ვლადიმერ ლევი - "ნადირობა ფიქრზე"

ვლადიმერ ლევი
0
0

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" (1982 წელი) ანოტაცია: ამ წიგნის ავტორი ფსიქოთერაპევტია, მედიცინის მეცნიერებათა კანდ...

იმედის ხელოვნება

 

იმედის ხელოვნება

... დილით აღმოსავლეთიდან მზე ამოანათებს... საღამოთ დასავლეთით მზე ჩავა. ყოველი ადამიანი უნდა მოკ,ვდეს როდისმე...

უდავო მსჯელობებია, აუცილებელი ჭეშმარიტებები, რომლებშიც ეჭვს ვერ შევიტანთ. ქვაკუთხედები გამოცდილებისა, მთელი სიდიადით და ურყევად რომ დგანან, დასაყრდენს აძლევენ გონებასა და სასიხარულო უიმედობით ავსებენ გულს. ასე იყო, ასე არის და ასეც იქნება.

ასეც იქნება?..

იცით რა, ჯერ-ერთი, მე მეცნიერებისა მჯერა, მთლიანად რატომ უარყოფთ იმის შესაძლებლობას, რომ უკვე თქვენს სიცოცხლეშივე უკვდავების ელექსირს გამოიგონებენ? უკვე ახლაც ხომ გვთავაზობენ მეცნიერები, რომ ადამიანები გაყინული სახით შევინახოთ (ეს პრინციპულად შესაძლებელია), რათა შემდეგ, როცა შესაფერისი მომენტი დადგება, ისევ გააცოცხლონ. ხომ შეიძლება თქვენი გაყინვაც მოესწროს და აღარ მიიცვალოთ? მე იმის თქმა არ მინდა, რომ ეს აუცილებლად მოხდება-მეთქი, მაგრამ რატომ არ უნდა ვითვალისწინებდეთ ამ შესაძლებლობასაც?

მაგრამ, მეორე მხრივ, მთლადაც არა მჯერა მეცნიერებისა. ასტრონომები გვეუბნებიან, რომ არ არსებობს საფუძველი, უახლოესი მილიარდი წლების განმავლობაში ველოდოთ რაიმე კოსმიურ კატაკლიზმებს დედამიწის სიახლოვეს. მაგრამ რატომა ხართ დარწმუნებული, რომ მათ ყველაფერი გაითვალისწინეს და არაფერში შემცდარან, და რომ დედამიწის მკვიდრთ კოსმოსი ნელ-ნელა არ გვიმზადებს რაღაც ხრიკებს?..

ჩვენ ვხედავთ გარკვული მოვლენების დაუსრულებენ, უცვლელ გამეორებებს, და მხოლოდ ეს გამეორებებია, რაც მაქსიმალურს ხდის ასეთივე გამეორების ალბათობას მომავალში. სწორედ ამაზეა დაფუძნებული გონების მთავარი წინამძღვრები - უმაღლესი ხარისხის ალბათობის მქონე პროგნოზები. მათი უტყუარობის ხარისხი რომელიღაც აბსოლუტის ზღვრისაკენ მიისწრაფის, მაგრამ ეჭვის ჭია, მცირეზე მცირე ალბათობა რაღაც სხვაგვარი რამისა, მაინც ყოველთვის რჩება. არავინ იცის, არსებობენ თუ არა კანონები, რომლებიც არ იცვლებოდნენ დროის თვალუწვდენლობის წინაშე...

ფიზიკოსები იძულებულები არიან, აღიარონ, რომ ატომის სამყაროში ნაწილაკების ქცევის ზუსტად განსაზღვრის წესები არ არსებობს და აქ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება ალბათობის ამა თუ იმ ხარისხით. ფიზიკური სამყარო ალბათურია. მაგრამ ბიოლოგიური სამყარო თავისი ცვალებადობით, რომელიც კანონის რანგშია აყვანილი, თავისი მუდმივი მისწრაფებით სიჭარბისაკენ - განა ალბათური სამყარო არ არის? და თვითონ ჩვენ უამრავ ალბათობებსა და გაურკვევლობებს ხომ არ ვატარებთ საკუთარ არსებაში? ჩვენ ხომ ცოცხალი ბუნების მოძრავი, მრავალგანზომილებიანი ვარიანტებით უხვი და მოულოდნელობებით აღსავსე ცოცხალი სამყაროს ნაშიერები ვართ, იმ სამყაროსი, რომელშიც ძალიან ცოტა რამის იმედი თუ შეიძლება გვქონდეს. ცოცხალმა არსებებმა სწორედ ამიტომ ისწავლეს იმედის ხელოვნება.

ამ ხელოვნებას ფლობს მერცხალიც, რომელიც გზას უჭრის ქინქლას, კატაც, რომელიც თაგვს სდარაჯობს, მეკარეც, ბურთს რომ უთვალთვალებს, მსროლელიც - მიზანში რომ ესვრის; მას ფლობს ჩემი ამხანაგიც - წიგნებზე მოანდირე. თითქოს რაღაც განგება მართავსო, როცა გზაში ჯიხური ხვდება, ახლოსაც არ მიდის, ისე გრძნობს: არის რამე თუ არა. უბრალოდ შეავლებს თვალს დახლს, გამყიდველს, იქ მყოფ მყიდველებს ან გვერდზე ჩაუვლის, ან შეჩერდება. თუ შეჩერდა, დამიჯერეთ, რომ თითქმის ყოველთვის პოულობს რაღაცას. თუ მაინც მიხვალ ჯიხურთან, რომელსაც მან გულგრილად ჩაუარა, როგორც წესი, მაშინვე რწმუნდები, რომ შეჩერება ნამდვილად არ ღირდა. შეცდომებიც მოსდის, მაგრამ ძალიან იშვიათად.

მან ხომ არც იცის, რატომ იზიდავს მაინცდამაინც ეს ჯიხური, და მაინცდამაინც დღეს და არა გუშინ. მისი ტვინი, ეტყობა, გაუცნობიერებლად ითვალისწინებს უამარვ წვრილმანს, რაც ქვეცნობიერ მეხსიერებაში აქვს ჩარჩენილი. ცნობიერებაში კი მხოლოდ ყველაზე არსებითი წარმოუდგება. „არის“ – „არ არის“, „მიზიდავს“ – „არ მიზიდავს!. ხალხურ მეტყველებაში ტვინის ამგვარ მუშაობას ძალზე ლაკონურად და გამომსახველად „ალღო“ ან „ყნოსვა“ ჰქვია.

მე ვიცნობ ქალს, რომელიც ვაჭრობის სისტემაში მუშაობს. სამუშაოს თანახმად მას უხდება შეკვეთების პერსპექტიულობის გათვალისწინება, ხელშეკრულებების დადება და ასე შემდეგ. მანამდე ამ თანამდებობაზე ბევრი ადამიანი შეიცვალა, მაგრამ საქმე მაინც ცუდად მიდიოდა, ელექტრონულმა მანქანამაც კი შეირცხვინა თავი საბოლოოდ. და აი, ამ ახალგაზრდა, შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე ქალმა ხარს ერთბაშად ჩაავლო რქებში ხელი და საქმე საოცარი წარმატებით წავიდა წინ. საკვირველი ის არის, რომ სხვა არაფერში გამოირჩევა იგი განსაკუთრებული ტალანტით ან რაიმე ზებუნებრივით „ყნოსვით“. როგორ და რანაირად მიაღწია წარმატებას, რატომ ცდება ასე იშვიათად, თანამშრომლებისთვისაც და თვითონ მისთვისაც გამოცანად რჩება. თუმცა, ამას მალე მიეჩვივნენ და ჰგონიათ, რომ ასეც უნდა იყოს.

„რაც უფრო ბევრს ვსწავლობთ აზროვნების პროცესს, იმდენად უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული ტვინის ავტომატურ, ქვეცნობიერ აქტივობასთან. ის იდეები და წარმოდგენები, რომლებიც ცნობიერებაში გაგვაჩნია, - მხოლოდ ლოდებია, რომლებზე დაბიჯებითაც გვინდა ხოლმე ღელეზე გადავლა“...

ასე წერდა ჯანმრთელი ადამიანების აზროვნების შესახებ ამერიკელი ფსიქოლოგი ჰოლმი ჯერ კიდევ 1871 წელს. „ღელეზე“ გადადის ლოგიკა, ლოდებს იძლევა ინტუიცია, რომელიც ცნობიერებიდან ქვეცნობიერში ყვინთავს და პირიქით. ხოლო ინტუიცია ემოციებთან - სამოთხე-ჯოჯოხეთისეულ „ჰო“ და „არასთან“ არის დაკავშირებული.

ცვალებად პროგნოზთა ჯაჭვები უწყვეტადაა გაბმული მთელს ჩვენს ცხოვრებაში, ემოციათა გამუდმებულ თამაშთან ერთად. ვთქვათ, ვიღაცა შეგეხოთ უკნიდან, თქვენ დაფრთხით, უცებ მიბრუნდით. შემდეგ რა ხდება? მყისიერი შეფასება სიტუაციისა - და რამდენიმე შესაძლო ვარიანტი: შიში ან ძრწოლასა და პანიკაში გადადის და გავრბივართ, ან ერთ ადგილზე ვხევდებით ხოლმე, ან სიშმაგე გვიპყრობს, ან შიში იხსნება და თავისუფლად ამოვისუნთქავთ (ხის ტოტი წამოგვდებია) ან სიცილი! მხიარული სიცილი. ამხანაგი გაგვხუმრებია თურმე...

ალბათური პროგნოზი შერწყმულია ემოციებთან და განსაზღვრავს მათს ურთიერთგადასვლებს. პროგნოზთან დაშორება - ემოციის „ნიშნის“ გადამრთველია.

რაღაც ვალდებულების მოსახდელად მივდივარ, და, რა თქმა უნდა, საძაგელ გუნებაზე ვარ. პროგნოზი ასეთია: „თუ ასე იქნა, ცუდია, და ასეც იქნება ალბათ“. მაგრამ ვალდებულება გაუქმებულია და მეც სიხარული მეუფლება. მაშასადამე, ჩემი პროგნოზი მოსალოდნელ უსიამოვნებასთან დაკავშირებით მარტო უარყოფით ემოციებს კი არ მიმზადებდა, არამედ - ნელ-ნელა - დადებითებსაც იმ შემთხვევითობისათვის, თუკი ვალდებულება მოიხსნებოდა. ანდა პირიქით: „თუ ასე მოხდა, კარგია, და ასეც მოხდება“ (პაემანზე მივდივარ). აღმოჩნდა, რომ სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე და გინდა ყველაფერი მიამსხვრ-მოამსხვრიო (არ მოვიდა).

სიცილში, რომელიც საპირისპირო რამ არის ჯოჯოხეთის სიჭარბისა (ყოველგვარი სერიოზულობის საფუძველში რომ დევს) - ერთმანეთს ერწყმის უსიამოვნების მოლოდინი და მისი მოულოდნელი გაუქმება. სიცილის ჩახმახი - არასასიამოვნოს ჩამოქვეითებაა დაბალ რანგში (ჯოჯოხეთის წაგება - მოგებაა სამოთხისა). ძალიან ბევრი ხუმრობა მოჩვენებით უსიამოვნების შექმნაზეა აგებული.

იუმორი ნამდვილი ფსიქიკური ღუტუნია - ნახევრად უსიამოვნო, ნახევრად სასიამოვნო, და ბავშვებიც თავისი პირველი, ყველაზე „ფიზიოლოგიური“ სიცილით მაშინ იცინიან, როდესაც ვინმე უღუტუნებთ, ან ვითომ ემუქრებათ. ყველაზე მომაკვდინებელი იუმორი - ირონია - იმით ამარცხებს სერიოზულობას, რომ ახერხებს გამოაჯავროს, მიემგვანოს მას.

თითქმის ყოველ ანეკდოტში რაღაც ქვეცნობიერი მოლოდინი, გარკვეული პროგნოზი იქმნება, რომელიც, ჩვეულებრივ, საკმაოდ სერიოზულია ხოლმე და რომელსაც შემდეგ მოულოდნელად მისი საპირისპირო რამ მოსდევს („მითხარით, რ. მართლა მოკვდა?“ – „დიახ, მოკვდა“. – „იმიტომაც მარხავენ“.).

ამის გაგება ადვილად შეიძლება, თუ დავუშვებთ, რომ ყოველი ემოცია თავისთავად პროგნოზია: იგი საკუთარი გაგრძელების პროგნოზს გვაძლევს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff