ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

დავიწყებული სიზმრები

 

დავიწყებული სიზმრები

ჰიპნოტიზირებულთა დაახლოებით 20 პროცენტში შესაძლებელი ხდება გამოწვევა ეგრეთ წოდებული სომნამბულიზმის მდგომარეობისა, რომელიც ჰიპნოზის ყველაზე ღრმა ფაზა, მისი მწვერვალი, მისი აპოთეოზია. აღნიშნული მდგომარეობა უფრო ხშირად გარკვეული ტიპის ადამიანებში მიიღწევა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ადამიანები გულზიარნი, თანამგრძნობნი, მიმდობნი, გულღიანი, უბოროტონი, „უკანა პლანის“ უქონელნი არიან. მათ მალე იციან გაფიცხებაც და მალევე ულბებათ გული, ადვილად გაიტაცებთ ხოლმე რაიმე. უყვართ სიცილი და საუბარი. მოძრაობები რიტმული და კარგად კოორდინირებული აქვთ. საერთოდ ეს გახლავთ ნორმალური ტიპი, რომელიც ახლოს დგას სანგვინიკურთან. გამოცდილება საშუალებას იძლევა, საკმაო დარწმუნებით ვივარაუდოთ, ვისთან მივაღწევთ სომნამბულიზმს. ამ მდგომარეობაში ადვილად ვარდება ზოგიერთი ავადმყოფი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ისტერიული ნევროზები სჭირთ, ალკოჰოლიკების უმრავლესობა, მათზე კიდევ უფრო იოლად - მოზარდები. ბავშვური უშუალობის კომპონენტი, ურთიერთობის სიიოლე - „კომუნიკაბელურობა“, ანგარიშმიუცემელი ემოციურობის სიმდიდრე - აი, როგორც ეტყობა, ის მთავარი, რაც წინასწარ განაწყობს ადამიანს ჰიპნოზური სომნამბულიზმისათვის. სომნამბულებს შორის მაინცდამაინც დიდი არ არის ბრწყინვალე ინტელექტის მქონე ადამიანთა პროცენტი, მაგრამ ზოგჯერ ფრიად მაღალი ინტელექტიც არ წარმოადგენს ხოლმე დაბრკოლებას სომნამბულიზმისათვის.

სომნამბულიზმის მდგომარეობაში ფსიქიკა თითქოს გაორებულია: მის ერთ ნაწილს ღრმად სძინავს, მეორე კი, რომელსაც ჩაგონება მართავს, სიფხიზლის უმაღლეს ხარისხში იმყოფება. ფსიქიკის მართული ნაწილი დინამიურია, მოძრავი. იგი რაღაც „ნათელი“, ანატომიურად შემოფარგლული ნაწილი კი არ არის ტვინში, არამედ სწორედ ფსიქიკური ველია. ფსიქიკის ამ მართვადი ნაწილის გზით ჰიპნოტიზიორს შეუძლია, როცა კი მოინდომებს, სამოქმედოდ გამოიწვიოს, ან ღრმად დათრგუნოს ყოველგვარი ფსიქიკური თუ სხეულებრივი ფუნქცია. სულ რამდენიმე სიტყვა - და ჰიპნოტიზირებულს ღრმად, გაუნძრევლად სძინავს, იგი ვერაფერს გაიგებს, რაიმეც რომ აფეთქდეს ახლოს. მაგრამ ახალი ჩაგონებისას იგი მაშინვე დგება, დადის, იცინის, მღერის, უკრავს, სმენა გამახვილებული აქვს, ოღონდ ხედავს, ესმის და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს ემთხვევა. სომნამბულისათვის ყოველგვარი ჰალუცინაციის ჩაგონება შეიძლება. შეიძლება ჩავაგონოთ არარსებული ტკივილი ან ჩავახშოთ ტკივილის ყველანაირი აღქმა, ტკბილი მჟავედ ვაქციოთ, მლაშე - ტკბილად. თუ ჩავაგონებთ, სხეული გახევებული გაქვსო, სომნამბული შეიძლება კისრითა და ქუსლებით ორ სკამს შორის დავდოთ და ზედ ორი ადამიანი დავსვათ (რა თქმა უნდა, სამკურნალო სეანსების დროს არავითარი ამგვარი ფოკუსი არ სრულდება, ყოველივე ამის დემონსტრიერება მხოლოდ საჩვენებელ სეანსებზე ხდება ხოლმე). აი, სომნამბული, რომელიც საწოლზეა გაშოტილი, მზის აბაზანებს იღებს, ან იატაკზე დახრილი ყვავილებსა ჰკრეფს დიდებულ ბაღში და თან ბულბულის გალობის სმენით ტკბება (ოთახში კი სიჩუმეა). აი, მის სახეზე შიში აღიბეჭდა: ვეფხვს ხედავს. ასევე შეუძლია მას, რომელიც გნებავთ, თუნდაც ყველაზე ფანტასტიკური ცხოველის დანახვაც კი. ჩაგონება ყველაფრისა შეიძლება, რაც გსურთ.

სომნამბულიზმი ნამდვილად საოცარი მდგომარეობაა, იგი უძლიერეს შთაბეჭდილებას ახდენს დამსწრეებზე, და მეც კი, ვისაც უამრავჯერ მინახავს და თვითონაც გამომიწევია იგი ჩემს პაციენტებსა და ცდისპირებში, გულგრილად ვერასოდეს ვუცქერი ხოლმე. ისეთი გრძნობა გეუფლება ამ დროს, თითქოს ჯადოსნური კვერთხი გეჭიროს ხელში. მაგრამ თუ ამ დამკვირვებლისათვის ნამდვილად სასწაულია ყველაფერი, რაც სომნამბულს ემართება, თვითონ სომნამბულისთვის ეს მდგომარეობა ერთობ პროზაული რამ გახლავთ. იგი, არსებითად, თითქმის ვერაფერს იგებს ყოველივე იმიდან, რაც ჰიპნოზის დროს ემართება. როდესაც ჰიპნოზური მდგომარეობიდან გამოიყვანენ, იგი თვალებს იფშვნეტს, ამთქნარებს და ამბობს, რა კარგად მეძინაო. რაღაც სიზმრები ნახა თითქოს... მაგრამ ნანახი, როგორც წესი, ნაწყვეტ-ნაწყვეტად და ძალიან ბუნდოვნად ახსოვს, ჰიპნოზის შემდეგ ადამიანები ჩვეულებრივად გრძნობენ თავს, ზოგჯერ უფრო უკეთაც კი, ვიდრე მანამდე, იშვიათ შემთხვევებში ვინმეს შეიძლება ჰქონდეს თავი დამძიმებული.

მაგრამ ეს დავიწყება მატყუარაა. ამაში დარწმუნება ისევ ჩაგონების მეშვეობით შეიძლება.

„თქვენ თანმიმდევრობით, უწვრილმანეს დეტალებამდე იგონებთ ყველაფერს, რაც სეანსის დროს გადაგხდათ!“ - ჰიპნოტიზიორის ეს ბრძანება, ჰიპნოზში ხელახლა ჩაგდების გარეშეც კი, საკმარისია, რომ სომნამბულმა მართლაც ყველაფერი გაიხსენოს და დაწვრილებით გიამბოთ. მაშასადამე ფიქსაცია ხდება, ჰიპნოზურ ძილში მეხსიერების კვალის აღბეჭდვა გრძელდება, იკეტება მხოლოდ მათი მისადგომი მოგონებასთან, მისადგომი ცნობიერებასთან. ჩნდება რაღცნაირი საფარი, რომელიც ძალიან წააგავს გამოდევნას. რაც უფრო უცნაურია ჩაგონებული განცდები, მით უფრო სრულიად გამოიდევნებიან ისინი.

ჩაგონებით შეიძლება ვაიძულოთ სომნამბული სავსებით დაივიწყოს არა მარტო სეანსის დროს, არამედ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში მომხდარი ყოველი ამბავი. იგი შეიძლება ვაიძულოთ, დაივიწყოს თავისი ნათსავები, საკუთარი სახლი, მშობლიური ენა - რასაც კი მოისურვებთ. მაგრამ ახალი ჩაგონება ყველაფერს ისევ ადვილად აღადგენს.

შეიძლება თუ არა დავიწყებული სიზმრების ხელახლა ნახვა ჰიპნოზში? სომნამბულურ მდგომარეობაში ჩაგონებას ხომ მეხსიერების ისეთი ღრმა ნაკვალევების გამოღვიძება ძალუძს, რომელთა არსებობა არც ჰიპნოტიზიორსა და არც ჰიპნოტიზირებულს აზრადაც არ მოუვა. შეიძლება გაცოცხლება შორეული წარსულის სცენებისა, რომლებიც თითქოს სამუდამოდ იყო დავიწყებული (როგორც იმ შემთხვევაში, რომლის შესახებაც ამ ცოტა ხნის წინ გაიგო მთელმა მსოფლიომ: უნგრეთის მცხოვრებმა, 35 წლის მეშახტემ, რომელიც სულ პატარა ბიჭი იყო, ფაშისტებმა უკრაინიდან რომ წამოიყვანეს, ექიმ-ჰიპნოლოგის დახმარებით გაიხსენა თავისი ნამდვილი სახელი და გვარი, მოძებნა მშობლიური სოფელი და დედა). დიდი ხნის წინათ დაკარგული ჩვევებისა და უნარების გაღვიძებაც შეიძლება. ორმოცდაათი წლის ქალი თავისი ყრმობის დროინდელ დიდი ხნის მივიწყებულ ცეკვას ასრულებს. ოცდახუთი წლის ქალი შვიდი წლის პირველკლასელად იქცევა და მონდომებით გამოჰყავს ასოები ნამდვილი ბავშვური ხელით, რომელიც მას პირველ კლასში ჰქონდა. აი, ის ახლა უკვე სამი წლისაა, ბავშვური ხმით ტიტინებს და, იატაკზე დამჯდარი, სილაში თამაშობს.

მართალია, შორეული წარსულის ექოს ჭეშმარიტი გამოცოცხლება აქ უნებურ არტისტიზმთან, რაღაც ჩაგონებულ თამაშთან არის შერწყმული. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუ ოცი წლის ქალიშვილს ჩავაგონებთ, ასი წლის ბებერი ხარო. იგი მაშინვე წელში მოიხრება და მოკლე ნაბიჯით დაიწყებს სიარულს, ხვნეშას, მძიმედ სუნთქვას... ეს, რა თქმა უნდა, იქნება არა გაცოცხლება წარსულის ნაკვალევისა, რომელიც არ ყოფილა, არამედ გამოღვიძება და აქტივში შემოყვანა იმ წარმოდგენებისა, რომლებიც მოხუცების გარეგნობისა და ქცევის შესახებ მეხსიერებაშია შემონახული. ამ მდგომარეობაში სიბერის თვითშეგრძნება უსათუოდ არის. მაგრამ ასეთი თამაში შეუძლებელია ფხიზელ მდგომარეობაში, თუ ნიჭიერ აქტიორულ იმპროვიზაციას არ ჩავთვლით.როგორც ეტყობა, ამგვარ ქვეცნობიერ ექოთა გამოცოცხლება ხდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჰიპნოტიზირებულს სხვა პიროვნებად გარდასახვას ჩააგონებენ. ამ დროს მისი ქცევა მაქსიმალურად შეესატყვისება იმას, რაც მან იცის და ახსოვს ამ პიროვნების შესახემ და როგორა ჰყავს იგი წარმოდგენილი. არაფერი არ მიიღება არაფრისაგან: გარდასახეული „მე“ მხოლოდ მეხსიერებიდან ყალიბდება. მაგრამ ჰიპნოზში მეხსიერების მობილიზაციის ხარისხი აღემატება ჩვეულებრივს და მის მაქსიმუმსაც მხოლოდ ნამდვილი არტისტები აღწევენ ხოლმე ცხოვრებაში. აქტიორული გარდასახვა კი, როგორც ეს ბრწყინვალედ გვიჩვენა სტანისლავსკიმ, თვითშთაგონების შედეგია. ქვეცნობიერი მეხსიერება ამ დროს მთლად ჩვეულებრივად არ მუშაობს. მსახიობების უმრავლესობა, სხვათა შორის, მეტად ჩამგონენი არიან და ადვილადაც ჰიპნოტიზირდებიან.

ჰიპნოზური სომნამბულიზმის დროს ტვინის ბიოდენებს რაღა ემართებათ?

რამდენიმე მკვლევარმა დამოუკიდებლად ერთი და იგივე შედეგი მიიღო. სომნამბულიზმის დროს ბიოდენები ისეთივეა, როგორც ძილის დროს: ისინი სიფხიზლის ბიოდენებს წააგვანან სიზმრის ფაზაში. მაგრამ საკმარისია ჩაგონება: „დაიძნეთ. თქვენ ღრმად გძინავთ“, - და ბიოდენები უმალ იცვლებიან, ჩნდება ჩვეულებრივი სურათი ღრმა ძილისა და ნელი დელტა-რიტმით. როგორც კი ჰიპნოტიზიორთან სიტყვიერი კავშირი განახლდება და წამოვა ახალი ჩაგონებები, კვლავ სიფხიზლის ბიოდენებს ვხედავთ.

ჯერ კიდევ სავსებით ნათელი არაა სურათი ბიოდენებისა არაჰიპნოზური თვითნებური სომნამბულიზმის დროს, რომელსაც ლუნატიზმიც ეწოდება. მძინარე დგება საწოლიდან, გაივლის რამდენიმე ნაბიჯს, იცვამს, ან ისევე როგორც იყო, კვლავ ლოგინში წვება... მრავალგზის არის აღწერილი ფრიად რთულ მოქმედებათა შემთხვევები. ამათგან ზოგი მთლად უაზროა, მაგალითად, როდესაც ბიჭი ერთმანეთზე ახოხოლავებს სკამებს, ყოვლად გაუგებარი სიმარჯვით მიძვრება ზედ, ჭერამდის ადის და ისევ უკან ეშვება. მაგრამ გვხვდება ისეთი მაღალშემოქმედებითი ამბებიც, როგორიც დაემართა ვალტერ სკოტს, რომელმაც სომნამბულიზმში საკმაოდ დიდი ლიტერატურული ნაწყვეტი დაწერა. შემდეგ იგი არაფრით იჯერებდა, რომ ეს მისი ნამუშევარი იყო.

ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, ეს მდგომარეობები მხოლოდ „ნელი ძილის“ ფაზაში აღმოცენდებიან და, მაშასადამე, განსხვავდებიან ჰიპნოზური სომნამბულიზმისაგანო. მართლაც, მთვარეულთან სავსებით შეუძლებელია კონტაქტი, მისი მხოლოდ უხეშად გაღვიძება შეიძლება. იგი დაბნეული იღვიძებს, არაფერი გაეგება, ხოლო თუ სახურავზე ან სახლის ლავგარდანზე დგას, გაღვიძებისთანავე ჩავარდება. რაღაც საიდუმლო კონტაქტი საკუთარ თავთან... მაგრამ მე თვითნებური სომნამბულიზმის ჰიპნოზურში გადაყვანის შემთხვევებიც ვიცი. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა კაცი დგებოდა ღამღამოვით და დაჟინებით ცდილობდა საწოლის გადაყირავებას. გაღიზიანებულმა მეზობლებმა (ეს საერთო საცხოვრებელში ხდებოდა) რამდენჯერმე გააღვიძეს იგი. ერთხელაც რომელიღაც ახალგაზრდამ მოახერხა მძინარესთან გამოლაპარაკება და ჰკითხა, მაინც რას ერჩოდა საწოლს. მთვარეულმა წაილუღლუღა, რომ ეს ქვა აუცილებლად უნდა გადაგორდეს და ადგილი გაითხარის, განძი აქ არისო... „კარგი, დაწექი, დაწექი, დაიძინე“. ისიც მორჩილად დაწვა... მართალია, ჭაბუკის პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ მისი განცდები ნამდვილად განძის ძიებასთან იყო დაკავშირებული: ეს უბრალოდ შეკითხვითაც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩაგონებული.

ამ მდგომარეობათა ანალოგიები სიფხიზლეშიც არის.

ცოცხალ ტვინში არც სრული წყვდიადია, როდისმე და არც აბსოლუტური სინათლე. მოძრავი ურთიერთზემოქმედება ორი მთავარი ნეირონული ცვლისა სრულიად განსხვავებულ დონეებზე ხდება; ძილისა და სიფხიზლის მწვერვალებს შორის გადასვლების უმდიდრესი პალიტრაა. ეს მარტო ჰიპნოზის ფაზები არ არის, ტვინისეული შუქჩრდილების მოქნილი თამაში ყოველწამიერად ხდება: ის, რაც მოცემულ წამში ყურადღბის ველს (ოპერატიული მახსოვრობა) ავსებს, სიფხიზლის ცვლის განკარგულებაში ხვდება, ის კი, რაც მის გარეთ აღმოჩნდება, წუთიერად ან დიდი ხნით ღამის ცვლაში გადადის...

ერთხელ ლენინის ბიბლიოთეკის მოსაწევ ოთახში ვიჯექი, ნაცნობებს ვესაუბრებოდი და უცებ მეგობარი დავინახე. რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა. მივიდა ოთახის შორეულ კუთხემდე, უკან გამობრუნდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. მე მას მომღიმარი და მისი ნახვით გახარებული შევცქერი, ვდგები... მაგრამ რა მოხდა?

იგი ისევ ჩემკენ მოდის, სახეში მიყურებს, მაგრამ სრულიად უცხო, არაფრისმთქმელი თვალებით... მე სახტად ვრჩები, ვუცდი. იგი ჩემტან სულ ახლოს მოდის, ისევ მიყურებს, მერე ზედ ჩემს ცხვირწინ უკანვე ტრიალდება და მეორე კუთხისაკენ მიაბიჯებს. რაშია საქმე? ვერ მიცნო, თუ ცნობა არ მოისურვა? რა ვაწყენინე? მე დავუცადე, ვიდრე ისევ ჩემკენ წამოვიდოდა. იგივე გამეორდა. მესამედ მან, ფიქრებში წასულმა, დაუდევრად შემომაფერფლა სიგარეტი. და მაშინ კი მივხვდი, რომ წინაც რომ დავწოლოდი, უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, ფრთხილად გადამაბიჯებდა ფეხს, როგორც რაიმე მორს.

ჩემი მეგობარი ბუნებრივ სომნამბულურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჯერად ჰიპნოტიზიორი მისი ფიქრები იყო. ამ წუთში იგი არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მთვარეულს, ანდა ექსტაზური განდგომილობის მდგომარეობაში მყოფ იოგს. მე ხმა არ გამიცია მისთვის. უკანასკნელად რომ გადამატარა მზერა, ავტომატთან მივიდა, რომლის გვერდითაც მე ვიჯექი, და ნომერი აკრიფა. მე ყურადღებით ვუსმენდი და მეორე დღეს მოვახსენე, რომ ტელეპათიის გზით გავიგე, ვის და რაზე ელაპარაკებოდა ის გუშინ ტელეფონით, ლენინის ბიბლიოთეკაში.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff