ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

სისულელის წამალი

 

სისულელის წამალი

ფსიქოქიმიის ისტორიაში ჩაწერილია უთვალსაჩინოესი შედეგები დაუსრულებელი ცდებისა, რომლებსაც მხეცები და ადამიანები ბუნების გრანდიოზულ ქიმიურ სამზარეულოში ატარებდნენ. მასში თავმოყრილია საკვირველი ქიმიური თანხვედრები, რომელთა გამოცნობაც ალბათ, სიცოცხლის წარმოშობის მატიანეშია დამალული.

კაცობრიობა ტვინის ახალ ქიმიას ქმნის. მაგრამ აქამდე ძიებაში სტიქიურობა ჭარბობდა და ჯერჯერობით მისი საერთო ბალანსი უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი. შორსმჭვრეტელობას მოკლებული მისწრაფება დაუხანებელი სარგებლობისაკენ, ამწუთიერი ეგოიზმის დიქტატი...

აი, ახალი ცნობები დოპინგის საშინელებებზე საზღვარგარეთულ სპორტში. ველომარბიელი გადის დისტანციიდან. მორბენალმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ზონარი, მაგრამ კვლავ განაგრძობს სირბილს შეშლილივით თვალებგადმოკარკლული. მას აჩერებენ, მაგრამ იწევს, გაქცევას ლამობს დუჟმორეული... კვდება ოცდახუთი წლის სპორტსმენი... ექიმს, რომელმაც რეცეპტი გამოწერა, ციხეს უსჯიან... გაპროტესტებულია ფეხბურთის მატჩის შედეგი - მოგებული გუნდის ფეხბურთელებმა დოპინგი იხმარეს... ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებმაც რეკორდი დაამყარეს, კატასტროფული სისწრაფით კარგავენ სპორტულ ფორმას.

ძალიან ბევრი უსიამოვნება იწყება თვითმკურნალობიდან. რაოდენ სასურველია იოლად და სწრაფად და სწრაფად იქნეს მიღწეული სათანადო ფსიქიკური მდგომარეობა! და, აი, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად იწყება მიჩვევა...

მიდრეკილება რომც არ გაჩნდეს, აუცილებელი საჭიროების გარეშე ფსიქოქიმიურ ნივთიერებათა მიღება უკვალოდ არ რჩება ორგანიზმისა და ფსიქიკისათვის. ირღვევა ტვინის ნეირონულ სისტემათა მუშაობის რიტმი, მათი ურთიერთშეთანხმებულობა, იცვლება ფსიქიკის საერთო ფონი, და, თუ შემდეგ საჭირო ხდება ექიმის დახმარება, შველა უკვე ბევრად გაძნელებულია.

რა ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ ობივატელმა არასაკმაოდ შემოწმებულ საშუალებათა მაგიური ძალა ირწმუნოს, მით უმეტეს თუ მათ დაჟინებით უწევენ რეკლამას! იაპონიაში სტიმულატორებისადმი მიდრეკილება ეროვნული უბედურებაა. მძიმე თანდაყოლილი სიმახინჯეები აღმოაჩნდათ გფრ-ში ბავშვებს, რომელთა დედებიც ფეხმძიმობისას ერთ რომელიღაც ძილის წამალს სვამდნენ. აშშ-ს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილზე ღრმად ჩაეძინა მთელ კლასს - მშობლებს მოულაპარაკნიათ, ბავშვებმა რომ არ იცელქონ, დასაძინებელი დავალევინოთო. ერთი ფხიანი ვაჭარი დასავლეთ გერმანიაში წლების მანძილზე წარმატებით ვაჭრობდა სისულელის წამლით, რომელსაც დიდი გასავალი ჰქონდა.

„ფსიქოფარმაკოლოგიური ეპოქის“ მუქი ჩრდილები საკმაოდ ცხადად გამოიკვეთა და ამაზე დაფიქრება მარტო ფსიქიატრებს როდი უხდებათ. ჩვენს პირობებში ამგვარი საფრთხე ნაკლებია, მაგრამ მტკიცდება, თითქოს იგი საერთოდ არ არსებობდეს, თავის მოტყუებას ნიშნავს.

ფსიქიკის ქიმიური ოპტიმიზაცია ახლა მხოლოდ განთიადის ეპოქაშია და არა გაფურჩქვნისაში.

ჩვენ უკვე შეიარაღებულები ვართ საკმაოდ სოლიდური მოლეკულური იარაღით, მაგრამ დახვეწილი და ნიშანში მიმტანი ფსიქოქიმიის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, იგი დადგება მაშინ, როდესაც ზუსტად განისაზღვრება ტვინისეული სამიზნეები და ქიმიურ ჭურვებს განაღდებული ექნებათ ზუსტი მოხვედრა; როდესაც ტვინის ქიმიური პორტრეტირება საშუალებას მოგვცემს, არამარტო გამოვიწვიოთ საჭირო რეაქცია მოცემულ მომენტში, არამედ შორეული შედეგებიც განვჭვრიტოთ; როდესაც წარსულს ჩაბარდება კაპიტალისტური ფარმაკოფირმების არაკეთილსინდისიერი სარეკლამო შეჯიბრი და წამლების შექმნას უფრო მეტი სახსრები მოხმარდება, ვიდრე სამხედრო იარაღის წარმოებას. 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff