ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

მუდმივი ქანქარა

 

მუდმივი ქანქარა

ერთმა ჩემმა ნაცნობმა ყმაწვილმა ემოციათა მუდმივობის დიადი და საშინელი კანონი გამოიყვანა: ვისაც რამდენი სიხარული მიეცემა, იმდენი მწუხარებაც დაერთვის (სამაგიეროდ, ასეა პირიქითაც).

კანონი კანონია და აზრი არა აქვს მისი სისწორის დამადასტურებელი უამრავი ყოველდღიური შემთხვევის ჩამოთვლას. ყმაწვილის ეს ფორმულირება პირადპირი მტკიცებისას განსაკუთრებით ცხადია: საკმარისია დავკარგოთ ის, რაც უკვე საკუთარ სამოთხეს დავუკავშირეთ, რომ ჩვენ მაშინვე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდებით. პირუკუ თუ ავიღებთ, ამის გაგება უფრო ძნელია. რაღაც ძნელი დასაჯერებელია, რომ განსაკუთრებით ფუჭმა, უმიზნო ტანჯვა-წამებამ, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, უეცრად სიხარული მოგვანიჭოს.

მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ციხიდან განთავისუფლდა, ან უბრალოდ კარგა მაგრად გაითოშა, როგორც კი ჩვეულებრივ ცხოვრებას, თავისუფლებას და სითბოს დაუბრუნდება, ცხადი ხდება ფორმულა: ,,ნეტარ არიან გვემულნი გულითა, რამეთუ ისინი ნუგეშისცემულ იქნენ’’. ან კიდევ საშინელ სივიწროვეში მცხოვრები ღარიბი კაცის არაკისა არ იყოს, მან ერთი ბრძენი კაცის რჩევით, თავის ოთახში ქათამი, ღორი და სხვა შინაური ფრინველები დააბინავა, შემდეგ კი ისევ გარეკა უკან ყველანი და თავი ერთბაშად ხალვათად იგრძნო. უკვე ემოციური ფარდობითობის თეორიის საწყისებია.

ცხადია, რომ ჯოჯოხეთი ქულებს ჰმატებს სამოთხეს და ასევე პირიქით. „ისწავლეთ თუ არა სიხარული დაბრკოლებების გამო?’’ დიახ, ვისწავლეთ, მაგრამ... გარკვეულ ფარგლებამდე. შინაგან ბალანსში თანაფარდობა მაინც არ არის. საკუთარ ჯოჯოხეთთან თამაშს, იმისთის რომ სამოთხეს წავუმატოთ რამე, ჩვენ მხოლოდ შედარებით კეთილდღეობის სფეროში ვბედავთ ხოლმე.

ხიფათისა და რისკისადმი დიდ სიყვარულსაც კი თავისი საზღვრები გააჩნია. იმათ, ვისი სამოთხეც ჯოჯოხეთის მეტისმეტ მხარდაჭერას საჭიროებს, უბრალოდ მაზოხისტებს უწოდებენ. თუ მართალია, რომ წმინდა ტკბობა და წმინდა ტანჯვა არ არსებობს, რადგან ერთში მაინც არის მეორის თუნდაც ნატამალი. სწორია ისიც, რომ სიხარულში ტანჯვის წილი ბოლოსდაბოლოს უფრო შესამჩნევია ჩვენთვის, ვიდრე სიამოვნებისა ტანჯვაში...

რა აღგვძრავს სიამოვნებისთვის, თუ არა მისი უკმარისობა თვით სიამოვნების დროსაც კი?

,,შეჩერდი წამო“... ,,ო, სულ ასე რომ გაგრძელდეს’’... ოღონდაც შენარჩუნებული იქნეს და მეტი არაფერი, არავითარი მოძრაობა, მხოლოდ შეგუბებული მაქსიმიზაცია და სწორედ ამ მომენტში...

იური მაკარენკოს ცდებში თვითგაღიზიანების დროს ზოგიერთი ვირთაგვა მოუსვენრობას, ბორგვას იწყებდა, ბოლოსდაბოლოს წრუწუნით გაურბოდა პედალს, მაგრამ მალევე მოიჩქაროდა უკან. ამ ცხოველებს ექსპერიმენტატორმა, „ნევროტიკები“ შეარქვა. შესაძლოა მათ სამოთხის ელექტროდები მათ ჯოჯოხეთთან ძალიან ახლოს ესხდნენ, ან იქნებ ამ ნერვიულ არსებებს თვითონ ჯოჯოხეთი ჰქონდათ ადვილად აღგზნებადი, ძალიან ადვილად აგროვებდა პოტენციალს და ამიტომ მისი მოძახილი, რაც სხვებში სიამოვნების მხოლოდ წყვეტად რიტმულობას იწვევს ხოლმე, რაღაცნაირად ჯამდებოდა და წყვეტდა პროცესს...

დიახ, სიამოვნებისკენ მისწრაფება და ტანჯვისგან გაქცევა, სხვადასხვა ამბებია. ოლდზის ელექტროდებმა ეს ორი პოლუსი ცხადად გამოჰყო, მაგრამ არსებობს თუ არა ასეთივე სიცხადე ცხოვრებაში, ჩვენს ფსიქიკურ სამყაროში? მაგალითად, შეგვიძლია თუ არა ცალ-ცალკე განვსაზღვროთ, რა გვინდა: შიმშილის დაოკება თუ ჭამით ტკბობა? ამის თქმა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება, თუმცა იოგები ხაზგასმით ანსხვავებენ შიმშილსა და მადას.

როგორია სამოთხის მოქმედების პრინციპი?

როგოც ჩანს, ეს არის ნეირონთა სისტემები, რომლებიც ქცევას იმგვარად წარმართავენ, რომ გაღიზიანებები, იმპულსთა ნაკადები მიიღონ. ისინი ,,შესვლის’’ მაქსიმიზებას ახდენენ, თავისთვის მუშაობენ.

ჯოჯოხეთისათვის ყველაფერი პირიქითაა - იგი მუშაობს თავისგან: ირიდებს, უკუაგდებს, უარყოფს იმპულსებს, სხვაგვარად ქცევას ისე წარმართავს, რომ შესავალი მინიმიზებული იქნეს. აი, ესეც თქვენი ანტიპოდი სტრატეგები, რომლებსაც შფასებათა და მოქმედებათა სადავეები უპყრიათ ხელთ; აი, ორსახოვანი იანუსი, რომელიც ბიოლოგიური ეგოიზმის გაუთავებელ თამაშს ეწევა.

მაგრამ ემოციათა სუბიექტური ღერძი, ყოველთვის ცალმხრივი მიმართულებისაა -მინუსიდან პლიუსისკენ (თუ გამოვრიცხავთ ყველა დამახინჯებასა და გართულებას), სწორედ ეს მოძრაობაა ჩვენი დიადი სიზიფესეული შრომა. იგი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენში. ის ძალები კი, მოძრაობას რომ ეწინააღმდეგებიან, ისევ ჯოჯოხეთის უძირო უფსკრულში გვაბრუნებენ, შიგნიდანაც მოქმედებენ და გარედანაც.

მე ახლა მხოლოდ შინაგან ძალებზე ვლაპარაკობ.

ტვინის სიღრმისეულ ემოციურ მექანიზმში არის რაღაც ქანქარას მსგავსი: რაც მეტია გადახრა ერთ მხარეზე, იმდენად მეტია მეორეზეც. რაც უფრო ძლიერია ტკბობა, შემდეგ ამდენადვე ძლიერია ტანჯვაც, რომელიც გვაიძულებს ტკბობის გამეორებები ვეძებოთ. ქანქარას პრინციპი ორგანიზმის სავსებით განსხვავებულ სისტემებშია განხორციელებული: სუნთქვაში, გულის მოქმედებასა და თვით ნაწლავების მუშაობაშიც კი. ეს არის სქემა, დამბადებელ რიტმთა დასებისა, რომელიც საოცარი მუდმივობით მეორდება ბიომოლეკულებშიც, უჯრედებშიც, ტვინის სხვა მრავალ, არაემოციურ სისტემებში.

დეპრესიული პაციენტის განწყობილების ქანქარას გამორთვის დროს, თუ რხევათა რიტმის პროგნოზირებასა და ულუფების გადანაწილებაში ვცდები, ავადმყოფი მანიაკურ მდგომარეობაში გადამყავს ხოლმე. ზოგჯერ ასეც ხდება. მაშინაც კი როცა არ ვცდები, მაგრამ რხევაა თავისთავად ძალიან ძლიერი. მე დაახლოებით ვგრძნობ მომენტს, როდესაც ქანქარა ეპილეფტოიდური ფსიქოპათისა, ახლა ასეთი ტკბილი და მომხიბვლელი რომაა, სიშმაგის ჯოჯოხეთურ აფეთქებას მომცემს და ვცდილობ, თავიდან ავიცილო იგი. თუმცა ეს ყოველთვის არ ხერხდება...

სწორედ ეს ქანქარა, ყოველივე გარეგანის მიუხედავად და მასთან რთულ ურთიერთზემოქმედებაში, ქმნის ემოციათა მოძრაობას ორივე და არა მხოლოდ ერთი, რომელიმე სასურველი მიმართულებით.

ნორმალურ პირობებში სამოთხე და ჯოჯოხეთი დინამიურად აწონასწორებენ ერთმანეთს. ისინი თრგუნავენ, მაგრამ ამასთანავე მუხტავენ კიდეც, შემდგომი ქმედებისთვის ამზადებენ ერთმანეთს. სამოთხის პედალის გამორთვის შემდეგ ვირთაგვას რეაქცია, იმ კატის ქცევის ანალოგიურია, რომელიც სიშმაგის ცენტრების გაღიზიანების შეწყვეტიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ არაჩვეულებრივად გონიერი და ალერსიანი ხდება და მსგავსია იმ განსაკუთრებული სიძულვილისა, რომელიც მტრად ქცეული მეგობრის მიმართ უჩნდებათ ხოლმე ჩვეულებრივ (ყოველივე ეს დაკავშირებულია ტვინის მაპროგნოზირებელ მექანიზმთანაც, რომელზეც შემდეგ ვილაპარაკებთ).

სამოთხე-ჯოჯოხეთის სუბიექტური ღერძის ცალმხრივი მიმართულებიდან გამომდინარეობს, რომ ჯოჯოხეთია ყველაფრის სათავე, ან როგორც იტყვიან, ეს ის ადგილია, საიდანაც ცეკვას იწყებენ. პირველი და უკანასკნელი სიტყვა, სამწუხაროდ, მას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ სამოთხე არასდროს არ ყრის იარაღს. ჯოჯოხეთი უბიძგებს, სამოთხე ეწევა. აი, ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც დღეს ხელთ გვაქვს: ტვინში ყოველი მოთხოვნილება ჯოჯოხეთისა და სამოთხის განსხვავებული უჯრედებით არის წარმოდგენილი. სურვილის რეალიზაციის დროს, ისინი ერთდროულად მუშაობენ. ეტყობა, მხოლოდ ასეთი ორმაგი ბერკეტი უზრუნველყოფს წონასწორობის შესაძლებლობას.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff