ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

ბოდვა ბოდვაა

 

ბოდვა ბოდვაა

როცა ფსიქიატრიაში მუშაობას ვიწყებდი, არ მჯეროდა, რომ ბოდვით დაავადებული ავადმყოფების გადარწმუნება შეუძლებელი იყო. სახელმძღვანელოებში წაკითხული მქონდა, რომ „ბოდვა.. არის რეალობასთან შეუსაბამო შეხედულება, რომელიც კორექციას არ ემორჩილება“... მცდარი წარმოდგენები... არასწორი განმარტებები... ერთი სიტყვით, ბოდვა - ბოდვაა, ანუ ის, რაც შეუძლებელია იმიტომ, რომ არასოდეს არ შეიძლება იყოს.

როგორ თუ არ ემორჩილება? ყოვლად შეუძლებელია, - ვფიქრობდი მე, - საჭიროა ნდობა დაიმსახურო, მხოლოდ შეძლო მიდგომა, იპოვო გრძნობის ძალითა და საკუთარი რწმენით გამაგრებული არგუმენტები, საჭირო სიტყვები, ლოგიკური საბუთები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი ყველას გადარწმუნებას, ვინც უნდა ყოფილიყო. საათობით ვესაუბრებოდი, ვცდილობდი, გამეგებინებინა რამე, მაგრამ, სამწუხაროდ ეს გახლდათ ტიპური, აუცილებელი და რაღაცნაირად სასარგებლო შეცდომაც კი დამწყები ფსიქიატრისა. ვიდრე შუბლზე კოპები არ დაგაჯდება, ვერაფერს ისწავლი. ეს ასეა თითქმის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მახსენდება, ერთი ავადმყოფი მყავდა, დევნილობის ბოდვა სჭირდა. ჭაბუკი თავისი ჭკუით მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ ლათინური ამერიკის ერთი პოპულარული პოლიტიკური მოღვაწის უმცროსი ძმა ვარო. საფუძვლად ისა ჰქონდა, რომ ჯერ ერთი მას, ამ ჭაბუკს, მართლა ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც სწორედ იმ წელიწადს გარდაცვლილა, ეს მოღვაწე პირველად რომ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამას ემატებოდა რაღაც გარეგნული მსგავსებაც. ჩემი ავადმყოფი დიდხანს იჯდა ხოლმე სარკესთან, საკუთარ სახეს ცნობილი პოლიტიკოსის საგაზეთო პორტრეტს ადარებდა და სულ ახალ-ახალ საბუთებს პოულობდა თავისი აღმოჩენის სასარგებლოდ.

ლოგიკაზე, ჩვენი ჩვეულებრივი ცნებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მაგრამ თუ ჩავუფიქრდებოდი, ან, როგორც ძველი ფსიქიატრები ამბობდნენ ხოლმე, შთაიგრძნობდი, შეიძლებოდა მიხვედრა, რომ მთელი ეს აბდაუბდა მხოლოდ ზედაპირი იყო მთავარი მოვლენებისა... ხოლო ყველაფერს საფუძვლად ედო სამყაროსთან და საკუთარ თავთან დამოკიდებულების ღრმა, ანგარიშმიუცემელი შეცვლა, მთელი პიროვნების შინაგანი წყობის გადასხვაფერება, „მე სხვა ვარ, ისეთი არა, როგორც დანარჩენები... არაჩვეულებრივია ჩემი ბედი... მე განსაკუთრებული დანიშნულება მაქვს ამ ქვეყნად... ეს არავის ესმის“... შემდეგ: „მე ღირსეულად არ მაფასებენ, მაგრამ რაკი გრძნობენ ჩემს უპირატესობას, შეიძლება ჩემი ჩახშობა, მოსპობა მოინდომონ“... არა, არც ეს ყოფილა ყველაზე ღრმა ფენა. მთლად სიღრმეში განდევნილი, მკვეთრად დაქვეითებული თვითშეფასება იმალებოდა, მის ზემოთ კი - კომპენსატორულ-გაზვიადებული, რომელსაც სხვები არ იზიარებდნენ. დიახ, ჯაჭვური რეაქცია მარტოობისა.

იგი ძალიან დაძაბული, შინაგანად მთლიანად შეკუმშული, გარედან კი ბასრი ეკლებით დაცული იყო. ეს მასთან მიახლოებისთანავე იგრძნობოდა და იგრძნობოდა სწორედ იმ საპასუხო დაძაბულობით, რომელიც მე თვითონ მიჩნდებოდა უნებურად; უცნაურად მეკვროდა ხოლმე სუნთქვა... ეს საპასუხო დაძაბულობა მუდამ ძნელი დასაძლევი იყო მასთან ლაპარაკის დროს. მე მთელი გულმოდგინებით ვცდილობდი მის გადარწმუნებას, ის კი სულ უფრო იღრუბლებოდა და უკმეხდებოდა.

ერთხელ მან მოულოდნელად მოითხოვა, რომ სასეირნოდ გაგვეშვა. მე ავუხსენი, ახლა არ შეიძლება, დრო არ არის-მეთქი. ისე, რომ ჩემს განმარტებებს არც უსმენდა, მუქარაგარეული ხმით იმეორებდა მოთხოვნას და „შენობითაც“ დამიწყო ლაპარაკი:

- არ გამიშვებ?

- ახლა არ შეიძლება. გამოაცხადებენ გასეირნებას და...

- მაშ, არ გამიშვებ?

საფეთქელში მუშტის ძლიერმა დარტყმამ ერთი წამით თვალებში დამიბნელა, სახტად დარჩენილი ვდგავარ მის წინაშე (ეს სამუშაოზე მიღებული პირველი დარტყმა იყო, როგორც ფსიქიატრები ამბობენ, „საბრძოლო ნათლობა“).

- ო, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ასე რატომ...

მძიმედ სუნთქავს, მუშტებშეკრული შემომყურებს. აი, ახლა ისევ... მაგრამ არა, თვალებში დაბნეულობა დაეტყო. მოვარდა სანიტარი.

- შეჩერდით, არ გინდათ... მე გავაცილებ... წავიდეთ, წამოწექი (მეც „შენობით“ ველაპარაკები).

თავჩაქინდრული, მომბალი, მორჩილად მომყვება, წვება. მე გამოვდივარ ოთახიდან.

უცნაურია, მაგრამ ამ ეპიზოდმა როგორღაც ერთბაშად დაგვაახლოვა, კედელში სარკმელი გაიჭრა, ზამბარა მოეშვა. თუმცა, საკვირველი არაფერი მომხდარა. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, სიტყვებით ახსნა მიჭირს მხოლოდ.

ამის მერე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა ამინაზინით მკურნალობის კურსი დაამთავრა, მისი მდგომარეობა საოცრად შეიცვალა, სულ მთლად გასცვივდა „ეკლები“, სხვანაირი გაუხდა თვალები. ახლა იგი სიმშვიდისა და სიწყნარის განსახიერება იყო და იგრძნობოდა, რომ მის სიღრმისეულ თვითშეგრძნებასა და ქვეყნად საკუთარი ადგილის გაგებაშიც რაღაც არსებითი ძვრა მომხდარიყო, რაღაცა თავის ადგილზე ჩამჯდარიყო. ამინაზინმა შეცვალა მისი ემოციური წყობა. ხოლო ამის კვალობაზე ცოტა მოგვიანებით აზრთა წყობაც გამოეცვალა, ბოდვა გაუქრა.

ფანტასტიკური ნათესაობის თაობაზე თავისი ადრინდელი დასკვნების შესახებ იგი სიცილითა და აღტაცებით მიყვებოდა, როგორც მეტად საინტერესო უცნაურობაზე.

- იცით, რატომ გაგარტყით? - მკითხა მან.

ისეთი სახე მივიღე, თითქოს სულაც არ მაინტერესებდა, მაგრამ მან განაგრძო:

- დარწმუნებული ვიყავი, რომ ეზოში ჩემი ძმის მოციქული მელოდებოდა.

- რატომ იყავი დარწმუნებული?

- ზოგიერთი რამის გამო.

- ძახილი გაიგონე?

- არა, უბრალოდ მეჩვენებოდა, რომ დადგა დრო... და ყველაფრის მიხედვითაც...

(არა, ჰალუცინაციები არ ჰქონია, ყველაფერი ეს მხოლოდ არასწორად განმარტებული სწორი აღქმები გახლდათ).

- თქვენ მე საგანგებოდ მოჩენილ აგენტად გთვლიდით. როცა გარეთ გასვლის ნება არ დამრთეთ, მეგონა, იცოდით, რომ მელოდებოდნენ. აი, მაშინ კი ბრაზი მომერია და გადავწვიტე, ჭკუა მესწავლებინა თქვენთვის. მაგრამ ველოდი, რომ თქვენც იმითვე მიპასუხებდით, და გაოცებული დავრჩი...

აი, ესეც თქვენი გადარწმუნება. თურმე იქამდე მირწმუნებია, ვიდრე თავგამოდებულ აგენტად, პროვოკატორად და ბოდვის პერსონაჟად გადავიქცეოდი. ახია ჩემზე! მხოლოდ თანდათანობით დავიწყე იმის გაგება რომ ბოდვის ყველა შემთხვევაში გადაურწმუნებლობის მიზეზი უტყუარობის განსაკუთრებული გრძნობაა. ფსიქიატრმა ვ. ა. გილიაროვსკიმ, ეტყობა, ბოდვის საუკეთესო ახსნა მოგვცა: პათოლოგიური აზროვნების კედლებს ყველა მათი შვერილებითა და წახნაგებით. თურმე სხვადასხვაგვარები ყოფილა ეს კედლებიცა და მათი საძირკვლებიც.

ერთი და იმავე შინაარსის ბოდვა, მაგალითად, ყველაზე ბანალური ბოდვა დევნილობისა, შეიძლება სრულიად განსხვავებულ ფსიქიკურ დაავადებებში შეგვხვდეს. მაგრამ თვით ერთნაირი წარმოშობის დაავადებების დროსაც კი შინაარსობრივად იგივეობრივ ბოდვას შეიძლება სრულიად განსხვავებული შინაგანი წყობა ჰქონდეს. არაიშვიათად ბოდვა განსაზღვრულია გრძნობათა მოტყუებით, ჰალუცინაციებით, იგი განმარტავს მათ, ქმნის ბაზას. ბოდვის ფუნდამენტი შეიძლება იყოს თვითონ აზროვნების წყობის რაღაცნაირი გაუკუღმართება, ლოგიკის, როგორც ასეთის, დარღვევები. მაგრამ ძალიან ხშირად, მგონი უმრავლეს შემთხვევაში, ბოდვას ბადებს შეცვლა სიღრმისეული ემოციური განწყობილებისა, რომელიც გარე სამყაროზე პროეცირდება. ღრმა, შინაგანი, ყოვლად დაუსაბუთებელი შიში, თავდაპირველი იჭვნეულობა და დადარაჯებულობა შინაარსს ეძებენ თავისთვის და, რა თქმა უნდა, პოულობენ კიდეც მას...

იშვიათად, ძალიან იშვიათ შემთხვევებში კედელი გვნებდება ხოლმე; სასწორი ქანაობს, სულით ავადმყოფი რამდენიმე წამით პოულობს ძალებს სხვანაირი თვალით შეხედოს საკუთარ თავსა და სამყაროს, მისი აზრი ბორგავს... თითქოს ყურს უგდებს შენს საბუთებს, გეთანხმება და მზადაა, იმკურნალოს... ძალიან კმაყოფილი ხარ როგორც შენი თავით, ისე მისითაც (მხოლოდ დაძაბული თვალები და მერყევი ინტონაცია თუ გაღელვებს თითქმის შეუგნებლად) და, აჰა, შემდგომი საუბრისას ყველაფერი ისევ ძველებურად ან უფრო ცუდადაც კია, ხოლო თქვენი თანხმობა ცარიელი ფორმალობაა მხოლოდ...

მაგრამ უტყუარობის გრძნობა ყველა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე ადამიანსაც აქვს, და ამ აზრით, ბოდვა ფარდობითია. ჯანმრთელებს ისევე ვერ გადაარწმუნებ თავიანთ ჯანსაღ ლოგიკაში, როგორც ავადმყოფებს ბოდვითში. ავადმყოფს ბოდვა სწორედ ის ჰგონია, რასაც ირგვლივ მყოფნი უმტკიცებენ. „მართლაც, რატომ არ შეიძლება ყველა ცდებოდეს, მე ერთი კი მართალი ვიყო? განა ისტორიაში არ იყვნენ კოპერნიკი და გალილეი? განა უდიდესი აღმოჩენები თავის დროზე ბოდვად არ მიაჩნდათ მარტო გაუნათლებელ ბრბოს კი არა, არამედ მეცნიერების დიდად პატივცემულ მოღვაწეებსაც? ლაპარაკია საგნებზე, რომლებსაც მე უკეთ ვიცნობ, ვიდრე ვინმე სხვა... მართლა და მართლა, ქმარზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა მისი ცოლი? ჩემს მიმართ სხვების დამოკიდებულება სხვამ ვინ შეიძლება იცოდეს უკეთ, თუ არა მე, რომელიც ამდენ ხანს გულდასმით ვუკვირდები ყველა ნიუანსს და დიდი ხანიცაა შევამჩნიე, რომ მითვალთვალებენ?“

ბოდვის ფარდობითობა მარტო ამაში არ არის. თუ სოფლელ დედაბერს სწამს მისნობა და შელოცვები, და დარწმუნებულია, რომ მეზობელმა ქალმა გათვალა იგი, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ბოდვა კი არ არის, არამედ შედეგი ცრურწმენისა, რაც გარემოთი, აღზრდით, გაუნათლებლობით აიხსნება. მაგრამ თუ ინტელიგენტურ ოჯახში აღზრდილი ინჟინერი მოულოდნელად აცხადებს, მეზობელი თავისი აზრებით შეგნებულად მოქმედებს ჩემს ორგანიზმზეო, ეს უკვე ბოდვაა. მაშასადამე, საქმე „მცდარ შეხედულებაში“ ან მის სიმყარეში კი არ არის, არამედ მის შინაგან მექანიზმებშია.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff