ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ხრიკი

 

ხრიკი

„ისინი შოკოლადს სვამდნენ, სოკოს შეექცეოდნენ თაფლთან... ზოგიერთები ცეკვავდნენ, ტიროდნენ, სხვები, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გონებას, თავიანთ ადგილებზე ისხდნენ და ნელა აქნევდნენ თავებს. საკუთარ ჩვენებებში ისინი ხედავდნენ, თუ როგორ იღუპებოდნენ ბრძოლაში, როგორ სანსლავდნენ მათს გვამებს გარეული მხეცები, როგორ ატყავებდნენ მტერს, როგორ მდიდრდებოდნენ, არღვევდნენ ცოლქმრულ ერთგულებას, ან სხვები როგორ უხეთქავდნენ მათ თავებს, როგორ იქცეოდნენ ქვებად, ან უდრტვინველად ეთხოვებოდნენ სიცოცხლეს... ხოლო როდესაც სოკოს მოქმედება გაივლიდა, ისინი ერთმანეთს უყვებოდნენ თავიანთი მოჩვენებების შესახებ.“ „ახალი ესპანეთის ზოგად ისტორიაში“ ფრანცისკელმა ბერმა ბერნანდინო დე საჰაგუნმა ინდიელების კიდევ ერთ საღმრთო წამალზე მოგვითხრო.

ჯადოსნური სოკო ტეონანაკატლი, მისი ქვის გამოსახულებები გვატემალაში, მაიას ათასწლოვან კულტურაში იპოვნეს. სოკოს, რომელიც ჩვენებურ ვერხვის ძირას მოგვაგონებს, ქუდის ქვეშ ფეხზე ამოჭრილი აქვს ნახევრადთაგვის, ნახევრადადამიანის თავი ორნამენტში; ველური და გალურსული დრუნჩი ოდნავ ზემოთ იყურება; ეს სულია.

ისტორია გამეორდა: აკრძალვის შემდეგ მაგიური კულტი არ გამქრალა, ფარული გახდა მხოლოდ, ინდიელები ტეონანაკატლის საიდუმლოს 400 წლის მანძილზე ინახავდნენ. მაგრამ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერებმა ბოლოსდაბოლოს, მიაგნეს კვალს, ეთნოლოგებმა ფარულად შეძლეს დაენახათ, როგორ სრულდებოდა ტეონანაკატლის საკულტო წესი.

ამერიკელი უესონი ერთი ყრუ სოფლის ინდიელებთან ერთად მონაწილეობდა მაგიურ რიტუალში, მან თორმეტი სოკო შეჭამა პატარა ქოხში, სადაც საკურთხევლის გარშემო ინდიელები ისხდნენ.

საკურთხევლის წინ ჯადოსიტყვებს ბუტბუტებდა ექიმბაში ქალი, რომელსაც ორმოცდაათამდე სოკო ჰქონდა ნაჭამი. ამერიკელის ფანტასტიკურ მოჩვენებებში დაჟინებით მეორდებოდნენ გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც საოცრად ჰგავდნენ ინდიელთა კულტურის ორნამენტებს.

ორი წლის შემდეგ კი შვეიცარიელმა ბიოქიმიკოსმა ჰოფმანმა თავის ლაბორატორიაში 32 გამხმარი ტეონანაკატლი შეჭამა.

„ნახევარი საათის შემდეგ ირგვლივ ყველაფერი სასწაულებრივად შეიცვალა, მექსიკური იერი მიიღო, ვიცოდი, რაკი სოკოები მექსიკური წარმოშობისა იყო, მხოლოდ მექსიკურ მოტივებს თუ დავინახავდი და ამიტომ შეგნებულად ვცდილობდი გარესამყაროს ნორმალური ხედვის შენარჩუნებას, მაგრამ ჩემი მეცადინეობა, რომ ჩვეულებრივი ფორმები და ფერები დამენახა, ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვის მიუხედავად, ამაო გამოდგა, გახელილი და დახუჭული თვალებითაც მე მხოლოდ ინდიელთა ორნამენტებს ვხედავდი მათთვის ნიშანდობლივი ფერთა შეხამებით. ჩემს წინ სისხლის წნევის გასასინჯად დახრილი ექიმი აცკეტ ქურუმად იქცა, რომელიც მსხვერპლს სწირავდა, და სრულებით არ გამიკვირდებოდა, თუ მას ხელში ობსიდიანის დანასაც დავუნახავდი. მიუხედავად ცდის მთელი სერიოზულობისა, შეუძლებელი იყო არ გავმხიარულებულიყავი იმის შემყურე, თუ ჩემი კოლეგის ნაცნობმა სახემ როგორ მიიღო ნამდვილი ინდიელის იერი. სოკოს მიღებიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ შინაგანი ხილვების მოძალებამ - ეს კი, ძირითადად, აბსტრაქტული სურათები იყო, რომლებიც სწრაფად იცვლიდნენ ფორმებსა და ფერებს - ისეთი სწრაფი დაქანება მიიღო, რომ ვშიშობდი არ გავთქვეფილიყავი და არ დავკარგულიყავი ფორმათა და ფერთა ამ მორევში, ექვსი საათის შემდეგ სიზმარი დასრულდა, მაგრამ მე თვითონ წარმოდგენა არა მქონდა, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მდგომარეობა, რომელშიც დროის შეგრძნება დაკარგული იყო. რეალურ სინამდვილესთან შეხვედრა აღვიქვი, როგორც ბედნიერი დაბრუნება სამშობლოში უცხო, მაგრამ სრულიად რეალური სამყაროდან“.

ჰოფმანმა სოკოსაგან აქტიური ქიმიური საწყისი გამოყო და მას „პსილოციბინი“ უწოდა (სოკოს ოფიციალური ლათინური სახელწოდებიდან „პსილოციბეს“).

ნივთიერების შედგენილობის ქიმიური ანალიზისას იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტს წააწყდა. აღმოჩნდა, რომ თავისი აგებულებით პსილოციბინი ჩვენი ნეირონების ქიმიურ საწვავს ენათესავებოდა. მის სტრუქტურულ საფუძველს შეადგენს ინდოლი - ორგანული ნივთიერება, რომელიც ჩონჩხის როლს ასრულებს მრავალი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნაერთისათვის და განსაკუთრებით ისეთებისათვის, რომლებსაც ნერვული უჯრედებიიყენებენ.

ეს ნათესაობა გვაფიქრებინებს, რომ აქ შეიძლება მოტყუებით შენაცვლებასთან გვქონდეს საქმე, პსილოციბინი ტვინის უჯრედებში ისევე ხომ არ შედის, როგორც უცხო გასაღები კლიტეში? ქიმიური მიმიკრია ხომ არ ხდება?

პსილოციბინს, მესკალინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ხელოვნურ ფსიქოზებს იწვევენ, სწორედ ამიტომ „ფსიქოტომიმეტიკები“ დაარქვეს. („მიმეო“ - ბერძნულად „ვბაძავ“, „თავს ვაჩვენებ“, „ვანსახიერებ“), მათ ჰალუცინოგენებსაც უწოდებენ, თითქმის ყველა მათგანს ქიმიურ საფუძვლად ინდოლი უდევს. ფსიქოტომიმეტიკები, როგორც ჩანს ბუნებრივ ნეინორულ საწვავად ასაღებენ თავს და მზაკვრულად აღწევენ ნერვული უჯრედების ნივთიერებათა ცვლის ინტიმურ მექანიზმებში, მათი მოქმედება ბაქტერიებზე ანტიბიოტიკების მოქმედებას შეიძლება შეუდარდეს. ანტიბიოტიკები ხომ აგებულებით ძალიან ჰგვანან ნივთიერებებს, რომლებსაც ბაქტერიები ხმარობენ, ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლის სისტემებიც ამიტომ იტაცებენ მათ სიამოვნებით ისე, რომ ხრიკი შეუმჩნეველი რჩებათ. ისინი ნორმალური ნივთიერებებისაგან მხოლოდ ერთი ბეწოთი განსხვავდებიან, მაგრამ ეს „ერთი ბეწო“ გაცვლის ბლოკადას იწვევს და ღუპავს ბაქტერიებს. ფსიქოტომიმეტიკები?
მათ ერთი „ერთი ბეწოს“ ნეირონთა მუშაობისა და ნეირონთაშორისი კონტაქტების დეზორგანიზაციამდე მივყავართ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff