ქვევნობიერიდან ამოძრომისას
ქვევნობიერიდან ამოძრომისას
ჰიპნოთერაპევტები ხშირად იყენებენ, ეგრეთ წოდებულ, „პოსტ ჰიპნოზურ“ - განვადებულ ჩაგონებას. ჰიპნოტიზირეგულს ჩააგონებენ, რომ ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიმე მომენტში, ვთქვათ, ჰიპნოზის დამთავრებიდან რამდენიმე წუთის, საათის, დღეების შემდეგ იგი ამას და ამას გააკეთებს. ჰიპნოზის დროს რაც ჩააგონეს, ადამიანს სეანსის შემდეგ აღარ ახსოვს (ამის გარანტირება სპეციალური ჩაგონებითაც კი შეიძლება). მაგრამ აი, დგება აღსასრულის ვადა და ის, რაც ჩაგონებული იყო, გზას იკაფავს...
ჩემს ერთ პაციენტ ქალს ჩავაგონე, რომ სეანსის დამთავრებიდან ათი წუთის შემდეგ იგი ჩემს პიჯაკს ჩაიცვამს, რომელიც სკამზეა გადაკიდებული. სეანსის შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ გუნებაზე იყო, რა გეგმები ჰქონდა მომავლისათვის. ოთახში თბილოდა, მაგრამ ავადმყოფი უცებ შეციებულივით მოიბუზა, მკლავები აებურძგლა.
- რაღაც სიგრილეა.. გავითოშე... - დამნაშავესავით წარმოთქვა, ოთახი მოათვალიერა და სკამს მიაცქერდა. - ბოდიშს ვიხდი, ძალიან მცივა... შეიძლება ერთი წუთით თქვენი პიჯაკი მოვისხა?
მოტივირებაა - ცივა, და მაშინვე ნამდვილი შეგრძნება სიცივისა, ჟრუანტელიც კი. ანგარიშმიუცემელ მახსოვრობაში პროგრამა ჩაგონებისა ამ სიტუაციისათვის ერთადერთი ბუნებრივი წესით იქნა რეალიზებული: ისევე როგორც რადიოელექტრული მართვის ცდები (გახსოვთ პირველი თავი?), აქაც გაკეთდა ის, რისი გაკეთებაც „ჰსურდათ“. სურვილი ჩაგონებული იყო, პაციენტმა კი არ იცოდა ეს. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სრულებით არ იცოდა? ხელახლა რომ ჩაგვეძირა ჰიპნოზში, ხომ მივიღებდით სრულ ანგარიშს იმის შესახებ, რაც მოხდა. მაშ რომელია: იცოდა, მაგრამ არ ახსოვდა, თუ ახსოვდა, მაგრამ არ იცოდა? ერთ-ერთ ოჯახურ „სამოყვარულო“ სეანსზე 24 წლის ტ-ს ჩააგონეს, რომ იგი სენასიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ აკოცებდა თავისი მეგობრის ძმას, სიმპათიურ ახალგაზრდას - ედიკას. გამოღვიძებული ტ. მშვენივრად გრძნობდა თავს, ხუმრობდა და იცინოდა, აშკარად ხალისიან გუნებაზე იყო. არავითარი ხსოვნა სეანსის დროს მომხდარისა: ეძინა, ეს იყო და ეს. ედიკა კი ამ დროს მეორე ოთახში იყო, ჭადრაკს თამაშობდა და არაფერი ესაქმებოდა ამ რაღაცა ჰიპნოზთან. გადის ათი-თხუთმეტი წუთი და ტ. ამბობს: „წავალ ერთი, დავხედავ, ბიჭები რას აკეთებენ“. მიდის მოთამაშეებთან. ისინი, რა თქმა უნდა, ვერავის ამჩნევენ. ტ. ედიკას ზურგს უკან დგება და მის „გულშემატკივრობას“ იწყებს, თუმცა თამაშისა არაფერი გაეგება. სულ რაღაც წამით მის სახეზე შეცბუნებული გამომეტყველება გადაირბენს, მაგრამ უმალვე მხიარული, ხუმრობანარევი ტონით იწყებს ედიკას გამხნევებას:
- მიდი, ედიკა...
თავისი ფიქრებით გართული ედიკა არაფრისმთქმელი თვალებით ალმაცერად უყურებს ტ-ს.
- ქიში...
ერთი წამი, მეორე - და ედიკამ მოიგო, გულშემატკივარი საშინლად კმაყოფილია.
- აი, ყოჩაღ, - და ხუმრობით, მეგობრულად, მოურიდებლად ჰკოცნის ლოყაზე (რაც ედიკას, რა თქმა უნდა, სრულებით არ შეუმჩნევია).
და ისევ ვერაფერში ვერ შეედავები, ყველაფერი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად მოხდა.
ჩაგონების პროგრამა თანდათან მოქმედებს ქცევაზე და ცნობიერებაში უკვე სრულიად სხვა სახით, თითქოს სხვა მხრიდან შემოდის როგორც „მზა“ შეგრძნებები, სახეები, სურვილები, აზრები...
მე მქონდა შესაძლებლობა სომნამბულებზე ჩატარებული სპეციალურ ექსპერიმენტთა სერიაში თვალი გამედევნებინა იმისათვის, რა გავლენას ახდენენ გაუცნობიერებელი ჩაგონებები ურთიერთობაზე. სომნამბულები უმეტესწილად გულღია ადამიანები არიან და ჯგუფებად მათი გაერთიანება ადვილია. ისევე როგორც ჩვეულებრივ ჯგუფებში, ამათ შორისაც გამოირჩევიან ლიდერები და მიმყოლნი, „ვარსკვლავები“ და „იზოლირებულები“. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის სხვადასხვა წევრზე განხორციელებული პოსტჰიპნოზური ჩაგონებების მეშვეობით შეიძლება შევცვალოთ მათი შიდაჯგუფური მდგომარეობა და საფუძვლიანად გადავასხვაფეროთ ურთიერთობათა მთელი სისტემა: ლიდერი მიმყოლად გადაიქცევა, „ვარსკვლავი“ იზოლირებულად და ა. შ. ცდისპირთაგან აზრადაც არავის მოსდის, საიდან ხდება მოვლენათა მართვა, ყველაფერი თითქოს სტიქიურად მიმდინარეობს და ქვეცნობიერის აშკარა საყრდენად, ხელჩასაჭიდ ფაქტებად ყოველთვის რაღაც რეალური წვრილმანები გვევლინება ხოლმე...