზე მოძველდა, ბოროტებად იქცევა, ასევეა რაც თქვენში უმაღლესია. ისწავლეთ ჯვარცმული ღმერთის ვნებებისგან, რომ ღმერთის ღალატიც და ჯვარცმაც შესაძლებელია, კერძოდ ძველი ჟამის ღმერთის. როდესაც ღმერთი შეწყვეტს რომ იყოს სიცოცხლის გზა, მაშინ ის ფარულად უნდა დაემხოს.
ღმერთი დასნეულდება, თუ ის ზენიტის სიმაღლეს გადააბიჯებს. ამის გამო დამაკავა სიღრმის სულმა, როდესაც დროის სულმა სიმაღლისკენ წამიყვანა.