განსწავლა
შემდეგ ღამეს მეორე სურათი მეჩვენა: კლდოვან სიღრმეში ვდგავარ, რომელიც წარმომიდგება როგორც კრატერი. ჩემს წინაშე სვეტებიან სახლს ვხედავ. სალომეა სახლის კედელს მარცხნივ მიუყვება, გზას იკვლევს უსინათლოსავით. მას გველი მიჰყვება. კარიბჭესთან დგას მოხუცი და ხელს მიქნევს. ყოყმანით ვუახლოვდები. სალომეას ეძახის, რომ დაბრუნდეს. ის ტანჯულივით გამოიყურება. მის არსებაში მისი მკრეხელობის აღმოჩენას ვერ ვახერხებ. მისი ხელები თეთრია, და მისი სახე მსუბუქი გამომეტყველების. ორივეს წინაშე წევს გველი. მათ წინაშე ვდგავარ უხერხულად, როგორც სულელი ბიჭი, არათავდაჯერებული და გაორებით დაძლეული. მოხუცი გამომცდელი მზერით მიყურებს და ამბობს: „აქ რა გინდა?“
მე: „მომიტევე, მე არც ქედმაღლობამ და არც აბეზარობამ მომიყვანა. აქ შემთხვევით მოხვდი, არც კი ვიცი რა მსურს. აქ მომიყვანა მონატრებამ, რომელიც შენს სახლში დავტოვე. ხედავ, წინასწარმეტყველო, დაღლილი ვარ, ჩემი თავი ტყვიასავით მძიმეა. ჩემს უცოდინრობაში დავიბენი. ჩემს თავთან საკმარისად ვითამაშე. საკუთარ თავთან ორპირ თამაშებს ვეწეოდი, და მე ისინი ყველა შემზიზღდებოდა, ადამიანთა სამყაროში რომ არ ყოფილიყო ჭკვიანური ქცევა: ვითამაშოთ ის, რასაც სხვები ელიან ჩვენგან. აქ თითქოს უფრო ნამდვილი ვარ. და თანაც არ მომწონს აქ ყოფნა.“
ელია და სალომე უსიტყვოდ შედიან სახლში. მე უხალისოდ მიყვები მათ. დანაშაულის გრძნობა მტანჯავს. სინდისი ბოროტებაა? მსურს დაბრუნება, მაგრამ არ შემიძლია. ვდგავარ ცეცხლის წინაშე, რომელიც მანათობელ კრისტალში თამაშობს. მის ნათებაში ვხედავ ღვთისმშობელს ბავშვთან ერთად. წინ დგას მადიდებელი პეტრე - შემდეგ პეტრე მარტო მყოფი, გასაღებით - პაპი თავისი სამმაგი ტიარათი - გაუნძრევლად მჯდომარე ბუდა ცეცხლის რკალში - მრავალხელა სისხლიანი ქალღმერთი - ეს სალომეაა, სასოწარკვეთილი რომ იფშვნეტს ხელებს - ის ხელს მტაცებს, ის არის თავად ჩემი სამშვინველი, და ახლა კი ვხედავ ელიას ქვის ხატებაში.
ელია და სალომეა მომღიმარნი დგანან ჩემს წინ.
მე: „ეს ხილვები ტანჯვის მომგვრელია, და ამ ხატებათა აზრი ჩემთვის ბუნდოვანია, ელია; გთხოვ, მოჰფინე ნათელი.“
ელია მდუმარედ ტრიალდება და მარცხნივ მიდის. სალომეა მარჯვნივ სვეტებიან გასასვლელში მიემართება. ელიამ კიდევ უფრო ბნელ ოთახში შემიყვანა. ჭერზე წითლად მანათობელი ლამპარია ჩამოკიდებული. დაქანცული ვჯდები ძირს. ელია ჩემს წინაშე დგას, ოთახის შუაგულში მარმარილოს ლომზე დაყრდნობილი.
ელია: „შეშფოთებული ხარ? შენი სინდისის ქენჯნა მხოლოდ შენი უმეცრების ბრალია. უმეცრება არის დანაშაული, მაგრამ შენ ისე ფიქრობ, თითქოს აკრძალული ცოდნისკენ ლტოლვა არის შენი დანაშაულის შეგრძნების მიზეზი. შენი აზრით, რატომ ხარ აქ?
მე: არ ვიცი. უნებურად აღმოვჩნდი აქ, როდესაც უმეცრებისგან უცნობისადმი წინააღმდეგობა ვცადე. აქ ვარ, გაოგნებული და დაბნეული, უვიცი სულელი. საოცრებებს ვიგებ შენს სახლში - იმას, რაც მაშინებს და მისი მნიშვნელობა ჩემთვის ბურუსით არის მოცული.“
ელია: „უფლება რომ არ გქონოდა, აქ როგორ აღმოჩნდებოდი?“
მე:“მომაკვდინებელი სისუსტის შეგრძნება მეუფლება, ჩემო მამავ.“
ელია: „თავის დაძვრენას ცდილობ. შენ იცი, რომ შენს კანონს გვერდს ვერ აუვლი.“
მე: „როგორ უნდა ავუარო გვერდი იმას, რაც ჩემთვის უცნობია, რასაც შეგრძნებითა და აღქმით არ შემიძლია მივწვდე?
ელია: „ცრუობ. განა არ იცი, რომ თავად შეიმეცნე, თუ რას ნიშნავს, როდესაც სალომეას უყვარხარ?“
მე: „მართალი ხარ. ეჭვნარევი და არადამაჯერებელი აზრები წარმომიდგება. მაგრამ მე ის კვლავ დავივიწყე.“
ელია: „შენ ის არ დაგვიწყებია. შენში ღრმად იწვოდა იგი. მხდალი ხარ? თუ ამ აზრებს იმდენად ვერ გამოაცალკევებ შენივე „მე“-სგან, რომ მე უნდა აგიხსნა ეს?“
მე: „ჩემი აზრი ზედმეტად შორს წავიდა, და მე ვერიდები შორს მიმავალ იდეებს. ისინი სახიფათოა, რადგან ადამიანი ვარ, და შენ იცი, თუ როგორ ძლიერ არიან ადამიანები მიჩვეულნი, აზრები მიიჩნიონ თავის განუყოფელ ნაწილად ისე, რომ მათთან აერიოთ საკუთარი თავი.“
ელია: „ამიტომ მიიჩნევ თავს ხედ ან ცხოველად, რადგან მათ უყურებ და რადგან შენთან ერთად ერთსა და იმავე სამყაროში არსებობენ? განა შენი აზრები უნდა იყო, რადგან შენი აზრების სამყაროში ხარ? მაგრამ შენი აზრები იმდენად არიან შენს გარეთ, რამდენადაც ხეები და ცხოველები არიან შენი სხეულის გარეთ.“
მე: „მესმის. ჩემი აზრების სამყარო ჩემთვის უფრო სიტყვები იყო, ვიდრე სამყარო. ჩემი აზრების სამყაროს შესახებ ვფიქრობდი: ის მე უნდა ვიყო.“
ელია: „ეუბნები შენს ადამიანურ სამყაროსა და ყოველ არსებას, რომელიც გარესამყაროშია, ამ ფრაზას: <<შენ ხარ მე>>?“
მე: „მე შენს სახლში შემოვედი, ჩემო მამავ, სკოლის მოსწავლესავით დამფრთხალი. შენ კი მაკურნებელ სიბრძნეს მასწავლი. მე შემიძლია ჩემს აზრებს შევხედო როგორც ჩემს „მე“-ს გარეთ მყოფს. ეს მეხმარება იმ შემაძრწუნებელ დასკვნამდე მივიდე, რომლის წარმოთქმაც ჩემს ენას უჭირს. ვფიქრობდი, რომ სალომეას ვუყვარდი, რადგან იოანეს ან შენი მსგავსი უნდა ვყოფილიყავი. ეს აზრი დაუჯერებლად მეჩვენებოდა. ამიტომ უკუვაგდე იგი და ვიფიქრე, რომ ვუყვარდი, რადგან შენგან ძალზე განსხვავებული ვიყავი, მას უყვარდა თავისი უკეთურება ჩემს უკეთურებაში. ეს აზრი გამანადგურებელი იყო.“
ელია დუმს. სიმძიმე მაწევს მე. ამ დროს სალომეა შემოდის, მიახლოვდება და მხრებზე ხელს მომხვევს. მისი მამა ვგონივარ, რომლის სკამზეც ვზივარ. ვერც განძრევას ვბედავ და ვერც საუბარს.
სალომეა: „ვიცი, რომ მამაჩემი არ ხარ. ჩემი ვაჟი ხარ, მე კი შენი და ვარ.“
მე: „შენ, სალომეა, ჩემი და? ის შემზარავი მიზიდულობა, რომელიც შენგან მოდის, ნუთუ შენი შეხების გამო გამოუთქმელი ძრწოლა იყო? ვინ იყო ჩვენი დედა?“
სალომეა: „მარიამი.“
მე: „ეს ჯოჯოხეთური სიზმარია? მარიამი, ჩვენი დედა? რა სიშლეგე მოდის შენი სიტყვიდან? მხსნელის დედა ჩვენი დედაა? დღეს თქვენს ზღურბლს რომ გადმოვაბიჯე, უკეთურობა ვიგრძენი. ვაი! ასეც მოხდა. ელია, ღვთაებრივი სამართლის მცველო, თქვი: ეს განკვეთილის ეშმაკეული ჯადოქრობაა? როგორ ამბობს ამას? თუ ორივემ გონება დაკარგეთ? თქვენ სიმბოლოები ხართ, და მარიამიც სიმბოლოა. ახლა ზედმეტად დავიბენი, რათა შეგიცნოთ.“
ელია: „შენ შეგიძლია სიმბოლოები გვიწოდო იმავე უფლებით, რომლითაც შენს გვერდით მყოფს მოიხსენიებ სიმბოლოებად, როცა ამის სურვილი გაქვს. მაგრამ ჩვენ ისეთივე ნამდვილნი ვართ, როგორც შენს გვერდით მყოფნი. შენ ვერაფერს ართმევ ძალას და ვერაფერს წყვეტ იმით, რომ ჩვენ სიმბოლოებად მოგვიხსენიებ.“
მე: „საზარელ დაბნეულობაში მაგდებ. თქვენ გსურთ ნამდვილნი იყოთ?“
ელია: „ჭეშმარიტად ვართ ის, როგორც მოგვიხსენიებ. აქ ვართ ჩვენ, და შენ უნდა მიგვიღო. შენ არჩევანი გაქვს.“
მე ჩუმად ვარ. სალომეა მომცილდა. ეჭვის თვალით ვიყურები გარშემო. ჩემს უკან მრგვალ საკურთხეველზე მაღალი მოყვითალო-მოწითალო ალი გიზგიზებს. ცეცხლის ალის გარშემო წრეში გველი არის დახვეული. მისი თვალები სიყვითლეს ირეკლავს. ტორტმანით მივიწევ გასასვლელისკენ. როდესაც დარბაზში გავედი, ჩემსკენ მომავალი ძლევამოსილი ლომი დავინახე. გარეთ ცივი ვარსკვლავებიანი ღამეა.
არ არის პატარა საქმე საკუთარი ლტოლვა აღიარო. ბევრს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ იყვნენ პატიოსნები ამ მხრივ. ბევრს არ სურს იცოდეს, თუ რა არის მათი ლტოლვა, რადგან ეს მათ შეუძლებლად ან მეტისმეტად მძიმედ წარმოუდგებათ. ლტოლვა კი არის სიცოცხლის გზა. თუ შენს ლტოლვას არ აღიარებ, ვერ მიჰყვები საკუთარ თავს და მიუყვები უცნობ გზებს, რომლებიც სხვების მიერ არის შენთვის დასახული. ამგვარად ცხოვრობ არა შენი, არამედ სხვისი ცხოვრებით. ვინ უნდა იცხოვროს შენი ცხორებით, თუ არა თავად შენ? არა მარტო სულელურია საკუთარი ცხოვრების უცხო ცხოვრებაში გაცვლა, არამედ თვალთმაქცი თამაშია, როდესაც სინამდვილეში სხვისი ცხოვრებით ვერასოდეს იცხოვრებ, შენ მხოლოდ თავს იკატუნებ, ატყუებ სხვებს და საკუთარ თავს, რადგან მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით შეგიძლია იცხოვრო.
როდესაც საკუთარ „მე“-ს თმობ, მას სხვაში ცხოვრობ; ასე გახდები ეგოისტი სხვებისთვის და ასე მოატყუებ სხვებს. ყველა ირწმუნებს ამის შემდეგ, რომ მსგავსი ცხოვრება შესაძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ მაიმუნივით მიბაძვაა. ამგვარად, როდესაც საკუთარ მაიმუნის მიდრეკილებებს დაუთმობ, სხვებსაც გადაედებათ შენგან, რადგან მაიმუნი წაახალისებს იმას, რაც მაიმუნისგან არის. ასე გადააქცევ შენს თავს და სხვებსაც მაიმუნად. ორმხრივი მიბაძვით საშუალო მოლოდინებით ცხოვრობთ, რომლისთვისაც ყოველ ეპოქაში მიბაძვის მიდრეკილებით ყველასთვის ერთი ხატება შეიქმნა - გმირი. ამის გამო მოიკლა გმირი, რადგან მის მიმართ ყველა მაიმუნად ვიქეცით. იცი, რატომ ვერ ანებებ მაიმუნობას თავს? მარტოობისა და დამარცხების შიშის გამო.
შენი ცხოვრებით ცხოვრობდე ნიშნავს საკუთარ თავს მიენდო. არასოდეს თქვათ, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება არის სიამოვნება. არ იქნება სიხარული, არამედ ხანგრძლივი ტანჯვა, რადგან საკუთარი თავის შემოქმედი უნდა გახდე.
თუ საკუთარი თავის შექმნა გსურს, იწყებ არა საუკეთესოთი და უმაღლესით, არამედ ყველაზე ცუდით და უღრმესით. ამიტომ იტყოდით, რომ არ ისურვებდით საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. ცხოვრების ნაკადთა ერთობლივი დინება არ არის სიხარული, არამედ ტკივილია, ძალადობა ძალადობის წინააღმდეგ, დანაშაული, რომელიც სიწმინდეს ამსხვრევს.
ღვთისმშობლის ხატება ყრმასთან ერთად, რომელსაც წინასწარ ვჭვრეტ, გარდასახვის საიდუმლოს მაჩვენებს. როდესაც წინასწარი ჭვრეტა და სიამოვნებს ჩემში ერთიანდება, ასე წარმოიქმნება მესამე, ღვთაებრივი ძე, რომელიც არის ზეაზრი, სიმბოლო, რომელიც ახალი ქმნილებით მაღლა დგება. მე კი არ გადავიქცევი ზეაზრად ან სიმბოლოდ, არამედ სიმბოლო იქმნება ჩემში იმგვარად, რა არსიც არის მასში და რა არსიც არის ჩემში. ვდგავარ ასე, როგორც პეტრე ვედრებისას, სასწაულისა და გარდაქმნის წინაშე, როდესაც ღმერთი ხორცს შეისხამს ჩემში.
თუმცა მე არ ვარ ძე ღვთისა, წარმოვადგენ მას იმ პიროვნების სახით, რომელიც ღმერთისთვის დედა იყო და ვისაც ღვთის სახელით მიეცა შეერთებისა და გამოხსნის თავისუფლება. შეერთება და გამოხსნა ჩემში აღესრულება. რამდენადაც ეს აღსრულდება ჩემში და მე სამყაროს ნაწილი ვარ, იმავე ძალით აღსრულდება ეს ჩემს მიერ სამყაროში, და ვერავინ შეაჩერებს ამას. ეს აღესრულება არა ჩემი ნებით, არამედ დაუძლეველი ძალით. მე არ ვარ თქვენი უფალი, არამედ ღვთის ყოფიერება არის ჩემში. ერთი გასაღებით ვკეტავ წარსულს, მეორე გასაღებით ვაღებ მომავალს. ეს აღესრულება ჩემი გარდასახვით. გარდასახვის სასწაული მართავს. მე მისი მსახური ვარ, პაპის მსგავსად.
ხედავ, რამდენად დაუჯერებელი იყო ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ეს მე კი არ მეხება, არამედ სიმბოლოს. სიმბოლო იქცევა ჩემს უფლად და უცვლელ მმართველად, მისი ბატონობა დამკვიდრდება და ის გარდაისახება გახევებულ და გამოცანებით სავსე ხატებად, რომლის აზრი სიღრმეშია მიმართული და რომლის სიამოვნებაც გარეთ მიმოეფინება აგიზგიზებული ცეცხლის ალივით, ბუდა ცეცხლში. რადგან ჩემს სიმბოლოში ვიძირები, სიმბოლო იმდენადვე გადამაქცევს ერთი პიროვნებიდან მეორე პიროვნებად - ჩემს შინაგან, საზარელ ქალღმერთად, ჩემს დედაკაცურ სიამოვნებად, ჩემს სხვა „მე“-დ, მტანჯველად, რომელიც იტანჯება და თავად არის ტანჯულიც. მე გადმოვეცი ეს ხატებანი როგორც შემეძლო, მწირი სიტყვებით.
შენი დაბნეულობის ჟამს მიჰყევი შენს წინასწარ ჭვრეტას და არა შენს ბრმა წყურვილს, რადგან წინასწარ ჭვრეტა მიგიყვანს სირთულემდე, რომელიც უპირველეს ყოვლისა უნდა მოვიდეს. ის აუცილებლად მოვა.
როდესაც ნათელს ეძებ, ჯერ ღრმა ბნელში ჩაეშვები. ამ ბნელში ჰპოვებ ნათელს სუსტი, მოწითალო ალით, რომელიც მხოლოდ მცირედით ანათებს, მაგრამ საკმარისია, რათა ახლოს რამეს ხედავდეთ. დამღლელია იმ მიზნისკენ სწრაფა, რომელიც მიზნად არც კი გესახება. და ეს კარგია: გაშეშებული მზად ვარ, რათა ეს მივიღო. ჩემი წინასწარი ჭვრეტა ჩემს ლომს, ჩემს ძალას ეყრდნობა.
მე წმინდა ფორმებს ვინარჩუნებდი და არ მსურდა, რომ ქაოსს მისი ჯებირები დაემსხვრია. მე მწამდა სამყაროს წესრიგის და მძულდა ყოველივე უწესრიგო და უფორმო. ამგვარად, უპირველეს ყოვლისა უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამ ადგილას ჩემმა პირადმა კანონმა მომიყვანა. როდესაც ღმერთი ღმერთი გაცხადდა, ვიფიქრე, რომ იგი ჩემი „მე“-ს ნაწილია. ვფიქრობდი, რომ ჩემი „მე“ მას მოიცავდა და იგი ჩემს აზრებად მივიჩნიე. ჩემი აზრების შესახებ კი ვფიქრობდი, რომ ის ჩემი „მე“-ს ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამგვარად მე ჩავეშვი ჩემს აზრებში, ასევე ღვთაებრივ აზრებში და დავიჯერე, რომ ისინი ჩემი „მე“-ს ნაწილია.
ჩემი აზრების გამო ჩემი „მე“ მივატოვე; ჩემი „მე“ გახდა მშიერი და ღმერთი ეგოისტურ აზრად აქცია. თუ ჩემს „მე“-ს მივატოვებ, შიმშილი მაიძულებს ჩემი „მე“ ჩემს ობიექტში, ჩემს აზრებში ვიპოვო. ამიტომ გიყვარს გონივრული და მოწესრიგებული აზრები, რადგან ვერ აიტანდი შენი „მე“უწესრიგო და შეუსაბამო აზრებში რომ ყოფილიყო. შენი ეგოისტური სურვილით შენი აზრებიდან განაგდებ ყოველივეს, რაც უწესრიგოდ ან შეუსაბამოდ გეჩვენება. წესრიგს ამყარებ იმის მიხედვით, რაც იცი; მაგრამ ქაოსის აზრები შენ არ იცი, ისინი კი არსებობენ. ჩემი აზრები ჩემი „მე“ არ არის, და ჩემი „მე“ არ მოიცავს აზრებს. შენს აზრს აქვს ესა თუ ის მნიშვნელობა და ეს მრავალია. არავინ იცის რამდენი მნიშვნელობაა.
ჩემი აზრები არ არის ჩემი „მე“, მაგრამ ისინი, როგორც ყოველი საგანი სამყაროში, არის ცოცხალიც და მკვდარიც. როგორც არ ვზიანდები ნაწილობრივ მოუწესრიგებელ სამყაროში, ისევე არ ვზიანდები, როდესაც ჩემს ნაწილობრივ მოუწესრიგებელ აზრთა სამყაროში ვცხოვრობ. აზრები არის ბუნების მოვლენა, რომელსაც შენ ვერ ფლობ და რომლის მნიშვნელობა ძალზე არასრულფასოვნად იცი. აზრები აღმოცენდებიან ჩემში როგორც ტყე, მრავალი ცხოველი ბინადრობს მასში. მაგრამ ადამიანი გაბატონებულია თავის აზრებში, ამგვარად ის ხოცავს ტყისა და ველური მხეცების სიამოვნებებს. ადამიანი ძალმომრეობს თავის წყურვილში, და თავად იქცევა ტყედაც და ველურ ცხოველებადაც. როგორც თავისუფლება მაქვს სამყაროში, ისე მაქვს თავისუფლება ჩემს აზრებშიც. თავისუფლება პირობითია.
სამყაროს გარკვეულ საგნებს უნდა ვუთხრა: თქვენ უნდა იყოთ არა ასეთები, არამედ სხვანაირები. მაგრამ ჯერ მათ ბუნებას ყურადღებით ვაკვირდები, რადგან ამის გარეშე მათ ვერ შევცვლი. მსგავსად ვიქცევი განსაზღვრულ აზრებთანაც. შენ ცვლი სამყაროს იმ საგნებს, რომლებიც, თავისთავად გამოუსადეგარნი, თქვენს კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. იგივე აღასრულეთ აზრებითაც. არაფერია სრულყოფილი, და მრავალი რამ არის წინააღმდეგობრივი. ცხოვრების გზა გარდასახვაა, და არა გამორიცხვა. კეთილდღეობა უკეთესი მსაჯულია ვიდრე სამართალი.
მაგრამ როდესაც ჩემი აზრების სამყაროში თავისუფლება შევიცნე, მაშინ გადამხვიე ხელი სალომეამ, და ასე ვიქეცი წინასწარმეტყველად, რადგან ვიყავი ვიპოვე ჩემი ლტოლვა პირველყოფილისკენ, ტყისა და ველური მხეცებისკენ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჩემი თავი ჩემს ხილვებთან გავაიგივო, შევხაროდე ამ ხილვებს. ჩემთვის სახიფათოა მწამდეს, რომ მე თვითონ ვარ მნიშვნელობა, როდესაც მნიშვნელოვანს შევყურებ. ამით სულ უფრო მეტად შევიშლებით, ხილულს ვამასხარავებთ და ვამაიმუნებთ, რადგან მიბაძვას ვერ ვეშვებით.
როგორც ჩემი აზრია წინასწარი ჭვრეტის ძე, ისე ჩემი სიამოვნება არის ასული სიყვარულისა, უბიწოდ ჩასახული ღთისმშობელში. მარიამმა ქრისტესთან ერთად სალომეაც შვა. ამის გამო ამბობს ქრისტე ეგვიპტელთა სახარებაში სალომეას მიმართ: „იგემე ყოველი ბალახი, მაგრამ ნუ იგემებ მწარე ბალახს.“ და როდესაც სალომეამ შემეცნება ისურვა, ქრისტე ეუბნება: „როდესაც სირცხვილის საბურველი აიხდება, როდესაც ორნი ერთი გახდებიან და როდესაც მამაკაცური და დედაკაცური აღარ იქნებიან მამაკაცური და დედაკაცური.“
წინასწარი ჭვრეტა არის ჩამსახველი, სიყვარული - მუცლად მიმღები. ორივე ამ სამყაროს მიღმაა. აქ არის გაგება და სიამოვნება, სხვა დანარჩენზე მხოლოდ ვვარაუდობთ. სიშლეგე იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ ამა ქვეყნისანი არიან. თანაც ამ ნათელში იმდენია დაფარული და ეშმაკური. სიღრმიდან ძალაუფლებით მოვბრუნდი და ჩემს წინ წავიდა იგი, როგორც ლომი.