კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

გერმანულიდან თარგმნა გიორგი დოლიძემ
5
3

კარლ გუსტავ იუნგი - წითელი წიგნი

კვერცხის გახსნა

მესამე დღეს საღამოს ვიჩოქებ ხალიჩაზე და ფრთხილად ვხსნი მას. თითქოს ბოლი ამოდის იქიდან, და უცებ ჩემს წინ იზდუბარი დგას, ბუმბერაზი, სახეცვლილი და სრულყოფილი. მისი კიდურები განიკურნა, და ვერ ვამჩნევ რაიმე ზიანს. თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა.  ის ამბობს:  „სად ვარ? რა სივიწროვეა აქ - როგორ ბნელა - როგორ გრილა - საფლავში ვარ? სად ვიყავი? მომეჩვენა, თითქოს გარეთ კოსმოსში ვიყავი - ჩემს თავზე და ჩემს ქვემოთ უსასრულო შავი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა - გამოუთქმელი ლტოლვით ვიყავი შეპყრობილი.

ჩემი ბრწყინვალე სხეულიდან ცეცხლის ენები გადმოდიოდა -

მე კი ვლივლივებდი მანათობელ ალში -

ვცურავდი მოსიყვარულე ცეცხლის ზღვაში, რომელმაც მომიცვა მე -

ნათლით სავსე, ლტოლვით სავსე, მარადისობით სავსე -

ვიყავი პირველყოფილი და მუდამ განახლებადი -

ყველაზე დიდი სიმაღლიდან ყველაზე დიდ სიღრმეში ჩასული და სიკვდილიდან უზენაესთან ნათებით ატაცებული -

ელვარე ღრუბლებში საკუთარი თავის გარშემო ვნარნარებდი -

თითქოს ნაკვერჩხლების წვიმა მოდის და ზვირთების ქაფი ეცემა, ვივსები სიმხურვალით -

უსაზღვრო თამაშში საკუთარ თავს ვიკრავ და უკუვაგდებ -

სად ვიყავი? მზით სავსე ვიყავი.“

მე: „ო, იზდუბარ! ღვთაებრივო! რა საოცრებაა! შენ განიკურნე!“

იზდუბარი: „განვიკურნე? ოდესმე ავად ვიყავი? ვინ ახსენა სენი? მზით სავსე ვიყავი. მე ვარ მზე.“

გამოუთქმელი ნათელი იღვრება მისი სხეულიდან, ნათელი, რომელსაც ჩემი თვალი ვერ იტევს. სახე უნდა დავიფარო და ძირს დავხარო. 

მე: „ შენ მზე ხარ, მარადიული ნათელი - მომიტევე, უძლიერესო, რომ ჩემი ხელი გატარებდა შენ.“

გარშემო ბნელა და სიჩუმეა. მიმოვიხედე: ხალიჩაზე კვერცხის ცარიელი ნაჭუჭია. ვეხები ჩემს თავს, მიწას, კედლებს: ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის იყო, სრულიად უბრალო და სრულიად რეალური. მინდა ვთქვა: ჩემს გარშემო ყოველივე ოქროდ იქცა. მაგრამ ეს არ არის მართალი - ყველაფერი ისეა როგორც უწინ იყო. აქაურობას მარადიული ნათელი ავსებდა, განუზომელი და უძლეველი.

მოხდა ისე, რომ კვერცხი გავხსენი და ღმერთმა კვერცხი დატოვა. წმინდა იყო იგი და სახეცვლილი ბრწყინავდა, მუხლი მოვიყარე ბავშვივით და სასწაულს ვერ ვიაზრებდი. ის, ვინც დასაბამის გულში იყო შეკუმშული, ამოვიდა, და არ ეტყობოდა რაიმე სენის კვალი. და როდესაც მეგონა, რომ ძლიერი დავიჭირე და მუჭით მეჭირა, თურმე ის თავად იყო მზე.

აღმოსავლეთისკენ მივეხეტებოდი, აისისკენ. თავად მსურდა ამოსვლა, რომ ვყოფილიყავი მზე. თავად მზეს მინდოდა მოვხვეოდი და მასთან ერთად ბრწყინვალე დღეს ამოვსულიყავი. ის კი შემხვდა და გზა გადამიღობა. მისგან უნდა მომესმინა, რომ არ მაქვს ამოსვლის შესაძლებლობა. ხოლო იგი, ვინც დაღმასვლას ჩქარობდა, რათა ღამის წიაღში მზესთან ერთად ჩასულიყო, ჩემგან დაშავდა, და ნეტარ დასავლეთში ჩაღწევის იმედი წაერთვა.

დააკვირდი! მზე მეჭირა ისე, რომ ეს არ ვიცოდი, და ხელში ვატარებდი. ის, ვისაც მზესთან ერთად დაღმასვლა სურდა, ჩემით ჰპოვა თავისი მწუხრი. მე გავხდი მისი ღამეული დედა, რომელმაც დასაბამის კვერცხი გამოჩეკა. ის კი ამოვიდა, განახლებული, უფრო მეტი დიდებისთვის ხელმეორედ შობილი. 

მაგრამ როდესაც ის ამოდის, მე ქვემოთ ვეშვები. როდესაც ღმერთი დავძლიე, მისი ძალა ჩემში შემოვიდა. ხოლო როდესაც ღმერთი კვერცხში განისვენებდა და თავის დაბადებას ელოდა, ჩემი ძალა მასში შედიოდა. და როდესაც იგი ბრწყინვალებით ამოდიოდა, მე პირქვე ვიწექი. მან ჩემი სიცოცხლე თან წაიღო. მთელი ჩემი ძალა მასთან იყო. ჩემი სამშვინველი ცურავდა როგორც თევზი მის ცეცხლოვან ზღვაში. ჩემი ადამიანობა კი მიწის ჩრდილის შემაძრწუნებელ სიცივეში იწვა და ქვესკნელის ბნელში სულ უფრო ღრმად იძირებოდა. ნათელმა სრულად დამტოვა. ღმერთი ამოვიდა აღმოსავლეთის მხარეს, ხოლო ჩემი „მე“ შიშის მომგვრელ ქვესკნელში ჩავარდა. ვიწექი როგორც დაგლეჯილი მშობიარე, რომელიც სისხლისგან იცლება და სიცოცხლეს აძლევს შობილს, და მომაკვდავი მზერით სიკვდილსა და სიცოცხლეს აერთიანებს, დღის დედა და ღამის ნადავლი. ჩემმა ღმერთმა საშინლად დამგლიჯა, ჩემი სასიცოცხლო სითხეები შესვა, ჩემი სიყვარულის უმაღლესი ძალა შთანთქა და გახდა დიდებული და ძლიერი როგორც მზე, წმინდა ღმერთი, უბიწო და უზადო. ჩემი ფრთები წამართვა, ჩემი კუნთების ამწევი ძალა შემომაცალა, ჩემი ნების ძალა მასთან ერთად გაქრა. დამტოვა უძლური და მკვნესარი.

არ ვიცი ეს როგორ დამემართა, რადგან ყოველივე ძლევამოსილი, მშვენიერი, ნეტარი და ზეკაცური ჩემი დედობრივი წიაღიდან გაქრა; ელვარე ოქროსგან აღარაფერი შემრჩა. შემზარავად და შეუბრალებლად გაშალა მზის ჩიტმა ფრთები და თვალუწვდენელ სივრცეში აფრინდა. გატეხილი ნაჭუჭი და უბადრუკი გარსი შემრჩა მე, და ძირს სიღრმის სიცარიელე გამეხსნა.

ვაი იმ დედას, რომელიც ღმერთს შობს! იგი დაჭრილ, ტკივილით სავსე ღმერთს შობს, ამგვარად გაივლის მახვილი მის სამშვინველში. მაგრამ თუ იგი წმინდა ღმერთს შობს, მისთვის ჯოჯოხეთი გაიხსნება, საიდანაც საძაგელი გველები ამოვლენ, რათა დედა ჭირიანი ოხშივარით მოწამლონ. შობა ძნელია, მაგრამ ათასჯერ უფრო ძნელია მშობიარობის შემდგომი ჯოჯოხეთი. ღვთაებრივი ძის უკან მოდის მარადიული სიცარიელის ყოველი გველეშაპი და ურჩხული.

რა რჩება ადამიანური ბუნებისგან, როდესაც ღმერთი მომწიფდა და ყოველი ძალა შეითვისა? ყოველივე უუნარო, უძლური, მარად გაუხეშებული, ცარიელი, მავნე და გამოუსადეგარი, წინააღმდეგობრივი, დამამცირებელი, გამანადგურებელი, უაზრო, ყველაფერი, რაც მატერიის ღამეში დევს, ღმერთის შობას მოსდევს მისი ჯოჯოხეთური ძმა - იმავე წიაღიდან გამოსული გამრუდებული სახე.

ღმერთი იტანჯება, როდესაც ადამიანი მის ბნელს არ იღებს. ამის გამო უნდა ჰყავდეთ ადამიანებს ტანჯული ღმერთი, სანამ ისინი ბოროტებით იტანჯებიან. ბოროტებით ტანჯვა ნიშნავს: რომ ბოროტება ჯერ კიდევ გიყვარს და მაინც აღარ გიყვარს იგი. შენ ჯერ კიდევ მოელი რაღაცას მისგან, მაგრამ არ გსურს ამის დანახვა, რადგან გეშინია იმის აღმოჩენა, რომ ბოროტება ჯერ კიდევ გიყვარს. ღმერთი იტანჯება, რადგან შენ, რომელსაც ბოროტება ჯერ კიდევ გიყვარს, ამით იტანჯები. ბოროტებით იტანჯები არა იმიტომ, რომ ბოროტება უნდა აღიარო, არამედ იმის გამო, რომ ეს შენ ფარულ სიამოვნებას განიჭებს და რომელიღაც პირობებში რაღაც საიდუმლო ტკბობას გპირდება. 

სანამ შენი ღმერთი იტანჯება, გაქვს მისი და საკუთარი თავის თანაგრძნობა. ამით ინახავ შენს ჯოჯოხეთს და მის ტანჯვას ახანგრძლივებ. თუ გსურს მისი განკურნება ისე, რომ შენთან ფარულ თანაგრძნობაში არ შემოვიდეს, ხელში ბოროტება შეგრჩება, რომლის არსებობას ზოგადად აღიარებ, მაგრამ მის ჯოჯოხეთურ ძალას შენში არ ცნობ. ბოროტების შესახებ შენს უვიცობას საფუძვლად უდევს შენი ცხოვრების უზრუნველობა, დროის მშვიდი დინება და უღმერთობა. მაგრამ როდესაც ღმერთი გიახლოვდება, შენი არსება აღდგება, და შავი ლაფი სიღრმიდან ამოდის.

ადამიანი დგას სისავსესა და სიცარიელეს შორის. როდესაც მისი ძალა სისავსეს უკავშირდება, მაშინ ის აყალიბებს ფორმებს. ეს ფორმების ქმნა ასე თუ ისე ყოველთვის კარგია. როდესაც მისი ძალა სიცარიელეს უკავშირდება, ამით იგი მოქმედებს როგორც დამშლელი და გამანადგურებელი, რომელშიც სიცარიელეს ფორმირება არ შეუძლია, ის მხოლოდ სისავსის ხარჯზე კმაყოფილდება. ამგვარი დაკავშირებით ადამიანი სიცარიელეს ბოროტებად გადააქცევს. როდესაც შენი ძალა სისავსეს აყალიბებს, მისი შეძლება გამოწვეულია სწორედ სისავსესთან კავშირით. მაგრამ შენი ფორმათა ქმნა რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია, რომ შენი ძალა მასთან კავშირში დარჩეს. ფორმათა მუდმივი შექმნით შენს ძალას კარგავ, რადგან მთელი ძალა ფორმირებულთან არის დაკავშირებული. და ბოლოს, როდესაც თავს მდიდრად თვლი, გადაიქცევი ღარიბად და დგახარ შენს მიერ შექმნილ ფორმათა შორის როგორც გლახაკი. ასეთ დროს დაბრმავებულ ადამიანს ფორმების შექმნის მზარდი ლტოლვა იპყრობს, რადგან ფიქრობს, რომ ფორმათა გამრავლება მის ნდომას დააკმაყოფილებს. როდესაც მისი ძალა ამოიწურება, იგი ხდება მწყურვალი, და აიძულებს სხვებს მის სამსახურში ჩადგნენ და ართმევს მათ ძალას, რათა საკუთარი ფორმები გამოსახოს. ამ დროს გჭირდება ბოროტება. როდესაც ამჩნევ, რომ ძალა გეწურება და წყურვილი იჩენს თავს, შენი ძალა ფორმიდან სიცარიელეში უნდა გადაიტანო, და სიცარიელესთან ბმა შენში ფორმებს გახსნის. ამით კვლავ მოიპოვებ თავისუფლებას, რომლითაც შენს ძალას საგანთან დამამძიმებელი ბმისგან გამოიხსნი. შენს ფორმებს ვერ გახსნიდი იქამდე, სანამ სიკეთის პოზიციაზე იდექი, რადგან ეს ფორმებია შენი სიკეთე. სიკეთეს სიკეთით ვერ გახსნი. სიკეთეს მხოლოდ ბოროტებით გახსნი. შენი სიკეთეც სიკვდილამდე მიგიყვანს, რადგან შენი ძალა სულ უფრო იბოჭება. ბოროტების გარეშე ვერ იცხოვრებ.

შენი შექმნილი ფორმები პირველ რიგში შენში ქმნის ამ ფორმების ხატებას. ეს ხატება შენში რჩება და არის პირველი და უშუალო გამოხატულება შენი ფორმირებისა. შემდეგ ამ ხატებით იქმნება გარეგნული, რომელიც შენს გარეშე იარსებებს და გაგრძელდება. შენი ძალა შენს გარეგნულ ფორმაზე უშუალოდ არ არის მიბმული, არამედ მხოლოდ ხატების მეშვეობით, რომელიც შენში რჩებს. როდესაც შენი ფორმების დაშლას ბოროტების მეშვეობით აპირებ, ამით გარეგნულ ფორმას კი არა შენს პირად შემოქმედებას ანადგურებ. სპობ მხოლოდ ხატებას, რომელიც შენში გამოსახე. რადგან ეს არის ხატება, რომელიც შენს ძალას იჭერს. იმავე ზომით, რომლითაც ეს ხატება შენს ძალას ბოჭავს, დაგჭირდება ბოროტებაც, რათა შენი ფორმა გააქარწყლო და წარსულის ძალაუფლებისგან გათავისუფლდე.

ბევრ კეთილ ადამიანს აწვალებს მათ მიერვე შექმნილი ფორმები, რადგან მათ იმავე ზომით ბოროტების მიღება არ შეუძლიათ. რაც უფრო კარგია ადამიანი და მიბმულია თავის ფორმებზე, იმდენად კარგავს იგი თავის ძალას. მაგრამ რა ხდება, როდესაც კეთილმა ადამიანმა მთელი თავისი ძალა საკუთარ ფორმებს შეალია? იგი არა მხოლოდ ეცდება, რომ სხვები თავისი ფორმის სამსახურში ჩააყენოს, გაუცნობიერებელი ვერაგობითა და ძალადობით, არამედ თვითონაც, გაუაზრებლად, ბოროტად იქცევა თავის სიკეთეში, რადგან მისი ლტოლვა ძღომისა და გაძლიერებისკენ მას სულ უფრო მეტად აქცევს ეგოისტად. მაგრამ ამის გამო კეთილი კაცი თავის შემოქმედებას გაანადგურებს, და ყველა, ვისაც თავისი საქმის სამსახურში ძალით ჩააყენებს, მის მტრად იქცევა, რადგან მათგან გაუცხოვდება. მაგრამ შენ ისიც შეგძულდება, ვინც შენს თავთან გაუცხოვებისკენ გიბიძგებს, თუნდაც ამას საუკეთესო მიზნებისთვის აკეთებდეს.  კეთილ კაცს, რომელმაც თავისი ძალა შებოჭა, სამწუხაროდ გაუადვილდება თავისი სამსახურისთვის მონების პოვნა, რადგან ძალზე ბევრია ისეთი, ვისაც საკუთარი თავისგან გაუცხოვება სურს, თუნდაც კეთილი საბაბით.

შენ იტანჯები ბოროტებით, რადგან ეს დაფარულში, შენში გაუცნობიერებლად გიყვარს. გსურს გვერდი აუარო და ბოროტებას შეიძულებ. და კვლავ მიბმული ხარ ბოროტებაზე შენი სიძულვილით, რადგან გიყვარს იგი თუ გძულს, სულ ერთია შენთვის: ბოროტზე ხარ მიბმული. ბოროტება უნდა მიიღო. რაც გვსურს, ის გვრჩება ხელში. რაც არ გვსურს და ჩვენზე ძლიერია, ხელიდან გვეცლება და ვერ გავაჩერებთ ისე, რომ ჩვენ თვითონ არ დავზიანდეთ. ჩვენი ძალა ამ დროს ბოროტებაში რჩება. ამგვარად უნდა მივიღოთ ჩვენი ბოროტება, სიყვარულისა და სიძულვილის გარეშე, ვაღიაროთ, რომ აქ არის და მას თავისი წილი აქვს ცხოვრებაში. ამით მას ვართმევთ ძალას, რომლითაც ჩვენი დაძლევა შეუძლია.

როდესაც ღმერთის შექმნა გამოგვდის, და როდესაც ამ შექმნით მთელს ჩვენს ძალას გაფორმებაში გავუშვებთ, ჩვენ გვიპყრობს უძლეველი სწრაფვა, რათა ღვთაებრივ მზესთან ერთად ამოვიდეთ და მის დიდებასთან წილნაყარი ვიყოთ. მაგრამ გვავიწყდება, რომ სხვა არაფერი ვართ ცარიელი ფორმის გარდა, რომელშიც ღვთის ხატებამ მთელი ჩვენი ძალა ამოგვართვა. არა მხოლოდ ღარიბები ვართ, არამედ ვიქეცით ინერტულ მასად, რომელსაც ღვთაებრივთან თანაზიარება არასოდეს გამოუვა.

როგორც საშინელი ტანჯვა ან გარდაუვალი სატანური სასჯელი იპარება ჩვენში უბადრუკობა და სიგლახაკე. უძლური მასა იწყებს შეწოვას და სურს თავისი ხატება კვლავ შთანთქას. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს ფორმაზე მუდამ შეყვარებულები ვართ, გვჯერა, რომ ღმერთი თავისთან გვიხმობს, და ვდგამთ სასოწარკვეთილ ნაბიჯებს, რათა ღმერთს უმაღლეს სფეროებში გავყვეთ, ან ჩვენს გვერდით სხვა ადამიანებს მივმართავთ ქადაგებითა და მოთხოვნით, რათა სხვები მაინც აიძულონ, რათა ღმერთის მიმდევრები გახდნენ. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთა დაყოლიებაც შეიძლება, რომ საკუთარ თავს და სხვას ავნონ.

ამ ზრახვაში დიდი ბედისწერაა: ვის შეეძლო სცოდნოდა, რომ ღვთის შემქმნელი ჯოჯოხეთისთვის არის განწირული? მაგრამ ეს ასეა, რადგან მატერია, რომელიც ღვთაებრივი ბრწყინვალებისა და ძალისგან განიმოსა, არის ცარიელი და ბნელი. როდესაც ღმერთი მატერიიდან ამაღლდება, ვგრძნობთ სიცარიელეს მატერიისა, რომელიც არის უსასრულო ცარიელი სივრცის ნაწილი.

დაჩქარებით, გაზრდილი სურვილითა და მოქმედებით გვინდა სიცარიელისა და ბოროტებისგან გათავისუფლება. მაგრამ სწორი გზაა, როდესაც სიცარიელეს ვიღებთ, ფორმირებულ ხატებას ჩენში ვანადგურებთ, ღმერთს უარვყოფთ და მატერიის უძირობასა და საშინელებაში ჩავდივართ. ღმერთი როგორც ჩვენი შექმნილი დგას მიღმა და ჩვენი დახმარება აღარ სჭირდება. ის შექმნილია და საკუთარ თავს მინდობილი. შექმნილი არსი, რომელიც მაშინ სრულდება, როდესაც ჩვენ მისგან პირს ვაქცევთ, აღარაფრად ღირს, თუნდაც ღმერთი იყოს.

მაგრამ სად არის ღმერთი მისი შექმნისა და ჩემგან მოცილების შემდეგ? როდესაც სახლს აშენებ, მას გარესამყაროში მყოფს ხედავ. როდესაც ღმერთი შექმენი, რომელსაც ხორციელი თვალით ვერ ხედავ, მაშინ ის სულიერ სამყაროშია, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე რეალური გარესამყარო. ის იქ არის და აკეთებს შენთვის და სხვებისთვის ყველაფერს, რასაც შეგიძლია ღმერთისგან ელოდო.

ამგვარად თავად ხარ შენი სამშვინველი სულიერ სამყაროში. მაგრამ სულიერი სამყაროც, როგორც სულების სამყოფელი, არის ასევე რეალური სამყარო. როგორც შენ არ ხარ მარტო ხილულ სამყაროში, არამედ მოცული ხარ საგნებით, რომლებიც გეკუთვნის და მხოლოდ შენ გემორჩილება, ასევე გაქვს აზრები, რომლებიც გეკუთვნის და მხოლოდ შენ გემორჩილება. მაგრამ როგორც ხილულ სამყაროში ხარ საგნებითა და არსებებით მოცული რომლებიც შენ არც გეკუთვნიან და არც გემორჩილებიან, ასევე არსებობ სულიერ სამყაროშიც, აზრებითა და აზრის მქონე არსებებით მოცული, რომლებიც შენ არც გემორჩილებიან და არც გეკუთვნიან. როგორც შენი შვილები ჩაისახებიან ან იბადებიან შენგან, იზრდებიან და გცილდებიან, რათა თავიანთი ბედით იცხოვრონ, ასევე ჩასახავ ან შობ აზრის მქონე არსებებსაც, რომლებიც გცილდებიან და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. როგორც ადამიანი ტოვებს თავის შვილებს, როდესაც ის ბერდება და თავის სხეულს მიწას უბრუნებს, ასევე ვცილდები ჩემს ღმერთს, მზეს, და ვიძირები მატერიის სიცარიელეში და ჩემი შვილის ხატებას ჩემში ამოვშლი. ეს ხდება, როდესაც მატერიის ბუნებას ვიღებ და ჩემი ფორმის ძალას თავის სიცარიელეში ჩავუშვებ. როდესაც ჩემი ჩამსახველი ძალით სნეულ ღმერთს ხელახლა ვშობ, მატერიის სიცარიელეს ვაცოცხლებ, საიდანაც ბოროტების ფორმა ამოიზრდება.

ბუნება მოთამაშეა და შემზარავი. ზოგი მასში თამაშს ხედავს, ერთობიან ამით და აცდიან რომ ანათოს. სხვები რაღაც შემზარავს ხედავენ, თავს იბურავენ და უფრო მკვდრებს გვანან ვიდრე ცოცხლებს. გზა მათ შორის კი არ გადის, არამედ ორივეს მოიცავს. ეს მხიარული თამაშიც არის და ცივი საშინელებაც.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff