ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

რადიოგადატრიალება

 

რადიოგადატრიალება

კაცი სახლიდან გამოდის ხალხმრავალ ქუჩაში, რაღაც მტკიცე გადაწყვეტილებით მიაბიჯებს და არავის აქცევს ყურადღებას.

ჩერდება, იცინის.

შემდეგ, თითქოს რაღაცა გაახსენდაო, უკანვე ბრუნდება, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს და მშვიდად წვება ტროტუარზე, პოპულარულ სიმღერას ღიღინებს.

გროვდება ხალხი. შემთხვევის ადგილისაკენ პოლიციელი მიიჩქარის.

ამასობაში ადამიანი აუჩქარებლად დგება და მეგობრულად მიმართავს რომელიღაც გამვლელს. მაგრამ ერთბაშად თავზარდაცემული ჰკრავს მას ხელს, გამოვარდება ბრბოდან და გარბის. შეშლილია?

ექიმმა დელგადომ ცხოველებიდან დაიწყო. ჩვენთვის ნაცნობი სურათია: კატები და მაიმუნები ჩანერგილი ელექტროდების გვირგვინებით თავზე, ოღონდ დაზგები არ არის. ცხოველები თავისუფლად დადიან. მათ ქცევას რადიოთი წარმართავენ.

სიგნალი პულტიდან და ორი კატის მეგობრული ურთიერთობა ერთბაშად საშინელი ჩხუბით იცვლება. ისინი შემდგომში მტრებად დარჩებიან, თუ ღილაკს არ დავაჭერთ და არ გავაგზავნით სიგნალს: ,,არაფერი არ მომხდარა, თქვენ კვლავ მეგობრები ხართ.’’

გალიაში, სადაც რამდენიმე მაიმუნი იმყოფება, ამაყად დააბიჯებს ხვადი #1. იგი მბრძანებელია, ყველაზე ძლიერი, ყველაზე აგრესიული, ან იქნებ, უბრალოდ, სხვებზე უფრო თავხედი გახლავთ. როგორც არ უნდა იყოს, საჭმელიცა და ძუ მაიმუნებიც პირველ რიგში მას ეკუთვნის. შემდეგ მოდის ხვადი #2, #3 და ა.შ. ადამიანური თვალსაზრისით, ამ არცთუ ძალიან ორიგინალური იერარქიის მთლად უკანასკნელ, ყველაზე მდაბალ წარმომადგენლამდე.

რადიოსიგნალი გაგზავნილია, მან ელექტროდის გზით ხვადი #1-ის ტვინის ნუშისებრ ბირთვში შეაღწია და... რისი თავხედობა, რა თავხედობა. ამის ნაცვლად დაბნეული მიმიკა ჩნდება და მაშინვე, რაღაც ორ წამში, სრული გადატრიალების მოწმენი ვხდებით. ყოფილი დიქტატორი არნახული შეურაცხყოფის მსხვერპლად იქცა, დაკბენილ-დაკაწრული, გასაცოდავებული მიმჯდარა გალიის კუთხეში, უზენაეს ძალაუფლებას კი, ხვადი #2 იღებს. არც მისი ბატონობა გრძელდება დიდხანს. ღილაკზე თითის დაჭერა და სათავეში უკვე ხვადი #3 დგას, შემდეგ #4. ტახტზეა სულ მთლად უკანასკნელი!

ახლა კი ვნახოთ რა მოხდება, თუ ისევ მოვხსნით კონტროლს ბუნებრივ ძალებზე.

დიახ, სწორედ ასე გახლავთ - ყველა მეამბოხე თავის ადგილზეა მიყრილ-მოყრილი, ხელყოფილი კანონიერება ისევ ზეიმობს. #1 ხვადის დიქტატურა კი წინანდელზე უფრო მკაცრია.

მაიმუნი მარტო ზის, მას ბანანს უწვდიან. მაიმუნი ხელს იშვერს მისკენ, მაგრამ მაშინვე უკან მიაქანებს, კვლავ გაიშვერს და ისევ უკან მიაქვს სასწრაფოდ. აი, (ბუნებრივი საზრიანობა ჩვენი ბიძაშვილებისა) იმ მომენტში, როდესაც ხელი მეოთხედ და მეხუთედ უნდა გაექცეს უკან, მაიმუნი მარჯვედ სტაცებს ფეხს ბანანს.

მაგრამ რა ხდება? ჩაკბეჩს თუარა, მაშინვე ზიზღით მოისვრის ხილს. უხარისხო პროდუქტია? არა, ამაში არ არის საქმე. სამართავი პულტიდან გაგზავნილია სიგნალი „ზიზღი საჭმლისადმი“. მოძრაობა კი არ არის შეცვლილი, არამედ - სურვილი, წადილი.

ცხოველი იმას აკეთებს, რაც ,,სურს’’, ოღონდ ახლა მას უკვე ის უნდა, რასაც ექსპერიმენტატორი უკარნახებს.

ადამიანიც იმას აკეთებს, რაც ,,სურს’’. ეს დამაჯერებლად გვიჩვენა დელგადომ. ქუჩაში ადამიანის ზემოთხსენებული უცნაური ქცევა, მთლად ფანტაზია არ არის. იგი ექსპერიმენტის შესაძლო ვარიანტია. ქცევაზე ელექტრული კონტროლის ცდები დელგადომ რამდენიმე ავადმყოფზე ჩაატარა, რომლებსაც ტვინში ელექტროდები ჰქონდათ ჩანერგილი.

ადამიანის ტვინი ძალზე ადვილად და, რაც მთავარია, თავად მისთვისვე შეუმჩნევლად ნებდება ზემოქმედებას.

ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე შემდგომში.

ელექტროდების ჩანერგვა, თუმცა საკმაოდ უვნებელი, მაგრამ მეტისმეტად გაზვიადებული პროცედურაა, ტექნიკა საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ მას.

ატლანტის (ჯორჯიის შტატი) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ახლა ტვინის ე.წ. ტელესიმულატორზე მუშაობენ. ეს არის ერთი ციცქნა, მუხუდოს მარცვლისოდენა ხელსაწყო, რომელიც პირდაპირ კანქვეშ მაგრდება თავზე. მისი მოწყობილობა, ჯერჯერობით, მხოლოდ იმ მეცნიერებმა იციან, რომლებიც მისი მეშვეობით ატარებენ ექსპერიმენტებს. აშკარაა, რომ რადიოელექტრონიკის სულ უკანასკნელ მონაპოვარებთან უნდა გვქონდეს საქმე. ამ მარცვლის საშუალებით, ტვინში შეიძლება დისტანციური გადამცემიდან გაიგზავნოს სიგნალები ,,ძილი“, ,,ჭამა“’, ,,ბრძოლა’’ და სხვა ამდაგვარები. ჯერჯერობით ცდები ოც მაიმუნზეა ჩატარებული, მაგრამ აერონავტიკის და კოსმონავტიკის ამერიკული სამმართველო, ტელესტიმულატორს უკვე ,,კოსმონავტების ქცევის კონტროლირების იდეალურ საშუალებად“ თვლის. კონტროლი პირდაპირ დედამიწიდან განხორციელდება.

„კოსმონავტები შეიძლება დავაძინოთ, ვაიძულოთ ჭამონ, დაივიწყონ მარტოობა, საშიშროების დროს გამოვიწვიოთ ზესიფხიზლე’’.

,,ტელეკონტროლის აპარატურით ტვინის სტიმულირების დროს შესაძლებელი გახდება ადამიანებს ვასწავლოთ გაცილებით ბევრი, ან გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში’’.

,,ტელესტიმულირებით შევძლებთ დავეხმაროთ არასრულფასოვან ადამიანებს, რომ უფრო სრულფასოვანი მოქალაქეები გახდნენ, დამღუპველი ავადმყოფობისგან განვკურნოთ ნარკომანები, თუ ,,ნემსის დარტყმას’’ ტელესტიმულირების არანარკოტიკული ,,დარტყმით’’ შევცვლით.

ეს საოცარი აღმოჩენაა, რომელიც შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს, თუ ცუდ ვინმეს ჩაუვარდა ხელში.

როდესაც დელგადოს ექსპერიმენტების აღწერას ვკითხულობდი, წამოტივტივდა ბუნდოვანი მოგონება, რომ რაღაც ამგვარი უკვე გაკეთებული ჰქონდათ სადღაც. მერეღა გამახსენდა: ეს ხომ ფანტასტ ალექსანდრე ბელიაევის ,,მსოფლიოს მბრძანებელია!“ ცალკეული ადამიანებისა თუ მთელი ჯგუფების ტვინზე რადიოტალღების ზემოქმედებით, პატივმოყვარე, დემონური შტირნერი ხომ თანმიმდევრულად აღწევდა ყველა, საკმაოდ ბანალურ მიზანს (ფულები, ძალაუფლება, ქალები). მან პანიკაში ჩააგდო მთელი ქვეყანა, საიდუმლოდ მოქმედებდა, ვიდრე არ მიაგნეს. მერე კი არ უნდოდა დანებება, მაინც გატეხეს, სადღაც გაქრა...

ფსიქიკური მართვის ტალღურ ველს მთელი პლანეტა მოუცავს. ყველა ადამიანი კონტროლის ქვეშაა. ყოველი ცალკეული ტვინის მდგომარეობის შესახებ, განუწყვეტლივ მიდის ცნობები მართვის ერთიან ცენტრში, იქიდან კი ბრძანებები მოქრიან თითოეული ტვინისათვის ცალ-ცალკე... დედამიწაზე ცოცხალი რობოტები დადიან. თავისუფლების საზღვრები მკაცრად განსაზღვრულია. მოქნილად, მაგრამ განუხრელად რეგულირდება ქცევა... ფსიქიური ბუნტი, მცდარი აზრი, დამოუკიდებელი სურვილი? ტალღათა სიმძლავრის მცირედი გაზრდა წამის მეათედებში ყველაფერს ავიწყებს ადამიანს...

ფსიქიკის დისტანციური მართვის უკვე რამდენი შავბნელი სურათების დახატვა მოასწრეს ფანტასტებმა! მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ეს სურათი საკმაოდ ერთფეროვანია.

ჩვენ რატომღაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ ყოველი ცალკე ადამიანის ქცევას უხსოვარი დროიდან, ყოველგვარი ტელესტიმულატორების გარეშე, სხვა ათასგვარი საშუალებითა და მეტ-ნაკლები წარმატებით წარმართავენ, როგორც მთლიანი საზოგადოება, ასევე ცალკეული ადამიანებიც. ეს რეალობაა, რომელთანაც ყველა შეჩვეულია და რომელსაც მხოლოდ იმ ცალკეულ შემთხვევაში ამჩნევენ ხოლმე, როცა იგი აშკარად არასასურველი ჩანს. ამიტომ, ნუთუ ასე აუცილებელი უნდა იყოს ტვინში შეღწევა, როდესაც ადამიანთა გარკვეული მიმართულებით წარმართვის მსურველთ ამდენი არაპირდაპირი საშუალება, ამდენი თაფლისკვერი, ამდენი მათრახი და მათივე უამრავი გონებისდამბნელებელი შეხამებები გააჩნიათ?

ბურჟუაზიული პროპაგანდა, რეკლამა და ტვინთა დამუშავების სხვა მეთოდები, განა ეს ცოტაა?

ჯანმრთელ ადამიანს ტელესტიმულატორს მიუმაგრებენ და ცოცხალი რობოტი, იდეალური სალდათიც მზადაა. მოქმედებისთვის მზად არის კუნთებით, ნერვებით, ცოდნითა და ყველაფრით აღჭურვილი იარაღი ბოროტმოქმედებისა. მაგრამ უკვე ნანახი და უკვე დამარცხებულიც გვყავს ასეთები, ჰიტლერული პროპაგანდის მიერ სტიმულირებული რობოტები.

საეჭვოა, რომ ტელესტიმულატორის დახმარებით ადამიანისგან იმაზე უარესი რამ მივიღოთ, რისი მიღწევაც აქამდე ჩვეულებრივი მეთოდებით ხერხდებოდა. დამაფიქრებელია სხვა რამ:

ახლა ბევრს ლაპარაკობენ ახალგაზრდობის ელექსირზე ღილაკური სამართავით. ჯიბეში თითით დააწვები ღილაკს და საჭირო მდგომარებაში მოიყვან თავს. არავითარი საზრუნავი, არავითარი წუხილი და არავითარ სურვილი, გარდა ერთისა, რომ გამუდმებით აჭირო ღილაკს. ყველაფერი რიგზეა.

როგორც ჩანს, მთავარი საფრთხე სწორედ ესაა. გარედან ზემოქმედება კი არა, პირადი მისწრაფება. ფარული სიჭარბის გველმაცდურს ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი უკანასკნელი სიტყვა. არსებას, ვისაც შეუზღუდველად მიუწვდება ხელი სიამოვნებებზე, რომელნიც არ არიან დაკავშირებულნი ორგანიზმის დაცვის, გვარის გაგრძელების, ან ფართო აზრით, სახეობის დაცვის მიზნებთან, ამგვარ არსებას სავალალო ხვედრი, უნაყოფო არსებობა, უმიზნო დაღუპვა ელის. ამაზე მეტყველებს ტრაგედია ნარკომანებისა, რომლებზედაც ჩვენ შემდეგ ვილაპარაკებთ. არ ვისურვებდი ისეთი დროის დადგომას, როდესაც ადამიანი ჯიბეში თითს დააჭერდა ღილაკს, ნაცვლად იმისა, რომ თავითა და ხელებით ემუშავა, ბავშვებისათვის მიეხედა, კონცერტებზე ევლო, ეკითხა ან უარეს შემთხვევაში ეწერა მაინც წიგნები!

მაგრამ განა ძალიან მოულოდნელი იქნებოდა თავისუფალი მეწარმეობის პირობებში რომ გამოჩენილიყო ლეგალური ან იატაკქვეშა ფირმა, რომელიც ამგვარ ხელსაწყოებს დაამზადებდა? მართალია, ეს ფირმა მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებდა, თუკი მის თანამშრომლებს მთელი სიმკაცრით ექნებოდა აკრძალული საკუთარი პროდუქციის გამოყენება. და თუ ისინი ამ პირობას დაიცავდნენ... მაგრამ უმჯობესია, მოვეშვათ შიშნარევ ფიქრებს და რეალობას დავუბრუნდეთ. ალბათ, ნამდვილად არ არის შორს ის დრო, როდესაც შესაძლებელი გახდება დისტანციური ხელსაწყოების მეშვეობით ფოკუსირებულად ვმართოთ ტვინის მდგომარეობა და მასში ინფორმაცია შევიტანოთ ისე, რომ გვერდი ავუაროთ გრძნობათა ორგანოებს. როგორც ჩანს, გამოიგონებენ დისტანციურ სტერეოენცეფალოგრაფსაც. მისი დახმარებით შევძლებთ ინფორმაცია ტვინის ყოველი წერტილის შესახებ ყველა მომენტში, სწორედ ეს იქნება ტექნიკური ტელეპათია, რომელმაც, ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, უკან უნდა მოიტოვოს ბიოლოგიური ტელეპათიის ძიებები. ჯერჯერობით კი დოქტორი დელგადო რადიოიმპულსებით აღაგზნებს და აწყნარებს გავეშებულ ხარს, ხოლო მაიმუნს აიძულებს, ან აწოვოს ძუძუ, ან ხელისკვრით მოიწყვიტოს თავიდან საკუთარი პირმშო. ელექტროდები ადამიანის ტვინის ზონდირებას განაგრძობენ. ტვინის ფაქიზ დასერვასთან, ფილიგრანულ გაყინვებთან, ულტრაბგერით და პროტონულ დასხივებებთან ერთად, ისინი ებრძვიან დამბლებს და ტიკებს, ტკივილს და შფთოვას, მრისხანებასა და ნაღველს, აკვიატებულ აზრებს და ბოდვას. ჯოჯოხეთთან ომის ფრონტი ახლა უკვე თვით ქვესკნელში გადის.

აი, ღილაკიც ჯიბეში. ახლა იგი ერთ ახალორლეანელ ბარმენს აქვს. პროფესორმა ჰიტმა მას მუდმივი ელექტროდი ჩაუნერგა ტვინში და შესაძლებლობა მისცა, თავის ნებაზე ემართა საკუთარი ტვინი. ელექტროდის წვერი ტვინის ღეროს სიფხიზლის ცენტრებში ზის. იმპულსი ხსნის დაღლილობას და თვლემას, რაც ბარმენს ღამით მუშაობისას ეძალება. სხვა რაღა უნდა ექნათ, თუ საქმეს აღარც ნებისყოფის დაძაბვა შველოდა და აღარც აბები? თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ელის ამ ბარმენს მომავალში.

უკანასკნელი ცდებით დელგადომ აჩვენა, რომ სიშმაგის ცენტრების გაღიზიანებისას ცხოველი უმთავრესად იმ თვისტომებს ერჩი, რომლებთანაც აქამდე უკვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ამის ანალოგიები ადამიანურ ქცევასთან საკმარისზე მეტია. აქ აშკარაა ემოციათა ურთერთწარმმართველი კავშირი მეხსიერების სისტემასთან. შესაძლოა, მომავალმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენონ, რომ ადამიანი ტვინის ინტიმურ ავტომატიკაზე უშუალო ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაშიც არ უნდა იყოს მთლად უძლური.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff