ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

სიზმრების ახსნის შესახებ

 

სიზმრების ახსნის შესახებ

სიზმრებში შეუძლებელი არაფერია. სიზმარში ვტირით და ვიცინით, დავფრინავთ, ვიხოცებით და ხელახლა ვიბადებით, გმირულადაც ვირჯებით და ამორალურ საქციელსაც ვკადრულობთ, ვხვდებით მრავალ არსებულ თუ არარსებულ პირს და ჩვენსავე ორეულებს, ვინ გნებავთ, რომ არ გავხდეთ...

მძინარეს რომ ფხიზლად ფარანი მივაშუქოთ სახეზე, მას შეიძლება კაშკაშა ზაფხულის დღე, ნათელი ვარსკლავიანი ღამე, ხანძარი, კოცონი, ელექტროშედუღება, ზედმომდგარი მატარებლის ან ავტომობილის გაჩახჩახებული ფარები, კინოში ან ტელევიზორის ეკრანზე ნაჩვენები დეტექტიური ფილმი და მრავალი სხვაგვარი რამ დაესიზმროს, მაგრამ ელვარე შუქი ყველა სიზმარში აუცილებლად იქნება. ფეხზე რკინის ცივი ფირფიტის შეხებისას კი დაგვესიზმრება ზამთრის სუსხიანი დღე, თხილამურებით გასეირნება, ყინულჭრილში ბანაობა, მოგზაურობა ანტარქტიდაში...

ასეთი ამბები უკვე არისტოტელესთვისაც იყო ცნობილი. ამის მსგავსი ხერხებით ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი მძინარეთა სიზმრებსაც აპროგრამებს. „შეკვეთა“ და სიზმრები ზოგჯერ ნამდვილად და ძალიან ემთხვევიან ერთმანეთს. ყოველივე ეს ცდისპირების ფსიქიკის წინასწარი შესწავლით კიდევ უფრო იოლდება. და მაინც ტვინი მოცემულ თემაზე მხოლოდ იმპროვიზაციას ახდენს, რომელშიც წინასწარგანუჭვრეტელი ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი. შეიძლება რამდენჯერმე ნახოთ ერთმანეთის ძალზე მსგავსი სიზმარი, მაგრამ ერთისა და იმავეს ორჯერ ნახვა შეუძლებელია. ერთხელ კაშჩენკოს საავადმყოფოში ღამის მორიგეობის დროს მხარზე უზარმაზარი ფრინველი დამაჯდა საზიზღარი ყრანტალით, ფრთების ქნევით და ბრჭყალებით წვალება დამიწყო; ვიღვიძებ, სანიტარ ქალს მხარში ხელი ჩაუვლია და მანჯღრევს: „ექიმო, გაიღვიძეთ, სასწრაფო გამოძახებაა“ (სამორიგეოში ტელეფონი არ მუშაობდა). მეორედ ზუსტად ასეთივე სიტუაციაში მესიზმრა, თითქოს სამბოს შეჯიბრში ვმონაწილეობდი და სწორედ იმ დროს, როდესაც რომელიღაც ილეთის გამოყენებას ვაპირებდი, მოწინააღმდეგემ რკინის მარწუხით შემიბოჭა მხარი...

სიზმარი სახეებითა და სიუჟეტური სცენებით „აზროვნებს“. მაგრამ ამ დროს იმდენად გარედან შემოსული მაპროვოცირებელი სიგნალები არ გამოიყენება, რამდენადაც ის, რაც თვითონ ტვინში დაფუთფუთებს.

ზოგიერთი გამოანგარიშებით, ღამის ძილის მთელი დროის განმავლობაში ტვინი განვლილი დღის მოვლენათა ყველა ექოს 10 ათასჯერ გადასინჯვას ასწრებს. მაგრამ ეს გადასინჯვა მხოლოდ უკანასკნელი განვლილი დღით არ შემოიფარგლება და უფრო ძველსა და ღრმა ნაკვალევებსაც მოიცავს. სიზმრებზე მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ პირველ სიზმრებში ყველაზე აქტუალური, ეს-ესაა განცდილის „გადაბერტყვა“ ხდება: არცთუ იშვიათად, დაძაბული ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს ჩაძინებისთანავე აღვიძებს ხოლმე კოშმარი, შინაარსით ახლოს რომ დგას სიტუაციასთან, რომელშიც იგი იმყოფება. მომდევნო სიზმრებში სულ უფრო და უფრო მეტად ერევიან გრძელვადიანი მეხსიერების ღრმა პლასტები, ასე რომ, გამთენიისას დიდი ხნის დაკარგული მახლობლების ნახვის შანსებიც კი ჩნდება.

მომასწავებელი სიზმრები როგორღა აღმოცენდება?..

დედამ სიზმარში შვილის დაღუპვა ნახა. დილით ტელეგრამა მიუტანეს... ადამიანი ხედავს სიზმარს. იგი მახლობლებს სადღაც მიჰყავთ. უეცრად ყველანი სადღაც ქრებიან და თვითონ სრულიად მარტო რჩება ცარიელ ოთახში... ამ სიზმრის მერე ადამიანი მალე ავადდება და კვდება.

ასეთი შემთხვევების დიდ უმრავლესობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ მომასწავებელ სიზმრამდე ადამიანს გააჩნდა ამა თუ იმ მოვლენის წინათგრძნობის საფუძველი, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ იყო შესული ცნობიერებაში.

ერთი ქიმიკოსი, ს. ს. კორსაკოვის ნაცნობი, ლაბორატორიიდან დაბრუნდა სახლში და თვალის მოსატყუებლად წამოწვა. ხეირიანად ჩაძინებულიც არ იყო, როცა იხილა, როგორ იწვოდა მისი ლაბორატორია. შეშინებული წამოხტა, სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი და ჯერ კიდევ კარგად რომ არ ესმოდა, რატომ და რისთვის, ლაბორატორიისაკენ გაიქცა. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ალი სანთლისა, რომლის ჩაქრობაც დავიწყებოდა, უკვე ფარდის ბოლოზე გადასულიყო.

ეს შემთხვევა საგულისხმოა იმით, რომ აშკარად გამორიცხავს ყოველგვარ ლაპარაკს ტელეპათიასა და ნათელხილვაზე, მაგრამ იმავე დროს ძალიან გვაგონებს. ანთებულ სანთელს, რა თქმა უნდა, შრო მანძილზე არაფრის „ტელეპათირება“ არ შეეძლო.

ესაა ტიპური შემთხვევა, როდესაც გაუცნობიერებელი სიტუაცია მხოლოდ სიზმრის წყალობით ხდება ხელმისაწვდომი თვითანგარიშისათვის, ბუნდოვანი მოგონება ანთებული სანთლისა ან უბრალო გრძნობა - „რაღაცის გაკეთება დამავიწყდა“, როგორც ეტყობა, დარჩა ქვეცნობიერში და, გაძლიერებული, უკვე კონკრეტულ სახედ მოევლინა სიზმარში. თანაც ყველაზე მთავარი ის არის, რომ დროზე მოევლინა.

ამასაც აქვს თავისი ახსნა. თითოეულ ჩვენგანს ქვეცნობიერში აქვს „საათი“, რომლის ალბათობის პრინციპით ზომავს დროს. იგი გარკვეულ მოვლენათა დაახლოებითი ხანგრძლივობის შეძენილ გამოცდილებას ემყარება. დროის შინაგან მრიცხველად კი შეიძლება გვევლინებოდეს პერიოდულ მოვლენათა სიმრავლე, რაც ორგანიზმსა და საკუთარ ტვინში ხდება.

შეიძლება ფაქტის სინამდვილე არ დავაყენოთ ეჭვის ქვეშ და ამგვარადვე ავხსნათ ლომონოსოვის ცნობილი სიზმარიც, რომელშიც მან მამის დაღუპვა იხილა თეთრი ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. ეს შემთვევა ტელეპათიის კლასიკურ ნიმუშად მოაქვთ ხოლმე, თითქოსდა მომაკვდავი მამის ტვინი „ტელეპათემას“ უგზავნიდა თავისი ვაჟის ტვინს. მაგრამ თვითონ სიტუაცია იყო თუ არა აბსოლუტურად მოულოდნელი ლომონოსოვისათვის? რა თქმა უნდა, არა. მის ქვეცნობიერს ჰქონდა ასეთი მოვლენის პროგნოზირების საფუძველი: თვითონ ლომონოსოვიც ხომ დადიოდა ზღვაზე და კარგად ჰქონდა წარმოდგენილი ყველანაირი ხიფათი. სიყვარული მამისადმი, მის გამო გამუდმებული წუხილი... ადგილის სიზუსტე (სწორედ ის კუნძული) შეიძლება ზღვის ისევ იმავე ცოდნით აიხსნას, მაგრამ დროის სიზუსტე...

აქ ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი - უბრალო დამთხვევა. ლომონოსოვს, ალბათ, არაერთხელ და ორჯერ უნახავს მსგავსი სიზმრები, და აი, ბოლოს ერთი საბედისწეროდ აუცხადდა. ჩვენი ემოციებისათვის კი ერთი ახდენილი წინათგრძნობა, როგორც მოგეხსენებათ, უფრო მეტს უდრის, ვიდრე ასი აუხდენელი, რომლებიც ძალიან სწრაფად გამოიდევნებიან. თავის სტიქიურ ექო-თამაშში ქვეცნობიერი ბრძენი წინასწარმხილველიც არის ხოლმე, მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად მაინც ტყუილუბრალო პანიკიორი საკუთარი თავის დამზღვევი გახლავთ. ცნობიერება კი მის ან ნაკლს მეტისმეტად მოწყალე თვალით უცქერის...

მეორე შესაძლებლობა, რაღაცა წვრილმანმა, არაპირდაპირმა ნიშნებმა, მოვლენათა მსვლელობის გაუცნობიერებელმა, მაგრამ რეალურმა და აღქმულმა დეტალებმა უბედურების პროგნოზის შესაძლებლობა გაზარდეს. შესაძლოა, ეს ამინდის გარკვეული ნიშნები ან სულ სხვა რაღაცეებიც ყოფილიყო. მომავალი უკუაფენს საკუთარ ჩრდილებს - არის ასეთი ინგლისური გამოთქმა.

მომავალი, რა თქმა უნდა, არაფერს არ უკუაფენს, მაგრამ სამაგიეროდ აწმყო ყოველთვის ნამდვილად შეიცავს მომავლის ჩანასახებს.

არის კიდევ ერთი, უფრო იშვიათი სახესხვაობა მომასწავებელი სიზმრებისა: საოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველო ისეთი ნაკლებ შესაძლებელი მოვლენები, რომლებთან ემოციური კავშირებიც თითქოს გამორიცხული უნდა იყოს. თვითონ მე, მაგალითად, ბევრჯერ დამსიზმრებიან ნაცნობი, მაგრამ ჩემგან საკმაოდ შორს მყოფი ადამიანები, რომლებთან შეხვედრის რაიმე მოლოდინი ან სურვილი სრულებით არ შეიძლებოდა მქონოდა. მაგრამ მალე, ჩვეულებრივ, იმავე ან მეორე დღეს, ეს შეხვედრები ხდებოდა ხოლმე. ერთხანს ასეთი რამეები ისე ხშირად მეორდებოდა, რომ უკვე აღარ მიკვირდა, მაგრამ ახსნაც არ შემეძლო. იქნებ ყველაფერი ეს იშვიათ მოვლენათა „შექუჩების“ სტატისტიკური კანონის მოქმედება იყო უბრალოდ?

ჩემს ბიძაშვილ ქალს ერთხელ ყველა თავისი დეტალით ესიზმრა გამოცდა, რომელიც სამი დღის შემდეგ უნდა შემდგარიყო (მართალია, ეს უკვე ემოციურად შეფერილი სიზმარი გახლდათ). დაემთხვა სასწავლო ოთახის ნომერიც, ბილეთის ნომერიც, და იგივე იყო თვით გამომცდელიც კი, რომელიც მას აქამდე არც ერთხელ არ ენახა. ამგვარი „ნათელმხილველური“ სიზმრები მან კიდევ რამდენჯერმე ნახა.

ასეთი სასწაულების ახსნის დროს ძალიან საჭირო და ძალიან ძნელია გამოირიცხოს ერთი ვერაგული მოვლენა - მეხსიერების უკუ სიცრუეები, „უკვე ნანახის, უკვე განცდილის“ იმ მდგომარეობათა მსგავსი, რომლებიც ზოგჯერ თვითნებურად ან ჰიპოკამპური სისტემის გაღიზიანების შედეგად აღმოცენდებიან ხოლმე. ძილში ნათელხილვების შესახებ სერიოზული ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ დაგვიგროვდება საკმაო რაოდენობა ცდებისა შემდეგი ექსპერიმენტული პროცედურით: სიზმრის შინაარსი ნახვისთანავე უნდა იქნეს ფიქსირებული და მხოლოდ ამის შემდეგ შემოწმდეს მისი დამთხვევა-დაუმთხვევლობა. უნდა გამოირიცხოს ქცევებიც, რომლებიც ამ სიზმრითაა ჩაგონებული.

მოსაწყენია ყველაფერი ეს, მაგრამ რას იზამ...

ფროიდი სიმზრების ფსიქოანალიტიკურ ახსნას სახეობრივ-ასოციატური სიმბოლიკის პრინციპის მიხედვით ახდენდა. მის განმარტებებს მრავლად ვხვდებით მახვილგონივრულ მიხვედრებს, მაგრამ ასევე ბევრია თვითნებურიც და გამოგონილიც. გამოდევნილ გულისწადილებს ნამდვილად შეუძლიათ სიზმრებში შეღწევა, მაგრამ ყოველივე ეს სიზმრებში გაცილებით მეტი გულახდილობით ხდება, ვიდრე ცხოვრებაში. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან.

ერთმა ჩემმა მკითხველმა დ. გ.-მ, უკვე ხნიერმა ადამიანმა, ასეთი რამ მიამბო სიზმრებში „მეორე ცხოვრების“ შესახებ.

ეს კაცი ფრიად ჯანსაღია ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც, საქმიანია და მრავალმხრივ ნიჭიერი: თავის დარგში ცნობილი სპეციალისტი, უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი, მეცნიერი მუშაკი, გატაცებული მრავალი სხვა საგნით, წერს ლექსებსა და პროზას, აქვს მსუბუქი სტილი და არაჩვეულებრივი ფანტაზია, წინათ კარგი სპორტსმენიც იყო. ჯანსაღი თვითგანმტკიცებით არის გამსჭვალული მთელი მისი ცხოვრება. ურთიერთობაში ძალდაუტანებელია და მომხიბვლელი (მე მქონდა სიამოვნება მასთან შეხვედრისა). მაგრამ, როგორც თვითონ აღიარა, ვერ იტყოდა, თითქოს ცხოვრებით მთლიანად კმაყოფილი ყოფილიყო. მას მუდმივად, ზოგჯერ კი ძალიან მწარედაც აწუხებდა ის, რასაც შეიძლება გამოუყენებელ შესაძლებლობათა შიმშილი ეწოდოს. ბევრი გატაცება მას ჰობის დონეზე დარჩა მხოლოდ...

და აი, ერთხელ (მაშინ უკვე დაახლოებით სამოცამდე წლისა იყო) ასეთი რამ დაესიზმრა: ვითომ დიდი თეატრის სკვერში ზის; ღონიერი, მშვენივრად ჩამოქნილი ჭაბუკი დიდებულ გუნებაზეა. მაგრამ უცნაური ის არის, რომ არც თავისი სახელი ახსოვს და არც ის, თუ სადაურია და აქ საიდან გაჩნდა - ერთი სიტყვით, სრულებით არაფერი იცის თავის თავზე. მილიციის უახლოეს განყოფილებაში მიდის, იქნებ იქ დაეხმარონ საკუთარი პიროვნების დადგენაშიო. მართლაც, საქმეს გამოცდილმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი და რამდენიმე ხნის შემდეგ, მიიღო საბუთები, ვინმე სადკო რუსლანის ძის სახელზე, რომლის გვარი იმავე ფუძისა იყო, რაც დ. გ.-სი, ოღონდ უფრო მოკლე და ლამაზი. მისცეს სტუდენტის ბილეთიც, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი - სადკო, მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია, თუმცა ჯერ 16 წლისაა მხოლოდ. ფრთაშესხმული მიეშურება იგი უნივერსიტეტში საკუთარი ცხოვრების სხვა წვრილმანების დასაზუსტებლად, ეცნობა ადამიანებს, რომლებიც, როგორც ირვევა, დიდი ხანია იცნობენ მას, და სიზმარიც სწორედ აქ შეწყდა... მაგრამ მეორე ღამეს მას ისევ დაესიზმრა თავი სადკოს ისეთივე მიმზიდველი სახით და ახალი სიზმარი ზუსტად იმავე ადგილიდან და დროიდან დაიწყო, სადაც წინა სიზმარი დასრულდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ახალი სიზმარი, და კვლავ იმავე ადგილიდან, სადაც მეორე დამთავრდა.

ასე დაიწყო მეორე „მეს“ ცხოვრება, რომელიც სიზმრიდან სიზმარში გრძელდებოდა, არარეგულარული შესვენებებით. ასეთი შესვენებების დროს, ჩვეულებრივ, უთავბოლო სიმზრებს ხედავდა, მალევე რომ დაივიწყებიან ხოლმე. ის სიზმრები კი, რომლებიც სადკოს ეხებოდა, არაჩვეულებრივად ცხადი და თანმიმდევრული გახლდათ, დრო იქ უფრო სწრაფად გარბოდა, ვიდრე ცხოვრებაში, ზოგჯერ ახალი მოვლენები მცირედი ხანგამოშვებით იწყებოდა, მაგრამ ყოველთვის ერთი პრინციპი მოქმედებდა - „დროვ, წინ“!..

ამას სხვა სასიამოვნო სიურპრიზებიც მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ სადკო რუსლანის ძე თურმე არაჩვეულებრივად ნიჭიერია, რომ არა ვთქვათ გენიალურიაო. უნივერსიტეტი ჯერ არ დაუმთავრებია, მაგრამ უკვე თვალსაჩინო ფიზიკური აღმოჩენა გააკეთა, რომელსაც მოჰყვა სხვა მთელი რიგი აღმოჩენებისა ფიზიკასა და მათემატიკაში. იგი თავისუფლად ფლობს მრავალ ენას. ამას გარდა, არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული პიანისტი და კომპოზიტორია, მართავს კონცერტებს, წერს სიმფონიებს, იგონებს ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტებს... თითქმის ერთდროულად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება კრივსა და ჭადრაკში, ცურვაში, ტანვარჯიშში, ფიგურულ სრიალსა და მაგიდის ჩოგბურთში. იგი შეუყვარდა საოცრად ლამაზ ქალწულს, ცნობილი აკადემიკოსის ქალიშვილს... არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ყველაფერი ეს იოლად მოსდიოდეს. აქვს წარუმატებლობისა და შემოქმედებითი კრიზისების პერიოდებიც და, რაღა თქმა უნდა, არც მტერი და მოშურნე აკლია. მაგრამ თვითონ მორალურად წმინდაა, საშინლად შრომისმოყვარე და ჯიუტი და ამიტომაც წარმატებათა ფეიერვერკი მთელი ძალით გრძელდება...

- როგორღა დამთავრდა? - ვეკითხებოდით დ. გ.-ს.

- სულაც არ დამთავრებულა. ჩემი მეორე ცხოვრება კვლავ გრძელდება, თუმცა ბოლო ხანებში სულ უფრო ნაკლები სიხშირითა და რეგულარობით. ალკოჰოლის სულ მცირე დოზაც რომ მივიღო, სიზმრები აღარა მაქვს, ასევე მემართება გადაღლილობისა და ნერვულობის დროსაც. ახლა სადკო რთული მათემატიკური თეორიის დამუშავებით არის გართული, წერს კოსმოსურ სიმფონიას და ახალგაზრდა მომხიბლავ მხატვარ ქალიშვილსაც ხვდება. მას გზაზე ეღობება ერთი აკადემიკოსი, რომელიც ადრე მასთან თანაავტორობას ლამობდა.

ჩვენ იმაზე შევთანხმდით, რომ სადკო, ეს მომხიბლავი სპორტსმენი, დ. გ.-ს ქვეცნობიერი „იდეალური მე“ გახლდათ: მას ხომ ნამდვილად გააჩნდა ორიგინალის ზოგიერთი თვისება... სადკოს ფანტასტიკურ სიზმარეულ მიღწევებში საკმაოდ ცხადად გამოსჭვივის ყოველივე იმის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც სურდა დ. გ.-ს ცოხვრებაში. ყველაზე უფრო საკვირველი, რა თქმა უნდა, სიუჟეტური მოვლენების დროში, სიზმრიდან სიზმარში უწყვეტი განვითარებაა; ვიღაცის კარგად ნათქვამისა არ იყოს, სიზმრები ხომ ქაღალდის ნამწვს ჰგვანან, რომელიც თვალის ერთი შევლებითაც ცამტვერდება... მაგრამ ესეც რამდენადმე გასაგები ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დ. გ.-ს საერთოდ ახასიათებს სიუჟეტური აზროვნება (მას დეტექტიური მოთხრობა აქვს დაწერილი). ამას გარდა, არ უნდა დავივიწყოთ „მეორე ცხოვრების“ სავსებით აშკარა კავშირი სამოთხესთან, რომელიც ყოველთვის იმისაკენ მიილტვის, რომ გაგრძელდეს... როგორც ეტყობა, მომდევნო სიზმრები ქვეცნობიერად იყო „დაკვეთილი“ დ. გ.-ს მიერ.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff