კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

Nox tertia

ჩემმა სამშვინველმა მიჩურჩულა, დაჟინებით და შემაშფოთებლად: „სიტყვები, სიტყვები... ძალზე ბევრ სიტყვებს იყენებ. გაჩუმდი და ისმინე: შეიცანი შენი სიგიჟე და აღიარე იგი? დაინახე, რომ შენი საწყისები სრულად სიგიჟეშია დამალული? აღიარებ შენს სიგიჟეს და ხალისით მიესალმები მას? შენ ყველაფრის მიღება გინდოდა. მაშ მიიღე შენი სიგიჟეც. დაე ანათებდეს შენი სიგიჟის ნათელი, და შენთვის დიადი ნათელი ამოვა. სიგიჟე არ უნდა უარყო და არ უნდა გეშინოდეს მისი, არამედ მას სიცოცხლე უნდა მისცე.“

მე: „მკაცრია შენი სიტყვა და მძიმეა დავალება, რომელსაც მაძლევ.“

სამშვინველი: „თუ გზებს იპოვი, არ უნდა გეზიზღებოდეს სიგიჟე, რადგან შენი არსის მნიშვნელოვანი ნაწილია.“

მე: „არ ვიცოდი, თუ ასე იყო.“

სამშვინველი: „გიხაროდეს, რომ მისი შეცნობა შეგიძლია, ამით აირიდებ, რომ მისი მსხვერპლი გახდე. სიგიჟე არის სულის განსაკუთრებული ფორმა და მიბმულია ყოველ სწავლებასა და ფილოსოფიაზე, და უფრო მეტად კი ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან თავად ცხოვრებაა სიგიჟით სავსე და არსებითად ირაციონალური. ამის გამო ისწრაფვის ადამიანი გონებისკენ, რათა წესები დაადგინოს. თავად ცხოვრებას არ აქვს რაიმე წესი. ეს არის მისი უცნობი კანონი. რასაც შემეცნებას უწოდებ, არის მცდელობა, რომ ცხოვრებაში რაიმე გასაგები იპოვო.“ 

მე: „ეს ყველაფერი ძალზე უიმედოდ ჟღერს, ჩემში წინააღმდეგობას იწვევს.“

სამშვინველი: „არაფერი გაქვს საწინააღმდეგო, საგიჟეთში ხარ.“

აქ პატარა მსუქანი პროფესორი დგას - იგი საუბრობდა? და ჩემს სამშვინველად მივიჩნიე?

პროფესორი: „ჰო, ჩემო ძვირფასო, თქვენ დაბნეული ხართ. სრულიად უშინაარსოდ საუბრობთ.“

მე: „მეც ვთვლი, რომ სრულიად დავიკარგე. მართლა გავგიჟდი? ყველაფერი ისე საშინლად მეჩვენება.“

პროფესორი: „მხოლოდ მოთმინება, ეს გაივლის. მაშ, მშვიდი ძილი.“

მე: „გმადლობთ, მაგრამ მეშინია.“

ჩემში ყველაფერი არეულია. საქმე სერიოზული ხდება, ქაოსი კი ახლოვდება. არის თუ არა ეს ფსკერი? ქაოსიც ფსკერია? ნეტა ეს მღელვარება არ იყოს. ყველაფერი ერთმანეთში შავი ტალღებივით ირევა. ჰო, მე ვხედავ და ვხვდები: ეს ოკეანეა, ყოვლადძლიერი ღამის მოქცევა - იქ გემი მოძრაობს - დიდი ორთქლმავალი - მოსაწევ სალონში შევდივარ - მრავალი ადამიანი - ლამაზი სამოსი - ყველა გაკვირვებული მიყურებს - ვიღაც მომიახლოვდა: „რა მოხდა? მოჩვენებას ჰგავხართ! რა მოხდა?“

მე: „არაფერი. ვფიქრობ შევიშალე, იატაკი ქანაობს, ყველაფერი მოძრაობს.“

ვიღაცა: „მაგრამ ამ საღამოს ზღვა ღელავს, დალიეთ ცხელი პუნში, ზღვის ავადმყოფობა გაწუხებთ.“

მე: „მართალია, ზღვის ავადმყოფობა მაწუხებს, მაგრამ განსაკუთრებული სახის - მე საგიჟეთში ვიმყოფები.“

ვიღაცა: „აი, ისევ ხუმრობთ, ესე იგი ცხოვრებას უბრუნდებით.“

მე: „ამას ხუმრობას ეძახით? ახლახანს პროფესორმა მთლად შეშლილად გამომაცხადა.“

მართლაც, პატარა მსუქანი პროფესორი მწვანე მაგიდასთან ზის და კარტით თამაშობს. ჩემს სიტყვებზე მომიბრუნდა და შემომცინის: „აბა სად ხართ, აქეთ მოდით. აიღეთ თქვენც ჭიქა. თქვენ ვინ ყოფილხართ. დღეს საღამოს თქვენი იდეებით ყველა ქალბატონი ააფორიაქეთ.“

მე: „ბატონო პროფესორო, აღარ მეხუმრება. ახლახანს მე თქვენი პაციენტი ვიყავი.“

იქაურობა საყოველთაო სიცილმა მოიცვა. 

პროფესორი: „იმედი მაქვს, ამას ტრაგიკულად არ მიიღებთ.“

მე: „საგიჟეთში მოხვედრა პატარა ამბავი არ არის.“

ის უცხო, ვისთანაც აქამდე ვსაუბრობდი, უცებ მომიახლოვდა და თვალებში მიყურებს. ეს არის კაცი შავი წვერით, გაბურძგნული თმითა და მუქი ელვარე თვალებით. მკაცრად მომმართავს: „მე უარესი რამ გადამხდა, აქ უკვე ხუთი წელი ვიმყოფები.“

ვხედავ, რომ ეს ჩემს მეზობლად მწოლიარე არის, რომელიც ეტყობა თავისი აპათიიდან გამოერკვა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. მკაცრად და შემტევად აგრძელებს საუბარს: „მე ხომ ნიცშე ვარ, მაგრამ ხელახლა მონათლული, მე ქრისტეც ვარ, მხსნელი, მე ქვეყნიერება უნდა გამომეხსნა, მაგრამ არ დამაცადეს.“

მე: „ვინ არ გაცდით?“

სულელი: „ეშმაკი. ჩვენ ხომ აქ ჯოჯოხეთში ვართ. რა თქმა უნდა თქვენ ესეც ვერ შენიშნეთ. მე პირველი ორი წლის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რომ დირექტორი ეშმაკია.“

მე: „თქვენ პროფესორს გულისხმობთ? დაუჯერებელია.“

სულელი: „უმეცარი ხართ. დიდი ხნის წინ უნდა შემერთო დედა ღვთისა. მაგრამ პროფესორი, ეშმაკი, მას ძალით დაეუფლა. ყოველ საღამოს, მზის ჩასვლისას ეშმაკი მასში ბავშვს ჩასახავს. ყოველ დილით, მზის ამოსვლისას დედა ღვთისა მშობიარობს. შემდეგ იკრიბება ყველა ეშმაკი და ბავშვს საზარლად კლავენ. ახლაც მესმის მისი ყვირილი.“

მე: „მაგრამ ეს სუფთა მითოლოგიაა, რასაც თქვენ მიყვებით.“

სულელი: „შეშლილი ხართ და არაფერი გესმით. თქვენ საგიჟეთში მოხვდით. ღმერთო ჩემო, რატომ მკეტავს ჩემი ოჯახი შეშლილთან ერთად? მე ქვეყნიერება უნდა ვიხსნა, მე მხსნელი ვარ.“

იგი თავის ლოგინში წვება და კვლავ უწინდელ აპათიას ეძლევა. ჩემი საწოლის გვერდებს ჩავავლე, რათა საშინელი რწევისგან თავი დავიცვა. კედელს მივშტერებივარ, რათა მზერით მაინც ჩავებღაუჭო რამეს. კედელზე ჰორიზონტალური ხაზია, ამ ხაზის ქვემოთ კი კედელი უფრო მუქად არის შეღებილი. წინ გამათბობელი დგას - ეს მიჯნაა, რომლის მიღმა ზღვას  ვხედავ. ხაზი არის ჰორიზონტი. და იქ მზე ამოდის წითელი ნათებით, მარტოსული და დიდებული - მასში არის ჯვარი, რომელზეც გველია ჩამოკიდებული - ან იქნებ ეს ხარია, თითქოს სასაკლაოზე გაუფატრავთ - ან იქნებ ეს ვირია? ეს ვერძია, ეკლიანი გვირგვინით - თუ თავად მე ვარ, ჯვარცმული? მარტვილობის მზე ამოვიდა და სისხლიანი სხივები მოეფინა ზღვას. ეს სანახაობა დიდხანს გრძელდება, მზე სულ უფრო მეტად მაღლდება, მისი სხივები უფრო ნათელი და მხურვალე ხდება და მზე ლურჯ ზღვაზე სულ უფრო მეტად თეთრდება. ღელვა დასრულდა. კეთილისმყოფელი ზაფხულის დილის სიმშვიდე იგრძნობა აქაფებულ ზღვაზე. მარილის სუნი დგას წყალზე. სუსტი და ფართო ტალღა ქვიშას ასკდება ყრუ ხმაურით და მუდამ ბრუნდება უკან, თორმეტჯერ, სამყაროს საათის რეკვა - მეთორმეტე ჟამი შესრულდა. ახლა კი სიმშვიდემ დაისადგურა. არავითარი ხმაური. ყოველივე გაქვავდა და სამარისებური სიჩუმეა. ვიცდი და ფარულად ვღელავ. ვხედავ ზღვიდან ამომავალ ხეს. მისი კენწერო ზეცას წვდება და მისი ფესვები ჯოჯოხეთამდე ჩადის. სრულიად მარტო და დათრგუნული ვარ და შორს ვიყურები. თითქოს მთელი ცხოვრება ხელიდან გამომეცალა და შეუერთდა გაუცნობიერებელსა და საშინელს. სრულიად სუსტი და უუნარო ვარ. „ხსნა“, ვჩურჩულებ. უცხო ხმა ამბობს: „არ არის ხსნა, მშვიდად უნდა იყოთ, თორემ სხვებს შეაწუხებთ. ღამეა და სხვებს ძილი უნდათ.“  ვხედავ, რომ ეს მორიგეა. სივრცე ლამპით სუსტად არის განათებული, სევდა ჩამოწვა ოთახში. 

მე: „გზა ამებნა.“

ის ამბობს: „ახლა არ გჭირდებათ რაიმე გზის ძებნა.“

სიმართლეს ამბობს. გზა, ან ის, რაზეც უნდა ვიაროთ, ჩვენი გზაა, ჭეშმარიტი გზა. არ არსებობს მომავლისკენ მიმავალი გზა, რომელიც დახშულია. ვამბობთ, რომ ეს სწორედ ის გზაა, და ასეც არის. ვაწყობთ გზებს, რომლითაც ვმოძრაობთ. ჩვენი ცხოვრება არის ჭეშმარიტება, რომელსაც ვეძებთ. მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა ჭეშმარიტება, თავისთავადი ჭეშმარიტება. ჩვენ ვქმნით ჭეშმარიტებას და ვცხოვრობთ ამით.

ეს არის ღამე, როდესაც ყოველი კაშხალი სკდება, როდესაც აქამდე უძრავი ამოძრავდება, როდესაც ქვები გველებად გადაიქცევა, და ყოველივე ცოცხალი შეშდება. ეს სიტყვების ქსელია? მაშინ სიტყვების ქსელი ჯოჯოხეთია მისთვის, ვინც მასში გაებმება. 

სიტყვების ჯოჯოხეთური ქსელი, მხოლოდ სიტყვები, მაგრამ რა არის სიტყვები? მათთან ფრთხილად იყავი, კარგად შეარჩიე ისინი, აიღე უსაფრთხო სიტყვები, ხლართების გარეშე, ერთმანეთში არ ჩააქსოვო, რათა ქსელი არ შედგეს, რადგან პირველი იქნები, ვინც მასში გაებმები. სიტყვებს ხომ მნიშვნელობა აქვთ. სიტყვებით ამოზიდავ ქვესკნელს. სიტყვა არის არარაობა და ყველაზე აღმატებული სიძლიერე. სიტყვაში იღვრება სიცარიელე და სისავსე ერთდროულად. ამგვარად სიტყვა არის ხატება ღვთისა. სიტყვა არის უდიდესი და უმცირესი, რაც კი ადამიანს შეუქმნია, ისევე როგორც ადამიანით შექმნილი არის უდიდესი და უმცირესი. 

როდესაც სიტყვების ქსელის მსხვერპლი ვხდები, ასე ვეცემი უდიდესსა და უმცირესში. მივენდობი ზღვას, ქაოტურ ტალღებს, რომლებიც მოუსვენრად მიმოიქცევიან. მისი ბუნებაა მოძრაობა, და მოძრაობაა მისი წესრიგი. ვინც ტალღების საწინააღმდეგოდ ისწრაფვის, შემთხვევითობას არის მინდობილი. ადამიანთა ქმედებები საფუძვლიანია, მაგრამ ქაოსში ცურავს. ვინც ზღვიდან გამოდის, მას ადამიანთა საქციელი სიგიჟედ ეჩვენება. ადამიანები კი მას ხედავენ როგორც გიჟს. ვინც ზღვიდან გამოდის, სნეულია. ადამიანთა მზერას ვერ იტანს. რადგან ისინი ყველა მთვრალი და საძილე შხამებით დაბანგული ჰგონია. ისინი შენს დასახმარებლად მოიჩქარიან, შენ კი იმდენად დახმარების მიღება არ გინდა, რამდენადაც მათ აჩვენო, რომ ქაოსი თითქოს არ გინახავს და მის შესახებ მხოლოდ საუბრობ.

მაგრამ ვინც ქაოსი იხილა, მისთვის აღარაფერია დაფარული, მან იცის, რომ საფუძველი ირყევა და ისიც იცის, თუ რა არის ეს რყევა. მან უსასრულობის წესრიგი და უწესრიგობა იხილა, მან იცის უკანონო კანონების შესახებ. მან ზღვის შესახებ იცის და ამას ვერასოდეს დაივიწყებს. საზარელია ქაოსი: დღე ფოლადით სავსე, ღამე საშინელებით სავსე.

მაგრამ როგორც ქრისტემ იცოდა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, რომლითაც ახალი ტანჯვა და ახალი კურნება მოვიდა ქვეყნად, ისევე ვიცი მეც, რომ ქაოსი ადამიანის მეშვეობით უნდა მოვიდეს და რომ ხელები დაკავებული აქვთ მათ, ვინც გაუაზრებლად და უცოდინრობით იმ თხელ კედლებს გაარღვევენ, ზღვისგან რომ გვაშორებენ. რადგან ეს არის ჩვენი გზა, ჩვენი ჭეშმარიტება და ჩვენი ცხოვრება. როგორც ქრისტეს მიმდევრებმა შეიცნეს, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა და მათ შორის კაცის სახით ცხოვრობდა, ასევე შევიცნობთ ახლა ჩვენ, რომ ამ დროის ცხებული ღმერთია, რომელიც ხორციელად არ ვლინდება, ადამიანი არ არის და არც ძე კაცისა, სულია და არა ხორცი, და ამგვარად ადამიანის სულისგან, როგორც ღვთისმშობლისგან, იბადება. რასაც ამ ღმერთისთვის აღასრულებ, ის შენი დაბალი „მე“-სთვის სრულდება, სიყვარულის კანონით, რომლითაც არაფერი გამოირიცხება. განა სხვანაირად როგორ უნდა გადაურჩეს შენი დაბალი „მე“ ლპობას? ვინ უნდა მიიღოს შენი დაბალი „მე“, თუ შენ არ მიიღებ მას? მაგრამ ვინც ამას არა სიყვარულით, არამედ ქედმაღლობით, ეგოიზმითა და სიხარბით ასრულებს, შეჩვენებულია. და შეჩვენება დაუძლეველია.

გარდაუვალია ტანჯვა, როდესაც შენში დაბალ „მე“-ს მიიღებ, შენ ხომ უკუგდებულს ასრულებ და აშენებ იმას, რაც ნანგრევებად იყო ქცეული. ჩვენში ბევრი საფლავი და გვამია, ლპობის ამაზრზენი სუნი. როგორც ქრისტემ ტანჯვის მეშვეობით ხორცი განკურნა, ასევე ამ დროის ღმერთი ტანჯვის მეშვეობით სულს განკურნავს. როგორც ქრისტემ სულით გვემა ხორცი, ისე ამ დროის ღმერთი მიმართავს ხორცით სულის გვემას. ჩვენი სული თავხედ მეძავად იქცა, ემონება ადამიანის მიერ შექმნილ სიტყვას და არა თავად ღვთაებრივ სიტყვას. 

დაბალი „მე“ შენში არის წყალობის საწყისი. ამ დაავადებას ჩვენზე ვიღებთ - მოუსვენრობა, სიმდაბლე და საზიზღრობა - ამით ღმერთი განიწმინდება და ბრწყინვალედ ამოდის, სიკვდილის ხრწნისა და ქვესკნელის ლაფისგან გათავისუფლებული. დამდაბლებული ტყვე ბრწყინვალე და სრულიად განწმენდილი ადის თავის ხსნამდე.

არსებობს ზედმეტად დიდი ტანჯვა, რომელსაც ღმერთისთვის დავითმენდით? შენ მხოლოდ ერთს ხედავ და სხვას ვერაფერს ამჩნევ. როდესაც არსებობს ერთი, არსებობს მეორეც და ეს არის უმდაბლესი შენში. უმდაბლესი შენში არის ბოროტის თვალიც, რომელიც ცივად მოგჩერებია და შენს ნათელს ბნელ უფსკრულში იწოვს. დალოცეთ ხელი, რომელიც ზემოდან გიჭერთ, იკავებს უმცირეს ადამიანურს, დაბალ სასიცოცხლო ძალას. მცირედნი არჩევენ სიკვდილს. როგორც ქრისტემ კაცობრიობას სისხლიანი მსხვერპლი დაუდო, ასევე განახლებული ღმერთიც არ დაზოგავს სისხლს.

რატომ არის შენი სამოსი ასეთი წითელი, ხოლო შენი კვართი თითქოს საწნახელში ყურძნის დაჭყლეტვისას დაისვარა? მარტო ვმუშაობ საწნახელში და არავინ მიდგას გვერდით. ჩემი თავი გავსრისე რისხვით და გავთელე ბრაზით. ასე გაისვარა ჩემი სამოსი და სისხლი ესხურა ჩემს კვართს. შურისგების დღე ჩემშია და ჩემი გამოხსნის წელი დგება. გარშემო მიმოვიხედე და დამხმარე არავინ იყო; და მე გავოცდი, არავინ მედგა გვერდში, ჩემს ხელს უნდა ეშველა ჩემთვის, და ჩემი ბრაზი მედგა გვერდში. ბრაზით ჩემი თავი გავთელე, საკუთარი თავი შევსვი რისხვით და ჩემი სისხლი იყო მიწაზე დანთხეული. რაც ჩავიდინე ის ჩემზე ავიღე, რათა ღმერთი განკურნებულიყო.

როგორც ქრისტემ თქვა, რომ მან მშვიდობა კი არა მახვილი უნდა მოეტანა, ასევე ის, რომელშიც ქრისტე აღსრულდება, მოიტანს არა მშვიდობას არამედ მახვილს. იგი საკუთარი თავის წინააღმდეგ აღდგება, და მასში ერთი მეორის წინააღმდეგ იქნება მომართული. შეიძულებს იმას, რაც საკუთარ თავში ეყვარება. საკუთარ თავში თვითგვემას მიმართავს, დამცირდება და ჯვარზე ტანჯვისთვის გადაეცემა, და არავინ დაუდგება გვერდში, არავინ შეამსუბუქებს მის ტანჯვას.

როგორც ქრისტე ეცვა ჯვარს ორ ავაზაკს შორის ისე ჩვენი დაბალი „მე“ არის ჩვენი გზის ორივე მხარეს. და როგორც ერთი ავაზაკი ჯოჯოხეთში მოხვდა და მეორე ზეცად ამაღლდა, ისევე ჩვენი დაბალი „მე“ ჩვენი განსჯის დღეს ჩვენში ორ ნაწილად გაიყოფა. ერთი, რომელიც განწირულია და სიკვდილის კერძია, და მეორე, რომელიც ამაღლდება. მაგრამ ეს დიდხანს გაგრძელდება, სანამ არ დაინახავ, თუ რა არის სასიკვდილოდ ან სასიცოცხლოდ დადგენილი, რადგან დაბალი „მე“ შენში ჯერ კიდევ არ გაყოფილა და ერთიანად მისცემია ღრმა ძილს.

როდესაც ჩემში დაბალ „მე“-ს ვიღებ, თესლს ვაგდებ ჯოჯოხეთის მიწაში. მარცვალი უხილავად მცირეა, მაგრამ მისგან ჩემი ცხოვრების ხე იზრდება და ქვედას აერთებს ზედასთან. ორივე ბოლოში არის ცეცხლი და უდიდესი სიმხურვალე. ზედა არის ცეცხლოვანი და ქვედა არის ცეცხლოვანი. აუტანელ კოცონებს შორის იზრდება შენი ცხოვრება. ამ ორ პოლუსს შორის ხარ გამოკიდებული. განუზომლად შემზარავ მოძრაობაში ქანაობს ჩამოკიდებული ზემოთ და ქვემოთ. 

ამის გამო ეშინიათ საკუთარი დაბალი „მე“-სი, რადგან ის, რასაც ადამიანი ვერ ფლობს, ქაოსთან ერთობაშია და მის იდუმალ მიქცევასა და მოქცევაში მონაწილეობს. რამდენადაც ჩემში დაბალ „მე“-ს მივიღებ, მათ შორის იმ წითლად მოელვარე მზესა და სიღრმეს, და ამით ქაოტურ დაბნეულობას მივეცემი, იმდენად ამოდის ჩემთვის ზედა მანათობელი მზე. ამგვარად, ვინც უმაღლესისკენ ისწრაფვის, ის სიღრმესაც პოულობს.

თავისი დროის ადამიანთა ჩამოხრჩობისგან გადასარჩენად, ქრისტემ იკისრა ეს ტანჯვა ჭეშმარიტად და ასწავლიდა მას: იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. რადგან გონიერება რჩევას იძლევა ქაოსისთვის, ხოლო უმანკოება დაფარავს მის შემზარავ სახეს. ამგვარად ადამიანებს შუა ბილიკზე უსაფრთხოდ სიარული შეეძლოთ, ზემოთ და ქვემოთ დადგენილი შეზღუდვებით.

მაგრამ ზემოთ და ქვემოთ მყოფი მიცვალებულები მაღლდებიან და მათი მოთხოვნილებები სულ უფრო იზრდება. აღდგნენ კეთილშობილნი და უღირსნი, ისინი, ვინც უმეცრებით შუალედის კანონს გადაუხვევენ. ისინი კარებს ხსნიან ზემოთ და ქვემოთ. ისინი ზემოთ ან ქვემოთ სიგიჟისკენ ექაჩებიან სხვებს, თესავენ არეულობას და ასე უმზადებენ გზას მას, ვინც უნდა მოვიდეს. 

ხოლო ვინც ერთისკენ მიდის და იმავე დროს არ მიდის მეორისკენ, იღებს იმას რაც შეხვდება და უბრალოდ ამ ერთს ასწავლის, ამით იცხოვრებს და ამისგან ჭეშმარიტებას შექმნის. ამით იგი იმ ერთის მსხვერპლი გახდება. როდესაც ერთში შედიხარ და მტრად მიიჩნევ იმას, რაც მეორისგან მოდის, ასე შეებრძოლები იმ მეორეს. შენ კი ვერ ხედავ, რომ ის მეორეც შენშია. უფრო იმის გჯერა, რომ გარედან მოსულია და ამას შენი მოყვასის საწინააღმდეგო აზრებსა და ქმედებებში ხედავ. ასე ებრძვი ამას და ხარ სრულად დაბრმავებული.

ხოლო ვინც ამ გამოცხადებულ მეორეს იღებს, რადგან ის მასშიც არის, აღარ ქმნის კონფლიქტს, მხოლოდ საკუთარ თავში იყურება და დუმს. 

ის სიცოცხლის ხეს ხედავს, რომლის ფესვები ჯოჯოხეთს აღწევს და მისი კენწერო ზეცას ეხება. მან ისიც აღარ იცის თუ ვინ არის მართალი? რა არის წმინდა? რა არის ჭეშმარიტება? რა არის კეთილი? რა არის სწორი? მან მხოლოდ ერთი სხვაობა იცის: სხვაობა ზედასა და ქვედას შორის. რადგან ის ხედავს, რომ სიცოცხლის ხე ქვემოდან ზემოთ იზრდება და რომ ზემოთ ფესვებისგან განსხვავებული გვირგვინია. ამაში მას ეჭვი არ ეპარება. ასე ცნობს იგი გზას ხსნისკენ. 

შენი ხსნა იმაშია, რომ ამ მიმართულებებს შორის განსხვავებებს წაშლი. ასე ათავისუფლებ შენს თავს ძველი წყევლისგან, რომელიც კეთილისა და ბოროტის შეცნობისგან მოდის. რადგან შენი შეხედულებებით კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან გამიჯნე, მხოლოდ კეთილი გსურდა და ბოროტს, რომელსაც აღასრულებდი, მაინც უარყოფდი და შენად არ მიიჩნევდი, შენი ფესვები სიღრმის ბნელ საკვებს აღარ იღებდა და შენი ხე დაავადდა და გახმა.

ასე ამბობდნენ ძველად, რომ, რაც ადამმა ვაშლი იგემა, სამოთხის ხე გახმა. ბნელი შენივე ცხოვრებისთვის გჭირდება. მაგრამ როდესაც იცი, რომ ეს ბოროტია, მაშინ აღარ მიიღებ, გიჭირს და არ იცი რატომ. მაგრამ შენ შეგიძლია ეს მიიღო არა როგორც ბოროტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკეთე ხელს აიღებს შენზე. შენ იმასაც ვერ უარყოფ, რომ კეთილი და ბოროტი არ იცი. ამგვარად იქცა კეთილისა და ბოროტის ცნობა დაუძლეველ წყევლად. მაგრამ თუ საწყის ქაოსში დაბრუნდები და შეიცნობ თუ რის გამო არიან ორ ცეცხლოვან პოლუსს შორის ჩამოკიდებულები, მიხვდები, რომ სიკეთეს და ბოროტებას საბოლოოდ ვერ გამიჯნავ, ვერც შეგრძნებით და სხვა არაფერი იცი იქამდე, სანამ შენი ხე ქვემოდან ზემოთ იზრდება. მაგრამ როდესაც ზრდა შეჩერდება, დაიშლება ყოველივე, რაც ზრდის პროცესში განურჩევლად იყო შეზრდილი და ისევ შეიცნობ სიკეთესა და ბოროტებას. 

სიკეთისა და ბოროტების ცნობას ვერასოდეს მოიშორებ ისე, რომ სიკეთე გააცურო და ბოროტებით იცხოვრო. როგორც კი სიკეთესა და ბოროტებას გამიჯნავ, მაშინვე შეიცნობ მათ. მხოლოდ ზრდის პროცესში არიან ისინი შეერთებული. მაგრამ შენ იზრდები, როდესაც დიდ ეჭვში მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებ, უდიდეს ეჭვში მშვიდად ყოფნა არის ცხოვრების ჭეშმარიტი ყვავილი.

ვინც ეჭვს ვერ იტანს, ის საკუთარ თავს ვერ იტანს. ასეთი საეჭვოა, იგი არ იზრდება, შესაბამისად არც ცხოვრობს. ეჭვი არის ყველაზე დიდი სიძლიერისა და ყველაზე დიდი სისუსტის ნიშანი. ძლიერს აქვს ეჭვი, მაგრამ ეჭვი ეუფლება სუსტს. ამგვარად ყველაზე სუსტი ყველაზე ძლიერთან ახლოს დგას, და თუ ვინმეს შეუძლია თავის ეჭვს უთხრას: „მე გიპყრობ შენ“, ესე იგი ის უძლიერესია. მაგრამ ვერავინ ეტყვის თავის ეჭვს „ჰო“-ს, თუ ის ღია ქაოსს არ მიეცემა. რადგან ჩვენს შორის იმდენად ბევრია, ვინც ყველაფრის მთქმელია, დააკვირდი იმას, თუ რით ცხოვრობენ ისინი. რასაც ერთი ამბობს, შეიძლება ძალზე ბევრი ან ძალზე ცოტა იყოს. ასე რომ გამოიკვლიე შენი ცხოვრება.

ჩემი სიტყვა არც ნათელია და არც ბნელი, რადგან იმის ნათქვამია, ვინც იზრდება.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff