კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

ძველი ტაძრების ნანგრევები

კიდევ ერთი თავგადასავალი გამოჩნდა: ჩემს წინ იშლება ვრცელი მინდვრები - ყვავილების ხალიჩა - ბრტყელი გორაკები - შორს ახლად ამწვანებული ტყე. მხვდება ორი უცნაური მგზავრი - ძალზე შემთხვევითი თანამგზავრები: მოხუცი ბერი და მაღალი გამხდარი კაცი ბავშვური მიხვრა-მოხვრით, გახუნებულ წითელ სამოსში. მათი მოახლოვებისას მაღალ კაცში წითელი რაინდი შევიცანი. როგორ შეცვლილა!

დაბერებულა, მისი წითური თმა გაჭაღარავდა, მისი ცეცხლივით წითელი სამოსი გაცვეთილა. და მეორე? ღიპი უჩანს და უზრუნველი ცხოვრება ეტყობა. მაგრამ მისი სახე მეცნობა: ღმერთმანი, ეს ხომ ამონიუსია!

როგორი ცვლილებებია! და საიდან მოვიდნენ ეს სრულიად განსხვავებული ადამიანები? ვუახლოვდები და ვესალმები მათ. ორივე შეშინებული მიყურებს, პირჯვარს იწერენ. ჩემს თავს შევხედე: მთლიანად მწვანე ფოთლებით ვარ შემოსილი, ჩემი სხეულიდან ამოზრდილა. მეორედ ვესალმები მათ სიცილით.

შეშფოთებული ამონიუსი იძახის: „განვედ, სატანავ!“

წითური: „წყეული წარმართი მოდგმა!“

მე: „კი მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, რა დაგემართათ? მე ჩრდილოელი მგზავრი ვარ, რომელიც შენ, ამონიუს, უდაბნოში გესტუმრა. და მე ვარ გუშაგი, წითურო, რომელსაც შენ ერთხელ ესტუმრე.“

ამონიუსი: „გიცანი, ეშმაკთა მეთაურო. შენით დაიწყო ჩემი დაღუპვა.“

წითურმა მას საყვედურით შეხედა და ფერდში მუჯლუგუნი უთავაზა. ბერი გაიტრუნა. წითური მედიდურად მოტრიალდა ჩემსკენ. 

წითური:“შენი მოჩვენებითი სერიოზულობის მიუხედავად, უკვე მაშინ მიმახვედრე, რომ მანერები გაკლია. შენ და შენი წყეული ქრისტიანული პოზიორობა...“

ამ დროს ამონიუსი მას ძლიერად ჰკრავს ხელს, და წითური ჩუმდება. ასე დგას ორივე ჩემს წინაშე, დაბნეულები და სასაცილოები, და თან საბრალოები.

მე: „ღვთის კაცო, საიდან მოხვედი? რა ბედმა მოგიყვანა აქ და თან წითურის გვერდით?“

ამონიუსი:“არ მიყვარს შენთან საუბარი. მაგრამ ღმერთის დაშვება ჩანს, რომელსაც ვერავინ წაუვა. მაშ იცოდე, რომ შენ, ბოროტო სულო, საშინელება დამმართე. შენ მაცდუნე შენი მაცდური ცნობისმოყვარეობით, მწყურვალმა ჩემი ხელი მიმართე ღვთაებრივი საიდუმლოებებისკენ და ამით შემაგნებინე, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. შენმა შენიშვნამ, რომ მე ადამიანებთან სიახლოვე მჭირდება, რათა უმაღლესი საიდუმლოებები შევიცნო, დამცა როგორც ჯოჯოხეთურმა საწამლავმა. მალევე ძმებს ერთად მოვუხმე ველზე და ვაცნობე, რომ ღვთის მაცნე გამომეცხადა - ასე უწმინდურად გამაცურე - და ვბრძანე, ძმებთან ერთად მონასტერი შემექმნა.

როდესაც ძმა ფილეტუსმა წინააღმდეგობა გასწია, მე მოვიხმე ამონარიდი წმინდა წერილიდან, სადაც წერია, რომ არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა. ასე დავაარსეთ მონასტერი, ნილოსთან ახლოს, საიდანაც მცურავ გემებს ვხედავდით. ჩვენ ნაყოფიერ მინდვრებს ვამუშავებდით და იმდენი საქმე იყო, რომ წმინდა წერილის კვლევა დავივიწყეთ. ტკბობას დავნებდით და ერთ დღეს ძალიან მომინდა ალექსანდრიის კიდევ ერთხელ ხილვა. ჩავიფიქრე, რომ იქ ეპისკოპოსის ნახვა მსურდა. მაგრამ ჯერ გემზე ცხოვრებამ და შემდეგ ალექსანდრიის ქუჩების ხმაურმა ისე მომაჯადოვა, რომ საკუთარი თავი დავკარგე. 

თითქოს სიზმარი იყო, ისე ავედი დიდ გემზე, რომელიც იტალიისკენ მიემგზავრებოდა. დაუოკებელი წყურვილი ვიგრძენი მსოფლიო მენახა; ვსვამდი ღვინოს და ვხედავდი, რომ ქალები მშვენიერები იყვნენ. სიამოვნებებში ჩავიძირე და სრულად ცხოველი გავხდი. როდესაც ნეაპოლში ჩავედი, იქ წითური იდგა და ვიცოდი, რომ ბოროტის ხელში აღმოვჩნდი.“

წითური:“გაჩუმდი, ბებერო მასხარავ, მე რომ არ ვყოფილიყავი, მთლად ღორად გადაიქცეოდი. როდესაც მე მიხილე, საბოლოოდ თავი ხელში აიყვანე, შეაჩვენე სასმელი და ქალები და ისევ მონასტერში წახვედი. ახლა კი ჩემი ამბავი მოისმინე, წყეულო ტყის სულო: მეც შენს ხაფანგში აღმოვჩნდი, შენმა წარმართულმა ხელოვნებამ შემაცდინა. იმ საუბრის შემდეგ, როდესაც ცეკვის შესახებ შენი შენიშვნით შემაცდინე, სერიოზული გავხდი, იმდენად სერიოზული, რომ მონასტერში წავედი, ვლოცულობდი, ვმარხულობდი და ვინანიებდი. ცდომილებაში მყოფს მსურდა საეკლესიო მსახურების რეფორმაცია და ეპისკოპოსის ნებართვით რიტუალში ცეკვა შევიტანე.

წინამძღვარი გავხდი და მხოლოდ მე მქონდა უფლება საკურთხევლის წინაშე მეცეკვა, როგორც დავითს - აღთქმის კიდობნის წინაშე. მაგრამ შემდეგ უკვე ძმებმაც დაიწყეს ცეკვა, ღვთისმოსავმა მრევლმაც, და ბოლოს მთელი ქალაქი ცეკვავდა. 

ეს იყო საშინელება. განვმარტოვდებოდი და ვცეკვავდი მთელი დღე ძალის გამოცლამდე, მაგრამ დილით ისევ იწყებოდა ჯოჯოხეთური ცეკვა. საკუთარი თავისგან გაქცევას ვცდილობდი და დავეხეტებოდი ღამით. დღისით ვიმალებოდი და ტყეებსა და უდაბურ მთებში მარტო ვცეკვავდი. და ასე ნელნელა ჩავედი იტალიაში. იქ სამხრეთში ისე აღარ ვგრძნობდი თავს როგორც ჩრდილოეთში და შევძელი ხალხში გავრეულიყავი. ნეაპოლში ისევ გამოვსწორდი და იქ შევხვდი ამ დაგლახავებულ ღვთისკაცს. მისმა გამოჩენამ მე გამაძლიერა. მისით მე განვიკურნე. შენ უკვე მოისმინე თუ როგორ გადამეყარა იგი და შეძლო სწორ გზაზე დადგომა.“

ამონიუსი:“უნდა ვაღიარო, რომ წითურთან არც ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, ამ ეშმაკს რბილი ზნე აქვს.“

წითური: „მეც უნდა ვთქვა, რომ ჩემი ბერი ცოტა ფანატიკოსია, მონასტერში ყოფნის შემდეგ ყოველივე ქრისტიანულის მიმართ ზიზღი მეუფლება.“

მე:“ძვირფასო მეგობრებო, გულით მიხარია, რომ ასე კმაყოფილებს გხედავთ.“

ორივე:“ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, დამცინავო და მავნებელო, გზიდან გადადი, ყაჩაღო, წარმართო!“

მე:“მაგრამ რატომ მგზავრობთ ერთად ამქვეყნად, თუ არ მეგობრობთ და არ ხართ კმაყოფილები?“

ამონიუსი:“რა გაეწყობა? ეშმაკიც საჭიროა, თორემ ხალხში პატივისცემასაც ვეღარაფრით დაიმსახურებ.“

წითური:“საჭიროა, რომ სამღვდელოებასთან შევთანხმდე, თორემ კლიენტებს დავკარგავ.“

მე:“ესე იგი ცხოვრების საჭიროებამ შეგყარათ ერთად! მაშ შერიგდით და იმეგობრეთ.“

ორივე: „ჩვენ ამას ვერასოდეს შევძლებთ.“

მე:“ოჰ, ეტყობა სისტემურია ეს. იქნებ ჯერ გსურთ რომ მოკვდეთ? ახლა თქვენ დამითმეთ გზა, ძველი დროის მოჩვენებებო!“

როდესაც ვიხილე სიკვდილი და ყოველივე, რაც მის გარშემო ხდებოდა, და თავადაც ღამედ და ყინულად ვიქეცი, ჩემში გაბრაზებული სიცოცხლე და ლტოლვა აღდგა. უღრმესი ცოდნის მჩქეფარე წყაროსადმი ლტოლვა გამოსცემდა ღვინის სასმისების წკრიალს; შორიდან მესმოდა მთვრალი ხარხარი, ქალების სიცილი, ქუჩის ხმაური, ცეკვის მუსიკა, მისალმება და ნაბიჯების ხმა ყოველი კუთხიდან, და სამხრეთის ქარისგან მოტანილი ვარდის სურნელის მაგიერ ადამიანი-ცხოველის სიმყრალე მცემდა. ბინძური და ავხორცი მეძავები ხითხითებდნენ და კედლებთან შრიალებდნენ, ღვინის სუნი და სამზარეულოს ორთქლი, ბრბოს ხორხოცი ბურუსივით ჩამოწვა. გახურებულმა, წებოვანმა და ნაზმა ხელებმა ჩამავლეს, და ავადმყოფის ლოგინში ჩამაწვინეს. მე ქვემოდან დავიბადე ცხოვრებაში და გავიზარდე, როგორც გმირები იზრდებოდნენ - საათობით და არა წლობით. და როდესაც წამოვიზარდე, შუა ქვეყნებში აღმოვჩნდი და ვიხილე, რომ გაზაფხულია. 

 მაგრამ აღარ ვიყავი ის ადამიანი, რაც ადრე ვიყავი, არამედ ჩემთვის უცხო არსება გაიზარდა ჩემში. ეს იყო მოცინარი ტყის არსება, მწვანე ფოთლების სული, ტყის სული და ონავარი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს და თავად არის მწვანე ხე, რომელსაც არაფერი უყვარს იმის გარდა რაც მწვანდება და იზრდება. ის ადამიანების მიმართ ან კეთილად არის განწყობილი ან სულაც არა, კარგ განწყობაზეა და მხიარული, ვინც უხილავ კანონს ემორჩილება და ხეებთან ერთად მწვანდება და ხმება, არც ლამაზია და არც საზიზღარი, არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ მცხოვრები, უხსოვარი დროის და მუდამ ახალგაზრდა, შიშველი და იმავე დროს ბუნებრივად შემოსილი. არა ადამიანი, არამედ ბუნება, შემზარავი, სასაცილო, ძლევამოსილი, ბავშვური, სუსტი, მატყუარა და მოტყუებული, ძალზე არამდგრადი და ზედაპირული, და მაინც ღრმა, სამყაროს გულამდე ჩასული. 

ჩემი ორივე ამხანაგის ცხოვრება შევითვისე; ტაძრის ნანგრევებზე მწვანე ხე იზრდებოდა. მათ ვერ გაუძლეს ცხოვრებას, არამედ მისგან ცდუნებულებმა მაიმუნობა დაიწყეს. სიბინძურეში აღმოჩნდნენ და ამის გამო მოიხსენიებდნენ ცოცხალს ეშმაკად და განდგომილად. ორივეს თავისებურად სწამდა საკუთარი თავი და საკუთარი სიკეთე, ბოლო კი ჰპოვეს სიბინძურეში, როგორც გარდასული იდეალების ბუნებრივ და საბოლოო დაკრძალვის ადგილას. უმშვენიერესი და უკეთესი, ისევე როგორც უსაზიზღრესი და უბოროტესი ერთხელაც სამყაროს ყველაზე სასაცილო მხარეში ჰპოვებენ დასასრულს, საზეიმო კოსტიუმებით გარემოცულნი, მასხრები რომ მიუძღვიან წინ, მიემართებიან ჭუჭყის საზარელ ორმოში.

წყევლის შემდეგ მოდის სიცილი, ამით სამშვინველი სიკვდილისგან გამოიხსნება.

იდეალები თავიანთი არსით სასურველი და გააზრებული მოვლენაა, და იქამდე არსებობენ სანამ ეს ზღვარი არსებობს. მაგრამ მათი ზემოქმედების უარყოფა არ შეიძლება. ვინც თვლის, რომ თავისი იდეალებით მართლაც უნდა იცხოვროს ან შეეძლოს ცხოვრება, შეპყრობილია განდიდების მანიით, იქცევა როგორც შეშლილი, როდესაც ის თავს იდეალად წარმოაჩენს: მაგრამ გმირი დაეცა. იდეალები მოკვდავია, ადამიანი მისი დასასრულისთვის უნდა მოემზადოს: ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. მაგრამ განა ვერ ხედავ, რომ ეს შენ იყავი, ვინც საკუთარ იდეალს აზრს, ღირებულებასა და მოქმედ ძალას ანიჭებდა? თუ შენ იდეალის მსხვერპლი გახდი, ის გაიხსნება და კარნავალს გეთამაშება, შემდეგ კი ვნების ოთხშაბათს ჯოჯოხეთში მიდის. იდეალი სამუშაო იარაღიც არის, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გვერდზე გადადო, ჩირაღდანია ბნელ გზაზე. მაგრამ ვინც დღისითაც ჩირაღდნით დაიარება, ის შლეგია. რაოდენ ქვემოთ დაშვებულან ჩემი იდეალები, და როგორი სიხასხასით მწვანდება ჩემი ხე! როდესაც მე გავმწვანდი, მაშინ იდგნენ უძველესი ტაძრისა და ვარდის ბაღების სევდიანი ნაშთები, და ჟრუანტელით ვიაზრებდი მათ კავშირს. ისინი უსირცხვილო კავშირით იყვნენ შეკრულნი, როგორც მე მეჩვენა. მაგრამ გავიგე ისიც, რომ ეს კავშირი დიდი ხნის არის. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჩემი სიწმინდეების კრისტალურ სისუფთავეს ვამტკიცებდი და ჩემს მეგობრებს სპარსული ვარდების სურნელს ვადარებდი, ორივემ ორმხრივი დუმილით შეკრეს კავშირი. 

ისინი დაშორებულნი ჩანდნენ, მაგრამ ფარულად ერთმანეთს ხელს აძლევდნენ. ტაძრის მარტოსულმა დუმილმა გამომკეტა ადამიანებისგან შორს, ზემიწიერ საიდუმლოებებში, სადაც ზედმეტი კმაყოფილებისგან ჩემი თავი დავკარგე. და როდესაც ღმერთს ვერკინებოდი, ეშმაკი ემზადებოდა ჩემს ხელში ჩასაგდებად და თავის მხარეს გადამიბირა. იქაც ვერაფერი ვპოვე ზედმეტი ტკბობისა და ზიზღის გარდა. მე არ ვცხოვრობდი, მე მმართავდნენ, ჩემი იდეალების მონა ვიყავი.

იქ იდგა ნანგრევები, კამათობდნენ ერთმანეთში და ვერ ეგუებოდნენ თავიანთ საერთო გასაჭირს. მე ჩემს პიროვნებაში გავმთლიანდი როგორც ბუნებრივი არსება, მაგრამ ვიყავი საზიზღარი კაცუნა, რომელიც მარტოხელა მგზავრებს აფრთხობდა და ადამიანთა სამყოფელს ერიდებოდა. მაგრამ მე შინაგანად ავმწვანდი და ავყვავდი. ვერ გავხდი ადამიანი, რომელიც გაორებულია ადამიანებისკენ ლტოლვასა და სულისკენ ლტოლვას შორის. ამით კი არა, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ვიყავი ხალისიანი მწვანე ხე შორეულ გაზაფხულის ტყეში. ასე ვისწავლე ცხოვრება ადამიანური სამყაროსა და სულის გარეშე, და მიკვირდა, რამდენად კარგია ასეთი ცხოვრება. 

მაგრამ ადამიანი, კაცობრიობა? იდგა ორი მიტოვებული ხიდი, რომლებსაც კაცობრიობისკენ მივყავდი: ერთი ზემოდან ქვემოთ მიუყვება, და ადამიანები მასზე ჩადიან; ეს მათ სიამოვნებთ. მეორე ქვემოდან ზემოთ მიუყვება და ადამიანები ჩივიან მასზე ასვლისას. ეს მათთვის ტანჯვაა. ჩვენი ცხოვრებით ჩვენს გვერდით მყოფნი ტანჯვისა და სიხარულისკენ მიგვყავს. როდესაც მე არ ვცხოვრობ, არამედ მხოლოდ დავცოცავ, სხვებს ეს დაუმსახურებელ სიამოვნებას ანიჭებს. როდესაც უბრალოდ მსიამოვნებს, სხვებს ეს დაუმსახურებელ ტანჯვას აყენებს. როდესაც უბრალოდ ვცხოვრობ, ადამიანებისგან შორს ვარ. ისინი ვეღარ მხედავენ, და როდესაც მხედავენ, გაოცებულები და შეშინებულები არიან. მე კი ვცხოვრობ, ვმწვანდები, ვყვავილობ, ვხმები, ვდგავარ ხესავით ერთსა და იმავე ადგილას და ადამიანურ ვნებებსა და სიხარულს ერთნაირად გავატარებ. და მაინც ვარ ადამიანი, რომელიც ადამიანურ გულში შუღლს ვერ ეგუება.

მაგრამ ჩემი იდეალი შეიძლება ჩემი ძაღლებიც იყოს, რომელთა ყეფა და ღრენა არ მაწუხებს. მაშინ ადამიანებისთვის კარგი და ცუდი ძაღლი მაინც ვარ. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის არ არის მიღწეული, მხოლოდ ვცხოვრობ და ვარ ადამიანი. ადამიანურად ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. სანამ შენს „მე“-ს არ გააცნობიერებ, შეგიძლია იცხოვრო; მაგრამ როდესაც შენს „მე“-ს შეიცნობ, ერთი სამარიდან მეორეში ვარდები. შენი ყოველი განსხეულება შეგაღონებს. ამის გამო შეწყვიტა ბუდამ განსხეულება, რადგან იკმარა ადამიანური და ცხოველური სახეებით ღოღვა. ყველა განსხეულების შემდეგ ჯერ კიდევ ხარ მიწაზე მიწაზე მხოხავი ლომი, XAMAIΛEΩN (ქამელეონი), მსგავსება, ხვლიკი, ქვეწარმავალი, რომელიც ფერს იცვლის და დახოხავს, მაგრამ არა ლომი, რომლის ბუნება მზიურია, რომელიც ძალაუფლებას საკუთარი არსებიდან იღებს, ის არ იღებს ფერებს საკუთარი გარემოცვიდან და არ იმალება თავის დასაცავად. ჩემში ქამელეონი შევიცანი და აღარ მინდა მიწაზე ხოხვა, ფერების ცვლა და კიდევ ერთი განსხეულება, მსურს ჩემში ვიპოვო ძალა, როგორც მზემ,  რომელიც ნათელს იძლევა და არ იღებს მას. ასე მიწა იქცევა. მე ჩემი მზიური ბუნება მახსოვს და ვერ ვითმენ ისე მინდა ამოვიდე. მაგრამ გზაზე ნანგრევები მეღობება. ისინი მეუბნებიან: „შენ ადამიანთან მიმართებაში უნდა განისაზღვრებოდე.“ ჩემი ქამელეონის ტყავი ცახცახებს. ისინი მიტევენ და სურთ რომ ფერი ვიცვალო. მაგრამ ეს აღარ მოხდება. არც სიკეთე ბატონობს ჩემზე და არც ბოროტება. მე მათ ჩამოვიცილებ, გადარჩენილებს, რომლებიც ღიმილს იწვევენ, და ჩემს გზაზე სიარულს ვაგრძელებ, რომელიც აღმოსავლეთისკენ მიდის. ძალები, რომლებიც ჩემსა და ჩემს „მე“-ს შორის იდგნენ, უკან მოვიტოვე.

ახლა კი სრულიად მარტო ვარ. ვეღარ გეტყვი: „მისმინე!“ ან „ვალდებული ხარ“ ან „შენ შეგეძლო“, არამედ ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვესაუბრები. ახლა ჩემთვის სხვა ვეღარაფერს გააკეთებს, მცირედსაც კი. შენს მიმართ აღარ ვარ ვალდებული, და შენც აღარ ხარ ვალდებული ჩემს მიმართ, რადგან მე ვქრები, და შენც ქრები ჩემგან. აღარ მესმის თხოვნა და შენც აღარაფერს გთხოვ. მე აღარ გებრძვი ან გირიგდები, არამედ დუმილია ჩვენს შორის.

შორიდან მესმის შენი ძახილი და ჩემს კვალს ვეღარ პოულობ. რადგან მგზავრობ მწვანე მიწაზე, დასავლეთის ქართან ერთად, რომელიც ოკეანიდან მოდის, გავდივარ ტყეებს და მწვანე ბალახი იხრება ჩემს ფეხქვეშ. ხეებსა და ტყის მხეცებს ვესაუბრები, და ქვები მასწავლიან გზას. როდესაც მწყურია და წყარო ჩემამდე არ მოდის, მე მივდივარ წყაროსთან. როდესაც მშია და პური არ მოდის ჩემთან, მე თვითონ ვეძებ პურს  და ვიღებ სადაც კი ვიპოვი. მე არ ვეხმარები არავის და არც თავად მჭირდება დახმარება. როდესაც რამე მჭირდება, გარშემო არ ვიყურები, არის თუ არა ვინმე დამხმარე, არამედ ვეთანხმები საჭიროებას, ვწვალობ და ვიბრძვი. ვიცინი, ვტირი, ვიწყევლები, მაგრამ გარშემო არ ვიხედები. 

ამ გზაზე არავინ ჩამივლის, და არც მე გადავიკვეთები ვინმეს ნაკვალევზე. მარტო ვარ, მაგრამ ჩემს მარტოობას ჩემივე ცხოვრებით ვავსებ. მე თვითონ ვარ ადამიანი, ბგერა, საუბარი, იმედი და შველა ჩემი თავისთვის. და ასე ვხეტიალობ შორეული აღმოსავლეთისკენ. განა ვიცი რა არის ჩემი შორეული მიზანი. ჩემს წინ ლურ ჰორიზონტს ვხედავ: ესეც კმარა მიზნად. მივიჩქარი აღმოსავლეთისკენ და ჩემი აისისკენ. ჩემი აისი მსურს. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff