კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

მაგიის ძღვენი

„არაფერი გესმის?“

მე: „ვერაფერს ვგრძნობ, რა უნდა მესმოდეს?“

სამშვინველი: „რეკვის ხმაა.“

მე: „ალბათ მარცხენა ყურში. რას უნდა ნიშნავდეს?“

სამშვინველი: „უბედურებას.“

მე: „მივიღებ, რასაც ამბობ. მსურს ბედნიერება და უბედურება მივიღო.“

სამშვინველი: „მაშ დაიჭირე ხელები, მაღლა გაშლილი, და მიიღებ, რაც შენთან მოდის.“

მე: „რა არის ეს? კვერთხი? შავი გველი? შავი კვერთხი, გველის ფორმის - ორი მარგალიტი თვალების ადგილას - ოქროს სამაჯური ყელზე. განა ეს ჯადოსნურ კვერთხს არ ჰგავს?“

სამშვინველი: „ჯადოსნური კვერთხია.“

მე: „რად მინდა მაგია? ჯადოსნური კვერთხი უბედურებაა? მაგია უბედურებაა?“

სამშვინველი: „კი, მათთვის, ვინც მას ფლობს.“

მე: „ძველ თქმულებასავით ჟღერს - რა საოცარი ხარ, ჩემო სამშვინველო! რად მინდა მაგია?“

სამშვინველი: „მაგია ბევრს მოგცემს.“

მე: „ვშიშობ, რომ ჩემს ცნობისმოყვარობასა და გაურკვევლობას აღვივებ. შენ იცი, რომ ადამიანს მუდამ სწყურია შავი ხელოვნება და ის საგნები, რომელიც მას გარჯის გარეშე ეძლევა.“

სამშვინველი: „მაგია ადვილი არ არის და ის მსხვერპლს ითხოვს.“

მე: „სიყვარულის ფასად ღირს? ადამიანობის ფასად? მაშინ კვერთხი უკან წაიღე.“

სამშვინველი: „ნუ ჩქარობ. მაგიას ეს კი არა სხვა მსხვერპლი სჭირდება.“ 

მე: „რომელ მსხვერპლს გულისხმობ?“

სამშვინველი: „მსხვერპლი, რომელსაც მაგია ითხოვს, არის ნუგეში.“

მე: „ნუგეში? სწორად გავიგე? გამოუთქმელად რთულია შენი გაგება. მითხარი, რას ნიშნავს ეს?“

სამშვინველი: „ნუგეში უნდა შეიწიროს.“

მე: „რას გულისხმობ? მსხვერპლი უნდა იყოს ნუგეში, რომელსაც გავცემ თუ რომელსაც ვიღებ?

სამშვინველი: „ორივე.“

მე: „დავიბენი. ძალიან ბნელა.“

სამშვინველი: „ნუგეში შავი კვერთხის გამო უნდა შესწირო, ნუგეში, რომელსაც იღებ და რომელსაც გასცემ.“

მე: „ვინც მიყვარს, მათგან ნუგეში არ უნდა მივიღო? და ვინც მიყვარს, ისინი არ უნდა ვანუგეშო? ეს ხომ ადამიანობის დაკარგვას ნიშნავს, და მის ადგილს იკავებს ის, რასაც საკუთარი თავის და სხვების მიმართ სისასტიკეს უწოდებენ.“

სამშვინველი: „მართალია.“

მე: „კვერთხი ამ მსხვერპლს ითხოვს?“

სამშვინველი: „ის ითხოვს ამ მსხვერპლს.“

მე: „გავიღო ეს მსხვერპლი კვერთხისთვის? უნდა ავიღო კვერთხი?“

სამშვინველი: „გსურს თუ არა?“

მე: „არ შემიძლია თქმა. რა ვიცი შავი კვერთხის შესახებ? ვინ მომცემს მას?“

სამშვინველი: „ბნელი, რომელიც შენს წინაშეა. ის არის შემდეგი, რაც შენთან მოდის. მიიღებ და შესთავაზებ მას შენს მსხვერპლს?“

მე: „რთულია, ბნელისთვის, ბრმა უკუნისთვის რაიმეს შეწირვა - თანაც როგორი მსხვერპლი!“

სამშვინველი: „ბუნება - იძლევა ნუგეშს ბუნება? ან იღებს იგი ნუგეშს?“

მე: „მძიმე სიტყვას ამბობ. როგორ მარტოობას ითხოვ შენ ჩემგან?“

სამშვინველი: „ეს არის შენი უბედურება, და შავი კვერთხის ძალაუფლება.“

მე: „როგორი ბნელი და წინათგრძნობით სავსეა შენი საუბარი!  მომაქცევ ყინულივით მაგარ ჯავშანში? ჩასვამ ჩემს გულს ლითონის ნაჭუჭში? სიცოცხლის სითბოს შევხარი. უნდა მომაკლდეს იგი მაგიისთვის? რა არის მაგია?“

სამშვინველი: „შენ არ იცნობ მაგიას. ასე რომ ნუ განსჯი. რაზე მოგდის გული?“

მე: „მაგია! რად მინდა მაგია? არ ვფიქრობ ამაზე, არ შემიძლია ვიწამო ეს. გული მიმდის - და მაგიას ადამიანობის ყველაზე დიდი ნაწილი უნდა შევწირო?“

სამშვინველი: „მე კარგს გირჩევ. ნუ ებრძვი, და პირველ რიგში - ასე გასხივოსნებულად ნუ წარმოაჩენ თავს, თითქოს გულის სიღრმეში მაგიის არ გჯეროდეს.“

მე: „შეუბრალებელი ხარ. მაგრამ არ შემიძლია მაგიის მჯეროდეს. ან მასზე არასწორი წარმოდგენა მაქვს.“

სამშვინველი: „ბოლო ნათქვამი შეიძლება გავიგოთ. ერთხელ მაინც მოიშორე შენი ბრმა მსჯელობები და კრიტიკული ჟესტები, თორემ ვერასოდეს გაიგებ ამას. კიდევ წლები აპირებ ლოდინს?“

მე: „მოთმინება მაქვს, ჩემი მეცნიერება ჯერ კიდევ არ არის დაძლეული.“

სამშვინველი: „ახლა არის მისი დაძლევის დრო!“

მე: „ბევრს ითხოვ, მეტისმეტად ბევრს. საბოლოოდ რომ დავასკვნათ - განა მეცნიერება საჭიროა ცხოვრებისთვის? მეცნიერებაა ცხოვრება? არიან ადამიანები, რომლებიც მეცნიერების გარეშე ცხოვრობენ. მაგრამ მეცნიერების დაძლევა მაგიისთვის? ეს შემზარავი და სახიფათოა.“

სამშვინველი: „გეშინია? ვერ ბედავ ცხოვრებას? განა ცხოვრებას არ მოაქვს შენთვის ეს პრობლემა?“

მე: „ეს ყველაფერი მაჩლუნგებს და მაბნევს. არ გაქვს ნათელი სიტყვა ჩემთვის?“

სამშვინველი: „ოჰ, ნუგეში გსურს? გინდა კვერთხი თუ არა?“

მე: „შენი სიტყვით გული მეგლიჯება. მსურს ცხოვრებას დავექვემდებარო. მაგრამ როგორი რთულია ეს! მინდა შავი კვერთხი, რადგან პირველი საგანია, რომელიც ბნელს მაძლევს. არ ვიცი რას ნიშნავს ეს კვერთხი, ან რას იძლევა იგი - ვგრძნობ მხოლოდ, თუ რას იღებს იგი. დავიჩოქებ და ბნელის ამ მაცნეს მივიღებ - შავ კვერთხს მივიღებ, ვიჭერ მას, გამოუცნობს, ჩემს ხელში - იგი ცივია და მძიმე, როგორც რკინა. გველის მარგალიტებიანი თვალები მიყურებენ ბრმად და ელვარედ. რა გინდა, იდუმალო საჩუქარო? გარდასული სამყაროების მთელი სიბნელე შენში იკრებს ძალას, მტკიცე, შავო ფოლადო! დრო და ბედისწერა ხარ? ბუნების არსი, მკაცრად და მარადიულად უნუგეშო, და მაინც მთელი შემოქმედებითი ძალის ჯამი? შენგან უძველესი ჯადოსნური სიტყვები მოდის - იდუმალი ზემოქმედება იგრძნობა შენს გარშემო - რომელი ძლევამოსილი ხელოვნება თვლემს შენში? აუტანელი დაძაბულობა შემოგაქვს ჩემში - რანაირ სახეს იღებ? რომელ საზარელ საიდუმლოს აღასრულებ? ავდარს, ქარიშხალს, სიცივეს, ჭექა-ქუხილს მოიტან თუ მინდვრებს გაანაყოფიერებ და ორსულთა სხეულებს დალოცავ? რა არის შენი არსებობის ნიშანი? თუ ეს არც გჭირდება, ბნელი წიაღის ძეო? აივსები ბურუსით მოცულ სიბნელით, რომლის კონკრეტიკა და კრისტალი ხარ? ჩემს სამშვინველში სად დაგმალავ? ჩემს გულში? ნუთუ ჩემი გული შენი ტაძარი, შენი წმინდათაწმინდა უნდა იყოს? მაშ აირჩიე შენი ადგილი. მე შენ მიგიღე. როგორი მძიმე დაძაბულობა მოგაქვს ჩემთვის! ჩემი ნერვების მოჭიმული მშვილდი ხომ არ ტყდება? მე მივიღე ღამის მაცნე.“

სამშვინველი: „ძლევამოსილი მაგი ცხოვრობს მასში.“

მე: „ვგრძნობ ამას და ვერ აღვწერ, თუ რა შემაძრწუნებელი ძალაა მისთვის მიცემული. გაცინება მსურდა, სიცილში ხომ ამდენი რამ გამოიხატება და თავის განმუხტვას პოულობს. ჩემში კი სიცილი კვდება. კვერთხის მაგია მყარია როგორც რკინა და ცივია როგორც სიკვდილი. მომიტევე, ჩემო სამშვინველო, არ მინდა მოუთმენელი ვიყო, მაგრამ მეჩვენება, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რომლითაც ის აუტანელი დაძაბულობა, რომელიც კვერთხმა მომიტანა, უნდა განიმუხტოს.“

სამშვინველი: „დაიცადე, თვალები და ყურები არ მოადუნო.“

მე: „ჟრუანტელი მივლის და არ ვიცი რატომ.“

სამშვინველი: „ზოგჯერ დიადის წინაშე უნდა ძრწოდე.“

მე: „ქედს ვიხრი, ჩემო სამშვინველო, უცნობი ძალების წინაშე - ყოველი უცნობი ღმერთისთვის საკურთხევლის მიძღვნა მსურს. უნდა დავნებდე. შავი რკინა ჩემს გულში იდუმალ ძალას მაძლევს. ეს ჰგავს ნუგეშს და ადამიანების ზიზღს.“

ოჰ, ბნელი ქმედება, დანაშაული, მკვლელობა! უფსკრულო, მოავლინე ის, რაც არ გამოიხსნება. ვინ არის ჩვენი გამომხსნელი? ვინ არის ჩვენი წინამძღოლი? სად მიდის გზები შავ უდაბნოზე? ღმერთო, ნუ მიგვატოვებ! რას იძახი, ღმერთო? ბნელში აწიე ხელები შენს თავზე, ილოცე, დაეჭვდი, იმტვრიე ხელები, დაიჩოქე, შუბლი მტვერს დაადე, იყვირე, მაგრამ არ ახსენო იგი, არ შეხედო მას. დატოვე იგი სახელისა და ფორმის გარეშე. უფორმოს ფორმა რაში სჭირდება? ან უსახელოს სახელი? დაადექი დიდ გზას და მიწვდი იმას, რაც ყველაზე ახლოს დგას. ნუ აკვირდები, ნურაფერს ისურვებ, არამედ აღმართე ხელები. ბნელი საჩუქრები იდუმალებით სავსეა. გზა ხსნილია მისთვის, ვისაც შეუძლია გაცდეს გამოცანებს. დაექვემდებარე გამოცანებსა და გაუცნობიერებელს. უსასრულოდ ღრმა უფსკრულებზე თავბრუდამხვევი ხიდებია. მაგრამ მიჰყევი გამოცანებს.

აიტანე საზარელი გამოცანები. ჯერ კიდევ ბნელა, ჯერ კიდევ იზრდება რაღაც შიშის მომგვრელი. ჩასახული სიცოცხლის დინებაში ჩაძირულები, დანთქმულები ვუახლოვდებით უძლიერეს, არაადამიანურ ძალას, რომელიც ქმნის იმას, რაც უნდა მოვიდეს. რამდენ სამომავლო რამეს მალავს სიღრმე! განა მასში ათასწლოვანი ძაფები არ არის დახლართული? დაიცავი გამოცანები, გულში ატარე და გაათბე ისინი, მუცლად იღე ისინი. ასე ატარებ მომავალს.

მომავლისგან გამოწვეული დაძაბულობა აუტანელია ჩვენში. მან სივიწროვე უნდა გაარღვიოს, ახალი გზები გაიყვანოს. შენ ტვირთის ჩამოხსნა გსურს, შენ გარდაუვალის აცილება გსურს. გაქცევა ტყუილი და შემოვლითი გზაა. დახუჭე თვალები, ამით მრავალფეროვნებას, გარეგნულ მრავალგვარობას, ამომგდებსა და მაცდურს ვერ დაინახავ. არის მხოლოდ ერთი გზა, ეს შენი გზაა, მხოლოდ ხსნა, და ეს შენი ხსნაა. რატომ იყურები გარშემო დახმარების მოლოდინში? გჯერა, რომ გარედან დახმარება მოვა? ის ვინც მოდის, შენში და შენგან იქმნება. ამრიგად ჩაიხედე საკუთარ თავში. არაფერი შეადარო, არაფერი გაზომო. არც ერთი გზა არ ჰგავს შენს გზას. სხვა ყველა გზა ცდომილება და ცდუნებაა. შენ უნდა აღასრულო ის გზა, რომელიც შენშია.

ო, ყველა ადამიანი და მათი ყველა გზა შენთვის უცხო ხდება! ამგვარად შეგიძლია მათი პოვნა შენში და მათი გზების ცნობა. მაგრამ როგორი სისუსტეა! როგორი იმედგაცრუება! როგორი შიშია! შენი გზის გავლას ვერ აიტან. ცალი ფეხით მაინც სხვის გზაზე იდგები, რათა დიდ მარტოობაში არ აღმოჩნდე! რათა დედობრივი ნუგეში მუდამ თან გახლდეს! ამით შენ დაგამკვიდრებენ, გაღიარებენ, გენდობიან, განუგეშებენ, შთაგაგონებენ! ასე სხვა გადაგიყვანს უცხო ბილიკზე, სადაც საკუთარ თავს შორდები და უფრო ადვილი გზის გავლა შეგიძლია. თითქოს შენ აღარ ხარ შენ! შენს გასაკეთებელს ვინ აღასრულებს? შენს სათნოებებსა და ტვირთს ვინ ატარებს? შენს ცხოვრებას ბოლომდე ვერ გაივლი, და მიცვალებულები შემზარავად შემოგიტევენ, რადგან შენი ცხოვრებით არ იცხოვრე. ყველაფერი უნდა აღსრულდეს, ყველაფერი. დრო არ იცდის, რატომ გსურს ერთი დააგროვო, მეორე კი დაალპო?

დიდია გზის ძალა. მასში ზეცა და ჯოჯოხეთი ერთად იზრდება, ქვემოთ და ზემოთ მყოფი ძალები ერთიანდებიან. ბუნების გზა მაგიურია, ისევე როგორც ლოცვა და მოხმობა, მაგიურია წყევლა და ქმედება, როდესაც დიდ გზაზე აღსრულდებიან. მაგია არის ადამიანის ქმედება ადამიანზე, მაგრამ ისე არ ხდება, რომ შენი მაგიური ქმედება შენს მოყვასს ეხება, არამედ ის პირველ რიგში შენ გეხება, და როდესაც აიტან მას, მხოლოდ მაშინ მოქმედებს იგი უხილავად შენს მოყვასზეც. ამიტომ ის იმაზე მეტად არის ჰაერში, ვიდრე ამას ვფიქრობდი. მას ვერ მოიხელთებ. ისმინე:

ზემდგომი ძლევამოსილია,

ქვემდგომი ძლევამოსილია,

ერთში ორგვარი ძალაა.

ჩრდილოეთო, მოდი,

დასავლეთო, დაყოვნდი,

აღმოსავლეთო, ამოყევი დინებას,

სამხრეთო, გადმოიღვარე.

ქარების მონაბერი ჯვარს კრავს.

პოლუსები შუალედში ერთიანდებიან.

საფეხურები მიუყვება ზემოდან ქვემოთ.

ადუღებული წყალი თუხთუხებს ქვაბებში.

გავარვარებული ფერფლი მოფენილია მრგვალ იატაკზე.

ზემოდან ღამე ეშვება ლურჯად და ღრმად,

მიწა წამოიმართება ქვემოდან შავად.

მარტოსული სამკურნალო სასმელს ხარშავს,

ის ოთხივე ქარს ძღვენს მიართმევს.

ის ვარსკვლავებს ესალმება და მიწას ეხება.

მანათობელი რამ უჭირავს ხელში.

მის გარშემო ყვავილები ამოდის და მის ყოველ კიდურს ახალი გაზაფხულის მადლი ეამბორება.

გარშემო ჩიტები დაფრინავენ და ტყის მორცხვი ცხოველები შეჰყურებენ მას.

ის შორს არის ადამიანებისგან და მაინც მათი ბედის ძაფები მის ხელში გადის.

დაე თქვენი თხოვნა მის წოდებას აძლიერებდეს, რათა უღრმეს ჭრილობებს კურნება მისცეს.

თქვენთვის არის იგი მარტოსული და მარტო იცდის ზეცასა და მიწას შორის, რათა მიწა მასთან ამოვიდეს, ხოლო ზეცა მასთან ჩამოვიდეს.

ყველა ხალხი შორს არის მისგან და სიბნელის კედლის მიღმა დგანან.

მე კი მისი სიტყვა მესმის, რომელიც შორიდან მომდის.

მან ცუდი მწერალი აირჩია, რომელიც ძნელად განისწავლება და წერის დროს ბორძიკობს.

მე ვერ ვცნობ მას, მარტოსულს. რას ამბობს იგი? ის ამბობს: „შიშითა და გაჭირვებით ვიტანჯები ადამიანთა გულისთვის.“

მე ძველი რუნები და ჯადოსნური შელოცვები ამოვთხარე, რადგან სიტყვები ადამიანებამდე ვერასოდეს აღწევს. სიტყვები ჩრდილებად იქცნენ.

ამის გამო ავიღე ძველი ჯადოსნური მოწყობილობები, მოვხარშე ცხელი სასმელი, საიდუმლო და უძველესი ძალა შევურიე მასში, რომელსაც ყველაზე ჭკვიანიც ვერ გამოიცნობს.

მე ყველა ადამიანური აზრისა და ქმედების ფესვები მოვხარშე.

მრავალი ვარსკვლავებიანი ღამის განმავლობაში ვუცდიდი ქვაბს. უზომოდ ნელა თუხთუხებს ნახარში. თქვენი თხოვნა მჭირდება, თქვენი დაჩოქება, თქვენი იმედგაცრუება და თქვენი მოთმინება. მე მჭირდება თქვენი ბოლო და უმაღლესი სწრაფვა, თქვენი უწმინდესი ნება, თქვენი თავმდაბალი თვინიერება.

მარტოსულო, ვის ელოდები შენ? ვისი დახმარება გჭირდება? არავინაა, ვინც დასახმარებლად მოვა, რადგან ყველა შენ გიყურებს და მათ შენი მკურნალი ხელოვნება სჭირდებათ.

ჩვენ ყველანი უუნაროები ვართ და შენზე მეტად გვჭირდება დახმარება. დაგვეხმარე, რათა ჩვენც დაგეხმაროთ.

მარტოსული ამბობს: „ამ გაჭირვებაში არავინ დამიდგება გვერდში? ჩემი საქმე უნდა მივატოვო, რათა თქვენ დაგეხმაროთ, რის შემდეგაც აქეთ დამეხმარებით? მაგრამ როგორ დაგეხმაროთ, როდესაც ჩემი სასმელი ჯერ კიდევ არ არის მზად? ამას უნდა ეშველა თქვენთვის. რას მოელით ჩემგან?“

მოდი ჩვენთან! რას დგახარ მანდ და ხარშავ რაღაც საოცრებას! რად გვინდა შენი სამკურნალო და ჯადოსნური სასმელი? გწამს სამკურნალო სასმელების? შეხედე ცხოვრებას, როგორ სჭირდები მას შენ!

მარტოსული ამბობს: „სულელებო, არ შეგიძლიათ ერთი საათი მაინც იფხიზლოთ ჩემთან ერთად, სანამ ხანგრძლივი ძნელბედობა დასრულდება და წვენი მომზადდება?

სულ ცოტაც და ნახარში მზად იქნება. რატომ ვერ იცდით? რატომ უნდა გააბათილოს თქვენმა მოუთმენლობამ უდიდესი საქმე?“

რა არის უდიდესი საქმე? ჩვენ არ ვცხოვრობთ, სიცივემ და გაქვავებამ მოგვიცვა. შენი საქმე, მარტოსულო, ეონების განმავლობაშიც არ დასრულდება, რომც დღიდან დღემდე გრძელდებოდეს.

გამოხსნის საქმე უსასრულოა, რატომ ელოდები ამ საქმის დასრულებას? და შენმა მოლოდინმა რომც გაგაქვავოს უსასრულო დროით, ბოლომდე მაინც ვერ გაატან. და როდესაც შენი ხსნა დასასრულს მიუახლოვდება, შენი თავი შენივე ხსნისგან უნდა გამოიხსნა.

მარტოსული ამბობს: „როგორი სულისშემძვრელი ჩივილი ხვდება ჩემს ყურს! როგორი წკმუტუნია! რა ბრიყვები ხართ ეს სკეპტიკოსები! ურჩი ბავშვები! მოითმინეთ, ეს ღამეც და ყველაფერი დასრულდება.“

ერთ ღამესაც აღარ დავიცდით, საკმარისია მოთმენა. შენ ის ღმერთი ხარ, ვისთვისაც ათასობით ღამე ერთ ღამესავით არის? ეს ერთი ღამე ჩვენთვის, ვინც ადამიანები ვართ, ათასობით ღამესავით იქნება. შეეშვი ხსნის საქმეს, და ყველანი გადავრჩებით. რამდენი ხანი მოუნდები ჩვენს ხსნას?

მარტოსული ამბობს: „ადამიანთა მტანჯველო მოდგმავ, ღმერთისა და ტკივილის სულელო ნაბიჭვარო, მე ჯერ კიდევ მაკლია თქვენი ძვირფასი ხორცის ნაწილი ჩემი ნარევისთვის. მართლაც თქვენი ხორცის ყველაზე ძვირფასი ნაწილი ვარ? ღირს, რომ თქვენთვის მოვიხარშო? თქვენს გამო ერთი ჯვარზე მიეჭედა. ის საკმაოდ მართალი იყო. ის მიღობავს გზას. ამის გამო არ მივუყვები მის გზას, მე თქვენ არ გიმზადებთ წვენს გადარჩენისთვის, არც უკვდავების სისხლიან ელექსირს, არამედ თქვენს გამო მივატოვებ სასმელს, ქვაბსა და საიდუმლო საქმეს, რადგან ლოდინი არ შეგიძლიათ. ვიშორებ თქვენს თხოვნებს, დაჩოქებასა და მოწოდებებს. თქვენით მოგიწევთ გადარჩენა თქვენივე ხსნით ან ხსნის გარეშე. თქვენი ფასი საკმაოდ მაღლა იწევს იმით, რომ თქვენთვის ერთი უკვე მოკვდა. ახლა დაამტკიცეთ თქვენი ფასი იმით, რომ ყველა საკუთარი თავისთვის იცხოვრებთ. ღმერთო ჩემო, როგორი მძიმეა, ადამიანის გამო საქმის დაუსრულებლად მიტოვება! მაგრამ ღმერთის გამო უარს ვამბობ იმაზე, რომ მხსნელი ვიყო. ახლა კი ჩემი სასმლის დუღილი დასრულდა. ჩემი თავი კი არ შევურიე სასმელს, არამედ კაცობრიობის ნაწილი ჩავაჭერი, და უყურე, მან ქაფქაფა სასმლის სიბნელე გაანათა.

როგორი ტკბილია, როგორი მწარეა იგი!

ქვედა არის სუსტი.

ზედა არის სუსტი,

ერთიანის ფორმა ორმაგი ხდება.

ჩრდილოეთო, ადექი და გადი,

დასავლეთო, შენს ადგილას გაბრუნდი,

აღმოსავლეთო, გაფართოვდი,

სამხრეთო, განისვენე. 

მათ შორის ქარები ათავისუფლებენ ჯვარცმულს.

შორეული პოლუსები გაიყვნენ შუალედური პოლუსებით.

საფეხურებად დგანან ვრცელი გზები, გაწელილი ქუჩები.

ათუხთუხებული ქვაბი ცივდება.

ნაცარი განქარდება მის ქვეშ.

ღამე ცას ფარავს და ქვემოთ შავი მიწაა.

დღე დგება და შორეული მზე ღრუბლებზე ამოდის.

მარტოსული არ ხარშავს სამკურნალო სასმელს.

ოთხი ქარი უბერავს და თავის გულუხვობაზე იცინის.

ის კი ოთხივე ქარს დასცინის.

მან ვარსკვლავები იხილა და მიწას შეეხო.

ამის გამო იგი მანათობელს გადახვევს ხელს, და მისი ჩრდილი ზეცამდე იზრდება.

აუხსნელი რამ ხდება. შენ სიამოვნებით მიატოვებდი საკუთარ თავს და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობას დანებდებოდი. შენ ნებისმიერ მკრეხელობას ჩაიდენდი, რათა ცვალებადის საიდუმლო მოგეპარა. მაგრამ უსასრულოა გზა.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff