კვანძის გახსნა
მესამე ღამეს შემიპყრო ღრმა ლტოლვამ, რათა მისტერიუმის განცდა გამეგრძელებინა. ჩემში დიდი იყო წინააღმდეგობა ეჭვსა და სურვილს შორის. მაგრამ უეცრად დავინახე, რომ ციცაბო კლდოვანი წანაზარდთან გაუდაბურებულ მხარეში ვიდექი. კაშკაშა ნათელი დღეა. ჩემს ზემოთ დიდ სიმაღლეზე წინასწარმეტყველი დავინახე. ხელს გამაფრთხილებლად ამოძრავებდა და გადავიფიქრე მაღლა ასვლა. მე ქვემოთ ვიცდი და ვიყურები ზემოთ. ვუცქერ: მარჯვნივ უკუნი ღამეა, მარცხნივ - ნათელი დღე. კლდე ყოფს ერთმანეთისგან დღესა და ღამეს. ბნელ მხარეს განრთხმულია დიდი შავი გველი, ნათელ მხარეს - თეთრი გველი. თავებს საბრძოლოდ ამოძრავებენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ელია მათ ზემოთ სიმაღლდეზე დგას. გველები ეცემიან ერთმანეთს და იწყება საშინელი ბრძოლა. შავი გველი უფრო ძლიერი ჩანს. თეთრი უკან იხევს. მტვრის დიდი კორიანტელი დგება ბრძოლის ველზე. მე კი ვხედავ: შავი გველი ისევ უკან იხევს. მისი სხეულის წინა ნაწილი თეთრი გახდა. ორივე გველი უკან იხევს და ისინი ქრებიან, ერთი ნათელში, მეორე კი ბნელში.
ელია: „რა იხილე?“
მე: „ორი ძლევამოსილი გველის ბრძოლა ვნახე. მომეჩვენა, რომ შავს თეთრი გველი უნდა დაეძლია, მაგრამ ვიხილე, რომ შავი უკან გაბრუნდა და მისი თავი და სხეულის წინა ნაწილი თეთრი გახდა.“
ელია:“გესმის ეს შენ?“
მე:“ ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვიგებ ამას. იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კეთილი ნათლის ძალა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ბნელი, რომელიც მას ებრძვის, მისგანვე უნდა განათდეს?“
ელია ჩემგან ამაღლდა, ძალზე დიდ სიმაღლეზე; მე მივყვები. მწვერვალზე მივდივართ უზარმაზარი ბლოკებით ნაშენებ ქვის ნაგებობასთან. ეს არის მრგვალი შენობა მწვერვალზე. შიგნით არის დიდი ეზო, და შუაში მოთავსებულია კლდის დიდი ბლოკი, როგორც საკურთხეველი. ამ ქვაზე დგას წინასწარმეტყველი და ამბობს: „ეს არის მზის ტაძარი. ეს სივრცე არის ჭურჭელი, რომელიც მზის სხივებს აგროვებს.“
ელია ჩამოდის ქვიდან, ჩამოსვლისას ის უფრო დაპატარავდა, ჯუჯად იქცა, რომელიც თავად წინასწარმეტყველს არ ჰგავდა.
ვეკითხები: „ვინ ხარ?“
„მე ვარ მიმი, მე შენ წყაროებს გაჩვენებ. შეგროვებული სინათლე წყლად გადაიქცევა და მწვერვალიდან ველებზე მოედინება მრავალ ნაკადად.“ შემდეგ ის ჩაყვინთავს კლდის ნაპრალში. მე მივყვები მას ბნელ გამოქვაბულში. წყაროს ხმა მესმის. ქვემოდან ჯუჯის ხმა მესმის: „აქ არის ჩემი წყაროები, ბრძენი გახდება ის, ვინც აქედან შესვამს.“
მაგრამ მე ვერ ვწვდები ქვემოთ, არ მყოფნის გამბედავობა. ვტოვებ გამოქვაბულს და ეჭვით მივაბიჯებ, ეზოს სივრცეში ბოლთას ვცემ. ყველაფერი უცხოდ და გაუგებრად მეჩვენება. აქ მარტოობაა და სამარისებური სიჩუმე. ჰაერი წმინდაა და გრილი როგორც უმაღლეს მწვერვალებზე, საოცრად ელვარე მზის სინათლე ყველგან, ჩემს გარშემო კი დიდი გალავანი. ქვებზე გველი მოხოხავს. ეს წინასწარმეტყველის გველია. როგორ ამოვიდა ქვესკნელიდან? მივყვები და ვხედავ, თუ როგორ მიხოხავს გალავნისკენ. თავს უცნაურად ვგრძნობ: იქ პატარა სახლი დგას სვეტებიანი დარბაზით, პაწია, კლდეზე მიბჯენილი. გველი უსასრულოდ პატარავდება. ვგრძნობ თუ როგორ ვპატარავდები მეც. ქვის კედლები მაღლდებიან ძალუმ მთებამდე, და ვხედავ: ვარ კრატერის ძირში ქვესკნელში, ვდგავარ წინასწარმეტყველის სახლის წინ.
მე: „ვამჩნევ, ელია, რომ შენ ყოველივე საყურადღებო დამანახე და განმაცდევინე, როდესაც დღეს შენთან მოვედი. მაგრამ ვაღიარებ, ყოველივე ბნელით მოცულია ჩემთვის. შენი სამყარო დღეს სხვანაირად წარმოჩინდა ჩემთვის. მაგრამ ახლა თითქოს ვარსკვლავებს შორის მანძილით ვარ დაშორებული იმ ადგილს, სადაც მსურდა მოხვედრა, ვხედავ: ეს იგივე ადგილი უნდა იყოს.“
ელია: „შენ ძალზე მოწადინებული იყავი, აქ რომ მოსულიყავი. მე კი არ მოგატყუე, შენ მოატყუე საკუთარი თავი. ვერ ხედავს კარგად ის, ვისაც სურს დანახვა, შენ საკუთარი თავი მოატყუე.“
მე: „მართალია, მე ძლიერ ვარ მოწადინებული რომ შენთან მოვხვედრილიყავი, რათა მეტი გამეგო. სალომეამ შემაშინა და დამაბნია. რეტი დამესხა, რადგან რასაც იგი მეუბნებოდა, საშინელებად და სიშლეგედ მომეჩვენა. სად არის სალომეა?“
ელია: „როგორ რიხიანად ხარ! რა დაგემართა? მიდი კრისტალთან და მოემზადე მის სინათლეში.“
ცეცხლის რკალია ქვის გარშემო. შიში მიპყრობს, თუ რას ვხედავ: უბრალო გლეხის ფეხსაცმელი? ბუმბერაზის ფეხი, რომელიც მთელ ქალაქს გათელავს? ვხედავ ჯვარს, გარდამოხსნას, დატირებას - როგორი მტანჯველია ეს სანახაობა! აღარ მინდა - ვხედავ ღვთაებრივ ყრმას, მარჯვენა ხელში თეთრი გველი უჭირავს და მარცხენა ხელში შავი გველი - ვხედავ მწვანე მთას, მასზე აღმართულ ქრისტეს ჯვარს, და სისხლის ნაკადები იღვრება მთის მწვერვალიდან - აღარ შემიძლია, აუტანელია - ვხედავ ჯვარს და მასზე ქრისტეს მის უკანასკნელ საათსა და ტანჯვაში - ჯვრის ძირში დახვეულია შავი გველი - ჩემს ფეხს ეხვევა იგი - გახევებული ვარ და ხელები გავშალე. სალომეა მიახლოვდება. გველი მთელს სხეულზე შემომეხვია, და სახით ლომს ვგავარ.
სალომეა ამბობს: „მარიამი იყო ქრისტეს დედა, გესმის?“
მე: „მე ვხედავ, რომ საზარელი და შეუცნობელი ძალა მაიძულებს, რომ უფალს მის უკანასკნელ ტანჯვაში მივბაძო. მაგრამ როგორ გავბედო, რომ მარიამს დედა დავუძახო?“
სალომეა: „შენ ხარ ქრისტე.“
გაშლილი ხელებით ვდგავარ როგორც ჯვარცმული, ჩემს სხეულზე მჭიდროდ დახვეულია გველი:“სალომეა, შენ ამბობ, რომ მე ვარ ქრისტე?“
თითქოს ვდგავარ მაღალ მთაზე მარტო, გაშლილი ხელებით. გველი მიჭერს სხეულზე თავისი საზარელი ხვეულებით, და მთის ფერდობებზე სისხლი მოედინება ნაკადებად ჩემი სხეულიდან. სალომე იხრება ჩემს ფეხებთან და შემოახვევს თავის შავ თმას. ასე წევს დიდხანს. შემდეგ იძახის: „მე ვხედავ სინათლეს!“ მართლაც, ის ხედავს, მისი თვალები ღიაა. გველი ვარდება ჩემი სხეულიდან და ძირს გდია. მე გადავაბიჯე მას და დავიჩოქე წინასწარმეტყველის ფეხებთან, რომლის სახე ცეცხლის ალივით ანათებს.
ელია: „შენი საქმე აქ აღსრულდა. სხვა რამ მოვა. ეძიე დაუღალავად, და პირველ რიგში აღწერე გულმოდგინედ, რასაც ხედავ.“
სალომეა აღტაცებული უყურებს ნათელს, რომელიც წინასწარმეტყველისგან მოდის. ელია გადაიქცევა ძლიერ, თეთრად მოელვარე ცეცხლის ალად, გველი წვება მის ფეხებთან გახევებული. სალომეა იჩოქებს ნათლის წინაშე გაოცებული. ცრემლები წამსკდა, და გასვლას ვჩქარობ ღამეში, თითქოს ამ საიდუმლოს დიდებულებასთან წილი არ მქონდეს. ჩემი ფეხები მიწას არ ეხება, და თითქოს ჰაერში განვქარდები.
ჩემს ლტოლვას მივყავდი ზემოთ ნათელი დღისკენ, რომლის სინათლე ანტიპოდია წინასწარ ჭვრეტის ბნელი სივრცისა. მე ასე მესმის, რომ საწინააღმდეგო პრინციპია ზეციური სიყვარული, დედა. ბნელი, რომელიც წინასწარ ჭვრეტას მოიცავს, უხილავია შინაგან სამყაროში და სიღრმეშია. სიყვარულის ნათელი კი, როგორც ჩანს, იქიდან მოდის, რომ სიყვარული ხილული ცხოვრება და ქმედებაა. ჩემი სიამოვნება იყო წინასწარ ჭვრეტაში და იქ მას თავისი სიამოვნებათა ბაღი ჰქონდა, ბნელითა და ღამით მოცული. ჩემს სიამოვნებასთან ჩავედი, ჩემს სიყვარულთან კი ზემოთ ავიჭერი. მე ვუყურებ ელიას მაღლა, ჩემს ზემოთ: ეს აჩვენებს, რომ წინასწარი ჭვრეტა სიყვარულთან უფრო ახლოს დგას ვიდრე მე, ადამიანი. სანამ სიყვარულამდე ავალ, უნდა შესრულდეს ის, რაც ორი გველის ბრძოლად არის წარმოდგენილი. მარცხნივ არის დღე, მარჯვნივ - ღამე. სიყვარულის სამეფო ნათელია, წინასწარი ჭვრეტის სამეფო - ბნელი. ორივე პრინციპი ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნულია, ერთმანეთს ემტერებიან კიდეც და გველის სახე მიიღეს. გველის სახე გადმოსცემს ორივე პრინციპის დემონურ ბუნებას. ამ ბრძოლაში მე შევიცნობ იმ ხილვის გამეორებას, სადაც მე მზისა და შავი გველის ბრძოლას ვუყურებდი.
მაშინ წაიშალა მოსიყვარულე ნათელი და სისხლი იღვრებოდა ნაკადებად. ეს იყო დიდი ომი. ხოლო სიღრმის სულს სურს, რომ ეს ომი იყოს გაგებული როგორც გაორება ყოველი ადამიანის ბუნებაში. გმირის სიკვდილის შემდეგ ჩვენი სიცოცხლის სურვილი ვეღარავის ბაძავდა, ამიტომ წავიდა იგი ყოველი ადამიანის სიღრმეში და გამოიწვია საშინელი გაორება სიღრმის ძალთა შორის. წინასწარ ჭვრეტა არის მარტოობა, სიყვარული არის შეერთება. ორივეს სჭირდება ერთმანეთი და ორივე კლავს ერთმანეთს. რადგან ადამიანებმა არ იციან, რომ გაორება მათშია, იშლებიან და ერთი სხვას გადააბრალებს უსამართლობას. როდესაც კაცობრიობის ნახევარი უსამართლობაშია, ასეთ დროს ყოველი ადამიანი სანახევროდ უსამართლობაშია. მაგრამ ის საკუთარ სამშვინველში გაორებას ვერ ხედავს, რაც გარეგანი უბედურების წყაროა. როდესაც მრისხანებ საკუთარ ძმაზე, იფიქრე, რომ მრისხანებ ძმის მიმართ შენში, ანუ იმის მიმართ, რაც შენს ძმას ჰგავს.
როგორც ადამიანი ხარ ნაწილი კაცობრიობისა და შესაბამისად ხარ კაცობრიობის ნაწილი იმგვარად, თითქოს მთელი კაცობრიობა იყო. როდესაც იძალადებ ამხანაგზე ან მოკლავ მას, რომელიც შენ გეწინააღმდეგება, მაშინ კლავ იმ ადამიანს შენშიც, და შენ მოკალი შენი ცხოვრების ნაწილი. ამ მიცვალებულის სული დაგყვება და არ ახარებს შენს ცხოვრებას. შენ გჭირდება მთლიანობა, რათა გააგრძელო ცხოვრება.
როდესაც ვინარჩუნებ წმინდა პრინციპს, ვდგები ცალ მხარეს და ვხდები ცალმხრივი. ამგვარად ჩემი წინასწარი ჭვრეტა ზეციური დედის პრინციპით იქცევა საძაგელ ჯუჯად, რომელიც ბნელ გამოქვაბულში ცხოვრობს, როგორც უშობელი მშობელი დედის წიაღში. შენ მას არ მიჰყვები მაშინაც, როდესაც ის გეუბნება, რომ მისი წყაროდან სიბრძნის შესმა შეგიძლია. წინასწარ ჭვრეტა წარმოგიდგება იქ როგორც ჯუჯის შესაფერისი ეშმაკობა, ცრუ და ღამეული, როგორც ქვემოთ ზეციური დედა წარმომიდგა სალომეას სახით. ის, რასაც წმინდა პრინციპი აკლია, წარმოდგენილია როგორც გველი.
გმირი ისწრაფვის წმინდა პრინციპის გარეგნული გამოხატულებისკენ, და ბოლოს ამიტომ უყვარდება მას გველი. როდესაც აზროვნებასთან მიდიხარ, გულიც თან გაიყოლე. როდესაც სიყვარულთან მიდიხარ, შენი თავიც გაიყოლე. სიყვარულის ცარიელია აზროვნების გარეშე, აზროვნება ცარიელია სიყვარულის გარეშე. გველი იმალება წმინდა პრინციპის უკან. ამიტომ დავიბენი, როდესაც გველს წავაწყდი, რომელიც სხვა პრინციპისკენ გამიძღვა. დაშვებისას დავპატარავდი.
დიდია ის, ვისაც უყვარს, რადგან სიყვარული დიადი შემოქმედის ამწუთიერი ქმედებაა, სამყაროს ქმნადობისა და წარმავლობის მიმდინარე წამი. ძლევამოსილია ის, ვისაც უყვარს. ხოლო ვინც სიყვარულს შორდება, თავს გრძნობს ძლევამოსილად.
შენს წინასწარ ჭვრეტაში შეიცნობ შენი წამიერი ყოფის არარაობას როგორც პატარა წერტილს წარსულისა და მომავლის უსასრულობას შორის. მოაზროვნე პატარაა, თავს დიდად გრძნობს, როდესაც აზროვნებას შორდება. მაგრამ როდესაც ჩვენ ხილულზე ვსაუბრობთ, პირიქით არის. ვინც შეყვარებულია, ფორმა მისთვის უმნიშვნელოა. ხოლო მისი ხედვის არე სრულდება იმ ფორმით, რომელიც მას მიეცა. ვინც აზროვნებს, მისთვის ფორმა მიუწვდომელი და ზეცასავით მაღალია. მაგრამ ის ღამეში უთვალავი სამყაროების მრავალფეროვნებას ხედავს მათ უსასრულო წრესვლაში. ვინც შეყვარებულია, ის გადავსებული ჭურჭელია, რომელსაც გაცემა სურს. ვინც აზროვნებს, არის ღრმა და ცარიელი, ის შევსებას მოელის.
სიყვარული და წინასწარი ჭვრეტა ერთსა და იმავე ადგილას არიან. სიყვარულს არ შეუძლია წინასწარი ჭვრეტის გარეშე, და წინასწარ წვრეტას არ შეუძლია სიყვარულის გარეშე. ადამიანის ზედმეტად იმყოფება ერთში ან მეორეში. ეს უკავშირდება ადამიანის ბუნებას. ცხოველები და მცენარეები ყოველმხრივ თვითკმარნი ჩანან, მხოლოდ ადამიანი ირყევა ზედმეტად ბევრსა და ზედმეტად ცოტას შორის. ის ირყევა, არ არის თავდაჯერებული, რამდენად ბევრი უნდა გასცეს აქ ან იქ, ის, ვისი ცოდნაც და შეძლებაც არ არის საკმარისი და ეს თავად უნდა შეასრულოს. ადამიანი მხოლოდ საკუთარი სიცარიელიდან არ ამოიზრდება, არამედ ის ასევე იქმნება საკუთარი თავიდან. ღმერთი ცხადდება მასში. ადამიანური არსება არ არის დახელოვნებული ღვთაებრივობაში, ამიტომ ირყევა იგი ზედმეტად ბევრსა და ზედმეტად ცოტას შორის.
დროის სულმა სიჩქარისთვის გაგვწირა. აღარ გაქვს რაიმე სამომავლო ან რაიმე გარდასული, როდესაც დროის სულს ემსახურები. ჩვენ მარადიული ცხოვრება გვჭირდება. სიღრმეში ვმალავთ მომავალსა და წარსულს. მომავალი ძველია და წარსული ახალგაზრდა. დროის სულს ემსახურები და თვლი, რომ შეგიძლია გაექცე სიღრმის სულს. მაგრამ სიღრმე არ აყოვნებს დიდხანს და ქრისტეს მისტერიაში წაგძლევს. ამ მისტერიას ეკუთვნის ის, რომ ადამიანი გმირით კი არა არამედ თავად იქცევა ქრისტედ. ამას გვასწავლის სიმბოლურად წმინდანთა განვლილი ცხოვრება.
ცუდად ხედავს ის, ვისაც დანახვა სურს. ჩემი ნება იყო, რომ მოვტყუებულიყავი. ჩემი ნება იყო, რომ დემონთა შორის დიდი გაორება გამოვიწვიე. განა არ უნდა ვისურვო რაიმე? მე ჩემი ნება აღვასრულე და ეს ვქენი ისე როგორც შემეძლო. და ვუფრთხილდებოდი იმას, რასაც ვესწაფვოდი. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ყოველივეში ჩემი თავი მსურდა ისე, რომ არ მეძებნა საკუთარი თავი. ამიტომ ვისურვე, რომ მეძებნა არა ჩემს გარეთ, არამედ ჩემში. შემდეგ ვისურვე საკუთარი თავი მომეხელთებინა, და შემდეგ მსურდა გაგრძელება იმის ცოდნის გარეშე თუ რა მსურდა და ასე აღმოვჩნდი მისტერიუმში.
ნუთუ აღარაფერი უნდა მსურდეს? თქვენ გსურდათ ეს ომი. კარგია. რომ არ გნდომებოდათ, ამ ომის ბოროტება მცირე იქნებოდა. მაგრამ თქვენ ბოროტებას თქვენივე ნებით ზრდით. თუ არ გამოგდით, რომ ამ ომისგან დიდი ბოროტება შექმნათ, ვერასოდეს ისწავლით, თუ როგორ გადალახოთ ძალადობრივი ქმედება და გარესამყაროსთან ბრძოლა. ამიტომ არის კარგი, როდესაც ეს უდიდესი ბოროტება მთელი გულით გსურთ. თქვენ ხართ ქრისტიანები და მისდევთ გმირებს და ელოდებით მხსნელებს, რომლებმაც თქვენს გამო ტანჯვა უნდა იტვირთონ და გოლგოთა აგაცილონ. ამით კი მთელს ევროპას გოლგოთით დაფარავთ. თუ შეძლებთ, რომ ამ ომიდან შემზარავ ბოროტებას შექმნით და უთვალავ მსხვერპლს ამ უფსკრულში გადაყრით, კარგია, რადგან ეს შეგამზადებთ, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროთ. რადგან თქვენც ჩემსავით ქრისტეს მისტერიუმის აღსრულებას უახლოვდებით.
უკვე გრძნობთ რკინის ხელს კეფაზე. ეს არის გზის დასაწყისი. როდესაც სისხლი, ცეცხლი და გაჭირვების შეძახილი ამ სამყაროს აღასრულებს, მაშინ შეიმეცნებთ თქვენს ქმედებებში: შესვლით ბოლომდე ომის სისხლიანი სიმხეციდან, გაძეხით მკვდრებითა და განადგურებით, შემდეგ თვალები გაახილეთ და დაინახეთ, რომ თავად ხართ ისინი, ვინც ასეთ ნაყოფს ატარებთ. თქვენ მიუყვებით გზას, როდესაც ეს ყველაფერი გსურთ. ნება შობს სიბრმავეს, ხოლო სიბრმავე მიუძღვის გზაზე. უნდა გვსურდეს ცდომილება? არ უნდა გსურდეს, არამედ შენ ისურვებ იმ ცდომილებას, რომელსაც უკეთეს ჭეშმარიტებად მიიჩნევ, როგორც ეს ადამიანებს აქამდე გაუკეთებიათ.
კრისტალის სიმბოლო განასახიერებს მოვლენათა გარდაუვალ კანონს, რომელიც მისგან მომდინარეობს. ამ ბირთვში დაინახავ მომავალს. მე ვიხილე საზარელი და გაუგებარი. (ეს იყო 1913 წლის შობის ღამეს.) მე ვნახე გლეხის ფეხსაცმელი, გლეხთა ომის, მკვლელობათა და სისხლიან საშინელებათა ნიშანი. ვიცოდი, რომ ეს ნიშანი სხვა არაფერს ნიშნავდა, რომ წინ რაღაც სისხლიანი და საშინელი გველის. ვინმე ძლევამოსილის ფეხს ვხედავდი, რომელმაც მთელი ქალაქი გათელა. სხვანაირად როგორ უნდა გადმომეცა ეს ნიშანი? მე ვიხილე, რომ დაიწყო გზა თვითშეწირვისა. ყველა აღტაცებით შეხვდება ამ მოვლენებს და სიბრმავეში შეეცდებით ამის როგორც გარემოვლენების გაგებას. ეს შინაგანი მოვლენაა, ეს არის ქრისტეს მისტერიის განსრულება, რადგან ხალხები სწავლობენ თვითშეწირვას.
ელდა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ადამიანის თვალი შინაგან სამყაროში მიიმართება, და ეძიებთ თქვენს ნებას და თქვენს თავს არა სხვებში, არამედ საკუთარ თავში. მე ეს ვიხილე, ვიცი, რომ ეს არის გზა. მე ვიხილე ქრისტეს სიკვდილი და მე ვიხილე მისი დატირება, მე ვიგრძენი მის მისწრაფებათა, დიად მისწრაფებათა ტანჯვა.მე ვიხილე ახალი ღმერთი, ახალი ბიჭი, რომელიც დემონებს ხელით იჭერს. ღმერთი მოიცავს გაყოფილ პრინციპებს საკუთარი ძალაუფლებით, ის აერთიანებს მათ. ღმერთი ხორციელდება პრინციპების შეერთებით ჩემში. ის არის ერთიანობა.
როდესაც ერთი პრინციპი გსურს, მაშინ ხარ ერთში, მაგრამ შენი სხვა ყოფიერებისგან მოშორებული. როდესაც ორივე პრინციპი გსურს, ერთიც და მეორეც, მაშინ იწვევ პრინციპების გაორებას, რადგან ორივეს ერთად ვერ ისურვებ. აქედან მოდის გაჭირვება, რომელშიც ღმერთი ცხადდება, ის იღებს ხელში შენს გაორებულ ნებას, ბიჭის ხელით იღებს, რომლის ნება უბრალოა და გაორების მიღმა დგას. შენ ამას ვერ ისწავლი, ეს მხოლოდ შენში ხორციელდება. შენ ამას ვერ ისურვებ, შენს ნებას ის ხელიდან გამოგაცლის. ისურვე საკუთარი თავი, ეს გაგიყვანს გზაზე.
მაგრამ საფუძველში საკუთარი თავი გაშინებს, ამის გამო გარბიხარ სხვებთან და არა საკუთარ თავთან. მე ვიხილე მსხვერპლის მთა, და სისხლი მოედინებოდა ნაკადებად. როდესაც ვიხილე, როგორ ივსებოდნენ კაცნი სიამაყითა და ძალით, თუ როგორ ასხივებდა მშვენიერება ქალების თვალებიდან, როდესაც დიდი ომი დაიწყო, ვიცოდი, რომ კაცობრიობა თვითშეწირვის გზას ადგა.
სიღრმის სულმა მოიცვა კაცობრიობა და გაიძულებთ თვითშეწირვას. ნუ ეძებთ სადმე ბრალს. სიღრმის სულმა საკუთარ თავში მოიცვა ადამიანის ბედი, ისევე როგორც ჩემი ბედი. ის კაცობრიობას მიუძღვის მისტერიუმისკენ სისხლის ნაკადებით. მისტერიუმში ადამიანი თავად იქცევა ორ პრინციპად, ლომად და გველად.
რადგან მეც სხვანაირი ყოფიერება მსურს, უნდა გადავიქცე ქრისტედ. მე ვიქცევი ქრისტედ, მე ეს უნდა გადავიტანო. ასე იღვრება გამომხსნელი სისხლი. თვითშეწირვით ჩემი სიამოვნება იცვლება და თავის უმაღლეს პრინციპს აღწევს. სიყვარული მხედველია, სიამოვნება კი ბრმა. ორივე პრინციპი ერთია ცეცხლის ალის სიმბოლოში. პრინციპები განიმოსებიან ადამიანური ფორმებისგან. მისტერიუმი მიჩვენებდა სურათ-ხატებში, თუ როგორ უნდა მეცხოვრა ამის შემდეგ. მე კი არ ვფლობდი ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მისტერიუმმა მაჩვენა, არამედ მე ეს უნდა მომეპოვებინა.