კიდევ სხვა რაღაც
კიდევ სხვა რაღაც
ოლდზმა შეამჩნია, რომ მშიერი ვირთაგვები განსაკუთრებული მონდომებით იღიზიანებენ ტვინს ზოგიერთ სავსებით გარკვეულ წერტილში. მაძღრებს, პირიქით, დაქვეითებული აქვთ მისწრაფება ამავე წერტილების გაღიზიანებისაკენ. აქედან მკვლევარმა დაასკვნა, რომ ამ წერტილებს სიმაძღრის სიამოვნება მოეთხოვებოდათ. თვითგაღიზიანება კი, ალბათ, ჭამის დროს მიღებული სიამოვნების რეპროდუცირება იყო.
ცხოველები კასტრაციის შემდეგ საერთოდ წყვეტენ ტვინის თვითგაღიზიანებას სხვა წერტილებში, მაგრამ საკმარისია სასქესო ჰორმონების საჭირო რაოდენობა შევუყვანოთ მათ, რომ კვლავ განაახლონ თვითგაღიზიანება. ასე რომ, ძველმა ჰიპოთეზამ ,,ქვეყანას სიყვარული და შიმშილი მართავსო’’, მორიგი ექსპერიმენტული დადასტურება ჰპოვა.
დამტკიცდა ძველთაგანვე მომდინარე ის აზრიც, რომ სიყვარული და შიმშილი, რაღაცნაირად ერთმანეთის მტრებიც არიან. ტვინის იმ წერტილებში, სადაც შიმშილი თვითგაღიზიანებათა რაოდენობის მომატებას იწვევს, სასქესო ჰორმონები ამცირებს მათ რიცხვს და პირიქით. საოცარიც კია, რომ ყველაფერი ასე მარტივი აღმოჩნდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე.
როგორც გამოირკვა, თვითგაღიზიანების ზოგიერთ წერტილს ვირთაგვებში არავითარი კავშირი არა აქვს არც შიმშილთან, არც სიყვარულთან, არც წყურვილთან, არც სხვა რაიმე აშკარა მოთხოვნილებასთან.
მაშ, სხვა რაღა უნდა სჭირდებოდეთ ამ მხეცუნებს? კიდევ რა ვნებები შეიძლება ამოძრავებდეთ მათ? ისინი შიმშილსაც ივიწყებდნენ და სიყვარულსაც, სძლევდნენ დახლართულ ლაბირინთებს, ოღონდ კი ელექტრული სიამოვნება მიეღოთ როგორმე. ამისთვის ისინი გაცილებით უფრო სწრაფად გამორბოდნენ, ვიდრე საჭმლისთვის.
ოლდზი საცდელ ცხოველებს სხვა დაბრკოლებებსაც უქმნიდა. სამოთხის პედალთან რომ მისულიყვნენ, მხეცუნებს ლითონის ბადეზე უნდა გადაერბინათ. ბადეში დენი იყო გაშვებული, რომელიც მწარედ იკბინებოდა თათებზე. ასეთსავე ბადეზე გადარბოდნენ ვირთაგვები საჭმლისთვისაც და მერე რა? უცხო სიამოვნების გულისთვის ისინი უფრო მეტ ტკივილს იტანდნენ, ვიდრე საჭმლისთვის (თუ ტკვილს გავზომავთ ბადეში გაშვებული დენის ძალის მიხედვით). თურმე ტკბობის გამოხატვა ტანჯვის ერთეულებითაც შეიძლება და ასევე პირიქით. თანაც, გარდა ამისა, ,,სიამოვნებისგან აღმოცენებული სურვილი სხვა თანაბარი პირობებისას, უფრო ძლიერია, ვიდრე სურვილი, აღმოცენებული უსიამოვნებისგან’’. - ეს ჭეშმარიტება, რომელთანაც გეომეტრიული მტკიცებათა გზით მივიდა სპინოზა მე-17 საუკუნეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ექსპერიმენტულად.
ვირთაგვებს თავისი არ უნდა დავუკარგოთ. სანამ შესაძლებელი იყო, ისინი კეთილგონიერებას ინარჩუნებდნენ - საჭმელსაც ეტანებოდნენ და ელექტრულ თვითგაღიზიანებასაც, სანამ ელექტროდი ტვინის იმ წერტილში არ აღმოჩნდებოდა, რომელთა გაღიზიანებაც სხვა ყველაფერს ავიწყებდა. ოლდზმა ყურადღება მიაქცია, რომ ვირთაგვები, რომლებიც კიდევაც ჭამდნენ და კიდევაც თვითღიზიანდებოდნენ, უფრო ყოჩაღად და ხალისიანად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ელექტრომანები უფრო მოძრავნი, ენერგიულები ხდებოდნენ, თითქოს სიამოვნება ახალი ძალებით ავსებთო. მართალია, იყო გართულებებიც, მეტისმეტად მძაფრი გატაცებები კონფლიქტებს იწვევს. მე მიყვებოდნენ, რომ ვირთაგვებს არ მოსწონდათ თავიანთი მდედრი ამხანაგების საქციელი, რომლებიც თვითგაღიზიანებას ეწეოდნენ. ზოგიერთი მდედრი ელექტრომანი გახელებისას იქამდე მიდის, რომ როდესაც კამერიდან ამოჰყავთ და გალიაში გადასვამენ, თითქოს ბურანშიაო, კვლავ განაგრძობს თათების დაჭერას წარმოსახულ პედალზე. ასეთ დროს თვისტომნი უმალ მისცვივდებიან ხოლმე ვირთაგვას და გონზე მოჰყავთ იგი.
ამასობაში ოლდზის აღმოჩენამ ექსპერიმენტებისა და ფიქრების ახალი ტალღა აღძრა.