ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ელექსირის მოლოდინში

 

ელექსირის მოლოდინში

მე კალმისტარი მიჭირავს, ვწერ, ამ დროს კი ჩემი ტვინის ნერვული უჯრედების ნუკლეინური ჯაჭვები, სწორედ იმ უჯრედებისა, რომლებიც ჩემს ხელს ამოძრავებენ, ირხევიან, მსხვილდებიან, იკუმშებიან და ასევე გააგრძელებენ კიდევ რამდენიმე ხანს მას შემდეგ, წერას რომ დავამთავრებ. მარცხენა ხელით რომ ვწერდე, ყველფერი ეს მოპირდაპირე ნახევარსფეროს მამოძრავებელ უჯრედებში მოხდებოდა, იმ ნახევარსფეროს ნუკლეინის მჟავები კი, ამ წუთას რომ გაძლიერებით მუშაობენ, უფრო მოსვენებული იქნებოდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი სწორედ ასეა. საეჭვოა, რომ ამ მხრივ მე არსებითად განვსხვავდებოდე ვირთაგვასაგან. მას კი, როგორც შვედმა ნეირობიოქიმიკოსმა ჰოლგერ ჰედინმა გვიჩვენა, რნმ სწორედ იმ უჯრედებში უგროვდება, რომლებიც მოცემულ მომენტში მუშაობენ. თუ იგი პედალს მარჯვენა თითით აწვება, მაშინ რნმ-ს რაოდენობა მატულობს მარცხენა ნახევარსფეროს უჯრედებში, და ასევე პირიქით. (თითოეული ნახევარსფერო სხეულის მოპირდაპირე მხარეს მართავს). იცვლება ფუძეთა თანმიმდევრობაც ნუკლეინის მოლეკულურ ჯაჭვებში.

როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ ნუკლეინის მჟავებს - ყოველივე იმის გულის გულს, რაც სუნთქავს, მოძრაობს და მრავლდება? ახლა ყველა მათზე ფიქრობს; ბიოქიმიკოსებიც, ბიოფიზიკოსებიც, გენეტიკოსებიც, მიკრობიოლოგებიც, გულის მკურნალი ექიმებიც.

ისინი ყოველი ორგანიზმის ყველა უჯრედში მოქმედებენ და მხოლოდ ორნი არიან: დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ), რომელიც ძირითადად ბირთვშია, და რიბონუკლეინისა (რნმ), გაბნეული მთელ უჯრედში. ისინი, ჯერ ერთი, საკუთარ თავს და, მეორეც, ცილების მთელ იმ არმადას აწარმოებენ, რომელიც ბაქტერიას ბაქტერიად ხდის, მცენარეს მცენარედ, კატას კატად, ადამიანს ადამიანად (ბიოლოგიური აზრით). ისინი ინახავენ, გადააქვთ და ანაწილებენ ქიმიურ ინფორმაციას, რასაც სიცოცხლე ჰქვია.

მემკვიდრეობითობის კოდები... მათი ჯაჭვების ქიმიური აგებულებათა შორის არსებული უფაქიზესი განსხვავებანი ცხოვრებაში ნიშნავს განსხვავებას მახინჯსა და ლამაზს, ჯუჯასა და გიგანტს შორის.

ელექტრონულ მიკროსკოპში ძლივს გაირჩევა უწვრილესი, ნახევრადგაორებული სპირალები: სწორედ ეს არის დნმ - ორგანიზმის ქიმიური „მთავარსარდალი“. ადამიანში ეს „მთავარსარდალი“ შედგება მთელი ხუთი მილიარდი ოდენობის განსაკუთრებული, წყვილებად შეკავშირებული აზოტური შენაერთებისაგან, რომლებიც აკინძულნი არიან ნახშირბად-პოლიმერის გრძელ ჯაჭვზე. „მთავარსარდალი“ თვალსაჩინო ზომისაა; იგი რამდენიმე ათეულჯერ დიდია, ვიდრე ყველა სხვა ბიოლოგიური მოლეკულა.

ბიოლოგებმა კიბერნეტიკოსებთან ერთად გამოიანგარიშეს, რომ ერთ ჩაის კოვზ დნმ-ს იმდენი ინფორმაციის დატევა შეუძლია, რამდენსაც 400 კუბური კილომეტრი მოცულობის მქონე ნათურიან ელექტრონულ გამომთვლელ მანქანას.

უფრო პატარა და ოდნავ მარტივია რნმ-ს მოლეკულები - „მთავარსარდლის“ ბრძანებათა მთავარი აღმსრულებლები. „მთავარსარდლის“ ბრძანებებს რნმ-ს სამი ქვესახეობა თავდაპირველად ერთმანეთს გადასცემს, ასე ვთქვათ, ინსტანციების მიხედვით, ბოლო ინსტანციის რნმ კი ასინთეზებს ცილებს, რომლებიც ასინთეზებენ და ხლეჩენ, ააქტიურებენ და თრგუნავენ ყველა დანარჩენს.

რნმ-ს შემცველობის მხრივ ორგანიზმის ყველა უჯრედს შორის აბსოლუტური ჩემპიონები აღმოჩნდნენ ნეირონები. მუშაობისას ისინი რნმ-ს აგროვებენ გარემომცველი წვრილი უჯრედების, ე. წ. გლიას ხარჯზე. (ამგვარი უჯრედული ურთიერთმომსახურება საერთოდ გავრცელებულია ორგანიზმში. მაგალითად, ასე კვებავენ კვერცხუჯრედს მისი გარემომცველი ფოლიკულარული უჯრედები). მომუშავე ნეირონის რნმ ახალ ცილებსა და ცილა-ნახშირბადულ კომპლექსებს ასინთეზებს.

ასე აღმოცენდა მეხსიერების ნეირონული დონის ჰიპოთეზა. ნეირონის ახალი ცილა, როგორც ჰიდენი ფიქრობს, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ელექტრული იმპულსაციის იმ სახის მიმართ, რომელმაც მისი წარმოქმნა გამოიწვია. ამ დროს უმცირესი იმპულსური ნიშანიც საკმარისია რეაქციის აღსადგენად. სწორედ ეს ახალი ქიმიური მზადყოფნა გახლავთ გრძელვადიანი მეხსიერება ნეირონისა.

მე უფრო დაწვრილებით აღარ გამოვეკიდები დეტალებს მათი სირთულისა და, რაც მთავარია, ბიოქიმიაში ჩემი არასაკმაო კომპეტენტურობის გამო. მაგრამ იმას კი აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ აქვე მოისინჯება შეძენილი ქიმიური მეხსიერების კიდევ ერთი სახეობის - იმუნიტეტის მეხსიერების პარალელი, რომელიც დაკავშირებულია ახალი ცილურნახშირბადული მოლეკულების, ეგრეთ წოდებული ანტისხეულების წარმოქმნასთან. ესეც შავად წინასწარგამზადებული, მაგრამ გარკვეულ დრომდე უმოქმედო მოლეკულური რესურსების გამოყენებაა. და აქაც არსებობს მინიმალური ვადა აგენტის მოქმედებასა და მყარი მეხსიერების წარმოქმნას შორის.

მეცნიერების თავბრუდამხვევი განვითარების ახალმა წერტილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე სენსაციური აჟიოტაჟიც გამოიწვია. პლანარიები, ბრტყელი ჭიები, თავის მიერ შეძენილ ცოდნას რაღაცდაგვარად გადასცემდნენ კუდს, დასწავლის პერიოდის შემდეგ ამოსულს. კუდს კი შეეძლო „ესწავლებინა“ ახალი თავისათვის, რომელიც მათ მოჭრილის ადგილზე ეზრდებოდათ. მაგრამ პლანარიებს ყველა ჩვევა უქრებოდათ იმ ნივთიერებათა ზემოქმედების შემდეგ, რომელიც შლიდა რნმ-ს. ყველაზე სენსაციური ის გახლდათ, რომ გაუწვრთნელ პლანარიებს, რომლებიც თავიანთ განსწავლულ თანამოძმეებს სანსლავდნენ, როგორღაც თითქოს ჭკუა ემატებოდათ. ამგვარი რამ არ დადასტურდა, მაგრამ ის კი, რომ პლანარიათა კუდებში მეხსიერება რომელიღაც ქიმიური კოდით უნდა კავდებოდეს, ფრიად დამაჯერებლად ჩანს (ისევე, როგორც ეს ხდება ფქვილის მატლებში, რომლებიც ხოჭოებად გადაქცევის შემდეგაც მშვენივრად ინარჩუნებენ თავიანთ რეფლექსებს).

ვირთაგვები და ზაზუნები, რომლებსაც ნუკლეინის მჟავათა სინთეზის სტიმულატორს უკეთებდნენ, ვირთაგვა-ზაზუნების კვალობაზე ფანტასტიკურ წარმატებებს აღწევდნენ სწავლაში. სრული სენსაცია გამოიწვიეს შემდეგმა ცდებმა: განსწავლული ცხოველების ტვინის ნუკლეინის ექსტრაქტებს უკეთბდნენ უსწავლელებს და ესენიც ზარის დარეკვისთანავე იწყებდნენ საკვების ძებნას, გამორბოდნენ აქამდე მათთვის მომხიბვლელი კუნჭულებიდან - ერთი სიტყვით, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, თითქოს დახოცილების ორეულები ყოფილიყვნენ... არც ეს დადასტურდა.

ბოლოს ამერიკელმა ფსიქიატრმა კამერონმა გამოაქვეყნაცნობა რნმ-ს გამოყენების შედეგების შესახებ კლინიკაში: საფუვრის რნმ-ს შეყვანა მეხსიერებას უუმჯობესებდა ფსიქიკის ბებრული და სკლეროტიკული დარღვევების მქონე ავადმყოფებს. სამწუხაროდ, ამ იმედისმომცემმა და უდავო კეთილსინდისიერებით მიღებულმა შედეგებმაც დიდი ეჭვები აღძრა. კამერონი დაჟინებით არც ამბობდა, რომ რნმ, რომელიც ავადმყოფებს უკეთდებოდათ, უცვლელი სახით აღწევს ტვინის უჯრედებამდეო. მას აკრგად ესმოდა, რომ იგი, ალბათ, უნდა დაშლილიყო სადმე გზაში და უკეთეს შემთხვევაში ტვინამდე მისი მხოლოდ ქიმიური ნამსხვრევებიღა თუ მიაღწევდა. ვინ იცის, ზოგიერთი ავადმყოფის ნეირონებს, იქნებ, სწორედ ეს ნამსხვრევები უწევდნენ დახმარებას საკუთარი რნმ-ს სინთეზირებაში და ამით აუმჯობესებდნენ მეხსიერებას. მაგრამ ყოველივე ეს გაძლიერებული კვების ტოლფარდი ხომ არ არის? ტვინისეული რნმ-ს მშენებლობისათვის საჭირო აგურებს ჩვენ ხომ საკვებით ვიღებთ განუწყვეტლივ, და, რაკი სიტყვამ მოიტანა, ნიგოზი - მაგალითად, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია პურინული ფუძეებით - ნუკლეინური მოლეკულების „აგურებით“, - ძველთაგანვე ხომ გონებრივი მოღვაწეობის კარგ ტონიზატორადაა ცნობილი. ოღონდ, მეხსიერებამ კარგად რომ იმუშაოს, საჭიროა აგრეთვე ფოსფორიც, ნახშირწყლებიც, B ჯგუფის ვიტამინებიც, სუფთა ჰაერიც...

მე სპეციალურად დავინტერესდი, რა აზრისანი არიან ჩვენი კლინიცისტები, რომლებიც სწავლობენ რნმ-ს პრეპარატების მოქმედებას მეხსიერების პროგრესირებად მოშლილობათა მქონე ავადმყოფებზე. რაღაც მოხმარება, რაღაც შენელება პროცესისა თითქოს უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში. მაგრამ რაიმე სასწაული ჯერ კიდევ არ აღნიშნულა...

ცხოველებზე ჩატარებული ცდებითა და კლინიკური მონაცემებით კი დიდი ხანია ცნობილია, რომ დახსომებისა და გახსენების დროებითი გაუმჯობესება ათობით სხვადასხვა ნივთიერებას შეუძლია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნერვული სისტემის სტიმულატორებზე ითქმის, რომლებიც ყურადღებასა და სიფხიზლის ტონუსს აძლიერებენ (მათი მოქმედების ჩრდილოვან მხარეზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ). სტუმულატორები უშუალოდ ნეირონების ნუკლეინურ აპარატზე მოქმედებენ თუ არა - ნათელი არ არის.

ნუკლეინური ჰიპოთეზა უკვე იმითაც არის გამართლებული, რომ ბუნების ჩვევებში ერთი და იგივე სხვადასხვანაირად გამოვიყენოთ. თუ ბინებამ ნუკლეინური მექანიზმი აირჩია ორგანიზმის ყოვლისმომცველი მეხსიერებისათვის - მემკვიდრეობისათვის, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი ტვინისეული მეხსიერებისათვის? თუ ჰიპოთეზა დამტკიცდა, მაშინ, შესაძლოა, ტვინის გაცვლითი ნუკლეინური ფონდიც კი შეიქმნას სისხლის გადასხმის თანამედროვე ფონდის მსგავსად. მეხსიერებადაკარგულ, ნაკლებუნარიან ან უბრალოდ უსწავლელ ადამიანებს გაუკეთდებათ ნუკლეინის მჟავები, რომლებსაც აუცილებელი ინფორმაცია დააქვთ. ძალზე მიმზიდველი პერსპექტივაა.

უკვე ახლავე შეიძლება დავეთანხმოთ, რომ ნუკლეინის მჟავები აუცილებელია ტვინისათვის. მაგრამ როგორია ეს აუცილებლობა? ნუკლეინის მჟავები აუცილებელია ყველაფრისათვის. აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მწერალს პური სჭირდება, რომ წეროს და ზოგჯერ იგი პურის გულისათვისაც წერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს იგი თავის ნაწარმოებებს პურით წერდეს.

„თუკი სული მარტივია, მაშინ ტვინის ასეთი დახვეწილი სტრუქტურა რაღა საჭირო იყო?“ - ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში რეზონით კითხულობდა ლიხტენბერგი.

თეორიულად ადამიანის ტვინს შეეძლო მთელი თავისი მეხსიერება ნუკლეინური მექანიზმის გარეშეც დაეტია, გამოეყენებინა მხოლოდ ნეირონთა შორის არსებული კავშირების უსაზღვრო შესაძლებლობები. ნუკლეინის მჟავებიც, ცილებიცა და ელექტრული იმპულსებიც - ყველაფერი ეს კუნთებსაცა აქვთ. და უნდა ითქვას, რომ უკვე კორსაკოვმა მეხსიერებაც შორსმჭვრეტელურად შეადარა კუნთურ ტონუსს. მართლაც, კუნთებსაც ხომ აქვს მეხსიერების რაღაც ნაწილი. ისინი ხომ მუშაობის დამთავრებისთანავე გვიფუვდება, „გვებერება“ ხოლმე, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გვწიწკნის, ფორმასა და ძალას უკანასკნელი ვარჯიშიდან თვეებისა და წლების შემდეგაც ინარჩუნებენ. მუშაობისათვის მზადყოფნა უმარტივესი მეხსიერებაა.

ქცევების ერთ ცნობილ მკვლევარს უთქვამს, თუმცა შეიძლება ერთგვარად ტლანქადაც, რომ ადამიანი ისევე არაა ცხოველი, რომელსაც მიმატებული აქვს მეტყველება, როგორც სპილო არ არის ძროხა, რომელსაც ხორთუმი აქვს დამატებულიო. ამის შესაბამისად, ადამიანის მეხსიერებაც არაა თაგვის მეხსიერება, რომელსაც მიმატებული აქვს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.

როდესაც ავადმყოფი მესალმება, თუმცა სულ ხუთი წუთის წინ ვნახეთ ერთმანეთი, როცა ბუღალტერი უცქერის ფანქარს, მაგრამ ვერ უთქვამს მისი სახელი („აი ეს... საწერი რომაა“), ან კიდევ ყოფილი ფრონტელი ვერ გეუბნებათ, რომელ წელს დამთავრდა ომი, სამიე შემთხვევაში ვამბობ, რომ დარღვეულია მეხსიერება. მაგრამ ამ სამივე შემთხვევაში იგი განსხვავებულია. პირველ ავადმყოფში შენარჩუნებულია იმის მეხსიერება, რომ საჭიროა ექიმთან მისალმება, მეორეში - რომ ფანქარი არის - „საწერი რომაა“, მესამეში - რა არის ომი. მაშასადამე, როდესაც ვხედავ ავადმყოფს, რომელსაც ფეხი ერევა, შემიძლია ვთქვა, რომ მას მოძრაობის მეხსიერება აქვს დარღვეული, მაგრამ ასე ლაპარაკი მიღებული არ არის.

სინამდვილეში, თითქოს ყოველგვარი მეცნიერების გარეშეც ვიცით ყველამ, რა არის მეხსიერება, მაგრამ მისი ზოგადი განსაზღვრა ძნელია. ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა, მეხსიერება სხვა ზოგადი ცნების - ინფორმაციის საშუალებით რომ განსაზღვრულიყო. ჩვენ ვამბობთ: მეხსიერება გააჩნია სისტემას, რომელსაც აქვს უნარი მიიღოს, შეინახოს და გასცეს ინფორმაცია. მაშასადამე, მეხსიერება პოტენციური ინფორმაციის მგავსი რაღაც უნდა იყოს, მაგრამ ასეთ განსაზღვრება ფართოდ მოიცავს როგორც ცოცხალს, ისევე არაცოცხალს - მანქანების მუშაობასაც, ბიოქიმიურ მექანიზმებსაც, ფსიქიკასაც, ენასაც, კულტურასაც... სხვადასხვაგვარი გამოყენების არე მეტისმეტად ფართოა. სიძნელეც სწორედ ამაშია. თუ ზოგჯერ ფიზიკოსები და მათემატიკოსებიც ვერ შეთანხმებულან, რა მნიშვნელობით იხმარონ ესა თუ ის სიტყვა, მაშინ რაღა უნდა ქნან ფსიქოლოგებმა, რომელთა თითქმის ყველა მთავარი ცნება (ცნობიერება, ემოციები, გრძნობები) ყოველდღიური მეტყველების გაურკვეველ თვითნებობასთან არის დაკავშირებული?

ამიტომ ისე გამოდის, რომ მეხსიერების პრობლემის სხვადასხვა მკვლევარი, არსებითად, ერთმანეთისაგან ფრიად დაშორებულ მოვლენებს სწავლობს და პირიქით, ისინი, რომლებიც ნომინალურად სხვა რამით არიან დაკავებულნი, ფაქტიურად მეხსიერებას სწავლობენ. პავლოვი პირობით რეფლექსებს იკვლევდა და თითქმის არ უხსენებია მეხსიერება, მაგრამ იგი სწორედ რომ მას სწავლობდა. ტერმინოლოგიის არასიცხადე, სამწუხაროდ, მრავალი გაუგებრობის მიზეზია მეცნიერებაშიც და ცხოვრებაშიც. ზოგჯერ შეგაშინებს კიდეც იმაზე ფიქრი, თუ დღემდე რამდენ გაურკვეველ ზოგად ცნებას შემოაქვს არევდარევა ჩვენს თავებში შეუმჩნევლად.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff