ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

გამოდევნა უკუღმა

 

გამოდევნა უკუღმა

ფსიქიატრები გამუდმებულად აწყდებიან ერთ მოვლენას: სმენითი მცდარობანი, და განა მარტო ეს, ასევე საკუთარი აზრები, მეტყველებაცა და სხვა ყველანაირი განცდაც, ადამიანს სხვისი „ნახელავი“, ვიღაცის მიერ გარედან თავსმოხვეული ეჩვენება ხოლმე, თითქოს ყველაფერს ვიღაცა სხვა უდებდეს თავში. ავადმყოფი ცხადად გრნობს, რომ ყველაფერი, რაც მასში ხდება, უცხოა მისი საკუთარი „მე“-სათვის. „მაგრამ ვიღაცისა ხომ უნდა იყოს! რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს! ვინ შეიძლება აკეთებდეს ამას, თუ არა სხვა ადამიანები?“ (ძველ დროში უწმინდური ძალა ფიგურირებდა).

ფსიქიკური ავტომატიზმები პირველად რუსმა ფსიქიატრმა კანდინსკიმ აღწერა, ცნობილი მხატვრის ძმამ; მან თვითონ გამოსცადა მდგომარეობა, რომელსაც ფსიქიკური ავტომატიზმები ახლდა თან, და მისი ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილიც თვითდაკვირვების მასალამ შეადგინა.

„ერთხელ, ავადმყოფობის გამწვავების დღეებში დ.-მ იგრძნო, რომ ფიქრები არაჩვეულებრივი სისწრაფით დარბიან, სრულებით არ ემორჩილებიან მის ნებას და ლოგიკურადაც მცირე კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ამ აზრებს მის თავში რაღაც უცხო ძალა მოერეკებოდა დიდი სისწრაფით. რა თქმა უნდა, ავადმყოფი ამას ფარული მტრების ერთ-ერთ ხრიკად თვლიდა და დიდადაც არ გაჰკვირვებია, რადგან ამგვარი რამ მას ადრეც ჰქონდა რამდენჯერმე გამოცდილი. მაგრამ ახლა დ. გრძნობს, რომ ენა მარტო მისდაუნებურად კი არა, არამედ მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი უმოძრავებს, ხმამაღლა და ძალზე სწრაფად როშავს იმას, რისი თქმაც არაფრის დიდებით არ შეიძლება. პირველ ხანს ავადმყოფი ასეთი არაჩვეულებრივი მოვლენის მხოლოდ თვითონ ფაქტმა გააოცა და შეაშინა: უცებ მთელი სიცხადით რომ იგრძნო თავი მომართულ თოჯინად, მართლაც, საკმაოდ არასასიამოვნოა. მაგრამ, როცა გაარჩია აზრი იმისა, რასაც მისი ენა არახუნებდა, ავადმყოფი კიდევ უფრო დიდმა შიშმა შეიპყრო, აღმოჩნდა, რომ დ. გულახდილად აღიარებდა თავის მძინე დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე და, სხვათა შორის, ისეთ ზრახვებს მიაწერდა საკუთარ თავს, რომლებიც არასოდეს ჰქონია. მიუხედავად ამისა, ვერაფერი აკავებდა ენას, რომელმაც მოულოდნელად ავტონომია მიიღო, და რაკი როგორმე ის მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ ირგვლივ მყოფთ არ გაეგონათ ეს ყველაფერი, დ. საჩქაროდ გაეშურა საპირფარეშოსაკენ, სადაც ბედად იმ დროს არავინ იყო... იგი იქ დაელოდა უნებური ყბედობის პაროქსიზმის გავლას და იმასღა ცდილობდა, რაც შეიძლება ხმადაბლა ელაპარაკა. ეს, მართლაც, იმდენად ლაპარაკი არ იყო, რამდენადაც მანქანის რახა-რუხის მსგავსი რაღაც, ან მაღვიძარამ რომ იცის, მოულოდნელად რომ ახმაურდება ხოლმე და ბრმად მოქმედებს, ვიდრე ზამბარა ბოლომდე არ გაიშლება.

რამდენიმე დღის შემდეგ იძულებითი ლაპარაკის მოვლენა კვლავ გამეორდა, მაგრამ ხანგრძლივი პაროქსიზმის ფორმით კი არა, არამედ რამდენიმე მოკლე, ნაძალადევად ნათქვამი ფრაზის სახით. ავადმყოფის ტვინი უწინდებურად კარგავდა ბოდვის ახირებულ სურათებს; სხვათა შორის, ფიქრი ავადმყოფისა, რომელიც იმ მომენტში ოთახში იჯდა მაგიდასთან, თანამზრახველებისა და მეგობრებისადმია მიმართული. უცებ, იგი ერთ თავის ძველ მეგობარს, ფლოტის ოფიცერს მ-ს ხედავს; გამოსახულება თითქოს მისკენ მოიწევს, მის სხეულს რომ შეერწყას და შეერწყმის თუ არა, დ-ს ენა მაშინვე უნებურად წარმოთქვამს მოწონების გამომხატველ ორ ფრაზას ვიღაც უცხო ადამიანის ხმით; ამავე დროს ავადმყოფი, რომელიც გაოცებული იჭერს ამ სიტყვების მოულოდნელ აზრს, კიდევ უფრო მეტად გაკვირვებულია, რომ ეს მისი ხმა კი არ არის, არამედ მკაცრი მეზღვაურის მ-ს ხრინწიანი, უხეში და მეტად თავისებური ხმაა. ცოტა ხნის მერე ავადმყოფს უკვე ვიღაც მოხუცი, საიდუმლო მრჩეველი ხ. ეცხადება, ისიც გვერდიდან უახლოვდება ავადმყოფს და თითქოს ერწყმის ამ უკანასკნელის სხეულს: დ. გრძნობს, რომ იგი ამ წუთში თითქოსდა მოხუც ხ-ად იქცა (რომელიც მ-სგან განსხვავებით ლმობიერების განსახიერებაა), მაშინვე მისი ენაც მოულოდნელი აზრის შემცველ ფრაზას წარმოთქვამს, თანაც დიდი სიზუსტითაა დაცული ხ-სათვის ნამდვილი ნიშანდობლივი ხმაცა და ლაპარაკის მანერაც. ასეთი მოვლენების შემდეგ ავადმყოფმა ირწმუნა, რომ მეგობრები ფიქრობდნენ მასზე და კიდეც მოახერხებდნენ რამეს მის გასათავისუფლებლად, ვინაიდან რაკი მასში საიდუმლო ჩასახლების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ მათი სხეულებრივი არსებობაც, უეჭველია, მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მის არსებობასთან. აქ ავადმყოფმა თავისი ხმით უნებურად გაიმეორა ნაცნობთა ხმები და ლაპარაკის მანერა და თანაც ისეთი სიზუსტით, რომ ყველაფრის ასე მარჯვე მიბაძვას იგი შეგნებულად ვერასგზით ვერ მოახერხებდა. ჯანმრთელ მდგომარეობაში დ. სრულებითაც არ გამოირჩევა მიმბაძველობის ნიჭით“.

როგორ აიხსნება დ-ს ავტომატური, ნაძალადევი მეტყველება?

ეს არც თუ იშვიათი სიმპტომია სულით ავადმყოფებში. ზოგიერთი მათგანი ამას „თვითლაპარაკს“ ეძახის. ერთი ჩემი ავადმყოფი, უწყინარი, მორცხვი, არაჩვეულებრივ დელიკატური ადამიანი, „თვითლაპარაკის“ შეტევების დროს (ამას „ისინი“ სჩადიოდნენ), მართლაც რომ მთელი ხმით ანთხევდა ურჩეულეს გინებას, მერე კი საშინლად იტანჯებოდა და ყოველნაირად გვიხდიდა ბოდიშებს.

აქ ბოროტ ოინს თვითონ მეტყველების მექანიზმი აწყობს. ჩვენ ძალიან იშვიათად თუ ვუფიქრდებით თითოეულ სიტყვას, თითოეულ ფრაზას, ჩვენ მათ „ჩავრთავთ“ ხოლმე და ცნობიერებაში მხოლოდ ძალზე ზოგადი ესკიზი ჩნდება იმისა, რის თქმასაც ვაპირებთ. მეტყველება სიარულის მსგავსად არის რეგულირებული: როგორც ერთის, ისე მეორის ნებისმიერი მართვა უწინარეს ყოვლისა მიმართულების მიცემასა და საჭიროების მიხედვით დეტალების ფაქიზ დახვეწაში მდგომარეობს. საფუძველს კი ხანგრძლივი მეხსიერების ავტომატიზმი ჰქმნის. დ-ს სწორედ ეს ავტომატიზმი მოუწყდა მარეგულირებელი მექანიზმის ჯაჭვიდან...

უფრო რთულია აიხსნას მეორე: რატომ არის, რომ ჰალუცინაციებისა და ფსიქიკური ავტომატიზმების შინაარსად ყველაზე უფრო ხშირად სწორედ ის გვხვდება, რაც უცხოა ავადმყოფისათვის, რასაც იგი შიშითა და ზიზღით ეკიდება, რასაც პროტესტს უცხადებს მთელი მისი არსება? თითქოს მართლა რომელიღაც ეშმაკი იგდებდეს მასხარად, ჯერ უწყობდეს ტვინში, მერე კი იქიდანვე გარეთა ჰყრიდეს ყველაზე უფრო აკრძალულს, აბსურდულს, საშინელს... მაგრამ ესეც რამდენადმე ცხადი ხდება, თუ გამოდევნას გავიხსენებთ. დ. რომ თავისდაუნებურად აღიარებდა რაღაც შეთხზულ დანაშაულობებს - ეს „უკუღმა“ გამოდევნა გახლავთ. უფრო გასაგები ხდება ჰალუცინაციათა სამოთხისეული შეფარდების ამაზე იშვიათი შემთხვევებიც.

(ავადმყოფი ქალი ჩუმად ზის, პასიურად ემორჩილება ყველაფერს, კითხვებზე მოკლედ იძლევა პასუხს. თვალები უბრწყინავს, ტუჩებზე ღიმილი დაურბის, დროდადრო სახე აღტაცებას, ექსტაზს გამოხატავს. ხმები ატყობინებენ, რომ მასზე შეყვარებულია ვიღაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ერთი მამაკაცი...)

დ.-ს განცდები, განსაკუთრებით ის ეპიზოდები, როდესაც იგი თავის ნაცნობებად გარდაისახებოდა და ძალაუნებურად მათი ხმით ლაპარაკობდა, ძალიან წააგავს მდგომარეობებს, რომლებიც ჰიპნოზის სომნამბულურ ფაზაში ჯანმრთელ ადამიანებს შეიძლება ჩავაგონოთ.

ხოლო თუ გავიხსენებთ ორ ჩვენს ჰიპნოზურ მაგალითს, ქვეცნობიერიდან როგორ ამოძვრებოდნენ ხოლმე ჩაგონებები, როგორ ებღაუჭებოდნენ სიტუაციის შესაფერის მომენტებს, მაშინ უფრო გასაგები გახდება, ყველაზე ფანტასტიკური განცდები რაღაც რეალურ ლოგიკურ და ბუნებრივ მოვლენებად რატომ ფორმდებიან სულით ავადმყოფებში. ისინი ცხოვრების „მიმდინარე ამბებად“ გევვლინებიან.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff